განათლება,მთავარი,სიახლეები

ლადო აფხაზავა სტუდენტებს: თუ არ დავსვამთ კითხვებს, შეიძლება გამოგვიყენონ დეკორაციად

25.04.2019 •
ლადო აფხაზავა სტუდენტებს: თუ არ დავსვამთ კითხვებს, შეიძლება გამოგვიყენონ დეკორაციად

დღეს, 25 აპრილს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და გლობალური ჯილდოს ათეულის წევრი მასწავლებელი ლადო აფხაზავა, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. ლადო აფხაზავა სტუდენტებთან საუბარი ერთგვარი პერფორმანსით დაიწყო. აანთო სანთელი და სტუდენტებს ჰკითხა, თუ რა ასოციაციას იწვევდა ეს მათში.

დარბაზიდან ისმოდა: „განათლება“, „ეკლესია“, „იმედი“, „წარმატება“, „90-იანები“, „რომანტიკა“… შემდეგ ლადო აფხაზავამ ერთი სანთლიდან მეორეს გადაუკიდა და ისევ იკითხა. რა არის ეს? პასუხი იყო – „გაზიარება“. „მეც სწორედ იმიტომ ვარ აქ, რომ ჩემი პრაქტიკა გაგიზიაროთ“, – უთხრა მან სტუდენტებს.

ლადო აფხაზავა აუდიტორიას სიმულაციური თამაშების ფონზე უხსნიდა, თუ რა არის განათლებაში მთავარი და რატომ არის პრაქტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად. მან ისაუბრა გაკვეთილზე გამოხატვის თავისუფლებაზე. „როცა ვამბობ, რომ ჩემს გაკვეთილზე მოსწავლეს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო გარემო, აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ იმას, რომ ჭერი არ უნდა ჩამოექცეს თავზე, აქ ვგულისხმობ თავისუფლებას აზრის გამოხატვაში. მოსწავლემ იცის, რომ მას არავინ დასცინებს ამის გამო და არ შეზღუდავს“.

სტუდენტები ლადო აფხაზავას ლექციაზე ბსუ-ში.
ფოტო: ლელა დუმბაძის

თეორიისა და პრაქტიკის მიზნობრივად გამოყენებაზე საუბრისას ლადო აფხაზავამ მოიყვანა რელიგიური კონფლიქტის მაგალითი, რომელიც 2012 წელს გურიაში, სოფელ ნიგვზიანში დაიწყო.

„სამოქალაქო განათლებაში ძალიან დიდი თავი აქვს დათმობილი კონფლიქტების მოგვარებას. მხოლოდ თეორია არაფერს ნიშნავს მოსწავლისთვის, თუ მას რეალურად არ აჩვენე პრობლემის არსი. ამ რელიგიური დაპირისპირების გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძალიან ცუდი ატმოსფერო შეიქმნა. ქრისტიანი მეზობლები მუსლიმ მეზობლებს საკუთარ კარმიდამოში არ უშვებდნენ იმისთვის, რომ ელოცათ.

ლადო აფხაზავა სტუდენტებთან, ერთ-ერთი სიმულაციური თამაშის დროს.
ფოტო: ლელა დუმბაძის

მე მინდოდა ჩემს მუსლიმ მოსწავლეებს თავი უსაფრთხოდ ეგრძნოთ და შევეცადე ქრისტიანი მოსწავლეები მათთან ერთად წამეყვანა მათ სალოცავში. ამას საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. მოსწავლეებმა საკუთარი თვალით ნახეს ორი დაპირისპირებული მხარე და ეძებდნენ ამ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ მხოლოდ თეორიით ვერ დაანახებ მოსწავლეს პრობლემას, თუ არ გახდი პროცესის მონაწილე“.

ლადო აფხაზავას თქმით, მნიშვნელოვანია ფორმალური განათლების პარალელურად გამოვიყენოთ არაფორმალური განათლების მეთოდებიც.

„გაკვეთილები ჩამიტარებია მდინარის პირას, გამგებლის ოთახში, სხვენზე, მინდორში, სპორტულ მოედანზე, უცნაურ ადგილებში და მიზეზი იყო ის, რომ მოსწავლეს თეორიის გარდა პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც მიეღო. თუ ადამიანს ეს სამი რამ – ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები არ აქვს, მასზე ვერ ვიტყვით, რომ კომპეტენტურია. არაფორმალური განათლება კი მოსწავლეს სწორედ ამ სამი უნარის გამომუშავებაში ეხმარება.

რელიგიური კონფლიქტების შემდეგ ლადო აფხაზავამ  ეთნიკური ნიშნით სიძულვილზე ისაუბრა.

„იყო სკოლაში ასეთი დამოკიდებულება -„ეგ აზერბაიჯანელი“, „ეგ სომეხი“ და ა.შ. ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ ეთნიკური უმცირესობების მიმართ მოსწავლეებს.

აღმოჩნდა, რომ ჩვენს სოფელში 27 რძალი გვყავდა ეთნიკური უმცირესობებიდან და სწორედ მათ ვთხოვე დახმარება. გავაკეთეთ პროექტი „ეთნორძლები“ და ამ ეთნოსებისთვის დამახასიათებელი კერძები მოვამზადეთ – პროცესში ჩავრთეთ უშუალოდ მოსწავლეები.

რაც არ უნდა წაიკითხო წიგნში, რომ ეთნიკური მრავალფეროვნება მაგარია, არ გექნება რეალური შედეგი, თუ ის ცხოვრებაში არ დაინახე. ეს ბავშვები ვერ ხედავდნენ მრავალფეროვნების მნიშვნელობას, რადგან მათი მშობლები არ სცემდნენ პატივს მრავალფეროვნებას. ამ პროექტის შემდეგ კი იყო ის, რასაც ველოდი“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

ლადო აფხაზავა ბსუ-ს სტუდენტებთან

ლადო აფხაზავას აზრით, დღეს 21-ე საუკუნის პედაგოგისთვის აუცილებელია ინოვაციური გზები და მიდგომები. მაგალითად, მისი აზრით, სულაც არ არის საჭირო ხშირად ვახსენოთ ბულინგი ან ჩაგვრა, დავწეროთ ის ფურცლებზე და გადავიღოთ ფოტოები, „საკმარისია იმოქმედო“ – ამბობს ლადო აფხაზავა.

„ჩვენ  გავაკეთეთ პროექტი, სადაც სიტყვა ძალადობა არ იყო გამოყენებული. პროექტს ერქვა –  „შეჭამე ბოსტნეული და არა შენი თანაკლასელი!“ სკოლაში მოვიტანეთ ბევრი ბოსტნეული, რომელიც მოსწავლეებმა თვითონ დაარჩიეს, დაჭრეს და მოამზადეს სალათები. გარდა იმისა, რომ მთავარი მესიჯი გაჟღერდა, გამოგვივიდა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაც“.

ლადო აფხაზავამ სტუდენტებს გუნდურ მუშაობასა და ლიდერობასთან დაკავშირებული სიმულაციური თამაშებიც გააკეთებინა. ამ თამაშების ფონზე მან ისაუბრა სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებზე.

„ლიდერი არის ადამიანი, რომელიც ცდილობს გუნდს დავალება შეასრულებინოს და იყოს წინამძღოლი. თუმცა ჩვენ გვჭირდება ლიდერი, რომელიც სხვების უნარებსაც წარმოაჩენს.

ჩვენს ირგვლივ არიან მოსეირე, მაყურებლის როლში მყოფი ადამიანებიც. მაგალითად, სკოლაში 60 ძირი ვერცხლისფერი ნაძვი დავრგეთ. როცა ვთხრიდით ორმოებს, ერთმა მასწავლებელმა გამოაღო ფანჯარა და გვიყურებდა ზემოდან. დავრგეთ 60 ნერგი, როცა ხელები გადავიბანეთ და ბარები  გავასუფთავეთ,  ჩამოვიდა ის მასწავლებელი და გვეუბნება – „არც ერთი არ გაიხარებს ეგ ნაძვიო“. რატომ-მეთქი და დაიწყო ახსნა, დღეს სავსე მთვარეა, ხვალ იცლება და ხვალ დაგერგოთო. ვუთხარი – „ოჯახაშენებულო, ფანჯრიდან გვიყურებდი სამი საათი და ხომ შეგეძლო თავიდან გეთქვათ-მეთქი“. ამოვიღეთ ის 60 ნაძვი და მეორე დღეს თავიდან დავრგეთ. შორიდან მაცქერალი ადამიანები სწორედ ასეთია“, – ამბობს აფხაზავა.

ლადო აფხაზავა ბათუმში

ლადო აფხაზავამ ისაუბრა ცრუ მონაწილეობაზეც. „ჩვენ ადამიანები სკოლაშიც შევეჩვიეთ მოსწავლეების გამოყენებას. მათ ხშირად არ ვაწვდით არანაირ ინფორმაციას და ვეუბნებით, რომ მიიღონ მონაწილეობა ამა თუ იმ აქტივობაში. ამას ჰქვია დიქტატურა. სოციოლოგი როჯერ ჰარტი მიიჩნევს, რომ დიქტატურაა, როდესაც ადამიანი სარგებლობს თავისი მდგომარეობით და გაუცნობიერებლად იყენებს სხვებს საკუთარი მიზნებისთვის.

ბავშვობიდან მიგვაჩვიეს, რომ რადგან უფროსმა გვითხრა, ამიტომ გავაკეთოთ. ეს არ არის ბავშვის სურვილი და ეს არის ცრუ მონაწილეობა. ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდები, რომლებიც კითხვებს დასვამენ – რატომ? რისთვის? მიზანი რა არის?“

კიდევ ერთი სიმულაციური თამაში ადამიანების დეკორაციად გამოყენებას შეეხებოდა. „შესაძლოა სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ან სხვადასხვა ჯგუფებმა გამოგიყენოთ დეკორაციად. არის შემთხვევები, როცა ადამიანები დგანან რომელიღაც პოლიტიკურ შეკრებაზე, აფრიალებენ დროშებს და როცა მონაწილეებს ეკითხები, რატომ არიან იქ, ამბობენ – არ ვიცი. „გამგებელმა მითხრა და ვაფრიალებო“. სწორედ ეს არის ადამიანების დეკორაციად გამოყენება. თუ ჩვენ არ დავსვამთ შეკითხვებს, შეიძლება ჩვენც გამოგვიყენონ დეკორაციად“, – უთხრა ლადო აფხაზავა სტუდენტებს.

მისი თქმით, თანამედროვე გამოწვევები ითხოვს ინოვაციურ მიდგომებს, რაც ბევრს არ მოსწონს.  „ცდილობენ ტალახი გესროლონ, ამის კი ნუ შეგეშინდებათ“.

ლადო აფხაზავა ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტის – „ლიბერრუმის“ ფარგლებში მეორედ მოიწვიეს.

სტუდენტები ლადო აფხაზავას ლექციაზე ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: