მთავარი,სიახლეები • •

ბათუმის აეროპორტი მგზავრთა გადაყვანის რაოდენობას 1,75 მილიონამდე ზრდის

24.10.2026
ბათუმის აეროპორტი მგზავრთა გადაყვანის რაოდენობას 1,75 მილიონამდე ზრდის

„ბათუმის აეროპორტი“ ექსპლუატაციის პირობების გარკვეულ ცვლილებებს, მათ შორის მგზავრთა გადაყვანის რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.

აეროპორტში აცხადებენ, რომ ამ ბოლოს ჩატარებული ცვლილებებისა და გაფართოების სამუშაოების შემდეგ ბათუმის აეროპორტი უპრობლემოდ შეძლებს წელიწადში 1 მილიონ 750 ათასი მგზავრის მომსახურებას.

„ბათუმის აეროპორტის“ ინფორმაციით აქამდე ცნობილი იყო, რომ აეროპორტი წლის განმავლობაში 1 200 000 მგზავრს ემსახურებოდა, „რასაც შესაძლოა მიაღწიოს წლის ბოლომდე, ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა მოსალოდნელ ზრდაზე მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს ინფორმაცია, სავარაუდო ზრდის რიცხვია 1 750 000 მგზავრი/წელ. ესე იგი მგზავრთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელია 550 000 მგზავრით.“

„აღსანიშნავია, რომ აეროპორტში გასულ წლებში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ცვლილებები ნაწილობრივ მგზავრთა ზრდასთან იყო დაკავშირებული.

ამჟამად მოსალოდნელ ზრდაზე ინფრასტრუქტურული ცვლილებები საჭირო არ არის, შენობები, ტერმინალები და სხვა, მოსალოდნელ მგზავრთა ნაკადს უპრობლემოდ გაატარებს, ხოლო სხვა დანარჩენი დაგეგმილი ცვლილებები მგზავრთა მომსახურების ხარისხის და კომფორტის გაუმჯობესების მიზნით დაიგეგმა.

იზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც 370 პერსონამდე, ისინი ძირითადად აეროპორტის შეუფერხებელი და ხარისხიანი მომსახურებისთვის დაემატება.“ – წერს „ბათუმის აეროპორტი“ სკრინინგის განცხადებაში, რომლითაც მან გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 19 ოქტომბერს მიმართა.

სკრინინგის პროცედურა აუცილებელია იმ სამუშაოების ჩასატარებლად, რომელიც ბათუმის აეროპორტში დაიგეგმა და სამომამვლოდ უნდა განხორციელდეს. გარემოს სააგენტო კი დაადგენს ამ სამუშაოებისთვის საჭირო იქნება თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] მომზადება.

„ბათუმის აეროპტორტში დაგეგმილი სამუშაოები კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის როგორც მგზავრთა, ისე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გარემოს. დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში იზრდება პერსონალის რაოდენობა, ისინი გადანაწილდებიან და დასაქმდებიან სხვადასხვა ცვლებში რათა მოხდეს აეროპორტის 24-საათიან რეჟიმში ოპერირება, რაც დადებითად აისახება ადგილობრივ სოციალურ გარემოზე.“ – წერს აეროპორტი.

რას გეგმავს ბათუმის აეროპორტი ამჯერად:

  • „რამპის შენობის მშენებლობა

რამპ ჰენდლინგის სამსახურის თანამშრომლებისთვის დაგეგმილია 2-სართულიანი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა. კონსტრუქციულად შენობა წარმოადგენს ლენტურ საძირკველზე დაფუძნებულ ლითონკონსტრუქციას.

  • ელექტრო ქსელის განახლება, დიზელ-გენერატორის გადატანა და ელექტრო ტექნიკის სატენის/ჩარჯერების მოწყობა

ბაქნის მხარეს არსებული შენობა-ნაგებობების ელექტრომომარაგების გასაუმჯობესებლად დაგეგმილია მათი ახალ ელექტროქსელზე მიერთება – ახალი კაბელგაყვანილობის სამუშაოები და მიერთება ახალ სატრანსფორმატორო კვანძთან, ხელვაჩაურის მიმართულებით. არსებული ქსელები [„ბათუმი-4“ და წყალსადენი/ხელვაჩაურის ხაზი] შენარჩუნდება სათადარიგო რეჟიმში.

  • მუნიციპალური ნარჩენების ურნების განთავსების წერტილის გადატანა 

ბაქანზე ამჟამად განთავსებული ურნები, ახალი რამპ ჰენდლინგის შენობის მშენებლობის გამო, გადავა აეროდრომის ტერიტორიის ფარგლებში.

  • ბათუმის ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემასთან მიერთება

როგორც ცნობილია აეროპორტის ტერიტორაზე არ არსებობდა ცენტრალური, ქ. ბათუმის წყალმომარაგების სისტემა, დაგეგმილია ქალაქის წყლის შემოყვანა. ქალაქის სასმელი წყლის ცენტრალური მილსადენი გადის აეროპორტის სიახლოვეს, სადაც მოხდება მიერთება.

სასმელი წყალი გამოყენებული იქნება მხოლოდ დასალევად; ტექნიკური წყლის მოთხოვნილება [მათ შორის სახანძრო ავტომანქანების ცისტერნები და ჰიდრანტები] კვლავ დაკმაყოფილდება ჭაბურღილის წყლით.

  • საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემა

აეროპორტის საკანალიზაციო სისტემა [საყოფაცხოვრებო ფეკალური მასები] ამჟამად არ არის მიერთებული ქალაქის საკანალიზაციო ქსელზე, ამისათვის მოწყობილია ბიოლოგიური გამწმენდი. მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ამ ტერიტორიაზე შესაბამისი სისტემა. საკანალიზაციო ქსელის მოწყობა დაგეგმილია სამომავლოდ, რომლის განვითარების შემდეგ კომპანიას დაგეგმილი აქვს ფეკალური მასები ჩაუშვას ქალაქის საკანალიზაციო სისტემაში.

სანიაღვრე [წვიმის წყალი] სისტემა კი მიერთებულია ქალაქის სანიაღვრე ქსელზე 2012 წლიდან.

  • 1 157 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის მოწყობა / არსებული ანგარის მიმდებარედ კომერციული კონტეინერის განთავსება

ადმინისტრაციული ოფისების მიმდებარედ, 1 157 კვ.მ ფართობზე დაგეგმილია ასფალტის საფარის მოწყობა 21 ავტომობილზე გათვლილი პარკინგისთვის.“

აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან შენიშვნების წარდგენის ვადად გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე 2026 წლის 3 ნოემბერია მითითებული.

ამავე თემაზე:

ბათუმის აეროპორტთან კორპუსების ზეგავლენა ფრენის უსაფრთხოებაზე 2026 წლის ბოლომდე უნდა შეფასდეს

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: