გარდაცვლილი პაციენტების ახლობლების 6-პუნქტიანი მოთხოვნები სერგეენკოსა და პარლამენტს


ბათუმის საავადმყოფოებში ბოლო პერიოდში გარდაცვლილი 7 პაციენტის ახლობლები დღეს, 15 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრაზე გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს სამინისტროს რეაგირება მომხდარ ფაქტებზე და მოსთხოვეს მინისტრს, ზაალ მიქელაძეს, მიმართოს საქართველოს პარლამენტს, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის პაციენტების დაღუპვის მიზეზებს. ასევე დაიწყება სამედიცინო დაწესებულებებისა და მედპერსონალის კვალიფიკაციის შესწავლა.

დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით შემუშავდება მიმართვის ტექსტი, რომელიც შევა პარლამენტის შესაბამის კომისიაში რეაგირებისთვის. თუმცა, როგორც საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე ანა მდინარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ საკითხზე ჯერ კონსულტაციები მიმდინარეობს და ამის შემდეგ გადაწყვეტს ორგანიზაცია თუ რა ტიპის რეაგირება ექნებათ.

გარდაცვლილი 6 წლის ბავშვის დედა მინისტრთან შეხვედრაზე

ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები საუბრობდნენ კონკრეტულ დეტალებსა და ფაქტებზე, რის გამოც ისინი გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ მათი ოჯახის წევრების დაღუპვის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ექიმის მხრიდან გულგრილობა ან არაკვალიფიციურობა.

შვიდი გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს წინ, რამდენჯერმე გადაკეტეს საავტომობილო მაგისტრალიც. ისინი, როგორც თავად აცხადებენ, პაციენტების გარდაცვალების მიზეზების გამოძიებას და იმ პირების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ, ვისი მიზეზითაც დაიღუპნენ პაციენტები.

გარდაცვლილი პაციენტების ახლობლებმა საპროტესტო აქცია გუშინ, 14 აპრილსაც გამართეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან. აქციაზე მივიდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, რომელსაც აქციის მონაწილეებმა კონკრეტული მოთხოვნები წაუყენეს.

გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრები ექიმების გულგრილობასა და არაკვალიფიციურობაზე საუბრობენ. ისინი თითოეული ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ.
ფოტო: ლელა დუმბაძის

გარდაცვლილი პაციენტების ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა ზაალ მიქელაძესთან შეხვედრაზე თავიანთი მოთხოვნები ექვსპუნქტად ჩამოაყალიბეს:

    1. შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის ყველა გარდაცვლილის საქმეს. კომისიაში ჩართონ გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრები ან მათი წარმომადგენლები. ყველა საქმე განიხილონ ინდივიდუალურად, გარდაცვლილის ახლობლის ჩართულობით. კომისიის დაკომპლექტება მოხდეს ჩვენთან შეთანხმებით, ჩვენთვის სანდო ადამიანებით, კომისიის შექმნა განისაზღვროს 30 აპრილამდე.
    2. პირადად საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, აიღოს პასუხისმგებლობა ამ საქმეების გამოძიებაზე. თქვენი (ზაალ მიქელაძის) დახმარება იქნება საჭირო, რომ ინფორმაცია მიიტანოთ დავით სერგეენკომდე.
    3. შეისწავლონ რეგულირების სააგენტოს კომისიის წევრების საქმიანობა და მოგვეწოდოს სანდო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები არ არიან მიკერძოებული გამოძიებისას და არ იცავენ კონკრეტული ექიმის ინტერესებს.
    4. კლინიკებში აუდიტის შესვლა, სამედიცინო აღჭურვილობისა და ექიმების პროფესიონალიზმის შესწავლა. „ნამდვილად პროფესიონალები არიან თუ არა ექიმები ამის შესწავლა უნდა მოხდეს, რადგან შეიძლება კლინიკა ტექნიკურად აღჭურვილი იყოს, მაგრამ ექიმი იყოს არაკვალიფიციური“.
    5. პირველ ეტაპზე დაიწყოს გამოძიება.
    6. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაანონსებთ ფართომასშტაბიან აქციებს. ასევე მოვითხოვთ, რომ ჩვენი განცხადება შევიდეს პარლამენტში და ჩვენს მოთხოვნებს შეხედონ სერიოზულად.

გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ საქართველოს პარლამენტის სპეციალურმა კომისიამ დაიწყოს ყველა გარდაცვლილი პაციენტის საქმის შესწავლა. ასევე, აუდიტის სამსახურმა დაიწყოს სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის შესწავლა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com