მთავარი,სიახლეები

ბოსტნიდან პირდაპირ ბაზარში 

25.04.2019 • 2949
ბოსტნიდან პირდაპირ ბაზარში 

ბათუმის ცენტრალურ ბაზარში ხილ-ბოსტნეულით სავსე დახლებს მიღმა, გარდა გადამყიდველებისა ნახავთ გლეხებსაც, რომლებიც საკუთარ ბოსტანში მოყვანილ მწვანილს, ბაღის ციტრუსს და რძის პროდუქტებს, სოფლის კვერცხს ყიდიან. გადამყიდველებთან შედარებით ბაზარში გლეხები ცოტანი არიან. სახელდახელო დახლები ძირითადად ერთად აქვთ მოწყობილი – ყვავილების გრძელი მწკრივის პირდაპირ. ზოგი სეზონურ ხილს ყიდის, ზოგი მხოლოდ მწვანილს, ზოგს ტყეში ახალდაკრეფილი ეკალა აქვს ჩამოტანილი სოფლიდან.

ბათუმის ცენტრალური ბაზარი

გლეხს დახლზე შეიძლება ბევრი არაფერი ჰქონდეს, მაგრამ აქვთ ცოტ-ცოტა ყველაფერი: მწვანილი, შინ დამზადებული ტყემალი, ლიმონი, ცოტა ლობიო, ცოტაც ფხალი და ა.შ. გრჩება შთაბეჭდილება, რომ დიასახლისმა კალათაში ჩააწყო რაც სახლში მოეპოვებოდა და ბაზრისკენ გამოსწია. გლეხების ხილ-ბოსტნეული განსაკუთრებული შესახედაობით ხშირად არ გამოირჩევა, მაგრამ როგორც ისინი ამბობენ, ჰყავთ საკუთარი, მუდმივი მომხმარებლები, რომლებმაც იციან, რომ ნაკლებსასუქიანი, ან უსასუქო ეკოპროდუქტები ბევრად სასარგებლოა სასუქით გაჯერებულთან შედარებით.

„დრო ქვეყანა მაქვს, ვინმე არ მორბის, რატომ მწერთ, უნდა დამიჭირონ?“ – გვეუბნება 77 წლის ჟოლიე ცეცხლაძე, რომელიც ინტერვიუზე გვთანხმდება. გვიყვება, როგორ მოდის დილის 6 საათზე ხულოდან ბათუმის ბაზარში. მერე დღის ბოლოს, 8 საათზე როგორ აკითხავს შვილი და უკან მიჰყავს. ჟოლიეს შვილი და ერთი შვილიშვილი ჰყავს. მის დახლზე პრასი, ქინძი, ოხრახუში, ფხალი, წიწმატი და ორი ბოთლი მწვანე ტყემალია. სოფელში მცირე ნაკვეთი აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, როგორც თავად ამბობს, მიწა ხულოში უხვმოსავლიანია.

77 წლის ჟოლიე ცეცხლაძე ცენტრალურ ბაზარში საკუთარ ბოსტანში მოყვანილ მწვანილს ყიდის. ხულოდან ბათუმში ის ყოველ დილით, 6 საათზე მოდის.

„სასუქი 50 ლარი ღირს, მაგას ვინ იყიდის, არ ვიყენებ. ყველაფერი ჩემი მოყვანილია, ნატურალური. 100, 200 ბოთლი ტყემალიც ჩამომაქვს, ოცი წელია ბაზარში ვდგავარ. მყავს მუდმივი კლიენტებიც, რომ მოდიან ჩემი ბებო სადააო – მეძებენ. დღის ბოლოს არაფერი მრჩება. მიჭირს წვიმაში, ქარში აქ დგომა, მაგრამ რას იზამ… პური, საჭმელი ხომ უნდა მიიტანო სახლში. პენსიის მომატებაზე რა ვთქვა, ჩემი სიტყვით ვინ რას შეცვლის? – ამბობს 77 წლის ჟოლიე ცეცხლაძე.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/2242172566109967/?v=2242172566109967

მწვანილის თითო კონას 20 თეთრად, ბოთლ ტყემალს ლარად, კილო ლიმონს კი 2 ლარად ყიდის. ჟოლიესგან ტყემალს ვყიდულობთ და მეორე რესპონდენტს ვეძებთ.

ლიმონი, მანდარინი, გრეიფრუტი, ფორთოხალი – გურამ ქართველიშვილი გვეუბნება, რომ ციტრუსის ზამთარში შენახვა შესაძლებელია და გვიხსნის კიდეც როგორც: შესანახი ციტრუსი ნოემბრის ბოლოდან 10 დეკემბრამდე უნდა დაიკრიფოს. სოფელ განთიადში მიწაში ამოჭრილი „მაცივრები“ აქვთ, ზოგან სარდაფები, სადაც სიბნელეში ინახავენ ნაყოფს. შესანახი ადგილი ცალ მხარეს აუცილებლად უნდა ნიავდებოდეს, ოღონდ ისე, რომ იქ სითბომ და მზის სხივმა ვერ შეაღწიოს. ასე გამოზამთრებული ციტრუსი იყიდება გაზაფხულზე ბაზარში.

„ლიმონი ჯერ კიდევ წვნით სავსეა, მაგრამ კანი აქვს ოდნავ შემჭკნარი და ხალხს გონია, რომ არ ვარგა. 80 თეთრად ვყიდი – მაინც ძლივს იყიდება. როცა ხელის გაცლა მინდა გამვლელებს ვეუბნები გჩუქნით-მეთქი, მაგრამ არ კადრულობენ წაღებას“, – ამბობს გურამი.

გურამ ქართველიშვილი ბაზარში ციტრუსს ყიდის. ციტრუსის ბაღს უვლიდა მისი წინაპრების სამი თაობაც.

68 წლისაა, ციტრუსის ბაღებს მისი წინაპრების სამი თაობა უვლიდა, ახლა თვითონ უვლის. ამბობს, რომ შინ მხოლოდ 4 ყუთი ლიმონი და ფორთოხალი დარჩა, რის გასაყიდადაც ბაზარში ორჯერ წამოსვლაღა დასჭირდება. როგორც გურამი ამბობს, წელს ბევრი ციტრუსი დალპა და გადაიყარა. მიიჩნევს, რომ სუპერმარკეტებში უცხოური, ლამაზი შესახედაობის ციტრუსი, რომლის ფასიც 4, 5 ლარია, გლეხების პროდუქციას უწევს კონკურენციას.

გურამს ლიმონის ტომარა და ფორთოხლის ყუთები პირდაპირ მიწაზე უწყია, საკუთარი დახლი არ აქვს.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/2699787356714645/

„ადრე ბაზარი ბევრად კულტურულად იყო მოწყობილი. ბილეთს აიღებდი, შენი ნომერი გქონდა, დაჯდებოდი და ვაჭრობდი. 90 წლებში გვიჭირდა, როგორც ყველას, დედაჩემი ყიდდა ბაზარში ციტრუსს და ასე ვარსებობდით. ბაღის მოვლა-პატრონობაში მთელი ოჯახი ვართ ჩართული“, – ამბობს გურამ ქართველიშვილი.

გვეუბნება, რომ ინდონეზიელების ბაზრობა უნახავს ერთ-ერთ გადაცემაში და გაოცებული დარჩა. „გაფორმების ყველაზე კარგი უნარი ინდონეზიელებს ჰქონიათ. ხილს, ბოსტნეულს, ყველაფერს ლამაზად ამწკრივებენ დახლებზე, მე მაგის უნარი სად მაქვს“, – ამბობს ციტრუსის გამყიდველი.

ბათუმის ბაზარში სააღდგომოდ კვერცხის შესაღები ენდრო გლეხებთან 1,80-დან 2 ლარამდე ღირს, სოფლის კვერცხი, 40, 50 თეთრი, კილოგრამი ნიგოზი 13 ლარი, ჯეჯილს კი ლარ-ნახევრად, 2 ლარად შეიძენთ.

ბათუმის ცენტრალურ ბაზარში კვერცხის ფერადი საღებავი სააღდგომოდ 1 ლარი ღირს.

ციტრუსით მოვაჭრე ბათუმის ბაზრიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: