იანვრიდან მარტის ჩათვლით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით 51 900-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 41.19 პროცენტით [15 140 მგზავრი] მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებულ მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე – ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები ჯამში 1 016 098 მგზავრს მოემსახურა. 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მგზავრთნაკადი 20.93 პროცენტით [175 865 მგზავრით], ხოლო 2017 ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63.02 პროცენტით [840 233 მგზავრით] არის გაზრდილი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 804 673 მგზავრს მოემსახურა, რაც 11.15%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.
ყველაზე მკვეთრად – 101 პროცენტით გაიზარდა მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის პირველ სამ თვეში ქუთაისის აეროპორტიდან სულ გადაყვანილ იქნა 156 784 მგზავრი – 78 733 მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, ავიაციის სააგენტოს ცნობით, მესტია მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში 1 246 მგზავრს მოემსახურა, რაც 562 მგზავრით, შესაბამისად 82.16%-ით მეტია ვიდრე გასულ ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა წელს 195 მგზავრი მიიღო, რაც 110 მგზავრით მეტია, ვიდრე გასული წლის პირველ კვარტალში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.
2019 წლის განვლილი სამი თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში 859-ით მეტი რეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო 5 200, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა – 4 640, ხოლო ჩარტერების – 560. 2018 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 24%-ს შეადგენს.
მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 5 805.041 ტონა შეადგინა, რაც 1 753.213 ტონით, შესაბამისად, 43.27%-ით მეტია, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.
რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
Wizz Air – 152 697 მგზავრი [ბაზრის 15%]
Turkish Airlines – 110 962 მგზავრი [ბაზრის 11%]
Georgian Airways – 99 324 მგზავრი [11%]
Pobeda Airlines – 96 546 მგზავრი [10%]
Ural Airlines – 60 507 მგზავრი [6%]
____________________
მთავარ ფოტოზე: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი
აჭარის სოფლებში აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით სპეციალური ფერომონების განთავსება უკვე დაიწყო. მონიტორინგის შედეგებზე იქნება დამოკიდებული ესა თუ ის ტერიტორია დამუშავდება თუ არა თერმული ნისლით. ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილი, დაურიგდებათ თუ არა ფერმერებს ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი „ბიფეტრინი“.
აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის რეგიონალური შტაბი იმ ფორმით, როგორც გასულ წელს იყო არ იფუნქციონირებს, თუმცა ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს კოორდინაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაუწევს. კონკრეტულად კი, მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე.
„გასულ წელს გატარებული ღონისძიებების შედეგად აჭარაში ნაკლები ფაროსანაა, ამიტომ მიდგომა შეიცვალა. თერმულად წელს მხოლოდ იმ ზონებს დავამუშავებთ, სადაც კრიტიკული მასა იქნება ფაროსანების. შარშანდელივით არ იქნება, როცა თითქმის ყველა სოფელი მუშავდებოდა თერმული ნისლით,“ – აცხადებს ჯამბულ ხოზრევანიძე.
2018 წელს აჭარასა და გურიაში სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით სულ 205 ათას 857 ჰექტარი ფართობი შეიწამლა. აქედან 175 ათას 150 ჰექტარი თერმული ნისლის, ხოლო 30 ათას 307 ჰექტარი ცივი შესხურების მეთოდით [წყარო: ფაროსანასთან ბრძოლის შტაბები]მისივე თქმით, თუ გასულ წელს მხოლოდ ხუთი ერთეული სპეციალური მანქანა [შესასხურებელი მოწყობილობით] იყო, წელს შესაწამლ ზონაში ერთდროულად 15 მანქანა შევა: „შესაბამისად, შემცირდება დროც, ვინაიდან შარშან ერთი მუნიციპალიტეტის დამუშავებას ერთი-ორი კვირა სჭირდებოდა“.
ფერომონების განთავსება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან დაიწყო და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განთავსდება. მონიტორინგის შედეგების მიხედვით კი, 20-25 აპრილიდან უკვე შეწამვლითი ღონისძიებებიც დაიწყება.
სოფლებში განთავსდება ასევე ე.წ. „მოიზიდე და მოკალი“ ხაფანგები. დაახლოებით 1-დან 15-მდე ცალი ერთ სოფელში.
სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში პირველ ეტაპზე 5 ათასამდე ცალი „მოიზიდე და მოკალი“ უნდა განთავსდეს.
„ღონისძიებებში ჩართული იქნებიან ჩვენი სამინისტროს, მუნიციპალიტეტების, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სატყეოს თანამშრომლები“, – ამბობს ჯამბულ ხოზრევანიძე. – „გასულ წელს რეგიონის მოსახლეობაც განსაკუთრებით აქტიურობდა ფაროსანასთან ბრძოლაში. წელს ჩვენ გვინდა, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო წავახალისოთ, ამიტომ, ის ვინც აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესებში, მას ინდივიდუალურად, უფასოდ გადავცემთ „მოიზიდე და მოკალი“ ფერომონს“.
სახლის პირობებში ე.წ. „მოიზიდე და მოკალი“ სადგურის [ხაფანგის] დამონტაჟებისას აუცილებელი პირობაა ფერომონი და ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე – ეს შეიძლება იყოს ძველი ფარდა, ზეწარი და ა.შ., რომელიც მაგრდება ხეზე ან ბოძზე, საკარმიდამო ნაკვეთს, პლანტაციასა და მწერის პოტენციურ გამოსაზამთრებელ ადგილს შორის არსებულ ტერიტორიაზე. აუცილებელი პირობაა ბადე ეხებოდეს ნიადაგს, რათა მავნებელმა შეძლოს მასზე აცოცება. შემდეგი ნაბიჯი მასზე 2-3 ერთეული სატყუარას – ფერომონის განთავსებაა, რომელიც მიიზიდავს მავნებელს. ქიმიური პრეპარატით დამუშავებულ ბადესთან კოტაქტის შემდეგ ბაღლინჯო კვდება და ძირს ცვივა. მეტი ეფექტისთვის უმჯობესია ქსოვილთან დამაგრდეს ნათურაც, ამ შემთხვევაში მავნებელი ღამეც იკრიბება მის გარშემო. სპეციალისტები მოსახლოებას ურჩევენ, რომ „მოიზიდე და მოკალი სადგურის“ გარშემო ტერიტორია შემოფარგლონ, რათა ძირს ჩამოცვენილი ფაროსანა შინაურმა ფრინველებმა და ცხოველებმა არ შეჭამოს.
ქვეყნის მასშტაბით ფაროსანასთან ბრძოლას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კონკრეტულად კი სურსათის ეროვნული სააგენტო კურირებს.
ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს ცხელი ხაზიც – 1501 აჭარის ტერიტორიაზე კი ასევე მობ.: 595 10 23 97
ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017-2018 წლებში დაახლოებით 60 მილიონი ლარით დაფინანსდა. 2019 წელს კი, სახელმწიფო ბიუჯეტში ამ კუთხით 45 მილიონი ლარია გამოყოფილი.
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა სახელმწიფომ დაგვიანებით დაიწყო; გასულ წლებში გატარებული ღონისძიებები კი არაეფექტური აღმოჩნდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თაღლითურად დაუკავშირდა და ნდობაში შევიდა ერთ-ერთ პირთან, რომელსაც დამატებითი ღირებულების გადასახადში [დღგ] ერიცხებოდა ზედმეტობა 112 000 ლარის ოდენობით, დაარწმუნა იგი, რომ სხვადასხვა მაღალი რანგის მოხელის მეშვეობით, შეეძლო დახმარებოდა მას დღგ-ს ნაწილში არსებული ზედმეტობის განაღდებაში, რაშიც მოსთხოვა 35 000 ლარი. აღნიშნული თანხიდან, ბრალდებულმა, წინასწარ მოითხოვა და გამოართვა 20 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.
ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლად აჭარაში დაინიშნა ადამიანი, რომელიც გამოირჩევა მუსლიმი თემის მიმართ კრიტიკით და ნეგატიური განწყობებით.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მიუღებელია ის გარემოება, რომ აჭარაში სააგენტოს წარმომადგენლად დაინიშნა ადამიანი, რომელიც, ზოგადად, გამოირჩევა მუსლიმი თემის მიმართ კრიტიკით და ნეგატიური განწყობებით. აბესალომ ასლანიძის დანიშვნა სააგენტოს წარმომადგენლად აჭარაში მუსლიმი თემის ინტერესების უგულებელყოფის აშკარა ნიშნებს შეიცავს და ის გაართულებს სახელმწიფო უწყებებთან ჩვენი თემის დემოკრატიულ ურთიერთობას. ჩვენ მას ვუცხადებთ უნდობლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რა იგულისხმება „ნეგატიურ განწყობებში“, მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ ის ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე თავის ნეგატიურ პოზიციას ხშირად გამოხატავდა სოციალურ ქსელებში.
„მისი განწყობები ასახულია ფეისბუქში, განსაკუთრებით მეჩეთთან დაკავშირებით, რომ ბათუმს და მუსლიმებს არ სჭირდებათ მეჩეთი. რომ ჩვენ რაღაცებს ვიგონებთ და თურქეთის ინტერესებს ვატარებთ ამ მიმართულებით. რომ მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნა არის მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ა.შ. და ამას არა მარტო ფეისბუქში წერდა, სატელევიზიო კომენტარებიც ჰქონდა და, ზოგადად, სხვა დამოკიდებულებებიც არ არის პოტიზიური“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.
ის ასევე საუბრობს აბესალომ ასლანიძის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტზე, სადაც ასლანიძე წერს, რომ ახალი მეჩეთის მშენებლობაზე გადაწყვეტილება „არ შეიძლება მიღებული იქნას ნაჩქარევად“, ბათუმთან ახლოს კი ბევრი მეჩეთია და მუსლიმებს იქ შეუძლიათ ილოცონ: „დასავლეთ საქართველოს მუფთმა ორგანიზება გაუკეთოს მორწმუნეთა გადაყვანას ბათუმის მიმდებარედ არსებულ მეჩეთებში. რამდენადაც მე ვიცი, მომლოცველთა შორის ძალიან ბევრია ისეთი მუსლიმები, რომლებსაც ჰყავთ მიკროავტობუსები და შესაბამისი მოწოდების შემთხვევაში ისინი უფასოდ მოემსახურებიან მუსლიმებს.
სქრინი ფეისბუქის გვერდიდან, სადაც აბესალომ ასლანიძე წერს, რომ მუსლიმების არგუმენტები ახალი მეჩეთის მშენებლობაზე არადამაჯერებელია.
აბესალომ ასლანიძე ერთ-ერთ პოსტში, რომელიც ასევე ახალი მეჩეთის მშენებლობას უკავშირდება, ამბობს: „ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საკითხი ერთობ ფაქიზი და გარკვეული რისკების შემცველიცაა, ამიტომ გთავაზობ, საკითხის განსაკუთრებული პოლიტიზებულობის გამო დროებით შევაჩეროთ ახალი მეჩეთის აშენების საკითხი და მისი გადაწყვეტა მივანდოთ დასავლეთ საქართველოს სამუფთოს, ხოლო თქვენ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე იმ თანხებით, რაც თქვენ მოიძიეთ, ააშენეთ ისლამური კულტურის კვლევის ცენტრი, სადაც საშუალება ექნებათ არამარტო სხვადასხვა მუსლიმურ ორგანიზაციებს შეხვედრისთვის, არამედ ფართოდ გაიშლება ისლამური კულტურის პრობლემატიკის კვლევა“.
„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ აპირებს ის მუსლიმი თემის ნაწილთან დიალოგს, ზემოთ აღნიშნული პრობლემების ფონზე, აბესალომ ასლანიძე ამბობს, რომ მუსლიმთა კავშირის გამოქვეყნებული წერილი ჯერ არ უნახავს.
„ბათუმში 20-მდე კონფესია მოქმედებს და აქედან ჩემ მიმართ პრეტენზიას გამოთქვამს მხოლოდ მუსლიმური თემის ერთი ნაწილი. თუნდაც მრავალრიცხოვან არასამთავრობო ორგანიზაციას, რამდენად აქვს უნდობლობის გამოცხადების ლეგიტიმაცია, ანუ რამდენად ვალდებული ვართ, რომ მოვუსმინოთ. რამდენად არის ხელისუფლება ვალდებული, რომ თითოეულ ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციას (იგულისხმება მუსლიმთა კავშირი) ჩამოუაროს და ჰკითხოს მისი აზრი, ეს დავნიშნო თუ ის.
ეს არის მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომელმაც შექმნა ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ფონდი, მაგრამ გაცილებით დიდი ჯგუფი და დიდი კონფესიაა მართლმადიდებლობა. ვის მოვუსმინოთ ახლა უფრო მეტად?“ – გვეუბნება აბესალომ ასლანიძე.
მიუხედავად ამ პოზიციისა, აბესალომ ასლანიძე დასძენს, რომ ის სამსახურებრივად ვალდებულია, ნებისმიერ რელიგიურ ჯგუფთან მივიდეს და მოუსმინოს.
„თუ არ უნდათ საუბარი, ეს მათი ნებაა. სად ვნახოთ ისეთი ადამიანი, რომელიც ყველა კონფესიისთვის მისაღები იქნება? ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, ვიღაცას მოვწონვარ თუ არა“, – ამბობს ასლანიძე.
აბესალომ ასლანიძე ამბობს, რომ ის არ არის ახალი მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი. „შეგიძლიათ ნახოთ ჩემი კომენტარები, სტატუსები ფეისბუქში, თუ ერთ სიტყვას მაინც აღმოაჩენთ, რომ მე ვარ მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი, მე პირველი ბოდიშს მოვუხდი როგორც მუსლიმთა კავშირს, ასევე მთლიანად მუსლიმ თემს.
ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო შემდეგი: საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად, არის მუსლიმურ გარემოცვაში, ამ ქვეყნებში გარკვეული პროცესები მიმდინარეობს და ჩემი დაკვირვებით, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა საფრთხილო საქმეა. მოკლედ, ყველა დაინტერესებული მხარე უნდა დასხდეს და განიხილოს, რომ ყველა ეს რისკი იქნას გამორიცხული“.
აბესალომ ასლანიძე
შეგიძლიათ დაასახელოთ ის რისკები, რასაც მეჩეთის მშენებლობაში ხედავთ? – ვკითხეთ აბესალომ ასლანიძეს. ის ამბობს, რომ „საფრთხეები“ სიტყვის მასალად არ გამოუყენებია. „მე ვაკვირდები მიმდინარე პროცესებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ზოგადად, მუსლიმურ სამყაროში მიმდინარე პროცესებს და გამომდინარე აქედან ვხედავ ამ საფრთხეებს. არ გსმენიათ თურქეთში გიულენის ძალებზე, რომელიც მთელ მსოფლიოს ობობას ქსელივით არის მოდებული? სულ არ ვმეზობლობთ ჩვენ სირიასთან, საიდან აღმოჩნდნენ ჩვენი ახალგაზრდები სირიაში ისლამური სახელმწიფოს რიგებში? ამიტომ არის საფრთხეების შემცველი“, – ამბობს ასლანიძე.
მუსლიმთა კავშირის ამავე განცხადებაში ჩამოთვლილია ის მიზეზები, რის გამოც მუსლიმთა კავშირი რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს მიმართ უნდობლობით განაწყობს.
ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების შესასწავლად სამთავრობო კომისია შეიქმნა. სამთავრობო კომისიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობს. მისი მოადგილე კი აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი იქნება. კომისიაში ასევე შედიან აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახა შაშიკაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ქონების მართვის და პრივატიზების უფროსი კობა თედორაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ზაურ ახვლედიანი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ მიზნით თანხის გამოყოფის საკითხზე კომისია პირველ სხდომაზე იმსჯელებს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობა უნდა სთხოვონ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას, ასევე, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს.
სამთავრობო კომისიაში საკითხის შესასწავლად მიიწვევენ ასევე შესაბამისი დარგის სპეციალისტებს, ექსპერტებს ან სხვა დაინტერესებულ პირებს. კომისიის პირველ სხდომაზე, სამუშაო პროცესში ჩართვის მიზნით, მიმართვას გაუგზავნიან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს.
როგორც „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, ექსპერტიზის ბიუროს დახმარებით შეიქმნება ნეშტების დნმ ბაზა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 5 აპრილს გამოაქვეყნა 2017 წელს აღმოჩენილი სამარხიდან ამოღებული ნეშტების ფოტოები. ეპარქიის განცხადებით, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ყოფილი მესამე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი 150 ნეშტი სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა საერთო სამარხიდან იყო.
ეპარქია ნეშტების დაკრძალვას 21 აპრილს აპირებდა. ამ განცხადებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოქალაქეები ითხოვდნენ, ნეშტები სათანადო შესწავლის გარეშე არ დაეკრძალათ. საბჭოთა კვლევის ლაბორატორიამ კი სახელმწიფოს მიმართა თხოვნით –ექსპერტებისთვის ნეშტების შესწავლის საშუალება მიეცათ.
ვეგანების, ვეგეტარიანელებისა და იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საკვებად თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში, უარს ამბობენ ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მოხმარებაზე – დღითიდღე იზრდება.
ვეგეტარიანობა – გულისხმობს საკვები პროდუქტებიდან ხორცის ამოღებას. ვეგეტარიანელები იკვებებიან მხოლოდ მცენარეული საკვებით, ასევე კვერცხით, რძითა და რძის ნაწარმით. ვეგანობა კი ყველა ცხოველური პროდუქტის გამოყენებაზე უარის თქმაა. კვების მიღმა ვეგეტარიანიზმი და ვეგანიზმი ეწინააღმდეგება ცხოველების ან ცხოველური პროდუქტების გამოყენებას ნებისმიერი მიზნით – ადამიანების გამოსაკვებად, გასართობად, ცხოველების ექსპლუატაციას. ვეგანები უარს ამბობენ ისეთი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებაზე, რომელთა უსაფრთხოებაც ცხოველებზე დატესტეს, ტანსაცმლისა და აქსესუარების გამოყენებაზე, რომლებიც ცხოველების ტყავისგან არის დამზადებული და ა.შ.
ადამიანები ვეგეტარიანელობას სხვადასხვა მიზეზით ირჩევენ. მარიამ მუთიძე დაახლოებით სამი წელია, რაც ვეგეტარიანელია. ამბობს, რომ ვეგეტარიანელობა გადაწყვიტა, რადგან მისთვის ძვირფასია არა მარტო ადამიანების, არამედ ყველა სხვა არსებების სიცოცხლეც, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ.
“დაახლოებით ერთი თვეა, რაც გადავწყვიტე ვეგანი გავმხდარიყავი. მივხვდი, რომ ჩემი მსოფლმხედველობისთვის, ჩემი ცხოვრების წესისთვის შესაბამისი იყო. როგორც იდეოლოგია, მსოფლმხედველობა, ვეგანობა ბევრად უფრო ჩამოყალიბებული და პოლიტიკური ნაბიჯია ადამიანის მხრიდან, რადგან ეს გადის უშუალოდ ცხოველის ექსპლუატაციაზე. თუ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ადამიანების შრომითი უფლებების დარღვევას, სამსახურებრივ ადგილზე შევიწროებას, მათი შრომის გამოყენებას, ვეგანობა გულისხმობს იმას, რომ ეს ყველაფერი გავრცელდეს ცხოველებზეც – რომ არ იყვნენ ისინი ჩვენს გასართობად, მხოლოდ ჩვენს დასანაყრებლად. ეს ვრცელდება ცხოველური პროდუქტის მოხმარებაზე, თაფლით დაწყებული, ცხოველის ტყავით დამთავრებული, რაც ცხოველს აქცევს ჩვენი გამოყენების საგნად. ვეგანობა თავის თავში მოიცავს იმასაც, რომ გარდა ხორცის არ ჭამისა, კიდევ ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებ ისეთს, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ცხოველების თავისუფლად და კარგად ცხოვრებას”, – ამბობს მარიამი.
მარიამი ამბობს, რომ ქართულ სამზარეულოში ვეგეტარიანელობა და ვეგანობა დიდი სირთულე არ არის. “მართალია, ბევრი სასარგებლო პროდუქტი, ერთგვარი საკვები დანამატები, ჩვენთან არ იშოვება, თუმცა ქართულ სამზარეულოში საკმაოდ ბევრი პროდუქტია, რაც შეიძლება ინტეგრირდეს ვეგანურ კვებასთან, ფხალეული, ბოსტნეულით გაკეთებული კერძები… ვფიქრობ, ადამიანებს არც ჩვენთან გაუჭირდებათ ვეგანობა”, – ამბობს მარიამი და აქვე განმარტავს, რომ დიდი შეცდომაა ვეგანობა და ვეგეტარიანელობა განიხილო, როგორც დიეტა.
“ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, კვების წესი, ცხოველურ პროდუქტებზე უარის თქმით, ჩვენ ვეხმარებით გარემოსაც, რადგან მეწარმეობა, რომელიც ხორცის წარმოებაზე გადის, ძალიან აბინძურებს გარემოს და კლიმატის ცვლაზე დიდი ზეგავლენა აქვს. კვლევების მიხედვით, თუ შემცირდება ხორცის წარმოება და ჩანაცვლდება ხილ-ბოსნეულის წარმოებით, საკმაოდ გაუმჯობესდება კლიმატური მდგომარეობა”, – ამბობს ის.
29 წლის ალექსეი დრუჟინინი ვეგეტარიანელია. იგი უკრაინიდან ცოლთან, ნელისთან ერთად შვიდი თვის წინ ჩამოვიდა ბათუმში და დაახლოებით სამი თვის წინ, გრიბოედოვის ქუჩაზე, პატარა ვეგეტარიანული კაფე Freeduchio გახსნეს. ალექსეი ამბობს, რომ ისინი თანამოაზრეებს ეძებენ და უკვე მოახერხეს კიდეც მათი პოვნა ამ ქალაქში.
“კაფეში საკმაო რაოდენობის ადამიანი მოდის… გვინდოდა თანამოაზრეები გვეპოვა. აქ ადამიანები მოდიან არა მხოლოდ საჭმლისთვის, არამედ ვეგეტარიანობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველადაც. ზოგჯერ ადამიანები, უბრალოდ, რჩევისთვის მოდიან, როგორ გახდნენ ვეგეტარიანელები. ზოგიერთს აინტერესებს, როგორ გახდეს ვეგანი და სრულად თქვას უარი ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე. ზოგიერთი, უბრალოდ, საურთიერთობოდ მოდის, რადგანაც თანამოაზრეები ვართ”, – ამბობს ის.
ალექსეი განმარტავს, რომ ვეგეტარიანელობა არის ცხოვრების სტილი და აზროვნების ფორმა: “როცა შენ ფიქრობ მსოფლიოზე, გინდა, რომ იგი უკეთესი გახადო არა მარტო იმით, რომ რაღაცას არ ჭამ, არამედ იმითაც, რომ, მაგალითად, ქაღალდს არ აგდებ ქუჩაში, პლასტმასს არ იყენებ… აი, ეს არის ჩვენთვის ვეგეტარიანელობა, როცა მსოფლიოს ხდი უკეთესს და ცდილობ, პარალელურად, შენ ირგვლივ ადამიანები შეცვალო ცხოვრებისა და აზროვნების ამ სტილის პროპაგანდით”.
ალექსეი და ნელი ცდილობენ, არავეგეტარიანელ ადამიანებს დაუმსხვრიონ მითი იმის შესახებ, თითქოს ასეთი კვება მხოლოდ ბალახის ჭამას გულისხმობდეს: “გვინდა, რომ ის პოსტულატი, რაც ადამიანებს აქვთ თავში, რომ ვეგეტარიანელობა არის რაღაც ბალახისა და ბოსტნეულის ჭამა, დავამსხვრიოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კერძი, რომლებსაც ის ადამიანებიც მიირთმევენ, რომლებიც არ არიან ვეგეტარიანელები. ამიტომ ძალიან გვაინტერესებს დავამკვიდროთ თუნდაც მხოლოდ კვების ეს ფორმა იმ ადამიანებში, რომლებიც ჭამენ ცხოველურ პროდუქტებს და სურთ რაღაც ახლის გასინჯვა”.
ნელიმ ალბასოვამ, ხორცზე თავიდან იმის გამო თქვა უარი, რომ მოიწამლა. თუმცა მალევე მიხვდა, რომ ასეთი რაციონი მის ჯანმრთელობაზე კარგად აისახებოდა: “სამი წლის წინ გავხდი ვეგეტარიანელი. სინამდვილეში ეს შემთხვევით გამოვიდა. მოვიწამლე და მომიწია უარი მეთქვა რაღაც დროით ხორცზე, მაგრამ როცა მასზე უარს ამბობ, ხვდები, რომ უხორცოდ უფრო მსუბუქად ხარ და თავისუფლად შეგიძლია მის გარეშე ცხოვრება. თავიდან უარი ვთქვი ხორცზე, შემდეგ თევზზე, შემდეგ სხვა დანარჩენზე. რაღაც დროით რაციონში მქონდა ზღვის პროდუქტები, ციცრის კვერცხი, ქათმის კვერცხს ისეც არასოდეს ვჭამდი. ხორცზე უარს ამბობ და ხვდები, რომ თავს უკეთესად გრძნობ, შეგიძლია მშვიდად იცხოვრო „ბალახზეც“, როგორც ყველა ეძახის”, – ამბობს ნელი.
“ყველას ერთი და იგივე კითხვა აქვს – საიდან ვიღებთ იმ ნივთიერებებს, რაც ხორციდან შეიძლება მივიღოთ, ცილა, ამინომჟავები… ადამიანებს, რომელთაც მშობლები ბავშვობიდან აჭმევდნენ ხორცს, თევზს, კვერცხს, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ამ ყველაფრის გარეშე შეიძლება იყო ჯანმრთელი. მაგალითად, როცა ხორცის ჭამა შევწყვიტე, წელიწადში 15 კილო დავიკელი. ეს უკვე არის საჩვენებელი შედეგი. როცა მეკამათებიან იმაზე, რომ უხორცოდ არ შეიძლება, ვეკითხები – გიცდია ხორცის გარეშე ცხოვრება? როცა მპასუხობენ რომ არა, ვთავაზობ ერთი კვირა სცადონ, შემდეგ კი შთაბეჭდილებები გამიზიარონ. სიმართლე გითხრათ, იშვიათად ცდიან ასე, მაგრამ იყო ჩემს პრაქტიკაში შემთხვევები, როცა ადამიანები დამთანხმდნენ და რაღაც დროით ხორცზე უარი თქვეს, შემდეგ კი სულ შეწყვიტეს მისი გამოყენება”.
საკურას, იაპონური ალუბლის ხეების დარგვა ბათუმში რამდენიმე წლის წინ დაიწყეს.
იაპონელებს მიაჩნიათ, რომ გაზაფხული საკურას ყვავილობით იწყება. იაპონური ალუბალი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ყვავის და იაპონიაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სეზონურ დღესასწაულად მიიჩნევა.
იაპონიაში ყოველი წლის გაზაფხულზე ადგენენ საკურას ყვავილობის რუკასა და პროგნოზს, სადაც ზუსტადაა აღნიშნულია, რომელ ქალაქში როდის ყვავის ალუბალი. ინიშნავენ პირველი ყვავილობის დღესაც, როცა ხის 5-6 კვირტი მაინც იშლება, ამ დღიდან ერთ კვირაში საკურა სრულ ყვავილობას იწყებს, ბაღებში ეწყობა პიკნიკები და სახალხო სეირნობები. საკურას სრულ ყვავილობად მიიჩნევა დღეები, როცა ხის კვირტების 80 % უკვე გაშლილია.
ფოტო: ბათუმის ბულვარიფოტო: ბათუმის ბულვარიფოტო: ბათუმის ბულვარიფოტო: ბათუმის ბულვარი
17 აპრილს, 16:30 საათზე, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში გაიმართება კონფერენცია „თავისუფალი სიტყვა“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ამ ფორმატში სტუდენტებს შეხვდება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ჟვანია. ორგანიზატორების ინფორმაციით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საინფორმაციო კამპანია – „თავისუფალი სიტყვა“, წელს პირველად ტარდება.
გარდა ბათუმისა, „კამპანიის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს ყველა რეგიონული უნივერსიტეტის სტუდენტებთან (ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, თელავი), სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით იქ მცხოვრები სტუდენტების მოსაზრებების გასაგებად და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობაზე სასაუბროდ.
24 აპრილს კი ექსპერიმენტული თეატრის შესრულებით თბილისში გაიმართება ეტიუდი – „თავისუფალი სიტყვა“.
იმავე დღეს, პროექტის ფარგლებში, თბილისში დაგეგმილია კონფერენცია, სადაც მომხსენებლები იქნებიან ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, კინომცოდნე გოგი გვახარია, ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი…
კამპანია „სიტყვის თავისუფლების კონფერენცია 2019 – #FreedomofSpeech2019“-ს მხარს უჭერს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი. კამპანია ორგანიზებულია ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა (EGI) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ.
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი გადაიდო.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მოგახსენებთ, რომ 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა დაკრძალვა დაგეგმილი იყო ა/წ 21 აპრილს.
მოსამზადებელი სამუშაოების გამო დაკრძალვის თარიღი გარკვეული ვადით გადაიდო, რადგანაც იქმნება სამთავრობო კომისია, ასევე მოწვეულია სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ჯგუფი, რომელიც შექმნის დნმ-ისათვის საჭირო ბაზას და სამომავლოდ შთამომავლებს შესაძლებლობა ექნება დნმ-ის ანალიზის საშუალებით წინაპართა იდენტიფიცირების.
დაკრძალვის ადგილსა და თარიღს წინასწარ გაცნობებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 5 აპრილს გამოაქვეყნა 2017 წელს აღმოჩენილი სამარხიდან ამოღებული ნეშტების ფოტოები. ეპარქიის განცხადებით, ეს 150 ნეშტი სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა საერთო სამარხიდან იყო.
ეპარქია ნეშტების დაკრძალვას 21 აპრილს აპირებდა. ამ განცხადებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოქალაქეები ითხოვდნენ, ნეშტები სათანადო შესწავლის გარეშე არ დაეკრძალათ. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამკი სახელმწიფოს მიმართა, მოთხოვნით – ექსპერტებისათვის ნეშტების შესწავლის საშუალება მიეცათ.
__________
მთავარ ფოტოზე: ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე აღმოჩენილი ნეშტები. შოთა გუჯაბიძის ფოტო
ბათუმში, თამარის დასახლებაში მცხოვრები ოთარ ჯაიანი მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს საკუთრებაში ათ წელზე მეტია ვერ ირეგისტრირებს. მიზეზი საკადასტრო საზღვრებია, რომლითაც ჯაიანის მფლობელობაში არსებული ქონების ნაწილი შპს GEOFIBRE-ს საკუთრებაშია მოქცეული. ამ კომპანიამ მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 2013 წელს შეიძინა.
ოთარ ჯაიანის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ოთარ ჯაიანს და მის მეუღლეს აქვთ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. საცხოვრებელ სახლში რეგისტრაციის უქონლობის გამო შეყვანილი არ არის ბუნებრივი აირი. ოჯახი, რეგისტრაციის უქონლობის გამო, ვერ სარგებლობს მუნიციპალიტეტში არსებული სამედიცინო და სხვა სოციალური პროგრამებით… 2002 წლიდან დღემდე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისთვის მიმართვის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ჯაიანის საცხოვრებელი სახლის რეგისტრაცია“.
„გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, შპს GEOFIBRE-ს საკადასტრო საზღვრებშია ოთარ ჯაიანის მფლობელობაში არსებული სახლის 35 კვ.მ ფართობი, თუმცა საცხოვრებელი სახლი მდებარეობს GEOFIBRE-ს მიერ შემოსაზღვრულ ბეტონის ჯებირს მიღმა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, კომპანიას შესთავაზეს საკუთარი სახსრებით ნახაზის მომზადება და საკადასტრო საზღვრების კორექტირება, კომპანიასთან შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. მით უმეტეს, საზღვრების კორექტირებით კომპანია იმ 35 კვ.მ-ს არ დაკარგავდა.
საზღვრების კორექტირების გარეშე კი, „გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქალაქ ბათუმის საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვერ ახერხებს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას ოთარ ჯაიანის საკუთრებად. ამ ტერიტორიაზე ჩასახლებულ სხვა ოჯახებს კი, საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცათ.
ოთარ ჯაიანი თამარის დასახლებაში სულ 96 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს. 2008 წელს ბათუმის მერიასა და ოთარ ჯაიანს შორის მემორანდუმიც გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, ბათუმის მერია იღებდა ვალდებულებას, აღნიშნული მიწის ნაკვეთის განკარგვაზე გამოეცხადებინა აუქციონი, სადაც ერთ-ერთ პირობად განისაზღვრებოდა ოთარ ჯაიანის ოჯახისთვის 50 კვ.მ ფართობის ბინის საკუთრებაში გადაცემა.
მიუხედავად ამისა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიწის ნაკვეთი 2013 წელს ისე გაყიდა, რომ არც მემორანდუმი და არც ფაქტობრივი გარემოება არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, გაყიდული ნაკვეთის საზღვრებში ჯაიანის საცხოვრებელი სახლის ნაწილიც მოექცა.
საკითხზე რეაგირების თხოვნით „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ განცხადებით ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ოთარ ჯაიანის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ნაწილი მოქცეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განკარგულ, ამჟამად შპს GEOFIBRE-ს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში, გთხოვთ, თქვენს რეაგირებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებაში დასმულ საკითხებზე,“ – აღნიშნულია ლაშა კომახიძის წერილში, რომელიც მერმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს გაუგზავნა.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მერის წერილი მიღებულია წარმოებაში და ამ ეტაპზე საკითხს სწავლობენ.
ოთარ ჯაიანი თავის საცხოვრებელ სახლთან / 15.04.2019
„ლიფტი დილიდან გამოსულია მწყობრიდან (ადგილზე მისულმა გავიგე), ანუ შეუძლებელია მისი გამოყენება“, – წერს თომა კაკაბაძე, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ეტლით მოსარგებლეა.
„ამ ლიფტით სარგებლობის აუცილებლობა აქვს სულ რამდენიმე ადამიანს და ასეთი შემთხვევების დროს, აუცილებლად მოგვაწოდეთ ინფორმაცია სარემონტო სამუშაოებთან ან გაუთვალისწინებელ შემთხვევასთან დაკავშირებით, სმს-ით, დარეკვით ან რაიმე ფორმით, რადგან ავტოტრანსპორტის არაეფექტიანად მუშაობის გამო, ისედაც 6 კილომეტრის გავლა მიწევს, რომ უნივერსიტეტამდე მოვიდე“, – წერს ის ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
თომა კაკაბაძე აქვე წერს ადაპტირებული ლიფტის ხარვეზებზეც.
თომა კაკაბაძის თქმით, ლიფტში ორივე მხარეს უნდა დამონტაჟდეს ღილაკები, სპეციალური ბარათის წამკითხველი კი დამონტაჟდეს 20-25 სანტიმეტრით დაბლა, ვიდრე დღეს არის.
„დამოუკიდებლად გამოყენებისთვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციები, რომ არ მიწევდეს ლიფტით ყოველი სარგებლობის დროს ვინმეს შეწუხება“.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ლიფტი კვირას არ მუშაობდა, „თუმცა ტექნიკოსებმა შეაკეთეს და ახლა უკვე ჩართულია“. თომა კაკაბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დღეს 15 აპრილს, ლიფტი 4 საათამდე გამორთული იყო.
უნივერსიტეტში პანორამული ლიფტი გასულ წელს დაამონტაჟეს.
ბათუმის საავადმყოფოებში ბოლო პერიოდში გარდაცვლილი 7 პაციენტის ახლობლები დღეს, 15 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრაზე გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს სამინისტროს რეაგირება მომხდარ ფაქტებზე და მოსთხოვეს მინისტრს, ზაალ მიქელაძეს, მიმართოს საქართველოს პარლამენტს, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის პაციენტების დაღუპვის მიზეზებს. ასევე დაიწყება სამედიცინო დაწესებულებებისა და მედპერსონალის კვალიფიკაციის შესწავლა.
დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით შემუშავდება მიმართვის ტექსტი, რომელიც შევა პარლამენტის შესაბამის კომისიაში რეაგირებისთვის. თუმცა, როგორც საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე ანა მდინარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ საკითხზე ჯერ კონსულტაციები მიმდინარეობს და ამის შემდეგ გადაწყვეტს ორგანიზაცია თუ რა ტიპის რეაგირება ექნებათ.
გარდაცვლილი 6 წლის ბავშვის დედა მინისტრთან შეხვედრაზე
ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები საუბრობდნენ კონკრეტულ დეტალებსა და ფაქტებზე, რის გამოც ისინი გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ მათი ოჯახის წევრების დაღუპვის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ექიმის მხრიდან გულგრილობა ან არაკვალიფიციურობა.
შვიდი გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს წინ, რამდენჯერმე გადაკეტეს საავტომობილო მაგისტრალიც. ისინი, როგორც თავად აცხადებენ, პაციენტების გარდაცვალების მიზეზების გამოძიებას და იმ პირების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ, ვისი მიზეზითაც დაიღუპნენ პაციენტები.
გარდაცვლილი პაციენტების ახლობლებმა საპროტესტო აქცია გუშინ, 14 აპრილსაც გამართეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან. აქციაზე მივიდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, რომელსაც აქციის მონაწილეებმა კონკრეტული მოთხოვნები წაუყენეს.
გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრები ექიმების გულგრილობასა და არაკვალიფიციურობაზე საუბრობენ. ისინი თითოეული ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ. ფოტო: ლელა დუმბაძის
გარდაცვლილი პაციენტების ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა ზაალ მიქელაძესთან შეხვედრაზე თავიანთი მოთხოვნები ექვსპუნქტად ჩამოაყალიბეს:
შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის ყველა გარდაცვლილის საქმეს. კომისიაში ჩართონ გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრები ან მათი წარმომადგენლები. ყველა საქმე განიხილონ ინდივიდუალურად, გარდაცვლილის ახლობლის ჩართულობით. კომისიის დაკომპლექტება მოხდეს ჩვენთან შეთანხმებით, ჩვენთვის სანდო ადამიანებით, კომისიის შექმნა განისაზღვროს 30 აპრილამდე.
პირადად საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, აიღოს პასუხისმგებლობა ამ საქმეების გამოძიებაზე. თქვენი (ზაალ მიქელაძის) დახმარება იქნება საჭირო, რომ ინფორმაცია მიიტანოთ დავით სერგეენკომდე.
შეისწავლონ რეგულირების სააგენტოს კომისიის წევრების საქმიანობა და მოგვეწოდოს სანდო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები არ არიან მიკერძოებული გამოძიებისას და არ იცავენ კონკრეტული ექიმის ინტერესებს.
კლინიკებში აუდიტის შესვლა, სამედიცინო აღჭურვილობისა და ექიმების პროფესიონალიზმის შესწავლა. „ნამდვილად პროფესიონალები არიან თუ არა ექიმები ამის შესწავლა უნდა მოხდეს, რადგან შეიძლება კლინიკა ტექნიკურად აღჭურვილი იყოს, მაგრამ ექიმი იყოს არაკვალიფიციური“.
პირველ ეტაპზე დაიწყოს გამოძიება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაანონსებთ ფართომასშტაბიან აქციებს. ასევე მოვითხოვთ, რომ ჩვენი განცხადება შევიდეს პარლამენტში და ჩვენს მოთხოვნებს შეხედონ სერიოზულად.
გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ საქართველოს პარლამენტის სპეციალურმა კომისიამ დაიწყოს ყველა გარდაცვლილი პაციენტის საქმის შესწავლა. ასევე, აუდიტის სამსახურმა დაიწყოს სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის შესწავლა.
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, მაიაკოვსკის ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მუნიციპალური მარშრუტები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით:
#1 – აღმაშენებლის ქ, კობალაძის ქ, ხიმშიაშვილის ქ, რუსთაველის ქ, გოგებაშვილის ქ, ბაქოს ქ, ნონეშვილის ქ, მაიკოვსკის ქ, ბაგრატიონის ქ, შავშეთის ქ, წერეთლის ქ, ჭავჭავაძის ქ, თავდადებულის ქ, ბაგრატიონის ქ, ლერმონტოვის ქ, ორბელიანის ქ, ლეონიძის ქ. აღმაშენებლის ქ.
#1ა – აღმაშენებლის ქ, ლეონიძის ქ, ორბელიანის ქ, ლერმონტოვის ქ, ბაგრატიონის ქ, თავდადებულის ქ, ჭავჭავაძის ქ, წერეთლის ქ, შავშეთის ქ, ბაგრატიონის ქ, მაიაკოვსკის ქ, ნონეშვილის ქ, ბაქოს ქ, გოგებაშვილის ქ, რუსთაველის ქ, ხიმშიაშვილის ქ, კობალაძის ქ, აღმაშენებლის ქ.
#4 – აღმაშენებლის ქ, კობალაძის ქ, ინასარიძის ქ, ფიროსმანის ქ, გორგილაძის ქ, ბარათაშვილის ქ, წერეთლის ქ, შავშეთის ქ, ბაგრატიონის ქ, მაიკოვსკის ქ, სვიშევსკის ქ /ქვედა სალიბაური
უკუმიმართულება: სვიშევსკის ქ /ქვედა სალიბაური, მაიაკოვსკის ქ, ბაგრატიონის ქ, შავშეთის ქ, ბაქოს ქ, ჭავჭავაძის ქ, ბარათაშვილის ქ, გორგილაძის ქ, ფიროსმანის ქ, ინასარიძის ქ, კობალაძის ქ, აღმაშენებლის ქ, ტაბიძის ქ, ლეონიძის ქ, აღმაშენებლის ქ.
#8 – აღმაშენებლის ქ, ტაბიძის ქ. ლეონიძის ქ, ორბელიანის ქ, ჯავახიშვილის ქ, ბაგრატიონის ქ, შარტავას ქ, აბუსერიძის ქ, ჭავჭავაძის ქ, წერეთლის ქ, შავშეთის მაიაკოვსკის ქ, გოგოლის ქ, თამარ მეფის გზატკეცილი, ბაღის ქუჩა.
უკუმიმართულება – იგივე.
#15 – ზედა ღელე, გენერალ აბაშიძის ქ, ორბელიანის ქ, ს.ხიმშიაშვილის ქ, ბაგრატიონის ქ, მელიქიშვილის ქ, რუსთველის ქ, გოგებაშვილის ქ, ბაქოს ნონეშვილის ქ, ქათამაძის ქ. ლორთქიფანიძის ქ, კაზინეთის ქ.
Tbilisi Hills Golf & Residences-ის ახლადაშენებული კომპლექსი ოფიციალურად 6 თვის წინ გაიხსნა, 13 აპრილს კი გოლფის სეზონის საზეიმო გახსნის ღონისძიება ჩატარდა. თიბისისა და Tbilisi Hills Golf & Residences-ს შორის არსებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საცხოვრებელი და ინფრასტრუქტურული კომპლექსის 2 ფაზის მშენებლობა უკვე დაფინანსდა. გარდა კორპორატიული საბანკო მომსახურებისა, ბანკი მხარს უჭერს დეველოპერულ კომპანიას კონსულტაციების კუთხითაც.
კორპორატიული საბანკო მომსახურების პარალელურად, თიბისი Tbilisi Hills Golf & Residences-ს იპოთეკური ცენტრის მომსახურებასაც სთავაზობს. ექსკლუზიურად თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის Tbilisi Hills Golf & Residences-ის ვილებზე და აპარტამენტებზე ფასდაკლება გავრცელდება, განსაკუთრებული პირობები იმოქმედებს, როგორც იპოთეკურ სესხებზე, ასევე ბინის ერთიანად გადახდის შემთხვევაში.
„მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა საზოგადოებას ჩვენი პარტნიორობის შესახებ ვაუწყოთ. თიბისი ბანკი თავისი კორპორატიული მომსახურებით მხარში უდგას Tbilisi Hills Golf & Residences-ს. დღეიდან კი, თიბისის მომხმარებლებს მიეცემათ საშუალება ექსკლუზიურ ფასად შეიძინონ საცხოვრებელი ჩვენს უნიკალურ კომპლექსში,“ – განაცხადა სეზონის გახსნის ღონისძიებაზე „AS Skinest Group”-ის და თბილისი ჰილსის მმართველმა და მთავარმა დამფუძნებელმა ოლეგ ოსინოვსკიმ.
Tbilisi Hills Golf & Residences საცხოვრებელი და ინფრასრუქტურული კომლექსია, რომელიც 331 ჰექტარზე თბილისში, კრწანისის რაიონში მდებარეობს. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ ობიექტებს და ყველაზე დიდ გოლფის მოედანს საქართველოში. იგი მოიცავს 350-ზე მეტ ვილას, 70-ზე მეტ თაუნჰაუზს, 800-მდე აპარტამენტს და ინფრასტრუქტურულ ობიექტს.
თბილისი ჰილსი უნივერსალური კონცეფციაა, რომელიც აგებულია არა მხოლოდ ინტერიერის ესთეტიკაზე, არამედ ეკომეგობრულ კონცეფციაზეც, რაც საქართველოში დეველოპერული კომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. კომპლექსს აქვს 180 გრადუსიანი ხედი ქალაქზე და სუფთა ჰაერი, ხოლო გარემოს ათვისება თანამედროვეობის მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება. ეს არის, როგორც საცხოვრებელი, ასევე დასასვენებელი კომპლექსის უნიკალური შერწყმა.
Tbilisi Hills Golf & Residences „AS Skinest Group“ – ის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან მუშაობს. იგი მოიცავს ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიც არის რკინიგზა, ბიზნეს-მიმართულება, ჰიდროელექტრო სადგურები ა.შ. „AS Skinest Group“ პირველი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ქალაქის მახლობლად ცხოვრების ახალ სტილს ამკვიდრებს, სადაც იქნება სივრცე საცხოვრებლად, რელაქსაციისა და გართობისათვის.
თიბისი „AS Skinest Group“-ს მხარს უჭერს საქართველოში შემოსვლის დღიდანვე. თიბისისთვის უძრავი ქონების სფეროს განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ახლახანს ბანკმა გამოუშვა ამ სფეროს პირველი კომპლექსური ანალიზი და დეველოპერებს უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილა და მომავლის ტენდენციები გააცნო.
დღეს, 15 აპრილს, მრჩეველთა საბჭო აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძის კვარტალურ ანგარიშს უსმენს.
ნათია კაპანაძემ მრჩეველთა საბჭოს მუშაობის მთავარი შედეგები წარმოუდგინა:
სხდომას არ ესწრება საბჭოს წევრი ირაკლი დარცმელიძე, რომელმაც საბჭოს კიდევ ერთ წევრთან, გიგა ჩხარტიშვილთან ერთად 10 აპრილს მოითხოვა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი.
ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს.
ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ პოსტზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დრო დარჩა.
ხულო-ზარზმის ახალი გზის მშენებლობის გამო დაბა ხულოში, ასევე ხულოს სოფლებში: დანისპარაულში, დიაკონიძეებში და დიოკნისში მესაკუთრეებს მიწას ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ.
საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი, რომლებიც პროექტის არეალში მოექცა, ჯამში 1 133 კვ.მ-ია.
აქედან:
168 კვ.მ იწის ნაკვეთი და მასზე არსებული უძრავი ქონება დაბა ხულოში, მ. აბაშიძის ქ. № 31-ში მდებარეობს. მესაკუთრე გოჩა პაქსაძე;
150 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული უძრავი ქონება მდებარეობს სოფელ დანისპარაულში. თანამესაკუთრეები: აზა მიქელაძე, თამარა მიქელაძე, ლეო მიქელაძე, ნათია მიქელაძე, ნანა მიქელაძე, ნიკა მიქელაძე, ნინიკო მიქელაძე, რამაზ მიქელაძე;
40 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ დიაკონიძეებში. მესაკუთრე როინ სოლომონიძე;
775 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული უძრავი ქონება კი სოფელ დიოკნისში მდებარეობს. მესაკუთრეები: თეონა შავაძე, მინდია შავაძე, ნათია შავაძე.
„პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვის შესახებ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირებთან. დასახელებული გარემოება კი შეუძლებელს ხდის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროცედურების სრულყოფილად განხორციელებას და საავტომობილო გზის მშენებლობა/რეკონსტრუქციას“, – აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 4 აპრილის ბრძანებაში, რომელსაც ხელს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე მიქაბაძე აწერს.
ამ ბრძანებით ექსპროპრიაციის უფლება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა.
მინისტრის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების [2019 წლის 12 აპრილი] ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულო-ზარზმის გზის სარეაბილიტაციოდ მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია როგორც ხულოს, ასევე, ზარზმის მხრიდან. „რაც შეეხება ინტენსიურ სამუშაოებს, აპრილის ბოლოს, უფრო მაისის თვიდან დაიწყება“, – აცხადებენ დეპარტამენტში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 15 აპრილის 21 საათიდან 16 აპრილის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელჭექი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში ღამით და დილით – ზოგან 17-22 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 12 – 17 გრადუსი
ღამით: 5 – 10 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 5-10 გრადუსი
ღამით: 0-5 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 17-18 აპრილს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები.
„საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს – აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე,“ – ნათქვამია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას, ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძო სანერგეებში გამოყვანილ ბზას სთავაზობს. ამასთან, ეროვნული სატყეო სააგენტო მიმდინარე, 2019 წელსაც აგრძელებს ბზის საკონსერვაციო და მავნებელის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა ალტერნატიული ღონისძიების გატარებას.
„ჩვენ ვართ ორგანიზატორები“ – ამ სიტყვებით მიმართავენ ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე [„კარფურთან“] შეკრებილი მოქალაქეები პოლიციელებს. ისინი ქუჩის გადაკეტვას ცდილობენ. აქციის მონაწილეები ასახელებენ კონკრეტული ექიმების გვარებს და მათ დასჯას ითხოვენ. ქუჩაში საპროტესტო მსვლელობას ბოლო პერიოდში ბათუმის საავადმყოფოებში გარდაცვლილი 7 პირის ახლობლები აწყობენ. აქცია ამ წუთებშიც [2130] გრძელდება.
„ეს არის დამპალი სისტემა“, „თქვენ ყველა ერთ სისტემას ემსახურებით“, „მე ვარ ორგანიზატორი და დამაკავეთ“, – მიმართავენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს.
აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ მათთან შესახვედრად რამდენიმე წუთში მივა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.
გარდაცვლილების ახლობლების აქცია/საავადმყოფო/ექიმი
გარდაცვლილი პაციენტების ახლობლების აქცია დღეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან დაიწყო და შემდეგ ქალაქის ერთ-ერთ მთავარ გზატკეცილზე გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები დროულ გამოძიებას და კონკრეტული ექიმების დასჯას ითხოვენ.
ამ წუთებში [20:40; 14 აპრილი] ბათუმში აქცია-მსვლელობა იმართება. სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილი 7 ადამიანის ახლობლები ქუჩაში გამოვიდნენ. როგორც “ბათუმელებს” აცნობეს, ეს მოქალაქეები აპირებენ ქუჩის გადაკეტვას, რომ ხელისუფლების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქციონ.
გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები დღეს თავდაპირველად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. მოქალაქეები გარდაცვლილი პაციენტების საქმეების გამოძიების გაჭიანურებას აპროტესტებენ.
“არ ვიცი, რას ვიზამ, ჩემი შვილის მკვლელი სადმე რომ შემხვდეს. ის არავის დაუსჯია,” – ამას ანრი ბერიძის დედა, შორენა იაკობაძე. დღეს, 14 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან ბოლო პერიოდში სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილი 7 ადამიანის ახლობლები შეიკრიბნენ.
“გვაქვს თუ არა გამოძიების უფლება?”- ეს ერთ-ერთი ტრანსფარანტია, რაც შეკრებილებმა საპროტესტო აქციაზე გამოფინეს. ისინი სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც კლინიკებში გარდაცვლილი ადამიანების საქმეებს შეისწავლის. შეკრებილები ასევე ითხოვენ დროულ და ეფექტურ გამოძიებას.
“ჩემი ძმის, ზუკა ფაღავას საქმეზე ექიმს მხოლოდ 19 დღით შეუჩერეს ლიცენზია… ეს არაა დასჯა. 23 დღით რომ დაესაჯათ მინიმუმ, ჩხობაძე ელზა გადარჩებოდა. მასაც იგივე ექიმი მკურნალობდა,”- ამბობს ანა ფაღავა.
აქციაზე ზუკა ფაღავას მამაც იმყოფებოდა.
“მარტო ლიცენზიის შეჩერებაც არ კმარა. უნდა დაისაჯოს ექიმი ციხეში ჩასმით,” – გვითხრა მან.
“პროკურატურისგან ვერაფერს გაიგებ… ექსპერტიზა არ ჩატარებულა, მაგრამ თანახმა ვართ ეგზუმაციაზე ახლაც… “მედცენტრი” გაჩუმების სანაცვლოდ თანხას გვთავაზობდა – 20 ათას ლარს. გამოძიებას მივაწოდეთ ინფორმაცია, მაგრამ არავინ დაუკითხავთ,” – გვიყვება ლია ლომთათიძე.
აქციაზე იყო 6 წლის საბა კიწმარიშვილის ოჯახიც. მათ აქციაზე ეს შეკითხვა გაუჩნდათ:
“ჩვენ ვაპირებდით მიგვემართა სამედიცინო რეგულირების სააგენტოსთვის, მაგრამ ახლა ვფიქრობ: უნდა მივმართოთ? ვინც მიმართა, რა ქნა? სადაა შედეგი?” – კითხულობს მარიამ საფარიძე, საბა კიწმარიშვილის მამიდა.
რამდენი ექიმის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა სამედიცინო საქმიანობის გამო? – ეს ინფორმაცია “ბათუმელებმა” პროკურატურისგან გამოითხოვა, საიდანაც მივიღეთ პასუხი, რომ “მსგავს მონაცემებს პროკურატურა არ ამუშავებს”.
საპროტესტო აქცია ბათუმში მარტში მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ დაიგეგმა.
29 წლის მელანო ფუტკარაძე 21 მარტს ღამით მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით გარდაიცვალა “მედცენტრში”. გარდაცვლილის ახლობლებს პრეტენზია რეფერალურ საავადმყოფოსთან აქვთ, სადაც მელანო ფუტკარაძე სამკურნალოდ თავდაპირველად მივიდა. საპროტესტო აქციების შემდე, ექიმმა, ვისთანაც მელანო ფუტკარაძე თავდაპირველად მივიდა, უფლებამოსილება შეიჩერა. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით გრძელდება, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას. შემთხვევას ასევე სწავლობს სამედიცინო რეგულირების სააგენტო.
გარდაცვლილი პაციენტების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან
ისტორიულ „მეიდან ოდაში“ სპეციალისტები და ისტორიკოსები ისევ არ გამოჩენილან. ქედაში, სოფელ ზუნდაგაში მდებარე ისტორიული სახლებისა და სტუმარმასპინძლობის აჭარული ტრადიციის შესახებ „ბათუმელები“ 2015 წელს წერდა. „მეიდან ოდა“ მალხაზ ვერძაძის სახლის ეზოშია. „ყოველდღიურად ნადგურდება, ხანდახან ავდივარ და ვნახულობ,“ – წუხილით გვითხრა მან, როცა ჭიშკართან შემოგვეგება.
„მეიდან ოდას“ ძველად აჭარაში სასტუმრო ოთახს ეძახდნენ. ზუნდაგა ისტორიულ საქარავნე გზაზე მდებარეობდა. ამ სოფელში ახლაც იციან, რომ სახლში ერთი ოთახი „სასტუმროა“ ანუ იგივე „მეიდან ოდა“ და ის განსაკუთრებული უნდა იყოს. ამავე სოფელში კი, ერთ-ერთი სახლის ეზოში, ცალკე დგას „მეიდან ოდა“. მასპინძელი ირწმუნება, რომ ეს „მეიდან ოდა“ ორ საუკუნეზე მეტი ხნისაა.
„აქ ნახეთ, ძველი არაბული წარწერებია,“ – მიყვება მალხაზი და მეორე სართულზე ქვის ბუხრის გვერდით, ხის კედელზე გაკეთებული წარწერისკენ მიმითითებს. დანანებით ამბობს, რომ დღემდე ვერც ის გაიგო, რაა დაწერილი მისი „მეიდან ოდის“ კედელზე.
„ალბათ, სტუმარმა დაწერა, ან მოეწონა აქაურობა, ან – არა, რა ვიცი,“ – მხრებს იჩეჩავს მალხაზ ვერძაძე და ძველი ნივთების გადაწყობას ცდილობს. რადგანაც ისტორიული „მეიდან ოდა“ ჯერ კიდევ არავის აინტერესებს, მალხაზის ოჯახი მას სათავსოდ იყენებს.
„მეიდან ოდაში“ ერთი შესასვლელი და ორი ოთახია. პირველი სართული ქვითაა ნაშენი, მეორე – წაბლის ხით. სახლს მხოლოდ ვიწრო სარკმელი აქვს.
„ეს იმიტომ, რომ სოფელს ჭრაქის შუქი შეენიშნა და მიმხვდარიყვნენ, რომ სტუმარი მოვიდა,“ – საკუთარ ვარაუდს გამოთქვამს მალხაზი. ოდის ერთ მხარეს მალხაზს აივანი მოუწყვია და სკები დაუდგამს.
ზუნდაგაში „მეიდან ოდას“ გარდა კიდევ რამდენიმე ისტორიული სახლია. უცხოელი თუ ქართველი ტურისტები აქაურობის იშვიათი სტუმრები არიან, რადგან ზუნდაგა ტურისტულ რუკაზე ჯერ არ გააქტიურებულა. არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ან რომელიმე სხვა უწყებას დაუწყია აქ შემორჩენილი სიძველეების კვლევა-ძიება.
მალხაზ ვერძაძის სურვილია, ბიზნესიც დაინტერესდეს „მეიდან ოდით“ და ისტორიულ შენობაში შესაძლებელია ახალი სასტუმრო მოეწყოს. მან ასევე იცის, რომ თავდაპირველად სპეციალისტების ჩართვაა საჭირო, რომ ოდის სიძველე დადასტურდეს.
„მამაჩემი ამბობს, ჯობია დავანგრიოთო, მაგრამ მე არ ვანებებ, ვერ დავანგრევ,“ – ასრულებს მასპინძელი და რკინის კიბეს, რითაც მეორე სართულზე ავედით, ისევ აცლის თაღოვან კარს. მალხაზი კიბეს ისევ „მეიდან ოდის“ პირველ სართულზე ათავსებს მორიგი სტუმრის მოლოდინში.
გორგილაძის ქუჩის დასაწყისში რესტორანი „ლევილის“ წინ რკინის ბოძები გაჩნდა. რესტორანში ამ ეტაპზე მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. რესტორნის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ განმარტების გაკეთებას მენეჯერი ორშაბათს შეძლებნს.
ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ მშენებლობა რესტორანმა უნებართვოდ დაიწყო.
„ეს არის უნებართვო მშენებლობა. გუშინ დაიწყეს და გუშინვე „ლევილი“ 500 ლარით დავაჯარიმეთ. მოშალეს კონსტრუქციის ნაწილი და დანარჩენს დღეს მოხსნიან. თუ თვითონ ვერ გააკეთებენ, ჩვენი სამსახური უზრუნველყოფს ამას,“ – გვითხრა ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორმა, ჯუმბერ კობალაძემ.
ტროტუარზე ანალოგიური კონსტრუქციის მშენებლობაზე ბათუმის მერიამ ნებართვა გასულ წელს რესტორან „მიუნხენს“ მისცა ქუთაისის ქუჩაზე.
გურიაში, სოფელ შემოქმედთან ახლოს შერეული ტყე იწვის. ამ დროისთვის დამწვარია დაახლოებით 15 ჰექტარი ტერიტორია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება მალე მოხდება.
ამავე სამსახურის ცნობით, ხანძრის ჩაქრობას 70 მეხანძრე ცდილობს. ადგილზე მუშაობენ აჭარიდან ჩასული ჯგუფებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ცეცხლთან, ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელ მოპყრობით.
ბათუმში, ხიმშიაშვილის და კომახიძის ქუჩების გადაკვეთაზე ავტომანქანა ელექტრო სადენების ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ ქუჩაზე მცხოვრები ადამიანების თქმით, ეს უკვე მესამე ავარიაა დღეს. ისინი ე.წ. “მწოლიარე პოლიციელების” მოწყობას ითხოვენ.
“მას მერეა ასეთი ამბავი, რაც ეს ქუჩა გაკეთდა, არაა გაკეთებული ნიშნები, როგორც საჭიროა… ასფალტის აყრას ხომ არ მოვითხოვთ ისევ, რომ ავარია აღარ მოხდეს?” – კითხულობს ნანა დუმბაძე. ის კომახიძის ქუჩაზე ცხოვრობს.
ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იჯდა. მას სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა.
ხულოში, სოფელ ბოძაურაში საბავშვო ბაღის მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დასრულდა, თუმცა ბავშვები ისევ სხვა სოფლის საბავშვო ბაღებში დადიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბაღი გასული წლის აგვისტოს შემდეგ გამოკეტილია.
„აგვისტოში დაამთავრეს ყველაფერი მუშებმა, კარი გამოკეტეს და წავიდნენ. ვერ გავიგეთ, რატომ არ იხსნება ბაღი, ამდენი წელია ამას ვითხოვთ,“ – გვიყვება სოფელ ბოძარუაში მცხოვრები თალიკო შავაძე. მისი შვილიშვილი ახლაც სოფელ რიყეთის საბავშვო ბაღში დადის. ფინანსური დანახარჯის გარდა, მოქალაქე ტრანსპორტირების სირთულეზეც საუბრობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სოფელში დიდი თოვლი მოდის. ბოძაურაში მცხოვრები 6 წლამდე ბავშვები რიყეთის, ან დიოკნისის საბავშვო ბაღებში დადიან.
ხულოს მერიაში არ ხედავენ პრობლემას იმაში, რომ ბაღი ამ დრომდე არ გახსნილა. ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნადიმ ვასაძემ გვითხრა, რომ ფინანსური რესურსის დაზოგვის მიზნით ტენდერი ერთობლივად სამი სოფლის ბაღის ინვენტარით აღჭურვაზე გამოაცხადეს.
„გამოცხადებულია უკვე ტენდერი და როგორც კი იქნება ინვენტარი, ბაღი გაიხსნება… პარალელურად მიმდინარეობს კადრების შერჩევის პროცესი. ტენდერი ახლა გამოცხადდა, რადგან ერთ-ერთი სოფელში, ვაშლოვანში, კანალიზაციის სისტემა დაზიანდა და მის შერემონტებას დრო სჭირდებოდა, ინვენტარის შესყიდვაზე კი ტენდერი ერთობლივად უნდა გამოგვეცხადებია,“ – განმარტავს ნადიმ ვასაძე.
ნადიმ ვასაძემ ვერ გვითხრა კონკრეტული თარიღი, როდის გაიხსნება საბავშვო ბაღი სოფელ ბოძაურაში.
ფოტო: თალიკო კახაძე. საბავშვო ბაღი სოფელ ბოძაურაში, ხულოფოტო: თალიკო კახაძე. საბავშვო ბაღი სოფელ ბოძაურაში, ხულო
„…მან განმიცხადა, რომ ჩვენი საჩივარით ფეხებსაც ვერ მოვჭამთ. ეს შეხვედრა მართლა მუქარა იყო, ამისრულებდა კიდეც, დაგვალპობდა ვანდალურსა და კარცერებში. ამის შემდგომ ჩვენ მივმართეთ პროტესტის მძიმე ფორმებს. მე, გიორგი მ.-მ ყელში გავიყარე მავთული და ასევე ხელში გავიყარე მავთული… ჩვენ მივეკერეთ ერთმანეთს და პროტესტის ამ ფორმით გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება ყველა იმ უკანონობასთან, რასაც ამ დაწესებულებაში ჩადიან ხსენებული პირები ჩვენს მიმართებაში. ხსენებულ პირებს სურთ ჩვენი სიცოცხლის მოსპობა, რასაც ნელ-ნელა ახერხებენ კიდეც. ჩვენ გვინდა, რომ განვაცხადოთ: არ შევეგუებით ზემოთ ხსენებული პირების ქმედებებს და არ დაველოდებით იმას, რომ ამ პირებმა ამგვარ წამებაში მოგვისპონ ჯანმრთელობა…“ – ეს ბათუმის ციხიდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში წერია. წერილს ის სამი პატიმარი აწერს ხელს, რომლებმაც 30 მარტს ხელებში მავთულები გაიყარეს და ერთმანეთს გადაებენ.
პატიმრები აღწერენ ინციდენტსაც, რაც ხელებში მავთულებით გადაბმის შემდეგ მოხდა:
„2 აპრილს, შუადღისას, მე, გიორგი მ. შეპირებისა და მათი მხრიდან მუქარისამებრ მე, გიორგი მ. გადმომიყვანეს საწამებელ ოთახში… დავით ჭ.-ს და შოთა დ.-ს-შემოგვივარდნენ 226-ე საკანში, იხმარეს ძალა და ერთმანეთზე მიკერებული, რომელიც ორივე მსჯავრდებულს ხელის მტევნებში გვქონდა გაყრილი, რეჟიმის უფროსმა გაგლიჯა ძალის გამოყენებით, მოგვაყენა ამ ქმედებით მძიმე ტკივილი და ფიზიკური ზიანი… არ გვიჩერდებოდა სისხლის დენა და ასევე ძალის გამოყენებით და ჯიკაობით მოგვათავსა ვანდალურ საკნებში, სადაც მე, შოთა დ.-მ ხელების არეში მივიყენე თვითდაზიანებები, გვექცეოდნენ აგრესიით, ცდილობდნენ, რომ ყველა გზით მიეღწიათ ჩვენი მდგომარეობიდან გამოსაყვანად…“- აღნიშნულია წერილში.
წერილში ციხის ადმინისტრაციის კონკრეტული თანამშრომლებია დასახელებული – დ.კ., მ.კ., მ.ი., რომლებიც პატიმრების თქმით, მათ არაადამიანურად ეპყრობიან. პატიმრები ისევ სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობენ: სასმელი წყლის პრობლემა, ვენტილაცია, სამედიცინო მომსახურება…
„მუდმივად უკანონოთ გვათავსებენ ე.წ. უსაფრთხო ოთახებსა და სამარტოო საკნებში დასჯის მიზნით, სადაც ასევე გვიკრძალავენ პაემნებსა და სატელეფონო საუბრებს… ჩვენს მიმართ არიან აგრესიულები და ცდილობენ, მიგვიყვანონ უკიდურეს ზომებამდე,“ – წერენ პატიმრები.
ბათუმის ციხეში პატიმრების „უსაფრთხო საკანში“ მოთავსების მიზანშეწონილობაზე კითხვები აქვს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც“. იურისტი პაატა დიასამიძე თვლის, რომ ამ საკანში რეალურად უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი არა, რეალურად დასაჯელად შეჰყავთ. საის-ს იურისტმა „ბათუმელებთან“ ასევე არაადამინურ მოპყრობად შეაფასა ციხისთვის სასმელი წყლის შეზღუდვით მიწოდება.
პატიმრების წერილი გამოძიების მოთხოვნით სრულდება:
„ჩვენ პროტესტის ნიშნად არ დავწვებით ლოგინზე, უარს ვაცხადებთ საწოლზე, ასევე უარს ვაცხადებთ მაგიდაზე, სკამებზე, ტელევიზორსა და რადიო მიმღებზე. უარს ვაცხადებთ, რადგან არ გვექცევა ყურადღება და არ დგება მწამებელი პირების სათანადო გამოძიება“.
სამი პატიმრის მავთულებით ერთმანეთზე გადაბმაზე პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება 3 აპრილს გაავრცელა.
მეგობარი ქალების ცემისთვის ბათუმში ორი კაცი ერთად დააკავეს. დღეს, 13 აპრილს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა კიდევ ორი პირი დააკავა ძალადობისთვის – ერთმა საკუთარ მამას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მეორემ – სილამაზის სალონში საკუთარ კლიენტს სცემა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სილამაზის სალონი თავად ბრალდებულს ს.ჯ.-ს ეკუთვნოდა. ის აზეირბაიჯანის მოქალაქეა. გამოძიებისვე ცნობით, დღეს დაკავებულმა გ.გ.-მ მამის ცემის შემდეგ მისი ავტომანქანაც დააზიანა.
გამოძიება ძალადობის, ოჯახში ძალადობის და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 16 აპრილს, 11:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის: ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32) საჯარო განხილვას მართავს, რომელსაც მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორი და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრა ფოკუსირებულია ბათუმის ურბანული პოლიტიკის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის საკითხებზე.
პანელური დისკუსიის მომხსენებლები არიან: თენგიზ პეტრიძე, ბათუმის ვიცე მერი, საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ხელმძღვანელი, ნატალია ზოიძე, სტუდია REC-ის ხელმძღვანელი, ირმა ზოიძე, საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, თეონა დიასამიძე და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორი, ნათია აფხაზავა. მომხსენებლები თემაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებს წარმოადგენენ და ურბანულ საკითხებში მოქალაქეთა ინფორმირებისა და მონაწილეობის გაუმჯობესების გზებზე ისაუბრებენ. პანელის მოდერატორია NDI-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, ლაშა გოგიძე. შეხვედრის მეორე ნაწილი დამსწრე საზოგადოების მონაწილეობით დისკუსიას დაეთმობა.
NDI-ის მიზანია მხარეთა ანგარიშვალდებულებისა და მონაწილეობის გაზრდა, რაც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაძლიერებასა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას გულისხმობს.
აღნიშნულ ღონისძიებას NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც დაფინანსებულია ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) მიერ.
აჭარაში მოქმედი 8 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას მრჩეველთა საბჭოში.
ორგანიზაციების საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭოს 2 წევრის რადიკალური გადაწყვეტილება იმპიჩმენტის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით მოითხოვს მეტ დასაბუთებას, საზოგადოების მეტად ინფორმირებას და საჯარო განხილვას.
„ბოლო წლებში ტელევიზიის მენეჯმენტის მიერ გატარებულმა რეფორმებმა, საზოგადოების სოციალ-პოლიტიკური და სხვა სახის პრობლემების გაშუქებაზე სრულად ორიენტირებამ, ხელისუფლების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ამაღლების მიზნით წარმოებულმა სარედაქციო პოლიტიკამ აჭარის მაუწყებელი გახადა დინამიკური, მრავალფეროვანი და საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესებზე მორგებული. ცხადია, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოზიტიური შეფასებები აჭარის ტელევიზიის მუშაობაზე არამხოლოდ მენეჯმენტის, არამედ ტელევიზიაში მომუშავე პირების დამსახურებაა.
აჭარის ტელევიზია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისა და მმართველობის მონიტორინგის თვალსაზრისით, რაც ცალსახად შეუქცევადი პროცესი უნდა გახდეს.
არსებული მენეჯმენტის შეცვლა უფლებამოსილების ამოწურვამდე 6 თვით ადრე აჩენს რისკებს ამ პროცესის შეჩერების, თავისუფალ სიტყვაზე შეტევის და სარედაქციო დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ეს კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შესაძლოა, გარდამტეხი ფაქტორი გახდეს არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარების თვალსაზრისით.
რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ მრჩეველთა საბჭოს, რადიკალური ნაბიჯების გადადგმამდე სრულად გაანალიზონ მათ წინაშე არსებული გამოწვევები, მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილება საზოგადოების ფართო წრეებთან დისკუსიის, მოსაზრებათა შეჯერებისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღონ. ამასთან, გაასაჯაროვონ ის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ითხოვენ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს.
მზად ვართ მედიაცია გავწიოთ მრჩეველთა საბჭოსა და მენეჯმენტს შორის ნებისმიერ ფორმატში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების სრული ინფორმირება და ჩართულობა“ – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: საზოგადოებრივი განვითარების აკადემია; დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი; თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ბათუმის ფილიალი; დემოკრატიის ინსტიტუტი; ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის; ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი – ინტელექტი; საზოგადოება ბათომი.
დღეს აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს მასშტაბით მოქმედმა 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ.
„არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით ვაკვირდებით აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ განხილვა იქნება საჯარო და საზოგადოებას მიეცემა საშუალება, ჩაერთოს ამ პროცესებში,“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.
კონკურსი „წიგნიერი“ ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული კონკურსია, რომელიც მეხუთე წელია იმართება სხვადასხვა რეგიონში. წელს კონკურსი თბილისში, ამბროლაურში, ბათუმსა და თელავში ჩატარდა, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში კი ჩაიშალა.
კონკურსში მონაწილეობა X-XI კლასის მოსწავლეებს შეეძლოთ. მათ სამი შერჩეული ნაწარმოების მიხედვით ესეების დაწერა ევალებოდათ.
წელს შერჩეული ნაწარმოებები იყო რადეკ იონის „Memento”, ზურა ჯიშკარიანის „საღეჭი განთიადები უშაქროდ“ და ფრედერიკ ბეგბედერის „ექსტაზი: კაიფში დაწერილი ნოველები“. კონკურსამდე მონაწილეები ტექსტებს უნდა გაცნობოდნენ, კონკურსის დღეს კი ტექსტების მიხედვით ესსე უნდა დაეწერათ.
ქუთაისში კონკურსის ჩაშლის მიზეზად ფრედერიკ ბეგბედერის ტექსტი იქცა. როგორც ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, რიტა წაქაძე ამბობს „იყო გარკვეული პროტესტი“ ქუთაისში, რის შესახებაც მათ „წიგნიერის“ ორგანიზატორებს შეატყობინეს და კონკურსის ჩატარების შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ აცნობეს.
„ბეგბედერის „ექსტაზმა“ დიდი უმაყოფილება გამოიწვია, ნუ ახლა, ეგ ტექსტი არის საკმაოდ ისეთი… ჩვენამდეც მოიტანეს. ეს არ იყო ჩვენი ბიბლიოთეკის კონკურსი, უბრალოდ, ვეხმარებოდით ორგანიზებაში ეროვნულ ბიბლიოთეკას“, – ამბობს ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე რიტა წაქაძე.
ვისთვის იყო მიუღებელი და ვინ აპროტესტებდა ბეგბედერის ტექსტს, რის საფუძველზეც ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკამ ეროვნულ ბიბლიოთეკას მიმართა? ამ კითხვაზე იგი გვპასუხობს, რომ ორი მშობელი მივიდა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში, რომლებიც ამბობდნენ, რომ „ამ საქმეს ასე არ დატოვებდნენ“.
„შემდეგ აღმოჩნდა, რომ სხვებიც აპროტესტებდნენ ბეგბედერის ტექსტს, გავრცელდა ქალაქში ხმები, საქმის კურსში იყვნენ უნივერსიტეტები და „მამაო“. კოლეგები საქმის კურსში ჩავაყენეთ – ვუთხარით, რომ მობრძანებულიყვნენ, ჩაეტარებინათ კონკურსი, მაგრამ ისიც ვუთხარით, რომ შეიძლებოდა რამე მომხდარიყო. ეს ითქვა მამაოს მხრიდანაც, გავიგეთ ეს ჩვენ, მოაღწია ხმამ ჩვენამდე.“ – ამბობს რიტა წაქაძე.
ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი და კონკურს „წიგნიერის“ ორგანიზატორი, ელენე თურქაძე ამბობს, რომ ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს მშობლებისა და პედაგოგების პროტესტის შესახებ, რაც კონკურსის თემამ (ნარკომანიის პრობლემამ) და ბეგბედერის წიგნის სათაურმა გამოიწვია.
„ჩვენი მიზანი არც ყოფილა რომელიმე ტექსტის პოპულარიზაცია, კონკურსანტებს შეეძლოთ უბრალოდ დაეწერათ თავისუფალი თემაც ნარკომანიის პრობლემაზე.
ქუთაისში ვერ გვაძლევდნენ გარანტიას, რომ ჩვენი ჩასვლის შემთხვევაში იქ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლიდა, ახსენებდნენ დემონსტრაციას, ტრანსფარანტებს, ტელევიზიებს და ა.შ. კონკურსის მონაწილე ბავშვებისთვის მოსალოდნელი სტრესი რომ აგვეცილებინა, ქუთაისში კონკურსის ჩატარებაზე უარი ვთქვით.
ნარკომანია ჩვენი საზოგადოების უმძიმესი პრობლემაა. წლევანდელი კონკურსის მიზანიც სწორედ ამ პრობლემის ახალგაზრდებთან ერთად კიდევ ერთხელ გააზრება იყო. სამწუხაროდ, ქუთაისში კონკურსი „წიგნიერი“ წელს ჩაიშალა“ – ამბობს კონკურსის ორგანიზატორი. მისივე თქმით, ქუთაისელ მოსწავლეებს, რომლებსაც სურდათ კონკურსში მონაწილეობის მიღება, ორგანიზატორებმა შესთავაზეს ჩასულიყვნენ თბილისში, ამბროლაურში ან ნებისმიერ რეგიონში, სადაც „წიგნიერი“ ტარდებოდა.
10 აპრილს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისიდან ბათუმში სამი ასეთი მოსწავლე ჩავიდა: ლილე ჩაგანავა, ნინო ლოსაბერიძე და მარიამ კეთილაძე – საკუთარ ქალაქში მათ კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა არ მიეცათ.
„ასეთი გულისწყვეტა თუ გამოიწვია ამ ამაზრზენ ტექსტებზე ესეების დაწერამ, გაეფრთხილებინათ ორგანიზატორებს ცოტათი ადრე ბავშვები, რომ სადაც უნდოდათ იქ შეძლებდნენ კონკურსში მონაწილეობას“, – ამბობს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, მაია კანდელიძე.
„მარტო ერთი „მამაოსგან“ არა, სასულიერო პირებისგან იყო პროტესტი, მათგან გაჟღერდა ეს ყველაფერი, დაიწერა, მოგვმართეს მშობლებმა და მოგვიტანეს გადმოწერილი ტექსტი, გვითხრეს, რომ ეს წიგნი არ შეიძლება წაიკითხონ ბავშვებმა ამ ასაკში, მათ მყიფე ფსიქიკა აქვთ.
დარბაზიც გამზადებული გვქონდა კონკურსისთვის, მაგრამ ერთ-ერთმა მშობელმა ისიც კი თქვა, კონკურსს თუ ჩაატარებთ, ტრანსფარანტებითაც მოვალთო.
ეს თავისუფალი სივრცეა, სადაც ყველას შეუძლია შემოსვლა, ჩვენ არანაირი უფლება არ გვექნებოდა ბიბლითეკაში არ შემოგვეშვა.
ხელი არ შევაწმინდეთ ეროვნულ ბიბლიოთეკას, არ გვითქვამს მშობლებისთვის ჩვენ არაფერ შუაში ვართ და ჩვენი კონკურსი არ ყოფილაო. ჩვენ და ეროვნული ბიბლიოთეკა ერთი ორგანიზმი ვართ, ერთი ფლაგმანი“, – ამბობს მაია კანდელიძე.
ორი მშობლის გარდა ბიბლიოთეკარები ვერ ასახელებენ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც პროტესტს უცხადებდნენ კონკურსს ბეგბედერის ტექსტების მიუღებლობის გამო.
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ტარიელ ფუტკარაძემ კონკურსამდე ორი დღით ადრე სოციალურ ქსელში ქართველი გამომცემლების ნაწილი გააქილიკა: „თარგმნიან ისეთ ავტორებს, რომლებიც ნატურალურად აღწერენ ადამიანის მანკიერ წახნაგებს. ინტერნეტმომხმარებელი უთუოდ წააწყდებოდა მაგ. ფრედერიკ ბეგბედერის მოთხრობების კრებულს: “ექსტაზი: კაიფში დაწერილი ნოველები”.
პროფესორს საკუთარი აზრი აქვს, როგორ უნდა წერდეს „ნამდვილი მწერალი“:
„ნამდვილი მწერალი ისე უნდა წერდეს, რომ საკუთარი იდენტობა გაიაზროს სინტაგმატურ პარადიგმაში“
„ ნამდვილი მწერალი ისე უნდა წერდეს, რომ:
– მკითხველმა საკუთარ თავში დახვეწოს ადამიანური (ამაღლებული) სიყვარული (რომელსაც ვნებაც ახლავს), სხვა განცდები და გაიმრავალწახნაგოვნოს სამყაროს მსოფლ-აღქმა; საკუთარი იდენტობა გაიაზროს სინტაგმატურ პარადიგმაში;
– პიროვნებამ საკუთარი მე გაიაზროს გარეშემო ველის ცვლილების პირობებში (რომ დაძლიოს “გულივერის სინდრომი” (თუ “გულივერის კომპლექსი”, როგორ დიტო ნადირაშვილი ამბობს);
– სახელმწიფოს მოქალაქემ გაიაზროს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირსება და სხვ.
ტარიელ ფუტკარაძემ კომენტარებში კონკურსი „წიგნიერი“ გააკრიტიკა არჩევანის ბეგბედერის ტექსტზე შეჩერების გამო.
კონკურს ,,წიგნიერის“ გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან 2019 წლის 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს.
„წიგნიერი“ საბოლოოდ სამ გამარჯვებულს გამოავლენს, მათ „თიბისი ბანკი“, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა” და გამომცემლობები გადასცემენ საჩუქრებს. გამარჯვებულების ტექსტებს „საბა“ ელექტრონული წიგნის სახით გამოაქვეყნებს saba.com.ge-ზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის ინფორმაციით, ექსპედიციისას ბადეში ზუთხი (ტარაღანა ანუ ცქვრინი) მოჰყვა, რომელიც ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს.
ზუთხი შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, მიჩნეულია კრიტიკულ საფრთხეში მყოფად და მოწყვლად სახეობად ევროპაში.
ზუთხის მტკნარი და მარილიანი წყლის ბინადარია. მისი სიგრძე 100-175 სმ. წონა 100 კგ-ზე მეტს აღწევს. გავრცელებულია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
ბადეში მოყოლილი ზუთხი ზღვაში გაუშვეს.ზუთხი შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.
ბათუმის საკრებულოს წევრები, რომლებიც დღეს საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. დაიბარეს ისინიც, რომლებიც პროცესში ჩხუბის დაწყების შემდგომ ჩაერთნენ.
შს სამინისტროს ცნობით, საკრებულოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით [ძალადობა] დაიწყო.
„ბათუმელების“ ინფორმაციით პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ნატალია ზოიძე და ფრაქციის სხვა წევრები, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე, რომელიც ინციდენტის უშუალო მონაწილე იყო. მან გვიპასუხა და დაგვიდასტურა, რომ გამოკითხვაზე იმყოფება.
გამოკითხვაზე იმყოფებიან ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ანთაძე და ამავე ფრაქციის წევრი როინ ზოიძე. ამ ინციდენტის მონაწილე იყო როინ ზოიძეც, რომელიც კონფლიქტის შემდეგ შეუძლოდ გახდა, თავზე მიიღო მსუბუქი დაზიანება და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მაღალი არტერიული წნევის გამო გადაიყვანა.
ფიზიკურ დაპირისპირებას დღეს, 12 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე ორჯერ ჰქონდა ადგილი. პირველ შემთხვევაში საკითხი ეხებოდა მუნიციპალური ორგანიზაციის „ბათუმის წყლის“ მხრიდან ოპოზიციის ფრაქციისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობას, მეორე შემთხვევაში კი – ტერენტი გრანელის პროზაიკოსად მოხსენიებას.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ირწმუნება, რომ დღეს, 12 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტი წინასწარვე იყო დაგეგმილი. მისივე განმარტებით, მას სხვადასხვა დროს რამდენჯერმე ჰქონდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა საკრებულოს სხდომის ჩაშლას, თუმცა მაშინ მათ ეს არ გამოუვიდათ, ამჯერად კი შეძლეს: „მორიგი მცდელობა გაუვიდათ უკვე.“
დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ ძალად მოიხსენია. მან განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომის მხოლოდ „იმ ბლოკში“ აქტიურობს, რომელსაც ჟურნალისტები ესწრებიან: „გარდა ამისა, ისინი არ მონაწილეობენ არც კომისიებისა და არც ბიუროს მუშაობაში, მოდიან მხოლოდ და მხოლოდ იმ ერთი ბლოკისთვის, რომ იხმაურონ, მოსახლეობას აჩვენონ თითქოს ისინი რაღაცას აკეთებენ და დაიშალონ“.
დღეს საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება თავდაპირველად შპს „ბათუმის წყლის“ მხრიდან საკრებულოს წევრებისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობის მიზეზით დაიწყო. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია აცხადებს, გამოთხოვილ ინფორმაციიას, ორგანიზაციაში დასაქმებული პირების სახელებსა და გვარებს, ისევ არ აწვდიან, რასაც არც „ბათუმის წყალი“ უარყოფს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომფრაქცია ითხოვს ინფორმაციას, რომელიც საჯარო არ არის.
ფრაქცია აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია სავარაუდო ნეპოტიზმთან დაკავშირებით და ამის გადამოწმება სურს, რისი საშუალებაც, საკრებულოს, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს ფრაქციას, არ ეძლევა.
დაინტერესდა თუ არა საკრებულოს თავმჯდომარე საკითხით, რატომ არ აწვდის შპს „ბათუმის წყალი“ ფრაქციას ინფორმაციას და როგორ აფასებს მაკონტროლებელი ორგანოს თავმჯდომარე ამ ფაქტს? კითხვაზე სულიკო თებიძემ გვიპასუხა, რომ ის დაინტერესდა და გამოითხოვა ინფორმაცია ორგანიზაციიდან, თუ რა მოითხოვა ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რა ინფორმაცია მიაწოდა მათ „ბათუმის წყალმა“:
„ყველა ინფორმაცია, რომელიც არის საჯარო, გაცემულია“ – ამბობს სულიკო თებიძე.
ფრაქციაში კი განმარტავენ, რომ ისინი ითხოვენ ინფორმაციას, როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი ორგანოს წარმომადგენლები, მისი კონტროლის მიზნით, რისი უფლებაც აქვთ.
საკრებულოს თავმჯდომარეს ამ პრეტენზიაზეც აქვს პასუხი. ის აცხადებს, რომ შპს-ებისა და ა(ა)იპებ-ის დამფუძნებელი არის მერია, საკრებულოს თანხმობით და არა საკრებულო. ხოლო რაც შეეხება ანგარიშვალდებულებასა და კონტროლს, სულიკო თებიძის განცხადებით, ფრაქციას შეუძლია ეს სხდომებზე ანგარიშების მოსმენით ან დირექტორის ფრაქციის სხდომაზე დაბარებით მოახერხოს: „ისინი არ ითხოვენ მხოლოდ სახელებსა და გვარებს, ითხოვენ დაბადების წლებსა და ტელეფონებსაც, რაც პირადი ინფორმაციაა.“ – ამბობს ის.
დღესვე საკრებულოს სხდომაზე „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ნატალია ზოიძემ განაცხადა, რომ ფრაქციას სახელობითი ჩამონათვალი მიღებული აქვს შპს „ავტოტრანსპორტიდან“, ის ასევე დაინტერესდა, რატომ ითხოვს ოპოზიციური ფრაქცია შპს „ბათუმის წყლის“ თანამშრომლების სახელებსა და გვარებს მათი დაბადების თარიღებით: „ რა, დაბადების დღეები უნდა მიულოცოთ?“ – იკითხა ნატალია ზოიძემ. მან ასევე დასძინა, რომ ფრაქცია ითხოვს „ბათუმის წყალში“ დასაქმებული ადამიანების ტელეფონების ნომრებსაც, რაც ასევე პერსონალური ინფორმაციაა.
ჩაქვში, ავტობანზე ბოძებზე დარჭობილი ამოყირავებული ავტომანქანა დადგეს. აქციის მიზანი მძღოლების გაფრთხილებაა, იარონ ფრთხილად, არ გადააჭარბონ სიჩქარის ლიმიტს, არ დასხდნენ საჭესთან ნასვამები და ა.შ.
მსგავსი ინსტალაცია თბილისში 10 აპრილს დაიდგა. ინსტალაციები ერთ-ერთი კომპანიის აქციის ნაწილია, კომპანიის ვინაობა, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
გზებზე გამოჩენილი დამტვრეული მანქანების სტენდები ერთგვარი “შოკურ-სოციალური კამპანიის ფორმაა” და მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.