Batumelebi | ბსუ-ს რექტორობის კანდიდატის – მარინე გიორგაძის ექვსწლიანი სამოქმედო გეგმა ბსუ-ს რექტორობის კანდიდატის – მარინე გიორგაძის ექვსწლიანი სამოქმედო გეგმა – Batumelebi
RU | GE  

ბსუ-ს რექტორობის კანდიდატის – მარინე გიორგაძის ექვსწლიანი სამოქმედო გეგმა

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმა (2015-2021 წწ)

 

საზოგადოების კეთილდღეობის, სტაბილური პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების, საერთაშორისო სივრცეში ჰარმონიული ინტეგრირების აუცილებელი პირობაა ქვეყანაში განათლების მაღალი დონე, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. აღნიშნულის მისაღწევად აუცილებელი პირობაა ინოვაციების სწრაფად ათვისება და დანერგვა, ტექნოლოგიების  განახლება, მუდმივად განვითარებად და ცვალებად საერთაშორისო გარემოსთან ადაპტაცია. 

 

საზოგადოების კეთილდღეობის, სტაბილური პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების, საერთაშორისო სივრცეში ჰარმონიული ინტეგრირების აუცილებელი პირობაა ქვეყანაში განათლების მაღალი დონე, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. აღნიშნულის მისაღწევად აუცილებელი პირობაა ინოვაციების სწრაფად ათვისება და დანერგვა, ტექნოლოგიების  განახლება, მუდმივად განვითარებად და ცვალებად საერთაშორისო გარემოსთან ადაპტაცია.

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015-2021 წლების სტრატეგიული განვითარების სამოქმედო გეგმა შემუშავებულია იმ მიზნით, რომ უნივერსიტეტმა შეძლოს მის მიერ დეკლარირებული მისიისა და ფუნდამენტური ღირებულებების  შესაბამისად განვითარება; სამოქმედო გეგმა  ორიენტირებულია უნივერსიტეტის განვითარებაზე და გადმოგვცემს, რა უნდა გაკეთდეს უნივერსიტეტში, რომ ის ძლიერ სასწავლო-სამეცნიერო ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს და შეასრულოს  თავისი უმთავრესი დანიშნულება – ემსახუროს საზოგადოებას.

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ოთხმოცწლიანი ისტორიის მქონე ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, იგი ორიენტირებულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოთხოვნებზე. მისი მისიაა:


  • ყველა დაინტერესებულ პირს ეროვნების, სარწმუნოების და პოლიტიკური ნიშნით კუთვნილების მიუხედავად შესთავაზოს მაღალი ხარისხის განათლება; 
  • აღზარდოს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე მაღალ-კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, ცვალებად პროფესიულ გარემოსთან ადვილად ადაპტირებადი სპეციალისტი, რომელიც იქნება მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისა და აქტივობის, ჰუმანიზმის, დემოკრატიის, ლიბერალური ღირებულების პრინციპების მატარებელი თავისუფალი პიროვნება;
  • მოსახლეობის კეთილდღეობის, ეკონომიკური ძლიერების, თავდაცვისუნარიანობის, დემოკრატიული პრინციპების დაფუძნებისა და სულიერების ამაღლების მიზნით განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევები საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ, სოციალურ, სამართალმცოდნეობის, მათემატიკურ და კომპიუტერულ მეცნიერებებში; საინჟინრო-ტექნოლოგიურ, ბიზნესის, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის დარგებში;

 

წარმოდგენილ მისიაში, მიზანშეწონილია, დაზუსტდეს, რომ უნივერსიტეტი,  ემსახურება როგორც, ზოგადად, ქვეყნის, ასევე რეგიონის ინტერესებს. შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იყოს, ზოგადად, საქართველოსა და, კერძოდ,  აჭარის რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმებში დეკლარირებული პრიორიტეტები სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობაში[1]: განათლება, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულებები, უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა. ეს დაგვეხმარება გამოვკვეთოთ  უნივერსიტეტის სპეციფიკა და თვითმყოფადობა.

 

უნივერსიტეტი  უნდა ესწრაფოდეს,  ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ქვეყნის და მსოფლიოს  წარმატებულ უნივერსიტეტებს შორის;

 

უნივერსიტეტის ხედვა უნა ეყრდნობოდეს  ისეთ მნიშვნელოვან და საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებებს როგორიცაა:


  • უნივერსიტეტის ავტონომიურობა, როგორც უნივერსიტეტის არსებობის ფუნდამენტური პრინციპი;
  • პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე;
  • დემოკრატიულობა და მართვის გამჭვირვალეობა;
  • აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიური თავისუფლება.


მნიშვნელოვანია ასევე განისაზღვროს პრიორიტეტები უმთავრესი მიმართულებების მიხედვით.

 

სასწავლო პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით, პრიორიტეტულია:


  • სწავლებისა და კვლევითი საქმიანობისათვის საუკეთესო პირობების შექმნა, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება;
  • პარტნიორული ურთიერთობების დამყარება შესაბამის ფაკულტეტებთან, სამეცნიერო ცენტრებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;
  • სასწავლო პროცესის სრულყოფა ინოვაციური მიდგომებისა და უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწა და განვითარება;
  •  ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, დასაქმების ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

ბსუ-ში ამჟამად სამივე საფეხურის 97 საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს.

სახელმწიფოს პრიორიტეტია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  მასწავლებელთა მომზადების ახალი პროგრამების ამოქმედება (2015 წლიდან); ამ მიმართულებით ყველა არსებული რეზერვი უნდა იქნას გამოყენებული.

 

განათლების მიმართულება კვლავ უპირველეს პრიორიტეტთა რიგშია იმ პირობებში, როცა აჭარის მაღალმთიან სოფლებში მასწავლებელთა მნიშვნელოვანი დეფიციტია და  ხშირად სხვადასხვა საგანს ერთი მასწავლებელი ასწავლის.

 

საჭიროა გაგრძელდეს მუშაობა ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის თვალსაზრისით, ასათვისებელია არსებული რესურსი, რეგიონის საჭიროებებისა   და მოთხოვნილებების, ასევე, უცხოენოვან პროგრამებზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით. უნდა შეიქმნას ახალი უცხოენოვანი პროგრამები, რაც საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ მეტი უცხოელი სტუდენტი.

 

გასაღრმავებელია მუშაობა სწავლების ინტერნაციონალიზაციის პროცესის განვითარების მიზნით, საერთაშორისო განათლების ცენტრთან, საქართველოში ტემპუსის ოფისთან, საქართველოში მოქმედ საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, აუცილებელია ბსუ გაწევრიანდეს პრესტიჟულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, მაგალითად, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციაში (EUA).

 

მიზანშეწონილია, სისტემატურად განხორციელდეს ერთიან ეროვნულ გამოცდებში საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით არსებული კონკურსის მონაცემების კვლევები; ჩარიცხვების დინამიკა, მნიშვნელოვანია მომავალში პროცესების დაგეგმვის თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვანი საქმიანობა უნივერსიტეტში სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურმა სისტემატურად უნდა აწარმოოს.

 

უნდა გააქტიურდეს თანამშრომლობის მემორანდუმების, ხელშეკრულებების დადება უცხოელ პარტნიორებთან, მაგრამ ეს უნდა იყოს რეალური, მოქმედი ხელშეკრულებები. სწავლების ინტერნაციონალიზაციის პრიორიტეტული უნდა იყოს

  • აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, სტაჟირებები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
  • საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობა; ორმაგი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა; ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები,  კვლევები,  საზაფხულო სკოლები, ტრენინგების ორგანიზება;
  • აღიარებული ქართველი და უცხოელი მეცნიერების მოწვევას  ცალკეული სასწავლო კურსების წასაკითხად;

 

მეცნიერების განვითარების მიმართულებით, სახელმწიფო პრიორიტეტებში აქცენტირებულია კვლევისა და სწავლების ინტეგრაციის პროცესები, რისი შედეგიც იქნება უნივერსიტეტების სამეცნიერო პოტენციალის გაზრდა.

 

უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, როგორც უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების განვითარება.

 

უნივერსიტეტში ინტეგრირებულია სამი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი:

  • აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი
  • ფიტოპატოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი
  • ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

 

უნდა მოხდეს აღნიშნული ინსტიტუტების რეალური ინტეგრაცია საუნივერსიტეტო სივრცეში, ეფექტურად უნდა იქნას გამოყენებული მათი სამეცნიერო პოტენციალი (გარკვეული თვალსაზრისით, უნიკალური), განსაკუთრებით, საგანმანათლებლო პროგრამების  სამეცნიერო კომპონენტის განვითარების მიზნით.

 

სამეცნიერო კვლევების განვითარების მიზნით, საგრანტო პროგრამებიდან შემოსული თანხები, მიზანშეწონილია, გამოყენებული იქნას ადგილობრივი (საუნივერსიტეტო) სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ორგანიზებისათვის (ან სხვა საგრანტო კონკურსებში არ დაფინანსებული, მაგრამ მაღლი ქულებით შეფასებული პროექტების დაფინანსებაზე);

 

კვლევების განვითარების მიმართულებით პრიორიტეტულია:


  • სამეცნიერო საქმიანობისათვის ხელშეწყობა, სტუდენტებში სამეცნიერო, თეორიული უნარ-ჩვევების განვითარება, სწავლების ყველა საფეხურზე;
  • უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე სამეცნიერო კვლევაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა;
  • ბიუჯეტის ნაწილის მიმართვა კვლევების განვითარებისათვის;
  • სამეცნიერო კავშირების განვითარება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
  • ბიბლიოთეკის-სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მომსახურეობის პრიორიტეტული სფეროს განვითარება, არსებული საბიბლიოთეკო ინფრასტრუქტურისა და ფონდების ყოველწლიური განახლება;
  • სახელმწიფო საგრანტო კონკურსების ჩატარება გამოყენებით და ფუნდამენტურ მეცნიერებებში;
  • სამეცნიერო ინფრასტრუქტურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა სტაჟირება უცხოეთში;
  • სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

 


ბსუ-ში სტუდენტების რაოდენობა სწავლების სამივე საფეხურზე 7500-ზე მეტია.

 

არ მოიპოვება დაზუსტებული ინფორმაცია სტუდენტთა დასაქმების მაჩვენებელზე, არ ხდება ამ საკითხის კვლევა და აღრიცხვა; მონაცემები ხშირად მიახლოებითი და არასანდოა, რაც მიგვანიშნებს საკარიერო ოფისის არსებობის აუცილებლობაზე, ასევე კურსდამთავრებულებთან კავშირის შენარჩუნებისა და განვითარებს აუცილებლობაზე.

 

სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტში მოქმედებს კანონთან შესაბამისად, მათთვის მინიჭებული ავტონომიურობის ფარგლებში. ისინი, ძირითადად, სამეცნიერო, კულტურული და სპორტული სახის ღონისძიებათა ორგანიზებით შემოიფარგლებიან. მაგრამ, აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში მოქმედებს ალტერნატიული სტუდენტთა დაჯგუფება, რომელთა სამართლებრივი სტატუსი გაურკვეველია. საჭიროა მათთან თანამშრომლობა და მათი ინტერესების გათვალისწინება.

 

სტუდენტური ცხოვრება უნდა გახდეს უფრო მრავალფეროვანი, დააკმაყოფილოს ახალგაზრდების მრავალმხრივი ინტერესი. ამის კარგი მაგალითია ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე მოქმედი ლიტერატურის კლუბი, კინოკლუბი, დებატების კლუბი და სხვ.

 

საჭიროა სტუდენტთა მოზიდვის (რეკრუტირების) სტრატეგიისა და ტაქტიკის შეცვლა, ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის დაწყების შემდეგ ერთკვირიანი გასვლები საჯარო სკოლებში ნაკლებეფექტურია. საჭიროა უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის უფრო მჭიდრო კავშირის არსებობა, ე.წ. „განათლების კვირეულების“ ორგანიზება, სადაც სამიზნე ჯგუფების აბიტურიენტები საფუძვლიანად გაეცნობიან შესაბამისი ფაკუტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პირობებს; ეფექტური იქნება საზაფხულო სკოლების ფარგლებში თანამშრომლობა საჯარო სკოლებთან, დარგობრივი ოლიმპიადები და სხვ.

 

აკადემიური პერსონალის შერჩევა ხორციელდება უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. მნიშვნელოვანია  შტატში მყოფი და მოწვეული აკადემიური პერსონალის თანაფარდობა. ამჟამად ბსუ-ში 265 პროფესორი და 375 მოწვეული მასწავლებელია. საჭიროა მოწესრიგდეს აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსების გამოცხადების სისტემა, არ იყოს ქაოტური და სპონტანური. ხშირად გაუგებარია, რატომ ცხადდება ახალი კონკურსი წინა კონკურსის დასრულებისთანავე და ა.შ. სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი კონკურსის წინა პერიოდში, საგანმანათლებლო პროგრამების საათებისა და საკონკურსო ადგილების ლოგიკური თანაფარდობის განსაზღვრის მიზნით.

 

საკონკურსო კომისიები უნდა იყოს დაკომპლექტებული პროფესიონალებით, რომ არავის დარჩეს უსამართლობის განცდა. კონკურსის პირობები უნდა იყოს მრავალმხრივი, მხოლოდ დოკუმენტაციის განხილვას არ უნდა ემყარებოდეს, საჯარო ლექციების ფორმა აქტიურად უნდა იქნას გამოყენებული; გაანალიზებული და გათვალისწინებული უნდა იქნას სტუდენტთა გამოკითხვების მასალები და მათი შეფასებებიც.

 

უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს საუკეთესო აკადემიური პერსონალის მოზიდვა და შენარჩუნება.

 

მიზანშეწონილია საერთაშორისო კონკურსების გამოცხადება, უცხოელი პროფესორების უნივერსიტეტში მოზიდვის მიზნით, თუნდაც უცხოენოვანი პროგრამების ფარგლებში.

 

საინტერესო იქნება პერსონალის კვლევა გენდერული და ასაკობრივი თანაფარდობების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის თანაფარდობის, მომავალში პროცესების დაგეგმვის თვალსაზრისით. ეს შეიძლება განახორციელოს ხარისხის მართვის სამსახურმა, სტრატეგიული განვითარების სამსახურმა (ახალი სამაგისტრო პროგრამა „სოციოლოგიაში“ შეიძლება, გამოყენებული იქნას ამგვარი კვლევებისთვის).

 

უნივერსიტეტმა უნდა იზრუნოს აკადემიური პერსონალის კომპეტენციების განვითარებაზე (უწყვეტი განათლების სისტემის დანერგვა). უწყვეტი განათლების ცენტრი, შეიძლება, წარმატებით იქნას გამოყენებული ამ კუთხით.

 

ბსუ-ის სტრუქტურა სტანდარტულია და განსაზღვრულია „უმაღლესი განათლების შესახებ კანონით“ სსიპ-ებისათვის განსაზღვრული სტრუქტურით. არსებულ სტრუქტურულ ერთეულებს, მიზანშეწონილია, დაემატოს (ან გადანაწილდეს ფუნქციები) შემდეგი სამსახურები:

 

  • კურსდამთავრებულებთან კავშირისთვის სპეციალური სტრუქტურული ერთეული (ე.წ. alumni ასოციაციები); ეს შეიძლება გახდეს დამატებითი დაფინანსების მოპოვების წყარო; ხელს შეუწყობს, ასევე, უნივერსიტეტის  კავშირის გაღრმავებას საზოგადოებასთან;
  • სტუდენტთა საკარიერო სამსახურის სტრუქტურული ერთეული; ეს იქნება  სტუდენტთა დასაქმებაზე ზრუნვის დადასტურება;
  • უწყვეტი განათლების ცენტრი („მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა“-LLL), რომ უნივერსიტეტი უფრო მეტად ემსახურებოდეს საზოგადოების მრავალმხრივ ინტერესებს.


რაც შეეხება აღნიშნულ სტრუქტურათა ფუნქციონირებას, საჭიროა მათი ოპტიმიზაცია, ფუნქციათა მკაფიო გამიჯვნა, მენეჯმენტის გაუმჯობესება, მათი საქმიანობის ეფექტურობის პერიოდულობის შეფასება; ამ სტრუქტურებში დასაქმებული პერსონალის პერიოდული ატესტაცია.

 

ფაკულტეტებთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია გამომდინარეობს საქართველოს კანონიდან უმაღლესი განათლების შესახებ: ფაკულტეტებს უნდა ჰქონდეთ რეალური დამოუკიდებლობა.

 

ბსუ-ში 2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც ახალი კანონი უმაღლესი განათლების შესახებ მიიღეს და ფაკულტეტების რეფორმირება დაიწყო, რამდენჯერმე განხორციელდა რეორგანიზაცია, ამის მიზეზი ყოველთვის არ ყოფილა ფაკულტეტების ლოგიკური დაკომპლექტება.

 

ამჟამად ბსუ-ში 9 ფაკულტეტია (განათლების, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ტექნოლოგიური, ტურიზმის, ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა). მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ფაკულტეტების დაკომპლექტდეს უფრო ლოგიკურად, სტუდენტთა, აკადემიური პერსონალის, საგანმანათლებლო პროგრამების თანაბარზომიერად გადანაწილებით; მაგრამ ეს საკითხი, ყველა შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საჯარო დისკუსიის, ფაკულტეტების საბჭოების ჩართულობით, კონსენსუსის მიღწევის საფუძველზე;

 

არამიზანშეწონილად მიგვაჩნია, საერთო საუნივერსიტეტო სტრუქტურების  რომელიმე ფაკულტეტის სტრუქტურაში მოქცევა, დამოუკიდებლად მათი ფუნქციონირება უფრო ეფექტური იქნება.

 

უნივერსიტეტის ბიუჯეტის შევსების წყაროებია: სწავლის გადასახადი, სახელმწიფო სასწავლო და სამეცნიერო გრანტები, კერძო შემოწირებულობები, პრიორიტეტული სპეციალობები სახელმწიფო-საბიუჯეტო დაფინანსებით; ნებადართული ეკონომიკური საქმიანობა; აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი პირდაპირი სუბსიდიები დაფინანსების მხოლოდ მცირე წილს შეადგენს.

 

შემოსავლის ძირითადი წყარო საგანმანათლებლო საქმიანობაა; ხარჯების ძირითადი ნაწილი პერსონალის ხელფასებზე ნაწილდება.

 

არსებული ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაკლია ის, რომ მასში არ არის გათვალისწინებული ხარჯები უნივერსიტეტის განვითარებაზე, არც სამეცნიერო კვლევებზე.

 

ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხები უნდა გამოიყოს უნივერსიტეტის განვითარებაზე, სამეცნიერო კვლევებზე, სოციალური მხარდაჭერის პროგრამებზე.

მარინე გიორგაძე
მარინე გიორგაძე

 

საჯარო დაფინანსების სიმცირე ამ ეტაპზე უნივერსიტეტის განვითარების თვალსაზრისით, სერიოზული დაბრკოლებაა. მით უფრო აქტუალურია ყველა არსებული რესურსის (სასწავლო და სამეცნიერო გრანტები, სახელმწიფო დაფინანსების საგანმანათლებლო პროგრამები, უსდ-ების განვითარების ფონდი და ა.შ.) მაქსიმალურად გამოყენება;

 

ამ ეტაპზე, უმაღლესი განათლების განვითარების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის არარსებობის პირობებში, უნივერსიტეტის საქმიანობა ვერ დაეყრდნობა ბოლომდე გააზრებული და ლოგიკურად დაგეგმილი სტრატეგიას. აუცილებელია  სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების ეტაპობრივად განხორციელება; უნივერსიტეტის ფუნქციონირების ყველა სფეროში ორიენტაციის აღება არა რაოდენობრივ, არამედ თვისობრივ, ხარისხობრივ   გაუმჯობესებასა და განვითარებაზე.

 

 მარინე გიორგაძე:  

პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი, მას უნივერსიტეტში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. 1990 წლიდან არის კლასიკური ფილოლოგიისა და ბიზანტინოლოგიის სასწავლო კურსების ლექტორი, ფაკულტეტის დეკანია 2004 წლიდან, ორჯერ (2006 და 2013 წლებში) იქნა არჩეული ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად, ამჟამად არის თარგმანმცოდნეობის საბაკალავრო, ევროპეისტიკის სამაგისტრო და ლიტერატურათმცოდნეობის სადოქტორო პროგრამების თანახელმძღვანელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მარინე გიორგაძე, პროფესორი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი