კონკურსი „წიგნიერი“ ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული კონკურსია, რომელიც მეხუთე წელია იმართება სხვადასხვა რეგიონში. წელს კონკურსი თბილისში, ამბროლაურში, ბათუმსა და თელავში ჩატარდა, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში კი ჩაიშალა.
კონკურსში მონაწილეობა X-XI კლასის მოსწავლეებს შეეძლოთ. მათ სამი შერჩეული ნაწარმოების მიხედვით ესეების დაწერა ევალებოდათ.
წელს შერჩეული ნაწარმოებები იყო რადეკ იონის „Memento”, ზურა ჯიშკარიანის „საღეჭი განთიადები უშაქროდ“ და ფრედერიკ ბეგბედერის „ექსტაზი: კაიფში დაწერილი ნოველები“. კონკურსამდე მონაწილეები ტექსტებს უნდა გაცნობოდნენ, კონკურსის დღეს კი ტექსტების მიხედვით ესსე უნდა დაეწერათ.
ქუთაისში კონკურსის ჩაშლის მიზეზად ფრედერიკ ბეგბედერის ტექსტი იქცა. როგორც ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, რიტა წაქაძე ამბობს „იყო გარკვეული პროტესტი“ ქუთაისში, რის შესახებაც მათ „წიგნიერის“ ორგანიზატორებს შეატყობინეს და კონკურსის ჩატარების შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ აცნობეს.
„ბეგბედერის „ექსტაზმა“ დიდი უმაყოფილება გამოიწვია, ნუ ახლა, ეგ ტექსტი არის საკმაოდ ისეთი… ჩვენამდეც მოიტანეს. ეს არ იყო ჩვენი ბიბლიოთეკის კონკურსი, უბრალოდ, ვეხმარებოდით ორგანიზებაში ეროვნულ ბიბლიოთეკას“, – ამბობს ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე რიტა წაქაძე.
ვისთვის იყო მიუღებელი და ვინ აპროტესტებდა ბეგბედერის ტექსტს, რის საფუძველზეც ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკამ ეროვნულ ბიბლიოთეკას მიმართა? ამ კითხვაზე იგი გვპასუხობს, რომ ორი მშობელი მივიდა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში, რომლებიც ამბობდნენ, რომ „ამ საქმეს ასე არ დატოვებდნენ“.
„შემდეგ აღმოჩნდა, რომ სხვებიც აპროტესტებდნენ ბეგბედერის ტექსტს, გავრცელდა ქალაქში ხმები, საქმის კურსში იყვნენ უნივერსიტეტები და „მამაო“. კოლეგები საქმის კურსში ჩავაყენეთ – ვუთხარით, რომ მობრძანებულიყვნენ, ჩაეტარებინათ კონკურსი, მაგრამ ისიც ვუთხარით, რომ შეიძლებოდა რამე მომხდარიყო. ეს ითქვა მამაოს მხრიდანაც, გავიგეთ ეს ჩვენ, მოაღწია ხმამ ჩვენამდე.“ – ამბობს რიტა წაქაძე.
ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი და კონკურს „წიგნიერის“ ორგანიზატორი, ელენე თურქაძე ამბობს, რომ ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს მშობლებისა და პედაგოგების პროტესტის შესახებ, რაც კონკურსის თემამ (ნარკომანიის პრობლემამ) და ბეგბედერის წიგნის სათაურმა გამოიწვია.
„ჩვენი მიზანი არც ყოფილა რომელიმე ტექსტის პოპულარიზაცია, კონკურსანტებს შეეძლოთ უბრალოდ დაეწერათ თავისუფალი თემაც ნარკომანიის პრობლემაზე.
ქუთაისში ვერ გვაძლევდნენ გარანტიას, რომ ჩვენი ჩასვლის შემთხვევაში იქ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლიდა, ახსენებდნენ დემონსტრაციას, ტრანსფარანტებს, ტელევიზიებს და ა.შ. კონკურსის მონაწილე ბავშვებისთვის მოსალოდნელი სტრესი რომ აგვეცილებინა, ქუთაისში კონკურსის ჩატარებაზე უარი ვთქვით.
ნარკომანია ჩვენი საზოგადოების უმძიმესი პრობლემაა. წლევანდელი კონკურსის მიზანიც სწორედ ამ პრობლემის ახალგაზრდებთან ერთად კიდევ ერთხელ გააზრება იყო. სამწუხაროდ, ქუთაისში კონკურსი „წიგნიერი“ წელს ჩაიშალა“ – ამბობს კონკურსის ორგანიზატორი. მისივე თქმით, ქუთაისელ მოსწავლეებს, რომლებსაც სურდათ კონკურსში მონაწილეობის მიღება, ორგანიზატორებმა შესთავაზეს ჩასულიყვნენ თბილისში, ამბროლაურში ან ნებისმიერ რეგიონში, სადაც „წიგნიერი“ ტარდებოდა.
10 აპრილს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისიდან ბათუმში სამი ასეთი მოსწავლე ჩავიდა: ლილე ჩაგანავა, ნინო ლოსაბერიძე და მარიამ კეთილაძე – საკუთარ ქალაქში მათ კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა არ მიეცათ.
„ასეთი გულისწყვეტა თუ გამოიწვია ამ ამაზრზენ ტექსტებზე ესეების დაწერამ, გაეფრთხილებინათ ორგანიზატორებს ცოტათი ადრე ბავშვები, რომ სადაც უნდოდათ იქ შეძლებდნენ კონკურსში მონაწილეობას“, – ამბობს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, მაია კანდელიძე.
„მარტო ერთი „მამაოსგან“ არა, სასულიერო პირებისგან იყო პროტესტი, მათგან გაჟღერდა ეს ყველაფერი, დაიწერა, მოგვმართეს მშობლებმა და მოგვიტანეს გადმოწერილი ტექსტი, გვითხრეს, რომ ეს წიგნი არ შეიძლება წაიკითხონ ბავშვებმა ამ ასაკში, მათ მყიფე ფსიქიკა აქვთ.
დარბაზიც გამზადებული გვქონდა კონკურსისთვის, მაგრამ ერთ-ერთმა მშობელმა ისიც კი თქვა, კონკურსს თუ ჩაატარებთ, ტრანსფარანტებითაც მოვალთო.
ეს თავისუფალი სივრცეა, სადაც ყველას შეუძლია შემოსვლა, ჩვენ არანაირი უფლება არ გვექნებოდა ბიბლითეკაში არ შემოგვეშვა.
ხელი არ შევაწმინდეთ ეროვნულ ბიბლიოთეკას, არ გვითქვამს მშობლებისთვის ჩვენ არაფერ შუაში ვართ და ჩვენი კონკურსი არ ყოფილაო. ჩვენ და ეროვნული ბიბლიოთეკა ერთი ორგანიზმი ვართ, ერთი ფლაგმანი“, – ამბობს მაია კანდელიძე.
ორი მშობლის გარდა ბიბლიოთეკარები ვერ ასახელებენ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც პროტესტს უცხადებდნენ კონკურსს ბეგბედერის ტექსტების მიუღებლობის გამო.
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ტარიელ ფუტკარაძემ კონკურსამდე ორი დღით ადრე სოციალურ ქსელში ქართველი გამომცემლების ნაწილი გააქილიკა: „თარგმნიან ისეთ ავტორებს, რომლებიც ნატურალურად აღწერენ ადამიანის მანკიერ წახნაგებს. ინტერნეტმომხმარებელი უთუოდ წააწყდებოდა მაგ. ფრედერიკ ბეგბედერის მოთხრობების კრებულს: “ექსტაზი: კაიფში დაწერილი ნოველები”.
პროფესორს საკუთარი აზრი აქვს, როგორ უნდა წერდეს „ნამდვილი მწერალი“:
„ნამდვილი მწერალი ისე უნდა წერდეს, რომ საკუთარი იდენტობა გაიაზროს სინტაგმატურ პარადიგმაში“
„ ნამდვილი მწერალი ისე უნდა წერდეს, რომ:
– მკითხველმა საკუთარ თავში დახვეწოს ადამიანური (ამაღლებული) სიყვარული (რომელსაც ვნებაც ახლავს), სხვა განცდები და გაიმრავალწახნაგოვნოს სამყაროს მსოფლ-აღქმა; საკუთარი იდენტობა გაიაზროს სინტაგმატურ პარადიგმაში;
– პიროვნებამ საკუთარი მე გაიაზროს გარეშემო ველის ცვლილების პირობებში (რომ დაძლიოს “გულივერის სინდრომი” (თუ “გულივერის კომპლექსი”, როგორ დიტო ნადირაშვილი ამბობს);
– სახელმწიფოს მოქალაქემ გაიაზროს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირსება და სხვ.
ტარიელ ფუტკარაძემ კომენტარებში კონკურსი „წიგნიერი“ გააკრიტიკა არჩევანის ბეგბედერის ტექსტზე შეჩერების გამო.
კონკურს ,,წიგნიერის“ გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან 2019 წლის 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს.
„წიგნიერი“ საბოლოოდ სამ გამარჯვებულს გამოავლენს, მათ „თიბისი ბანკი“, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა” და გამომცემლობები გადასცემენ საჩუქრებს. გამარჯვებულების ტექსტებს „საბა“ ელექტრონული წიგნის სახით გამოაქვეყნებს saba.com.ge-ზე.