რუსთაველზე „ხრუშოვკის“ ფასადისთვის ბათუმის მერია 554 570 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს


ბათუმის მერია რუსთაველის ქუჩა N10-ში მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც 554 570 ლარის დახარჯვას ტენდერის გარეშე აპირებს.

ფასადის რეაბილიტაციას მერია „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებად“ აფასებს, რასაც შემდეგნაირად ასაბუთებს:

„ადგილი, სადაც ეს შენობა მდებარეობს, წარმოადგენს ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ტურისტულ ადგილს. მნიშვნელოვანია ამ სახლზე არსებული პრობლემების მოგვარება მოხდეს დროულად, ასევე იმ არქიტექტურული იერსახისა, რომლითაც ამ ადგილს მიაკუთვნებენ ბათუმის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას“.

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

სამმართველოს ინფორმაციით, „გამარტივებული შესყიდვის გზით უნდა მოხდეს საცხოვრებელი სახლის ფასადის შეფუთვა [იერსახის შეცვლა, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, თბოიზლაცია]… ტენდერის გამოცხადების თავისებურებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებას სავარაუდოდ დასჭირდება 2 თვე, რომელიც ძალიან გააჭინაურებს პროცესს“.

„რუსთაველის ქ. №10-ში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი წარმოდგენს ეგრეთ წოდებულ ტიპიურ „ხრუშჩოვკას“. სახლის შეფუთვა-მოპირკეთება რუსთაველის ქუჩის მხრიდან გაკეთდა მრავალი წლის უკან და დღეის მდგომარეობით ფასადი სავალალო მდგომარეობაშია: საცხოვრებელი სახლის აივნები და ფასადი დაზიანებულია და შესაძლებელია გამოიწვიოს მაცხოვრებლების და ქვეითად მოსიარულეთა [მათ შორის ტურისტებისა და ვიზიტორების] საფრთხის შექმნა“ – აღნიშნულია სამმართველოს განაცხადში.

არსებობს თუ არა ესკიზი, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელ სახლზე რუსთაველის ქუჩის მხრიდან ფასადი უნდა მოეწყოს? –  საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გარკვეული მონახაზი აქვთ, თუმცა დეტალები ხელშეკრულების გაფორმების დროს დაზუსტდება.

აღნიშნული სახლის „ექსტერიერის ვიზუალური მხარის საუკეთესო ესკიზის გამოვლენაზე და მის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე“ სამმართველომ კონკურსი 2018 წლის ნოემბერში გამოაცხადა, თუმცა ის საკონკურსო კომისიამ შეწყვიტა.

„მონაწილე პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო პროექტის კონცეფცია არ არის თანხვედრაში იმ ხედვასთან, რომელიც შემსყიდველს [ბათუმის მერიას] გააჩნია“ – აღნიშნულია კომისიის ოქმში

კონკურსზე წარმოდგენილი ესკიზები, რომლებიც საკონკურსო კომისიამ დაიწუნა:

რუსთაველის 10, ბათუმი / ესკიზი / ავტორი ჯიმსონ გურგენიძე / ფოტო საკონკურსო დოკუმენტებიდან

რუსთაველის 10, ბათუმი / ესკიზი / ავტორი NEW-ENERGY / ფოტო საკონკურსო დოკუმენტებიდან

მაშინ, როცა ბათუმის მერია ხუთსართულიანი სახლის ფასადის რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონზე მეტ ლარს ხარჯავს, პარალელურად, ამ სახლზე მანსარდის დაშენების ნებართვას ითხოვენ.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებულმა ზონალურმა საბჭომ თავის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე რუსთაველის 10-ში მდებარე სახლზე მანსარდის დაშენების პროექტი არ შეითანხმა.

რენდერი / ბათუმი, რუსთაველის 10 / ფოტო ზონალური საბჭოს სხდომიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com