ვინ არიან ბათუმელი ვეგეტარიანელები

ვეგანების, ვეგეტარიანელებისა და იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საკვებად თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში, უარს ამბობენ ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მოხმარებაზე – დღითიდღე იზრდება.

ვეგეტარიანობა – გულისხმობს საკვები პროდუქტებიდან ხორცის ამოღებას. ვეგეტარიანელები იკვებებიან მხოლოდ მცენარეული საკვებით, ასევე კვერცხით, რძითა და რძის ნაწარმით. ვეგანობა კი ყველა ცხოველური პროდუქტის გამოყენებაზე უარის თქმაა. კვების მიღმა ვეგეტარიანიზმი და ვეგანიზმი ეწინააღმდეგება ცხოველების ან ცხოველური პროდუქტების გამოყენებას ნებისმიერი მიზნით – ადამიანების გამოსაკვებად, გასართობად, ცხოველების ექსპლუატაციას. ვეგანები უარს ამბობენ ისეთი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებაზე, რომელთა უსაფრთხოებაც ცხოველებზე დატესტეს, ტანსაცმლისა და აქსესუარების გამოყენებაზე, რომლებიც ცხოველების ტყავისგან არის დამზადებული და ა.შ.

ადამიანები ვეგეტარიანელობას სხვადასხვა მიზეზით ირჩევენ. მარიამ მუთიძე დაახლოებით სამი წელია, რაც ვეგეტარიანელია. ამბობს, რომ ვეგეტარიანელობა გადაწყვიტა, რადგან მისთვის ძვირფასია არა მარტო ადამიანების, არამედ ყველა სხვა არსებების სიცოცხლეც, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ.

“დაახლოებით ერთი თვეა, რაც გადავწყვიტე ვეგანი გავმხდარიყავი. მივხვდი, რომ ჩემი მსოფლმხედველობისთვის, ჩემი ცხოვრების წესისთვის შესაბამისი იყო. როგორც იდეოლოგია, მსოფლმხედველობა, ვეგანობა ბევრად უფრო ჩამოყალიბებული და პოლიტიკური ნაბიჯია ადამიანის მხრიდან, რადგან ეს გადის უშუალოდ ცხოველის ექსპლუატაციაზე. თუ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ადამიანების შრომითი უფლებების დარღვევას, სამსახურებრივ ადგილზე შევიწროებას, მათი შრომის გამოყენებას, ვეგანობა გულისხმობს იმას, რომ ეს ყველაფერი გავრცელდეს ცხოველებზეც – რომ არ იყვნენ ისინი ჩვენს გასართობად, მხოლოდ ჩვენს დასანაყრებლად. ეს ვრცელდება ცხოველური პროდუქტის მოხმარებაზე, თაფლით დაწყებული, ცხოველის ტყავით დამთავრებული, რაც ცხოველს აქცევს ჩვენი გამოყენების საგნად. ვეგანობა თავის თავში მოიცავს იმასაც, რომ გარდა ხორცის არ ჭამისა, კიდევ ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებ ისეთს, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ცხოველების თავისუფლად და კარგად ცხოვრებას”, – ამბობს მარიამი.

მარიამი ამბობს, რომ ქართულ სამზარეულოში ვეგეტარიანელობა და ვეგანობა დიდი სირთულე არ არის. “მართალია, ბევრი სასარგებლო პროდუქტი, ერთგვარი საკვები დანამატები, ჩვენთან არ იშოვება, თუმცა ქართულ სამზარეულოში საკმაოდ ბევრი პროდუქტია, რაც შეიძლება ინტეგრირდეს ვეგანურ კვებასთან, ფხალეული, ბოსტნეულით გაკეთებული კერძები… ვფიქრობ, ადამიანებს არც ჩვენთან გაუჭირდებათ  ვეგანობა”, – ამბობს მარიამი და აქვე განმარტავს, რომ დიდი შეცდომაა ვეგანობა და ვეგეტარიანელობა განიხილო, როგორც დიეტა.

“ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, კვების წესი, ცხოველურ პროდუქტებზე უარის თქმით, ჩვენ ვეხმარებით გარემოსაც, რადგან მეწარმეობა, რომელიც ხორცის წარმოებაზე გადის, ძალიან აბინძურებს გარემოს და კლიმატის ცვლაზე დიდი ზეგავლენა აქვს. კვლევების მიხედვით, თუ შემცირდება ხორცის წარმოება და ჩანაცვლდება ხილ-ბოსნეულის წარმოებით, საკმაოდ გაუმჯობესდება კლიმატური მდგომარეობა”, – ამბობს ის.

 

29 წლის ალექსეი დრუჟინინი ვეგეტარიანელია. იგი უკრაინიდან ცოლთან, ნელისთან ერთად შვიდი თვის წინ ჩამოვიდა ბათუმში და დაახლოებით სამი თვის წინ, გრიბოედოვის ქუჩაზე, პატარა ვეგეტარიანული კაფე Freeduchio გახსნეს. ალექსეი ამბობს, რომ ისინი თანამოაზრეებს ეძებენ და უკვე მოახერხეს კიდეც მათი პოვნა ამ ქალაქში.

“კაფეში საკმაო რაოდენობის ადამიანი მოდის… გვინდოდა თანამოაზრეები გვეპოვა. აქ ადამიანები მოდიან არა მხოლოდ საჭმლისთვის, არამედ ვეგეტარიანობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველადაც. ზოგჯერ ადამიანები, უბრალოდ, რჩევისთვის მოდიან, როგორ გახდნენ ვეგეტარიანელები. ზოგიერთს აინტერესებს, როგორ გახდეს ვეგანი და სრულად თქვას უარი ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე. ზოგიერთი, უბრალოდ, საურთიერთობოდ მოდის, რადგანაც თანამოაზრეები ვართ”, – ამბობს ის.

ალექსეი განმარტავს, რომ ვეგეტარიანელობა არის ცხოვრების სტილი და აზროვნების ფორმა: “როცა შენ ფიქრობ მსოფლიოზე, გინდა, რომ იგი უკეთესი გახადო არა მარტო იმით, რომ რაღაცას არ ჭამ, არამედ იმითაც, რომ, მაგალითად, ქაღალდს არ აგდებ ქუჩაში, პლასტმასს არ იყენებ… აი, ეს არის ჩვენთვის ვეგეტარიანელობა, როცა მსოფლიოს ხდი უკეთესს და ცდილობ, პარალელურად, შენ ირგვლივ ადამიანები შეცვალო ცხოვრებისა და აზროვნების ამ სტილის პროპაგანდით”.

ალექსეი და ნელი ცდილობენ, არავეგეტარიანელ ადამიანებს დაუმსხვრიონ მითი იმის შესახებ, თითქოს ასეთი კვება მხოლოდ ბალახის ჭამას გულისხმობდეს: “გვინდა, რომ ის პოსტულატი, რაც ადამიანებს აქვთ თავში, რომ ვეგეტარიანელობა არის რაღაც ბალახისა და ბოსტნეულის ჭამა, დავამსხვრიოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კერძი, რომლებსაც ის ადამიანებიც მიირთმევენ, რომლებიც არ არიან ვეგეტარიანელები. ამიტომ ძალიან გვაინტერესებს დავამკვიდროთ თუნდაც მხოლოდ კვების ეს ფორმა იმ ადამიანებში, რომლებიც ჭამენ ცხოველურ პროდუქტებს და სურთ რაღაც ახლის გასინჯვა”.

 

 

ნელიმ ალბასოვამ, ხორცზე თავიდან იმის გამო თქვა უარი, რომ მოიწამლა. თუმცა მალევე მიხვდა, რომ ასეთი რაციონი მის ჯანმრთელობაზე კარგად აისახებოდა: “სამი წლის წინ გავხდი ვეგეტარიანელი. სინამდვილეში ეს შემთხვევით გამოვიდა. მოვიწამლე და მომიწია უარი მეთქვა რაღაც დროით ხორცზე, მაგრამ როცა მასზე უარს ამბობ, ხვდები, რომ უხორცოდ უფრო მსუბუქად ხარ და თავისუფლად შეგიძლია მის გარეშე ცხოვრება. თავიდან უარი ვთქვი ხორცზე, შემდეგ თევზზე, შემდეგ სხვა დანარჩენზე. რაღაც დროით რაციონში მქონდა ზღვის პროდუქტები, ციცრის კვერცხი, ქათმის კვერცხს ისეც არასოდეს ვჭამდი. ხორცზე უარს ამბობ და ხვდები, რომ თავს უკეთესად გრძნობ, შეგიძლია მშვიდად იცხოვრო „ბალახზეც“, როგორც ყველა ეძახის”, – ამბობს ნელი.

“ყველას ერთი და იგივე კითხვა აქვს – საიდან ვიღებთ იმ ნივთიერებებს, რაც ხორციდან შეიძლება მივიღოთ, ცილა, ამინომჟავები… ადამიანებს, რომელთაც მშობლები ბავშვობიდან აჭმევდნენ ხორცს, თევზს, კვერცხს, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ამ ყველაფრის გარეშე შეიძლება იყო ჯანმრთელი. მაგალითად, როცა ხორცის ჭამა შევწყვიტე, წელიწადში 15 კილო დავიკელი.  ეს უკვე არის საჩვენებელი შედეგი. როცა მეკამათებიან იმაზე, რომ უხორცოდ არ შეიძლება, ვეკითხები –  გიცდია ხორცის გარეშე ცხოვრება? როცა მპასუხობენ რომ არა, ვთავაზობ ერთი კვირა სცადონ, შემდეგ კი შთაბეჭდილებები გამიზიარონ. სიმართლე გითხრათ, იშვიათად ცდიან ასე, მაგრამ იყო ჩემს პრაქტიკაში შემთხვევები, როცა ადამიანები დამთანხმდნენ და რაღაც დროით ხორცზე უარი თქვეს, შემდეგ კი სულ შეწყვიტეს მისი გამოყენება”.

საკურას ყვავილობა ბათუმის ბულვარში [ფოტო]

საკურას, იაპონური ალუბლის ხეების დარგვა ბათუმში რამდენიმე წლის წინ დაიწყეს.

იაპონელებს მიაჩნიათ, რომ გაზაფხული საკურას ყვავილობით იწყება. იაპონური ალუბალი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ყვავის და იაპონიაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სეზონურ დღესასწაულად მიიჩნევა.

იაპონიაში ყოველი წლის გაზაფხულზე ადგენენ საკურას ყვავილობის რუკასა და პროგნოზს, სადაც ზუსტადაა აღნიშნულია, რომელ ქალაქში როდის ყვავის ალუბალი. ინიშნავენ პირველი ყვავილობის დღესაც, როცა ხის 5-6 კვირტი მაინც იშლება, ამ დღიდან ერთ  კვირაში საკურა სრულ ყვავილობას იწყებს, ბაღებში ეწყობა პიკნიკები და სახალხო სეირნობები. საკურას სრულ ყვავილობად მიიჩნევა დღეები, როცა ხის კვირტების 80 % უკვე გაშლილია.

ფოტო: ბათუმის ბულვარი
ფოტო: ბათუმის ბულვარი
ფოტო: ბათუმის ბულვარი
ფოტო: ბათუმის ბულვარი

„თავისუფალი სიტყვა“ – კონფერენცია ბსუ-ში

17 აპრილს, 16:30 საათზე, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში გაიმართება კონფერენცია „თავისუფალი სიტყვა“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ამ ფორმატში სტუდენტებს შეხვდება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ჟვანია. ორგანიზატორების ინფორმაციით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საინფორმაციო კამპანია – „თავისუფალი სიტყვა“, წელს პირველად ტარდება.

გარდა ბათუმისა, „კამპანიის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს ყველა რეგიონული უნივერსიტეტის სტუდენტებთან (ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, თელავი), სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით იქ მცხოვრები სტუდენტების მოსაზრებების გასაგებად და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობაზე სასაუბროდ.

24 აპრილს კი ექსპერიმენტული თეატრის შესრულებით თბილისში გაიმართება ეტიუდი – „თავისუფალი სიტყვა“.

იმავე დღეს, პროექტის ფარგლებში, თბილისში დაგეგმილია კონფერენცია, სადაც მომხსენებლები იქნებიან ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, კინომცოდნე გოგი გვახარია, ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი…

კამპანია „სიტყვის თავისუფლების კონფერენცია 2019 – #FreedomofSpeech2019“-ს მხარს უჭერს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი. კამპანია ორგანიზებულია ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა (EGI) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ.

ბათუმში აღმოჩენილი 150 ნეშტის დაკრძალვა გადაიდო

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე აღმოჩენილი ნეშტების დაკრძალვის თარიღი გადაიდო.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მოგახსენებთ, რომ 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა დაკრძალვა დაგეგმილი იყო ა/წ 21 აპრილს.

მოსამზადებელი სამუშაოების გამო დაკრძალვის თარიღი გარკვეული ვადით გადაიდო, რადგანაც იქმნება სამთავრობო კომისია, ასევე მოწვეულია სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ჯგუფი, რომელიც შექმნის დნმ-ისათვის საჭირო ბაზას და სამომავლოდ შთამომავლებს შესაძლებლობა ექნება დნმ-ის ანალიზის საშუალებით წინაპართა იდენტიფიცირების.

დაკრძალვის ადგილსა და თარიღს წინასწარ გაცნობებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ 5 აპრილს გამოაქვეყნა 2017 წელს აღმოჩენილი სამარხიდან ამოღებული ნეშტების ფოტოები. ეპარქიის განცხადებით, ეს 150 ნეშტი სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა საერთო სამარხიდან იყო.

ეპარქია ნეშტების დაკრძალვას 21 აპრილს აპირებდა. ამ განცხადებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოქალაქეები ითხოვდნენ, ნეშტები სათანადო შესწავლის გარეშე არ დაეკრძალათ. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ კი სახელმწიფოს მიმართა, მოთხოვნით – ექსპერტებისათვის ნეშტების შესწავლის საშუალება მიეცათ.

__________

მთავარ ფოტოზე: ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე აღმოჩენილი ნეშტები. შოთა გუჯაბიძის ფოტო

„გაგვიცოცხლეს ყველაფერი და ასე გვტოვებენ“ – მოგონებები 1937 წლის რეპრესიებზე ბათუმიდან 

სამინისტროს აუქციონის გამო ბათუმში ოჯახი სახლს ვერ ირეგისტრირებს

ბათუმში, თამარის დასახლებაში მცხოვრები ოთარ ჯაიანი მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს საკუთრებაში ათ წელზე მეტია ვერ ირეგისტრირებს. მიზეზი საკადასტრო საზღვრებია, რომლითაც ჯაიანის მფლობელობაში არსებული ქონების ნაწილი შპს GEOFIBRE-ს საკუთრებაშია მოქცეული. ამ კომპანიამ მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 2013 წელს შეიძინა.

ოთარ ჯაიანის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ოთარ ჯაიანს და მის მეუღლეს აქვთ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. საცხოვრებელ სახლში რეგისტრაციის უქონლობის გამო შეყვანილი არ არის ბუნებრივი აირი. ოჯახი, რეგისტრაციის უქონლობის გამო, ვერ სარგებლობს მუნიციპალიტეტში არსებული სამედიცინო და სხვა სოციალური პროგრამებით… 2002 წლიდან დღემდე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისთვის მიმართვის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ჯაიანის საცხოვრებელი სახლის რეგისტრაცია“.

„გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, შპს GEOFIBRE-ს საკადასტრო საზღვრებშია ოთარ ჯაიანის მფლობელობაში არსებული სახლის 35 კვ.მ ფართობი, თუმცა საცხოვრებელი სახლი მდებარეობს GEOFIBRE-ს მიერ შემოსაზღვრულ ბეტონის ჯებირს მიღმა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, კომპანიას შესთავაზეს საკუთარი სახსრებით ნახაზის მომზადება და საკადასტრო საზღვრების კორექტირება, კომპანიასთან შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. მით უმეტეს, საზღვრების კორექტირებით კომპანია იმ 35 კვ.მ-ს არ დაკარგავდა.

საზღვრების კორექტირების გარეშე კი, „გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქალაქ ბათუმის საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვერ ახერხებს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას ოთარ ჯაიანის საკუთრებად. ამ ტერიტორიაზე ჩასახლებულ სხვა ოჯახებს კი, საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცათ.

ოთარ ჯაიანი თამარის დასახლებაში სულ 96 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს. 2008 წელს ბათუმის მერიასა და ოთარ ჯაიანს შორის მემორანდუმიც გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, ბათუმის მერია იღებდა ვალდებულებას, აღნიშნული მიწის ნაკვეთის განკარგვაზე გამოეცხადებინა აუქციონი, სადაც ერთ-ერთ პირობად განისაზღვრებოდა ოთარ ჯაიანის ოჯახისთვის 50 კვ.მ ფართობის ბინის საკუთრებაში გადაცემა.

მიუხედავად ამისა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიწის ნაკვეთი 2013 წელს ისე გაყიდა, რომ არც მემორანდუმი და არც ფაქტობრივი გარემოება არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, გაყიდული ნაკვეთის საზღვრებში ჯაიანის საცხოვრებელი სახლის ნაწილიც მოექცა.

საკითხზე რეაგირების თხოვნით „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ განცხადებით ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ოთარ ჯაიანის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ნაწილი მოქცეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განკარგულ, ამჟამად შპს GEOFIBRE-ს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში, გთხოვთ, თქვენს რეაგირებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებაში დასმულ საკითხებზე,“ – აღნიშნულია ლაშა კომახიძის წერილში, რომელიც მერმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს გაუგზავნა.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მერის წერილი მიღებულია წარმოებაში და ამ ეტაპზე საკითხს სწავლობენ.

ოთარ ჯაიანი თავის საცხოვრებელ სახლთან / 15.04.2019

 

 

რა ხარვეზები აქვს ბსუ-ს ადაპტირებულ ლიფტს

„ლიფტი დილიდან გამოსულია მწყობრიდან (ადგილზე მისულმა გავიგე), ანუ შეუძლებელია მისი გამოყენება“, – წერს თომა კაკაბაძე, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ეტლით მოსარგებლეა.

„ამ ლიფტით სარგებლობის აუცილებლობა აქვს სულ რამდენიმე ადამიანს და ასეთი შემთხვევების დროს, აუცილებლად მოგვაწოდეთ ინფორმაცია სარემონტო სამუშაოებთან ან გაუთვალისწინებელ შემთხვევასთან დაკავშირებით, სმს-ით, დარეკვით ან რაიმე ფორმით, რადგან ავტოტრანსპორტის არაეფექტიანად მუშაობის გამო, ისედაც 6 კილომეტრის გავლა მიწევს, რომ უნივერსიტეტამდე მოვიდე“, – წერს ის ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

თომა კაკაბაძე აქვე წერს ადაპტირებული ლიფტის ხარვეზებზეც.

თომა კაკაბაძის თქმით, ლიფტში ორივე მხარეს უნდა დამონტაჟდეს ღილაკები, სპეციალური ბარათის წამკითხველი კი დამონტაჟდეს 20-25 სანტიმეტრით დაბლა, ვიდრე დღეს არის.

„დამოუკიდებლად გამოყენებისთვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციები, რომ არ მიწევდეს  ლიფტით ყოველი სარგებლობის დროს ვინმეს შეწუხება“.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ლიფტი კვირას არ მუშაობდა, „თუმცა ტექნიკოსებმა შეაკეთეს და ახლა უკვე ჩართულია“.  თომა კაკაბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დღეს 15 აპრილს, ლიფტი 4 საათამდე გამორთული იყო.

უნივერსიტეტში პანორამული ლიფტი გასულ წელს დაამონტაჟეს.

ბსუ

გარდაცვლილი პაციენტების ახლობლების 6-პუნქტიანი მოთხოვნები სერგეენკოსა და პარლამენტს

ბათუმის საავადმყოფოებში ბოლო პერიოდში გარდაცვლილი 7 პაციენტის ახლობლები დღეს, 15 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრაზე გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს სამინისტროს რეაგირება მომხდარ ფაქტებზე და მოსთხოვეს მინისტრს, ზაალ მიქელაძეს, მიმართოს საქართველოს პარლამენტს, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის პაციენტების დაღუპვის მიზეზებს. ასევე დაიწყება სამედიცინო დაწესებულებებისა და მედპერსონალის კვალიფიკაციის შესწავლა.

დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით შემუშავდება მიმართვის ტექსტი, რომელიც შევა პარლამენტის შესაბამის კომისიაში რეაგირებისთვის. თუმცა, როგორც საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე ანა მდინარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ საკითხზე ჯერ კონსულტაციები მიმდინარეობს და ამის შემდეგ გადაწყვეტს ორგანიზაცია თუ რა ტიპის რეაგირება ექნებათ.

გარდაცვლილი 6 წლის ბავშვის დედა მინისტრთან შეხვედრაზე

ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები საუბრობდნენ კონკრეტულ დეტალებსა და ფაქტებზე, რის გამოც ისინი გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ მათი ოჯახის წევრების დაღუპვის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ექიმის მხრიდან გულგრილობა ან არაკვალიფიციურობა.

შვიდი გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს წინ, რამდენჯერმე გადაკეტეს საავტომობილო მაგისტრალიც. ისინი, როგორც თავად აცხადებენ, პაციენტების გარდაცვალების მიზეზების გამოძიებას და იმ პირების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ, ვისი მიზეზითაც დაიღუპნენ პაციენტები.

გარდაცვლილი პაციენტების ახლობლებმა საპროტესტო აქცია გუშინ, 14 აპრილსაც გამართეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან. აქციაზე მივიდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, რომელსაც აქციის მონაწილეებმა კონკრეტული მოთხოვნები წაუყენეს.

გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრები ექიმების გულგრილობასა და არაკვალიფიციურობაზე საუბრობენ. ისინი თითოეული ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ.
ფოტო: ლელა დუმბაძის

გარდაცვლილი პაციენტების ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა ზაალ მიქელაძესთან შეხვედრაზე თავიანთი მოთხოვნები ექვსპუნქტად ჩამოაყალიბეს:

    1. შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის ყველა გარდაცვლილის საქმეს. კომისიაში ჩართონ გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრები ან მათი წარმომადგენლები. ყველა საქმე განიხილონ ინდივიდუალურად, გარდაცვლილის ახლობლის ჩართულობით. კომისიის დაკომპლექტება მოხდეს ჩვენთან შეთანხმებით, ჩვენთვის სანდო ადამიანებით, კომისიის შექმნა განისაზღვროს 30 აპრილამდე.
    2. პირადად საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, აიღოს პასუხისმგებლობა ამ საქმეების გამოძიებაზე. თქვენი (ზაალ მიქელაძის) დახმარება იქნება საჭირო, რომ ინფორმაცია მიიტანოთ დავით სერგეენკომდე.
    3. შეისწავლონ რეგულირების სააგენტოს კომისიის წევრების საქმიანობა და მოგვეწოდოს სანდო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები არ არიან მიკერძოებული გამოძიებისას და არ იცავენ კონკრეტული ექიმის ინტერესებს.
    4. კლინიკებში აუდიტის შესვლა, სამედიცინო აღჭურვილობისა და ექიმების პროფესიონალიზმის შესწავლა. „ნამდვილად პროფესიონალები არიან თუ არა ექიმები ამის შესწავლა უნდა მოხდეს, რადგან შეიძლება კლინიკა ტექნიკურად აღჭურვილი იყოს, მაგრამ ექიმი იყოს არაკვალიფიციური“.
    5. პირველ ეტაპზე დაიწყოს გამოძიება.
    6. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაანონსებთ ფართომასშტაბიან აქციებს. ასევე მოვითხოვთ, რომ ჩვენი განცხადება შევიდეს პარლამენტში და ჩვენს მოთხოვნებს შეხედონ სერიოზულად.
გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ საქართველოს პარლამენტის სპეციალურმა კომისიამ დაიწყოს ყველა გარდაცვლილი პაციენტის საქმის შესწავლა. ასევე, აუდიტის სამსახურმა დაიწყოს სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის შესწავლა.

მაიაკოვსკის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოების გამო ავტობუსები სხვა მარშრუტით მოძრაობენ

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, მაიაკოვსკის ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მუნიციპალური მარშრუტები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით:

#1  – აღმაშენებლის ქ, კობალაძის ქ, ხიმშიაშვილის ქ, რუსთაველის ქ, გოგებაშვილის ქ, ბაქოს ქ, ნონეშვილის ქ, მაიკოვსკის ქ, ბაგრატიონის ქ, შავშეთის ქ, წერეთლის ქ, ჭავჭავაძის ქ, თავდადებულის ქ, ბაგრატიონის ქ, ლერმონტოვის ქ, ორბელიანის ქ, ლეონიძის ქ. აღმაშენებლის ქ.

#1ა  აღმაშენებლის ქ, ლეონიძის ქ, ორბელიანის ქ, ლერმონტოვის ქ, ბაგრატიონის ქ, თავდადებულის ქ, ჭავჭავაძის ქ, წერეთლის ქ, შავშეთის ქ, ბაგრატიონის ქ, მაიაკოვსკის ქ, ნონეშვილის ქ, ბაქოს ქ, გოგებაშვილის ქ, რუსთაველის ქ, ხიმშიაშვილის ქ, კობალაძის ქ, აღმაშენებლის ქ. 


#4 – აღმაშენებლის ქ, კობალაძის ქ, ინასარიძის ქ, ფიროსმანის ქ, გორგილაძის ქ, ბარათაშვილის ქ, წერეთლის ქ, შავშეთის ქ, ბაგრატიონის ქ, მაიკოვსკის ქ, სვიშევსკის ქ /ქვედა სალიბაური
უკუმიმართულება: სვიშევსკის ქ /ქვედა სალიბაური, მაიაკოვსკის ქ, ბაგრატიონის ქ, შავშეთის ქ, ბაქოს ქ, ჭავჭავაძის ქ, ბარათაშვილის ქ, გორგილაძის ქ, ფიროსმანის ქ, ინასარიძის ქ, კობალაძის ქ, აღმაშენებლის ქ, ტაბიძის ქ, ლეონიძის ქ, აღმაშენებლის ქ.

#8 – აღმაშენებლის ქ, ტაბიძის ქ. ლეონიძის ქ, ორბელიანის ქ, ჯავახიშვილის ქ, ბაგრატიონის ქ, შარტავას ქ, აბუსერიძის ქ, ჭავჭავაძის ქ, წერეთლის ქ, შავშეთის მაიაკოვსკის ქ, გოგოლის ქ, თამარ მეფის გზატკეცილი, ბაღის ქუჩა.
უკუმიმართულება – იგივე.

#15 – ზედა ღელე, გენერალ აბაშიძის ქ, ორბელიანის ქ, ს.ხიმშიაშვილის ქ, ბაგრატიონის ქ, მელიქიშვილის ქ, რუსთველის ქ, გოგებაშვილის ქ, ბაქოს ნონეშვილის ქ, ქათამაძის ქ. ლორთქიფანიძის ქ, კაზინეთის ქ.

უკუმიმართულება – იგივე.

თიბისის და Tbilisi Hills Golf & Residences-ს თანამშრომლობა გაფორმდა

Tbilisi Hills Golf & Residences-ის ახლადაშენებული კომპლექსი ოფიციალურად 6 თვის წინ გაიხსნა, 13 აპრილს კი გოლფის სეზონის საზეიმო გახსნის ღონისძიება ჩატარდა. თიბისისა და Tbilisi Hills Golf & Residences-ს შორის არსებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საცხოვრებელი და ინფრასტრუქტურული კომპლექსის 2 ფაზის მშენებლობა უკვე დაფინანსდა.  გარდა კორპორატიული საბანკო მომსახურებისა, ბანკი მხარს უჭერს დეველოპერულ კომპანიას კონსულტაციების კუთხითაც.

კორპორატიული საბანკო მომსახურების პარალელურად, თიბისი Tbilisi Hills Golf & Residences-ს იპოთეკური ცენტრის მომსახურებასაც სთავაზობს. ექსკლუზიურად თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის Tbilisi Hills Golf & Residences-ის ვილებზე და აპარტამენტებზე ფასდაკლება გავრცელდება, განსაკუთრებული პირობები იმოქმედებს, როგორც იპოთეკურ სესხებზე, ასევე ბინის ერთიანად გადახდის შემთხვევაში.

 „მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა საზოგადოებას ჩვენი პარტნიორობის შესახებ ვაუწყოთ. თიბისი ბანკი თავისი კორპორატიული მომსახურებით მხარში უდგას Tbilisi Hills Golf & Residences-ს. დღეიდან კი, თიბისის მომხმარებლებს მიეცემათ საშუალება ექსკლუზიურ ფასად შეიძინონ საცხოვრებელი ჩვენს უნიკალურ კომპლექსში,“ – განაცხადა სეზონის გახსნის ღონისძიებაზე  „AS Skinest Group”-ის და თბილისი ჰილსის მმართველმა და მთავარმა დამფუძნებელმა ოლეგ ოსინოვსკიმ.

Tbilisi Hills Golf & Residences საცხოვრებელი და ინფრასრუქტურული კომლექსია, რომელიც 331 ჰექტარზე თბილისში, კრწანისის რაიონში მდებარეობს. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ ობიექტებს და ყველაზე დიდ გოლფის მოედანს საქართველოში. იგი მოიცავს 350-ზე მეტ ვილას, 70-ზე  მეტ თაუნჰაუზს, 800-მდე აპარტამენტს და ინფრასტრუქტურულ ობიექტს.

თბილისი ჰილსი უნივერსალური კონცეფციაა, რომელიც აგებულია არა მხოლოდ ინტერიერის ესთეტიკაზე, არამედ ეკომეგობრულ კონცეფციაზეც, რაც საქართველოში დეველოპერული კომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. კომპლექსს აქვს 180 გრადუსიანი ხედი ქალაქზე და სუფთა ჰაერი, ხოლო გარემოს ათვისება თანამედროვეობის მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება.  ეს არის, როგორც საცხოვრებელი, ასევე დასასვენებელი კომპლექსის უნიკალური შერწყმა.

Tbilisi Hills Golf & Residences  „AS Skinest Group“ – ის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან მუშაობს. იგი მოიცავს ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიც არის რკინიგზა, ბიზნეს-მიმართულება, ჰიდროელექტრო სადგურები ა.შ.  „AS Skinest Group“ პირველი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ქალაქის მახლობლად ცხოვრების ახალ სტილს ამკვიდრებს, სადაც იქნება სივრცე საცხოვრებლად, რელაქსაციისა და გართობისათვის.

თიბისი „AS Skinest Group“-ს  მხარს უჭერს საქართველოში შემოსვლის დღიდანვე. თიბისისთვის უძრავი ქონების სფეროს განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ახლახანს ბანკმა გამოუშვა ამ სფეროს პირველი კომპლექსური ანალიზი და დეველოპერებს უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილა და მომავლის ტენდენციები გააცნო.

მრჩეველთა საბჭო აჭარის ტელევიზიის დირექტორს უსმენს

დღეს, 15 აპრილს, მრჩეველთა საბჭო აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძის კვარტალურ ანგარიშს უსმენს.

ნათია კაპანაძემ მრჩეველთა საბჭოს მუშაობის მთავარი შედეგები წარმოუდგინა:

სხდომას არ ესწრება საბჭოს წევრი ირაკლი დარცმელიძე, რომელმაც საბჭოს კიდევ ერთ წევრთან, გიგა ჩხარტიშვილთან ერთად 10 აპრილს მოითხოვა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი.

ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ პოსტზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დრო დარჩა.

ნათია კაპანაძის ანგარიში

 

ხულოში, დანისპარაულში, დიაკონიძეებში, დიოკნისში – მესაკუთრეებს მიწას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია

ხულო-ზარზმის ახალი გზის მშენებლობის გამო დაბა ხულოში, ასევე ხულოს სოფლებში: დანისპარაულში, დიაკონიძეებში და დიოკნისში მესაკუთრეებს მიწას ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ.

საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი, რომლებიც პროექტის არეალში მოექცა, ჯამში 1 133 კვ.მ-ია.

აქედან:

168 კვ.მ იწის ნაკვეთი და მასზე არსებული უძრავი ქონება დაბა ხულოში, მ. აბაშიძის ქ. № 31-ში მდებარეობს. მესაკუთრე გოჩა პაქსაძე;

150 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული უძრავი ქონება მდებარეობს სოფელ დანისპარაულში. თანამესაკუთრეები: აზა მიქელაძე, თამარა მიქელაძე, ლეო მიქელაძე, ნათია მიქელაძე, ნანა მიქელაძე, ნიკა მიქელაძე, ნინიკო მიქელაძე, რამაზ მიქელაძე;

40 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ დიაკონიძეებში. მესაკუთრე როინ სოლომონიძე;

775 კვ.მ  მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული უძრავი ქონება კი სოფელ დიოკნისში მდებარეობს. მესაკუთრეები: თეონა შავაძე, მინდია შავაძე, ნათია შავაძე.

„პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვის შესახებ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირებთან. დასახელებული გარემოება კი შეუძლებელს ხდის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროცედურების სრულყოფილად განხორციელებას და საავტომობილო გზის მშენებლობა/რეკონსტრუქციას“, – აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 4 აპრილის ბრძანებაში, რომელსაც ხელს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე მიქაბაძე აწერს.

ამ ბრძანებით ექსპროპრიაციის უფლება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა.

მინისტრის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების [2019 წლის 12 აპრილი] ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულო-ზარზმის გზის სარეაბილიტაციოდ მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია როგორც ხულოს, ასევე, ზარზმის მხრიდან. „რაც შეეხება ინტენსიურ სამუშაოებს, აპრილის ბოლოს, უფრო მაისის თვიდან დაიწყება“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

ამ თემაზე:

ხულო არჩეული მერის გარეშე და 217 მილიონზე მეტი ლარის პროექტები

როგორ ჩაივლის „ნასესხები“ ბათუმში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 15  აპრილის 21 საათიდან 16 აპრილის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია ელჭექი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში ღამით და დილით – ზოგან 17-22 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5-10 გრადუსი 
  • ღამით: 0-5 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 17-18 აპრილს, მოსალოდნელია  დროგამოშვებით წვიმა.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება – ჯარიმა 500-დან 1000-მდე ლარია

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები.

„საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს – აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე,“ – ნათქვამია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას, ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძო სანერგეებში გამოყვანილ ბზას სთავაზობს. ამასთან, ეროვნული სატყეო სააგენტო მიმდინარე, 2019 წელსაც აგრძელებს ბზის საკონსერვაციო და მავნებელის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა ალტერნატიული ღონისძიების გატარებას.

„მე ვარ ორგანიზატორი და დამაკავეთ“ – აქციის მონაწილეების მიმართვა პოლიციელებს

„ჩვენ ვართ ორგანიზატორები“ – ამ სიტყვებით მიმართავენ ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე [„კარფურთან“] შეკრებილი მოქალაქეები პოლიციელებს. ისინი ქუჩის გადაკეტვას ცდილობენ. აქციის მონაწილეები ასახელებენ კონკრეტული ექიმების გვარებს და მათ დასჯას ითხოვენ. ქუჩაში საპროტესტო მსვლელობას ბოლო პერიოდში ბათუმის საავადმყოფოებში გარდაცვლილი 7 პირის ახლობლები აწყობენ. აქცია ამ წუთებშიც [2130] გრძელდება.

„ეს არის დამპალი სისტემა“, „თქვენ ყველა ერთ სისტემას ემსახურებით“, „მე ვარ ორგანიზატორი და დამაკავეთ“, – მიმართავენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს.

აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ მათთან შესახვედრად რამდენიმე წუთში მივა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

გარდაცვლილების ახლობლების აქცია/საავადმყოფო/ექიმი

გარდაცვლილი პაციენტების ახლობლების აქცია დღეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან დაიწყო და შემდეგ ქალაქის ერთ-ერთ მთავარ გზატკეცილზე გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები  დროულ გამოძიებას და კონკრეტული ექიმების დასჯას ითხოვენ.

ამავე თემაზე:

“არ ვიცი, რას ვიზამ, ჩემი შვილის მკვლელი ექიმი რომ შემხვდეს”- აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩის გადასაკეტად მიემართებიან

ამ წუთებში [20:40; 14 აპრილი] ბათუმში აქცია-მსვლელობა იმართება. სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილი 7 ადამიანის ახლობლები ქუჩაში გამოვიდნენ. როგორც “ბათუმელებს” აცნობეს, ეს მოქალაქეები აპირებენ ქუჩის გადაკეტვას, რომ ხელისუფლების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქციონ.

გარდაცვლილი პაციენტების ახლობლები დღეს თავდაპირველად აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. მოქალაქეები გარდაცვლილი პაციენტების საქმეების გამოძიების გაჭიანურებას აპროტესტებენ.

“არ ვიცი, რას ვიზამ, ჩემი შვილის მკვლელი ექიმი რომ შემხვდეს”- აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

“არ ვიცი, რას ვიზამ, ჩემი შვილის მკვლელი ექიმი რომ შემხვდეს”- აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

“არ ვიცი, რას ვიზამ, ჩემი შვილის მკვლელი სადმე რომ შემხვდეს. ის არავის დაუსჯია,” – ამას ანრი ბერიძის დედა, შორენა იაკობაძე. დღეს, 14 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან ბოლო პერიოდში სხვადასხვა კლინიკაში გარდაცვლილი 7 ადამიანის ახლობლები შეიკრიბნენ.

“გვაქვს თუ არა გამოძიების უფლება?”- ეს ერთ-ერთი ტრანსფარანტია, რაც შეკრებილებმა საპროტესტო აქციაზე გამოფინეს. ისინი სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც კლინიკებში გარდაცვლილი ადამიანების საქმეებს შეისწავლის. შეკრებილები ასევე ითხოვენ დროულ და ეფექტურ გამოძიებას.

“ჩემი ძმის, ზუკა ფაღავას საქმეზე ექიმს მხოლოდ 19 დღით შეუჩერეს ლიცენზია… ეს არაა დასჯა. 23 დღით რომ დაესაჯათ მინიმუმ, ჩხობაძე ელზა გადარჩებოდა. მასაც იგივე ექიმი მკურნალობდა,”- ამბობს ანა ფაღავა.

აქციაზე ზუკა ფაღავას მამაც იმყოფებოდა.

“მარტო ლიცენზიის შეჩერებაც არ კმარა. უნდა დაისაჯოს ექიმი ციხეში ჩასმით,” – გვითხრა მან.

გამოძიების გაჭიანურების პრობლემაზე საუბრობს ლია ლომთათიძე. იგი “მედცენტრში” გარდაცვლილი ელზა ჩხობაძის შვილია.

“პროკურატურისგან ვერაფერს გაიგებ… ექსპერტიზა არ ჩატარებულა, მაგრამ თანახმა ვართ ეგზუმაციაზე ახლაც… “მედცენტრი” გაჩუმების სანაცვლოდ თანხას გვთავაზობდა – 20 ათას ლარს. გამოძიებას მივაწოდეთ ინფორმაცია, მაგრამ არავინ დაუკითხავთ,” – გვიყვება ლია ლომთათიძე.

აქციაზე იყო 6 წლის საბა კიწმარიშვილის ოჯახიც. მათ აქციაზე ეს შეკითხვა გაუჩნდათ:

“ჩვენ ვაპირებდით მიგვემართა სამედიცინო რეგულირების სააგენტოსთვის, მაგრამ ახლა ვფიქრობ: უნდა მივმართოთ? ვინც მიმართა, რა ქნა? სადაა შედეგი?” – კითხულობს მარიამ საფარიძე, საბა კიწმარიშვილის მამიდა.

რამდენი ექიმის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა სამედიცინო საქმიანობის გამო? – ეს ინფორმაცია “ბათუმელებმა” პროკურატურისგან გამოითხოვა, საიდანაც მივიღეთ პასუხი, რომ “მსგავს მონაცემებს პროკურატურა არ ამუშავებს”.

საპროტესტო აქცია ბათუმში მარტში მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ დაიგეგმა.

29 წლის მელანო ფუტკარაძე 21 მარტს ღამით მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით გარდაიცვალა “მედცენტრში”. გარდაცვლილის ახლობლებს პრეტენზია რეფერალურ საავადმყოფოსთან აქვთ, სადაც მელანო ფუტკარაძე სამკურნალოდ თავდაპირველად მივიდა. საპროტესტო აქციების შემდე, ექიმმა, ვისთანაც მელანო ფუტკარაძე თავდაპირველად მივიდა, უფლებამოსილება შეიჩერა. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით გრძელდება, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას. შემთხვევას ასევე სწავლობს სამედიცინო რეგულირების სააგენტო.

გარდაცვლილი პაციენტების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

 

ისტორიული და მივიწყებული „მეიდან ოდა“ ქედაში

ისტორიულ „მეიდან ოდაში“ სპეციალისტები და ისტორიკოსები ისევ არ გამოჩენილან. ქედაში, სოფელ ზუნდაგაში მდებარე ისტორიული სახლებისა და სტუმარმასპინძლობის აჭარული ტრადიციის შესახებ „ბათუმელები“ 2015 წელს წერდა. „მეიდან ოდა“ მალხაზ ვერძაძის სახლის ეზოშია. „ყოველდღიურად ნადგურდება, ხანდახან ავდივარ და ვნახულობ,“ – წუხილით გვითხრა მან, როცა ჭიშკართან შემოგვეგება.

„მეიდან ოდას“ ძველად აჭარაში სასტუმრო ოთახს ეძახდნენ. ზუნდაგა ისტორიულ საქარავნე გზაზე მდებარეობდა. ამ სოფელში ახლაც იციან, რომ სახლში ერთი ოთახი „სასტუმროა“ ანუ იგივე „მეიდან ოდა“ და ის განსაკუთრებული უნდა იყოს. ამავე სოფელში კი, ერთ-ერთი სახლის ეზოში, ცალკე დგას „მეიდან ოდა“. მასპინძელი ირწმუნება, რომ ეს „მეიდან ოდა“ ორ საუკუნეზე მეტი ხნისაა.

„აქ ნახეთ, ძველი არაბული წარწერებია,“ – მიყვება მალხაზი და მეორე სართულზე ქვის ბუხრის გვერდით, ხის კედელზე გაკეთებული წარწერისკენ მიმითითებს. დანანებით ამბობს, რომ დღემდე ვერც ის გაიგო, რაა დაწერილი მისი „მეიდან ოდის“ კედელზე.

„ალბათ, სტუმარმა დაწერა, ან მოეწონა აქაურობა, ან – არა, რა ვიცი,“ – მხრებს იჩეჩავს მალხაზ ვერძაძე და ძველი ნივთების გადაწყობას ცდილობს. რადგანაც ისტორიული „მეიდან ოდა“ ჯერ კიდევ არავის აინტერესებს, მალხაზის ოჯახი მას სათავსოდ იყენებს.

„მეიდან ოდაში“ ერთი შესასვლელი და ორი ოთახია. პირველი სართული ქვითაა ნაშენი, მეორე – წაბლის ხით. სახლს მხოლოდ ვიწრო სარკმელი აქვს.

„ეს იმიტომ, რომ სოფელს ჭრაქის შუქი შეენიშნა და მიმხვდარიყვნენ, რომ სტუმარი მოვიდა,“ – საკუთარ ვარაუდს გამოთქვამს მალხაზი. ოდის ერთ მხარეს მალხაზს აივანი მოუწყვია და სკები დაუდგამს.

ზუნდაგაში „მეიდან ოდას“ გარდა კიდევ რამდენიმე ისტორიული სახლია. უცხოელი თუ ქართველი ტურისტები აქაურობის იშვიათი სტუმრები არიან, რადგან ზუნდაგა ტურისტულ რუკაზე ჯერ არ გააქტიურებულა. არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ან რომელიმე სხვა უწყებას დაუწყია აქ შემორჩენილი სიძველეების კვლევა-ძიება.

მალხაზ ვერძაძის სურვილია, ბიზნესიც დაინტერესდეს „მეიდან ოდით“ და ისტორიულ შენობაში შესაძლებელია ახალი სასტუმრო მოეწყოს. მან ასევე იცის, რომ თავდაპირველად სპეციალისტების ჩართვაა საჭირო, რომ ოდის სიძველე დადასტურდეს.

„მამაჩემი ამბობს, ჯობია დავანგრიოთო, მაგრამ მე არ ვანებებ, ვერ დავანგრევ,“ – ასრულებს მასპინძელი და რკინის კიბეს, რითაც მეორე სართულზე ავედით, ისევ აცლის თაღოვან კარს. მალხაზი კიბეს ისევ „მეიდან ოდის“ პირველ სართულზე ათავსებს მორიგი სტუმრის მოლოდინში.

 

 

გორგილაძის ქუჩის ტროტუარზე რესტორანი რკინის კონსტრუქციას აშენებს

გორგილაძის ქუჩის დასაწყისში რესტორანი „ლევილის“ წინ რკინის ბოძები გაჩნდა. რესტორანში ამ ეტაპზე მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. რესტორნის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ განმარტების გაკეთებას მენეჯერი ორშაბათს შეძლებნს.

ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ მშენებლობა რესტორანმა უნებართვოდ დაიწყო.

„ეს არის უნებართვო მშენებლობა. გუშინ დაიწყეს და გუშინვე „ლევილი“ 500 ლარით დავაჯარიმეთ. მოშალეს კონსტრუქციის ნაწილი და დანარჩენს დღეს მოხსნიან. თუ თვითონ ვერ გააკეთებენ, ჩვენი სამსახური უზრუნველყოფს ამას,“ – გვითხრა ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორმა, ჯუმბერ კობალაძემ.

ტროტუარზე ანალოგიური კონსტრუქციის მშენებლობაზე ბათუმის მერიამ ნებართვა გასულ წელს რესტორან „მიუნხენს“ მისცა ქუთაისის ქუჩაზე.

ვრცლად ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ

ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარები გაფართოვდება – მერია ახალ რეგულაციაზე მუშაობს 

 

 

 

 

გურიაში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 70 მეხანძრე ცდილობს

გურიაში, სოფელ შემოქმედთან ახლოს შერეული ტყე იწვის. ამ დროისთვის დამწვარია დაახლოებით 15 ჰექტარი ტერიტორია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება მალე მოხდება.

ამავე სამსახურის ცნობით, ხანძრის ჩაქრობას 70 მეხანძრე ცდილობს. ადგილზე მუშაობენ აჭარიდან ჩასული ჯგუფებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ცეცხლთან, ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელ მოპყრობით.

ავტომანქანა ელექტროსადენების ბოძს შეეჯახა

ბათუმში, ხიმშიაშვილის და კომახიძის ქუჩების გადაკვეთაზე ავტომანქანა ელექტრო სადენების ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ ქუჩაზე მცხოვრები ადამიანების თქმით, ეს უკვე მესამე ავარიაა დღეს. ისინი ე.წ. “მწოლიარე პოლიციელების” მოწყობას ითხოვენ.

“მას მერეა ასეთი ამბავი, რაც ეს ქუჩა გაკეთდა, არაა გაკეთებული ნიშნები, როგორც საჭიროა… ასფალტის აყრას ხომ არ მოვითხოვთ ისევ, რომ ავარია აღარ მოხდეს?” – კითხულობს ნანა დუმბაძე. ის კომახიძის ქუჩაზე ცხოვრობს.

ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იჯდა. მას სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა.

 

რატომ არ იხსნება გასული წლის ზაფხულში დასრულებული საბავშვო ბაღი ბოძაურაში

ხულოში, სოფელ ბოძაურაში საბავშვო ბაღის მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დასრულდა, თუმცა ბავშვები ისევ სხვა სოფლის საბავშვო ბაღებში დადიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბაღი გასული წლის აგვისტოს შემდეგ გამოკეტილია.

„აგვისტოში დაამთავრეს ყველაფერი მუშებმა, კარი გამოკეტეს და წავიდნენ. ვერ გავიგეთ, რატომ არ იხსნება ბაღი, ამდენი წელია ამას ვითხოვთ,“ – გვიყვება სოფელ ბოძარუაში მცხოვრები თალიკო შავაძე. მისი შვილიშვილი ახლაც სოფელ რიყეთის საბავშვო ბაღში დადის. ფინანსური დანახარჯის გარდა, მოქალაქე ტრანსპორტირების სირთულეზეც საუბრობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სოფელში დიდი თოვლი მოდის. ბოძაურაში მცხოვრები 6 წლამდე ბავშვები რიყეთის, ან დიოკნისის საბავშვო ბაღებში დადიან.

ხულოს მერიაში არ ხედავენ პრობლემას იმაში, რომ ბაღი ამ დრომდე არ გახსნილა. ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნადიმ ვასაძემ გვითხრა, რომ ფინანსური რესურსის დაზოგვის მიზნით ტენდერი ერთობლივად სამი სოფლის ბაღის ინვენტარით აღჭურვაზე გამოაცხადეს.

„გამოცხადებულია უკვე ტენდერი და როგორც კი იქნება ინვენტარი, ბაღი გაიხსნება… პარალელურად მიმდინარეობს კადრების შერჩევის პროცესი. ტენდერი ახლა გამოცხადდა, რადგან ერთ-ერთი სოფელში, ვაშლოვანში, კანალიზაციის სისტემა დაზიანდა და მის შერემონტებას დრო სჭირდებოდა, ინვენტარის შესყიდვაზე კი ტენდერი ერთობლივად უნდა გამოგვეცხადებია,“ – განმარტავს ნადიმ ვასაძე.

ნადიმ ვასაძემ ვერ გვითხრა კონკრეტული თარიღი, როდის გაიხსნება საბავშვო ბაღი სოფელ ბოძაურაში.

ფოტო: თალიკო კახაძე. საბავშვო ბაღი სოფელ ბოძაურაში, ხულო
ფოტო: თალიკო კახაძე. საბავშვო ბაღი სოფელ ბოძაურაში, ხულო

 

 

 

 

 

 

პატიმრის წერილი იმაზე, თუ რატომ გაიყარა ყელში მავთული

„…მან განმიცხადა, რომ ჩვენი საჩივარით ფეხებსაც ვერ მოვჭამთ. ეს შეხვედრა მართლა მუქარა იყო,  ამისრულებდა კიდეც, დაგვალპობდა ვანდალურსა და კარცერებში. ამის შემდგომ ჩვენ მივმართეთ პროტესტის მძიმე ფორმებს. მე, გიორგი მ.-მ ყელში გავიყარე მავთული და ასევე ხელში გავიყარე მავთული… ჩვენ მივეკერეთ ერთმანეთს და პროტესტის ამ ფორმით გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება ყველა იმ უკანონობასთან, რასაც ამ დაწესებულებაში ჩადიან ხსენებული პირები ჩვენს მიმართებაში. ხსენებულ პირებს სურთ ჩვენი სიცოცხლის მოსპობა, რასაც ნელ-ნელა ახერხებენ კიდეც. ჩვენ გვინდა, რომ განვაცხადოთ: არ შევეგუებით ზემოთ ხსენებული პირების ქმედებებს და არ დაველოდებით იმას, რომ ამ პირებმა ამგვარ წამებაში მოგვისპონ ჯანმრთელობა…“ – ეს ბათუმის ციხიდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში წერია. წერილს ის სამი პატიმარი აწერს ხელს, რომლებმაც 30 მარტს ხელებში მავთულები გაიყარეს და ერთმანეთს გადაებენ.

პატიმრები აღწერენ ინციდენტსაც, რაც ხელებში მავთულებით გადაბმის შემდეგ მოხდა:

„2 აპრილს, შუადღისას, მე, გიორგი მ. შეპირებისა და მათი მხრიდან მუქარისამებრ მე, გიორგი მ. გადმომიყვანეს საწამებელ ოთახში… დავით ჭ.-ს და შოთა დ.-ს-შემოგვივარდნენ 226-ე საკანში, იხმარეს ძალა და ერთმანეთზე მიკერებული, რომელიც ორივე მსჯავრდებულს ხელის მტევნებში გვქონდა გაყრილი, რეჟიმის უფროსმა გაგლიჯა ძალის გამოყენებით, მოგვაყენა ამ ქმედებით მძიმე ტკივილი და ფიზიკური ზიანი… არ გვიჩერდებოდა სისხლის დენა და ასევე ძალის გამოყენებით და ჯიკაობით მოგვათავსა ვანდალურ საკნებში, სადაც მე, შოთა დ.-მ ხელების არეში მივიყენე თვითდაზიანებები, გვექცეოდნენ აგრესიით, ცდილობდნენ, რომ ყველა გზით მიეღწიათ ჩვენი მდგომარეობიდან გამოსაყვანად…“-  აღნიშნულია წერილში.

წერილში ციხის ადმინისტრაციის კონკრეტული თანამშრომლებია დასახელებული – დ.კ., მ.კ., მ.ი., რომლებიც პატიმრების თქმით, მათ არაადამიანურად ეპყრობიან. პატიმრები ისევ სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობენ: სასმელი წყლის პრობლემა, ვენტილაცია, სამედიცინო მომსახურება…

„მუდმივად უკანონოთ გვათავსებენ ე.წ. უსაფრთხო ოთახებსა და სამარტოო საკნებში დასჯის მიზნით, სადაც ასევე გვიკრძალავენ პაემნებსა და სატელეფონო საუბრებს… ჩვენს მიმართ არიან აგრესიულები და ცდილობენ, მიგვიყვანონ უკიდურეს ზომებამდე,“ – წერენ პატიმრები.

ბათუმის ციხეში პატიმრების „უსაფრთხო საკანში“ მოთავსების მიზანშეწონილობაზე კითხვები აქვს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც“. იურისტი პაატა დიასამიძე თვლის, რომ ამ საკანში რეალურად უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი არა, რეალურად დასაჯელად შეჰყავთ. საის-ს იურისტმა „ბათუმელებთან“ ასევე არაადამინურ მოპყრობად შეაფასა  ციხისთვის სასმელი წყლის შეზღუდვით მიწოდება.

პატიმრების წერილი გამოძიების მოთხოვნით სრულდება:

„ჩვენ პროტესტის ნიშნად არ დავწვებით ლოგინზე, უარს ვაცხადებთ საწოლზე, ასევე უარს ვაცხადებთ მაგიდაზე, სკამებზე, ტელევიზორსა და რადიო მიმღებზე. უარს ვაცხადებთ, რადგან არ გვექცევა ყურადღება და არ დგება მწამებელი პირების სათანადო გამოძიება“.

სამი პატიმრის მავთულებით ერთმანეთზე გადაბმაზე პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება 3 აპრილს გაავრცელა.

ბათუმში, სილამაზის სალონში საკუთარ კლიენტს სცემეს – შსს-მ ძალადობაზე დღეს ოთხი პირი დააკავა

მეგობარი ქალების ცემისთვის ბათუმში ორი კაცი ერთად დააკავეს. დღეს, 13 აპრილს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა კიდევ ორი პირი დააკავა ძალადობისთვის – ერთმა საკუთარ მამას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მეორემ – სილამაზის სალონში საკუთარ კლიენტს სცემა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სილამაზის სალონი თავად ბრალდებულს ს.ჯ.-ს ეკუთვნოდა. ის აზეირბაიჯანის მოქალაქეა. გამოძიებისვე ცნობით, დღეს დაკავებულმა გ.გ.-მ მამის ცემის შემდეგ მისი ავტომანქანაც დააზიანა.

გამოძიება ძალადობის, ოჯახში ძალადობის და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

ურბანული პოლიტიკის შესახებ NDI ბათუმში საჯარო განხილვას გამართავს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 16 აპრილს, 11:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის: ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32) საჯარო განხილვას მართავს, რომელსაც მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორი და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრა ფოკუსირებულია ბათუმის ურბანული პოლიტიკის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის საკითხებზე.

პანელური დისკუსიის მომხსენებლები არიან: თენგიზ პეტრიძე, ბათუმის ვიცე მერი, საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ხელმძღვანელი, ნატალია ზოიძე, სტუდია REC-ის ხელმძღვანელი, ირმა ზოიძე, საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, თეონა დიასამიძე და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორი, ნათია აფხაზავა. მომხსენებლები თემაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებს წარმოადგენენ და ურბანულ საკითხებში მოქალაქეთა ინფორმირებისა და მონაწილეობის გაუმჯობესების გზებზე ისაუბრებენ. პანელის მოდერატორია NDI-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, ლაშა გოგიძე. შეხვედრის მეორე ნაწილი დამსწრე საზოგადოების მონაწილეობით დისკუსიას დაეთმობა.

NDI-ის მიზანია მხარეთა ანგარიშვალდებულებისა და მონაწილეობის გაზრდა, რაც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაძლიერებასა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას გულისხმობს.

აღნიშნულ ღონისძიებას NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც დაფინანსებულია ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) მიერ.

არასამთავრობოები აჭარიდან: ჩნდება სარედაქციო დამოუკიდებლობაზე შეტევის რისკი

აჭარაში მოქმედი 8 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას მრჩეველთა საბჭოში.

ორგანიზაციების საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭოს 2 წევრის რადიკალური გადაწყვეტილება იმპიჩმენტის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით მოითხოვს მეტ დასაბუთებას, საზოგადოების მეტად ინფორმირებას და საჯარო განხილვას.

„ბოლო წლებში ტელევიზიის მენეჯმენტის მიერ გატარებულმა რეფორმებმა, საზოგადოების სოციალ-პოლიტიკური და სხვა სახის პრობლემების გაშუქებაზე სრულად ორიენტირებამ, ხელისუფლების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ამაღლების მიზნით წარმოებულმა სარედაქციო პოლიტიკამ აჭარის მაუწყებელი გახადა დინამიკური, მრავალფეროვანი და საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესებზე მორგებული. ცხადია, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოზიტიური შეფასებები აჭარის ტელევიზიის მუშაობაზე არამხოლოდ მენეჯმენტის, არამედ ტელევიზიაში მომუშავე პირების დამსახურებაა.

აჭარის ტელევიზია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისა და მმართველობის მონიტორინგის თვალსაზრისით, რაც ცალსახად შეუქცევადი პროცესი უნდა გახდეს.

არსებული მენეჯმენტის შეცვლა უფლებამოსილების ამოწურვამდე 6 თვით ადრე აჩენს რისკებს ამ პროცესის შეჩერების, თავისუფალ სიტყვაზე შეტევის და სარედაქციო დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ეს კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შესაძლოა, გარდამტეხი ფაქტორი გახდეს არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარების თვალსაზრისით.

რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ მრჩეველთა საბჭოს, რადიკალური ნაბიჯების გადადგმამდე სრულად გაანალიზონ მათ წინაშე არსებული გამოწვევები, მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილება საზოგადოების ფართო წრეებთან დისკუსიის, მოსაზრებათა შეჯერებისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღონ. ამასთან, გაასაჯაროვონ ის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ითხოვენ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს.

მზად ვართ მედიაცია გავწიოთ მრჩეველთა საბჭოსა და მენეჯმენტს შორის ნებისმიერ ფორმატში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების სრული ინფორმირება და ჩართულობა“ – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: საზოგადოებრივი განვითარების აკადემია; დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი; თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ბათუმის ფილიალი; დემოკრატიის ინსტიტუტი; ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის; ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი – ინტელექტი; საზოგადოება ბათომი.

დღეს აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს მასშტაბით მოქმედმა 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ.

„არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით ვაკვირდებით აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ განხილვა იქნება საჯარო და საზოგადოებას მიეცემა საშუალება, ჩაერთოს ამ პროცესებში,“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

ამავე თემაზე: 

6 პარტიის განცხადება აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე

 

ავარია ჭავჭავაძის ქუჩაზე

დღეს, 12 აპრილს, ავარია მოხდა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. მსუბუქი ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება.

ფოტო: როინ გუნდაძე

მშობლები თუ „მამაოები“ – ვინ ჩაშალა ქუთაისში მოსწავლეთა კონკურსი ერთი წიგნის გამო

კონკურსი „წიგნიერი“ ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული კონკურსია, რომელიც მეხუთე წელია იმართება სხვადასხვა რეგიონში. წელს კონკურსი თბილისში, ამბროლაურში, ბათუმსა და თელავში ჩატარდა, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში კი ჩაიშალა.

კონკურსში მონაწილეობა X-XI კლასის მოსწავლეებს შეეძლოთ. მათ სამი შერჩეული ნაწარმოების მიხედვით ესეების დაწერა ევალებოდათ.

წელს შერჩეული ნაწარმოებები იყო რადეკ იონის „Memento”, ზურა ჯიშკარიანის „საღეჭი განთიადები უშაქროდ“ და ფრედერიკ ბეგბედერის „ექსტაზი: კაიფში დაწერილი ნოველები“. კონკურსამდე მონაწილეები ტექსტებს უნდა გაცნობოდნენ, კონკურსის დღეს კი ტექსტების მიხედვით ესსე უნდა დაეწერათ.

ქუთაისში კონკურსის ჩაშლის მიზეზად ფრედერიკ ბეგბედერის ტექსტი იქცა. როგორც ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, რიტა წაქაძე ამბობს „იყო გარკვეული პროტესტი“ ქუთაისში, რის შესახებაც მათ „წიგნიერის“ ორგანიზატორებს შეატყობინეს და კონკურსის ჩატარების შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ აცნობეს.

„ბეგბედერის „ექსტაზმა“ დიდი უმაყოფილება გამოიწვია, ნუ ახლა, ეგ ტექსტი არის საკმაოდ ისეთი… ჩვენამდეც მოიტანეს. ეს არ იყო ჩვენი ბიბლიოთეკის კონკურსი, უბრალოდ, ვეხმარებოდით ორგანიზებაში ეროვნულ ბიბლიოთეკას“, – ამბობს ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე რიტა წაქაძე.

ვისთვის იყო მიუღებელი და ვინ აპროტესტებდა ბეგბედერის ტექსტს, რის საფუძველზეც ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკამ ეროვნულ ბიბლიოთეკას მიმართა? ამ კითხვაზე იგი გვპასუხობს, რომ ორი მშობელი მივიდა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში, რომლებიც ამბობდნენ, რომ „ამ საქმეს ასე არ დატოვებდნენ“.

„შემდეგ აღმოჩნდა, რომ სხვებიც აპროტესტებდნენ ბეგბედერის ტექსტს, გავრცელდა ქალაქში ხმები, საქმის კურსში იყვნენ უნივერსიტეტები და „მამაო“. კოლეგები საქმის კურსში ჩავაყენეთ – ვუთხარით, რომ მობრძანებულიყვნენ, ჩაეტარებინათ კონკურსი, მაგრამ ისიც ვუთხარით, რომ შეიძლებოდა რამე მომხდარიყო. ეს ითქვა მამაოს მხრიდანაც, გავიგეთ ეს ჩვენ, მოაღწია ხმამ ჩვენამდე.“ – ამბობს რიტა წაქაძე.

ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი და კონკურს „წიგნიერის“ ორგანიზატორი, ელენე თურქაძე ამბობს, რომ ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს მშობლებისა და პედაგოგების პროტესტის შესახებ, რაც კონკურსის თემამ (ნარკომანიის პრობლემამ) და ბეგბედერის წიგნის სათაურმა გამოიწვია.

„ჩვენი მიზანი არც ყოფილა რომელიმე ტექსტის პოპულარიზაცია, კონკურსანტებს შეეძლოთ უბრალოდ დაეწერათ თავისუფალი თემაც ნარკომანიის პრობლემაზე.

ქუთაისში ვერ გვაძლევდნენ გარანტიას, რომ ჩვენი ჩასვლის შემთხვევაში იქ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლიდა, ახსენებდნენ დემონსტრაციას, ტრანსფარანტებს, ტელევიზიებს და ა.შ. კონკურსის მონაწილე ბავშვებისთვის მოსალოდნელი სტრესი რომ აგვეცილებინა, ქუთაისში კონკურსის ჩატარებაზე უარი ვთქვით.

ნარკომანია ჩვენი საზოგადოების უმძიმესი პრობლემაა. წლევანდელი კონკურსის მიზანიც სწორედ ამ პრობლემის ახალგაზრდებთან ერთად კიდევ ერთხელ გააზრება იყო. სამწუხაროდ, ქუთაისში კონკურსი „წიგნიერი“ წელს ჩაიშალა“ –  ამბობს კონკურსის ორგანიზატორი. მისივე თქმით, ქუთაისელ მოსწავლეებს, რომლებსაც სურდათ კონკურსში მონაწილეობის მიღება, ორგანიზატორებმა შესთავაზეს ჩასულიყვნენ თბილისში, ამბროლაურში ან ნებისმიერ რეგიონში, სადაც „წიგნიერი“ ტარდებოდა.

10 აპრილს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისიდან ბათუმში სამი ასეთი მოსწავლე ჩავიდა: ლილე ჩაგანავა, ნინო ლოსაბერიძე და მარიამ კეთილაძე – საკუთარ ქალაქში მათ კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა არ მიეცათ.

„ასეთი გულისწყვეტა თუ გამოიწვია ამ ამაზრზენ ტექსტებზე ესეების დაწერამ, გაეფრთხილებინათ ორგანიზატორებს ცოტათი ადრე ბავშვები, რომ სადაც უნდოდათ იქ შეძლებდნენ კონკურსში მონაწილეობას“, – ამბობს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, მაია კანდელიძე.

„მარტო ერთი „მამაოსგან“ არა, სასულიერო პირებისგან იყო პროტესტი, მათგან გაჟღერდა ეს ყველაფერი, დაიწერა,  მოგვმართეს მშობლებმა და მოგვიტანეს გადმოწერილი ტექსტი, გვითხრეს, რომ ეს წიგნი არ შეიძლება წაიკითხონ ბავშვებმა ამ ასაკში, მათ მყიფე ფსიქიკა აქვთ.

დარბაზიც გამზადებული გვქონდა კონკურსისთვის, მაგრამ ერთ-ერთმა მშობელმა ისიც კი თქვა, კონკურსს თუ ჩაატარებთ, ტრანსფარანტებითაც მოვალთო.

ეს თავისუფალი სივრცეა, სადაც ყველას შეუძლია შემოსვლა, ჩვენ არანაირი უფლება არ გვექნებოდა ბიბლითეკაში არ შემოგვეშვა.

ხელი არ შევაწმინდეთ ეროვნულ ბიბლიოთეკას, არ გვითქვამს მშობლებისთვის ჩვენ არაფერ შუაში ვართ და ჩვენი კონკურსი არ ყოფილაო. ჩვენ და ეროვნული ბიბლიოთეკა ერთი ორგანიზმი ვართ, ერთი ფლაგმანი“, – ამბობს მაია კანდელიძე.

ორი მშობლის გარდა ბიბლიოთეკარები ვერ ასახელებენ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც პროტესტს უცხადებდნენ კონკურსს ბეგბედერის ტექსტების მიუღებლობის გამო.

წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ტარიელ ფუტკარაძემ  კონკურსამდე ორი დღით ადრე სოციალურ ქსელში ქართველი გამომცემლების ნაწილი გააქილიკა: „თარგმნიან ისეთ ავტორებს, რომლებიც ნატურალურად აღწერენ ადამიანის მანკიერ წახნაგებს. ინტერნეტმომხმარებელი უთუოდ წააწყდებოდა მაგ. ფრედერიკ ბეგბედერის მოთხრობების კრებულს: “ექსტაზი: კაიფში დაწერილი ნოველები”.

პროფესორს საკუთარი აზრი აქვს, როგორ უნდა წერდეს „ნამდვილი მწერალი“:

„ნამდვილი მწერალი ისე უნდა წერდეს, რომ საკუთარი იდენტობა გაიაზროს სინტაგმატურ პარადიგმაში“

„ ნამდვილი მწერალი ისე უნდა წერდეს, რომ:
– მკითხველმა საკუთარ თავში დახვეწოს ადამიანური (ამაღლებული) სიყვარული (რომელსაც ვნებაც ახლავს), სხვა განცდები და გაიმრავალწახნაგოვნოს სამყაროს მსოფლ-აღქმა; საკუთარი იდენტობა გაიაზროს სინტაგმატურ პარადიგმაში;
– პიროვნებამ საკუთარი მე გაიაზროს გარეშემო ველის ცვლილების პირობებში (რომ დაძლიოს “გულივერის სინდრომი” (თუ “გულივერის კომპლექსი”, როგორ დიტო ნადირაშვილი ამბობს);
– სახელმწიფოს მოქალაქემ გაიაზროს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირსება და სხვ.

ტარიელ ფუტკარაძემ კომენტარებში კონკურსი „წიგნიერი“ გააკრიტიკა არჩევანის ბეგბედერის ტექსტზე შეჩერების გამო.

კონკურს ,,წიგნიერის“ გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან 2019 წლის 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს.

„წიგნიერი“ საბოლოოდ სამ გამარჯვებულს გამოავლენს, მათ „თიბისი ბანკი“, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა” და გამომცემლობები გადასცემენ საჩუქრებს. გამარჯვებულების ტექსტებს „საბა“ ელექტრონული წიგნის სახით გამოაქვეყნებს saba.com.ge-ზე.

ბადეში მოყოლილი ზუთხი ზღვაში დააბრუნეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის ინფორმაციით, ექსპედიციისას ბადეში ზუთხი (ტარაღანა ანუ ცქვრინი) მოჰყვა, რომელიც ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს.

ზუთხი შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, მიჩნეულია კრიტიკულ საფრთხეში მყოფად და მოწყვლად სახეობად ევროპაში.

ზუთხის მტკნარი და მარილიანი წყლის ბინადარია. მისი სიგრძე 100-175 სმ.  წონა 100 კგ-ზე მეტს აღწევს.  გავრცელებულია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

ბადეში მოყოლილი ზუთხი ზღვაში გაუშვეს.
ზუთხი შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.

ბათუმის საკრებულოს წევრები პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ბათუმის საკრებულოს წევრები, რომლებიც დღეს საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. დაიბარეს ისინიც, რომლებიც  პროცესში ჩხუბის დაწყების  შემდგომ ჩაერთნენ.

შს სამინისტროს ცნობით, საკრებულოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით [ძალადობა] დაიწყო.

„ბათუმელების“ ინფორმაციით პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ნატალია ზოიძე და ფრაქციის სხვა წევრები, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე, რომელიც ინციდენტის უშუალო მონაწილე იყო. მან გვიპასუხა და დაგვიდასტურა, რომ გამოკითხვაზე იმყოფება.

გამოკითხვაზე იმყოფებიან ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ანთაძე და ამავე ფრაქციის წევრი როინ ზოიძე.  ამ ინციდენტის მონაწილე იყო როინ ზოიძეც, რომელიც კონფლიქტის შემდეგ შეუძლოდ გახდა, თავზე მიიღო მსუბუქი დაზიანება და ის  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მაღალი არტერიული წნევის გამო გადაიყვანა. 

ფიზიკურ დაპირისპირებას დღეს, 12 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე ორჯერ ჰქონდა ადგილი. პირველ შემთხვევაში საკითხი ეხებოდა მუნიციპალური ორგანიზაციის „ბათუმის წყლის“ მხრიდან ოპოზიციის ფრაქციისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობას, მეორე შემთხვევაში კი – ტერენტი გრანელის პროზაიკოსად მოხსენიებას. 

რა გახდა ხელჩართული ჩხუბის მიზეზი ბათუმის საკრებულოში

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის შეფასება ხმაურიანი სხდომის შემდეგ

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ირწმუნება, რომ დღეს, 12 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტი წინასწარვე იყო დაგეგმილი. მისივე განმარტებით, მას სხვადასხვა დროს რამდენჯერმე ჰქონდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა საკრებულოს სხდომის ჩაშლას, თუმცა მაშინ მათ ეს არ გამოუვიდათ, ამჯერად კი შეძლეს: „მორიგი მცდელობა გაუვიდათ უკვე.“

დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ ძალად მოიხსენია. მან განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომის მხოლოდ „იმ ბლოკში“ აქტიურობს, რომელსაც ჟურნალისტები ესწრებიან: „გარდა ამისა, ისინი არ მონაწილეობენ არც კომისიებისა და არც ბიუროს მუშაობაში, მოდიან მხოლოდ და მხოლოდ იმ ერთი ბლოკისთვის, რომ იხმაურონ, მოსახლეობას აჩვენონ თითქოს ისინი რაღაცას აკეთებენ და დაიშალონ“.

დღეს საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება თავდაპირველად შპს „ბათუმის წყლის“ მხრიდან საკრებულოს წევრებისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობის მიზეზით დაიწყო. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია აცხადებს, გამოთხოვილ ინფორმაციიას, ორგანიზაციაში დასაქმებული პირების სახელებსა და გვარებს, ისევ არ აწვდიან, რასაც არც „ბათუმის წყალი“ უარყოფს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ფრაქცია ითხოვს ინფორმაციას, რომელიც საჯარო არ არის. 

ფრაქცია აცხადებს,  რომ აქვს ინფორმაცია სავარაუდო ნეპოტიზმთან დაკავშირებით და ამის გადამოწმება სურს, რისი საშუალებაც, საკრებულოს, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს ფრაქციას, არ ეძლევა.

დაინტერესდა თუ არა საკრებულოს თავმჯდომარე საკითხით, რატომ არ აწვდის შპს „ბათუმის წყალი“ ფრაქციას ინფორმაციას და როგორ აფასებს მაკონტროლებელი ორგანოს თავმჯდომარე ამ ფაქტს? კითხვაზე სულიკო თებიძემ გვიპასუხა, რომ  ის დაინტერესდა და გამოითხოვა ინფორმაცია ორგანიზაციიდან, თუ რა მოითხოვა ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რა ინფორმაცია მიაწოდა მათ „ბათუმის წყალმა“:

„ყველა ინფორმაცია, რომელიც არის საჯარო, გაცემულია“ – ამბობს სულიკო თებიძე.

ფრაქციაში კი განმარტავენ, რომ ისინი ითხოვენ ინფორმაციას, როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი ორგანოს წარმომადგენლები, მისი კონტროლის მიზნით, რისი უფლებაც აქვთ.

საკრებულოს თავმჯდომარეს ამ პრეტენზიაზეც აქვს პასუხი. ის აცხადებს, რომ შპს-ებისა და ა(ა)იპებ-ის დამფუძნებელი არის მერია, საკრებულოს თანხმობით და არა საკრებულო. ხოლო რაც შეეხება ანგარიშვალდებულებასა და კონტროლს, სულიკო თებიძის განცხადებით, ფრაქციას შეუძლია ეს სხდომებზე ანგარიშების მოსმენით ან დირექტორის ფრაქციის სხდომაზე დაბარებით მოახერხოს: „ისინი არ ითხოვენ  მხოლოდ სახელებსა და გვარებს, ითხოვენ დაბადების წლებსა და ტელეფონებსაც, რაც პირადი ინფორმაციაა.“ – ამბობს ის.

დღესვე საკრებულოს სხდომაზე „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ნატალია ზოიძემ განაცხადა, რომ ფრაქციას სახელობითი ჩამონათვალი მიღებული აქვს შპს „ავტოტრანსპორტიდან“, ის ასევე დაინტერესდა, რატომ ითხოვს ოპოზიციური ფრაქცია შპს „ბათუმის წყლის“ თანამშრომლების სახელებსა და გვარებს მათი დაბადების თარიღებით: „ რა, დაბადების დღეები უნდა მიულოცოთ?“ – იკითხა ნატალია ზოიძემ. მან ასევე დასძინა, რომ ფრაქცია ითხოვს „ბათუმის წყალში“ დასაქმებული ადამიანების ტელეფონების ნომრებსაც, რაც ასევე პერსონალური ინფორმაციაა.

ამოტრიალებული მანქანა აჭარაშიც გამოჩნდა

ჩაქვში, ავტობანზე ბოძებზე დარჭობილი ამოყირავებული ავტომანქანა დადგეს. აქციის მიზანი მძღოლების გაფრთხილებაა, იარონ ფრთხილად, არ გადააჭარბონ  სიჩქარის ლიმიტს, არ დასხდნენ საჭესთან  ნასვამები და ა.შ.

მსგავსი ინსტალაცია თბილისში 10 აპრილს დაიდგა.  ინსტალაციები ერთ-ერთი კომპანიის აქციის ნაწილია, კომპანიის ვინაობა, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

გზებზე გამოჩენილი დამტვრეული მანქანების სტენდები ერთგვარი “შოკურ-სოციალური კამპანიის ფორმაა” და მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ნათია კაპანაძე იმპიჩმენტზე: ცხადია, ეს უკავშირდება პოლიტიკას

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ნათია კაპანაძე ამბობს, რომ უკვე გაეცნო აჭარის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის განცხადებას, რომლის თანახმადაც საბჭოს წევრები: გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე მისთვის უნდობლობის გამოცხადებას ითხოვენ.

ნათია კაპანაძის თქმით, როდესაც საკითხი უკავშირდება დამოუკიდებელ მედიას, განხილვა ნებისმიერ შემთხვევაში ხდება პოლიტიკის ჭრილში:

„როცა ვსაუბრობთ საზოგადოებრივი მაუწყებლობის სტანდარტზე, შედეგზე, რომელიც დღეისათვის აქვს მაუწყებელს და საფრთხეზე, რაც შეიძლება დადგეს არასწორი პროცესების მეშვეობით, ცხადია ეს საკითხები უკავშირდება პოლიტიკას. მე ვერ გეტყვით, რომელი პოლიტიკური ძალა, ან რომელი პოლიტიკური ფიგურა შეიძლება იყოს ამით დაინტერესებული, მაგრამ ცხადია, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ორგანიზაციის შიდა საქმე, რადგან საქმე შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას და ობიექტურ მუშაობას,“  – განაცხადა ნათია კაპანაძემ „ბათუმელებთან“.

საბჭოს წევრების განცხადების დანართში საუბარია საკითხებზე, რაც, საბჭოს წევრების აზრით, უნდა გახდეს ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების მიზეზი. მათ შორისაა: სატელევიზიო რეიტინგისა და მაყურებლის ნდობის კლება; პრიორიტეტების შეუსრულებლობა და მენეჯმენტის ზერელე დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ; ევროპის მაუწყებლთან სასამართლო დავა; სასამართლო დავა სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებთან; ორგანიზაციული და ადამიანური რესურსების მართვის კრიზისი; უტენდერო შესყიდვები; საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და ა.შ.

ნათია კაპანაძე ამბობს, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით მრჩეველთა საბჭოს წარუდგენს თავის არგუმენტებს.

„ვფიქრობ, პროგრამული მრავალფეროვნებისა და საზოგადოებრივ ინტერესებზე ორიენტირებულობის კუთხით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ნამდვილად არ აქვს ის ხარვეზები, რაზეც საუბრობენ. თუმცა ცხადია, რომ გადაცემების დამუშავების პროცესი, გადაცემების დამატების პროცესი, ეს არის მუდმივი ნაწილი ჩვენი მუშაობის და ამიტომ ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საქმე გვქონდეს პროგრამული პრიორიტეტების შეუთავსებლობასთან, ანდა იმასთან, რომ ჩვენ აქცენტს არ ვაკეთებთ საზოგადოებრივ საჭიროებებზე.

ჩვენ ვმუშაობდით და ვმუშაობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპების გათვალისწინებით, იმ ჩარჩოში, რაც ევალება და აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს. პროცესები ან დამოკიდებულება მუშაობის მიმართ, რომელიც უკვე აღიარებულია, როგორც ობიექტური შედეგი პოლარიზებულ მედიაგარემოში, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ნებისმიერ შეკითხვას, ნებისმიერ პროცესს, რომელიც უკავშირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებელ მუშაობას,“ – ამბობს ნათია კაპანაძე.

კითხვაზე, რამდენად შეესაბამება რეალობას ის, რომ ტელევიზიის მაყურებლების რაოდენობამ იკლო, ნათია კაპანაძე პასუხობს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო პოლიტიკის მიმართ ნდობის საკითხი განიხილება არა მხოლოდ ციფრებით, არამედ შეფასებებით:

„ესაა საერთაშორისო შეფასებები, შიდა შეფასებები და სანდოობა სწორედ აქედან გამომდინარე იზომება. რაც შეეხება ციფრებს, აჭარის მაუწყებელს ნამდვილად არა აქვს შინაარსთან დაკავშირებით კლება, იმიტომ, რომ გადაცემები დღეს არის ბევრად უფრო მრავალფეროვანი, ვიდრე გასულ პერიოდებში, უფრო ნაკლებ ვაკეთებთ აქცენტს მექანიკურ პროდუქციაზე, რადგანაც ჩვენ უნდა გავაშუქოთ ადგილობრივი და ეროვნული პრობლემები და საკითხები, რომლებიც აქვს ჩვენს საზოგადოებას. ამ ნაწილში არხის რეიტინგს კლება არ აქვს“.

ნათია კაპანაძეს ასევე ვკითხეთ ევროპის მაუწყებელთა კავშირთან სამართლებრივ დავაზე. საბჭოს წევრების განცხადების დანართში აღნიშნულია, რომ ეს არის ტელევიზიის იმიჯის შელახვა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დღეს არის თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის პარტნიორი, ყველა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის პარტნიორი, მათ შორის ჩვენი მხარდამჭერია რამდენიმე საერთაშორისო მედიაორგანიზაცია. რაც შეეხება საკითხს, რომელსაც იშველიებენ განცხადებაში, ეს თემა უკავშირდება ერთ კონკრეტულ ჩართვას, რომლის თაობაზეც ყველა გაურკვევლობა, რაზეც მიუთითებს ბორდის წევრი, ამოწურულია და არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის თქმის, რომ ტელევიზიის იმიჯი შეილახა, რადგან არანაირი პრეტენზია ერთმანეთის მიმართ მხარეებს არ აქვთ,“ – აღნიშნა ნათია კაპანაძემ.

ტელევიზიის დირექტორს ვკითხეთ შრომითი კონტრაქტებისა და დაუსაბუთებელი ხარჯების შესახებაც, რაზეც, ასევე, საუბარია განცხადების დანართში. ნათია კაპანაძემ განაცხადა, რომ ყველა გადაწყვეტილება მიღებულია კანონის შესაბამისად და იმისათვის, რომ აჭარის ტელევიზიას „ჰქონოდა ის შედეგი, რაც აქვს: დამოუკიდიებელი, ობიექტური და შედეგზე ორიენტირებული“.

ნათია კაპანაძეს ტელევიზიის დირექტორის პოსტზე ვადის ამოწურვამდე 6 თვე დარჩა. რატომ გააქტიურდა მისი იმპიჩმენტის საკითხი ახლა?

„ხშირად ისმის კრიტიკა დამოუკიდებელი მედიის მიმართ და ეს არის ჩვენი ქვეყნის მოცემულობა.

…მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით მოვეკიდებით შედეგს, რომელიც დღეს აქვს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს შედეგი არის თავისუფლება, ეს შედეგი არის სარედაქციო პოლიტიკა, ძალიან მაღალი ინტერესი, რომელიც აქვს საზოგადოებას და ეს მაღალი ინტერესი მოდის სწორედ სურვილით, გვქონდეს გამართული საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყანაში,“ – აღნიშნა ნათია კაპანაძემ.

 

„იმპიჩმენტი არ გამოვა“ – „ოცნება“ აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაყენებაზე

„ჩვენ არაფერ შუაში ვართ“ – ირწმუნებიან უმაღლესი საბჭოს წევრები „ქართული ოცნებიდან“. მათ „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის იმპიჩმენტის  ინიციატივის შესახებ ვკითხეთ. დეპუტატები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ნათია კაპანაძე დირექტორობას ამ წლის შემოდგომაზე ისედაც ამთავრებს და ახლა „ეჭვების გაჩენა მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესში არ შედიოდა“.

პარტია „ქართულ ოცნებას“ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში თავისი კვოტით არჩეული წევრი 2016 წლიდან აღარ ჰყოლია, მას შემდეგ, რაც ბორდი ზაზა ხალვაშმა დატოვა. საბჭოს ახალი წევრის, გიგა ჩხარტიშვილის არჩევა უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის ნოემბერში მოახერხა. გიგა ჩხარტიშვილი ირაკლი დარცმელიძესთან ერთად აპირებს ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს. ირაკლი დარცმელიძე მრჩეველთა საბჭოს წევრად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეარჩია.

„მნიშვნელოვანი ფასეულობაა ჩვენთვის სარედაქციო დამოუკიდებლობა ნებისმიერი მაუწყებლის და განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს. ამ განსაკუთრებულობას იწვევს რამდენიმე ფაქტორი და ვფიქრობ, რომ ამაში არის ხელისუფლების წვლილი… ჩვენ ეს ამბავი [იმპიჩმენტის საკითხი] „ნეტგაზეთიდან“ გავიგეთ, გიგა ჩხარტიშვილი, მისი არჩევის შემდეგ არ გვინახავს… სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაზე ეჭვები ხელისუფლებას ყველაზე მეტად აზარალებს. ეს ხელისუფლების ინტერესში არ შედის და არც შეიძლება შედიოდეს,“ – ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე.

შენიშვნაზე, რომ შესაძლოა ხელისუფლებას უღირდეს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ეჭვების გაჩენა, თუკი ამის სანაცვლოდ თავისუფალი რედაქციაზე გავლენას მოიპოვებს, ცოტნე ანანიძემ მოკლედ გვიპასუხა: „მას უფლებამოსილების ამოწურვამდე ნახევარ წელიწადზე ცოტა მეტი აქვს დარჩენილი, არა მგონია, ჭკუათმყოფელ ხელისუფლებას აწყობდეს ისრების მისკენ წასვლა“ და აქვე დასძინა, რომ „ეს აბსოლუტურად ტელევიზიის შიდა პროცესია“.

იმპიჩმენტის პროცესში პოლიტიკურ ჩარევას გამორიცხავს ირაკლი ჭეიშვილიც, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი. მას მოლოდინი აქვს, რომ ბორდი ნათია კაპანაძეს ვერ გადააყენებს.

„არა, მათთან საუბარი ამ თემაზე არ მქონია… გიგა ჩხარტიშვილი კი მისი არჩევის შემდეგ სახეზე არ მინახავს. ასე ვფიქრობ გარედან, რომ ამას ვერ შეძლებენ, იმპიჩმენტი არ გამოვა…“ – აცხადებს ის.

„შემოდგომაზე ისედაც უნდა აერჩია ახალი დირექტორი მრჩეველთა საბჭოს“, – გვითხრა ირაკლი ჭეიშვილმა, როცა მას მმართველი პოლიტიკური გუნდის შესაძლო დაინტერესებაზე ვკითხეთ. ირაკლი ჭეიშვილი არ მალავს, რომ „აჭარის ტელევიზიის“ სიუჟეტები ზოგჯერ მასაც არ მოსწონს:

„მე ეს საჯაროდაც დამიწერია სოციალურ ქსელში, მაგრამ ერთია, ჩვენ რა მოგვწონს და არ მოგვწონს და მეორეა ის, რომ ტელევიზიები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები“, – დასძინა ირაკლი ჭეიშვილმა.

„ბათუმელები“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძესაც დაუკავშირდა, მაგრამ  მან სატელეფონო კომენტარზე უარი გვითხრა.

ამ თემაზე:

6 პარტიის განცხადება აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე

 

 

„დარჩი სახლში“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლის წინ

დღეს, 12 აპრილს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ მშვიდობიანი აქცია გაიმართა. “დარჩი სახლში” – ასე ერქვა სახალხო მოძრაობა “ერთად სახლშის” მიერ გამართულ მშვიდობიან აქციას.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლის წინ სიმბოლურად  ჩემოდნები მიიტანეს.

“ეს არის სახალხო მოძრაობა, სადაც პატრიოტი ადამიანები არიან გაერთიანებული. ჩვენი მიზანია დავაბრუნოთ ჩვენი ემიგრანტები საქართველოში და შეწყდეს ახალგაზრდების გადინება. 2012 წლის შემდეგ დაახლოებით მილიონმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. ამ მოძრაობის მიზანია, შეიცვალოს ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში, რათა ბავშვებმა შეძლონ მუშაობა და სწავლა ამ ქვეყანაში,” – თქვა აქციაზე  “ერთად სახლშის” ხელმძღვანელმა საქართველოში  სალომე ჭელიძემ.

მსგავსი აქციები საქართველოს ყველა დიდ ქალაქშია დაგეგმილი.
მოძრაობა “ერთად სახლში” საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა 2018 წელს.

ბიას მორიგ რეგიონალურ შეხვედრას ბათუმი უმასპინძლებს

17 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო “რადისონ ბლუ ბათუმში”, B Talks-ის ფარგლებში, ბიას მორიგი შეხვედრა – “ადგილობრივი ბიზნესის გამოწვევები და განვითარების ახალი შესაძლებლობები” გაიმართება. B Talks ბათუმი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერით იმართება და მას აჭარის რეგიონში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეხვედრაზე განხილული იქნება ინვესტიციების მოზიდვის და ახალი ბაზრების ათვისების გზები, ბიზნესის უფლებების დაცვა, ტურიზმის განვითარება რეგიონში და ბიზნესისთვის აქტუალური სხვა საკითხები. ბიას წარმომადგენლები სტუმრებს აჭარის რეგიონის შემაჯამებელ სტატისტიკას წარუდგენენ და რეგიონალური ბიზნესის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრებენ.

შეხვედრის ფარგლებში, გაიმართება პანელური დისკუსია, რომელსაც სპეციალურად მოწვეული სტუმრები – აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე, სულხან ღლონტი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დაესწრებიან. ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მოწვეული სტუმრებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ პასუხი.

B Talks-ის ფარგლებში, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე მეხუთედ იმართება. შეხვედრების მიზანია საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს ქართულ კომპანიებს და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას. ბიამ უკვე ორი შეხვედრა გამართა თბილისში, სატრანსპორტო და სამშენებლო კომპანიებთან, რომლებსაც 200-მდე ქართული კომპანიის კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. რაც შეეხება რეგიონალურ ბიზნესს, ქუთაისში, თელავსა და ზუგდიდში გამართულ შეხვედრებს 300-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

300-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. იხილეთ ღონისძიების დღის წესრიგი.  შეხვედრაზე დასასწრებად, რეგისტრაცია შესაძლებელია მოცემულ ბმულზე.

ვის დარჩება ბათუმის სამშობიარო სახლი?

ბათუმის სამშობიარო სახლს ახალი დირექტორი ჰყავს – ნანა შერვაშიძე. მან ჯუმბერ უნგიაძე ჩაანაცვლა. კენჭისყრის პროცესი 10 აპრილს გაიმართა და ხმაურიანი გამოდგა – სამშობიარო სახლში პოლიციაც გამოიძახეს. ახალი დირექტორისთვის სამუშაო კაბინეტის დათმობას ქვემოიჯარე კომპანია არ აპირებს, რომელიც 2017 წლიდან სამშობიაროს მართავს. ახალი დირექტორი კი ამ კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმებას აპირებს. არც ერთ მხარეს ამ დროისთვის არ აქვს კითხვაზე პასუხი: დარჩება თუ არა საბოლოოდ სამშობიარო სახლი რუსთაველის ქუჩაზე?

დირექტორის წილისყრის პროცესი რუსთაველის ქუჩაზე, სამშობიარო სახლის შენობაში შედგა. შპს „ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლის“ მეწილეები საკონფერენციო ოთახში არ შეუშვეს, თუმცა მათ იქვე, სხვა ოთახში მოახერხეს შეხვედრა და ახალი დირექტორიც აირჩიეს.

„კარი მე მისთვის არ ამიჭედია. უბრალოდ, საკონფერენციო ოთახის კარი ჩავკეტე და ვუთხარი, რომ სამშობიარო სახლი არ არის საარჩევნო უბანი.  მახსოვს, ჯუმბერ უნგიაძე სარიტუალო დარბაზში აირჩიეს, ის რატომ უნდა აერჩიათ აქ?“ – კითხულობს ნუგზარ პაპავა, ის შპს „ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლის“ დირექტორის წარმომადგენელია. ეს კომპანია მართავს სამშობიარო სახლს 2017 წლიდან. ის შპს „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ ქვემოიჯარეა.

„სამუშაო ოთახიც მექნება და საერთოდ გავაუქმებ მათთან ხელშეკრულებას. მე კი არა, ეკონომიკის სამინისტრო უუქმებს მაგათ ხელშეკრულებას, რადგან ვალდებულებები ვერ შეასრულეს და დავალიანება აქვთ, ინფორმაციასაც მალავენ…“ – ირწმუნება ექიმი ნანა შერვაშიძე. ის ჯერ კიდევ „ევექსის“ ამბულატორიულ კლინიკაში მუშაობს და სამშობიარო სახლში მისვლას მას შემდეგ აპირებს, როცა საჯარო რეესტრში პროცედურული საკითხები გაიწერება.

„პოლიციაც გამოვიძახე, მაგრამ არ გააკეთეს რეაგირება, ხმაური არ არის და ვერ ჩავერევითო… როგორ უნდა აუხსნა პოლიციას, რომ არ შეიძლება 130 ადამიანი შეიკრიბოს სამშობიარო სახლში და იქ სანიტარული ნორმები დაიცვა,“ – ამბობს ნუგზარ პაპავა.

„ამირჩიეს მე, რადგან სამშობიარო სახლიდან ბოლო დროს ბევრი ექიმი წავიდა. ამ ექიმებით მუშაობენ სხვა სამშობიაროები. ყველას უნდა უკან დაბრუნება. პრობლემა იყო ჯუმბერ უნგიაძის მენეჯმენტი… გასაგებიცაა, ის კონკურენტი კლინიკის ხელმძღვანელია,“ – ასე ხსნის ნანა შერვაშიძე მიზეზს, რის გამოც შეკრებილი მეწილეების უმრავლესობამ არჩევანი მასზე გააკეთა და ჯუმბერ უნგიაძე კანდიდატადაც აღარ დაუსახელებიათ.

სამშობიარო სახლში ახალი დირექტორის არჩევის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სამშობიაროში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის შეტყობინება შევიდა დაჯარიმების შესახებ – სამშობიაროს დაახლოებით 6 მილიონი ლარით აჯარიმებდნენ იმის გამო, რომ მან სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულების დროულად შესრულება ვერ შეძლო.

შპს „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლმა“ ქვეიჯარის ხელშეკრულება შპს „მრავალპროფილიან სამშობიარო სახლთან“ 2017 წელს გააფორმა. ამ უკანასკნელს 1 მილიონ 200 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო სამშობიარო სახლში.

„დირექტორად მოიყვანეს ჯუმბერ უნგიაძე,“ – გვიყვება ნუგზარ პაპავა, – „რადგან კონკრეტული ვალდებულებები იყო შესასრულებელი, ქვეიჯარა გაფორმდა ჩვენთან. ჩვენ 600 ათასი ლარის ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ და დაგვრჩა 400 ათასი. უკვე მეოთხე თვეა ამოქმედდა სხვადასხვა მიმართულება, ასევე „ემერჯენსი“, რასაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.“

რატომ აჯარიმებენ სამშობიარო სახლს? – ნუგზარ პაპავა განმარტავს, რომ „საქმე გაუგებრობასთან გვაქვს“, რადგან სამშობიაროს რემონტი, ძირითადად, ექიმების მიერ ჩამოყალიბებულ კომპანიას, ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა გაეკეთებინა [2016 წელს]. ეს ვადა დაირღვა, რადგან კომპანია, რომელიც სამშობიაროში ინვესტიციას ჩადებდა, ამ პერიოდში ვერ შეირჩა.

„ჩვენ 2017 წელს შემოვედით და გავაკეთეთ რემონტი… მაშინდელი მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე დაგვპირდა გადავადებას, რაც ფორმალური პროცედურა იყო. ამ დაპირებიდან სამ დღეში ის გაუშვეს თანამდებობიდან. ახლა თორნიკე რიჟვაძეს შევხვდი და ის დაგვპირდა გარკვევას. რეალურად ჩვენ არ დაგვირღვევია ვადები,“ – აღნიშნავს ნუგზარ პაპავა, „ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლის“ დირექტორის წარმომადგენელი.

ნუგზარ პაპავა ამბობს, რომ ახალი დირექტორი მის კომპანიასთან ხელშეკრულებას გააფორმებს. მისთვის გაუგებარია ის პრეტენზიები, რაც შპს „ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლს“ და ამ ორგანიზაციის მიერ შერჩეულ ახალ დირექტორს, ნანა შერვაშიძეს აქვს.

„რეალურად ჩანს, რომ უნდა ვიღაცას დირექტორობა. სხვა შემთხვევაში გაუგებარია, რატომ უნდა თქვა უარი ისეთ ცნობილ ექიმზე, როგორიც ჯუმბერ უნგიაძეა?“ – კითხულობს ნუგზარ პაპავა.

ნუგზარ პაპავას თქმით, სამშობიარო სახლს ამ დროისთვის „ნულოვანი ბიუჯეტი“ აქვს, ანუ შემოსავლები ფარავს ხარჯს, მეწილეები მოგებას ვერ იღებენ.

რატომ ვერ გახდა ფინანსურად წარმატებული კლინიკა ბათუმის სამშობიარო სახლი?

ნანა შერვაშიძე: „მე ვფიქრობ, რომ აქ იყო კონკრეტული პირების ინტერესი, სახელმწიფო აქ არაფერ შუაშია… ეს „მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლი“ არის ძველი „სალვე“. ამ „სალვეს“ რა რეპუტაცია ჰქონდა და რა კლინიკა იყო, ყველამ ვიცით. ინტერესი იყო ალბათ ის, რომ ჩაძირულიყო სამშობიარო სახლი. დირექტორი ჯუმბერ უნგიაძე სახელმწიფოს აწვდიდა ინფორმაციას, რომ ხდება გადინება ექიმების, პაციენტების და ფაქტიურად სახელმწიფოს წინაშე აყენებდა სიტუაციას, რომ საერთოდ არ იყო საჭირო ეს კლინიკა.“

„ბრალდებებზე“ საპასუხოდ ჯუმბერ უნგიაძეს დავუკავშირდით, თუმცა მან ჩვენთან საუბრისთვის დრო ვერ გამონახა.

ნანა შერვაშიძე წლების წინ მუშაობდა „ბათუმის სამშობიარო სახლში“. მან ეს დაწესებულება 2016 წელს დატოვა. ნანა შერვაშიძის მტკიცებით, სამშობიაროს ფინანსური სირთულეები ცუდი მენეჯმენტის გამო შეექმნა.

ნუგზარ პაპავას თქმით კი, სამშობიარო სახლი რეალურად მრავალპროფილური მხოლოდ სამი თვის წინ გახდა და ამ პერიოდში 12 ურთულესი ოპერაცია ჩატარდა. ნუგზარ პაპავა და სამშობიაროში ამჟამად მომუშავე ექიმები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ სამშობიაროს რეიტინგი მნიშვნელოვნად დაზიანდა ისევ ექიმების მიერ გაკეთებული განცხადებებით.

„ადამიანი რომ აქ მუშაობს, გამოვა და იტყვის, ჭკვიანი ექიმი ვინცაა, იმან უკვე დატოვა ბათუმის სამშობიარო სახლიო, რა უნდა იფიქროს სხვამ?“ – გვითხრა სამშობიარო სახლის ექიმმა გელა გორგილაძემ.

„წინ გველის სასამართლო დავა,“ – ამას ახლა ორივე მხარე ამბობს. ნუგზარ პაპავა ამბობს, რომ სამშობიაროდან ის და მისი კომპანია არ გავა, თუკი დახარჯულ თანხას უკან არ ამოიღებს და ზიანს არ აუნაზღაურებენ. ნანა შერვაშიძეს კი მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო „სხვა ბევრ რამეს დაადგენს“, თუმცა ჯერ დავის საგანზე ჩამოყალიბებული არ არის.

_______________

მთავარ ფოტოზე: ნუგზარ პაპავა და ნანა შერვაშიძე

Exit mobile version