შუახევში ტროტუარის მოსაწყობად 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 65-66 კილომეტრზე საფეხმავლო ტროტუარის მოსაწყობად შუახევის მუნიციპალიტეტმა 1 150 000 ლარი გამოყო და ტენდერიც გამოაცხადა. ტროტუარი არსებული ავტოსადგურიდან რესტორან „შუახევამდე“ მონაკვეთში მაგისტრალის გასწვრივ აშენდება – ეს იქნება სახიდე გადასასვლელივით, მოაჯირებით.

ტროტუართან ერთად გაკეთდება საყრდენი კედელი, პლიციის შენობის მიმდებარედ შეკეთდება კიბე, მოეწყობა პატარა სკვერი, მოსაცდელი, გარეგანათება და ავტოპარკინგი.

მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ მაგისტრალის ამ მონაკვეთში ქვეითებისთვის სავალი ნაწილი შევიწროებულია და ტროტუარი მათი უსაფრთხო გადაადგილების მიზნით კეთდება.

სამუშაოები უნდა დაიწყოს ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებისთანავე და დასრულდეს 150 კალენდარულ დღეში. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 17 მარტს დაიწყება და 22 მარტს შეწყდება.

პრეტენდენტს, სხვა მოთხოვნებთან ერთად, 2016 წლის 01 იანვრიდან ამ ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაობი 2 000 000 ლარის ოდენობით.  ამასთან, 2016 წლის 01 იანვრის შემდეგ პერიოდში ერთი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 350 000 ლარის ღირებულების სამუშაოები.

ფოტო პროექტიდან
ფოტო პროექტიდან
ფოტო პროექტიდან

 

 

დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ქალებს ვებპროგრამირებას შეასწავლიან

დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ქალებისათვის ვებპროგრამირებასა და სოციალურ მედია მარკეტინგში უფასო ტრენინგები დაიწყო. სასწავლო პროგრამა აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და რაჭაში მცხოვრები ქალებისათვის ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეები ვებგვერდის შექმნისა და სოციალური მედია მარკეტინგის პრაქტიკულ საბაზისო უნარებს შეისწავლიან. პროექტისთვის 130 ქალი შეირჩა. მონაწილეთაგან 40 საუკეთესო ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის. ყველაზე მაღალი შედეგების მქონე 3 მონაწილე კი ევროპაში, ტექნოლოგიებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაემგზავრება. გარდა ამისა, თითოეულს მენტორებთან ერთად დამოუკიდებელ თუ გუნდურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობაც ექნება.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და, შესაბამისად, საშუალება მისცეს მათ მიიღონ ის უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რაც დასაქმებასა და საკუთარი საქმიანობის წამოწყებაში დაეხმარებათ.

ინიციატივას გაეროს ქალთა ორგანიზაცია ინოვაციური განათლების ფონდთან, ჯეოლაბთან, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და WomenTechmakers-თან თანამშრომლობით ახორციელებს. იგი პროექტის “ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ნაწილია, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.

 

კომისია: ოცნების ქალაქში რეგისტრირებული ოჯახების ნაწილს აღმოაჩნდა საკუთრება

ბინებს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ზოგი ისეთი ოჯახიც ითხოვს, რომელმაც გარკვეული კომპენსაცია ერთხელ უკვე მიიღო ან, როგორც აქვე მცხოვრებლები არაფორმალურ გარემოში ამბობენ, თავიანთი საცხოვრებელი სახლი „ოცნების ქალაქში“ გირაოთი აქვს გაცემული და თავად იქ არ ცხოვრობს.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების რეგისტრაცია 2019 წლის 9 თებერვალს დაიწყო. სამთავრობო კომისიას დასახლებაში 1 727 ჯიხური ჰყავს აღრიცხული, თუმცა, კომისიაში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის რეგისტრაცია 500-ზე მეტმა ოჯახმა გაიარა.

„რეგისტრაციის პროცესი დაახლოებით ერთი თვე კიდევ გაგრძელდება. დღეში 30 ოჯახზე მეტს ვერ ვარეგისტრირებთ“, – ამბობს კომისიის თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე.

კომისიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ უკვე რეგისტრირებული ოჯახების ნაწილს აღმოაჩნდა საკუთრება, თუმცა რამდენი ოჯახია ასეთი, არ დააკონკრეტეს. ოჯახი კი, რომელსაც საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, სახელმწიფოსგან ბინას ვერ მიიღებს.

„იყო ისეთი ოჯახი, რომელმაც ოპიზრების ქუჩაზე [ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო] აიღო კომპენსაცია, გადმოვიდა აქეთ და ახლა ბინის მიღება სურს. ასეთი ფაქტებიც არის“, – ამბობენ კომისიაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა ასეთმა ოჯახმა 50 ათასი ლარი მიიღო ავტობანის მშენებლობის გამო.

„არის საუბარი იმაზეც, რომ ზოგ ოჯახს დაგირავებული აქვს საცხოვრებელი სახლები და თავად სხვაგან ცხოვრობენ, თუმცა დადასტურებული ინფორმაცია არ გვაქვს. მაგალითად, ერთი ოჯახის გადასამოწმებლად როცა მივედით, ადგილზე მცხოვრებმა გვითხრა, არავითარი გირაო, ამ ოჯახის ახლობელი ვარ, ვისაც ეს საცხოვრებელი ეკუთვნის და სამ თვეში გადავდივარო. ასეთი ინფორმაციების გადამოწმება რთულია“, – ამბობს რამაზ ჯინჭარაძე.

„ოცნების ქალაქში“ იმასაც ამბობენ, რომ აქ სახლები ბევრმა გაყიდა და ისინი, ვინც აქ სახლები შეიძინა, ახლა ბინებს ითხოვენ. კომისიაში აცხადებენ, რომ „ამ დასახლებაში ქონების ყიდვა-გაყიდვა არის დარღვევა, მაგრამ გამყიდველი ამბობს, რომ გაყიდა არა მიწა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, არამედ ის, რაც ააშენა და რაშიც ხარჯი გასწია. თუმცა ამით უფრო სხვა სტრუქტურა უნდა დაინტერესდეს“.

კითხვაზე, რა ბედი ელით თუნდაც იმ ოჯახებს, რომლებმაც აქ სახლები იყიდეს და სხვაგან წასასვლელი არ აქვთ? – კომისიის თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე პასუხობს, რომ „მიმდინარეობს ოჯახების გადამოწმება და თუ ნამდვილად ცხოვრობს ოჯახი ამ დასახლებაში, თუ აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს [თუნდაც მოატყუეს და იყიდა აქ სახლი] ყველაფერს შევისწავლით და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“.

————–

მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე [ფართობი: 9327 კვ/მ] მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის საჭირო პროექტისა და სახარჯთაღრიცხვის დამუშავებაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი 21 თებერვალს გამოაცხადა. წინადადებების მიღება პირველ მარტს დაიწყება და 4 მარტს დასრულდება. პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღეში უნდა იყოს მზად.

28 თებერვალს კი, ქობულეთში გამართულ მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, განაცხადა, რომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც 31 ოჯახს, მათ შორის ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, საცხოვრებელი ფართობები დაუკანონდათ ოჯახებს სადაც ისინი წლების განმავლობაში უკანონოდ ცხოვრობდნენ.

80 ოჯახს რომ აჭარის მთავრობა თვითნებურად დაკავებულ ფართობებსა და შენობებს დაუკანონებდა, ამის შესახებ გადაწვეტილება 2018 წლის მაისში იქნა მიღებული. მაშინ მთავრობის იმდროინდელმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ უკანონოდ დაკავებული ქონება პირდაპირი განკარგვის მიზნით, მოსარგებლეებზე გადასაცემად, მუნიციპალიტეტებს მოსთხოვა.

ამავე თემაზე: 80 ოჯახს აჭარის მთავრობა თვითნებურად დაკავებულ ფართობებსა და შენობებს უკანონებს [სია]

„ოცნების ქალაქი“ – თვითნებურად დასახლებულთა უბანი ბათუმში

რატომ უსტვენდნენ დღეს ბათუმის მერიასთან

სასტვენის გაბმული ხმა ისმოდა დღეს ბათუმის მერიასთან. გამაფრთხილებელი, სპონტანური აქცია – ასე უწოდეს აქ შეკრებილმა ბათუმელებმა საპროტესტო აქციას, რომლის საშუალებითაც მათ ქალაქის მერისთვის სურდათ ხმის მიწვდენა, მოქალაქეები ქალაქის მერიისა და საკრებულოსგან ითხოვენ, არ დაუშვან ბათუმის სანაპიროზე ექვსი კოშკის მშენებლობა.

სტატია იმის შესახებ, რომ კომპანია „სილქ როუდ ჯგუფმა“ უკვე წარადგინა ბათუმის მერიაში ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა, „ბათუმელებმა“ დღეს გამოაქვეყნა. კომპანიას ზღვის პირას ექვსი თაუერის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. მათგან ყველაზე მაღალი 130 მეტრი სიმაღლის იქნება.

სწორედ ამ ინფორმაცის მოჰყვა მოქალაქეების პროტესტი. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომელთაც ძველი ბათუმის დაცვის სურვილი აერთიანებთ, დღის ორ საათზე მერიასთან შეიკრიბნენ.

„მაშინ როდესაც ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონა ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული, აღმოჩნდა, რომ „სილქ როუდ ჯგუფმა“ განაშენიანების გეგმა უკვე წარადგინა და ახლა ელოდებიან პასუხს ადგილობრივი მთავრობისაგან. ჯერ განაშენიანების ზონა მიიღონ, დაამტკიცონ და შემდეგ გადაწყვიტონ ეს საკითხი“ – გვითხრა ზეინაბ დიასამიძემ, სამოქალაქო აქტივისტმა და ჯგუფის – „დაიცავი ძველი ბათუმი“, ერთ-ერთმა ინიციატორმა.

მერიის წინ აქციაზე იყო დღეს ბათუმელი ვენერა თოფურიძე. ეს ქალაქი ამ მშენებლობას ვეღარ აიტანსო, გვითხრა მან:

„სანაპიროს რომ ვუყურებ, მთელი ქალაქი არის ამოშენებული, დარჩა ეს ადგილი, საიდანაც შეიძლება ჰაერი შემოვიდეს… რას უშვებიან ამ ქალაქს?! ეტყობა არ უყვართ“.

ტერიტორია სანაპიროზე, სადაც „სილქ როუდ ჯგუფი“ გეგმავს ექვსი კოშკის მშენებლობას, ბათუმის ისტორიული განაშენიანების გეგმა დამტკიცების შემდეგ შესაძლოა ისტორიული ბათუმის ზონაში დარჩეს, ან მის გარეთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ბათუმის მერიას დოკუმენტი, სადაც ისტორიული ბათუმის საზღვრებია მოცემული, სააგენტოში წარდგენილი აქვს, თუმცა სააგენტოს დოკუმენტის მერიისთვის შენიშვნებით უკან დაბრუნებას აპირებს, სააგენტოს დირექტორი კი ამბობს, რომ მისი აზრით, ზღვის პირას ტერიტორია, სადაც „სილქ როუდი“ ფაქტობრივად უბნის გაშენებას გეგმავს, ისტორიული ბათუმის საზღვრებში უნდა დარჩეს. თუ ეს ასე მოხდა, შესაძლოა „სილქ როუდმა“ დაგეგმილი პროექტის მშენებლობაზე თანხმობა ვეღარ მიიღოს. ამიტომაც მიიჩნევს ძველი ბათუმის დამცველთა ჯგუფი, რომ საკრებულომ და მერიამ არ უნდა იჩქარონ გადაწყვეტილების მიღება და ჯერ ბათუმის ისტორიული საზღვრების დამტკიცებას უნდა დაელოდონ.

აქციის მონაწილეებს დღეს ბათუმის მერთან სურდათ შეხვედრა. პრესსამსახურში მათ უპასუხეს, რომ მერი აქციის მონაწილეებს მერიის სამსახურის უფროსებთან თათბირის შემდეგ შეხვდებოდა. მერიის შენობის წინ ნახევარსაათიანი დგომის შემდეგ აქციის მონაწილეებმა უკვე შენობის ფოიეში გადაინაცვლეს მერთან შეხვედრის მოლოდინში, თუმცა ქალაქის მერს, ლაშა კომახიძეს თათბირი გაუგრძელდა.

„გვინდა ვკითხოთ ქალაქის მერს, როდის აპირებს ისტორიული ზონების შესახებ დოკუმენტის დამტკიცებას და აპირებს თუ არა წინააღმდეგობის გაწევას ამ პროექტისთვის. ასევე გვაინტერესებს, აპირებს თუ არა გაუფრთხილდეს საკუთარ რეპუტაციას ინვესტორი. მას შევხვდით ერთხელ, ორჯერ, იყო ამ პროექტის განხილვა, მოისმინეს ბათუმელების დამოკიდებულება, მაგრამ ეს არ ასახულა მათ გეგმებზე, არც ერთ დათმობაზე არ წამოსულა ინვესტორი.

ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ კანონმდებლობა მოწესრიგდეს. ხანდახან მგონია, რომ ამასაც შეიძლება აღარც ჰქონდეს აზრი, იმიტომ, რომ როდესაც რომელიმე კონკრეტულ ინვესტორს სჭირდება, შემოაქვს განაცხადი, პროექტი და საკრებულოს უმრავლესობა მხარს უჭერს და ცვლის ყველაფერს ისე, როგორც ინვესტორს უნდა. ინვესტორის აზრიც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ არავინ არ არის კანონზე მაღლა და ამას ჩვენ უნდა შევაგუოთ ინვესტორებიც და ისინიც, ვინც ინვესტორები უკან დგანან“ – ამბობს ნათია ზოიძე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

სალომე ცეცხლაძე დღეს სასტვენით იყო მოსული ბათუმის მერიასთან. მისთვის მიუღებელია სანაპიროზე ექვსი კოშკის აშენება:

„უცებ დაიგეგმა ეს აქცია და გვინდა ხმა მივაწვდინოთ ქალაქის მერს. ველოდებით მის კითხვას, რა გვინდა, რატომ ვართ აქ, წესით მუნიციპალიტეტი უნდა დაინტერესდეს რატომ ვხმაურობთ მერიის წინ და ვაწუხებთ აქ მცხოვრებ ხალხს. ეს მისთვის არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვეტყვით.“

ბათუმის მერს ეს შეკითხვა დღეს აქციის მონაწილეებისთვის არ დაუსვამს. მათ საათზე მეტი დაჰყვეს მერიაში, თუმცა ვერც სტვენით ვერ შეძლეს მერის ყურადღების მიქცევა. უარი მერთან შეხვედრაზე მათთვის არ უთქვამთ, თუმცა ლაშა კომახიძემ ამ დროის განმავლობაში ვერ მოიცალა და აქციის მონაწილეებმა მერია დატოვეს.

„ეს აქციები არ შეწყდება, ნუ ექნებათ ამის იმედი. დღეს ათი ადამიანია, ხვალ ოცი იქნება და კიდევ უფრო მეტი. და სულ ერთიც რომ ვიყო, მაინც ბრძოლის ველზე ვიქნები“ – გვითხრა აქციის მონაწილემ, ზეინაბ დიასამიძემ.

სასტვენის ხმა ბოლოს უშუალოდ მერიის შენობაში, ფოიეში გაისმა.

თხილის მოსავლის გადარჩენის მასშტაბური პროექტი დაიწყო

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ მეთხილე ფერმერებთან მასობრივი შეხვედრები დღეს მარტვილის რაიონში – სოფელი დიდი ჭყონიდან დაიწყო. კამპანია მიზნად თხილის მოსავლის გადარჩენას ისახავს. თითოეულ ფერმერს ასოციაციამ თხილის მოვლის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა. დღევანდელ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელიაც დაესწრო.

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მასშტაბურ პროექტს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობების, კომპანია ფერეროსა და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს.

თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტის ფარგლებში ასოციაცია მეთხილე ფერმერებს უსასყიდლოდ გადასცემს შესაწამლ აპარატს დროებით სარგებლობაში, ხელს შეუწყობს შეღავათიანი პირობებით შეიძინონ სასუქი პრეპარატები და პესტიციდები და რაც მთავარია, ზედამხედველობას გაუწევს აუცილებელი აგროღონისძიებების ხარისხიან გატარებას მთელი პერიოდის განმავლობაში. ყველა პროცედურისა და ეტაპის გავლის შემდეგ, ფერმერები მაღალი ხარისხის თხილის მოსავალს მიიღებენ.

დღეს, პირველ მარტს, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს პროექტში ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობები. ჯამურად სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონში 200-მდე შეხვედრა იგეგმება. მსურველ ფერმერთა რაოდენობა შეზღუდულია, სწორედ ამიტომ, განაცხადების შევსება დღეიდან დაიწყო.

ბრალდებულის ბოლო სიტყვა პოლიციელ ბუტა ანთაძის მკვლელობის საქმეზე

“პოლიციელის მკვლელობის საქმეზე” დღეს, პირველ მარტს დასკვნითი სხდომა გაიმართა. პროცესზე დასწრება ბევრმა მსურველმა ვერ მოახერხა დარბაზში ადგილების შევსების გამო. ბრალდებულის ახლობლები და მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებიც დღევანდელ პროცესზე განაჩენის გამოცხადებას ელოდნენ, თუმცა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა იგი 9 მარტისთვის გადადო.

სასამართლოსთან დღეს მობილიზებული იყო პოლიციაც.

დასკვნით სხდომაზე პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ ის მტკიცებულებები მიმოიხილა, რაც მხარეებმა სასამართლოში წარმოადგინეს.

“დაცვის მხარის მოწმეები ცდილობდნენ შეექმნათ ფონი, რომ თითქოს მურად ანთაძე ცუდი პოლიციელი იყო და შეურაცხყოფას აყენებდა ბესიკ ტაკიძეს… ცუდი პოლიციელიც რომ ყოფილიყო, ეს არაფერს ცვლის საქმის კვალიფიკაციასთან მიმართებით,” – აღნიშნა პროკურორმა.

“მას არ ჰქონია მკვლელობის განზრახვა… სოფელი დაჟინებით ითხოვდა მის სხვაგან გადაყვანას და ამას მოწმეებიც ადასტურებენ. ეს რომ მომხდარიყო და სხვაგან გადაეყვანათ, დღეს ბუტა ანთაძე ცოცხალი იქნებოდა,”- თქვა ადვოკატმა.

დაცვის მხარის მტკიცებით, პოლიციელი ბუტა ანთაძე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მუხაესტატეში მცხოვრებ ადამიანებს, მათ შორის, ბესიკ ტაკიძეს. ადვოკატის თქმით, პოლიციელი კონკრეტულ ადამიანებს გაუპატიურებითაც საჯაროდ ემუქრებოდა.

მოსამართლეს საბოლოო სიტყვით ბესიკ ტაკიძემაც მიმართა:

“იმ დღეს მდინარეზე ვიყავით სათევზაოდ… ცეცხლი დავანთეთ და თევზი შევწვით…  გზაში როცა ვბრუნდებოდი, მარტო დავრჩი და გამვლელ მანქანას გავყევი, უცნობ ადამიანს. გზაში აღმოჩნდა, რომ ხე გადაჰქონდათ, ხალხი მოგროვილიყო… იქ მივედი, ჩემი სამეზობლო ყველა იქ იყო…

ბუტა ანთაძემ დამინახა და მოშორდი აქაურობასო, მითხრა. მე მის გადაყენებას მანამდე შიმშილით ვითხოვდი ქობულეთის გამგეობასთან… არ წავსულვარ. მობილურში ჩემთვის მეგობარ გოგოს ვესაუბრებოდი. ის ისევ მოვიდა, კიდე არ წასულხარ შენო, მითხრა, შემაფურთხა სახეში და დედაზე შემაგინა… მერე არ მახსოვს, რა მოხდა, როგორ დავარტყი დანა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი მდგომარეობა, მე ვიზიარებ…” – დაასრულა ბესიკ ტაკიძემ.

“მაგ სიმართლით იარე შენ,” – წამოიძახა მოკლული პოლიციელის დამ, რომელიც სასამართლოს დარბაზში იმყოფებოდა.

საბოლოო სიტყვაში პროკურორმა ასევე ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯა მოითხოვა.

“ამ 9 თვეში, როცა სასამართლო განხილვა მიმდინარეობს, მას ბოდიშიც არ მოუხდია, მონანიების განცდაც არ გასჩენია…,” – დასძინა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ბესიკ ტაკიძე პოლიციელის განზრახ მკვლელობის მუხლით კი არა, მხოლოდ მკვლელობის მუხლით უნდა გასამართლდეს.

ქობულეთში, მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მურად [ბუტა] ანთაძე ქობულეთი-მუხაესტატეს საავტომობილო გზაზე გასული წლის 15 ივნისს მოკლეს. ამ დროს ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხე გადაჰქონდათ და პოლ. პროკურატურის მტკიცებით, მკვლელობაში ბრალდებულმა სამზარეულოს დანა ზურგიდან ჩაარტყა პოლიციელს. ბუტა ანთაძე ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ბესო ტაკიძეს წლების განმავლობაში უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა პოლიციის უფროსის, ბუტა ანთაძის მიმართ. 2014 და 2015 წლებში ბესო ტაკიძე მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს სამჯერ დაუკავებიათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო. სასამართლომ ბესო ტაკიძე ხულიგნობის ჩადენაში – ორჯერ, ხოლო პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ერთხელ მიიჩნია სამართალდამრღვევად.

მიწა მწვანე კონცხზე, რომელშიც მერია მოქალაქეს არაფერს უხდის

„2004 წლიდან მდევნიდა სახელმწიფო და არ მინდა, ახლაც იგივე დღეში აღმოვჩნდე,“ – ამბობს ასლან ხალვაში. იგი მწვანე კონცხზე ორი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა. მერია ამ მიწების ათვისებასაც გეგმავს ჩაქვში ახალი ზოოპარკის მოსაწყობად, თუმცა მოქალაქესთან შეთანხმება მიღწეული არ არის.

„ეს მიწა 2011 წელს იძულებით დამათმობინეს,“ – ირწმუნება ასლან ხალვაში. იგი აბაშიძის ხელისუფლების დროს „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელად მუშაობდა და 2006 წელს სამოხელეო დანაშაულზე დააკავეს. ასლან ხალვაში მაშინ საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს, 2011 წელს კი, მისი ცოლი – ნინო ხალვაში დაიბარეს პროკურატურაში. მას მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთების უკანონო მითვისებას მიედავა გამოძიება. ასლან ხალვაშის თქმით, მიწის ნაკვეთი მაშინ ცოლ-ქმარმა ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად დათმო.

„გვითხრეს, რომ 2009 წელს ეს მიწის ნაკვეთები უკანონოდ შევიძინეთ. ჩვენ მიწა კონკრეტული ადამიანებისგან ვიყიდეთ და ამაში 150 ათასი დოლარი გადავიხადეთ. ეს შემდეგ სასამართლოშიც დადასტურდა… მიწის ნაკვეთები ჯამში 10 ათასი კვადრატული მეტრია. როცა ხელისუფლება შეიცვალა, სასამართლოს მივმართეთ მიწის დაბრუნების მოთხოვნით. 2014 წელს აუდიტმა ეს მიწის ნაკვეთები 1 მილიონ 500 ათას ლარად შეაფასა,“ – აღნიშნავს ასლან ხალვაში.

2011 წელს, როცა მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა და მიწა მოქალაქემ სახელმწიფოს გადასცა, მიწის ერთი ნაკვეთის მესაკუთრე ოფიციალური ჩანაწერებით სახელმწიფო გახდა, მეორეს – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. სასამართლო დავა მოქალაქემ მიწის დაბრუნებაზე 2014 წელს დაიწყო.

„სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში დავა თავდაპირველად წავაგეთ, თუმცა უზენაესმა სასამართლომ საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა. საქმის ხელახლა განხილვის დროს ნინო ხალვაშს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქონება დაუბრუნა, თუმცა გადაწყვეტილება გასაჩივრდა. ვიდრე სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მიიღებდა გადაწყვეტილებას, ბათუმის მერიამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა მიწის ნაკვეთების გადმოცემის მოთხოვნით, რომლის მესაკუთრედაც სამინისტრო ითვლებოდა. მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამჯერად ხელახლა გვიწევს დავა და ვითხოვთ მერიისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის გადაწყვეტილების გაუქმებას,“ – გვიყვება „იურიდიული მრჩევლის“ იურისტი, გიორგი ხიმშიაშვილი, ის ასლან ხალვაშის ინტერსებს იცავს.

სასამართლო დავა უკვე ამოწურულია მიწის მეორე ნაკვეთზე, რომლის მესაკუთრედ სასამართლომ ასლან ხალვაში აღიარა. გადაწყვეტილება ახლა აღსრულების ეტაპზეა – საკუთრების რეგისტრაციაში გასატარებლად. ბათუმის მერია ამ მიწის ნაკვეთის გამოყენებასაც გეგმავს ზოოპარკის მოსაწყობად, თუმცა არც მიწის ამ ნაკვეთზე დალაპარაკებია მესაკუთრეს. ბათუმის მერიას არც ექსპროპრიაციის პროცესი დაუწყია.

ასლან ხალვაშის თქმით, მას მერიასთან საუბარი ამ თემაზე არ ჰქონია. მას აქვს ეჭვიც იმაზე, რომ შესაძლოა, სადავო მიწის ნაკვეთები ექსპერტიზამ მიზანმიმართულად დაბალ ფასად შეაფასოს.

„მე მადლობელი ვარ სასამართლოს, ეს მინდა აღვნიშნოთ. არ მეგონა, თუ ამ პროცესებს მოვიგებდი… ზოოპარკი და საზოგადოებრივი სიკეთეც მესმის, მეც დავთმობ რაღაცას, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ ხომ? შესაძლოა, ექსპერტიზამ ახლა ეს მიწა უფრო დაბალ ფასად შეაფასოს და ამის საშიშროებაც არსებობს,“ – გვითხრა ასლან ხალვაშმა.

რატომ არ ესაუბრება ბათუმის მერია მიწის ნაკვეთების მესაკუთრეს – ბათუმის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამ თემის განხილვას მერია არ აპირებს, ვიდრე სასამართლო დავა საბოლოოდ არ ამოიწურება. მერია არც მიწის იმ ნაკვეთზე აპირებს მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევას, ან ექსპროპრიაციის წესის გამოყენებას, რომელზეც სასამართლო დავა ამოწურულია.

„ეს მიწა მომიჯნავეა. შესაბამისად, ერთობლივად უნდა იმსჯელოს მერიამ ამ საკითხზე,“ – განმარტეს ბათუმის მერიის პრესცენტრში.

ბათუმის ზოოპარკის ჩაქვში მოწყობისთვის ბათუმის მერია კომპენსაციას 13 ოჯახს გადაუხდის, ვინც იქ მიწის ნაკვეთებს არამართლზომიერად ფლობდა. ერთ კვადარტულ მეტრში მერია 7 ლარის გადახდას აპირებს. ჯამში კომპენსაციისთვის დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან.

ასლან ხალვაში

რა შეიცვლება ბათუმის ბულვარში ახალი სეზონიდან – ინტერვიუ ირაკლი ჯინჭარაძესთან

„საქმით დავამტკიცებთ, თუ როგორ ვზრუნავთ… ბათუმის ბულვარი იქ არსებული სახაშეებისგან გაიწმინდება“, –  ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბათუმის“ ერთ-ერთ მიმართვას. მთავრობის თავმჯდომარეს არ განუმარტავს, როგორ აპირებს ბულვარის არასასურველი ობიექტებისგან „გაწმენდას“, მაშინ როცა მათ შორის ბევრია ისეთი, რომელთა მეპატრონეს აჭარის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებებით ვალდებულებები აქვთ გაწერილი.

იმისგან გასათავისუფლებლად, რაც ბულვარში არ მოსწონთ, ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე ერთადერთ გამოსავლად შესაბამისი რეგულაციების შემუშავებას ასახელებდა. დღემდე გადაუწყვეტელ საკითხად რჩება ბულვარის კონსერვაციის საკითხიც – როდის ექნება ბულვარს რეგულაციები, რაც ბულვართან, როგორც ძეგლთან და როგორც დასასვენებელ პარკთან მიმართებაში არსებულ ყველა სადავო საკითხს დაარეგულირებს და რა ბედი ეწია ძველი ბულვარის კონსერვაციის იდეას? – ამ და სხვა საკითხებზე ბულვარის დირექტორს, ირაკლი ჯინჭარაძეს ვკითხეთ.

ბატონო ირაკლი, ბულვარის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე განაცხადეთ, რომ თქვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ბულვარისთვის რეგულაციების შემუშავება, რომლის მიხედვითაც მიიღებდით გადაწყვეტილებებს და არა საკუთარი გემოვნებით…

დიახ, მოვამზადეთ ასეთი დოკუმენტი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მას საბოლოო სახე აქვს. ეს თემები ბოლომდე რომ გავიაროთ, კიდევ გვჭირდება დრო და რესურსი. ვამზადებთ კვლევებს. ამასთან, არის ჯგუფები შექმნილი, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ. ჯგუფებში შედიან ჩემი მოადგილეები, ასევე, იურიდიული და ქონების მართვის სამსახურების თანამშრომლები. არის რიგი საკითხები, რომლებსაც შიდა ადმინისტრაციული რესურსით ვერ გავწვდებით. არის კიდევ ისეთი აკრძალვები, რომლებზეც წერილობით მივმართეთ ბათუმის საკრებულოს, ასევე, უმაღლეს საბჭოსთან ერთად ვმუშაობთ. კომპლექსურად ცალ-ცალკე დავშალეთ ყველაფერი.

ბათუმისთვის ერთ-ერთ აქტუალურ თემაზე – ძველი ბულვარის კონსერვაციაზე რაიმე გადაწყვეტილებამდე მიხვედით?

უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს ძველი ბულვარის კონსერვაციასა და განვითარების გეგმასთან დაკავშირებით, 250 000 ლარია ამისთვის გამოყოფილი. ჯგუფი მუშაობს, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შედიან, არიან კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტები, მაგალითად, თამარ ამაშუკელი, „ბათომის“ წარმომადგენელი გია რამიშვილი, თითქმის ყველა სხდომას ესწრებიან და გვეხმარებიან ნინო ინაიშვილი და შოთა გუჯაბიძე. ასევე, გამწვანებისა და დენდროლოგიური მიმართულებით გვყავს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტები. ჯგუფში შედის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი. უმოკლეს დროში ტექნიკური დავალება გვექნება დასრულებული.

გარდა ამისა, ვფიქრობთ სანაპირო ზოლის განვითარებაზე, სამი წლით გვქონდა გაქირავებული პლაჟები და წელს მთავრდება ეს ვადა, პლაჟები გათავისუფლდება. 2020 წელს ახალი იერსახით ვაპირებთ მათ განვითარებას და  ესეც კვლევაზე დაფუძნებულ გეგმაზე დაყრდნობით იქნება. კვლევების გარეშე ჩვენ ვერაფერს შევძლებთ. უნდა ვიცოდეთ რა მასშტაბით, რა დაშორებებით, რა იერსახით შეიძლება მოეწყოს იქ გასართობი და კვების ობიექტები.

ვიცით, რომ მოიჯარეებს, რომლებიც ბულვარში კვების ობიექტებს ფლობდნენ, პრეტენზიები აქვთ იმის თაობაზე, რომ მერიამ მათი ობიექტები არ გამოისყიდა და არც ხელშეკრულების ვადები გაუგრძელა… 

შეუძლებელია, რომ მე ჩემს თავზე ავიღო ასეთი პასუხისმგებლობა – ჩემი ხედვით ან გეგმით რაიმე დავაგეგმარო და შევთავაზო მათ. როდესაც კონსერვაციის გეგმას დავდებთ, ეს იქნება ალბათ სექტემბერში, ამის შემდეგ გვეცოდინება რა როგორ შეიძლება გადაწყდეს. არ იქნება ისე, რომ ეს დავანგრიოთ…  თავმჯდომარე რომ გამოვიდა ბულვარი სახაშეებისგან უნდა დავცალოთო, ამის  შემდეგ ჩვენ გვქონდა შეხვედრა მასთან. თავმჯდომარის დავალებაა, რომ ბაღი დაემსგავსოს ბაღს. ამასთან, ფრთხილად ვუყურებთ იმ ადამიანების ბედს, რომლებსაც დიდი ხანია ბულვარში ბიზნესი ჰქონდათ, ჩვენი გადაწყვეტილება არ იქნება ხისტი.

მინდა გითხრათ ასევე მუსიკასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მაგალითად, ქუჩის მუსიკოსებთან დაკავშირებით შევიმუშავეთ კონცეფცია. ეს ქაოტური პროცესი იყო – ვისაც უნდოდა მოდიოდა და მღეროდა. უახლოეს მომავალში კონკურსი გამოცხადდება ქუჩის მუსიკოსებზე, კომისია შეარჩევს – გვექნება ჩამონათვალი, რა სახის რეპერტუარი შესაძლებელი იქნება გაჟღერდეს ბულვარში და  რა სიხშირეზე.

ხშირად წერდნენ ადამიანები სოციალურ ქსელში, ბულვარში ოკუპანტი ქვეყნის ენაზე შესრულებული მუსიკა რომ ისმოდა, ასევე საქორწილო სიმღერები. ამ კუთხით შეზღუდვებს აწესებთ?

ამ პრობლემაზე ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაიხვეწოს. აბსურდი იქნება ვთქვა, რომ მე მივცემ თავს უფლებას, რომელიმე რესტორანში, ჩემი პირადი ბრძანებით ან დავალებით, ვინმეს ვუთხრა რუსული მუსიკა, ჯაზი ან პოპი არ ჩართოთ-მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ მეც არ მომწონს. ჩვენ გვინდა ეს საკითხი მოვაწესრიგოთ, მაგრამ მეორე მხრივ, დარღვევას ვერ გავაკეთებთ. არ არსებობს კანონი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივუთითოთ, ვინ, სად, რას ჩართავს. როდესაც რეგულაციებსა და სტანდარტებზე ვსაუბრობთ, ამ სტანდარტებში იქნება ხმის დონეზე შეზღუდვა, ასევე ხარისხზე. ამან ჩარჩოებში უნდა მოაქციოს ეს ყველაფერი.

კიდევ რა მიმართულებებია, რის დარეგულირებასაც გეგმავთ? 

რეგულაციები დადგინდება ასევე ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით, რადგან ბავშვები სეირნობენ ბულვარში და მათ უსაფრთხოებას ექმნება პრობლემები.

კიდევ ერთი საკითხია ბულვარში საზოგადოების კრიტიკის საგანი, როცა სეზონი მთავრდება და კლუბების, ასევე სხვა ობიექტების მეპატრონეები ადგილზე ტოვებენ შიშველ კონსტრუქციებს და სხვა ინვენტარს, რომელიც მიტოვებული ადგილების შთაბეჭდილებას ქმნის და ვიზუალურად ცუდი სანახავია. ამ კუთხით გაქვთ რაიმე გეგმა?

ეს საკითხიც დარეგულირდება, თუ ტერიტორიას გავცემთ მხოლოდ სეზონზე, ასევე ჩავუდებთ ვალდებულებას, რომ სეზონის დასრულების შემდეგ სრულყოფილი დემონტაჟი განხორციელდეს და თუ კონსტრუქცია უნდა დარჩეს, ის უნდა იყოს მოქმედი.

სარფში თურქულმა მხარემ საბაჟოს ახალი შენობა გახსნა

დღეს, პირველ მარტს, სარფში, თურქულ მხარეს საბაჟოს ახალი შენობა გაიხსნა. ახალი სასაზღვრო გამტარი პუნქტი თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი, გადასასვლელებზე მოწყობილია ესკალატორები, ასევე, გაზრდილია საბაჟოს გამტარუნარიანობა.

თურქული მხარე საბაჟოს შენობას სამი წლის მანძილზე აშენებდა.

საბაჟოს ახალი შენობა თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა, რუჰსან ფექჯანმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან, გიორგი ქობულიასთან ერთად გახსნა.

სარფის საბაჟო 1988 წლიდან მოქმედებს. ეს არის ყველაზე დიდი სასაზღვრო გამშვები პუნქტი თურქეთსა და საქართველოს შორის.

ზაფხულის სეზონზე ყოველდღიურად 1000-მდე სატვირთო, 2000- მდე მსუბუქი, 400-მდე ავტობუსი მოძრაობს და 25 ათასამდე ფეხით მოსიარულე გადაადგილდება.

სარფში, თურქულ მხარეს საბაჟოს ახალი შენობა გაიხსნა
სარფში, თურქულ მხარეს საბაჟოს ახალი შენობა გაიხსნა
სარფში, თურქულ მხარეს საბაჟოს ახალი შენობა გაიხსნა

 

სუს-ი ხელვაჩაურში ახალშენის კულტურის სახლის საქმეს სწავლობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელვაჩაურის მერიის საქმიანობას სწავლობს – ინფორმაციას სუს-ის პრესსამსახურში ადასტურებენ, თუმცა არ საუბრობენ კონკრეტულ დეტალებზე, რას სწავლობს უსაფრთხოების სამსახური მერიაში.

„საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, მეტ დეტალებს ვერ გეტყვით“, – გვითხრეს სუს-ის პრესსამსახურში.

ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ, „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ მათთან საფინანსო სამსახური იყო, რომელიც ახალშენის კულტურის სახლის მშენებლობით დაინტერესდა. „მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპი განხორციელდა, მესამე ეტაპი უნდა დავიწყოთ“, – ამბობს ჯუმბერ ვარდმანიძე.

ახალშენის კულტურის სახლის შენობის მეორე ეტაპის სარემონტო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის მერიას 469 ათას 466 ლარზე ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება შპს „ფელიქსთან“. სწორედ მეორე ეტაპის სამუშაოების დროს გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ კულტურის სახლს აქვს კიბე შენობაში შესასვლელი კარის გარეშე.

კიბე ახალშენის კულტურის სახლის შენობაზე / ფოტო: მიშა ბოლქვაძის ფეისბუქგვერდიდან

ახალშენის კულტურის სახლზე საუბარია აუდიტის დასკვნაშიც, რომელიც 2019 წლის 8 თებერვალს გამოქვეყნდა. გამოვლენილ გარემოებებში აღნიშნულია, რომ პროექტში გამორჩენილი იყო შენობის სახურავის და სარეპეტიციო დარბაზის მოწყობა.

აუდიტის დასკვნიდან
აუდიტის დასკვნიდან

26 თებერვალს თანამდებობა დატოვა ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, ზვიად ხალვაშმა. მაშინ ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მისმა მოადგილემ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა და  წასვლის მიზეზად არ დასახელებულა აუდიტის 2017 წლის დასკვნა, რომელშიც ხარვეზები დაფიქსირდა.

ინფორმაცია ხელვაჩაურის მერიაში სუს-ის შესვლის შესახებ პირველად ტვ25-მა გაავრცელა.

2019 წლის ხუთი მუსიკალური ფესტივალი ევროპაში, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ

მოგზაურობა საუკეთესო რამაა, მაგრამ თუ ამ დროს მუსიკალურ ფესტივალებზეც აღმოჩნდებით, დაუვიწყარ ისტორიებსა და შთაბეჭდილებებს დააგროვებთ. ევროპაში წელს არაერთი საუკეთესო მუსიკალური ფესტივალია დაგეგმილი, ზოგი შედარებით ახალი, ზოგიც პრესტიჟული და მრავალწლიანი ისტორიის მქონე, მაგრამ არსებობს, ფესტივალები, სადაც ერთხელ მაინც უნდა მოუსმინოთ როკის, ექსპერიმენტული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავებს და საუკეთესო დიჯეების სეტებზეც იცეკვოთ დილამდე. რით დავიწყოთ? რა თქმა უნდა, ყველაზე  ძველი და საყვარელი ფესტივალით, რომელსაც როკისა და ბლუზის თითქმის ყველა მსოფლიო ვარსკვლავი ახსოვს:

Glastonbury Festival 2019 – დიდი ბრიტანეთი 26 – 30 ივნისი

გლასტონბერი მუსიკისა და წარმოდგენების ღია ცის ქვეშ გამართული უდიდესი ფესტივალია. 1970 წელს ჯიმი ჰენდრიქსის გარდაცვალების შემდეგ დაარსდა და როგორც პირველი ფესტივალის აფიშა ამბობს, დასწრება მაშინ 1 ფუნტი ღირდა, რაშიც ფერმის რძე შედიოდა უფასოდ.

წელს ისტორიულ ფესტივალზე 26-30 ივნისს ლიამ გალაჰერი, ჯენეტ ჯექსონი, Cure, The Chemical Brothers-ი და სხვები დაუკრავენ. ხუთდღიანი ფესტივალის განმავლობაში მელომანები კარვებში დაბინავდებიან, რაც ბილეთის საფასურშივე შედის. Rolling Stones-ი, Pink Floyd-ი, Beatles-ი, Simon and Garfunkel-ი, Gorrilaz-ი, Radiohead-ი, Red Hot Chili Peppers-ი, ჯო კოკერი,  პიტერ გაბრიელი, ერიკ კლეპტონი და ტომ უეიტსი – არ დარჩენილა მსოფლიოს არც ერთი დიდი ბენდი და შემსრულებელი, ვისაც Glastonbury-ზე არ დაუკრავს. ნახეთ, როგორი იყო ფესტივალი 2017 წელს.

 

CTM FESTIVAL 2019 – ბერლინი, 25 იანვარი – 3 თებერვალი

CTM-ი ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური ფესტივალია გერმანიაში, რომელიც 1999 წელს დაარსდა და თანამედროვე ელექტრონული და ექსპერიმენტული მუსიკის წარმომადგენლებს უთმობს სცენას.

10-დღიანი საფესტივალო პროგრამა მელომანებს მრავალმხრივი შთაბეჭდილებების დაგროვების საშუალებას აძლევს. წარმოდგენილი ჟანრების მრავალფეროვნებით ფესტივალი მსოფლიოს თანამედროვე მუსიკალურ მიმდინარეობებს აცნობს მსმენელს. ფესტივალი არაერთ ხმას აძლევს სამომავლო პერსპექტივის შანსს და ორიენტირებულია ჟღერადობის უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

წელს  ბერლინის CTM FESTIVAL-ზე 25 იანვარი „ბასიანის” ღამესაც დაეთმობა და ქართველი დიჯეები: გიორგი უჯმაჯურიძე, გიორგი ყანჩელი, DJ. HVL, Ndrx და Zitto დაუკრავენ.

CTM FESTIVAl-ი ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო დიჯეებს კრებს სხვადასხვა ქვეყნიდან ბერლინში ათი დღით. ერთი წლით ადრე ოფიციალურ გვერდზე უკვე ფესტივალის ტრეილერიც ვრცელდება.

 

ROCK IN ROMA 2019 – რომი, 23 ივნისი – 27 ივლისი

როკისა და ალტერნატიული მუსიკის მასშტაბური ფესტივალი წელს მეთერთმეტედ გაიმართება. 2019 წელს მელომანები განსაკუთრებით ელოდებიან რომის ფესტივალზე ჯგუფებს: Anathema-ს, Kraftwerk-ს, Skunk Anansie-სა და Neurosis-ს.

ROCK IN ROMA კარგი მუსიკის მოყვარულებისთვის სავალდებულო ფესტივალადაც კი იქცა. არსებობის მანძილზე ფესტივალს ჯამში მილიონ-ნახევარზე მეტი მელომანი ესტუმრა. რომის ერთთვიან ფესტივალზე დამსწრეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 200 000 ადამიანი დაესწრო 2018 წელს ფესტივალზე მხოლოდ Rolling stones – ის, დევიდ გილმორისა და როჯერ უოტერსის კონცერტებს.

 

SZIGET FESTIVAL 2019 – ბუდაპეშტი, 7-13 აგვისტო

ბუდაპეშტის მუსიკალური ფესტივალის მთავარი მოვლენა წელს ედ შირანის სცენაზე გამოჩენა იქნება, მომღერლის, რომელიც დიდი ბრიტანეთის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებს. ედ შირანის გარდა ბუდაპეშტის ფესტივალზე ფრანც ფერდინანდი, ჯეიმს ბლეიკი და სხვები იმღერებენ.

პლაჟი, საუკეთესო მუსიკა, აისებისა და დაისების ულამაზესი ხედები დუნაის სანაპიროზე – ეს არის ის, რაც პატარა კუნძულზე მოწყობილ ერთკვირიან ფესტივალზე დახვდება მსმენელს. შესაბამისად, გასაკვირიც არ არის, რომ SZIGET FESTIVAL-ის ბილეთებზე მოთხოვნა ყოველ წელს დიდია. თუ ბილეთებს რამდენიმე თვით ადრე არ შეიძენთ, ზაფხულში ეს შეუძლებელი იქნება. ნახეთ, როგორი იყო შარშანდელი ფესტივალი.

 

CRUILLA BARCELONA 2019 – ბარსელონა 5 – 6 ივლისი

ელექტრონული მუსიკის ყოველწლიურ ფესტივალზე ბარსელონაში მელომანები ერთი წლით ადრე ყიდულობენ ბილეთებს. ფესტივალის მიზანია უკვე კარგად ცნობილი, ელექტრონული, როკ და ალტერნატიული მუსიკის ვარსკვლავები წარუდგინოს მსმენელს, დანარჩენ მსოფლიოს გააცნოს, ასევე, ესპანური მუსიკის თანამედროვე ტენდენციები.

ფესტივალის მთავარი ხაზი თავიდან ელექტრონული მუსიკა იყო, თუმცა შემსრულებლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, CRUILLA BARCELONA – ჟანრობრივად მრავალმხრივ ფესტივალად იქცა, წელს მის სცენაზე Black Eyed Peas-ი,  Zaz, Garbage, კაილი მინოუგი და სხვები გამოჩნდებიან.

რა ევალებათ „სკოლის მხარდამჭერ ჯგუფებს“, რომლებსაც მასწავლებლის სახლი ქმნის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში სკოლის მხარდამჭერი ჯგუფის წევრების ტრენინგები მიმდინარეობს. ცენტრის ინფორმაციით, ახალი პროექტი განათლების რეფორმის ფარგლებში „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვისთვისაა საჭირო.

რას ნიშნავს სკოლის მხარდამჭერი ჯგუფი და რა პრინციპით იმუშავებენ ჯგუფის წევრები სკოლებში? „ბათუმელები“ ამ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორს, თამთა კვარაცხელიას ესაუბრა. აჭარის რეგიონიდან მხოლოდ ის არის ჩართული სკოლის მხარდამჭერ ჯგუფში.

„სკოლის მხარდამჭერი ჯგუფი სკოლას ეხმარება არსებული სიტუაციის შეფასებასა და განვითარებაში. ამ ჯგუფებს ქმნის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, კონკურსის წესით შერჩეული ტრენერებისა და კონსულტანტებისგან და თითო ჯგუფში შედის ციფრული ტექნოლოგიების, ინკლუზიური განათლების, კურიკულუმების ქოუჩები (ქოუჩინგი – წარმატების მიღწევის ტექნოლოგია) და სწავლების ლიდერები“, – გვეუბნება ის.

თამთა კვარაცხელია საპილოტე სკოლებთან სწავლების დარგში იქნება ტრენერი, რომელიც სკოლის დირექტორებს დაეხმარება. დახმარება გულისხმობს სკოლის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში დახმარებას, სკოლაში არსებული სიტუაციის ანალიზს, ახალი პროექტების დანერგვას და ა.შ.

„ამ ეტაპზე, ყველაზე მეტი აქცენტი კეთდება სასკოლო კულტურასა და დაწყებით განათლებაზე. სასკოლო კულტურაში იგულისხმება კომუნიკაცია, თანამშრომლობითი გარემო, პედაგოგთა გადამზადება, მასწავლებლის პროფესიული ზრდა სკოლის ბაზაზე, სასკოლო, სოციალური პროექტები და აქცენტი გაკეთდება საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებებზე… ეს ქმნის ჯანსაღ კულტურას სკოლაში“.

პროექტი ამჯერადაც საპილოტეა და მასში, ჯერჯერობით, მხოლოდ 50 სკოლა ჩაერთვება, სექტემბრიდან კი ასამდე სკოლაში უნდა დაინერგოს. თითო სკოლაში ერთი, ოთხკაციანი ჯგუფში იმუშავებს.

აჭარაში მხოლოდ ორი სკოლაა შერჩეული, ბათუმის და სალიბაურის პირველი საჯარო სკოლები. თამთა კვარაცხელია ამ სკოლებთან, როგორც სწავლების ლიდერის ქოუჩი, ისე იმუშავებს.

მისი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი  ჩამოვა ბათუმში და შეხვდება საპილოტე სკოლების დირექტორებს.

პროექტის განხორციელება კი მარტის ბოლოდან დაიწყება. „ორთვე-ნახევარი გრძელდება ამ სკოლებთან პირველ ეტაპზე მუშაობა, შემდეგ სკოლები თავისთავად გააგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას“.

ტრენერები სკოლებში საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ იმუშავებენ.

სკოლის საჭირობებზე მორგებული მოდელი მოითხოვს სკოლების მეტ ავტონომიას. რამდენად ექნებათ სკოლებს ეს ავტონომიურობა? – ვეკითხებით თამთა კვარაცხელიას. მისი თქმით, დირექტორები უნდა გახდნენ ლიდერები და ამისთვის გაიარეს შესაბამისი ტრენინგებიც, „ახლა კი სახელმწიფო დაეხმარება მათ პრაქტიკულად განახორციელონ ეს ყველაფერი“.

ცენტრის ინფორმაციით, „ახალი სკოლის მოდელის“ მიზანია, ჩამოაყალიბოს კრიტიკული აზროვნება და პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო.

მთავარი ფოტო: სკოლის მხარდამჭერი ჯგუფის წევრები ტრენინგზე.
ფოტო: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფეისბუქგვერდიდან.

განაჩენი ქობულეთში გაჩენილ ხანძარზე, რასაც 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხმაური მოჰყვა სასამართლოში მოსამართლე ლევან გელოვანის გადაწყვეტილებას. სასამართლომ ზაზა ართმელაძე დამნაშავედ ცნო სასჯელის შეფარდების გარეშე – ამ საქმეზე ბრალდებული ზაზა ართმელაძე ორი წლის წინ გარდაიცვალა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ მსჯავრდებულის ახლობლებმა უკმაყოფილება ხმაურიანი შეძახილებით გამოხატეს. რამდენიმე მათგანი ცუდად გახდა და სასამართლოს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის გამოძახება მოუხდა.

საუბარია 2015 წლის 10 მაისს ქობულეთში, სასტუმრო “არმაზში” გაჩენილ ხანძარზე, რასაც 3 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ზაზა ართმელაძე სასამართლოს გირაოს საფუძველზე ჰყავდა გათავისუფლებული. ის 2017 წელს გარდაიცვალა.

სასამართლოზე

 

 სასამართლო გადაწყვეტილება ბათუმის პირველი სკოლის ყოფილი დირექტორის საქმეზე

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ არ დააკმაყოფილა მედეა გვენეტაძის სარჩელი საქართველოს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ. ის ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორია.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსამართლემ განმარტა, რომ სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა ოთხი კატეგორიის სამართალდარღვევა გამოყო, თუმცა მისთვის ყველაზე უხეში დარღვევა სკოლაში “ფასიანი მომზადების და ხელზე ფულის აღების ფაქტები იყო”.

მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასა, რომ მოსარჩელე სამინისტროს მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს უარყოფდა.

“ან ამბობდით, რომ ამაზე თქვენ პასუხისმგებელი არ იყავით. ჩემი აზრით, სკოლაში დირექტორი ყველაფერზეა პასუხისმგებელი,” – აღნიშნა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ.

სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებას განათლების სამინისტროს წარმომადგენლები არ დასწრებიან. პროცესს ესწრებოდა ნატო მგელაძე, რომელიც ამ საქმეში მესამე პირად იყო ჩართული და ახლა პირველი საჯარო სკოლის დირექტორია.

“ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას თქვენ გაასაჩივრებთ,” – მიმართა მოსამართლემ დარბაზში მყოფ მედეა გვენეტაძეს და სხდომა დახურულად გამოაცხადა.

მედეა გვენეტაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას აჭარის განათლების სამინისტრომ 2017 წლის ივნისში მიმართა. მიმართვის საფუძველი აჭარის განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის დასკვნები იყო, რის მიხედვითაც პირველ საჯარო სკოლაში გარკვეული ადმინისტრაციული დარღვევები გამოიკვეთა. სკოლის სამეურვეო საბჭო არ დაეთანხმა აუდიტის დასკვნას, მედეა გვენეტაძეს კვლავ გამოუცხადა ნდობა და თანამდებობაზე დატოვა. ამის მიუხედავად, აჭარის განათლების სამინისტრომ მაინც მიმართა ალექსანდრე ჯეჯელავას დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით. მედეა გვენეტაძე პირველი საჯარო სკოლის არჩეული დირექტორი იყო. მას ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2020 წელს ეწურებოდა.

მედეა გვენეტაძე სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ამ თემაზე:

რატომ გაათავისუფლეს პირველი სკოლის დირექტორი – სასამართლო განხილვა

აქცია მერიასთან: „არ მოაწეროთ ხელი რივიერაზე ექვსი კოშკის აშენების პროექტს“

დღეს, პირველ მარტს, ბათუმის მერიასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ, რათა მოუწოდონ ბათუმის მერიასა და საკრებულოს, არ მოაწეროს ხელი ბათუმის რივიერაზე დაგეგმილი პროექტის მშენებლობას.

„სილქ როუდ ჯგუფმა“ ბათუმის მერიაში ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა [გრგ] უკვე წარადგინა. კომპანიას ბათუმის ცენტრში, ზღვის პირას ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ექვსი თაუერის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. მათგან ყველაზე მაღალი 130 მეტრი სიმაღლის, 42-სართულიანი აპარტოტელი „სილქ თაუერი“ იქნება.

აქცია ბათუმის მერიასთან / 1.03.2019
აქცია ბათუმის მერიასთან / 1.03.2019
აქცია ბათუმის მერიასთან / 1.03.2019

ბათუმში მიწა 20-30%-ით გაძვირდა – მერია ფასის გაზრდას კიდევ აპირებს

ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გაიზარდა. საკრებულომ შესაბამისი გადაწყვეტილება 28 თებერვლის სხდომაზე მიიღო, თუმცა დადგენილება იმ კვირიდან შევა ძალაში, როცა ის გამოქვეყნდება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიწის ნორმატიული ფასი ბათუმის ცენტრალურ ზონაში 20%-ით გაიზარდა, შუალედურ ზონაში 25%-ით, ხოლო პერიფერიულ ზონაში – 30%-ით.

მაგალითად, ბათუმის ცენტრალურ ზონაში სამი ქვეზონაა, შესაბამისად, 1კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი გაიზარდა 85 ლარით – პირველ ქვეზონაში და არის 486 ლარი, მეორე ქვეზონაში გაიზარდა 63 ლარით და გახდა 378 ლარი, ხოლო მესამე ქვეზონაში ნორმატიული ფასი 32,4 ლარით გაიზარდა და 194,4 ლარია.

ბათუმის მერიის ქონების მართვის ხელმძღვანელის გოგა ლომაძის ინფორმაციით, მერია არ აპირებდა ნორმატიული ფასის გაზრდას, თუმცა საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე მერიას მიეცა წინადადება/რეკომენდაცია მიწის ნორმატული ფასის 20-30%-ით გაზრდის შესახებ.

მერიამ მიწის ნორმატიული ფასი, მართალია, გაზარდა, თუმცა, გოგა ლომაძის განცხადებით, ამ საკითხზე ჩატარდება კვლევა და შესაძლოა, მერია მიწის ნორმატიული ფასის გაზრდის ინიციატივით საკრებულოში კვლავ შევიდეს.

მიწის ნორმატიული ფასი ბათუმში 2018 და 2019 წელს ქვეზონების მიხედვით:

მიწის ნორმატიული ფასი ბათუმში

საკრებულომ, ასევე, დაამტკიცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირების გრაფიკული ნაწილი [ზონირების რუკა] და საზღვრები, რაც ძალაში შესაბამისი დადგენილების გამოქვეყნებისთანავე შევა. დადგენილების მიხედვით, ბათუმის ტერიტორიის ზონირების ტექსტურ ნაწილსა და გრაფიკულ ნაწილს შორის წინააღმდეგობისას უპირატესობა ენიჭება ზონირების გრაფიკულ ნაწილს.

2019 წელს დამტკიცებული ზონირების რუკა, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ზონები იმავე საზღვრებშია, როგორც 2018 წელს დამტკიცებულ რუკაზე.

ბათუმის ზონირების რუკა

ნორმატიულ ფასს მუნიციპალიტეტი ძირითადად ქონების გადასახადის დაწესების დროს ითვალისწინებს. რაც შეეხება მიწის იჯარით გაცემას ან მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გაყიდვას, როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, ამ შემთხვევაში ქონებას აფასებს აუდიტი, რომლის დასკვნის საფუძველზეც დგინდება საწყისი საიჯარო თუ გასაყიდი ფასი. ეს ფასი საბაზროსთან უნდა იყოს მიახლოებული.

ყოველწლიურად [თებერვლის ბოლომდე] მიწის ნორმატიული ფასის დადგენას მუნიციპალიტეტებს შესაბამისი კანონმდებლობა ავალდებულებს.

მიწის ნორმატიული ფასი არ შეუცვლია ქობულეთის მუნიციპალიტეტს, სადაც ცენტრალურ ზონაში 1კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი 54,29 ლარია, შუალედურ ზონაში – 20,88 ლარი და პერიფერიულ ზონაში – 14,62 ლარი.

ქობულეთის ზონირების რუკა

ამ თემაზე:

რისთვის არის საჭირო მიწის ნორმატიული ფასის დადგენა – ბათუმში ფასები არ შეცვლილა

გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

წამლის სააგენტო: „ფენსპირიდის“ შემცველი სამკურნალო საშუალებების რეგისტრაცია შეჩერებულია

წამლის სააგენტოს ცნობით, აქტიური სუბსტანციის „ფენსპირიდის“ შემცველი სამკურნალო საშუალებების რეგისტრაცია შეჩერებულია. ამის მიზეზი „ევროპის წამლების სააგენტოს“ ინფორმაცია გახდა.

წამლის სააგენტოს ცნობით, პრეპარატ „ერესპალზე“ (აქტიური სუბსტანცია – ფენსპირიდი; მწარმოებელი – Les Laboratoires Servier Industrie“, France)  ჩატარებულ 2 პრეკლინიკურ კვლევაში გამოვლინდა, რომ ეს პრეპარატი კალიუმის იონური არხების (hERG) ინჰიბირებით ხელს უწყობს ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივებას, რაც ქმნის გულის პარკუჭოვანი არითმიის განვითარების შესაძლებლობას. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ანალოგიური ცვლილებები შესაძლებელია გამოვლინდეს ადამიანებშიც რეკომენდებულ დოზებში პრეპარატის  გამოყენებისას.

კვლევების საფუძველზე საფრანგეთის მარეგულირებელმა 8 თებერვალს შეაჩერა ზემოაღნიშნული ფარმაცევტული კომპანიის წარმოებული ფენსპირიდის შემცველი სამკურნალო საშუალებების სავაჭრო ნებართვის მოქმედება და გამოითხოვა ისინი ბაზრიდან.

ფენსპირიდის შემცველი პრეპარატები გამოიყენება ბრონქოპნევმოპათიების დროს.

წამლის სააგენტომ პრეპარატ ფენსპირიდის შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე EMA-ს მიერ საკითხის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვებული, ფენსპირიდის შემცველი შემდეგი პრეპარატების რეგისტრაცია:

[crosslist]

  • პულმოდინი
  • ტირფენსი
  • ფენირიდი
  • ერესპალის სიროფი
  • ერესპალი 80მგ
  • ფენსპირიდი-LF
  • ელოფენალი
  • ეპისტატი

[/crosslist]

მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატების მწარმოებლების შესახებ წამლის სააგენტოს უფროსის ბრძანებაში შეგიძლიათ ნახოთ.

სააგენტოს ცნობით, ზემოაღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტების რეგისტრაციით დაინტერესებულ პირებს, იმპორტიორებსა და რეალიზატორებს, დაევალათ უზრუნველყონ  მათი რეალიზაციის შეჩერება და  ბაზრიდან გამოთხოვა.

„სილქ როუდ ჯგუფმა“ გრგ მოამზადა – ექვსი კოშკი ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე

„სილქ როუდ ჯგუფმა“ ბათუმის მერიაში ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა [გრგ] უკვე წარადგინა. კომპანიას ბათუმის ცენტრში, ზღვის პირას ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ექვსი თაუერის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. მათგან ყველაზე მაღალი 130 მეტრი სიმაღლის, 42-სართულიანი აპარტოტელი „სილქ თაუერი“ იქნება, რომლის აშენებასაც 2012 წელს დაანონსებული „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად გეგმავენ.

„სილქ თაუერი“ – პროექტის რენდერი

„სილქ როუდ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული ტერიტორია „ჭაჭის კოშკთან“ კომპანია „გეოგრაფიკის“ კვლევის მიხედვით, ბათუმის ისტორიული განაშენიანების, შესაბამისად, ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების საზღვრებში შედის. თუმცა, დოკუმენტის ეროვნულ სააგენტოში დასამტკიცებლად წარდგენამდე, მერიამ ის ამ საზღვრებიდან ამოიღო. სააგენტოში კი, სადაც ეს დოკუმენტი უნდა დაამტკიცონ, მიიჩნევენ, რომ ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორია  ისტორიული ზონის საზღვრებში უნდა დარჩეს. სწორედ ამ შენიშვნით სააგენტო დასამტკიცებლად წარდგენილ დოკუმენტს ბათუმის მერიას უკან უბრუნებს. 

„სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ მერიაში წარდგენილ განაშენიანების რეგულირების გეგმას შესაბამის კვლევები ერთვის თან, რომლის მიხედვითაც, ექვს ჰექტარზე ექვსი კოშკის მშენებლობა იგეგმება, მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურით და ახალი იახტკლუბით. გენგეგმის მიხედვით, კომპლექსი მოიცავს როგორც მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროებს, ისე საზღვაო სანაოსნოსთან ინტეგრირებულ მრავალფუნქციურ კომპლექსს, იახტკლუბს, რესტორნებს, კონვენციის ცენტრს, კაზინოს, საცხოვრებელს და საზოგადოებრივ სივრცეებს.

ეს გეგმა ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული დაგეგმვის სამსახურმა უნდა განიხილოს. იმ მასშტაბის პროექტის განხორციელება, რასაც „სილქ როუდ ჯგუფი“ საკუთარ ტერიტორიაზე აპირებს, დაუშვებელია ისტორიული განაშენიანების ზონაში. კანონი ისტორიულ ზონის საზღვრებში იმ სიმაღლის მშენებლობებს უშვებს, რა მასშტაბის შენობებიც ამ ადგილზე ისტორიულად არსებობს.

ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელის, მირიან მეტრეველის განმარტებით, ისტორიული დაცვის ზონაში „შესაძლებელია ასევე ექსპერტების დასკვნების საფუძველზე რაიმე სხვა პირობებიც განისაზღვროს, მაგრამ მსგავსი მასშტაბების მშენებლობა [როგორიცაა „სილქ როუდ ჯგუფის“ პროექტი] ვერ გამოვა“. თუმცა ამ ტერიტორიაზე ზონა ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული.

დაამტკიცებს თუ არა პროექტს მერია ახლა იმაზეა დამოკიდებული, ამ პროექტს ისტორიული განაშენიანების ზონის დამტკიცების შემდეგ განიხილავს, თუ მანამდე. ამაზე მერიაში დაზუსტებული პასუხი ჯერ არ აქვთ.

თუ ბათუმის ისტორიული ზონები „სილქ, როუდ ჯგუფის“ სამშენებლო პროექტის განხილვამდე დამტკიცდება და მის საზღვრებში დარჩება ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორია, კომპანია დაგეგმილი პროექტის მშენებლობაზე თანხმობას ვეღარ მიიღებს.

„თუ ტერიტორია დაცვის ზონაში მოხვდება, იქ მსგავსი ტიპის მშენებლობა თავისთავად გამოირიცხება“, – ამბობს მირიან მეტრეველი. ის ვერ აკონკრეტებს, მერია ჯერ ისტორიული დაცვის ზონასთან დაკავშირებულ შენიშვნებს გამოასწორებს თუ „სილქ როუდ ჯგუფის“ განაშენიანების გეგმას განიხილავს. თუმცა, ამბობს, რომ წარდგენილ განაშენიანების გეგმას ჯერ რამდენიმე ეტაპი აქვს გასავლელი.

კომპანიის განაშენიანების გეგმას შეისწავლის როგორც საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო. აღსანიშნავია ისიც, რომ  მერიაში ისტორიული ზონების საზღვრებთან დაკავშირებით  შენიშვნები სააგენტოდან ჯერ არ შესულა:

„თუ იქნება შენიშვნა, რომ ეს ზონა [მისი პირველი მონახაზი] არის დასამტკიცებელი, შესაბამისად, უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ რეკომენდაციებით. ამის უარყოფა, არ იქნება სწორი. აქედან გამომდინარე ალბათ უნდა ვიმსჯელოთ სრული ზონის შესაბამისად“, – განმარტავს მირიან მეტრეველი.

„სილქ როუდ ჯგუფის“  მიერ დაფუძნებული კომპანიის [რომელმაც პროექტი უნდა განახორციელოს] „ბათუმი რივიერას“ დირექტორი გოგა კაპანაძე ამტკიცებს, რომ ისტორიული ზონის დაცვის ზონის დამტკიცება პროექტს ხელს ვერ შეუშლის.

„ვინ გითხრათ, რომ დაცვის ზონაში მშენებლობა არ შეიძლება? – ჩვენ გვაქვს ტერიტორია, რომელიც არის „საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2“ და გვინდა, რომ კანონის შესაბამისად… და არა ისე, როგორც ამ დრომდე გაურკვევლად იზრდებოდა მინიჭებული კოეფიციენტი. ჩვენ რაც გვაქვს, იმის გაზრდას არც ვითხოვთ. ბევრი არაპროფესიონალი გამოთქვამს ამაზე აზრს და შეცდომაში შეჰყავთ სხვებიც. ეს ტერიტორია არის ექვსი ჰექტარი, ჩვენ ერთ ჰექტარზე ვგეგმავთ ერთი შენობის აშენებას. ეს არ არის ის, რის გამოც გაღიზიანებულია საზოგადოება. იქ სულ სხვა კოეფიციენტზეა საუბარი.

არსებობს კანონი, რომლიც განსაზღვრავს, რა შეიძლება და რა არა. ამ დრომდე ბათუმს არ ჰქონია ისტორიული დაცვის ზონა, შეუკვეთეს კვლევა, რომელიც 2006 წლის კვლევაზეა დამყარებული. დღეს შეიძლება სხვა რეალობაც გვაქვს, მაგრამ ამას შესაძლოა მნიშვნელობა არც ჰქონდეს, ისტორიული დაცვის ზონა არის თუ არ არის“, – ამბობს კომპანიის დირექტორი გოგა კაპანაძე.

 

 

 

„ჭაობში“ 30-მდე ქუჩა მოწესრიგდება – ბათუმის ბიუჯეტიდან 23 მილიონი ლარი დაიხარჯება

„ჭაობის“ დასახლებაში ქუჩების მოსაწესრიგებლად გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულები გამოვლენილია. ერთ შემთხვევაში ხელშეკრულებაც გაფორმდა, თუმცა ამ ტენდერთან დაკავშირებით გრძელდება სასამართლო დავაც. სამუშაოების დაწყებას სასამართლო დავა ხელს არ უშლის. ოთხი ტენდერით ჭაობში 30-მდე ქუჩა მოწესრიგდება, რაშიც ბათუმის ბიუჯეტიდან ჯამში 23 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.

ბაგრატიონის შესახვევი; გურამიშვილის ქუჩა; გურამიშვილის შესახვევი; მელიქიშვილის I შესახვევი; ოსტროვის I შესახვევი; სააკაძის ქუჩა; სააკაძის შესახვევი; ჩოლოყაშვილის II შესახვევი – ეს იმ ქუჩების ჩამონათვალია, რომელთა სარეაბილიტაციოდ ბათუმის მერიის  საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 2018 წლის ივლისში გამოაცხადა. სატენდერო თანხა 6 587 866 ლარი იყო.

ამ ტენდერში მონაწილე ორი კომპანიის [„დაგი“ და „ზიმო-7“] დავის გამო გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა. დავამ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლა.

ამ თემაზე: ბათუმში 8 ქუჩის კეთილმოწყობა გადაიდო – სასამართლომ მერიის ტენდერი შეაჩერა

კეთილმოწყობის სამმართველომ საბოლოოდ ხელშეკრულება კომპანია „დაგთან“ 2019 წლის 25 თებერვალს გააფორმა 6 293 513 ლარზე. სამუშაოები ამ ქუჩებზე 2019 წლის 2 ივლისამდე უნდა დასრულდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, „ზიმო-7“ აგრძელებს სასამართლოში დავას, რათა კომპანიამ მის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების ფაქტი დაადასტუროს.

„ხელშეკრულების დადება ხელს არ უშლის „ზიმო-7“-ს სასამართლო დავის წარმოებაში, ამიტომ დავას კომპანია გააგრძელებს. ამასთან, ჩვენ ვგეგმავთ ახალი დავა დავიწყოთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში არის ნორმა, რომელიც სამართლებრივი დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გვიზღუდავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. იმ ზიანის, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედების შედეგად მიადგა კომპანიას. კომპანია გამოიყენებს ყველა სამართლებრივ პროცედურას, რათა მას დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში შესაძლებლობა ჰქონდეს აინაზღაუროს ზიანი“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, კომპანია „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელი, რომელიც სასამართლოში „ზიმო-7“-ის ინტერესებს იცავს.

კეთილმოწყობის სამმართველომ „ზიმო-7“-თან ხელშეკრულება სხვა ტენდერთან დაკავშირებით გააფორმა, რომელიც შემდეგი სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს: ორბელიანის ქუჩის მოწესრიგება მთლიანად [გენერალ აბაშიძის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე], ასევე ლერმონტოვის ქუჩის გაგრძელებაზე [გენერალ აბაშიძის ქუჩამდე, ხორც-კომბინატის მიმდებარედ] არსებული სანიაღვრე არხის მოწყობა.

ამ თემაზე: 5 მილიონი ლარი სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის სარეაბილიტაციოდ – ტენდერი

ორბელიანის ქუჩის მოწესრიგება და სანიაღვრე არხის მოწყობა 2020 წლის 22 მაისამდე უნდა დასრულდეს. ხელშეკრულება „ზიმო-7“-თან 4 720 770 ლარზეა გაფორმებული.

„ჭაობში“ 19 ქუჩაზე კეთილმოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს დიდი ალბათობით შპს „სამკუთხედი“ შეასრულებს, რომელიც კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერში გამარჯვებულად უკვე გამოაცხადა. თუმცა, ხელშეკრულება კომპანიასთან ამ დროისთვის გაფორმებული ჯერ არ არის.

ეს ქუჩებია: ჰ. აბაშიძის, ლუკა ასათიანის, ვაჟა-ფშაველას, აჭარისწყლის შესახვევი, ბაგრატიონის ჩიხი, გონიოს, თ. გორგილაძის, ლადო ასათიანის ჩიხი, ლუკა ასათიანის შესახვევი, მ. ვარშანიძის შესახვევი, პ. მელიქიშვილის ჩიხი, ლ. გელაძის, პ. მელიქიშვილის მე-2 შესახვევი, ნ. გვარიშვილის, ს. ხიმშიაშვილის ქუჩის N109-113, ურეხის ქუჩა, ურეხის ჩიხი, დ. თავდადებულის შესახვევი და მ. ვარშანიძის 1-ლი შესახვევი.

ამ თემაზე: ჭაობის დასახლებაში 19 ქუჩის შესაკეთებლად 8 მილიონი ლარი დაიხარჯება – ტენდერი

შპს „სამკუთხედი“  სამმართველოს ამ ქუჩების რეაბილიტაციას ე.წ. „ჭაობის დასახლებაში“ 7 068 660 ლარად სთავაზობს. „სამკუთხედი“ თბილისში, 2011 წელს რეგისტრირებული კომპანიაა.

„ჭაობის“ დასახლებაში კიდევ ერთი, გიორგი ბრწყინვალის ქუჩის რეაბილიტაციაზეა ტენდერი გამოცხადებული.

ამ თემაზე: 6,4 მილიონი ლარი ბათუმში გიორგი ბრწყინვალის ქუჩის მოსაწესრიგებლად – ტენდერი

კეთილმოწყობის სამმართველოს შპს „გზა“ ამ ქუჩის კეთილმოწყობას 4 982 774 ლარად სთავაზობს. სატენდერო თანხა 6 471 900 ლარია. ეს ტენდერი ჯერ შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

ტენდერების თემაზე:

როგორ იქმნება არაკონკურენტული გარემო ტენდერებში 

პრობაცია ევროპაში [კვლევა]

 

[checklist]

  • ნორვეგია

[/checklist]

ნორვეგიაში არასაპატიმრო სასჯელი შეიძლება გამოიხატებოდეს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ანაზღაურების გარეშე, ან სხვა სახის აქტივობებში (მაგალითად, განათლება, სხვადასხვა უნარების ტრენინგი, სამუშაო გამოცდილების შეძენა, მკურნალობა, მედიაცია და სხვ.). ამან ხელი უნდა შეუწყოს განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილებას.

პრობაციის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო და პროფესიული განათლების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან და ასევე მუნიციპალიტეტებთან, რაც ხელს უწყობს არასაპატიმრო სასჯელების განხორციელებას. მაგალითად, ძალიან აქტიურია ფონდი „ახალგაზრდები ძალადობის წინააღმდეგ“ (“Youth Against Violence”), რომელიც ეხმარება მოზარდ სამართალდამრღვევებს მას შემდეგ, რაც ისინი არასაპატიმრო სასჯელს მოიხდიან.

 

[checklist]

  • გერმანია

[/checklist]

გერმანიაში პრობაციის სერვისები დეცენტრალიზებულია და მათ ეწოდება „სოციალური სერვისები სისხლის სამართლის სისტემაში“.

პრობაციის ოფიცრებს მიღებული აქვთ განათლება სოციალური სამსახურის ან სოციალური პედაგოგიკის სფეროში.

სამუშაოდან თავისუფალ დროს პრობაციონერებს სთავაზობენ სხვადასხვა აქტივობას: სპორტის, ანტიაგრესიის ტრენინგს, წერა-კითხვის შემსწავლელ კურსებს, სოციალური ქცევის ტრენინგს – სამუშაოსა და საცხოვრისის მოძიებასთან დაკავშირებული პროექტებს.

პრობაციონერები იღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს დასაქმების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ეს მოიცავს არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას, არამედ მხარდაჭერასაც განაცხადის შევსებასა თუ სხვა საკითხებში.

პრობაციონერებისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური კონსულტაციები და მხარდაჭერა: ეს ნაწილი მოიცავს არა მხოლოდ განათლებასა და დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებში დახმარებას, არამედ ისეთ თემებზე კონსულტაცია-მხარდაჭერას, როგორიცაა განსახლება, ფინანსებისა და ვალის მართვა, ალკოჰოლზე თუ სხვა სახის დამოკიდებულების მართვა და სხვ.

დასაქმების შემთხვევაში, დამსაქმებელთან არსებული კონტრაქტის დასრულების შემდეგ ბენეფიციარების დახმარება კვლავ გრძელდება. სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში კი მიმდინარეობს დასაქმების სხვა პერსპექტივის ძიება.

გათავისუფლებიდან ოთხი წლის განმავლობაში იმ ყოფილი პატიმრების 80 პროცენტმა, ვინც ვერ ან არ დასაქმდა, კვლავ ჩაიდინა დანაშაული და დააკავეს. შედარებისათვის: დასაქმებულთა (იმ სფეროში, რომელშიც ტრენინგი გაიარეს) შემთხვევაში იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 33% -ია.

  

[checklist]

  • ესტონეთი   

[/checklist]

ესტონეთში პრობაციის ოფიცრებს უმაღლესი განათლება აქვთ სოციალური მეცნიერებების, სამართლის ან სასჯელაღსრულების დაწესებულებების მართვის სფეროში. გარდა ამისა, პერსონალი რეგულარულად გადის ორი სახის ტრენინგს. პირველი შეეხება ზოგადი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას, მეორე კი სპეციფიკურ საკითხებს, როგორიცაა, მაგალითად, სამართალდამრღვევთა სხვადასხვა ჯგუფთან მუშაობა (სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული, ელექტრონულ მონიტორინგს დაქვემდებარებული პირები და სხვ.).

სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან, ისევე მიაწოდონ შესაბამისი სერვისები სამართალდამრღვევებს, როგორც სხვა პირებს აწვდიან. მაგალითად, საცხოვრისი უნდა უზრუნველყოს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა, ხოლო უმუშევრობის პრობლემების მოგვარება შრომის საბჭოს ამოცანაა.

 

[checklist]

  • ინგლისი და უელსი

[/checklist]

ინგლისსა და უელსში პრობაციის რეჟიმში ყოფნის პერიოდში პირს შესაძლოა დაეკისროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ანაზღაურების გარეშე, საგანმანათლებლო პროგრამის თუ ტრენინგ კურსის გავლა, ნარკოტიკებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულების მკურნალობა და მისი ქეისის მენეჯერთან რეგულარული შეხვედრები.

მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტს აწარმოებს კომპანია Startup. პროექტი ყოფილ ქალ პატიმრებს სთავაზობს ბიზნეს განათლებას, კონსულტაციასა და მცირე გრანტებს, რათა მათ შეძლონ საკუთარი მცირე საწარმოების გახსნა.

2010 წლიდან კომპანიამ 1200-მდე ქალთან იმუშავა. იმ 348 ქალს შორის, რომელმაც კომპანიის დახმარებით საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელი მხოლოდ 1 პროცენტია.

 

წყარო: ACB


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის განცხადება

როგორც ცნობილია, სს „ელმავალმშენებელში“ შექმნილია უკიდურესად  მძიმე მდგომარეობა. ქარხანაში დასაქმებულ პერსონალს 6 თვის განმავლობაში არ მიუღიათ კუთვნილი ხელფასები.  ჩვენ ვიზიარებთ და ვეთანხმებით მათ მოთხოვნებს სახელფასო დავალიანების გასტუმრებასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე,  ელმავალმშენებლი ქარხნის პროფესიულმა კავშირმა, რომელიც არის საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის წევრი ორგანიზაცია და აქტიურადაა ჩართული მიმდინარე პროცესებში, მოგვმართა თხოვნით, რომ დავხმარებოდით და მხარი დაგვეჭირა დასაქმებულებისთვის.

ჩვენი მხრიდან  შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად   ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, რკინიგზელთა პროფესიული კავშირის  ჩართულობით განხორციელდა შეხვედრა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და დასაქმებულთა უმრავლესობას შორის.  მოლაპარაკების დროს ადმინისტრაციამ აღიარა დავალიანება პერსონალის წინაშე და გამოთქვა მზაობა ფულადი სახსრების მოძიებისთანავე დაფაროს სახელფასო დავალიანება, რაც ორმხრივი  წერილობითი შეთანხმებით დადასტურდა.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ნათესაურ კავშირში იმყოფება ელმავალმშენებელი ქარხნის  გენრალურ დირექტორთან დავით გორგოძესთან. რაც დეზინფორმაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას  შეასრულოს მედიატორის როლი დაპირისპირებულ მხარეებს შორის და სრულ თანადგომას და სოლიდარობას უცხადებს ელმავალმშენებლი ქარხნის თანამშრომლებს.

ივანიშვილის ხეების გადასატანად ქობულეთში ხეები ისევ მოჭრეს და სადენები ბოძებიდან ჩამოხსნეს [ფოტო]

დენდროლოგიური პარკისთვის, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში აშენებს, მრავალწლოვანი ხეები ამჯერად ქობულეთის სოფელ ზენითიდან მიაქვთ. გიგანტური ხეების გადატანის გამო ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზაზე ელექტროგადამცემი სადენები ბოძებიდან ჩახსნეს. ამოთხრილია ბოძებიც. სადენები კი სპეციალური შეფუთვით გზის მიმდებარედ ისე გაიყვანეს, რომ ის გიგანტური ხის გატარებას ხელს ვეღარ შეუშლის. ამ გზაზე არაერთ მოჭრილ ხესაც ნახავთ. 

სოფელ ზენითში სამი ხე გადასატანად უკვე მზადაა
ერთ-ერთ ხესთან მისასვლელი გზის მოსაწყობად ამ დრომდე მუშაობს სპეციალური ტექნიკა

გადასატანი ხეები სოფელ ზენითში

ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზაზე ელექტროგადამცემი ბოძები აღარ შეგხვდებათ
ერთ-ერთ ბოძთან სადენთან სპეციალური შეფუთვა ჩნდება. სადენები ახლა მიწის ზედაპირზეა.
გზის პირას მოჭრეს ხეებიც. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ხეები გზის გაფართოვებას უშლიდა ხელს, ნაწილის თქმით, კი ეს ხეები გიგანტური ხეების სოფლიდან გატანას შეუშლიდა ხელს.
სოფელ ზენითში მცხოვრები ზოგიერთი პირის თქმით, მოჭრილი ხეების მფლობელები თვითონ იყვნენ, მაგრამ საკუთრებაში რეგისტრირებული არ ჰქონდათ. შესაბამისად, ამაზე არ უდავიათ და არც საუბარი სურთ.

 

ქართველ გიდებს ოკუპაციის შესახებ ტრენინგებს ჩაუტარებენ – სიახლე

ქართველ გიდებს ოკუპაციის შესახებ ტრენინგებს ჩაუტარებენ. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი გიდებს დღეს, 28 თებერვალს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ ადმინისტრაცია გიდებისთვის გადამზადების კურსებს გეგმავს, პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარდება. სალექციო კურსს გიდებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი გამართავს.

ლექციების მთავარი თემები იქნება: მეზობელ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობის განვითარება, ოკუპირებული ტერიტორიების და კონფლიქტის ზონები.

“გიდებთან ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო,  დაგვედგინა და მოგვესმინა ის გამოწვევები, რის წინაშეც ისინი დგანან. ტურიზმის განვითარების კუთხით გიდების ინსტიტუტი ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ჩვენ მათ გავაცანით, თუ  რა გეგმები გვაქვს გადამზადების და რა ახალი  თანამშრომლობა შედგა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რათა დავეხმაროთ მათ, რომ სწორი პასუხები ჰქონდეთ შესაბამის პრობლემურ კითხვებზე. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა ჯანსაღი იქნება,”-  მარიამ ქვრივიშვილის ეს კომენტარი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

გასულ წელს სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით გიდების ჯგუფებში, აქტიურად განიხილავდნენ საკითხს, უნდა ესაუბრონ თუ არა ტურისტებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. გიდის თქმით, ამ ინფორმაციის მოსმენა განსაკუთრებით რუსეთიდან შემოსულ ტურისტებს  აღიზიანებდათ.

გასულ წელს ბათუმელებმა ამ თემაზე არაერთი სტატია მოამზადა.

 

ამავე თემაზე:

რატომ არ ლაპარაკობენ გიდები ოკუპაციაზე, სექსსა და რელიგიაზე

პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 1-ლი მარტიდან იკრძალება.

„აკრძალულ პერიოდში ნადირობა გამოიწვევს საჯარიმო სანქციას. ზოგ შემთხვევაში, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციას, ასევე სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“ – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

დეპარტამენტი აცხადებს, რომ მათი თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ კონტროლს და ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, „მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები“.

ნადირობის სეზონი 2019 წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.

ხომ არ შედის ბაღებში ცხენის ხორცი – ენმ პასუხისმგებლობას ბათუმის მთავრობას აკისრებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, თუ დადასტურდება, რომ ცხენის ხორცი, სამტრედიის ბაღების გარდა ბათუმის ბაღებშიც შედიოდა, ბათუმის მერის და   საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს დაიწყებს.

“როგორც ცნობილია, სამტრედიის საბავშვო ბაღებში ერთ-ერთ კომპანიას შეჰქონდა ცხენის ხორცი და დღეს ეს ადამიანი დააკავეს. დასტურდება, რომ ბათუმის ბაღებშიც ამ კომპანიას შემოაქვს ხორცი.  თუმცა არ ვიცით აქ ნამდვილად საქონლის ხორცი შემოდის თუ აქაც იგივე მდგომარეობასთან გვაქვს საქმე და ცხენის ხორცი შემოდის.

ჩვენ მოვითხოვეთ გამოკვლეულიყო ეს საკითხი, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ საკითხი შეგვესწავლა, ბათუმის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე ყოველგვარი გამოკვლევის და შესწავლის გარეშე არიან გადაფარებული ამ კომპანიაზე და არავითარ შემოწმებას და გამოკვლევას არ აპირებენ.

თუ დადასტურდა, რომ ბათუმის ბაღებშიც ის მდგომარეობა გვაქვს, რაც მოხდა სამტრედიის ბაღებში, ცალსახად თანამდებობრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქ ბათუმის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს. ეს ადამიანები კატეგორიულად წინააღმდეგები არიან საკითხის შესწავლის, ამიტომ აუცილებლად დავიწყებთ ჩვენ ამ ადამიანების იმპიჩმენტის საკითხს,” – განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, მირდატ ქამადაძემ.

თავის მხრივ, ბათუმის მერია კატეგორიულად უარყოფს, რომ საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შეჰქონდა კომპანიას.

ამავე თემაზე:

ცხენის ხორცი სამტრედიის ბაღებში – დაკავებულია 1 პირი

 

„ბათუმის წყალი“ საკრებულოს ენმ-ის ფრაქციას პასუხობს

შპს „ბათუმის წყალი“ დღეს, 28 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის განცხადებას გამოეხმაურა. ფრაქციის წევრებმა  კომპანიის მხრიდან ინფორმაციის მიუწოდებლობაზე ისაუბრეს და ასევე აღნიშნეს, რომ  საკრებულოში არ იციან რაში იხარჯება კომპანიის ბიუჯეტი.

„ბათუმის წყალი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ  ფრაქციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. „მიზნად ისახავს შპს „ბათუმის წყლის“ დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“.

„ბათუმის წლის“ ინფორმაციით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შპს „ბათუმის წყალს“ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით 2019 წელს მიმართა ორჯერ. პირველ შემთხვევაში მოთხოვნილი იყო შპს „ბათუმის წყალის“ 2018-2019 წლების ბიზნესგეგმა და 2019 წლის შესყიდვების გეგმა. 

კომპანიის ინფორმაციით მოთხოვნისამებრ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია ბიზნეს და შესყიდვების გეგმის შესახებ.

„შესყიდვების გეგმის შესახებ ინფორმაცია არის საჯარო, განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე და ნებისმიერ პირს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეუძლია ინფორმაციის მიღება და გადამოწმება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მეორე შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოთხოვნილი იყო ინფორმაცია შპს „ბათუმის წყალში“ დასაქმებული თანამშრომლების საშტატო ნუსხის შესახებ, სახელ-გვარის, თანამდებობის, დაბადების თარიღებისა და საკონტაქტო ტელეფონის ნომრების მითითებით. 

კომპანიის განმარტებით, შპს „ბათუმის წყლის“ მიერ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არაერთხელ წერილობითი სახით მიეწოდა ინფორმაცია, რომ შპს „ბათუმის წყალი“ დაფუძნებულია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ. კომპანია მოქმედებს თვითანაზღაურებისა და თვითდაფინანსების პრინციპით, იგი არ ფინანსდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან პირდაპირი დაფინანსების წესით, შესაბამისად, კომპანია არ წარმოადგენს არც საჯარო დაწესებულებას და არც ადმინისტრაციულ ორგანოს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედების სფერო, მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის ნაწილში შპს „ბათუმის წყალთან“ მიმართებაში არ ვრცელდება.

გარდა ამისა, მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს პირად მონაცემებს, რომელიც არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. 

ბათუმში „ბაბილონ თაუერის“ მშენებლობა გაგრძელდება – 141 მეტრიანი შენობა რუსთაველზე

აჭარის მთავრობასა და შპს Tam Geo-ს შორის, რომელიც ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე „ბაბილონ თაუერის“ მშენებლობა წამოიწყო, შეთანხმება შედგა. Tam Geo-მ 2012 წელს აღებული ვალდებულება, ახალი შეთანხმებით და პირობებით 2022 წლამდე უნდა შეასრულოს. კომპანია ვადის გადაწევასთან ერთად, გათავისუფლდება ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დარიცხული ჯარიმებისგანაც.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით, შპს Tam Geo-ს ერიცხება პირგასამტეხლო [ჯარიმა] ჯამში 7 599 941 ლარი და 14 276 191 აშშ დოლარი. კომპანიას 2012 წელს აღებული ვალდებულება 2016 წელს უნდა შეესრულებინა. მშენებლობა დაიწყო, თუმცა ბოლო ოთხი წელია შეჩერებულია.

„საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად“ შპს Tam Geo-ს საკითხი, აჭარის მთავრობამ დღეს, 28 თებერვლის სხდომაზე განიხილა.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაგზავნილ წერილში Tam Geo აღნიშნავს, რომ შენობებთან დაკავშირებით საინვესტიციო ვალდებულების დაახლოებით ნახევარი უკვე განხორციელებულია:

„ამასთან, ინვესტორი აღნიშნავს, რომ პარტნიორებს შორის სამართლებრივი პროცედურები ამჟამად დასრულებულია. გარდა ამისა, კომპანიის კრედიტორების მიერ მიმდინარეობს სააღსრულებო პროცესი. ეს პროცესი ამჟამად შეჩერებულია, სააღსრულებო ბიუროსა და სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამოსილი პირების მიერ დანერგილი ახალ პრაქტიკაზე ჩამოუყალიბებლობის გამო. სარეგისტრაციო სამსახური რაიმე ვალდებულების ახალ მესაკუთრეზე გადატანას ვერ ახერხებს. ინვესტორის განმარტებით, ამ დროის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს მსოფლიოს მრავალ რეგიონში ცნობილი მარკის ფირმებთან, სხვადასხვა ფონდებთან და საფინანსო დაწესებულებებთან ინვესტირების საკითხთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საფონდო და საფინანსო ბაზრებზე წარმოებული მოლაპარაკებების დროს მათ წინსვლას ხელს უშლის სამშენებლო ვადებთან დაკავშირებით ახალი შეთანხმების ჯერ კიდევ არარსებობა.“

ამ ახალი შეთანხმებით Tam Geo ითხოვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დარიცხული პირგასამტეხლოსგან [ჯარიმა] გათავისუფლებას და ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას, მათ შორის:

[checklist]

  • არანაკლებ 141 მეტრი სიმაღლის საცხოვრებელი კომპლექსის [რეზიდენცია] შენობის მთლიანი კარკასის მშენებლობის დასრულება – 31.12.2020 წ.
  • არანაკლებ 33-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის (რეზიდენცია) შენობის ექსპლუატაციაში შეყვანა და აგრეთვე საცხოვრებელ კომპლექსში არანაკლებ 1603 კვ.მ ფართობის ავტოსადგომისთვის გამოყოფა, რომელიც გათვლილი იქნება არანაკლებ 75 ავტომანქანაზე – 31.12.2021 წ.
  • არანაკლებ 168-ნომრიანი, არანაკლებ 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის და სამორინეს ექსპლუატაციაში შეყვანა და ამოქმედება – 31.12.2021 წ.

[/checklist]

კომპანიის მიერ სამინისტროში წარდგენილია სს „ზირაათ ბანკი საქართველო“-ს მიერ 2018 წლის 27 დეკემბერს გაცემული 200 000 ლარის ოდენობის საბანკო გარანტიაც.

აჭარის ეკონომიკური განვითარების საბჭოს მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გაეწია დადებითი რეკომენდაცია შპს Tam Geo-ს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის განესაზღვროს დამატებითი ვადები და ჩამოყალიბდეს ახალი პირობები.

შეთანხმების აქტის გაფორმებამდე კი კომპანიამ სამინისტროში უნდა წარადგინოს კრედიტორთა თანხმობა. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ახალი შეთანხმება ისევ შპს Tam Geo-სთან გაფორმდება. ამ კომპანიის წილებს თურქეთის ხუთი მოქალაქე ფლობს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ახალი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებასაც არ შეასრულებს? – ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს და ქონება კომპანიას ჩამოერთვას, თუმცა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ „ამ შემთხვევაში სასამართლოს მექანიზმიც არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებაში დავის გადაწყვეტის მექანიზმად თავის დროზე ლონდონის არბიტრაჟი იყო განსაზღვრული და, შესაბამისად, ამ მიმართულებითაც მოსაგვარებელია მხარეთა შორის ურთიერთობა.“

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე დავის მექანიზმთან დაკავშირებით რაიმე ცვლილება ხელშეკრულებაში არ იგეგმება.

– – – – – –

ქ.ბათუმში, რუსთაველის ქ N30-ში მდებარე 3670 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ნინოშვილის ქ N23-ში მდებარე 513,3 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 982 კვმ მიწის ნაკვეთი შპს Tam Geo-ს საკუთრებაში 2012 წელს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1,5 მილიონ აშშ დოლარად გადაეცა.

კომპანიამ მაშინ აიღო ვალდებულება, არანაკლებ 120-ნომრიანი სასტუმროსა და არანაკლებ 33-სართულიანი, არანაკლებ 141 მეტრი სიმაღლის საცხოვრებელი კომპლექსის [რეზიდენცია] მშენებლობაზე. „რეზიდენციის“ შენობა ექსპლუატაციაში 2016 წლის 30 დეკემბრამდე უნდა შესულიყო, ხოლო სასტუმრო 2016 წლის 30 ივნისამდე; აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო.

ამ თემაზე:

„ბაბილონ თაუერი“, რომელიც არ აშენდა

აჭარაში ინვესტორებს ორ წელში 20 მილიონი ლარის და 2 მილიონი დოლარის ჯარიმა აპატიეს

„გასაგებია, რომ ვერ ხართ ლუკა ასათიანი“ – პასუხის პასუხი ბათუმის მერს

ბათუმის მერიამ მოქალაქეების განცხადებას, რომლითაც ისინი ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, სთხოვდნენ, თავი შეეკავებინა ბათუმის ნავსადგურში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან უსაფრთხოების სრული გარანტიების მიღებამდე, ზეპირი და წერილობითი სახით ურჩია მოსაზრებების წარდგენა.

ამ თემაზე: მოქალაქეები ბათუმის მერს: თავი შეიკავეთ ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გაცემისგან

მოქალაქეების ჯგუფმა ლაშა კომახიძეს 5 თებერვალს მიმართა ოფიციალური წერილით, თუმცა მათ წერილი არა ბათუმის მერისგან, არამედ მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის, მირიან მეტრეველისგან მიიღეს. წერილში, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა, ვკითხულობთ:

„განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ ბათუმის მერიაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება შპს „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესტმენთ გრუფის“ განცხადების საფუძველზე, ბაქოს ქუჩაზე კარბამიდის გადასაზიდი ტერმინალის მშენებლობის მიზნით სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების თაობაზე.

…ბათუმის მერიაში საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე ჩატარდა საჯარო განხილვა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა აზრის გამოთქმის საშუალება.

… თქვენ, როგორც დაინტერესებულ პირს, შეგიძლიათ წარმოადგინოთ როგორც ზეპირი, ისე წერილობითი მოსაზრებები.“ [ამონარიდები წერილიდან] წერილის ადრესატი ზეინაბ დიასამიძეა, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი.

დღეს, 28 თებერვალს, საინიციატივო ჯგუფმა ფეისბუქზე უპასუხა მერიას.

„ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ მოქალაქეებისა და სამოქალაქო სექტორის მოსაზრებებს ისმენს და ითვალისწინებს, არის ფარსი.

ამას მოწმობს მისი გადაწყვეტილებები და წერილი, რომელიც ჩვენ მიერ გაგზავნილ წერილზე პასუხად მივიღეთ. ჩვენი მიმართვიდან 20 დღის დაგვიანებით, 25 თებერვალს, მერმა არა მისი, არამედ არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ბატონი მირიან მეტრეველის სახელით გვიპასუხა. პასუხმა გვაფიქრებინა, რომ  სამსახურის უფროსს, ბატონ მეტრეველს ან წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს, ან უკიდურესად ცინიკოსია.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის არჩეულ მერს მოქალაქეებმა წერილით 5 თებერვალს მივმართეთ, სადაც ვთხოვეთ კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის ნებართვის გაცემისაგან თავი შეეკავებინა, ვიდრე მოქალაქეებს უსაფრთხოების სრული გარანტია არ გვექნებოდა. წერილში ვასაბუთებდით თუ რამ გამოიწვია ჩვენი აღელვება და უნდობლობა.

მირიან მეტრეველის მიერ ხელმოწერილ წერილში კი, ზუსტად ოთხი გრძელი წინადადება სრულდება ასე: „თქვენ, როგორც დაინტერესებულ პირს, შეგიძლიათ წარმოადგინოთ როგორც ზეპირი, ისე წერილობით მოსაზრებები“.

ვიდრე დასაბუთებულს ისევ დავასაბუთებდით, მეტრეველმა ტერმინალის მშენებლობის სანებართო დოკუმენტაცია ე.წ ზონალურ საბჭოზე დასამტკიცებლად უკვე წარადგინა.

ბატონო ლაშა, გასაგებია, რომ ვერ ხართ ლუკა ასათიანი, მაგრამ ის მაინც გაიგეთ, რომ ეს არაა ქალაქი, სადაც „ძაღლები” დავთმობთ და კატებს ავაყეფებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბათუმში სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდა, რომელიც პრინციპულია და იცის როგორ მოსთხოვოს მის დაქირავებულ ჩინოვნიკს პასუხი!“ – ვკითხულობთ საჯარო მიმართვაში, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა მერიისგან მიღებულ წერილთან ერთად გამოაქვეყნა.

 

„მიიხედეთ ბატონო ლევან, გადაღებულია ყველაფერი“ – გაზრდილი ბიუჯეტი და ხმაური საკრებულოში

„მიიხედეთ, მიიხედეთ ბატონო ლევან, გადაღებულია ყველაფერი“, – ასე გამოეხმაურა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ სალუქვაძე ოპოზიური ფრაქციის წევრის, ლევან ანთაძის შენიშვნებს ბიუჯეტის შესრულების ნაწილზე. ამ დროს ის ტელევიზიების კამერებისკენ მიუთითებდა.

საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციური ფრაქციის გამოსვლებს საკრებულოს თავმჯდომარეც ხშირად უწოდებს „ჟურნალისტებისთვის დადგმულ შოუს“. ის ამბობს, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად აკეთებს ხმაურიან განცხადებებს, შემდეგ კი დემონსტრაციულად ტოვებს სხდომას. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს ასევე, რომ ოპოზიციური ფრაქციის წევრებთან ერთად სხდომას მცირე დროით ტოვებენ ჟურნალისტებიც და უმრავლესობას განმარტებების გაკეთების საშუალება არ ეძლევათ.

სულიკო თებიძე დღეს ამტკიცებდა, რომ ყველა იმ საკითხზე ჰქონდა პასუხი, რაც ოპოზიციამ დასვა, მათ შორის, როგორც „ბათუმის წყლის“ მიერ ოპოზიციისთვის საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაზე, ასევე იმაზეც, შედის თუ არა ბათუმის ბავშვთა ბაღებში შეუმოწმებული ხორცი და ხომ არ ჰქონია ადგილი ცხენის ხორცის შეტანილ ფაქტებს, როგორც ეს სხვა რეგიონებში დაფიქსირდა. ოპოზიცია ამბობს, რომ მათ ამის საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რადგან ბათუმის საბავშვო ბაღებს ხორცით იგივე კომპანია ამარაგებს, რომლის ხელმძღვანელიც სწორედ ამ დანაშაულში ამხილეს.

სხდომის დასრულების შემდეგ სულიკო თებიძეს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ვთხოვეთ, თუმცა მოუცლელობის მიზეზით უარი გვითხრა.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ბევრ სხვა საკითხთან ერთად დაინტერესდა, რატომ ვერ დახარჯა მერიამ თანხა, რომელიც  ქალაქში ძეგლების რეაბილიტაციისთვის იყო გათვალისწინებული.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომათა დარბაზიდან გასვლის შემდეგ, დარბაზში დარჩენილებმა ცვლილება ბიუჯეტში ერთხმად დაამტკიცეს. ცვლილების მიხედვით, ბათუმის ბიუჯეტი აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერისა და შემოსულობების ხარჯზე  3 მილიონ 600 000 ლარით გაიზარდა.

მერიის საფინანსო პოლიტიკის სამსახურის ინფორმაციით, ეს თანხა, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებში გადანაწილდება. მათ შორის დაგეგმილია ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან  ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

887 000  ლარი გაითვალისწინეს ბათუმში, ლერმონტოვის  ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობის დასაწყებად. ბაღის მშენებლობა 2019-2020 წლების პროექტია.

568 365 ლარია გამოყოფილი ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის განსაზღვრული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დამკავებელი პირებისთვის საკომპენსაციო თანხების გასაცემად.

ცვლილებას მხარი არ დაუჭირა საკრებულოს ოპოზიციამ. ფრაქციას ძირითადად ბიუჯეტის შესრულებაზე ჰქონდა პრეტენზიები.

 

გახდება თუ არა საჯარო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგები – საკონსტიტუციო

აცილების მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლე ევა გოცირიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა არ დატოვა. დახურულ კარს მიღმა გამართულ თათბირზე, რომელიც საათ-ნახევარს გაგრძელდა, მოსამართლეებმა აცილების საფუძველი ვერ დაინახეს.

სასამართლო დღეს, 28 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ “დემოკრატიული ინიციატივის” სარჩელს განიხილავს. დავის საგანი იუსტიციის საბჭოში სხდომების დახურვაა, როცა მოსამართლეობის კანდიდატებს არჩევენ.

იუსტიციის საბჭომ სხდომების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება 2009 წელს მიიღო, თუმცა ამ წესში არსებითი ცვლილებები 2014 წელს შევიდა. ამ დროს მოსამართლე ევა გოცირიძე იუსტიციის საბჭოს წევრი იყო (2013 წლიდან 2017 წლამდე).

“ჩვენ ვაყენებთ აცილების შუამდგომლობას. სამწუხაროდ, ვერ მოვიპოვეთ ინფორმაცია, იყო თუ არა ევა გოცირიძე ამ გადაწყვეტილების მხარდამჭერი, თუმცა ორივე შემთხვევაში პრობლემას ვხედავთ,” – მიმართა მოსამართლეებს იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ.

აცილების შუამდგომლობას მოპასუხე მხარე, ანუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იურისტებიც დაეთანხმნენ. ნათია მახათაძეს არ უთქვამს დაუჭირა თუ არა თავის დროზე სხდომების დახურვას მხარი ევა გოცირიძემ, თუმცა ასეთი რამ გააჟღერა:

“ის ერთ-ერთი ინიციატორი იყო ამ საკითხის… ის მონაწილეობდა ამ საკითხის განხილვასა და კენჭისყრაშიც,” – აღნიშნა ნათია მახათაძემ.

“მე არ მახსოვდა ეს პერიოდი,” – განაცხადა მოსამართლე ევა გოცირიძემ. მისივე თქმით, მან სასამართლო სხდომამდე გაარკვია ეს საკითხი იუსტიციის საბჭოში და მას გადაწყვეტილებაში მონაწილეობა დაუდასტურეს.

“სუბიექტური თვალსაზრისით მე ვარ მიუკერძოებელი და ეს იქნებოდა აშკარა, თუკი ამის შესაძლებლობა მომეცემოდა. ობიექტურად კი, შესაძლოა გაჩნდეს ეჭვი მიუკერძოებლობაზე,” – დასძინა მოსამართლე ევა გოცირიძემ.

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციით გარანტირებული ინფორმაციის თავისუფლების როგორც ფორმალურ, ისე შინაარსობრივ მოთხოვნებს. კერძოდ, არც ერთი საკანონმდებლო აქტით არ არის დადგენილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება – შეზღუდოს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. ამდენად, მასზე არ მომხდარა ამ უფლებამოსილების დელეგირება. ამასთან, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე დასწრება წარმოადგენს საჯარო ინტერესის საგანს, სადავო ნორმით კი ირღვევა დაინტერესებული პირების უფლება, მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ წარსდგა მოსამართლეობის თითოეული კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

მოსარჩელე ასევე ასაჩივრებს იმას, რომ არ არის ხელმისაწვდომი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგები. მოსარჩელის პოზიციით, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციის მოპოვებას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის.

„საზოგადოებას უნდა ჰქონდეს გარკვეული ბერკეტი, რათა მინიმუმ დააკვირდეს აღნიშნულ პროცესს, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც სასამართლო ხელისუფლების მიმართ საკმაოდ მაღალია უნდობლობის დონე. ამდენად, პროცესის გამჭირვალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც არადემოკრატიულობის ხარისხის შესამცირებლად და პროცესის ინკლუზიურობისათვის, ასევე ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად… საჯარო დაწესებულებების ღიაობის მნიშვნელობაზე და ზეგავლენაზე საკონსტიტუციო სასამართლოც უთითებს. „სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული საჯარო ინფორმაციის ღიაობა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან წინაპირობას… ღია მმართველობა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის ნდობის განსამტკიცებლად…“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

არსებითი განხილვის სხდომაზე ახლა უკვე  მხარეების მოსმენა დაიწყეს. საქმეს ისევ ოთხი მოსამართლე განიხილავს.

“ისრაელის სახლის” განცხადება ბათუმის ძველი სინაგოგის აღდგენაზე

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ ბათუმის ძველ სინაგოგასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ საქართველო-ისრაელის პირდაპირ კავშირებსა და ისრაელის წარმოდგენაზე (ჰასბარაზე) მუშაობენ. ეს საქმიანობა ქვეყნებს შორის ურთიერთობის 80%-ს მოიცავს და ამიტომ მზად ვართ, ჩავერთოთ ყველა იმ საკითხში, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის მიზნებს ემსახურება.

ამასთან, „ისრაელის სახლი“ ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ) წევრი ორგანიზაციაა და ვალდებულია ჩაერთოს ძეგლის გადარჩენაში და, შესაბამისად, საჯაროდ გამოხატოს თავისი პოზიცია.

ცოტა ხნის წინათ ბათუმში 9 მარტის ქუჩაზე მდებარე ნგრევის პირას მისული სინაგოგის რეაბილიტაციის საკითხზე მოგვმართა საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფმა. გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მხარს დავუჭერდით საინიციატივო ჯგუფის სურვილს, რომ სინაგოგა, რომელის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული, აღდგეს პირვანდელი სახით.

მოვლენათა მსვლელობამ აჩვენა, რომ ბათუმის სინაგოგასთან დაკავშირებით არსებობს ორი აზრი: ერთნი, კერძოდ, საინიციატივო ჯგუფი, რომელიც წლებია იბრძვის ძეგლის გადარჩენისთვის, ითხოვს სინაგოგისათვის სტატუსის შენარჩუნებას; მეორე ჯგუფს კი იქ სასტუმროს მშენებლობა სურს.

ვინაიდან აღნიშნული მხარეების პოზიცია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია და, ჩვენი ინფორმაციით, არც ერთი მხარე არ აპირებს პოზიციის შეცვლას, ვშიშობთ, მავანმა ეს შიდა დაპირისპირებისთვის არ გამოიყენოს, რასაც კატეგორიულად ვემიჯნებით.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ გულგრილი არ/ვერ იქნებიან ისრაელთან, ებრაელობასთან, ისრაელ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხებისადმი.

ამიტომაც ბათუმში ნგრევის პირას მისული სინაგოგის საკითხის წამოწევისთანავე მივმართეთ საქართველოში მოქმედ ისრაელის კომპანიებს, რომლებიც ქმნიან ისრაელსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ ხიდებს, საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში ფუნდამენტს, რამაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ებრაელობის მიმართ დადებითი განწყობა გააძლიერა.

საკითხის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა კონსენსუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ არ აპირებს პროცესში მონაწილეობის გაგრძელებას.

მიგვაჩნია, რომ აღდგენილ სინაგოგის შენობაში უნდა განთავსდეს სალოცავი და მიკვე, თუმცა ვფიქრობთ, საბოლოოდ, საზოგადოების გადასაწყვეტია, აღდგენილი სინაგოგის შენობას რა ფუნქცია მიენიჭება.

„ისრაელის სახლი“ და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა არ ერთვებიან საქართველოსა და ქართველ ებრაელთა კუთხურ ურთიერთობებში და კარგი იქნება, თუ ისეთ საკითხს, როგორიცაა ნგრევის პირას მისული სინაგოგას აღდგენა, განვიხილავთ არა როგორც ადგილობრივი თემის ერთი ნაწილის ინტერესების, არამედ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და მასზე ზრუნვის ჭრილში, რაც საბოლოო ჯამში, კულტურული ხიდების განმტკიცების, საქართველოს, როგორც კულტურული ტოლერანტობის ქვეყნად წარმოჩენის საწინდარი იქნება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებული  ძველი სინაგოგა ბათუმში ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, საქართველოს ებრაელთა კავშირის ბალანსზეა. სინაგოგის შენობა, 2015 წელს მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც მის გვერდით „გუმბათი ჯგუფმა“ კომპანია „ინშაათის“ დაკვეთით მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა წამოიწყო.

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე, თანამოაზრეებთან ერთად წლების მანძილზე ცდილობდა შენობის აღსადგენად სახსრების გამონახვას. 2019 წლის 14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ძეგლის აღსადგენად საჭირო თანხებს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თავმჯდომარე,  „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი იციკ მოშე მოიძიებდა.

იციკ მოშესგან თანხმობის მიღების შემდეგ სამოქალაქო ჯგუფმა ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროშიც განიხილა.

ამავე თემაზე: დაშლის პირას მყოფ სინაგოგას ბათუმში კერძო პირები აღადგენენ

27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ბათუმის ძველი სინაგოგას ადგილას, მისი მფლობელი, საქართველოს ებრაელთა კავშირი, ებრაული ცენტრის აშენებას გეგმავს, რომელიც მინიმუმ სამსართულიანი იქნება. ირაკლი კუპრაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკულტო ძეგლის ადგილას, მრავალსართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი.

ბათუმის ძველი სინაგოგა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაქვემდებარებაშია. სააგენტოს განცხადებით, როდესაც პროექტი მომზადდება, ის სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრებმა უნდა განიხილონ და მხოლოდ განხილვის შედეგად გადაწყდება გაიცემა თუ არა საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაზე ნებართვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, თუკი ვინმეს ექნება სურვილი ბათუმის ძველი სინაგოგა ძველი ფორმით აღდგეს, სააგენტო მათ არქიტექტურულ პროექტს შეუსყიდის.

სარფში ყალბი მოწმობით საქართველოში შემოსვლის მცდელობისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ო.ფ. სარფის საზღვარზე თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ო.ფ. საქართველოში შემოსვლას თურქეთის მოქალაქეზე გაცემული, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობებით ცდილობდა.

საპატრულო პოლიციამ ასევე დააკავა 1978 წელს დაბადებულ დ.ა., საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით. დაკავებული ლიბანის მოქალაქეა  და მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპატრულო პოლიციის მესაზღვრე-კონტროლიორს, საპასპორტო კონტროლის გავლისას, სავარაუდოდ, რუმინეთის მოქალაქის ყალბი პასპორტი წარუდგინა.

ორივე ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362-ე მუხლების 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

22-23 თებერვალს, საგამოფენო ცენტრში ექსპო–ჯორჯია“ ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მონაწილეობას იღებს „საერთაშორისო უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების“ მე-9 საერთაშორისო გამოფენაში.

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის, მისი საქმიანობის, არსებული პროფესიული პროგრამების, განხორციელებული პროექტების, დასაქმებისა და მომავალი კარიერული ზრდის შესაძლებლობის შესახებ.

გამოფენა ყოველწლიურია და ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საგამოფენო ცენტრ „ ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით.

როდის და რით გაიხსნება ბათუმის დრამატული თეატრი

ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ანდრო ენუქიძის თქმით, „თეატრი 27-28 მარტს ორი სპექტაკლით გაიხსნება“. სპექტაკლის სახელწოდებას ანდრო ენუქიძე ჯერ არ ასაჯაროებს. ერთ დღეს კომედიას ითამაშებენ, მეორე დღეს – დრამას.

„პრემიერამდე ორი კვირით ადრე დავიწყებთ პიარაქციებს და ამ პერიოდიდან გახდება ცნობილი, თუ რა სპექტაკლებით ვხსნით თეატრს.

ერთ დღეს კომედიას ვითამაშებთ, მეორე დღეს დრამას. სპექტაკლებში თეატრის თითქმის მთელი დასია ჩართული. გვსურს სპექტაკლებს მაღალი მხატვრული ღირებულება ჰქონდეს და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, რეპეტიციები უკვე დაწყებულია,“ – ამბობს ანდრო ენუქიძე, 27-28 მარტს გასამართი სპექტაკლების რეჟისორი.

ბათუმის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხი წელი მიმდინარეობდა, რის შედეგადაც შეიცვალა მთავარი სცენის ინტერიერი, იატაკი და გათბობის სისტემა, რესტავრაცია ჩაუტარდა სკამებს, თეატრი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

რიჟვაძე უკანონოდ შესახლებული ოჯახებისთვის საცხოვრებლის დაკანონებას აანონსებს

დღეს, 28 თებერვალს, ქობულეთში გამართულ მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, განაცხადა, რომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც 31 ოჯახს, მათ შორის ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, დაუკანონდათ საცხოვრებელი ფართობები, სადაც ეს ოჯახები წლების განმავლობაში უკანონოდ ცხოვრობდნენ.

„ე.წ. „მუყაოს ქალაქზე“ გადაწყვეტილების მიღების პარალელურად მე ვთქვი, რომ ვიზრუნებდით იმ ოჯახებზეც, რომლებიც წლებია უკვე ფაქტობრივი სარგებლობით არიან ბინებში და ცხოვრობენ. დღეს მოვაწერე განკარგულებას ხელი, რომლის საფუძველზეც 31 ოჯახს, მათ შორის ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტში, გადაეცემა და დაუკანონდებათ აღნიშნული სახლები უსასყიდლოდ. ჩვენთან ერთად იმყოფებიან ის ოჯახები და მე მინდა მივულოცო“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე, აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და ყველა იმ ოჯახს „მიაქცევენ ბოლომდე ყურადღებას“, რომლებიც წლებია დაუკანონებელ საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობენ.

მთავრობის სხდომა დღესაც დახურულია ჟურნალისტებისთვის.

80 ოჯახს რომ აჭარის მთავრობა თვითნებურად დაკავებულ ფართობებსა და შენობებს დაუკანონებდა, ამის შესახებ გადაწვეტილება გასულ წლის მაისში იქნა მიღებული. მაშინ მთავრობის იმდროინდელმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ უკანონოდ დაკავებული ქონება პირდაპირი განკარგვის მიზნით, მოსარგებლეებზე გადასაცემად, მუნიციპალიტეტებს მოსთხოვა. 

შენიშვნა: ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდნენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან და განმარტეს, რომ ოჯახები, რომლებსაც დაუკანონებენ საკუთრებას, ძირითადად არიან ეკომიგრანტები ან სოციალურად დაუცველები.
Exit mobile version