ირაკლი კობახიძის დის ქმარი, დავით ფაცაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მინისტრის პოსტს იკავებს.
დავით ფაცაცია 2017 წლამდე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო კომპანიებში მუშაობდა. მისი ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, ის საჯარო სექტორში 2019 წელს დასაქმდა. სწორედ ამ წელს, 2019 წლის 22 ივნისს დაქორწინდა ის ირაკლი კობახიძის დაზე, ქეთევან კობახიძეზე.
აფხაზეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური სივის მიხედვით, დავით ფაცაცია 2001-2004 წლებში იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის განათლებისა და განვითარების აკადემიის (AED) პროგრამა – „ახალგაზრდა ლიდერები მშვიდობისა და განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიაში“, ტრენერ-კოორდინატორი.
2005 წელს ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, პროგრამა – ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (ENP Georgia), კონფლიქტების ჯგუფის ხელმძღვანელი.
2006 წელს დააფუძნა საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია „AIESEC Georgia“ და მისი ვიცე – პრეზიდენტი გახდა.
2005-2009 წლებში იყო ფონდი „აფხაზეთის მომავალი“, პროექტების მენეჯერი, ხოლო 2011-2017 წლებში იყო შპს – „ავიატორის“ კომერციული დირექტორი.
დავით ფაცაცია პროფესიით ეკონომისტია. ის აფხაზეთიდან დევნილია, 1983 წელს სოხუმში დაიბადა.
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობაში კი 2019 წელს მივიდა. სხვადასხვა წლებში სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ხოლო პარალელურად 2022 წლიდან არის თსუ-ს მოწვეული ლექტორი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე.
- რა წერია დეკლარაციაში
დავით ფაცაციას ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით, მას არ აქვს სახლი ან რაიმე ქონება. ერთადერთი, რაც ბოლო 7 წლის მანძილზე შევსებული დეკლარაციებიდან ჩანს, მას 2019 წელს საქორწინო საჩუქარი მიუღია, რომელიც 7 წლის განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება.
დავით ფაცაცია დეკლარაციას 2019 წლიდან ავსებს, როგორც აფხაზეთის ა/რ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრს.
2019 წლის დეკლარაციაში წერია, რომ დავით ფაცაციამ საქორწინო საჩუქრის სახით მიიღო 54 ათასი ლარი და 14 500 დოლარი.
ამავე დეკლარაციის მიხედვით, მას დეკლარაციის შევსების მომენტში სხვა ქონება არ აქვს. დეკლარაციაში მითითებულია მხოლოდ ის ქონება, რომელიც მისმა მეუღლემ, ქეთევან კობახიძემ საჩუქრის სახით მიიღო. კერძოდ, 2013 წელს, ქეთევან კობახიძეს მშობლებისგან, თამარ ზაალიშვილისგან და გიორგი კობახიძისგან საჩუქრად მიუღია წყნეთში მდებარე 567 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 2016 წელს საჩუქრად მიღებული აქვს ავტოფარეხი და ბინა.
სხვა ქონება დავით ფაცაციას დეკლარაციაში ასახული არაა.
2019 წელს დავით ფაცაციამ, როგორც მინისტრმა, ხელფასის სახით, 14 750 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, ქეთევან კობახიძემ 2 685 ლარი.
2020 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, დავით ფაცაცია უკვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრი ხდება.
დეკლარაციაში ისევ ჩანს, ქეთევან კობახიძის საჩუქრები – მიწის ნაკვეთი, ბინა და ავტოფარეხი.
ხოლო ნაღდი ფულის გრაფაში წერია, რომ დავით ფაცაცია ფლობდა 54 000 ლარს და 14 000 დოლარს, რომელიც მიღებული ჰქონდა საქორწინო საჩუქრის სახით.
2020 წელს დავით ფაცაციამ, როგორც მინისტრმა, ხელფასის სახით, 28 461 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, ქეთევან კობახიძემ, რომელიც თბილისის სამხატვრო აკადემიაში პედაგოგად მუშაობდა, 2 716 ლარი.
2021 წელს დავით ფაცაციამ დეკლარაცია შეავსო, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა. ის ამ თანამდებობას დღემდე იკავებს.
დეკლარაციაში მინისტრს ისევ თავისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ქონება აქვს მითითებული. თუმცა დეკლარაციიდან ქრება 2013 წელს ნაჩუქარი 567 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი წყნეთში და ჩნდება 2019 წელს ნაჩუქარი 2 270 კვ. მ. მიწის ნაკვეთი წყნეთში, იგივე მისამართზე.
ქეთი კობახიძეს ეს მიწის ნაკვეთი მშობლებმა აჩუქეს – გიორგი კობახიძემ და თამარ ზაალიშვილმა.
დეკლარაციაში არ არის განმარტება, ვინაიდან მიწის ნაკვეთი 2019 წელს აჩუქეს ქეთევან კობახიძეს, რატომ არ აისახა ის 2020 წლის დეკლარაციაში, ან რა ბედი ეწია 2013 წელს ნაჩუქარ მიწის ნაკვეთს.
2021 წლის დეკლარაციაში დავით ფაცაციამ მიუთითა, რომ საქორწინო საჩუქრის სახით მიიღო 69 ათასი ლარი და 17 000 დოლარი.
დეკლარაციაში ამ თანხის ირგვლის რაიმე სხვა განმარტება მოცემული არაა.
2021 წლის დეკლარაციაში ხელფასის გარდა მოცემულია ქეთევან კობახიძის მიერ მიღებული შემოსავალი 2500 დოლარის ოდენობით, რომელიც მან ნახატის რეალიზაციიდან მიიღო.
2021 წელს დავით ფაცაციამ, ხელფასის სახით, 40 882 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ 1 863 ლარი.
2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ ისევ მიუთითა, რომ მიიღო საქორწინო საჩუქარი 69 ათასი ლარი და 21 000 დოლარი.
სხვა ქონება ან შემოსავალი, მითითებული არაა.

2022 წელს დავით ფაცაციამ, როგორც მინისტრმა, ხელფასის სახით, 55 186 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, ქეთევან კობახიძემ 2 195 ლარი. გარდა ამისა, ამ წელს დავით ფაცაცია თსუ-ს მიწვეული ლექტორი გახდა და ხელფასის სახით 361 ლარი აიღო.
2023 წლის დეკლარაციაში დავით ფაცაციას ქონებრივი მდგომარეობა უცვლელია – ერთადერთ ქონებად ისევ მისი მეუღლის, ქეთევან კობახიძის მიერ საჩუქრად მიღებული ბინა და მიწის ნაკვეთი აქვს მითითებული.
2023 წლის დეკლარაციაში დავით ფაცაცია უთითებს, რომ მისმა მეუღლემ ბინის გაქირავებიდან შემოსავლის სახით 5 400 დოლარი მიიღო.
ხოლო ნაღდი ფულის გრაფაში ისევ მითითებული აქვს რომ 2023 წელს საქორწინო საჩუქარი მიიღო – 79 000 ლარი და 26 000 დოლარი.
2023 წელს დავით ფაცაციამ, როგორც მინისტრმა, ხელფასის სახით, 60 705 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, ქეთევან კობახიძემ 4 186 ლარი.
დავით ფაცაციას თსუ-ში ჩატარებული ლექციების გამო, ხელფასის სახით, 1 809 ლარი დაერიცხა.
2024 წლის დეკლარაციაში დავით ფაცაციას აღარ უჩანს მშობლების მიერ მეუღლისთვის ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი. უცნობია რა ბედი ეწია ამ მიწის ნაკვეთს, რადგან დეკლარაციაში არსადაა აღნიშნული, გაყიდვის ან გაჩუქების შესახებ რაიმე ინფორმაცია.
2024 წელსაც, წინა წლების მსგავსად, დავით ფაცაციამ საქორწინო საჩუქარი მიიღო – 91 000 ლარი და 29 000 დოლარი.
დავით ფაცაციას მეუღლემ, ქეთევან კობახიძემ ბინის გაქირავების შედეგად, შემოსავლის სახით, 10 200 დოლარი მიიღო. ხოლო ნახატების გაყიდვის შედეგად 8 400 ლარი.
2024 წელს დავით ფაცაციამ, როგორც მინისტრმა, ხელფასის სახით, 66 725 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, ქეთევან კობახიძემ 4 186 ლარი.
დავით ფაცაციას თსუ-ში ჩატარებული ლექციებისთვის ხელფასის სახით 1 085 ლარი დაერიცხა.
2025 წლის დეკლარაციაშიც, წინა წლების მსგავსად, დავით ფაცაცია მხოლოდ მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ ქონებას უთითებს – ბინას და ავტოფარეხს. ასევე, წინა წლების მსგავსად, დავით ფაცაციამ 2025 წელსაც მიიღო საქორწინო საჩუქარი. ამჯერად 105 ათასი ლარი და 34 000 დოლარი.
მისმა მეუღლემ ბინის გაქირავებიდან 10 800 დოლარი მიიღო შემოსავლის სახით, ხოლო თავად დავით ფაცაციამ ორი სამომხმარებლო სესხი აიღო თიბისი ბანკში. ერთი სესხი 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე 30 500 ლარის ოდენობით.
ორივე სესხის გადასახადმა 2025 წელს 11 108 ლარი შეადგინა. 2025 წელს დავით ფაცაციამ ასევე გადაიხადა შვილის, გიორგი ფაცაციას საბავშვო ბაღის გადასახადი – 7 700 ლარი.
„ბათუმელებმა“ სცადა კომენტარის მიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრისგან, რას ნიშნავს მის დეკლარაციაში ასახული საქორწინო საჩუქარი და რის საფუძველზე იზრდება ეს თანხა? დავით ფაცაციამ „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა.
თუ დავით ფაცაცია განმარტების გაკეთებას მოისურვებს – როგორ იღებდა ბოლო 6 წლის განმავლობაში საქორწინო საჩუქარს, ამ განმარტებას აქვე შემოგთავაზებთ.












