შვედეთის ელჩის ტვიტის შემდეგ არდაგანის ტბა გაწმინდეს


ბათუმში მდებარე არდაგანის ტბა გაწმენდილია. ტბის დაბინძურების შესახებ ტვიტერზე დღეს დილით [26 აპრილს] საქართველოში შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა დაწერა.

„მოცეკვავე შადრევნები ბათუმში. შორიდან ლამაზია. თუმცა ახლოდან არც თუ ისე მიმზიდველი“, – დაწერა ულრიკ ტიდესტრომი.

რატომ იყო ტბა დაბინძურებული, ამის გარკვევას “ბათუმელები” ამჯერადაც “ბათუმის წყალთან” შეეცადა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, სანიაღვრე სისტემის მეშვეობით არდაგანის ტბაში 26 აპრილს ბლანტი, უცხო სითხე მოხვდა. კომპანიაში გვითხრეს, რომ შესაბამისი სამსახურები ტბას გაწმენდნენ.

ტბა მართლაც გაწმინდეს. ულრიკ ტიდესტრომმა კი ტვიტერზე გაწმენდილი ტბის ფოტო გამოაქვეყნა.

არდაგანის ტბის დაბინძურების შესახებ “ბათუმელებმა” ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორჯერ დაწერა. პირველი სტატია ტბის დაბინძურების შესახებ 11 აპრილს მომზადდა. მეორე სტატია 22 აპრილს გამოქვეყნდა. “ბათუმელები” შეეცადა გაერკვია, რის გამო ბინძურდება ტბა.

ბათუმის მერის მრჩეველი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში ჯაბა ტუღუში ფიქრობს, რომ ტბას სჭირდება გამოკვლევა სპეციალისტების ჩართულობით, რათა დადგინდეს დაბინძურების რეალური მიზეზი.

“ტბის ფსკერის პრობლემა უნდა იყოს და ალბათ საჭირო იქნება მისი მოწყობა სპეციალური ბალასტით“, – თქვა გასულ კვირას “ბათუმელებთან” ჯაბა ტუღუშმა.

შესაბამისად, ჯერ უცნობია რა აბინძურებს არდაგანის ტბას. “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, არდაგანის ტბაზე მდგომარეობა მნიშვნელოვნად მას შემდეგ გაუმჯობესდება, რაც ტბის მიმდებარედ  სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდება, ანუ 2020 წლის აპრილში. მერიის მოხელეები ფიქრობენ, რომ ამის შემდეგ, სატუმბის მეშვეობით, ქალაქის სანიაღვრე წყლების შეკრება და ზღვაში გადატუმბვა არდაგანის ტბისგან დამოუკიდებლად მოხერხდება.

შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ “ბათუმის წყლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან დაგვიკავშირდნენ. უწყების მტკიცებით, არდაგანის ტბას ზედაპირულად ყოველდღიურად ასუფთავებენ.

მთავარი ფოტო: ულრიკ ტიდესტრომი

შვედეთის ელჩი ბათუმში არდაგანის ტბის დაბინძურების შესახებ ტვიტერზე წერს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი