ქობულეთის ორზოლიანი შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების პროექტზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა. ეს იმას ნიშნავს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა უკვე აქვს.
პროექტის განხორციელების მიზნით შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად საერთაშორისო ტენდერი უნდა გამოაცხადონ.
ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალის 4-ზოლიან გზად მოდერნიზების პროექტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 2024 წლის ნოემბერში წარუდგინეს. სააგენტოს უფროსის ბრძანების მიხედვით, განხილვის პროცედურის შემდეგ სამი ალტერნატიული ვარიანტიდან უპირატესობა მეორე ალტერნატივას მიანიჭეს.
გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, ქობულეთის არსებული შემოვლითი გზა იწყება სოფელ შეკვეთილიდან და მთავრდება ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან. ქობულეთის არსებული შემოვლითი გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მშენებლობა/მოდერნიზაცია დაგეგმილია ქობულეთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საზღვრებში:
მარშრუტის ფარგლებში გზა გაივლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებისა და საკარმიდამო ტერიტორიების მომიჯნავედ, რომელიც გადაკვეთს მდინარეებს: ნატანები, ჩოლოქი, ოჩხამური, აჭყვა, კინტრიში, დეხვა, ჩაქვისწყალი და სხვა მცირე ზომის ზედაპირულ წყლებს და ბოლო მონაკვეთზე გზა განთავსდება ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის სიახლოვეს.
დოკუმენტების მიხედვით, საპროექტო გზის საერთო სიგრძეა დაახლოებით 30,7 კმ და დერეფანი პირობითად იყოფა ორ ლოტად:
საწყისი 13 კმ სიგრძის მონაკვეთი სოფელ კაკუჩამდე (პირობითად ლოტი 1) და სოფელ კაკუჩადან ბოლო წერტილამდე (პირობითად ლოტი 2). საავტომობილო გზის დერეფანში გათვალისწინებულია დამატებითი კვანძების და არსებული გვირაბების პარალელურად ორი ახალი, ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა. ასევე დაგეგმილია ახალი ხიდების და გზაგამტარების მოწყობა.
პროექტი ქობულეთის შემოვლითი გზის პარალელურად დამატებითი ორზოლიანი გზის მოწყობას ითვალისწინებს. ახალი გზა თითქმის მთლიან სიგრძეზე არსებული გზის მარცხენა მხარეს მიჰყვება და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის მარჯვენა მხარეს – მრუდების [მოხვევითი რადიუსების] გაუმჯობესების მიზნით. საპროექტო გზაზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 120 კმ/სთ იქნება.
შერჩეული ვარიანტის მიხედვით, პროექტის ზემოქმედების ქვეშ ექცევა: 581 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 10 031 191 კვ.მ-ია. აქედან 193 ნაკვეთი კერძო საკუთრებაა, ჯამური ფართობით – 2 491 944 კვ.მ.
პროექტის თანახმად, ზარალის ანაზღაურდება და კომპენსაციები გაიცემა სრული ღირებულებით, განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
ქობულეთის ორზოლიანი შემოვლითი გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზება სატრანსპორტო ნაკადის ზრდის გამო გადაწყდა.
გზშ-ის ანგარიშის თანახმად, პროექტის ხანგრძლივობად განსაზღვრულია დაახლოებით 4 წელი, ხოლო სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობად – დაახლოებით 24 თვე.
ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის ოთხზოლიანად გადაკეთებაზე მუშაობა გზების დეპარტამენტმა ამ გზის სრულად გახსნიდან 5 წლის შემდეგ, 2023 წელს დაიწყო.
ამჯერად კი ქობულეთის შემოვლით გზაზე დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/საათიდან 70 კმ/საათამდეა შემცირებული.
ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელიც ორზოლიანია, შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხო არ არის. ეს გზა, ისევე როგორც ბათუმის შემოვლითი გზა, არ არის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი [ავტობანი] – ორზოლიანია და სავალ ზოლებს შორის არ აქვს გამყოფი ბარიერი.
როგორ მიმდინარეობდა პროექტის განხილვის პროცედურა ვრცლად ამ თემაზე:
ქობულეთის შემოვლითი გზა 4-ზოლიანი გახდება: პროექტის დეტალები და უსაფრთხოების სტატისტიკა






