კვირის ამბები

ქალის შრომის ფასი საქართველოში

11.03.2015 • 3385
ქალის შრომის ფასი საქართველოში

ირმა ნაკაშიძე


„ვფიქრობ, ჩვენი შრომა შეუფასებელია. დღის უმეტეს ნაწილს ბავშვების სიცოცხლეზე, მათ ჯანმრთელობაზე, აღზრდაზე, განათლებაზე, ადაპტაციაზე ზრუნვას ვახარჯავთ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო რთულია, როცა ორი შვილი გყავს და საოჯახო საქმეები – საჭმლის კეთება, დალაგება, გარეცხვა, ბავშვების აღზრდა, მათი მოვლა, მეცადინეობა, სკოლაში წაყვანა – შენი გასაკეთებელია. დასაქმებულ ქალებს ყოველთვის იმაზე მეტი შრომა უწევთ, ვიდრე დასაქმებულ მამაკაცებს“, –  გვეუბნება ირმა.  

23 წლის ასაკიდან ირმა საბავშვო ბაღის ხელმძღვანელია. ამბობს, რომ შვილები უკვე გაიზარდნენ, თუმცა შრომა არც ოჯახში და არც სამსახურში არ შემცირებულა: „რაც დრო გადის, მით უფრო ვეღარ ვახერხებ თავისუფალი დროის გამონახვას, რადგან სამსახურში მთელ ენერგიას ვტოვებ. თითოეულ ადამიანს უნდა მოუსმინო და თითოეულისთვის პასუხი უნდა გაგაჩნდეს“. 

ქალი საზოგადოებაშიც და შრომის ბაზარზეც დისკრიმინირებულია. ამაზე მიუთითებს კვლევები, რომელიც 2014 წელს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა ჩაატარა, 2013 წელს კი ეისითის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საზოგადოების დამოკიდებულებას ასახავს ქალთა როლის გაძლიერებაზე, პოლიტიკასა და ბიზნესში.

 

ნანი ბენდელიანი
ნანი ბენდელიანი

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევის „გენდერული დისკრიმინაცია შრომის ბაზარზე“  ხელმძღვანელის ნანი ბენდელიანის განმარტებით,  კვლევის პირველ ეტაპზე 1 364 რესპონდენტი გამოიკითხა.

„კვლევამ დაადასტურა ხელფასების არათანაბარი გადანაწილება ქალებსა და კაცებს შორის და არათანაბარი კავშირი განათლებასთან. ქალების უმრავლესობისთვის საშუალო ხელფასი მერყეობს 251-400 ლარის ფარგლებში, მაშინ როცა კაცების საშუალო ანაზღაურება 401-700 ლარს შეადგენს“.

ნანი ბენდელიანის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ კაცების დასაქმებაზე გავლენას არ ახდენს მათი განათლების დონე. „მაშინ როცა, ქალს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი მაინც სჭირდება, რომ სამსახურში აიყვანონ. ქალის ანაზღაურება იზრდება განათლების ხარისხის მიხედვით. თუ ქალს აქვს, ვთქვათ, დოქტორის ხარისხი, მაღალ ანაზღაურებას იღებს, მაგრამ კაცების შემთხვევაში, იგივე ანაზღაურება შეიძლება  აიღონ შედარებით დაბალი განათლების მქონე პირებმა“.

კვლევის ხელმძღვანელის აზრით, არათანაბარ ხელფასებზე გავლენას ახდენს ის ფაქტიც, რომ ხელმძღვანელ თანამდებობებზე ხშირად კაცები ინიშნებიან. 

„გამოკითხულთა სამოცდახუთი პროცენტი მიუთითებს, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელი კაცია, 31 პროცენტი კი ამბობს, რომ – ქალი. არათანაბარ ანაზღაურებაზე გავლენას ახდენს ის ფაქტორიც, რომ ქალების დიდი ნაწილი დასაქმებულია ისეთ სფეროში, სადაც დაბალი ხელფასებია. ასეთია, ვთქვათ, განათლების სისტემა და ჯანდაცვა, კაცები კი, ძირითადად მუშაობენ სამშენებლო სექტორში, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროებში, რომელიც, ძირითადად, კერძო ბიზნესია, ასევე ძალოვან უწყებებში – შესაბამისად ბონუსების, დამატებითი სარგებლის თუ კომპენსაციის გაცემის შანსიც უფრო მეტია“.

როგორც ნანი ბენდელიანი ამბობს, კვლევამ აჩვენა განსხვავებები ხელფასის დარიცხვებთან დაკავშირებითაც. „ჩვენ ინტერვალებით დავთვალეთ ხელფასები და აღმოჩნდა, რომ ქალებისა და კაცების სახელფასო ანაზღაურება მთელი ინტერვალითაა განსხვავებული“. 

რაც შეეხება შრომის მიმართ დამოკიდებულებას, ნანი ბენდელიანის თქმით, ის, რაც საერთაშორისო სტანდარტით დისკრიმინაციად მიიჩნევა, საქართველოში ქალების უმეტესობა მას დისკრიმინაციას არ უწოდებს. „მაგალითად, რესპონდენტი ქალების უმეტესობა მიიჩნევდა, რომ ერთსა და იმავე სამუშაოზე შეიძლება ქალმა და კაცმა განსხვავებული ანაზღაურება აიღოს. ბუნებრივია, ამ მიდგომას კულტურული სტერეოტიპი განაპირობებს, რომლითაც ოჯახის ძირითადი მარჩენალი კაცია“.

კვლევის მიხედვით, ნაკლები ქალი ემხრობა ქალის როლის გაძლიერებას პოლიტიკასა და ბიზნესში. „გარკვეული ნაწილი ამბობდა, რომ ქალმა ან საერთოდ არ უნდა იმუშაოს, ან ქალისთვის `შესაფერისი პროფესია“ უნდა აირჩიოს. და ამ „შესაფერის“ პროფესიებში ნამდვილად დომინირებს მასწავლებლობა და ექიმობა. ბუნებრივია, მსგავსი დამოკიდებულება ხელს უშლის გენდერულ თანასწორობას, მათ შორის შრომის ბაზარზეც“.

კვლევები აჩვენებს, რომ შრომის ბაზარზე დარღვეულია თანასწორობის პრინციპი დასაქმების დროსაც. „კერძო სექტორში დასაქმება ხშირად ხდება პირადი ურთიერთობების საფუძველზე და ეს მიღებულია კერძო ბიზნესში, რაც იკრძალება საჯარო სამსახურში დასაქმების შემთხვევაში“.

თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები  აჩვენებს, საჯარო სამსახურში დასაქმების ფორმებიც, – კონკურსები, ტესტირება, გასაუბრება – ხშირად ფორმალურია.

 

ანა თვარაძე
ანა თვარაძე

ქალთა დისკრიმინაცია დამსაქმებლის მხრიდან ხორციელდება ქალის დეკრეტში ყოფნის შემთხვევაშიც. როგორც ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი ანა თვარაძე გვეუბნება, იურიდიული დახმარების მიზნით ორგანიზაციას ხშირად მიმართავენ ქალები, რომლებიც დამსაქმებლებმა დეკრეტული შვებულების დროს გაათავისუფლეს სამსახურიდან. `ბოლო პერიოდში ასმა ქალმა მოგვმართა კონსულტაციისთვის, რომლებიც სწორედ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით არიან გათავისუფლებული სამსახურიდან. თუმცა, სასამართლო დავას მხოლოდ ექვსი ქალი აგრძელებს“ – ამბობს ანა.

 იურისტის თქმით, შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს შრომის კანონსაც. „არის შემთხვევები, როცა დამსაქმებელი დეკრეტული შვებულების თანხასაც არ უნაზღაურებს ქალს, ეს დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და ვერც შეედავები, რადგან ამის რეგულაცია შრომის კანონში არ არის. საჯარო სამსახურის შემთხვევაში კი, კანონით დადგენილი ნორმები მოქმედებს“. 

2013 წლის კვლევა, რომელიც საზოგადოების დამოკიდებულებას ასახავს ქალთა როლის გაძლიერებაზე პოლიტიკასა და ბიზნესში, ხაზს კიდევ ერთ გარემოებას უსვამს, რის მიხედვითაც ქალის შრომა არასათანადოდ არის შეფასებული. საქართველოში ქალების უმრავლესობა დიასახლისია, შესაბამისად ისინი საზოგადოების არააქტიურ ნაწილად განიხილება, ეს მაშინ, როცა საოჯარო საქმეების 90 პროცენტი ოჯახში ქალზე მოდის და კაცის ჩართულობა ბევრად ნაკლებია. ქალებში აქტიურობის მაჩვენებელი 2012 წლიდან 42,6 პროცენტით იზრდება, მაშინ, როცა კაცების აქტივობის მაჩვენებელი იმავე წელს 21,8 პროცენტია.

ქალთა აქტივობის ზრდის მიუხედავად, გამოკითხულ რესპონდენტთა 79 პროცენტი მიიჩნევს, რომ “ქალი უფრო მეტად ფასობს ოჯახით, ვიდრე სამსახურში წარმატებით“. მკვლევარების აზრით, ეს სტერეოტიპული მიდგომაა და ხელს უწყობს ქვეყანაში ქალთა მიმართ უთანასწორო მოპყრობის წახალისებას.  

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: