მთავარი,სიახლეები

მყიდველი არ ჩანს – ავტოსადგურის ბაზრობა გახსნიდან ერთი თვის შემდეგ

26.04.2019 • 1250
მყიდველი არ ჩანს – ავტოსადგურის ბაზრობა გახსნიდან ერთი თვის შემდეგ

ავტორი: ნესტან ზოიძე 

ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც ერთი თვის წინ ბათუმის ბაზრობა გაიხსნა და ბათუმის მერიამ გარემოვაჭრეები გადაიყვანა, თითქმის ორი საათი დავყავი.  ამ ხნის განმავლობაში ბაზრობაზე არავინ გამოჩენილა. სწორედ ეს არის მოვაჭრეების ყველაზე დიდი წუხილის საგანი. აქ ამბობენ, რომ დღის განმავლობაში ბაზრობაზე მაქსიმუმ ორი კაცი თუ შემოდის.

მყიდველის მოლოდინში მთელი დღე სხედან და ელიან მომხმარებლის გამოჩენას. ადამიანს, რომელიც შემთხვევით მოხვდა ბაზრობაზე, აქ „ხელიდან არ უშვებენ“ – ევედრებიან, რომ რამე იყიდოს. ასე გრძელდება უკვე რამდენიმე თვეა.

აქ შემთხვევით მისული მომხმარებელი შესაძლოა ვერ მიხვდეს სად აღმოჩნდა, ეს რა ბაზრობაა. მართალია, წერეთლის ქუჩიდან გარემოვაჭრეების გადაყვანას მედია აქტიურად აშუქებდა, მაგრამ ვერც ამან უშველათ – ბაზრობის შესასვლელი, ფაქტობრივად, ტრანსპორტით არის ჩახერგილი – „მარშრუტკებით“ თუ მსუბუქი მანქანებით. საგანგებოდ ამ ბაზრობაზეც რომ მიხვიდე, შესასვლელიც კი უნდა ეძებო.

ბაზრობა ავტოსადგურში. ნესტან ზოიძის ფოტო

გარემოვაჭრეებს ჩემს დანახვაზე თვალები გაუბრწყინდათ, მომხმარებელი ვეგონე და იმ წამსვე შემომთავაზეს ყველაფერი. იმედები გავუცრუე, როცა ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ და მათი ამბის გასაშუქებლად მივედი.

„პურის და მურაბის ჭამა დავიწყეთ, რაც აქ გადმოგვიყვანეს“ – მიყვება ნანი გორაძე, რომელიც ამბობს, რომ უკვე 2 თვეა ბინის ქირის ფული არ გადაუხდია და არც წესიერი საჭმელი მიუტანია სახლში. ნანი მიამბობს, რომ ბაზრობაზე ნორმალური პირობებია – შენობაში არ ცივა, არც წყალი ჩადის, მაგრამ ეს არაფერს ცვლის: ასე ჯდომა სახლშიც შემეძლო შემოსავლის გარეშეო – ამბობს. მიუხედავად ცუდი პირობებისა, მას გარეთ ვაჭრობა ერჩივნა, ასე უკეთესად არჩენდა ოჯახს და იმიტომ.

„მაისის 20-იდან გადასახადიც გვექნება – თვეში 60 ლარი, ანუ ყოველ დღეს 2 ლარი. როგორ გადავიხდი ამხელა ფულს, როცა დღეში 1 ლარსაც კი ვერ ვშოულობ…“ „გადასახადს იმ შემთხვევაში დავთანხმდებით, თუ იმუშავებს ეს ადგილი და შემოსავალი გვექნება. ამ საკითხზე მერიას ვერ ველაპარაკებით, რადგან უკვე რამდენიმე დღეა არც ისინი გამოჩენილან“ – შეუჩერებლად შემომჩივლეს ამბები, რომელიც უნდათ, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მივიტანო.

„სამი-ხუთი დღეა მანეთი არ გვივაჭრია გოგოებო. მანეთი. თუ გამოიარა ვინმე და ძალით გავატანეთ რამე – ეგაა. მათხოვრებად გადავიქეცით. აქ მყიდველი არავინაა, ყველა გამყიდველები ვართ. აქ არავინ შემოვა, ამდენი გასაცოდავებული ხალხის ყურებას არავინ მოინდომებს“, – ეს სიტყვები მედეა ტუკვაძემ წამოსვლამდე მომაძახა, ბაზრობაზე მოვაჭრეთაგან ერთ-ერთმა.

ბაზრობა ავტოსადგურში. ნესტან ზოიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: