მთავარი,სიახლეები • •

საკონსტიტუციო მომავალ კვირასაც გააგრძელებს ოპოზიციის აკრძალვაზე სარჩელის განხილვას

22.10.2026
საკონსტიტუციო მომავალ კვირასაც გააგრძელებს ოპოზიციის აკრძალვაზე სარჩელის განხილვას

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მსჯელობას საკონსტიტუციო სასამართლო შემდეგ კვირაშიც გააგრძელებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, დღეს, 22 ოქტომბრის, სამუშაო დღის ბოლოს მხარეებს განუცხადა, რომ სხდომებს ნიშნავს 26-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ დღე, 12:00 საათზე.

ძალაში რჩება ხვალ, 23 ოქტომბერს დანიშნული სხდომაც.

„ისე წარიმართა სხდომები, რომ საკმაოდ გაგრძელდა. მომდევნო კვირასაც ჩვენ ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობას. მომდევნო კვირას, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი 12 საათზე იქნება ეს სხდომები დანიშნული“, – განაცხადა ნადარაიამ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს და სასამართლოს სთხოვეს, გაეთვალისწინებინა მათი გრაფიკიც. ადვოკატების ნაწილმა თქვა, რომ მათ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა სხდომები აქვთ ჩანიშნული, ნაწილმა კი მოუცლელობის სხვა მიზეზი დაასახელა, თუმცა, ნადარაიამ მათ უთხრა, რომ სხდომები უკვე ჩანიშნა და თუ ვინმე არ დაესწრება, ეს მათი გადასაწყვეტია.

ერთ-ერთმა მონაწილემ ოპოზიციის მხრიდან, შენიშნა, რომ მომდევნო კვირა პარლამენტისთვის სასესიო კვირაა და „მოსარჩელეებსაც არ ეცლებათ“.

შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ საქმეში წარმოადგენენ დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გიორგი კახიანი და თორნიკე ჭეიშვილი.

დისკუსიის დასასრულს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სასამართლოს სთხოვეს, ხვალინდელი სხდომის შემდეგ განხილვა სამშაბათს გაეგრძელებინათ, რაზეც რევაზ ნადარაიამ ასე უპასუხა:

„კაი, ხვალ თუ ძალიან დაღლილები იქნებით, მერე ვიფიქროთ სამშაბათზე“.

ამის შემდეგ, მოსამართლეებმა დარბაზი დატოვეს.

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ დაიწყო. ორი სამუშაო დღე მხოლოდ მოპასუხეთა შუამდგომლობებს დაეთმო, რომელთაგან არცერთი არ დაკმაყოფილდა.

სავარაუდოა, რომ ხვალინდელი დღეც ოპოზიციონერთა შუამდგომლობებით დაიწყება, რადგან პარტიას „გახარია – საქართველოსთვის“ დღესაც არ მიეცა ყველა შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა. მათ 4-დან მხოლოდ 1 შუამდგომლობა დააყენეს – ისინი ითხოვდნენ მოსარჩელე მხარეს, ანუ „ქართულ ოცნებას“, სარჩელში ცალ-ცალკე მიეთითებინა, რომელ ოპოზიციურ პარტიას კონკრეტულად რას ედავებოდნენ.

„ბატონო მოსამართლეები, თუ თქვენ გაიგეთ, ჩვენ რას გვედავებიან, ძალიან გთხოვთ განმიმარტეთ, კონსტიტუციის რომელ ნაწილს მედავებიან მე. იმიტომ, რომ მე ვერ გავიგე“ – მიმართა მოსამართლეებს ბერდია სიჭინავამ.

იქამდე, ცოტა ხნით ადრე იგივე შუამდგომლობა დააყენა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა.

ჯამში, ორი დღის განმავლობაში, მოსამართლეებმა ოპოზიციის წარმომადგენელთა არც ეს და არცერთი სხვა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს. მათ შორის, არ დააკმაყოფილეს მოსამართლეთა ამ შემადგენლობის აცილების შუამდგომლობა, რომელიც განხილვის დაწყების პირველ დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დააყენეს.

ამავე თემაზე:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: