ბათუმში, ზღვაში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ კიდევ ერთხელ გაათავისუფლეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან.
ამჯერად „ამბასადორი“ ლიცენზიისგან 2026 წლის 16 ოქტომბრის განკარგულებით გაათავისუფლეს, რომელსაც „ოცნების“ მთავრობის პრემიერი, ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
აღნიშნული განკარგულებით, „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით“ კომპანიას უფლება მისცეს 1 წლის განმავლობაში ხელოვნური კუნძულისთვის ჯამში 559 741 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში მოიპოვოს ჭოროხის დელტაში. წიაღისეულის მოპოვების ფართობი კი ჯამში 37,3 ჰექტარია [373 160 კვადრატული მეტრი].

მდინარე ჭოროხის დელტა
აქ აღსანიშნავია, რომ ბათუმის სანაპირო ზოლის გასამაგრებლად ზღვაში წელს 110 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა შეეტანათ, თუმცა აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ტენდერი შეწყვიტა.
ტენდერის შეწყვეტის მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ მდინარე ჭოროხის კალაპოტში წინასწარ განსაზღვრულ კარიერში, ვიზუალური დათვალიერებით, საჭირო რაოდენობის ინერტული მასალა აღარ აღმოჩნდა. სამმართველოს ინფორმაციით, ხელახალი ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა გამოაცხადოს.
ამ თემაზე ვრცლად: რატომ არ არის პლაჟი ახალ ბულვართან – ზღვის ხელოვნურ კვებას აჭარის ბიუჯეტიდან აღარ დააფინანსებენ
რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ განკარგულებას, ქვიშა-ხრეშს „ამბასადორი“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: თხილნარისა და ჭარნალის ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე მოიპოვებს.
ამავე განკარგულებით ლიცენზიისაგან გათავისუფლებული „ამბასადორი“ ვალდებულია:
- უზრუნველყოს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს გეოსაინფორმაციო პაკეტით, შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის და საქართველოს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის წერილებით განსაზღვრული პირობების შესრულება; - მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულების მშენებლობისთვის;
- სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 730 097 ლარის გადახდა [ანუ 1,3 ლარის გადახდა ერთ კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშში]; - სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ბათუმში
კობახიძის ერთ-ერთი ბოლო განკარგულებით, „ამბასადორი“ ულიცენზიოდ 980 490 კუბურ მეტრ წიაღისეულს [ქვის ლოდებს] ქობულეთის სოფელ კვირიკეს ტერიტორიაზეც მოიპოვებს. კომპანია წიაღისეულს ულიცენზიოდ კვირიკეში აქამდეც მოიპოვებდა, რისთვისაც აქ მთა დაშალეს.
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ხრეშს, ქვებსა და ლოდებს აჭარაში სხვა ადგილებშიც მოიპოვებს, თითქმის ყველა შემთხვევაში – ულიცენზიოდ. ლიცენზიისგან კი მას „ოცნების“ მთავრობა ათავისუფლებს განკარგულებებით, რომლებსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ყველა განკარგულება ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ, უკანონოა. აქედან გამომდინარე კი, შეიძლება ვთქვათ, რომ უკანონო განკარგულების საფუძველზე წიაღისეულის მოპოვებაც უკანონოა.
ამ თემაზე ვრცლად:
უკანონოა კობახიძის განკარგულებები, რომლითაც მთებს შლიან – „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი






