მთავარი,სიახლეები

კმდს-ს ზონალური საბჭოს წევრი არქიტექტორს: „ჭავჭავაძის ქუჩა შენი გაფუჭებულია“

27.04.2019 • 2279
კმდს-ს ზონალური საბჭოს წევრი არქიტექტორს: „ჭავჭავაძის ქუჩა შენი გაფუჭებულია“

„ჭავჭავაძის ქუჩა შენი გაფუჭებულია“ – ასე მიმართა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს წევრმა ნუგზარ ძნელაძემ არქიტექტორ გია გაბაშვილს. არქიტექტორი სხდომაზე დაჟინებით ითხოვდა, საბჭოს უარი არ ეთქვა  შპს „არქეოსისთვის“ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „თიბისი ბანკის“ წინ, 12-სართულიანი სახლის მშენებლობაზე.

„კარგი რაა“ – მხოლოდ ეს იყო გია გაბაშვილის პასუხი საბჭოს წევრის კრიტიკაზე.

შპს „არქეოსი“ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, #31-33-35-37-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე თორმეტსართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს არქიტექტორმა გია გაბაშვილმა წარუდგინა: „მე აქ ავაშენებ მთელ კვარტალს და კიდევ მეტს“. მან სხდომაზევე განაცხადა, რომ ინვესტორიც თვითონაა.

„პროექტი ყველა პარამეტრში ჯდება, აკმაყოფილებს 41-ე დადგენილების მოთხოვნებს, კოეფიციენტი 7,5- ია და სხივებშია, რამდენი სართულია და 12. პარკინგიც ექნება“, – განუმარტა არქიტექტორმა ზონალური საბჭოს წევრებს.

ისტორიული სახლის ფასადი, რომლის დემონტაჟის ხარჯზეც ახალი 12-სართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავენ

საპროექტო ტერიტორიაზე ამ დროისთვის ორსართულიანი მრავალბინიანი, ისტორიული სახლი მდებარეობს, რომელსაც მთელი კვარტალი უკავია [2600 კვადრატული მეტრი]. პირველ სართულზე კომერციული ფართობებია, მეორე სართულზე კი – საცხოვრებელი ბინები. შენობის მოპირდაპირედ  „თიბისი ბანკის“ შენობაა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, საპროექტო ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია.

 

ზონალური საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვას ამ სახლის მესაკუთრეებიც ესწრებოდნენ. ისინი კატეგორიულად ითხოვდნენ, რომ ზონალური საბჭო მათი საცხოვრებლის დემონტაჟის ხარჯზე  ახალ მშენებლობას დასთანხმებოდა. ამტკიცებდნენ, რომ ეს მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის აუცილებელია.

ზონალური საბჭოს სხდომა

საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ სახლში მცხოვრები: „ჩვენი სახლი ძალიან ძველია, თითქმის ავარიულია. ადრე აქ რკინიგზის სადგური იყო და სახლი ამორტიზებულია, შეიძლება მეორე სართული ჩავარდეს, რომ ვიძინებთ, გვეშინია. იატაკი ჭრიალებს, რომ დავდივართ.“

ზონალურმა საბჭომ პროექტი დაიწუნა.

„ამ ეზოს განვითარების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მე დღეს ვამბობ უარს, არ მომწონს ეს დამოკიდებულება, შენობა არის მაღალი [გულისხმობს პროექტს]. დაფიქრდით, ცოტა თქვენც მოიკელით, ცოტა ინვესტორისკენაც გაიხედეთ. მე, როგორც არქიტექტორი, აღვადგენდი იმ სახასიათო შენობას, ფასადს. ისე დავაგეგმარებდი, რომ იქ შენობაც იყოს, ქუჩაც, ისტორიაც და თქვენთვის საჭირო პირობებიც“, – განაცხადა საბჭოს წევრმა ნუგზარ ძნელაძემ.

პროექტი დაიწუნა საბჭოს წევრმა დავით ზოიძემაც, უარყოფითი პოზიცია გამოთქვა ასევე საბჭოს თავმჯდომარემ.

„წინ ათსართულიანი პროექტებია, გვერდითაც, აქეთ კიდევ თხუთმეტსართულიანი და ამ პროექტზე უარი უნდა თქვათ. ამაზე რომ გამოვა უარი, მაშინ დამთავრდა ყველაფერი. ექვსი ვიმყოფინო კოეფიციენტი, ეგ რა ლაპარაკია?“ – იკითხა არქიტექტორმა. არქიტექტორის კითხვამ გააღიზიანა როგორც დაგეგმილი პროექტის ტერიტორიაზე მცხოვრებლები, ასევე სხდომის თავმჯდომარე.

„თიბისი  ბანკის მარცხენა და მარჯვენა მხარეს თქვენი პროექტებია და მოპირდაპირედაც 12 სართული გინდა? – ნუ შეგყავს ხალხი შეცდომაში, რომ მშენებლობის წინააღმდეგია საბჭო. ცოტა სხვანაირად დაითვალეთ სიმაღლეები. გვერდით დაშენებული რომაა, კარგია? – მერე გეტყვიან, რატომ გაეციო. ყველა პროექტი თიბისი ბანკის ირგვლივ საშინელებაა“, – უთხრა არქიტექტორს საბჭოს თავმჯდომარემ, ზაურ ახვლედიანმა.

საბჭომ პროექტი სიმაღლის გამო არ შეითანხმა. სხდომაზე  მოსახლეობა ამტკიცებდა, რომ ორსართულიანის ნაცვლად 12 სართული იმისთვისაა საჭირო, რომ პირველ სართულზე არსებული კომერციული ფართობების მეპატრონეები „ბევრს ითხოვენ“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: