მთავარი,სიახლეები

ვინ არიან ბათუმელი ვეგეტარიანელები

15.04.2019 • 2808
ვინ არიან ბათუმელი ვეგეტარიანელები

ვეგანების, ვეგეტარიანელებისა და იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საკვებად თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში, უარს ამბობენ ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მოხმარებაზე – დღითიდღე იზრდება.

ვეგეტარიანობა – გულისხმობს საკვები პროდუქტებიდან ხორცის ამოღებას. ვეგეტარიანელები იკვებებიან მხოლოდ მცენარეული საკვებით, ასევე კვერცხით, რძითა და რძის ნაწარმით. ვეგანობა კი ყველა ცხოველური პროდუქტის გამოყენებაზე უარის თქმაა. კვების მიღმა ვეგეტარიანიზმი და ვეგანიზმი ეწინააღმდეგება ცხოველების ან ცხოველური პროდუქტების გამოყენებას ნებისმიერი მიზნით – ადამიანების გამოსაკვებად, გასართობად, ცხოველების ექსპლუატაციას. ვეგანები უარს ამბობენ ისეთი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებაზე, რომელთა უსაფრთხოებაც ცხოველებზე დატესტეს, ტანსაცმლისა და აქსესუარების გამოყენებაზე, რომლებიც ცხოველების ტყავისგან არის დამზადებული და ა.შ.

ადამიანები ვეგეტარიანელობას სხვადასხვა მიზეზით ირჩევენ. მარიამ მუთიძე დაახლოებით სამი წელია, რაც ვეგეტარიანელია. ამბობს, რომ ვეგეტარიანელობა გადაწყვიტა, რადგან მისთვის ძვირფასია არა მარტო ადამიანების, არამედ ყველა სხვა არსებების სიცოცხლეც, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ.

“დაახლოებით ერთი თვეა, რაც გადავწყვიტე ვეგანი გავმხდარიყავი. მივხვდი, რომ ჩემი მსოფლმხედველობისთვის, ჩემი ცხოვრების წესისთვის შესაბამისი იყო. როგორც იდეოლოგია, მსოფლმხედველობა, ვეგანობა ბევრად უფრო ჩამოყალიბებული და პოლიტიკური ნაბიჯია ადამიანის მხრიდან, რადგან ეს გადის უშუალოდ ცხოველის ექსპლუატაციაზე. თუ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ადამიანების შრომითი უფლებების დარღვევას, სამსახურებრივ ადგილზე შევიწროებას, მათი შრომის გამოყენებას, ვეგანობა გულისხმობს იმას, რომ ეს ყველაფერი გავრცელდეს ცხოველებზეც – რომ არ იყვნენ ისინი ჩვენს გასართობად, მხოლოდ ჩვენს დასანაყრებლად. ეს ვრცელდება ცხოველური პროდუქტის მოხმარებაზე, თაფლით დაწყებული, ცხოველის ტყავით დამთავრებული, რაც ცხოველს აქცევს ჩვენი გამოყენების საგნად. ვეგანობა თავის თავში მოიცავს იმასაც, რომ გარდა ხორცის არ ჭამისა, კიდევ ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებ ისეთს, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ცხოველების თავისუფლად და კარგად ცხოვრებას”, – ამბობს მარიამი.

მარიამი ამბობს, რომ ქართულ სამზარეულოში ვეგეტარიანელობა და ვეგანობა დიდი სირთულე არ არის. “მართალია, ბევრი სასარგებლო პროდუქტი, ერთგვარი საკვები დანამატები, ჩვენთან არ იშოვება, თუმცა ქართულ სამზარეულოში საკმაოდ ბევრი პროდუქტია, რაც შეიძლება ინტეგრირდეს ვეგანურ კვებასთან, ფხალეული, ბოსტნეულით გაკეთებული კერძები… ვფიქრობ, ადამიანებს არც ჩვენთან გაუჭირდებათ  ვეგანობა”, – ამბობს მარიამი და აქვე განმარტავს, რომ დიდი შეცდომაა ვეგანობა და ვეგეტარიანელობა განიხილო, როგორც დიეტა.

“ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, კვების წესი, ცხოველურ პროდუქტებზე უარის თქმით, ჩვენ ვეხმარებით გარემოსაც, რადგან მეწარმეობა, რომელიც ხორცის წარმოებაზე გადის, ძალიან აბინძურებს გარემოს და კლიმატის ცვლაზე დიდი ზეგავლენა აქვს. კვლევების მიხედვით, თუ შემცირდება ხორცის წარმოება და ჩანაცვლდება ხილ-ბოსნეულის წარმოებით, საკმაოდ გაუმჯობესდება კლიმატური მდგომარეობა”, – ამბობს ის.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/412109609615262/?t=2

 

29 წლის ალექსეი დრუჟინინი ვეგეტარიანელია. იგი უკრაინიდან ცოლთან, ნელისთან ერთად შვიდი თვის წინ ჩამოვიდა ბათუმში და დაახლოებით სამი თვის წინ, გრიბოედოვის ქუჩაზე, პატარა ვეგეტარიანული კაფე Freeduchio გახსნეს. ალექსეი ამბობს, რომ ისინი თანამოაზრეებს ეძებენ და უკვე მოახერხეს კიდეც მათი პოვნა ამ ქალაქში.

“კაფეში საკმაო რაოდენობის ადამიანი მოდის… გვინდოდა თანამოაზრეები გვეპოვა. აქ ადამიანები მოდიან არა მხოლოდ საჭმლისთვის, არამედ ვეგეტარიანობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველადაც. ზოგჯერ ადამიანები, უბრალოდ, რჩევისთვის მოდიან, როგორ გახდნენ ვეგეტარიანელები. ზოგიერთს აინტერესებს, როგორ გახდეს ვეგანი და სრულად თქვას უარი ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე. ზოგიერთი, უბრალოდ, საურთიერთობოდ მოდის, რადგანაც თანამოაზრეები ვართ”, – ამბობს ის.

ალექსეი განმარტავს, რომ ვეგეტარიანელობა არის ცხოვრების სტილი და აზროვნების ფორმა: “როცა შენ ფიქრობ მსოფლიოზე, გინდა, რომ იგი უკეთესი გახადო არა მარტო იმით, რომ რაღაცას არ ჭამ, არამედ იმითაც, რომ, მაგალითად, ქაღალდს არ აგდებ ქუჩაში, პლასტმასს არ იყენებ… აი, ეს არის ჩვენთვის ვეგეტარიანელობა, როცა მსოფლიოს ხდი უკეთესს და ცდილობ, პარალელურად, შენ ირგვლივ ადამიანები შეცვალო ცხოვრებისა და აზროვნების ამ სტილის პროპაგანდით”.

ალექსეი და ნელი ცდილობენ, არავეგეტარიანელ ადამიანებს დაუმსხვრიონ მითი იმის შესახებ, თითქოს ასეთი კვება მხოლოდ ბალახის ჭამას გულისხმობდეს: “გვინდა, რომ ის პოსტულატი, რაც ადამიანებს აქვთ თავში, რომ ვეგეტარიანელობა არის რაღაც ბალახისა და ბოსტნეულის ჭამა, დავამსხვრიოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კერძი, რომლებსაც ის ადამიანებიც მიირთმევენ, რომლებიც არ არიან ვეგეტარიანელები. ამიტომ ძალიან გვაინტერესებს დავამკვიდროთ თუნდაც მხოლოდ კვების ეს ფორმა იმ ადამიანებში, რომლებიც ჭამენ ცხოველურ პროდუქტებს და სურთ რაღაც ახლის გასინჯვა”.

 

 

ნელიმ ალბასოვამ, ხორცზე თავიდან იმის გამო თქვა უარი, რომ მოიწამლა. თუმცა მალევე მიხვდა, რომ ასეთი რაციონი მის ჯანმრთელობაზე კარგად აისახებოდა: “სამი წლის წინ გავხდი ვეგეტარიანელი. სინამდვილეში ეს შემთხვევით გამოვიდა. მოვიწამლე და მომიწია უარი მეთქვა რაღაც დროით ხორცზე, მაგრამ როცა მასზე უარს ამბობ, ხვდები, რომ უხორცოდ უფრო მსუბუქად ხარ და თავისუფლად შეგიძლია მის გარეშე ცხოვრება. თავიდან უარი ვთქვი ხორცზე, შემდეგ თევზზე, შემდეგ სხვა დანარჩენზე. რაღაც დროით რაციონში მქონდა ზღვის პროდუქტები, ციცრის კვერცხი, ქათმის კვერცხს ისეც არასოდეს ვჭამდი. ხორცზე უარს ამბობ და ხვდები, რომ თავს უკეთესად გრძნობ, შეგიძლია მშვიდად იცხოვრო „ბალახზეც“, როგორც ყველა ეძახის”, – ამბობს ნელი.

“ყველას ერთი და იგივე კითხვა აქვს – საიდან ვიღებთ იმ ნივთიერებებს, რაც ხორციდან შეიძლება მივიღოთ, ცილა, ამინომჟავები… ადამიანებს, რომელთაც მშობლები ბავშვობიდან აჭმევდნენ ხორცს, თევზს, კვერცხს, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ამ ყველაფრის გარეშე შეიძლება იყო ჯანმრთელი. მაგალითად, როცა ხორცის ჭამა შევწყვიტე, წელიწადში 15 კილო დავიკელი.  ეს უკვე არის საჩვენებელი შედეგი. როცა მეკამათებიან იმაზე, რომ უხორცოდ არ შეიძლება, ვეკითხები –  გიცდია ხორცის გარეშე ცხოვრება? როცა მპასუხობენ რომ არა, ვთავაზობ ერთი კვირა სცადონ, შემდეგ კი შთაბეჭდილებები გამიზიარონ. სიმართლე გითხრათ, იშვიათად ცდიან ასე, მაგრამ იყო ჩემს პრაქტიკაში შემთხვევები, როცა ადამიანები დამთანხმდნენ და რაღაც დროით ხორცზე უარი თქვეს, შემდეგ კი სულ შეწყვიტეს მისი გამოყენება”.

გადაბეჭდვის წესი