სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ-სანელებლის 44 ნიმუში აიღეს. ლაბორატორიული კვლევა კი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა.
სააგენტოს მონაცემებით, ლაბორატორიული კვლევის თანახმად, დარღვევა გამოვლინდა შემდეგ სურსათში:
- „წითელი წიწაკა (დამზადების თარიღი: 21.05.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 21.05.2028) – მწარმოებელი შპს „Beyza Gida San Tic“, აღმოჩნდა Sudan I და Sudan IV;
- სვანური მარილი (დამზადების თარიღი: 21.05.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 21.05.2028) – მწარმოებელი შპს ,,იგოეთი” (ს/კ 432549361; მის: კასპის რაიონი, სოფელი იგოეთი) – აღმოჩნდა Sudan I და Sudan IV;
- ფარშის საკმაზი (დამზადების თარიღი: 29.06.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 29.06.2028) – მწარმოებელი შპს “დაბი” (ს/კ 401946392, მის: დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა) – აღმოჩნდა Sudan Red G;
- სვანური მარილი (დამზადების თარიღი: 15.09.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 15.09.2027 წელი) – მწარმოებელი შპს „ნთკ 2016“ (მის: ქობულეთის რ-ნი, სოფელი ქვედა კვირიკე/ბობოყვათის შესასვლელი) – აღმოჩნდა Sudan I.“
„აღნიშნული დარღვევების გამო ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული სურსათის რეალიზაცია. სააგენტოს ზედამხედველობით მიმდინარეობს სუნელ-სანელებლების ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს დასახელებული სურსათი, არ გამოიყენოს.
სუდანის ჯგუფის საღებავები სურსათში ბუნებრივად არ გვხვდება. იგი მიეკუთვნება ხელოვნური აზო-საღებავების ჯგუფს და არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს. სურსათში საღებავების: Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B-ს გამოყენება აკრძალულია.“ – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წელს დაგეგმილია სხვადასხვა კატეგორიის სურსათის 177 ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე. დღეის მონაცემებით, მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულ სააგენტოს აღებული აქვს სუნელ-სანელებლის 94 ნიმუში. აკრძალული საღებავები გამოვლენილია 5 ნიმუშში.





