სიახლეები

როგორი რექტორი სჭირდება ბათუმის უნივერსიტეტს?

12.03.2015 • 1412
როგორი რექტორი სჭირდება ბათუმის უნივერსიტეტს?

 

გოჩა სურგულაძე

უნივერსიტეტის წინა რექტორი გამოირჩეოდა “აკადემიურობით” (მათ შორის სამეცნიერო მუშაობით), “ბჭერმეტყველებითა” და “კომუნიკაბელურობით”. სიმართლე გითხრათ, ის მართლაც იქნებოდა სამაგალითო რექტორი თუ დაიცავდა „უნივერსიტეტის იდეას“, ანუ უნივერსიტეტის ავტონომიურობას, მაგრამ, სამწუხაროდ, არც არაფერი ჰქონდა დასაცავი, ვინაიდან მისი არჩევაც თავდაპირველად აკადემიური საბჭოს ზეწოლის ქვეშ მოხდა. ის იყო რექტორი, რომელიც მრავალი “სიქველის” კეთებასთან ერთად ხელს აფარებდა  ძალაუფლებაში მყოფი პარტიის ბინძურ საქმიანობას უნივერსიტეტში. კერძოდ კი საკადრო პოლიტიკაში უხეშ ჩარევას. შედეგად, წლების განმავლობაში უნივერსიტეტის ადმინისტრაციული აპარატი (აგრეთვე ფაკულტეტები ) პარტ-მუშაკებისგან, დეკანის, კანცლერისა,  რექტორის ნათესავებისაგან და მეგობრებისგან დაკომპლექტდა.  აგრეთვე უნდა ითქვას ისიც, რომ უნივერსიტეტი საგრძნობლად განიცდის პროფესორ-მეცნიერთა დეფიციტს. დეფიციტი კი იმ დონემდეა მისული, რომ შეიძლება ითქვას უნივერსიტეტმა უკვე დაკარგა თავისი სახე -მეცნიერების კერა- თუ მას ის ოდესმე ჰქონია.

 

კანდიდატთა შორის ჩვენ ვერ შევხდებით მესიას, მესიას, რომელიც ერთი ჯოხის დაქნევით მოაგვარებს პრობლემებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ ისეთი, რომელიც ხშირ შემთხვევაში არაპოპულარულ გადაწყვეტილებას მიიღებს, – არა ერთპიროვნულად, არამედ სტუდენტებისა და ლექტორების ჩართულობით – აგრეთვე უარს იტყვის იმ მანკიერ ტრადიციებზე, რაც წლების განმავლობაში შეიძინა უნივერსიტეტმა, აღიარებს იმ პრობლემებს, რაც დაგროვდა უნივერსიტეტის შიგნით, დაიცავს უნივერსიტეტის ავტონომიასა და მოითხოვს პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას.

ჩვენ გვჭირდება ისეთი რექტორი, რომელიც ზემოთ აღნიშნული საკითხების დღის წესრიგში დაყენებისას არ შეუშინდება ძალაუფლებაში მყოფი ძალების მუქარებს, დაშინებებსა და პროვოკაციებს.

იფიქრეთ მეგობრებო, 16 მარტი ახლოვდება.

გადაბეჭდვის წესი