მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის შეფასება ხმაურიანი სხდომის შემდეგ

12.04.2019 • 1457
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის შეფასება ხმაურიანი სხდომის შემდეგ

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ირწმუნება, რომ დღეს, 12 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტი წინასწარვე იყო დაგეგმილი. მისივე განმარტებით, მას სხვადასხვა დროს რამდენჯერმე ჰქონდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა საკრებულოს სხდომის ჩაშლას, თუმცა მაშინ მათ ეს არ გამოუვიდათ, ამჯერად კი შეძლეს: „მორიგი მცდელობა გაუვიდათ უკვე.“

დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ ძალად მოიხსენია. მან განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომის მხოლოდ „იმ ბლოკში“ აქტიურობს, რომელსაც ჟურნალისტები ესწრებიან: „გარდა ამისა, ისინი არ მონაწილეობენ არც კომისიებისა და არც ბიუროს მუშაობაში, მოდიან მხოლოდ და მხოლოდ იმ ერთი ბლოკისთვის, რომ იხმაურონ, მოსახლეობას აჩვენონ თითქოს ისინი რაღაცას აკეთებენ და დაიშალონ“.

დღეს საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება თავდაპირველად შპს „ბათუმის წყლის“ მხრიდან საკრებულოს წევრებისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობის მიზეზით დაიწყო. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია აცხადებს, გამოთხოვილ ინფორმაციიას, ორგანიზაციაში დასაქმებული პირების სახელებსა და გვარებს, ისევ არ აწვდიან, რასაც არც „ბათუმის წყალი“ უარყოფს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ფრაქცია ითხოვს ინფორმაციას, რომელიც საჯარო არ არის. 

ფრაქცია აცხადებს,  რომ აქვს ინფორმაცია სავარაუდო ნეპოტიზმთან დაკავშირებით და ამის გადამოწმება სურს, რისი საშუალებაც, საკრებულოს, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს ფრაქციას, არ ეძლევა.

დაინტერესდა თუ არა საკრებულოს თავმჯდომარე საკითხით, რატომ არ აწვდის შპს „ბათუმის წყალი“ ფრაქციას ინფორმაციას და როგორ აფასებს მაკონტროლებელი ორგანოს თავმჯდომარე ამ ფაქტს? კითხვაზე სულიკო თებიძემ გვიპასუხა, რომ  ის დაინტერესდა და გამოითხოვა ინფორმაცია ორგანიზაციიდან, თუ რა მოითხოვა ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რა ინფორმაცია მიაწოდა მათ „ბათუმის წყალმა“:

„ყველა ინფორმაცია, რომელიც არის საჯარო, გაცემულია“ – ამბობს სულიკო თებიძე.

ფრაქციაში კი განმარტავენ, რომ ისინი ითხოვენ ინფორმაციას, როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი ორგანოს წარმომადგენლები, მისი კონტროლის მიზნით, რისი უფლებაც აქვთ.

საკრებულოს თავმჯდომარეს ამ პრეტენზიაზეც აქვს პასუხი. ის აცხადებს, რომ შპს-ებისა და ა(ა)იპებ-ის დამფუძნებელი არის მერია, საკრებულოს თანხმობით და არა საკრებულო. ხოლო რაც შეეხება ანგარიშვალდებულებასა და კონტროლს, სულიკო თებიძის განცხადებით, ფრაქციას შეუძლია ეს სხდომებზე ანგარიშების მოსმენით ან დირექტორის ფრაქციის სხდომაზე დაბარებით მოახერხოს: „ისინი არ ითხოვენ  მხოლოდ სახელებსა და გვარებს, ითხოვენ დაბადების წლებსა და ტელეფონებსაც, რაც პირადი ინფორმაციაა.“ – ამბობს ის.

დღესვე საკრებულოს სხდომაზე „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ნატალია ზოიძემ განაცხადა, რომ ფრაქციას სახელობითი ჩამონათვალი მიღებული აქვს შპს „ავტოტრანსპორტიდან“, ის ასევე დაინტერესდა, რატომ ითხოვს ოპოზიციური ფრაქცია შპს „ბათუმის წყლის“ თანამშრომლების სახელებსა და გვარებს მათი დაბადების თარიღებით: „ რა, დაბადების დღეები უნდა მიულოცოთ?“ – იკითხა ნატალია ზოიძემ. მან ასევე დასძინა, რომ ფრაქცია ითხოვს „ბათუმის წყალში“ დასაქმებული ადამიანების ტელეფონების ნომრებსაც, რაც ასევე პერსონალური ინფორმაციაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: