კვირის ამბები

რამაზ ხალვაშის სამოქმედო გეგმა: ერთად ვაშენოთ მომავლის უნივერსიტეტი

11.03.2015 • 2733
რამაზ ხალვაშის სამოქმედო გეგმა: ერთად ვაშენოთ მომავლის უნივერსიტეტი


რამაზ ხალვაში
რამაზ ხალვაში

ასევე მნიშვნელოვანი საკითხია მართვის დეცენტრალიზაცია და ფაკულტეტების ავტონომიურობა – სტრატეგიული განვითარების გეგმის ფორმირებაში, აკადემიურ სფეროში, ბიუჯეტის ფორმირებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში.

 

ჩემი სამოქმედო გეგმა  ითვალისწინებს სამი ძირითადი სტრატეგიული მიზნის მიღწევას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში:

1. დაგროვილი პრობლემების გამოსწორებას;

2. პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას;

3. ახალი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას.

 

პრობლემის მოგვარების გზა მის აღიარებასა და დანახვაშია. ჩემი აზრით, უნივერსიტეტში უნდა დასრულდეს პოლიტიზაციის ეპოქა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს აკადემიური და სამეცნიერო დისკუსიებისთვის ხელსაყრელი გარემო, უნდა ჩამოყალიბდეს სწავლებისა და კვლევის ერთიანი სივრცე, რომელიც განვითარების ფართო ასპარეზს შეუქმნის სტუდენტებს, პროფესორებსა და მკვლევრებს.

 

ყველაზე მეტი პრობლემა ბსუ-ს მართვისა და ადმინისტრირების სფეროში დაგროვდა. უნივერსიტეტს არ გააჩნია გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა. ბოლო წლებში პერმანენტული ხასიათი მიიღო უმიზნო სტრუქტურულმა რეორგანიზაციებმა. ერთ-ერთი ბოლო რეორგანიზაციის დროს სრულიად უსაფუძვლოდ გაუქმდა აგრარული ფაკულტეტი. კონკურსების ჩატარების დროს არც თუ იშვიათად ირღვევა არჩევნების თავისუფლებისა და გამჭვირვალობის პრინციპი. საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტების რიცხვი კანონით გათვალისწინებული ერთ მეოთხედზე ნაკლებია. არაჯანსაღ ატმოსფეროს ქმნის უნდობლობა პროფესორ-მასწავლებელთა მიმართ და ე. წ. ადმინისტრაციული საქმის წარმოების მახინჯი პრაქტიკა, რომელიც საყვედურების ოჯახებში კონვერტებით დაგზავნას გულისხმობს. არჩევითობის პრინციპი დარღვეულია საგანმანათლებლო პროგრამებშიც, რომლებშიც უცხო ენის სტატუსი მხოლოდ ინგლისურს აქვს მინიჭებული და სტუდენტს არ შეუძლია სხვა ევროპული ენის არჩევა. საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების დროს დარღვეულია სწავლების, კვლევისა და პრაქტიკის ერთიანობა. ხარვეზებია მონიტორინგისა და შეფასების სისტემაში. გაუმართავია ელექტრონული ტესტების კომპიუტერული პროგრამა. სემესტრის განმავლობაში ბარიერად დაწესებულია 60 ქულის 10%, გამოცდაზე კი – 40 ქულის 54%, რაც სტუდენტს უბიძგებს, არასწორად დაგეგმოს სწავლის პროცესი. ამას ემატება ისიც, პრობლემებია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელებაში. არ მოქმედებს არცერთი უფასო სადოქტორო პროგრამა, რითაც უნივერსიტეტი დოქტორანტებს ეუბნება, რომ ისინი არ სჭირდება მას. რატომღაც უარი ითქვა მაგისტრანტებისა და დოქტორანტების რესურსის ჩართვაზე ტუტორიუმებში, რომლებიც რეალურად არც მოქმედებს. უნივერსიტეტი არასათანადოდ იყენებს შემოერთებული კვლევითი ინსტიტუტების რესურსებს. ნიკო ბერძენიშვილის სახელობის კვლევითი ინსტიტუტის უმდიდრესი ბიბლიოთეკისთვის ადგილი ვერ გამოიძებნა და 20 ათასი წიგნი სხვენში, ტომრებში ინახება, მაშინ როცა უნივერსიტეტი მწვავედ განიცდის წიგნადი ფონდის პრობლემას. გარდა ამისა, უნივერსიტეტს არ გააჩნია ერთიანი აკადემიური სტანდარტი და სტილი, დღემდე არ მოქმედებს სახელმძღვანელოების პროგრამა, შეჩერებულია უნივერსიტეტის შრომებისა და პერიოდული კრებულების გამოცემა. არც ისაა დასამალი, რომ უნივერსიტეტის სტამბა ვერ გაუმართავია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ჩვენ მიერ ჩატარებულმა საზაფხულო სკოლებმა ცხადყო, რომ უნივერსიტეტი სათანადოდ არ არის მომზადებული საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის. არადა, საერთაშორისო პროექტები და პროგრამები უნივერსიტეტის განვითარებისა და წინსვლის საუკეთესო საშუალებაა.

 

უნივერსიტეტს გააჩნია სათანადო აკადემიური და სამეცნიერო პოტენციალი, რათა გაცილებით დიდ წარმატებებს მიაღწიოს.

 

უნივერსიტეტის პოტენციალს ქმნის: ისტორია და ტრადიციები; კომპეტენტური და ტოლერანტული კოლექტივი; მოტივირებული სტუდენტები; სწავლების სამსაფეხურიანი სისტემა; სრული სახელმწიფო დაფინანსების მქონე სპეციალობები; მზარდი რეიტინგი; ინსტიტუტები და კვლევითი ცენტრები; გაცვლითი პროგრამები და საერთაშორისო ურთიერთობები; სტაბილური შემოსავლები; მდებარეობა.

 

კარს მომდგარ აკრედიტაციას ჩვენ განვიხილავთ არა როგორც საფრთხეს, არამედ კურიკულუმების სრულყოფის შესაძლებლობას. საგანმანათლებლო პროგრამები უნდა დაემყაროს განათლების, კვლევისა და პრაქტიკის ერთიანობას. პროგრამებში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაეთმოს სასწავლო პრაქტიკის  კომპონენტს, რომელიც გულისხმობს: საველე პრაქტიკას და ორგანიზაციაში მუშაობას. ამავე მიზნით უნდა მოხდეს სასწავლო პრაქტიკისთვის გამოსადეგი საუნივერსიტეტო ბაზების (კვლევითი ინსტიტუტების ლაბორატორიების, ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზების…) რეაბილიტაცია და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება შესაბამისი ბაზის მქონე ორგანიზაციებთან (სკოლებთან, კვლევითი ინსტიტუტებთან, საავადმყოფოებთან, კლინიკებთან, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან).

 

ჩვენს უნივერსიტეტში უკვე მოქმედებს სრული სახელმწიფო დაფინანსების მქონე 10 საბაკალავრო პროგრამა. ამ თვალსაზრისით აუთვისებელ რეზერვია არქეოლოგიის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციის, ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის, მედიცინისა და კომპიუტერული მეცნიერებათა მიმართულებები. აუცილებელია ამ მიმართულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ამოქმედება, რათა სრული სახელმწიფო დაფინანსების მქონე პროგრამების რიცხვი გაიზარდოს.

 

გარდა ამისა, ავტორიზაციის შედეგებიდან გამომდინარე ასათვისებელი რეზერვია სტუდენტთა რიცხვის გაზრდის შესაძლებლობა 7000 სტუდენტამდე (ამჟამად ბსუ-ში 5300-მდე სტუდენტი სწავლობს). ეს რეზერვი უნდა ავითვისოთ ახალი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და ამოქმედების გზით.

 

ახალი პროგრამები უნდა შეიქმნას დასაქმების ბაზრის მარკეტინგული კვლევის საფუძველზე. საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზარზე ორიენტირების მიზნით უნდა შეიქმნას სტუდენტთა პრაქტიკისა და კარიერის ცენტრი, რომელიც სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან ერთად განახორციელებს სტუდენტთა დასაქმების პროგრამებს, ორგანიზებას გაუკეთებს დასაქმების ფორუმებს. გარდა ამისა, აუცილებელია პროფესიული ორგანიზაციებისა და დამსაქმებლების ჩართვა კურიკულუმის სრულყოფის პროცესში. ამავე მიზნით საჭიროა მრჩეველთა საბჭოების ჩამოყალიბება ფაკულტეტებზე.

 

ჩემი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ყველა რეფორმას ექნება ევოლუციური ხასიათი, რაც გულისხმობს საქართველოსა და უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებული გამოცდილების გაზიარებას. გარდა ამისა, ჩვენთვის მიუღებელია გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღება და დიდ მნიშვნელობას მივანიჭებ წარმომადგენლობითი ორგანოების პოზიციას და ფაკულტეტების სპეციფიკას.

 

პროექტი: უნივერსიტეტის ელექტრონული პლატფორმა

 

ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთად უკვე შედგენილი გვაქვს უნივერსიტეტის ელექტრონული პლატფორმის დანერგვის პროექტი, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 100 ათას ლარს. პლატფორმა OLAT-ი (Online Learning and Training) უკვე აპრობირებულია ჩვენს უნივერსიტეტში, კერძოდ, დიგიტალური ჰუმანიტარიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში. ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსდება პრეზენტაციები და სასწავლო მასალა, გაიხსნება ფორუმი, აიტვირთება ელექტრონული ლექციები. სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, ელექტრონული პლატფორმის საშუალებით მიიღონ მათთვის საჭირბოროტო ნებისმიერი ინფორმაცია, ფინანსური საკითხებით დაწყებული, სწავლის დაგეგმვითა და საკუთარი შედეგების კონტროლით დამთავრებული. აქვე შეეძლება სტუდენტს აკადემიური რეგისტრაციის გავლა და არჩევითი საგნების დარეგისტრირება.

 

ელექტრონული პლატფორმა ასევე გულისხმობს სწავლების ახალი ფორმატის eLecture-ს (ელექტრონული ლექციები) გამოყენებას. ეს არის ელექტრონული სწავლების ფორმა, რომელსაც საფუძვლად უდევს დიდაქტიკური სცენარი – სასწავლო მასალის ელექტრონული ვიზუალიზაცია. eLecture წარმოადგენს სწავლების ინოვაციური კონცეფციის „24 საათიანი სასწავლო სივრცე“ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტს ევროპის უნივერსიტეტებში. eLecture გულისხმობს ლექციის იმგვარ დოკუმენტაციას, რომელიც აერთიანებს საპრეზენტაციო ფაილსა და ვიდეოჩანაწერს. ამ ორი მედიის სინქრონიზაციის შედეგად იქმნება ახალი ფაილი HTML 5-ისათვის და ხდება მისი სასწავლო პორტალზე განთავსება, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ დროს „მოინახულოს“ სასწავლო აუდიტორია, განმეორებით მოისმინოს ლექცია და გაიღგმავოს ცოდნა.

 

სწავლების ხარისხის ამაღლებისა და სრულყოფის პროგრამა

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, მას უნდა დაექვემდებაროს სამი ცენტრი: 1) სასწავლო პროცესის მართვისა და მონიტორინგის; 2) ევალუაციისა და შეფასების; 3) ბაზრის მარკეტინგული კვლევის.

 

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კოორდინაცია უნდა განხორციელდეს დეპარტამენტის დონეზე, ხოლო სადოქტორო პროგრამების კოორდინაცია – ფაკულტეტის დონეზე.

 

ხარისხის ამაღლების აუცილებელი პირობაა პროგრამების უზრუნველყოფა მაღალკვალიფიკაციური პროფესორ-მასწავლებლებით და მკვლევარებით. ახალი პროგრამების ასამოქმედებლად უნდა დავიხმაროთ მოწვეული პერსონალი და აქტიურად გამოვიყენოთ დისტანციური სწავლების რესურსი.

 

აუცილებელია შეფასებისა და ევალუაციის სისტემების სრულყოფა, რაც გულისხმობს შეფასებათა კომპიტერული ცენტრის გამართულ პროგრამულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას.

 

საგამოცდო ბარიერები უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ სტუდენტმა სწორად დაგეგმოს სწავლის პროცესი. ჩვენ უფრო ეფექტურად მიგვაჩნია შეფასების ამგვარი სქემა: მიმდინარე – 30 ქულა (ბარიერი 11 ქულა); შუალედური გამოცდა – 30 ქულა და საბოლოო გამოცდა – 40 ქულა (ბარიერის გარეშე).

 

სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამა

 

სტუდენტები უნდა ჩავრთოთ უნივერსიტეტის მართვაში. საფაკულტეტო საბჭოებში მათი რიცხვი არ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებულ ¼-ზე ნაკლები. უნდა დაარსდეს გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ სტუდენტური ჩანართი.

 

სტუდენტთა კარიერული ზრდის ხელშეწყობის შესანიშნავ საშუალებას იძლევა ტუტორიუმებში ბაკალავრიატის უფროსი კურსების, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის წარჩინებულ სტუდენტთა რესურსის გამოყენება. ტუტორიუმრბში ლექტორ-მასწავლებლების ნაცვლად სტუდენტების ჩართვით ჩვენ გავიზიარებთ დასავლეთის უნივერსიტეტში აპრობირებულ გამოცდილებას და რეალურად ავამოქმედებთ ტუტორის (კურატორის) ინსტიტუტს.

 

გადაუდებელი ამოცანაა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში კომუნალური და ჰიგიენური პრობლემების გადაჭრა. სტუდქალაქი უნდა აღიჭურვის კომპიუტერული კლასით და გამართული ინტერნეტმომსახურებით.

 

სწავლის საფასურის გადახდის სისტემის სრულყოფის მიზნით აუცილებელია, სტუდენტმა თავად აირჩიოს გადახდის პერიოდულობა (მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 10 ეტაპად). გრაფიკი შედგება ისე, რომ არ დაირღვეს არც სტუდენტის და არც უნივერსიტეტის ინტერესი (განსაკუთრებულ შემთხვევებში – საფასურის დაფარვა მოხდება სტუდენტური სესხით). სტუდენტის მიერ არჩეული გრაფიკი დადასტურდება ხელშეკრულებით.

 

უნივერსიტეტს გააჩნია იმის ფინანსური რესურსი, რომ უფასო სწავლება შესთავაზოს ბაკალავრტიატის წარჩინებულ სტუდენტებს. გარდა ამისა, მიზნობრივად, უნივერსიტეტის საჭიროების მიხედვით, უფასო ადგილები უნდა დაიშვას მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში. შეღავათები უნდა დაწესდეს, აგრეთვე, სტუდენტური ოჯახებისათვის.

 

უნარშეზღუდულთა ინტეგრირების მიზნით უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსი უნდა აღიჭურვოს პანდუსებით. ამავე მიზნით უნდა გამოვიყენოთ დისტანციური სწავლების რესურსი.

 

საჭიროა სტუდენტთა კულტურული და სპორტული ცხოვრების მაქსიმალური ხელშეწყობა.

 

უწყვეტი განათლების პროგრამა

 

უნივერსიტეტში უნდა დაფუძნდეს უწყვეტი განათლების ცენტრი, რომელიც ორიენტირებული იქნება სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებაზე. უწყვეტი განათლების პროგრამა გულისხმობს: ა) საერთაშორისო სტანდარტიზებული ტესტების (TOEFL, IELTS) მოსამზადებელი კურსების შექმნას; ბ) მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის ხელშეწყობას; გ) აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილების საქმიანობის გაფართოებას (მაგ., მუნიციპალიტეტებში უფასო მოსამზადებელი ცენტრების შექმნის გზით); დ) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ორგანიზებას (აჭარის განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით); ე) დისტანციური განათლების სისტემის ამოქმედებას; ვ) რიტორიკის პრაქტიკული სკოლის დაარსებას; ზ) მოკლევადიანი სასერთიფიკატო პროგრამების შექმნას; თ) ზამთრის და საზაფხულო სკოლების ორგანიზებას.

 

მეცნიერების განვითარების პროგრამა

 

კვლევითი გარემოს ხელშეწყობა რამდენიმე მიმართულებით უნდა წარიმართოს: უნდა აღდგეს უნივერსიტეტის შრომებისა და პერიოდული კრებულების გამოცემა, უნდა შეიქმნას ერთიანი აკადემიური სტანდარტი (სტილი), უნდა ამოქმედდეს შიდა გრანტების სისტემა.

 

პირველი რიგის ამოცანაა ორიგინალური და ინოვაციური კვლევების ჩარჩოს შექმნა, პრიორიტეტების განსაზღვრა და კვლევითი ჯგუფების შექმნა ყველა სამეცნიერო სფეროში, რაშიც უნდა გამოვიყენოთ დარგობრივი დეპარტამენტების, კვლევითი ცენტრებისა და შემოერთებული კვლევითი დაწესებულებების პოტენციალი.

 

რეორგანიზაციის შედეგად ბსუ-ს შემადგენლობაში შემოვიდა სამი კვლევითი დაწესებულება: 1) ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი; 2) აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი; 3) ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი. უნივერსიტეტმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს მათი კვლევითი პოტენქციალი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ეს ინსტიტუტები აქტიურად უნდა ჩავრთოთ სასწავლო პროცესში – მათ ბაზაზე უნდა შეიქმნას სამაგისტრო სპეციალობები: ლაზური ენის, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების, ფიტოპათოლოგიის მიმართულებებში.

 

სასწავლო პროცესში უნდა გამოვიყენოთ ასევე ემერიტუს-პროფესორების რესურსი.

 

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევარების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უნდა ამოქმედდეს პოსტდოქტორანტურის (ჰაბილიტაციის) პროგრამა.

 

ცნობისათვის: პოსტდოქტორანტურა მოქმედებს დასავლეთის უნივერსიტეტებსა და თსუ-ში. პოსტდოქტორანტურა – დასავლეთის ქვეყნებში სამეცნიერო გამოკვლევაა, რომელიც სრულდება აკადემიური დოქტორის (PhD) ხარისხის მოპოვების შემდეგ. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სპეციალისტს, რომელიც პოსტსადოქტორო ნაშრომს შეასრულებს, ენიჭება პრივატ-დოცენტის ან ჰაბილიტირებული დოქტორის (Priv.-Doz., Dr. Habil.) კვალიფიკაცია. თსუ-ში პოსტდოქტორანტი წარმოადგენს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე საქმდება კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად აკადემიური საბჭოს დადგენილებით განსაზღვრული სამეცნიერო დარგების/მიმართულებების მიხედვით.

 

შიდასაუნივერსიტეტო, რესპუბლიკური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების თემატიკა საშუალებას უნდა იძლეოდეს ამა თუ იმ დარგში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას, ჩვენს უნივერსიტეტში მიღწეული შედეგების პოპულარიზაციას და რაც ასევე მნიშვნელოვანია, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროცესების ინტეგრაციას.

 

უნივერსიტეტის შემოსავლების ზრდის ერთ-ერთ წყაროდ უნდა გადაიქცეს მეცნიერების კომერციალიზაცია, რაც გულისხმობს კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების დაკვეთით შესრულებულ კვლევების მოცულობის ზრდას.

 

უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს ერთიანი საუნივერსიტეტო აკადემიური სტილი, რომელშიც განსაზრვრული იქნება სხვადასხვა სახის აკადემიური ნაშრომის (წიგნი და მონოგრაფია, სადისერტაციო და სამაგისტრო ნაშრომები, სტატია და პრეზენტაცია და ა. შ.) სტრუქტურა და ფორმატი, წყაროების დამოწმების წესი, პლაგიატისგან თავის დაცვის წესები (მეცნიერული ეთიკის კოდექსი), საუნივერსიტეტო შემოკლებების სტანდარტი და სხვა რეკომენდაციები.

 

მობილობისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა

 

სტუდენტთა და პროფესორთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის თვალსაზრისით ბოლო წლებში ბსუ-მ საკმაო წარმატებებს მიაღწია. ერთი მხრივ, საჭიროა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის შემდგომი ხელშეწყობა, შემოთავაზებული გაცვლითი პროგრამებისა და სამეცნიერო გრანტების (ერაზმუს მუნდუსის პროგრამები, MEVLANA, TEMPUS, USAID, NATO (SPS), Fulbright, DAAD და ა. შ.) მაქსიმალურად ათვისება, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება და სრულფასოვნად ამოქმედება ჩვენს უნივერსიტეტში.

 

საერთაშორისო ურთიერთობები, პირველ რიგში, პარტნიორი ქვეყნებისა და უნივერსიტეტების რესურსის გამოყენებით უნდა გამვითარდეს. საჭიროა უფრო მეტი უცხოელი სტუდენტის მოზიდვა, ერთობლივი პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.

 

ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა და კვალიფიკაციის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა საერთაშორისო პროგრამული აკრედიტაცია და ECTS სერტიფიკატის მოპოვება. საერთაშორისო სტანდარტები უნდა დავამკვიდროთ საქმის წარმოების სფეროშიც, რაც უნდა დასრულდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) სერთიფიკატის მოპოვებით.

 

ინტერნაციონალიზაციის პროცესი წარმოუდგენელია უცხო ენათა სწავლების გაძლიერების გარეშე. უნდა გავაფართოვოთ უცხო ენათა ცენტრის მუშაობა, რაც გამოიხატება ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ბერძნული, რუსული, თურქული ენების სწავლების გაძლიერებაში. ამ მიზნის მისაღწევად, აეღტი მხრივ, აუცილებელია სასწავლო კრედიტებში საკონტაქტო საათების გაზრდა, მეორე მხრივ კი, უცხო ენის შემსწავლელ ჯგუფებში სტუდენტთა რიცხვის შემცირება.

 

რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ასევე ბსუ-ში აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების განვითარება (არაბისტიკა, ირანისტიკა). ასევე გადაუდებელ ამოცანად მიგვაჩნია უცხოენოვანი პროგრამების რუსულ ენაზე ამოქმედება, რის რესურსიც არსებობს ბევრ პროგრამულ მიმართულებაში.

 

ბიბლიოთეკის განვითარების პროგრამა

 

უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ძირითადი ფუნქციაა: უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ინფორმაციული უზრუნველყოფა, სამეცნიერო ძიებების ხელშეწყობა,  ნაბეჭდი და ელექტრონული რესურსების სრულყოფილი და მაღალკვალიფიციური მიწოდება სტუდენდების, პროფესორ-მასწავლებლების, თანამშრომლებისა და სხვა მომხმარებლებისათვის.

 

ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ბიბლიოთეკების დამატებითი აღჭურვა კომიუტერებითა და სასწავლო ინვენტარით, წიგნადი ფონდის გამდიდრება ქართული და უცხოენოვანი ლიტერატურით, ელექტრონული სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კერძოდ, ელექტრონული კატალოგის განახლება, ელექტრონული გამოცემების განთავსება ბიბლიოთეკის პორტალზე.

 

ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების პროგრამა

 

ბსუ-ში უნდა ამოქმედდეს მონოგრაფიების, სამეცნიერო შრომათა პერიოდული კრებულების, სახელმძღვანელოებისა და სამეცნიერო-პოპულარული გამოცემების პროგრამა. უნივერსიტეტმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ქართული და მსოფლიო სამეცნიერო კლასიკის გამოცემაში. ლოგიკური იქნება შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში მომზადდეს „ვეფხისტყაოსანის“ აკადემიური და სასაჩუქრე გამოცემა.

 

გადაუდებელი ამოცანაა ბსუ სტამბის მოდერნიზაცია. სასტამბო საქმეში განხორციელებული კაპიტალდაბანდება, გარდა იმისა, რომ ფინანსურ მოგებას მოუტანს უნიუვერსიტეტს, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომს გახდის ბეჭდური პროდუქციის შექმნას.

 

აუცილებელია ბეჭდური პროდუქციის დიზაინის უნიფიცირება.

 

მიზერულ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს ელექტრონული გამოცემების (ჟურნალების, შრომათა კრებულების…) დაარსება. გარდა ამისა, უნივერსიტეტმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ქართული ენის ეროვნული ელექტრონული კორპუსის შექმნაში.

 

უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში უნდა შეიქმნას „წიგნის სახლი“.

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამა

 

უნივერსიტეტმა უნდა ჩამოაყალიბოს კურსდამთავრებულთა და მეგობართა ასოციაცია. ფართო საზოგადოებაზე ორიენტირება უნდა მოხდეს ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და თანამშრომლობის გზით – მედიასთან, საზოგადოებასთან, ხელისუფლებასთან (აჭარის მთვარობასთან, ბათუმის მერიასთან და მუნიციპალიტეტებთან), ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან.

 

უნივერსიტეტის ეგიდით შესაძლებელია გაიმართოს ისეთი კულტურული ღონისძიებები, როგორიცაა: ლიტერატურული ფესტივალი, წიგნის ფესტივალი, სამეცნიერო პიკნიკი და ა. შ.

 

ამავე მიზნით ბსუ-მ უნდა განახორციელოს სკოლებთან თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეებში მეცნიერებისა და უნივერსიტეტის მიმართ ინტერესის გაღვივებას (გასვლითი პრეზენტაციების მოწყობა სკოლებში). აბიტურიენტთა მოზიდვისა და მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის მიზნით საჭიროა ღია ლექცია-სემინარების გამართვა, საკვირაო სკოლებისა და საბავშვო უნივერსიტეტის ჩამოყალიბება, ასევე, სასკოლო კონფერენციების, ოლიმპიადებისა და კონკურსების ორგანიზება.

 

უნივერსიტეტმა უნდა იზრუნოს საბაზო სკოლის შექმნაზე.

 

მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და სრულყოფის პროგრამა

 

ელექტრონული პლატფორმის შექმნა უნდა დაიწყოს გამართული ინტერნეტმომსახურების უზრუნველყოფით, ყველა ფაკულტეტისა და საერთო საცხოვრებლის თანამედროვე ინტერნეტკლასებით აღჭურვით.

 

გადაუდებელი ამოცანებია: ტექნოლოგიური ფაკულტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობების რეაბილიტაცია და მათთვის ინვენტარის შეძენა; საუნივერსიტეტო ბაზების (კვლევითი ინსტიტუტების ლაბორატორიების, ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზების…) რეაბილიტაცია.

 

უნივერსიტეტმა უნდა იზრუნოს ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობაზე, რის დაფინანსების ალტერნატიული წყარო შეიძლება გახდეს განათლებისა და მეცნბიერების სამინისტროსთან არსებული სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“.

 

ცნობისათვის: სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ შეიქმნა 2009 წელს და მიზნად ისახავს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების რეაბილიტაციას, მშენებლობას, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება/აღჭურვას, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარებას, თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას (მაგ., 2014 წელს ბსუ-მ სააგენტოსგან მიიღო 532 096 ლარი).

 

ინდიკატორები

 

2008-2014 წლებში უნივერსიტეტის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზარდა. 2008 წელს შემოსავლები შეადგენდა 8.516.798 ლარს, ხოლო 2014 წელს – 18.594.984 ლარს, საიდანაც სწავლის ქირა შეადგენდა – 8.778.112 ლარს, სახელმწიფო დაფინანსება – 4.144.781 ლარს, ეროვნული და საერთაშორისო გრანტები – 965.664 ლარს, შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან – 798.072 ლარს, წინა წლის ნაშთი – 3.908.984 ლარს. აქედან გამოუყენებელ რეზერვად შეიძლება ჩაითვალოს 4.993.556 ლარი, საიდანაც უნივერსიტეტს მხოლოდ 10%-იანი მოგება დაერიცხა, ამ თანხით კი შეიძლებოდა უფრო მეტი შემოსავლების მიღება – ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზაციის გზით. ამგვარი პერსპექტივის არსებობას ადასტურებს საგამომცემლო საქმიანობიდან მიღებული წარმოუდგენლად მცირე შემოსავალი – 11.537 ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების ალტერნატიული დაფინანსების წყაროდ შეიძლება მოვიაზროთ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“. ავტორიზაციის მონაცემების მიხედვით უნივერსიტეტს პერსპექტივაში შეიძლება ჰყავდეს 1726 სტუდენტით მეტი, რომელსაც დამატებით 3,5 მილიონი ლარის მოტანა შეუძლია უნივერსიტეტისთვის. შემოსავლების გაზრდის პერსპექტივას ქმნის ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა: ა) მეცნიერების კომერციალიზაცია; ბ) სასერტიფიკატო კურსები; გ) ზამთრის და საზაფხულო სკოლები; დ) ენების ცენტრი; ე) დისტანციური სწავლება; ვ) რიტორიკის სკოლა; ზ) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები; თ) კლინიკები; ი) ლაბორატორიები; კ) საუნივერსიტეტო ტურიზმი; ლ) სასათბურე და სანერგე მეურნეობები; მ) ნებადართული ეკონომიკური საქმიანობა (იხ.საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ, III,9,2).

 

მოსალოდნელი შედეგი – ევროპული ტიპის უნივერსიტეტი ბათუმში:

–      მართვის ჯანსაღი და ოპტიმალური სისტემით

–      მაღალი რეიტინგით და კონკურენტუნარიანობით

–      შრომის ბაზარზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამებით

–      კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით

–      სწავლების მაღალი ხარისხით

–      სწავლების, კვლევისა და პრაქტიკის ერთიანობით

–      სტუდენტთა ხელშეწყობით

–      პერსონალის კვალიფუკაციის ამაღლების ეფექტიანი სისტემით

–      ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო კვლევებითა და პროექტებით

–      განვითარებული სასწავლო, კვლევითი, საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურით, მატერიალური ბაზითა და საფინანსო სისტემით.

 

რამაზ ხალვაში
რამაზ ხალვაში

რამაზ ხალვაში – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

მცირე ანკეტა: დაიბადა 1970 წლის 17 მარტს. საშუალო განათლება მიიღო ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირში. 1994 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1995 წელს ჩაირიცხა თსუ ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასპირანტურაში. ამავე წლიდან კითხულობს ლექციებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1996-1998 წლებში მუშაობდა გაზეთ „რეზონანსის“ აჭარის ბიუროს ხელმძღვანელად. 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1999 წლიდან ბსუ  ქართული ლიტერატურის კათედრის დოცენტია. 2003-2006 წლებში შეთავსებით მუშაობდა ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 2006 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ამავე წლიდან აირჩიეს ბსუ პროფესორად. 2007 წლიდან არის ქართული ლიტერატურის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი. 2006-2010 წლებში იყო ბსუ აკადემიური საბჭოს წევრი. დაარსების დღიდან 2013 წლამდე უძღვებოდა ბსუ ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტს. დღემდე ხელმძღვანელობს ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო, ლიტერატურის თეორიის სამაგისტრო  და ლიტერატურათმცოდნეობის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს. 2012 წელს მისი ხელმძღვანელობით დაარსდა და უკვე სამჯერ ჩატარდა დიგიტალური ჰუმანიტარიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა. არის სამი მონოგრაფიისა და 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: