მთავარი,სიახლეები

ისტორიული და მივიწყებული „მეიდან ოდა“ ქედაში

14.04.2019
ისტორიული და მივიწყებული „მეიდან ოდა“ ქედაში

ისტორიულ „მეიდან ოდაში“ სპეციალისტები და ისტორიკოსები ისევ არ გამოჩენილან. ქედაში, სოფელ ზუნდაგაში მდებარე ისტორიული სახლებისა და სტუმარმასპინძლობის აჭარული ტრადიციის შესახებ „ბათუმელები“ 2015 წელს წერდა. „მეიდან ოდა“ მალხაზ ვერძაძის სახლის ეზოშია. „ყოველდღიურად ნადგურდება, ხანდახან ავდივარ და ვნახულობ,“ – წუხილით გვითხრა მან, როცა ჭიშკართან შემოგვეგება.

„მეიდან ოდას“ ძველად აჭარაში სასტუმრო ოთახს ეძახდნენ. ზუნდაგა ისტორიულ საქარავნე გზაზე მდებარეობდა. ამ სოფელში ახლაც იციან, რომ სახლში ერთი ოთახი „სასტუმროა“ ანუ იგივე „მეიდან ოდა“ და ის განსაკუთრებული უნდა იყოს. ამავე სოფელში კი, ერთ-ერთი სახლის ეზოში, ცალკე დგას „მეიდან ოდა“. მასპინძელი ირწმუნება, რომ ეს „მეიდან ოდა“ ორ საუკუნეზე მეტი ხნისაა.

„აქ ნახეთ, ძველი არაბული წარწერებია,“ – მიყვება მალხაზი და მეორე სართულზე ქვის ბუხრის გვერდით, ხის კედელზე გაკეთებული წარწერისკენ მიმითითებს. დანანებით ამბობს, რომ დღემდე ვერც ის გაიგო, რაა დაწერილი მისი „მეიდან ოდის“ კედელზე.

„ალბათ, სტუმარმა დაწერა, ან მოეწონა აქაურობა, ან – არა, რა ვიცი,“ – მხრებს იჩეჩავს მალხაზ ვერძაძე და ძველი ნივთების გადაწყობას ცდილობს. რადგანაც ისტორიული „მეიდან ოდა“ ჯერ კიდევ არავის აინტერესებს, მალხაზის ოჯახი მას სათავსოდ იყენებს.

„მეიდან ოდაში“ ერთი შესასვლელი და ორი ოთახია. პირველი სართული ქვითაა ნაშენი, მეორე – წაბლის ხით. სახლს მხოლოდ ვიწრო სარკმელი აქვს.

„ეს იმიტომ, რომ სოფელს ჭრაქის შუქი შეენიშნა და მიმხვდარიყვნენ, რომ სტუმარი მოვიდა,“ – საკუთარ ვარაუდს გამოთქვამს მალხაზი. ოდის ერთ მხარეს მალხაზს აივანი მოუწყვია და სკები დაუდგამს.

ზუნდაგაში „მეიდან ოდას“ გარდა კიდევ რამდენიმე ისტორიული სახლია. უცხოელი თუ ქართველი ტურისტები აქაურობის იშვიათი სტუმრები არიან, რადგან ზუნდაგა ტურისტულ რუკაზე ჯერ არ გააქტიურებულა. არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ან რომელიმე სხვა უწყებას დაუწყია აქ შემორჩენილი სიძველეების კვლევა-ძიება.

მალხაზ ვერძაძის სურვილია, ბიზნესიც დაინტერესდეს „მეიდან ოდით“ და ისტორიულ შენობაში შესაძლებელია ახალი სასტუმრო მოეწყოს. მან ასევე იცის, რომ თავდაპირველად სპეციალისტების ჩართვაა საჭირო, რომ ოდის სიძველე დადასტურდეს.

„მამაჩემი ამბობს, ჯობია დავანგრიოთო, მაგრამ მე არ ვანებებ, ვერ დავანგრევ,“ – ასრულებს მასპინძელი და რკინის კიბეს, რითაც მეორე სართულზე ავედით, ისევ აცლის თაღოვან კარს. მალხაზი კიბეს ისევ „მეიდან ოდის“ პირველ სართულზე ათავსებს მორიგი სტუმრის მოლოდინში.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: