ნეტგაზეთი • RU

ეპისკოპოსი სპირიდონი: რუსეთი, ბელორუსია და უკრაინა ერთი სახელმწიფო გახდება, ჩვენ ამისთვის უნდა ვილოცოთ

 

8 მარტს youtube-ზე გავრცელდა სხალთის მთავარეპოსკოპოსის, მეუფე სპირიდონის ქადაგება, სადაც ის საუბრობს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე და უკრაინის მომავალზე. მეუფე სპირიდონის თქმით,  უკრაინა, რუსეთი და ბელორუსია გამთლიანდება და ერთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, რომელსაც სათავეში ეყოლება მეფე. მეუფე სპირიდონის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები – ომი რუსეთთან გამოწვეულია „მესამე ძალების წაქეზების და არამართლმადიდებლების ძალიან დიდი მზაკვრობით“.

 

მეუფე სპირიდონი

 

მეუფე სპირიდონი: „მოგეხსენებათ, რომ რუსეთი დაიწყო კიევიდან. თავიდან იყო კიევის რუსეთი და  შემდეგ როცა გამრავლდა ეს ერი, ზოგი წავიდა ჩრდილოეთით, ზოგი – ჩრდილო დასავლეთით,  ზოგი – ბელორუსიაში. მაგრამ ეს ერთი ხალხია.  არის მოსკოვის რუსეთი „ბალშაია რასსია“, არის „ბელაია რასსია“, ბელორუსია და არის  „მალაია რასსია“, რომელსაც ერქვა კიევის ოლქები. ეს ესე იყო ყოველთვის, ერთი ხალხი და ერთი ერი.

 

ამდენად, ძალიან გულსატკენია ის, რომ გარკვეული ძალების, მესამე ძალების წაქეზების და არამართლმადიდებლების ძალიან დიდი მზაკვრობით, მოხდა ძმათა შორის სისხლის ღვრა და შევევედროთ უფალს, რომ კიევ-პეჩორის მამების ლოცვით, ყველაფერი მოგვარდეს. თქვენ ალბათ წაგიკითხავთ წიგნი „რუსეთი მეორედ მოსვლის წინ“ – ეს წიგნი სისტემატიზებულია დაახლოებით 30 წლის უკან  და საოცარი ის არის, რომ ამ წიგნში განხილულია ზუსტად ის მოვლენები, რომელიც დღეს ხდება. ნაწინასწარმეტყველებია ის მოვლენები, რაც დღეს ხდება უკრაინაში და  საოცარი რამე წერია იქ და წერია, რომ კიევ-პეჩორის მამების ლოცვით  გააერთიანებს რუსული ტომის სლავებს – უკრაინას, ბელორუსიას და რუსეთს. 

 

ეს იქნება ძალიან დიდი სახელმწიფო, ერთი ძლიერი მმართველობის ქვეშ, ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომ თვით ანტიქრისტესაც შეეშინდება მისიო.  და ისინი შექმნიან ერთ ძლიერ მართლმადიდებლურ სახელმწიფოს, რომელსაც ეყოლება მირონცხებული მეფე.  რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის უნდა ვილოცოთ“.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"