სიახლეები

ვინ არ უნდა გახდეს რექტორი – სტუდენტის მოსაზრება

11.03.2015 • 1814
ვინ არ უნდა გახდეს რექტორი – სტუდენტის მოსაზრება

 

გიორგი ბაგრატიონი, სტუდენტი
გიორგი ბაგრატიონი, სტუდენტი

9 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო შეხვედრა, სადაც კანდიდატებმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მოკლედ წარუდგინეს მათი სამოქმედო გეგმა და უპასუხეს მათ კითხვებს, მაგრამ აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ეს შეხვედრა ჩემთვის არ ყოფილა დამაკმაყოფილებელი, რადგან ბევრ კითხვაზე ვერ მივიღე ამომწურავი პასუხი, სხვადასხვა მიზეზის გამო.


ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მე-3 წელია ვსწავლობ და საკმარისი ინფორმაცია დავაგროვე იმის შესახებ, თუ როგორ იმართებოდა და როგორ ტარდებოდა პოლიტიკური ინტერესები უნივერსიტეტში წლების განმავლობაში და ამიტომაც შეხვედრაზეც ავღნიშნე და კიდევ მინდა გვაიმეორო, მინდა მჯეროდეს, რომ ეს არჩევნები წინა არჩევნების მსგავსად პოლიტიკურად არ გადაწყდება, მაგრამ სამწუხაროდ ამის საბაბი არ გამაჩნია.


როდესაც კანდიდატების ვინაობა საბოლოოდ გაირკვა, ბუნებრივია გადავხედე ყველას წარსულ საქიანობას და ამასთანავე მოვისმინე მათი სტრატეგია, აქედან გამომდინარე კი ჩამომიყალიბდა კრიტერიუმები თუ ვინ არ უნდა გახდეს რექტორი.


რექტორი არ უნდა გახდეს ის, ვინც სტუდენტებს კაბინეტში იბარებდა და დაშინების პოლიტიკას იყენებდა, ის, ვინც სტუდენტებს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავდა, ვინც თანამშრომლებს და სტუდენტებს არასრულფასოვნად მიიჩნევს, ვინც უნივერსიტეტში პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს, ის ვისაც დღემდე არ ამოუღია ხმა და არ მოუთხოვია 2007 წლის 8 ნოემბრის ფაქტის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის “შავი ლაქის” გამოძიება და არ უზრუნია უნივერსიტეტის ღირსების აღდგენაზე, ვისაც ერთი სიტყვაც არ დასცდენია უნივერსიტეტის ავტონომიის დასაცავად და ბოლოს, რექტორი არ უნდა გახდეს ის, ვისაც დღემდე ხმამაღლა არ უსაუბრია განათლების კრიზისზე და სისტემის პრობლემებზე, წინა საარჩევნოდ ამოღებული ხმა კი პირადად ჩემთვის, ბევრს არაფერს ნიშნავს.


რაც შეეხება კანდიდატების მიერ წარმოდგენილ პროგრამებს. უმეტესობა ეხებოდა იმ წვრილმან პრობლემებს, რაც ვერ შეედრება პრობლემას, რომელიც თავად სისტემაშია, სისტემა რომელმაც უნივერსიტეტი გადააქცია “მე-13 კლასად”, რის გამოც უნივერსიტეტი თანდათან შორდება იდეას,  თანდათან წყდება გარემოს, რეგიონში, ქვეყანასა თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, უნივერსიტეტი კარგავს პოზიციას მომავლის შექმნის სტრატეგიაში, აღარ იქმნება ახალი ცოდნა, რის გამოც დოგმად იქცა ძველი ცოდნა, რაც იმის დამსახურებაა, რომ არ ტარდება კვლევები, რაც, თავის მზრივ, მეტწილად იმის დამსახურებაა, რომ არ არის შესაბამისი დაფინასება, ძველი ცოდნის დოგმად ქცევა კი უნივერსიტეტისთვის ნიშნავს ჩამორჩენას, ფაქტიურად მკვდარია კრიტიკული აზროვნება და ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ სისტემამ შექმნას “რობოტი” რომელსაც არ შეეძლება გაანალიზოს არსებული რეალობა.


უმრავლესობას არ უსაუბრია იმის შესახებ, რომ არსებული ვიწრო სპეციალობები, რომლებიც მხოლოდ უნარებს ანვითარებს და არ არის სამეცნიერო დარგი, არ უნდა ისწავლებოდეს უნივერსიტეტში და არ უნდა ხდებოდეს ამის გაყიდვა მაღალ ფასად. სამაგიეროდ ბევრმა ახსენა, რომ უნდა შეიქმნას ელექტრონული სისტემა და უნდა მოვიზიდოთ 7000 სტუდენტი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ძალიან ზედაპირული იყო. ვერ მოიზიდავენ 7000 სტუდენტს მანამ, სანამ არ მოწესრიგდება და არ შეიქმნება მკაცრი ცხრილი, რომელიც არ იქნება მორგებული ლექტორებზე, ლექტორთა დიდი ნაწილი სხვა სამსახურით არის დაკავებული, რაც კადრების ნაკლებობითაა გამოწვეული და რაც საბოლოოდ გვაძლევს იმას, რომ დეკანატი იძულებულია ცხრილი მოარგოს ლექტორებს, რის გამოც ვერ ხერხდება არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სწორი ათვისება, ამიტომ აუცილებელია, რომ გაიზარდოს ლექტორთა რაოდენობა, რაც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს სისტემის გამართულად მუშაობას და მეორეს მხრივ ლექტორთა თვითგანვითარებას. 

 

უნივერსიტეტს ჭირდება რექტორი რომელიც იზრუნებს განათლების ხარისხზე, დაიცავს უნივერსიტეტის ავტონომიას, რექტორი, რომელიც პრობლემების მოგვარებას დაიწყებს საფუძველიდან და არ შეფუთავს სისტემას, როგორც საუკეთესო მექანიზმს.


რაც შეეხება იურიდიულ მხარეს და საარჩევნო პირობებს.


ბსუ-ს წესდების 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ: ა) საარჩევნო კომისიის წევრებს; ბ)ადმინისტრაციულ პერსონალს;


აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ კონკრეტული კანდიდატები არღვევენ წესდებაში მოცემულ 44-ე მუხლს.


ასევე მინდა ავღნიშნო, რომ არ მიმაჩნია სამართლიანად, როცა რექტორს 9 ადამიანი ირჩევს და ასევე არათანაბარ საარჩევნო პირობებად მიმაჩნია ის, როცა ერთი კანდიდატი საბჭოს წევრია, მიუხედავად იმისა, რომ ამას წესდება არ კრძალავს.


ყოველივე ამის გათვალისწინებით მინდა ვთქვა, რომ ეს არჩევნები ჩემთვის დიდი იმედის მომცემი არ არის ჯერჯერობით და მეტნაკლებად ყველა კანდიდატი მიუღებელია, მაგრამ ბუნებრივია არსებულთა შორის არის საუკეთესო, რომელიც ნაწილობრივ შეეხო იმ საკითხებს, რაზეც უკვე ვისაუბრე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს საუკეთესო არ ნიშნავს იდეალურს.


ვიმედოვნებ, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და ახალი რექტორი ყველა იმ ეჭვს გააბათილებს, რომელიც ამ ეტაპისთვის გამაჩნია უნივერსიტეტის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: