მთავარი,სიახლეები • •

5 პოლიტიკური ორგანიზაციის ერთიანად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი მსოფლიოში  არ არსებობს -ბადრი ჯაფარიძე

22.10.2026
5 პოლიტიკური ორგანიზაციის ერთიანად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი მსოფლიოში  არ არსებობს -ბადრი ჯაფარიძე

„ჩვენ ვნახეთ კვლავ გაგრძელება მანიპულაციის, რომელსაც აწარმოებს „ქართული ოცნება“. ყველაზე დიდი შეურაცხყოფა არის, როდესაც მათი ლიდერი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი პარტიების გაუქმებამდე, ამაზე მეტი შეურაცხყოფა როგორ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოსი. ეს არის უზარმაზარი შეურაცხყოფა თქვენი კომპეტენციის, თქვენი უფლებამოსილების, როდესაც პარტიის ლიდერი ამბობს, რომ რამდენიმე დღე დარჩა ამ პარტიების არსებობისთვის. განაჩენი გამოგვიტანა კაცმა“, – უთხრა „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ წარმომადგენლებმა მათი „ქოც დეპუტატებად“ მოხსენიება გააპროტესტეს და შეურაცხყოფად მიიჩნიეს.

საკონსტიტუციო დღეს, 22 ოქტომბერს უკვე მეორე სხდომას მართავს, სადაც განიხილავენ 88 დეპუტატის საკონსტიტუციო სარჩელს, „ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ“.

მანამდე სასამართლომ შეურაცხყოფად მიიჩნია ასევე „ლელოს“ კიდევ ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის გამოსვლისას სასამართლოს ნდობის ეჭვქვეშ დაყენება.

სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიმ ბადრი ჯაფარიძის დარწმუნება სცადა, რომ არავის ზემოქმედების ქვეშ არ მოექცევიან ის და მისი კოლეგები: „ახლა ვერ შევაფასებთ პოლიტიკოსების განცხადებებს. პოლიტიკური განცხადებების შეფასება, რომლებიც სასამართლო დარბაზში არ გაკეთებულა, მით უმეტეს, სხვადასხვა ინტერვიუში ძალიან ბევრ გაცხადებებს აკეთებს ყველა მხარე.“

„ეს არის თქვენზე ზემოქმედების პირდაპირი  მაგალითი“, – უპასუხა მას ჯაფარიძემ.

მოსამართლემ ისევ გაიმეორა: „ვერავითარი ზემოქმედების ქვეშ ვერავინ ვერ მოგვაქცევს, ვერანაირი მცდელობა, არავითარ მცდელობას არ ჰქონია ადგილი და ვერც მოგვაქცევს ვერავინ, ეს იცოდეთ.“

ბადრი ჯაფარიძემ განსახილველ საკითხზე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსაზრების გაზიარებაზე შუამდგომლობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი:

„შუამდგომლობის მთავარი მოტივატორი არის ის, რომ მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. ხუთი ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი პოლიტიკური ორგანიზაციის, ყოველ შემთხვევაში „ლელო საქართველოსთვის“ შექმნილია 2019 წლის ბოლოს და არანაირ კავშირში არ არის სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, არც დაფუძნების, არც მისი ისტორიის, დამფუძნებლების კუთხით.

ხუთი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთიანად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს, არამხოლოდ გაუქმება, არამედ მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს. ევროპულ კონვენციასთან ამ მოთხოვნის შესაბამისობის სტანდარტი უნდა იქნეს განსაზღვრული. ჩვენი შუამდგომლობის მთავარი მოტივატორი არის… კონსულტაციის შესაძლებლობა – მიმართოს ამ შემთხვევაში, სრულიად საფუძვლიანად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს.

ჩვენი მთავარი მოტივატორი არის სწორედ ის, რომ ამ სასამართლომ განსაზღვროს ევროპულ კონვენციასთან, ხუთი პარტიის გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში რა სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ.“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: