მთავარი,სიახლეები

ამერიკის ელჩის კომენტარი პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებაზე

24.04.2019 • 2344
ამერიკის ელჩის კომენტარი პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებაზე

„ეს ვიზიტი ემსახურება საქართველოს და ამერიკას შორის თანამშრომლობის განმტკიცებას, რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობას და კიდევ ერთხელ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მიმართ,“ – განაცხადა გუშინ, 23 აპრილს, ბათუმში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა.

ამერიკის ელჩს „ბათუმელებმა“ ასევე ჰკითხა პანკისის ხეობაში ჰესების გამო შექმნილი დაპირისპირების თემაზე. რა უნდა იყოს ამ დროს ხელისუფლების როლი – ვკითხეთ ელჩს.

„ჩვენ ვაკვირდებოდით განვითარებულ მოვლენებს, იყო გარკვეული პრობლემები. ამ რეგიონს ესაჭიროება განვითარება. ამისთვის მნიშვნელოვანია ენერგორესურსების განვითარება და, შესაბამისად, როგორც კერძო სექტორს, ასევე მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, რომ სიტუაცია მოაგვაროს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პრობლემები გადაიჭრას დიალოგის და თანხმობის საფუძველზე. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი ხარისხის სანდოობა, უზრუნველჰყოს უსაფრთხოება ამ რეგიონში,“ – აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა.

პოლიცია და ადგილობრივები 21 აპრილს პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაწვეს პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან ეს მათ საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად გააუარესებს.

პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კომენტარი აშშ-ის სამხედრო ხომალდ Ross-ის [DDG 71] მონახულების შემდეგ გააკეთა. გემი ბათუმის პორტში 21 აპრილს შემოვიდა  და 25 აპრილს დატოვებს.

ამერიკული სამხედრო გემი ბათუმში, 2019

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: