ორი წლის ხელფასი სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ – შეთავაზება ასაკოვან პედაგოგებს

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, დღეს, 13 მაისს, საპენსიო ასაკის პედაგოგებს პროფესიაში დარჩენის ან სკოლიდან წასვლის პირობები შესთავაზა. ამ პირობების მიხედვით, პედაგოგი, რომელიც ვერ დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას, ის სკოლას დატოვებს.

მეორე პირობის მიხედვით, პენსიონერ პედაგოგს შეუძლია აიღოს სამინისტროსგან შეთავაზებული ფულადი ჯილდო (ორი წლის ხელფასი) და დატოვოს სკოლა.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი პედაგოგი ვერ ადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას, თუმცა არ სურს სკოლის დატოვება? განათლების სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ეკა კვიტაშვილი ამბობს:

„მინიმალური კომპეტენციის დადასტურება ყველა პედაგოგისთვის სავალდებულოა. თუ მასწავლებელი ორჯერ მცდელობის შემთხვევაში ვერ დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას, მას შეუძლია აიღოს ჯილდო და  პროფესიული საქმიანობა შეწყვიტოს. თუ გადამზადება უნდა, სახელმწიფო გადაამზადებს მას შემდეგი გამოცდისთვის. ორჯერ შეუძლია სცადოს კომპეტენციის დადასტურება. თუ მეორე ჯერზეც ვერ დაადასტურა,  სახელმწიფო უფლებას უტოვებს მას, აიღოს ჯილდო. გარდა ამისა, პედაგოგს უნარჩუნდება დაზღვევა“.

კითხვაზე, თუკი პედაგოგი ვერ ადასტურებს კომპეტენციას, მაგრამ მაინც სურს სკოლაში მუშაობა, შეუძლია თუ არა სკოლის დირექტორს მისი სამუშაოდან დათხოვნა? ეკა კვიტაშვილი ამბობს, რომ სკოლას დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება.

„სკოლას ვუტოვებთ არჩევანს, თუ სკოლა გადაწყვეტს, რომ ეს პედაგოგი არის სკოლისთვის მნიშვნელოვანი, ხელშეკრულებით შეუძლია გააგრძელოს მასთან ურთიერთობა“.

ამავე თემაზე:

როგორ გაიზრდება მასწავლებლის ხელფასი სტატუსის მიხედვით სექტემბრიდან – მინისტრის განცხადება

საზაფხულო თეატრის ჩამოცვენილი ფასადი – რესტავრაციას 450 ათასი ლარი სჭირდება

ბათუმის ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრის შენობას რესტავრაცია სჭირდება. დაზიანებული და ნაწილობრივ ჩამოცვენილია ხის ფასადი, გარდა ამისა, როგორც ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორი, ჯონი საბაშვილი ამბობს, საჭიროა ავანსცენის, საორკესტრო ორმოს ამოვსებაც, რადგან თეატრის ეს ნაწილი სრულიად გამოუსადეგარია და საზაფხულო თეატრის ინტერიერი საორკესტრო კონცერტებისთვის არ არის გათვლილი. კულტურის ცენტრის დირექტორის თქმით, იგეგმება თეატრის ფანჯრების შემინვაც, რომ შენობა გამოსადეგი იყოს ზამთარშიც. რეკონსტრუქციის სავარაუდო გეგმის მიხედვით, თეატრის ინტერიერში უნდა ჩაშენდეს კულისები და გასახდელი ოთახები.

„მგონი, თავის დროზე, როცა თეატრი აშენდა, დაუმთავრებელი იყო თავიდანვე, იმდენად ცუდი სიტუაცია დაგვხვდა. ძალიან უხარისხოდაა გაკეთებული, გამოყენებულია იაფფასიანი ხის მასალა, იგეგმება არა ფასადის მთლიანი შეცვლა, არამედ რეკონსტრუქცია“, – ამბობს ჯონი საბაშვილი. მის თქმით, საზაფხულო თეატრის რეკონსტრუქციის სავარაუდო პროექტი მისი უწყების, კულტურის ცენტრის მიერაა მომზადებული თეატრის დამპროექტებელ კომპანიასთან და კომპანიის არქიტექტორებთან შეთანხმებით.

„რეკონსტრუქციის გეგმა კულტურის ცენტრმა ბათუმის მერიას ზეპირად, არაოფიციალურად გააცნო და საჭირო თანხების მოძიებისთანავე, საკითხს დღის წესრიგში ოფიციალურად ჩასვამენ, თუმცა ზუსტად არ ვიცით, როდის“, – ამბობს ჯონი საბაშვილი.

ბათუმის საზაფხულო თეატრი 2013 წელს აშენდა. სამ წელიწადში დაზიანდა სახურავი, ფასადი და წყლის საქაჩი ტუმბო, რის შესაკეთებლადაც ბათუმის მერიამ 2016 წელს 64 ათას 498 ლარი გამოყო.

სავარაუდო რეკონსტრუქციის გეგმის მიხედვით, თეატრის აღდგენითი სამუშაოებისთვის ამჯერად დაახლოებით 450 000 ლარია საჭირო.

ბაროკოს სტილში შესრულებული ბათუმის საზაფხულო თეატრი პირველად 1947 წელს არქიტექტორების: კახა ჯავახიშვილისა და ბოგდან კირაკოსიანის პროექტით აშენდა, იტევდა 590 მაყურებელს. შენობა 2001 წელს ხანძარმა გაანადგურა.

2013 წელს ძველი თეატრის მიხედვით აგებული ახალი შენობა 1100 მაყურებელზეა გათვლილი. საზაფხულო თეატრის მშენებლობაზე 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

საზაფხულო თეატრის მშენებლობა ენმ-ის ხელისუფლების პირობებში დაანონსდა და ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში დასრულდა.

ბათუმის საზაფხულო თეატრი 5 მილიონად

რა არჩევანს სთავაზობს სამინისტრო საპენსიო ასაკის პედაგოგებს

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საპენსიო ასაკის პედაგოგებს შემდეგ პირობებს სთავაზობს:

  • თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე;
  • თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა აცნობოს  2019 წლის ბოლომდე;
  • თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი – ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ განაცხადოს 2019 წლის ბოლომდე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ.

„ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი  (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით)“, – აცხადებს მინისტრი.

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერი წერია იმის შესახებ, ჯილდოს არჩევის შემთხვევაში ასაკოვან მასწავლებლებს მოუწევთ თუ არა სკოლის დატოვება.

ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა დღეს, 13 მაისს, განაცხადა.

მასწავლებელთა რეგისტრაცია საგნობრივ გამოცდაზე 13 მაისს დაიწყება

მასწავლებელთა რეგისტრაცია კომპეტენციის დასადასტურებლად დღეს, 13 მაისს, დაიწყება და 24 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება და დარეგისტრირება შეუძლიათ ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

გამოცდებზე რეგისტრაციის უფლება ექნებათ:

  • მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს;
  • პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ასევე სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირებს;
  • მასწავლებლობის მსურველებს, რომელთაც დიპლომის საფუძველზე აქვთ მასწავლებლობის უფლება;
  • თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს  მასწავლებლის  საქმიანობის  მიზნებისთვის. 

 პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად  როგორც  საგნობრივ (შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი), ასევე, პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე. პედაგოგობის მსურველ აპლიკანტებს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლებათ.

კომპეტენციის დადასტურება და გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში:

ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);

მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);

ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);

ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ფიზიკა,  ქიმია, ბიოლოგია;

უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული;

ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი;

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;

პროფესიული უნარები.

ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა. მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტებისათვის კი რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.

„აპლიკანტს საგნის გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად უბრუნდება, თუ ის 24 მაისის 18:00 საათამდე უარს განაცხადებს საგნის გამოცდაში მონაწილეობაზე (შესაბამისი განცხადებით მიმართავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს)“.

როგორ გაიზრდება მასწავლებლის ხელფასი სტატუსის მიხედვით სექტემბრიდან – მინისტრის განცხადება

დღეს, 13 მაისს, საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „განათლების კომპლექსური რეფორმის“ ეტაპებზე ისაუბრა.   მან ამ საკითხზე საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, განათლების სამინისტრო ზოგადი განათლების მიმართულებით ცვლილებების შემდეგ ეტაპს იწყებს.

„რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება.

სახელფასო ზრდა ასევე შეეხებათ რესურსცენტრების, სკოლების, დირექტორებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს,“-განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2019 წლის ზაფხულში  დაადასტურებენ მინიმალურ კომპეტენციას და აიმაღლებენ სტატუსს, ასევე მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას ახალი სასწავლო წლის დადგომისას, 2019 წლის სექტემბრიდან.

პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღწევად მოთხოვნები ნაწილობრივ აქვთ შესრულებული, მიეცემათ შესაძლებლობა, აიმაღლონ სტატუსი დამატებითი კრედიტქულების მოპოვებით 2019 წლის ბოლომდე. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გაზრდილ და მზარდ  ანაზღაურებას.

გარდა ამისა, მასწავლებლის სურვილის შემთხვევაში, პედაგოგების საჭიროებებიდან გამომდინარე,  სახელმწიფო იზრუნებს პრაქტიკოსი საფეხურის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე შესაბამისი გადამზადების პროგრამებით და ამის შემდგომ, განმეორებით მისცემს მათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების შესაძლებლობას 2019 წლის შემოდგომაზე.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი; ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა 2019 წლის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევაში ექნება:

  • თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე;
  • თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის ბოლომდე;
  • თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი – ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადოს.
  • სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა.

ყველა ის პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერც ერთი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას და ვერ აიმაღლებს სტატუსს, შეძლებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე – დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით.

ზემოთ ჩამოთვლილ სიახლეებთან დაკავშირებით განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილებები.

 

მუშებს კომპანია ხელფასს არ უხდის – დარღვევაზე რეაგირებას არავინ ახდენს

„ყურადღება არავინ მოგვაქცია, აქვს საერთოდ დავას აზრი?“ – კითხულობს ქედაში მცხოვრები რემზი დიასამიძე. ის და კიდევ სამი ადამიანი სოფელ ხარაულაში, ასევე, შუახევის სოფელ უჩამბაში სოფლების გზის დამცავი კედლების ჩამოსხმაზე მუშაობდნენ. სამუშაოების შესრულებას დაახლოებით ოთხი თვე დასჭირდა. მუნიციპალიტეტებმა შესრულებული სამუშაო ჩაიბარეს, კომპანიამ ფული აიღო, დამცავი კედლის მშენებლები კი, უხელფასოდ დატოვეს.

„გვითხრეს, რომ დასრულდება სამუშაო, ერთიანად მოგცემთ ფულსო. ჯამში ოთხი ადამიანისთვის 10 500 ლარი უნდა მოეცათ. უკვე ორი წელია ვითხოვთ ამ ფულს… კომპანიას ვეღარ ვუკავშირდებით, გამგეობები პოლიციაში გვიშვებენ. პოლიციამ კომპანიის დირექტორი, რატი მაისურაძე დაკითხა, გვაჩვენეს ოქმი. ის ადასტურებს, რომ ნამდვილად მაქვს გადასახდელი ფული და გადავიხდი, მადროვეთო… რატის გამორთული აქვს ტელეფონი. კომპანიის წარმომადგენელი ვინც იყო, შალვა კაკუტაშვილი, იმან გვითხრა, მე რა შუაში ვარ, თავი დამანებეთო…“ – გვიყვება რემზი დიასამიძე.

სამუშაოების დაზარალებული შემსრულებლებიდან ორი ხარაულას საჯარო სკოლაში მუშაობს. რემზი დიასამიძე ფიზკულტურის მასწავლებელია და გაკვეთილებიდან თავისუფალ დღეებში მუშაობს მშენებლობაზე, ილია ტაკიძე კი – ბუღალტერი. მათი თქმით, ამ დრომდე ვერ გაიგეს, რეალურად რომელმა კომპანიამ შეასრულა მუნიციპალიტეტების დაკვეთა.

„თავიდან სხვა სახელი თქვეს, მერე ითქვა, ეს არაო… ბოლოს ქედის პოლიციაში გვითხრეს, რომ ტენდერი სამშენებლო კომპანია „თაღმა“ შეასრულაო…  პოლიციაში ასევე თქვეს, რომ სასამართლოს შეგვიძლია მივმართოთ, მაგრამ ამას კიდევ ცალკე ფული სჭირდება,“ – გვიყვება ილია ტაკიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ შემთხვევაზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა. „წინასაგამოძიებო მოქმედებები და საქმის შესწავლა მიმდინარეობს,“ – გვითხრეს შსს-ს პრესცენტრში.

დაზარალებულმა მშენებლებმა გვაჩვენეს ქედის პოლიციიდან 2017 წლის 10 მაისს მიღებული წერილიც.

„გამოკითხული იქნა სამშენებლო კომპანიის „თაღის“ წარმომადგენელი რატი მაისურაძე, რომელმაც გამოკითხვაში აღნიშნა, რომ ის ეტაპობრივად გადაიხდის თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოების საფასურს 3-4 თვის განმავლობაში და შესაბამისად, აღარ გექნებათ მის მიმართ რაიმე სახის პრეტენზიები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და შესაბამისად არ არსებობს ფაქტზე გამოძიების საფუძველი,“ – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ქედის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი არჩილ გორგილაძე აწერს ხელს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით კი, სამშენებელო კომპანია „თაღს“ არ ჰქონია რაიმე ტიპის მომსახურება ქედის ან შუახევის მუნიციპალიტეტებთან. შუახევის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ უჩამბაში ორი წლის წინ გზის დამცავი რამდენიმე კედელი ერთდროულად მოეწყო და არ აქვთ ინფორმაცია, კონკრეტულად რომელმა კომპანიამ არ გადაუხადა მშენებლებს ფული. აქვე განმარტეს, რომ მშენებლებს მათთვის არ მიუმართავთ.

„მერიის როლი მინიმალურია მსგავს საკითხებში,“ – ეს ქედის მერიის პრესცენტრიდან მოგვწერეს. ქედის მერიის პრესცენტრში საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ და მას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

ქედა, სოფელი ხარაულა
ქედა, სოფელი ხარაულა

 

ვენეციის ბიენალეზე ქართულ პავილიონს, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ანნა კ.ე. წარმოადგენს

ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე, რომელიც ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნა, ქართულ პავილიონს ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწე ქართველი ხელოვანი – ანნა კ.ე. თიბისი სტატუსის მხარდაჭერით წარმოადგენს.

პროექტზე – “Rearmirrorview, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…“ ავტორმა კურატორ მარგო ნორტონთან ერთად იმუშავა. პროექტი ბიენალეზე გალერეა “სიმონ სუბალისა” და Project Artbeat-ის ორგანიზატორობით წარდგა.

“Rearmirrorview, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…“-ის სტრუქტურის ზედაპირზე პოლირებული რკინისგან გაკეთებული, ონკანების მსგავსი სკულპტურული ობიექტები უსისტემოდაა განლაგებული, რომლებშიც წყალი განუწყვეტლივ ცირკულირებს. ანნა კ.ე. ამ ელემენტებით ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ სუბსტანციას უსვამს ხაზს – წყალი მუდმივობას, განწმენდასა და ენერგიას გულისხმობს. ვერცხლისფერი ონკანების იეროგლიფური ფორმები ქართული ანბანის – ასომთავრულის პროტოტიპებია.

ვენეციის ბიენალეს ისტორია მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულიდან იღებს სათავეს და 1895 წელს ქალაქ ვენეციის პირველი საერთაშორისო გამოფენის ორგანიზებას უკავშირდება, რომელიც საგანგებოდ ბიენალესთვის აგებულ პალაცო dell’Espisizion-ში გაიხსნა და 224000 ვიზიტორს უმასპინძლა.

წლევანდელი ბიენალე, რომლის კურატორიც რალფ რუგოფია, საერთო კონცეფციის ქვეშ გაერთიანდა – “გეცხოვროთ საინტერესო დროში” (May You Live in Interesting Times).

ვენეციის ბიენალე 2019 წლის 24 ნოემბრამდე გაგრძელდება.

უფასო ვიზიტის კვირა ბათუმის მუზეუმებში – იხილეთ ღონისძიებების რუკა

18 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით ბათუმში ყველა მუზეუმში ვიზიტი უფასო იქნება. 18 მაისს ჩატარდება პროექტი – „ღამე მუზეუმში“. ვიზიტორები თავად გახდებიან აქციის ფარგლებში ჩატარებული კულტურული აქტივობების მონაწილენი.  

დღეს, 13 მაისს, აჭარის მუზეუმი ერთვება პროექტში რეკონცეფცია ბუთქემფში (რომელიც მეწარმეობის ძირითადი პრინციპებისა და  სამეწარმეო უნარების  განვითარებას ითვალისწინებს). ეს აქტივობა 17 მაისამდე გაგრძელდება.

აჭარის მუზეუმის ინფორმაციით, შემდეგი აქტივობა იქნება RE-conception Bootcamp-ი, ეს არის ხუთდღიანი სემინარი, რომლის მიზანია სტუდენტების ჩართულობით შემუშავდეს სახელმწიფო მუზეუმების განვითარების გეგმა. „კერძოდ, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის, ბათუმის რელიგიის მუზეუმისა და გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის რეკონცეფციები.

ბუთქემფის ფარგლებში, მონაწილეები გადანაწილდებიან ჯგუფებში და იმუშავებენ იდეაზე, თუ როგორ შეიძლება მუზეუმი განვითარდეს, გახდეს ფინანსურად დამოუკიდებელი და გადაიქცეს მრავალფუნქციურ შემოქმედებით ცენტრად.

ბუთქემფის მიმდინარეობისას სტუდენტები მიიღებენ გამოცდილებას გუნდურ მუშაობაში, შეიძენენ პროექტის წერის უნარებს, გაიუმჯობესებენ ინგლისური ენის ცოდნის დონეს და გაეცნობიან სამუზეუმო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სიახლეებს“.

სემინარის ბოლოს გაიმართება შემუშავებული იდეებისა და პროექტების პრეზენტაცია საგანგებოდ შერჩეული ჟიურის წინაშე, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს.

ბუთქემფში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ Video Pitching-ში, რომელში გამარჯვებული გუნდიც მიიღებს 25 000 ფუნტს და გაემგზავრება ოქსფორდში.

დღეს, 13 მაისს, 16:00 საათზე, ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება საერთაშორისო ფესტივალის – ,,წელიწადის ოთხი დრო” – ფარგლებში ლატვიელ მხატვართა საპრეზენტაციო გამოფენა.

15 მაისს, 15:00 საათზე, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი დაგეგმილია შეხვედრა აჭარაში მოღვაწე ეთნოლოგებთან: ნოდარ კახიძესთან, ნუგზარ მგელაძესთან, თამაზ ფუტკარაძესა და ჯემალ ვარშალომიძესთან. წარმოდგენილი იქნება ფონდში დაცული ხის ნაკეთობანი, ბათუმის ნ. კანდელაკისა სახელობის სამხატვრო სკოლისა და სახელოსნო  „საჭრეთელის“ მოსწავლეთა ნამუშევრები. ასევე გაიმართება რეჟისორ სოსო სტურუას ეთნოგრაფიული დოკუმენტური ფილმების ჩვენება.

16 მაისს, 16:00 საათზე, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გაიხსნება გამოფენა – „ზღვა ყველაფერს აერთიანებს“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შავი ზღვის რეგიონის უძველესი რუკები და მსოფლიო არქივებში დაცული ცნობილი ბულგარელი კოლექციონერების რუკების სამეცნიერო კვლევის შედეგები. „გამოფენა წარმოაჩენს ბულგარეთის მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს კარტოგრაფიის ისტორიაში. აღნიშნული გამოფენა უკვე გაიმართა სოფიაში, ნიუ იორკსა და პარიზში“.

17 მაისს, 14:00 საათზე, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ასევე ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი არიან კამპანიაში „ძალა ევროპაშია”, აჭარის მუზეუმთან – ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმთან ერთად მართავს გამოფენას „ძველი ბათუმი და ევროპული ინვესტიციები”. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება XIX-XX საუკუნის მიჯნაზე ბათუმში განხორციელებულ ბიზნესაქტივობები, ძველ ბათუმში არსებული სასტუმროებისა და სამეწარმეო კომპანიების საარქივო მასალები.

გამოფენის მეორე ნაწილი მიეძღვნება ევროკავშირის მიერ აჭარაში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ინვესტიციებს სოფლის მეურნეობის დარგში.

18 მაისი – ,,ღამე მუზეუმში“.  ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი. ,,ერთი დღე ძველ ბათუმში“ 21:00-დან 01:00 საათამდე.
წარმოდგენილი იქნება მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქალაქური ყოფა.

ამავე დღეს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი შეგიძლიათ ნახოთ „არტეფაქტების მინაბაძების დამზადება კერამიკულ სახელოსნოში“. „ხალხური მეტალურგიის ტრადიციები აჭარაში“ – წარმოდგენილი იქნება  22:00 საათზე.

ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი იქნება XX ს. ქართული მხატვრობა. დასაწყისი: 20:00 საათზე. მოეწყობა მსოფლიო შედევრების რეპროდუქციული ბანერების გამოფენა თემაზე ,,ცეკვა მხატვრობაში“ და ,,ბავშვთა სახეები ხელოვნებაში“.  დასაწყისი: 20:00 საათზე;
გამოჩენილი ებრაელი სკულპტორის, ფრანკ მაისლერის მცირე პლასტიკის ნიმუშების გამოფენა. დასაწყისი: 20:00 საათზე.

20 მაისს  ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში წარმოდგენილი იქნება „ჩინური სახლი“. სტუმრები გაეცნობიან ჩაის კულტურის მოკლე ისტორიას, ჩაის სმასთან დაკავშირებულ რიტუალს. გამოიფინება ამ რიტუალთან დაკავშირებული ექსპონატები.

21 მაისს კი ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ბათუმელ მხატვართა ჯგუფური გამოფენა. დასაწყისი: 16:00 საათზე.

მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია ელექტრონულად იქნება შესაძლებელი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 20 მაისიდან მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე ან სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

 „ახალი სერვისი მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაციას უფრო მოქნილს ხდის – მოქალაქეები შეძლებენ თავად აირჩიონ რეგისტრაციის სასურველი ფორმა და წინასწარ, სახლიდან გაუსვლელად დაგეგმონ გამოცდის ადგილი, თარიღი და დრო.

ელექტრონული რეგისტრაციის მსურველი პირები შეძლებენ სააგენტოს ვებგვერდზე შეავსონ ელექტრონული განაცხადი, აირჩიონ სასურველი დრო და ქალაქი და გადაიხადონ სერვისის საფასური,“ – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინდარეგისტრირებული პირი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, თეორიულ გამოცდაზე მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეს. მოქალაქემ სააგენტოში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი [მოკლე ტექსტური შეტყობინება – SMS ან ელექტრონული ქვითარი].

მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე ელექტრონულად დარეგისტრირების გარდა, გამოცდაზე რეგისტრაცია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვისცენტრში იქნება შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე – 2 41 91 91

მცხეთაში, სოფელ ნატახტარში იყიდება რესტორანი

მცხეთაში, სოფელ ნატახტარში შუამავლის (მაკლერის) გარეშე იყიდება საჭირო ინვენტარით სრულად აღჭურვილი რესტორანი.

საკადასტო კოდი: 72.03.26.377

ფასი: შეთანხმებით

დაგვიკავშირდით: +995 577 721 133

ელ.ფოსტა: restaurantgalavani@gmail.com

 

„ალიანს სიტი“ „ლუჟკოვის სახლის“ დანგრევას იწყებს – ნებართვა მერიამ გასცა

კომპანია „ალიანს სიტი“ ბათუმის ცენტრში, ზღვის პირას, ე.წ. „ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟს იწყებს. ამ დროისთვის კომპანიას  მერიასთან ახალი პროექტი შეთანხმებული არ აქვს, აქვს მხოლოდ დამტკიცებული გენგეგმა, რომელიც სამომავლოდ გარკვეული პარამეტრების მშენებლობას უშვებს. ამ პარამეტრების მიხედვით, კომპანია „ლუჟკოვის სახლის“ ნაცვლად 50-სართულიან ცათამბჯენს ააშენებს. ერთ-ერთი ვერსიით, ლუჟკოვის სახლის ადგილზე შეიძლება ააშენონ არა ერთი, არამედ სამი ცათამბჯენი, რომლებსაც ერთი სივრცე გააერთიანებს.

ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის, მირიან მეტრეველის ინფორმაციით, მერიისთვის მთავარია, ლუჟკოვის სახლის ადგილზე მომზადდეს პროექტი, რომელიც მთელ სივრცეს არ ჩაკეტავს. კომპანიას მსგავსი ვერსიის რენდერიც ჰქონდა მერიაში წარდგენილი, თუმცა პროექტის საჯარო განხილვისას კომპანიის დირექტორმა აკაკი სონგულიამ განმარტა, რომ წარდგენილი რენდერის მიხედვით ახალ შენობას არ ააშენებდნენ და ამ ადგილზე ახალი შენობის პროექტის შექმნის მიზნით კომპანია კონკურსს გამოაცხადებდა.

„ალიანს სიტის“ პროექტი „ლუჟკოვის სახლის“ ადგილზე / რენდერი / წყარო: გრგ

უკვე დამტკიცებული გენგეგმის მიხედვით, კომპანია ითხოვდა მიწის ნაკვეთზე ზონის სტატუსის შეცვლას და კ2 კოეფიციენტის 15,0-მდე გაზრდას. მას მერიამ ამ ორივე მოთხოვნაზე თანხმობა უკვე მისცა. მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობი 18 000 კვადრატული მეტრია.

კომპანია „ალიანს სიტის“ ასივე პროცენტს „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გიორგი ბიწაძის მეუღლე მედეა ბოჭორიშვილი ფლობს.

კომპანია ალიანს სიტი „ლუჟკოვის სახლის“ დანგრევას და ახალი მშენებლობის წამოწყებას გეგმავს

მაღაზიათა ქსელი „ევრობრენდი“ ბათუმში 15 მაისს 70%-იანი ფასდაკლებით გაიხსნება

მაღაზიათა ქსელი „ევრობრენდი“ განაგრძობს ქსელის გაფართოებას და 15 მაისს რიგით მეხუთე ფილიალს ხსნის ბათუმში.

ბათუმში „ევრობრენდი“ განთავსდება 500 კვ/მ ფართობზე სავაჭრო ცენტრ „ბათუმი მოლში“(ზ. გორგილაძის 88). მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების 20-მდე ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ბრენდის პროდუქცია 70-პროცენტიანი ფასდაკლებით.

რო­გორც „ევრობრენდის“ წარმომადგენლები აცხა­დე­ბენ, ბათუმში ახა­ლი ობი­ექ­ტის გახ­სნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იყო კომ­პა­ნი­ის ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბის სტრა­ტე­გი­ის ფარ­გლებ­ში.

ამჟამად „ევრობრენდი“ 4 ფილიალით არის წარმოდგენილი თბილისში. ბათუმის ფილიალის გახსნით იწყება„ევრობრენდის“ გაფართოება რეგიონებში. უახლოეს მომავალში ყველა დიდ ქალაქში იქნება წარმოდგენილი „ევრობრენდის“ მაღაზიები, სადაც მომხმარებელს დახვდება საუკეთესო ფასები, ფართო და მუდმივად განახლებადი კოლექციები, მომსახურების მაღალი ხარისხი, რაც ყველას მისცემს საშუალებას შეიძინოს მათთვის საყვარელი და ცნობილი ბრენდის პროდუქცია უპრეცედენტო დაბალ ფასად – 70-პროცენტიანი ფასდაკლებით.


კომპანია „ევრობრენდი“ 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ბოლო წლების გამავლობაში მუდმივად ახორციელებს ინვესტიციებს ქსელის გაფართოების და მომსახურების ინოვაციურობისა და სრულყოფის მიზნით. „ევრობრენდის“ მაღაზიები ათასობით კვადრატულ მეტრ ფართობზეა განლაგებული, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა ასამდე ადამიანს აღემატება.

სარაგბო კლუბი ბათუმი საქართველოს ჩემპიონია

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა. დიდი ათის ფინალში ბათუმის “ბათუმმა” რუსთავის “ხარები”  ანგარიშით 36:11 დაამარცხა და დიდი 10-ის გამარჯვებული გახდა.

პირველი ლელო სიჭინავამ 27-ე წუთზე დადო. ამ დროისთვის ანგარიში უკვე 19:6 იყო. მეორე ლელო ზურა ერისთავმა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე დადო და საკუთარ გუნდს 5 ქულა მოუტანა. ანგარიში 24:6 გახდა.

მესამოცე წუთზე რუსთავის ხარებმა პირველი ლელოს დადება შეძლეს. ლექსო მელიქიშვილის ლელოს შემდეგ ანგარიში 24:11 გახდა.

თამაშის 63-ე წუთზე ნიკა ნინიძის ლელოთი ბათუმელების უპირატესობა გაიზარდა  და ანგარიში 31:11 გახდა.

თამაშის მიწურულს ანზორ სიჭინავამ დუბლი შეასრულა და თავისი მეორე ლელო დადო. ანგარიში 36:11 გახდა. საბოლოოდ ტაბლოზე სწორედ ეს ანგარიში დაფიქსირდა. თავის ისტორიაში  „ბათუმი“ მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.  პირველად საქართველოს ჩემპიონის ტიტული გუნდმა 1999 წელს მოიპოვა, მეორედ კი – 2002 წელს.

რაც შეეხება „ხარებს“, გუნდს საქართველოს ჩემპიონის ტიტული ერთხელ, 1993 წელს ჰქონდა.

„კარგი გუნდია ბათუმი და იმიტომ დავმარცხდით. ყველაფერში გვაჯობეს და იმსახურებდნენ ჩემპიონობას. 25 წლის წინ ვიყავით ბოლოს ფინალში. მინდა, რომ ჩემს გუნდსაც მივულოცო მეორე ადგილი და მადლობა გადავუხადო მაყურებელს, რომელიც რუსთავიდან ჩამოვიდა,“ – განაცხადა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე „ხარების“ კაპიტანმა გიორგი ბასილაიამ.

„მადლობას ვუხდი რუსთავის გუნდს, ღირსეული მეტოქე იყო და ძალიან გაგვიჭირდა მოგება. რაც შეეხება ჩემს გუნდს, ორი წელია ეს გუნდი შენდება. შარშან ვერ მოვახერხეთ, ორ ფრონტზე ვიბრძოდით. წელს რამდენიმე ისეთი ბიჭიც დაგვემატა, უფრო გრძელი სკამი გვქონდა, ასე რომ ვთქვათ, და დიდმა მუშაობამ და შრომამ შედეგი გამოიღო. ჩვენი მიზანი იყო ჩემპიონობა და ასე მოვედით დღემდე“, – თქვა მატჩის შემდეგ ინტერვიუში „ბათუმის“ კაპიტანმა ბექა ურჯუკაშვილმა.

ფოტო: თედო ჯორბენაძე
ფოტო: გიორგი ვარშანიძე

 

 

ავარია ბათუმში – შეჯახების შედეგად ავტომობილი ამოტრიალდა

ბათუმში, მელიქიშვილისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი ამოყირავდა. ადგილზე მისული იყო სასწრაფო დახმარების სამსახური და საპატრულო პოლიცია. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

„ბათუმი“ VS „ხარები“ – საქართველოს ჩემპიონატის დიდი ფინალი ბათუმში

დღეს,  18:00 საათზე, ბათუმის რაგბი არენაზე 2019 წლის საქართველოს ჩემპიონატის ფინალური თამაში გაიმართება რაგბიში. დიდი 10-ის ფინალში ერთმანეთს ბათუმის სარაგბო კლუბი „ბათუმი“ და რუსთავის „ხარები” დაუპირისპირდებიან . ამ დროისთვის [17:30] სტადიონზე ტრიბუნები თითქმის შევსებულია. გულშემატკივრები რაგბი არენაზე თავიანთი კლუბების საქომაგოდ მივიდნენ.

ბოლო შესარჩევი შეხვედრა „ბათუმსა“ და „ხარებს“  შორის 20 აპრილს გაიმართა. ბათუმურმა კლუბმა „ხარები“ ანგარიშით 32:10 დაამარცხა. 5 მაისს “ხარები” მარნეულის “არმაზს” შეხვდა და შეხვედრა მოიგო. ამ მოგებით ბოლო 25 წლის მანძილზე პირველად “ხარებმა” საქართველოს ჩემპიონატის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

გულშემატკივრები თამაშის დაწყებას ელოდებიან. ფოტო: თედო ჯორბენაძე/ბათუმელები
რუსთავის “ხარები” თამაშისთვის ემზადება. ფოტო: თედო ჯორბენაძე/ბათუმელები
ბათუმის “ბათუმი” თამაშისთვის ემზადება. ფოტო: თედო ჯორბენაძე/ბათუმელები

სახიფათო ადგილები ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე [ფოტო]

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი რამდენიმე ადგილზე იმდენადაა დაზიანებული, რომ საფრთხეს უქმნის როგორც ქვეითებს, ასევე ავტომანქანების მოძრაობას. ამ ადგილებში, სავარაუდოდ, ადიდებული მდინარე აჭარისწყლის მიერ გამორეცხილია ფერდობი, დაზიანებულია სპეციალური რკინის მოაჯირები, მდინარის კალაპოტი კი თითქმის გზის [ასფალტის საფარის] ზოლიდან იწყება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის გზის მოვლა-შენახვაზე ხელშეკრულება [სხვადასხვა მონაკვეთზე – ანგისიდან ხულომდე] ორ უცხოურ კომპანიასთან არის გაფორმებული. „ბათუმელებმა“ ამ კომპანიებთან დაკავშირება ვერ შეძლო. ქედის მერიაში კი გზის მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელ კომპანიად „ზიმო 7“ დაგვისახელეს.

„როცა ქვა-ღორღი ჩამოიყრება გზაზე ან სხვა შეფერხებაა, ჩვენ „ზიმო 7“-ის წარმომადგენელს ვუკავშირდებით და წმენდენ. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზის უმეტესი მონაკვეთი მოასფალტებულია, გარკვეულ მონაკვეთზე კი ორმული სამუშაოები ჩაატარეს. დასაგებია ასფალტი, მოსახლეობაც შეწუხებულია, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ტენდერი უნდა გამოაცხადოს საქართველოს გზების დეპარტამენტმა. ამ შემთხვევაში, მდინარის მიერ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენაზე კი, კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს“, – გვითხრეს ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურში.

„ზიმო 7“-ის წარმომადგენლის თქმით, გზის აღნიშნულ მონაკვეთს ზედამხედველობს ხორვატიული კომპანიაც და „ზიმო 7“-იც.

„ჩვენ ხელშეკრულება გზის მოვლა-შენახვაზე გაფორმებული გვაქვს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან. ამ ხელშეკრულებაში მდინარის კალაპოტის გასწვრივ გზის ჩაწყვეტილი ადგილების აღდგენა არ შედის. ყველა ასეთი ადგილი დასურათებულია და გადაგზავნილია გზების დეპარტამენტში. ალბათ ჩამოვლენ დეპარტამენტის საპროექტოდან სპეციალისტები და შეადგენენ პროექტს, რომლის მიხედვითაც ამ ადგილების აღდგენა-გამაგრებაზე დეპარტამენტი, ალბათ, ტენდერს გამოაცხადებს. სამუშაოებს კი, ტენდერში გამარჯვებული შეასრულებს. ასეთი სამუშაო [გზის გამაგრება მდინარის გასწვრივ – ავტ.] გზის ამ მონაკვეთში კარგა ხანია არ ჩატარებულა“, – გვითხრეს „ზიმო 7“-ში.

ბათუმი-ახალციხის გზის დაზიანებული მონაკვეთები ქედის ტერიტორიაზე:

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი /ქედის მუნიციპალიტეტი / 10.05.2019
ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი /ქედის მუნიციპალიტეტი / 10.05.2019
ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი /ქედის მუნიციპალიტეტი / 10.05.2019
ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი /ქედის მუნიციპალიტეტი / 10.05.2019

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში – უახლოესი დღეების პროგნოზი აჭარაში

დღეს, 12 მაისის 21:00 საათიდან, 13 მაისის 21:00 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა-ჭექა. დღისით კი – უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში ღამით – 10-15 გრადუსი, დღისით 20-25 გრადუსი სითბო;
მთიან რაიონებში – ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 15-20 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:
სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ, ღამით – ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა. დღისით უმეტესად – უნალექოდ. ხილვადობა – კარგი. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ [2-3 ბალი]. ზღვის წყლის ტემპერატურა: +17,5 გრადუსი. ატმოსფერული წნევა: 762 მმ ვწყ.სვ.

14, 15 და 16 მაისს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

აჭარაში ბოლო 5 წელში 3972 კუბური მეტრი ხე მოიჭრა სხვადასხვა პროექტის გამო

აჭარაში გზების, ჰესების, ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისთვის და სხვა სპეციალური დანიშნულებით 2015-2019 [იანვარ-მარტში] ჯამში 3972 კუბური მეტრი ხე მოიჭრა. მათ შორის წითელ ნუსხაში შეტანილი ხე-მცენარეებიც. სპეციალური დანიშნულებით ხეებს ჭრიან როგორც კერძო, ისე სახელმწიფო კომპანიები და საჯარო უწყებები.

იმ კომპანიების პირველი ოთხეული, რომლებმაც ბოლო ოთხ წელში სპეციალური ჭრებით ყველაზე მეტი ხე მოჭრა

წყარო: აჭარის სატყეო სააგენტო / ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2015-2019 [აპრილამდე] წლებში, აჭარაში სპეცჭრებით მოჭრილი 3972 კუბ/მეტრი ხე-ტყიდან აუქციონის გარეშე, აჭარის მთავრობის განკარგულების საფუძველზე გაცემული იქნა 2407 კუბ/მეტრი. აქედან ბიუჯეტში გადახდილი იქნა ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი 104 695 ლარი.

აუქციონზე  მხოლოდ 727 კუბ/მეტრი ხე-ტყე გაიყიდა, საიდანაც ბიუჯეტში გადახდილი იქნა მომსახურების მოსაკრებელი – 2181 ლარი და ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი I კატეგორია 37 937 ლარი.

სპეცჭრები აჭარაში 2015-2019 [იანვარი-მარტი] წლებში / წყარო: აჭარის სატყეო სააგენტო
საქართველოს კანონმდებლობით სპეციალური ჭრა ხორციელდება აუცილებლობის შემთხვევაში, სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნის განსახორციელებლად, აგრეთვე მოსახლეობის საწვავი შეშით უზრუნველსაყოფად.

სპეციალური დანიშნულებით ტყით სარგებლობისას სპეციალური ჭრა შესაძლოა განხორციელდეს ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობის და ელექტროგადამცემი ხაზების, ასევე არხების მშენებლობისას; კარიერების დამუშავებისა და ტორფის (სხვა წიაღისეულის) ამოღებისას; სხვადასხვა დანიშნულების აუცილებელი ზოლებისა და ხაზების გაჭრისას; ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნის მოწყობისას; ხანძარსაწინააღმდეგო, სატყეო-სამელიორაციო და სხვა ღონისძიებების ჩატარებისას.

აჭარის ტერიტორიაზე, 2013 წლიდან 2019 წლის აპრილამდე პერიოდში, ოფიციალურად გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო ჭრის 1 170 შემთხვევა. უკანონო ჭრების შედეგად მოიჭრა 9 302 კუბური მეტრი ხე-ტყე. სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზიანმა კი 1 მილიონ 18 ათას 480 ლარი შეადგინა. აქედან, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში რეგიონში უკანონო ჭრის 11 შემთხვევა გამოვლინდა – მოჭრილია 49 კუბ/მეტრი ხე-ტყე, ზიანი – 8 079 ლარი. ეს არის ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც „ბათუმელებს“ აჭარის სატყეო სააგენტომ მოგვაწოდა.

აჭარაში სხვადასხვა პროექტის განხორციელების გამო იჭრება იმ სახეობის ხეებიც, რომლებიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. თუმცა ამ სახეობის ხეების მოჭრაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

ამ თემაზე:

„წითელი წიგნის“ მცენარეები შეშად

შსს: ბათუმში დააკავეს პირი, რომელსაც ნარკოტიკებს სამალავებში ათავსებდა და ინტერნეტით ჰყიდდა

შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციის,ბრალდებული ბათუმში, სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე, სამალავებში ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდა და აღნიშნული სამალავების მისამართებს ნარკოტიკების შეძენის მსურველ პირებს ატყობინებდა, რაშიც თანხას დისტანციური არხებით იღებდა.

კადრი შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან

პოლიციამ, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 34 შეკვრად დაფასოებული სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება, 326 აშშ დოლარი, მწებავი ლენტები და მცირე ზომის 2 სასწორი ამოიღეს.

შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, ნ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ბათუმში, ათეულობით მისამართიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, რომლებზეც შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული.

კადრი შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ბათუმის დინამომ თბილისის დინამოს მოუგო ანგარიშით 3:2

დღეს, 11 მაისს, ბათუმში, ანგისის სტადიონზე გამართულ მატჩში 5 გოლი გავიდა. ხუთივე გოლი ბათუმის დინამოს ფეხბურთელებმა გაიტანეს. სამი სტუმრის კარში, ორიც კი საკუთარში. თამაშის დასასრულს ტაბლოზე 3:2 ანგარიში დაფიქსირდა.

თამაშის დაწყებიდან 22-ე წუთზე თბილისის “დინამოს” ფეხბურთელმა თამაშის წესები დაარღვია, რის შემდეგაც თბილისის დინამოს კარში პენალტი დაინიშნა. პენალტი ბათუმის “დინამოს” კაპიტანმა ვაკო თევდორაძემ შეასრულა და მატჩის დაწყებიდან 23-ე წუთზე ანგარიში 1:0 გახდა ბათუმელთა სასარგებლოდ.

მეორე გოლი მალევე, 35-ე წუთზე, ლაშა ჩალაძემ გაიტანა და ბათუმის დინამომ ორ ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. ეს ჩალაძისთვის პირველი გოლი იყო რომელიც ბათუმის დინამოს შემადგენლობაში გაიტანა.

მატჩის მიმდინარეობისას მეორმოცე წუთზე სტადიონზე მოულოდნელად სარწყავი სისტემა ჩაირთო, თუმცა ხარვეზი მალევე აღმოიფხვრა. პირველი ტაიმი ბათუმელთა უპირეტესობით 2:0 დასრულდა.

ბათუმის დინამო VS თბილისის დინამო
ფოტო: გიორგი ვარშანიძე
მატჩი ანგისის საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარეობდა. მოედნის სიმცირის გამო გულშემატკივარი თამაშს ღობის გარედან უყურებდა ფოტო: გიორგი ვარშანიძე

მეორე ტაიმის დასაწყისშივე, არბიტრმა თბილისის დინამოს კარში მეორე პენალტი დანიშნა. თუმცა მოგვიანებით პენალტი გაუქმდა და თამაში ჩვეულებრივ გაგრძელდა. თამაშის 74-ე წუთზე ბათუმის დინამოს ფეხბურთელმა საკუთარ კარში ავტოგოლი გაიტანა და ანგარიში 2:1 გახდა. 85-ე წუთზე ბათუმის დინამოს კარში მეორე ავტოგოლი გავიდა.

დამატებით დროში, თორნიკე გაფრინდაშვილმა მატჩის ბედი გადაწყვიტა. მის მიერ გატანილი გოლით ბათუმის დინამომ მოგება შეძლო.

ფოტო: გიორგი ვარშანიძე
ფოტო: გიორგი ვარშანიძე

 

 

ბათუმის „დინამო“ თბილისის დინამოს ხვდება – სტადიონი სავსეა

დღეს, 11 მაისს, 21:00 საათზე ბათუმში, ანგისის სტადიონზე „დინამო“ ბათუმი თბილისის „დინამოს“ ხვდება. მატჩამდე ერთი საათია დარჩენილი, ტრიბუნები კი გულშემატკივრებით  სავსეა.

ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „დინამო“ ბათუმს 22 ქულა აქვს და ლიდერ „საბურთალოს“ ორი ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება თბილისის „დინამოს“, იგი მესამე ადგილზეა, 20 ქულა აქვს და „ბათუმის დინამოს“ ორი ქულით ჩამორჩება.

გუშინ, 10 მაისს,  პირველ ადგილოსანმა “საბურთალომ” დათმო საკუთარი მატჩი “რუსთავთან”, რამაც შანსი მისცა ბათუმის “დინამოს” – ბათუმური კლუბი თუ დღეს გაიმარჯვებს, ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზე აინაცვლებს.

მიმდინარე ეროვნული ლიგის გათამაშებაში „ბათუმის დინამოს“ შვიდი მოგება, ერთი ფრე და სამი წაგება აქვს.

გულშემატკივრები მატჩის დაწყებამდე
ფოტო: გიორგი ვარშანიძე
ის გულშემატკივრები, რომლებიც სტადიონზე ვერ მოხვდნენ, თამაში ნახვას მოედნის გარედან აპირებენ                                     ფოტო: გიორგი ვარშანიძე
მატჩის წინ ფოტო: გიორგი ვარშანიძე
მატჩამდე ერთი საათია დარჩენილი, ტრიბუნები კი გულშემატკივრებით უკვე სავსეა ფოტო: გიორგი ვარშანიძე

საფრანგეთში მიმავალ მგზავრებს ქართულ აეროპორტებში ფრანგი მესაზღვრეებიც შეამოწმებენ

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტოფ კასტანერის საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქართულ აეროპორტებში და ქართველებთან ერთად, უკვე საფრანგეთის საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებიც იდგებიან და ისინიც შეამოწმებენ საფრანგეთისკენ მიმავალ მგზავრთა ნაკადს.

საქართველოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, „უვიზო მიმოსვლა საქართველოს ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი მიღწევაა. შესაბამისად, მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს კოლეგებს, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის ამ მიღწევის შენარჩუნება და, რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში ეს მიღწევა არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა მოითხოვს ჩვენი მხრიდან გარკვეული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები როგორც საფრანგეთიდან იქნებიან საქართველოში წარმოდგენილები, ასევე ქართული საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან წარდგენილი პარიზში, საფრანგეთში, მათ შორის ლიონში და სხვა ქალაქებში, სადაც იქნება პირდაპირი ფრენები, იმისთვის, რომ ჩვენ წინასწარ მოვახერხოთ იმ რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება არსებობდეს შემდგომ თავშესაფრის მოთხოვნის კონტექსტში. ძირითადად ეს არის პრევენციაზე მუშაობა“.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს ითქვა იმაზეც, რომ საქართველო თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის მიხედვით საფრანგეთში უკვე პირველ ადგილზეა, რაც ანომალიაა. ქვეყნის შს მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, „ჩვენ სრული პასუხისმგებლობით აღვიქვამთ ჩვენი ევროპელი კოლეგების კითხვებს ამ მიმართებაში, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი მუშაობით ამ მონაცემებს შევამცირებთ.

გიორგი გახარიამ ამის შესახებ გუშინ, 10 მაისს, ისაუბრა.

ამავე თემაზე:

საფრანგეთში ქართველების დანაშაულებზე საქართველოს 2 ოფიცერი იმუშავებს – გახარია

 

„პრობლემა აღმოიფხვრა“- საქართველოს ელჩი თურქეთში დოლისყანის ტაძრის შესახებ

მეათე საუკუნის ცნობილი ქართულ ტაძართან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ „პრობლემა აღმოიფხვრა“.

“უკვე მიიღეს ზომები და არ დაუშვებენ დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობას. ასევე შედგა კომუნიკაცია სოფლის რწმუნებულთან, რომელმაც დაადასტურა, რომ სამუშაოები უკვე შეწყვეტილია,” – ამბობს გიორგი ჯანჯღავა “ბათუმელებთან”.

ელჩის თქმით, სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელებისთანავე, გუშინ [10 მაისს], გვიან საღამოს დაუკავშირდა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმების გენერალური დირექტორის მოადგილესა და რესტავრაციის სამმართველოს უფროსს.

“თურქული მხარის თქმით, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას დოლისყანის ტაძარში საპირფარეშოს მშენებლობის შესახებ და ასევე, არ გააჩნიათ მსგავსი პროექტი. თუმცა, შეგვპირდნენ, რომ აუცილებლად გამოიკვლევდნენ ამ საკითხს. ასევე, მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ადგილი აქვს ადგილზე თვითნებურ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში, თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ დაუშვებენ მსგავს მშენებლობას.

ზემოაღნიშნულმა პირებმა დაავალეს ართვინის კულტურის სამსახურის უფროსს, ადგილზე თანამშრომლების მივლინება და საკითხის შესწავლა. ახლახან დაგვიკავშირდა რესტავრაციის სამმართველოს უფროსი, რომელმაც გვაცნობა, რომ ადგილობრივების მხრიდან მოხდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, რის შესახებაც კულტურის სამინისტრო ინფორმირებული არ იყო,” – ამბობს გიორგი ჯანჯღავა.

„დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება!“ – ამ სათაურით ფოტოები ფეისბუქში 10 მაისს ბუბა კუდავამ გაავრცელა.

“კარიბჭეში უკვე ამოთხრილია ორმოები, რომლებიც რკინის ცხაურითაა დაფარული (ზედ ქვები აყრია). ჩალაგებულია მილები, ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა და დღე-დღეზე ალბათ ბეტონსაც დაასხამენ,” – წერდა ბუბა კუდავა.

მთავარი ფოტო: დოლისყანის ეკლესია, საქართველოს ძეგლები https://www.dzeglebi.ge

სიკვდილი გზაში – როგორ ისჯებიან მძღოლები ავარიების შემდეგ

ჯარიმა და პირობითი მსჯავრი – ეს შედეგი დგება ყველაზე ხშირად, როცა მძღოლები ადამიანებს ქუჩაში სხვადასხვა ტრანსპორტით ეჯახებიან. ჯარიმას ხშირად იყენებენ მაშინაც, როცა ავარიის შედეგად ადამიანი კვდება.

ავტოსაგზაო შემთხვევების შემდეგ გამოძიება ძირითადად სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად იწყება, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

„ბათუმელებმა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გამოითხოვა ამ მუხლით განხილული ყველა საქმე. სასამართლოდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2017 და 2018 წლებში ბათუმის საქალაქო სასამართლოს სულ 163 საქმე განუხილავს ავტოსაგზაო შემთხვევებზე სისხლის სამართლის წესით. არცერთ შემთხვევაში გამამართლებელი განაჩენი არ დამდგარა.

„ბათუმელები“ იმ 163 განაჩენს გაეცნო, რომლებიც ბათუმის საქალაქო სასამართლოდან მიიღო. ამ ინფორმაციის მიხედვით, ჯარიმა, როგორც სასჯელის ფორმა, 124 შემთხვევაში გამოიყენა სასამართლომ, საპროცესო შეთანხმება პროკურატურასთან 69 შემთხვევაში შედგა, რაც იმას გულისხმობს, რომ შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა კონკრეტულ მსჯავრდებულებს პირობით გამოსაცდელი ვადით ჩაეთვალათ და ისინი არცერთი დღე პატიმრობაში არ ყოფილან. სასამართლო ასევე ხშირად იყენებს სასჯელის ფორმად მართვის მოწმობის უფლების კონკრეტული ვადით შეჩერებას.

განაჩენებში რთული არაა იპოვო საქმეები, როცა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანა ქვეითს დაეჯახა, ადამიანი მოკვდა და მძღოლთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა პროკურატურამ. მსგავს შემთხვევებში, ძირითადად, 3 ან 4 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიან ბრალდებულებს, რომლებიც ბრალს აღიარებენ. მათ ამ სასჯელის მოხდა პირობით გამოსაცდელი ვადით ეთვლებათ, ანუ ისინი რეალურ პატიმრობაში არ არიან და არც ყოფილან იმ გამონაკლისების გარდა, როცა ბრალდებულები შემთხვევის შემდეგ დააკავეს და გირაოს შეფარდებამდე რამდენიმე დღით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

ამ ტიპის საქმეებშიც საპროცესო შეთანხმება ძირითადად ითვალისწინებს ჯარიმებს, რაც 3 ათასიდან 5 ათას ლარამდე მერყეობს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოდან მიღებული საქმეებიდან ჩანს, რომ საპროცესო შეთანხმება პროკურატურასთან რომც არ გაფორმდეს, ხშირად თავად სასამართლოც საკუთარი ინიციატივით, ძირითადად, ჯარიმით სჯის ადამიანს, რომელიც ავარიას ახდენს და ეს შემთხვევა სიცოცხლის მოსპობით სრულდება.

საქმეების მიხედვით, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში მოხვდა ადამიანი ციხეში ავარიის გამო, რომელმაც ადამიანის  სიკვდილი გამოიწვია.

ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბრალდებულს. 5 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს კიდევ ერთ პირს, რომელმაც ავარიის შემდეგ მომაკვდავი ქუჩაში მიატოვა. რეალურად დაისაჯა, ანუ პატიმრობაშია ლ.ფ.-ც, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩაზე დაეჯახა ახალგაზრდა გოგოს და იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ავარიის შედეგად ადამიანი გარდაიცვალა და საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა კიდევ ერთ შემთხვევაზე – მსუბუქი ავტომანქანა კლინიკა „მედინასთან“ დაეჯახა ქვეითად მოსიარულეს. ავტომანქანის მძღოლის თურქეთის მოქალაქე იყო. მას სასამართლომ 5 წლით და 9 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა, თუმცა ავარიის დღესვე ბრალდებულმა საქართველოს საზღვრები დატოვა და მიიმალა.

სასამართლოდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსაც, რომლებმაც ავარიები გამოიწვიეს. მაგალითად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პოლიციელს მხოლოდ 2 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა სასამართლომ. მეორე შემთხვევაში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დაჯახებია ქვეითად მოსიარულეს, რომელიც ავარიის შედეგად გარდაიცვალა. ამ სამართალდამცველსაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმა პროკურატურამ და მხოლოდ 2 წლით დაეკისრა თავისუფლების აღკვეთა, რაც მას ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელი ვადით.

სასამართლოდან მიღებული საქმეების მიხედვით, კიდევ ერთი ავარია უმცროსმა სერჟანტმა მოახდინა, თუმცა ამ შემთხვევაში დაზარალებული მხოლოდ დაშავდა. ამ სამართალდამცველს თავისუფლების აღკვეთა ორი წლით მიუსაჯეს, რაც ასევე პირობით ჩაეთვალა.

სიკვდილი გზაში

 

 

 

 

 

 

სამთავრობო კომისიამ „ოცნების ქალაქში“ 1551 ოჯახი დაარეგისტრირა

სამთავრობო კომისია „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების რეგისტრაციას აგრძელებს. კომისიის თავმჯდომარის რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის „ოცნების ქალაქში“ 1551 ოჯახია დარეგისტრირებული. სამთავრობო კომისიას დასახლებაში სულ 1 727 ჯიხური აქვს აღრიცხული.

კომისიას ჯერჯერობით არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია დარეგისტრირებული ოჯახებიდან ზუსტად რამდენს აქვს საკუთრება, თუმცა იციან, რომ რეგისტრაცია ასეთმა ოჯახებმაც გაიარეს.

რამაზ ჯინჭარაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ალტერნატიული საცხოვრებელი აქვს, მთავრობა ბინას არ მისცემს: „ უნდა მიხვდეს ასეთი ოჯახი და თავისით წავიდეს, ასეთ მოქალაქეებს პასუხს ოფიციალურად წერილობით გავუგზავნით.“

აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებისთვის ბინების მშენებლობას გეგმავს. გამოცხადდა ტენდერი და პირველი მრავალბინიანი სახლის ასაშენებლად გამარჯვებულიც გამოვლინდა.

ე.წ. „ოცნების ქალაქი“ ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა. ყოფილი 25-ე და 53-ე სამხედრო ბატალიონების ბაზების ტერიტორიაზე ოჯახებმა, რომელთა ნაწილი აცხადებდა, რომ ეკომიგრანტები იყვნენ ან არ გააჩნდათ საცხოვრებელი, ხის ფიცრულები ააგეს და დასახლდნენ, თუმცა, თანდათან ხის ნაგებობებს კაპიტალური შენობები ჩაენაცვლა.

ტერიტორია, სადაც „ოცნების ქალაქია“ გაშენებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების რეგისტრაცია 2019 წლის 9 თებერვალს დაიწყო.

ამავე თემაზე:

კომისია: ოცნების ქალაქში რეგისტრირებული ოჯახების ნაწილს აღმოაჩნდა საკუთრება

 

ევროკავშირის ელჩის გამოწვევა საქართველოს მთავრობას

„ეს არის 10 ლარი იმ ადამიანისთვის, ვინც მე პლასტიკის პარკით დამინახავს“, – ამბობს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ვიდეორგოლში, რომელიც ნარჩენების შემცირებას შეეხება.

„გარემოს ქმნი შენ“ – კამპანიის ფარგლებში მომზადებულ  ერთწუთიან ვიდეორგოლში კარლ ჰარცელი საუბრობს თითოეული ადამიანის წვლილზე, გარემოს დაცვაში და ნარჩენების შემცირების საქმეში.

„ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ საკუთარი წვლილი გარემოს დაცვაში. მაგალითად, როდესაც საყიდლებზე მივდივარ საკუთარი ჩანთა მიმაქვს იმისათვის, რომ პლასტიკის ნარჩენები შევამცირო“, -ამბობს ელჩი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ სურსათის შეძენისას მარკეტებში ვატაროთ ნაჭრის ჩანთები, რაც ხელს შეუწყობს პოლიეთილენის პარკების გამოყენების შემცირებას.

კარლ ჰარცელი ამ კამპანიაში საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, „რომ გაგვიზიარონ საკუთარი გამოცდილება ნარჩენების შემცირებაში“, – ამბობს ელჩი.

კვლევების მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად 900 000 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი წარმოიქმნება.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

როდის მიეწოდება ბუნებრივი აირი ბათუმის ნაწილს

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩასა და ბათუმზე შემოერთებულ ხელვაჩაურის ნაწილს, ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ მიეწოდება. როგორც „ბათუმელებს“ კომპანია „სოკარში“ უთხრეს, საღამოს 5:00 საათისთვის ყველა აბონნეტი ჩართული იქნება. „ბათუმზე შემოერთებული ხელვაჩაურის ნაწილს და ხიმშიშვილის ქუჩასაც, დღის ბოლომდე ექნება ბუნებრივი აირი, ახლა მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და როცა მოსახლეობა რუპორებით გაფრთხილდება, შემდეგ შეუძლიათ ჩართონ გაზი“-გვეუბნებიან „სოკარში“.

ბათუმს ბუნებრივი აირის მიწოდება 5 მაისს შეუწყდა, გაზის შეწყვეტის მიზეზი, როგორც კომპანიაში განაცხადეს, ცენტრალური მილსადენის დაზიანება იყო, რომელიც რეფერალურ კლინიკასთან ახლოს, ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ნიადაგის ბურღვის დროს დააზიანა.

ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყო. ამ დროისთვის ქალაქის დიდ ნაწილს ბუნებრივი აირი მიეწოდება, თუმცა, გარკვეულ ქუჩებზე გაზი ჯერ კიდევ არ აქვთ.

ანზორ ბოლქვაძე: მე ქალისთვის არ მომითხოვია სასტუმროს დატოვება, ბიჭს მოვთხოვე

„მე იმ ქალისთვის [ხათუნა ბერიძე] არ მომითხოვია სასტუმროს დატოვება, ბიჭს მოვთხოვე,“ – ამბობს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე. საუბარია „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის მიერ 7 მაისს გავრცელებულ ვიდეოზე. კადრში ჩანს დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, რომელიც დაჟინებით სთხოვს სტუმარს დატოვოს სასტუმრო „ხულო“. დეპუტატი კადრში ამბობს, რომ ეს სასტუმრო ხულოში მისი საკუთრებაა და მას აქვს ამის (სტუმრის გაძევების) უფლება.

ანზორ ბოლქვაძის თქმით, მან სასტუმროს დატოვება იმ ბიჭს მოსთხოვა, ვისი ვინაობაც არ იცის, მაგრამ მას ამ ინციდენტამდე სასტუმროს საკონფერენციო ოთახის ფანჯარაზე „ფეხები ჰქონდა შემოწყობილი“. დეპუტატი ირწმუნება, რომ მის საწინააღმდეგოდ და პირადი შეურაცხყოფისთვის მორიგ კლიპს მისსავე სასტუმროში იღებდნენ.

„სასტუმრო მე არავისზე დამიტოვინებია. მე მოვთხოვე იმას დატოვება, ვინც არ ცხოვრობდა სასტუმროში. ვუთხარი, გადი, მოშორდი აქაურობას-მეთქი. ის ბიჭი არ იყო არსად გაფორმებული,“ – გვიყვება ანზორ ბოლქვაძე.

დეპუტატმა გვისაყვედურა ჟურნალისტებს, თუ რატომ არ დავინტერესდით რეალური დაპირისპირებით, რომელიც დაახლოებით სამი თვის წინ „ნაცმოძრაობის“ წევრებსა და ანზორ ბოლქვაძეს შორის დაწყებულა.

„…რა ვერ გაიგეთ, იყო ეს გვერდები ფეისბუქში გამოქვეყნებული, სამი თვეა ამას აფრიალებდნენ… როცა მე დედას, ცოლს მაგინებდნენ, რატომ ერთმა ჟურნალისტმა არ დასვით შეკითხვა. ახლა წაშალეს ეს მასალები, ხალვაშს ჰქონდა გამოქვეყნებული, ადრე  საპატრულოში რომ მუშაობდა. ამბობდნენ, რომ თითქოს მე ხულოელებისთვის საძულველი პიროვნება ვიყავი“, – ამბობს ანზორ ბოლქვაძე.

სასტუმრო „ხულო“, სადაც 7 მაისს ინციდენტი მოხდა, ოფიციალურად ანზორ ბოლქვაძის ცოლის ბიზნესია. ინციდენტამდე ანზორ ბოლქვაძეს სასტუმროს მისაღებში „ნაცმოძრაობის“ წევრი გია ხალვაში დაუნახავს. დეპუტატს უთხრეს, რომ მისი პოლიტიკური ოპონენტები კლიპს იღებდნენ.

„იღებენ, გადაიღონ-მეთქი, სასტუმროს ნომრიდანაც „ოცნების“ შტაბს იღებდა ის გოგო მთელი დღე, მე მაგის გვარიც არ ვიცი… ვისაც სურვილი აქვს შტაბი გადაიღოს, ჩვენ ვუშვებთ სასტუმროში, პრობლემა არ არის, მაგრამ ასე დამალულად რომ აკეთებენ, ეს არის… სასტუმროში მოსვლამდე ესენი სოფელ ვაშლოვანში ყოფილან, აბულაძის ოჯახში. მერე დავადგინე მე ეს,“ – აღნიშნავს დეპუტატი.

კანონმდებელმა ვერ გვითხრა, რატომ ჰქონდა მას უფლება შესულიყო სხვა მოქალაქესთან სასტუმროს ნომერში და მოეთხოვა მისთვის ნომრის დატოვება.

„ის ბიჭი ადრეც იყო მოსული ღამე, შემიშვით, დავისვენებო და მორიგემ არ შეუშვა… გეუბნებით, არაფერი მის სახელზე გაფორმებული იმ სასტუმროში არ ყოფილა. როცა საკონფერენციო ოთახში დავინახე ეს ბიჭი, ფანჯარაზე შემოწყობილი ჰქონდა ფეხები, ახლა კულტურაა, მე აქ საკლასო ოთახს ვერ გავხსნიდი… რომ მოვიკითხე, რომელ ნომერში ცხოვრობს-მეთქი, მითხრეს, რომ არ იყო საერთოდ იქაური მცხოვრები და მოვთხოვე, დატოვე სასტუმრო-მეთქი. მე მას მივმართავ ვიდეოში, კარგად უყურეთ… ეს გოგო მეპასუხება, მაგრამ მე არ ვეპასუხები, არც იმ ბიჭმა მიპასუხა რამე,“ – განაგრძო დეპუტატმა.

ასეც რომ ყოფილიყო, რატომ არ ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტს, ან ნებისმიერ სხვა კლიენტს, ნომერში სტუმრის შეყვანის უფლება? – პარლამენტის წევრი შეკითხვამ გააღიზიანა და კითხვითვე გვიპასუხა: „ქმარი იყო ესა, თუ რას წარმოადგენდა?“

ანზორ ბოლქვაძე უარყოფს ინციდენტის ღამეს მასთან ერთად ბათუმის მერიის თანამშრომლის – თემურ ხასია ყოფნას. არადა, ბათუმის მერიის თანამშრომელი 7 მაისს გავრცელებულ კადრში ჩანს. თემურ ხასიმ ინციდენტის მეორე დღეს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ სასტუმროში წყალი არ იყო და ნომრის დატოვება ხათუნა ბერიძეს უსაფრთხოების დაცვის მიზეზით მოსთხოვეს.

„მე არავინ მახლდა. შეიძლება იყო და არ მახსოვს. ამ დროს გია ხალვაში ქვევით იყო, მას ახლდა ბევრი ვინმე, ამას რატომ არ მეკითხებით?… წყალი იყო თუ არა, არ ვიცი, სამეურნეო მუშაკი არ ვარ მე,“ – გვითხრა დეპუტატმა.

ამ ფაქტზე გამოძიებაც დაიწყო, თუმცა ამ დრომდე სამართალდამცველებს დეპუტატის ჩვენება არ მოუსმენია. „არ დავკითხულვარ. დამიძახებენ და მივალ, არც მაგის მეშინია,“ – ამბობს ანზორ ბოლქვაძე.

ანზორ ბოლქვაძეს ასევე ვკითხეთ,  რატომ არ ჩანდა წინა წლების ქონებრივ დეკლარაციებში ეს სასტუმრო, რომელსაც „ფონი+“ ფლობს. დეკლარაციის მიხედვით, ამ სასტუმროს შემოსავალი საერთოდ არ ჩანს.

„არაა შემოსავალი და როგორ დაფიქსირდება?… ჩემი მეუღლეა მეწილე და ბანკს იხდის, ხელფასები და ასე შემდეგ, ელექტრო ენერგიის ხარჯები. ბანკის კრედიტით არის აშენებული და მის ვალს ვერ იხდის. თუ რევიზირებას მიპირებ, მოგცემთ ტელეფონის ნომერს და გადაამოწმეთ. მიმართეთ „ფონი+“-ის დირექტორს და ის გაგცემთ წერილობით პასუხს. კანონიერი რაც არის, ყველაფერი ჩანს, რამე არ მაქვს მე დამალული,“ – გვიპასუხა ანზორ ბოლქვაძემ.

პარლამენტის წევრმა ასევე უარყო თავისი გავლენა, როცა „კარიტას საქართველომ“ ევროკავშირის პროექტის განსახორციელებლად ანზორ ბოლქვაძის სასტუმროში იქირავა ოფისი. დეპუტატი ირწმუნება, რომ „კაპიკებად მისცა“ ოფისი ამ ორგანიზაციას.

ანზორ ბოლქვაძე: „1500 ევრო არა, 1000 დოლარზე აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება და თვეში იმდენ ელექტრო ენერგიას ხარჯავენ, ეს შეგიძლიათ ცალკე გადაამოწმოთ… მაგი ჩვენს რაიონს რომ მორგებოდა და რამე გაკეთებულიყო, მიქირავდა კაპიკებში… ჩემი გავლენა არაფერ შუაში“.

 

 

 

 

 

 

5 წელიწადში წიგნის ეროვნულმა ცენტრმა 250 ქართველი ავტორის წიგნი თარგმნა 30 ენაზე

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ხუთი წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ამ ხნის განმავლობაში 250-მდე ქართველი ავტორის 30 ენაზე თარგმნილი 300 წიგნი გამოიცა.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მედეა მეტრეველის თქმით, ცენტრის სტრატეგიის შესაბამისად, 155 უცხოელ გამომცემელთან თანამშრომლობით ითარგმნა და გამოიცა არა მარტო თანამედროვე, არამედ ძველი ქართული ლიტერატურა, მათ შორის ჰაგიოგრაფია, კლასიკა და თანამედროვე კლასიკა. 300 უცხოური გამოცემა ქართულ პროზას, პოეზიას, დოკუმენტალისტიკას, ილუსტრირებულ წიგნებს, Art Book-ებს, საბავშვო/საყმაწვილო და სახელოვნებო ლიტერატურას აერთიანებს.

2018 წელს 90-მდე თანამედროვე ქართველი მწერლის 600-მდე ლიტერატურულ ღონისძიებას ორმოცდაათმა გერმანულენოვანმა ქალაქმა და ოცმა ლიტერატურულმა ფესტივალმა უმასპინძლა. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ საგაზეთო და ონლაინ გამოცემებში გამოქვეყნდა 7 285 გამოხმაურება, რომელსაც 1 526 562 017 საერთაშორისო წვდომა ჰქონდა. აღნიშნული სტატიებიდან და გამოხმაურებებიდან არც ერთი მათგანი არ არის სარეკლამო და არ მომზადებულა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დაკვეთით, თუმცა თითოეული გამოცემის განფასების შედეგად გაკეთებული ანალიზის მიხედვით, გამოხმაურებების საერთო ღირებულება 32 472 210 ევროა.

ფრანკფურტის პროექტის პარალელურად, ცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, 40 ქართველი ავტორის 170-მდე ღონისძიება გაიმართა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ნორვეგიაში, სლოვაკეთში, უკრაინასა და ჩინეთში. 70 მთარგმენლისთვის და 70 გამომცემლისთვის განხორციელდა 20-მდე სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის პროფესიული პროგრამა როგორც თბილისში, ასევე პარიზში, მიუნხენში, პეკინში, კიევში, ლვოვში, ფრანკფურტში, შტრალენსა და ლორენში. ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის ფარგლებში თბილისს სტუმრობდა 70-ზე მეტი უცხოელი გამომცემელი.

როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სსიპ „ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრსა“ და სსიპ „მწერალთა სახლს“ აერთიანებს, რის შედეგადაც მათ ბაზაზე სსიპ-ი „ლიტერატურის ეროვნული ფონდი შეიქმნება“.

როგორც მწერლები განმარტავენ, სამინისტროს ამ გადაწყვეტილების მიღმა პოლიტიკური სარჩული იმალება. ისინი მიიჩნევენ,რომ ხელისუფლებას არ მოსწონს მწერალთა ერთობლივი პროტესტი რიგ სოციალური პრობლემებზე, მათ შორის, ზვიად რატიანის საქმეზეც, სსიპ-ების გაერთიანება კი ათზე შურისძიებისა და მათი გაჩუმების მეთოდია. 

სამინისტრო კი თავის მხრივ ამბობს, რომ ეს პროცესი მმართველობითი სისტემის მოდერნიზაციასა და გაუმჯობესებას ემსახურება. თუმცა ახალი მოდელის სტრუქტურასა და ხელმძღვანელობაზე ჯერ არ საუბრობს.

პროგრამების ფორმალური პრეზენტაცია აჭარის განათლების სამინისტროში

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დღეს, 10 მაისს, 2020-2023  წლების პროგრამების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე ძირითადად იმ პროექტებზე იყო საუბარი, რაზეც სამინისტროში წლის დასაწყისში საუბრობდნენ.

თებერვალში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის განათლების მინისტრს არაეფექტურობის გამო უსაყვედურა და ახალგაზრდებისთვის მეტი მოტივაციის შესაქმნელად ექვსი კვირა მისცა. ახალგაზრდული პროგრამების მიმართულებით მინისტრს სწორედ ამ ვადაში უნდა წარმოედგინა სიახლეები. ექვსი კვირა გავიდა. განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ „სიახლეების პაკეტი“ მზად აქვთ, თუმცა ამაზე ჯერ არ საუბრობენ.

მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე, რომელიც სპეციალურად ამ დავალების შესასრულებლად დაუნიშნეს ინგა შამილიშვილს, პრეზენტაციის შემდეგ „ბათუმელებთან“  მხოლოდ იმას აკონკრეტებს, რომ უმაღლეს საბჭოს ახალი პროექტის – „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ ფუნქციონირებისთვის ერთი მილიონ 800 ათასი ლარი უნდა მოსთხოვონ.

ალექსანდრე დავითაძე არც იმაზე საუბრობს, ვინ იმუშავებს ახალ სამსახურში, დაამატებენ თუ არა ახალი შტატებს და რა პრინციპით შეარჩევენ თანამშრომლებს.

„ეს პროექტი ჯერ უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს და შემდეგ გვეცოდინება. აქ დასაქმებული პირების ნაწილი, რა თქმა უნდა, სამინისტროდან იქნება წარმოდგენილი, რადგან  სტრუქტურა ორ ნაწილად იყოფა, უფრო კონკრეტულ ინფორმაციას პრეზენტაციის შემდეგ მოგაწვდით“, – ამბობს ალექსანდრე დავითაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რამდენი ლარით ითხოვენ ბიუჯეტის ზრდას, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ „რაც არის, იმის ექვსჯერ გაზრდას მოითხოვენ, ანუ „დაახლოებით მილიონ 800 ათას ლარამდე“. უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტის ახალი პროექტი სამინისტრომ მაისის ბოლოს უნდა წარუდგინოს.

ალექსანდრე დავითაძის თქმით, სამინისტროს ახალ სამსახურს ოთხი სტრატეგიული მიმართულება ექნება. პირველი იქნება არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ახალგაზრდული ეკონომიკის მხარდაჭერა,  ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, გართობა შემეცნება და შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერა.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ მოხდება ამ პროგრამებით სამინისტროში უკვე არსებული ამავე მიმართულების პროგრამები, ალექსანდრე დავითაძე ამბობს, რომ არა.

რაც შეეხება თავად პრეზენტაციას, განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ რადგან ქვეყანამ განათლება პრიორიტეტად გამოაცხადა, ამ სფეროს დაფინანსება აჭარაშიც უნდა გაიზარდოს. „ჩვენ ვითხოვთ 20 მილიონ ლარს სამომავლოდ“, – განაცხადა ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძემ.

პრეზენტაციას განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამსახურებისა და სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თუმცა, პრეზენტაციის შემდეგ დარბაზიდან კითხვები არ დასმულა. ერთადერთი კითხვა, მხოლოდ შშმ პირთა პროგრამებში ჩართულობაზე დაისვა.

იყიდება ბინა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, ფრიდონ ხალვაშის #332 -ში [ ყოფილი დაბა ხელვაჩაური] იყიდება ბინა [100 კვ.მ].ბინასთან ახლოს მდებარეობს #22-ე სკოლა, იქვეა საბავშვო ბაღი, აფთიაქი და მაღაზიები. ფასი შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ: 593765782

შეამოწმე, როგორ იცნობ აჭარულ ვირუსულ ვიდეოებს | ტესტი

სხვადასხვა დროს აჭარაში გადაღებული არაერთი კადრი იქცა ეგრეთ წოდებულ ვირუსულ ვიდეოდ, რომელსაც უამრავი მნახველი ჰყავს. ბევრი ფრაზა, რაც ტესტში გვაქვს გამოყენებული, ამ კადრებში ისმის. შეამოწმეთ, რამდენად ზუსტად გახსოვთ ეს ვიდეოები და გაერთეთ.

რა სახით აღსდგება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი – 13 ვარიანტი

2019 წლის 15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შემდეგ გადარჩა ტაძრის სახურავის ერთი მესამედი. დაიწვა შპილი და ნაწილობრივ დაზიანდა ტაძრის ინტერიერი.

2019 წლის 22 აპრილის მონაცემებით, ნოტრ-დამის აღსადგენად დაარსებულ საქველმოქმედო ფონდში უკვე 1 მილიარდზე  მეტი ევრო იყო ჩარიცხული.

17 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს არქიტექტორებისთვის ძეგლის სრულად აღდგენაზე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ფილიპის განცხადებით, საფრანგეთის ხელისუფლება უპირატესობას მიანიჭებს ახალ ხედვას, რაც მორგებული იქნება ტაძრის პირვანდელ ფორმასთან და ამავე დროს ასახავს თანამედროვე ეპოქასაც.

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამ კონკურსში ჩართვის მოსურნე არქიტექტორებს ყველაზე თამამი და უცნაური ინტერპრეტაციების შესაძლებლობა მისცა, მათგან ზოგ ვარიანტს დადებითი გამოხმაურება აქვს, ზოგს კი ყველა იწუნებს.

1.

 

 

2.

 

3.

 

4.

 

5.

 

6.

 

7.

 

8.

 

9.

10.

11.

12.

13.

წყარო: boredpanda

EBRD-მა თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თიბისი ბანკი საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების კუთხით კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო ბანკმა უკვე მეხუთედ მიიღო.

დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია ბოსნია და ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში გაიმართა, სადაც EBRD-ის წარმომადგენლებმა 2018 წლის წარმატებულ პარტნიორ ბანკებს უმასპინძლეს.

„ვაჭრობის დაფინანსება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ჩვენი პარტნიორი ბანკები აქტიურად უჭერენ მხარს კომპანიებს და ხელს უწყობენ მათ განვითარებას. ჩვენთვის დიდი პატივია მსოფლიოს სამი კონტინენტიდან ასეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. დღევანდელი დაჯილდოების ცერემონიით გვსურს, გამოვხატოთ მადლიერება და პატივისცემა ფინანსური ინსტიტუტების მიმართ“, – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მმართველმა დირექტორმა, ფრანცის მალიგმა.

EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა (Trade Facilitation Programme), რომელიც 1999 წელს დაფუძნდა, მიზნადისახავს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერას იმ ქვეყნებში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციებს ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, EBRD-ი გასცემს გარანტიებს პარტნიორი ბანკებისთვის ადგილობრივი ექსპორტიორების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების დაფინანსების მხარდასაჭერად. დღეს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა 26 ქვეყნის 94 ბანკთან თანამშრომლობს, ხოლო 800-ზე მეტი ბანკისთვის გაცემული ფინანსური მხარდაჭერა 1.5 მილიარდ ევროს აღემატება.

„თიბისი ბანკი“ EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა.

ესტონური საზღვაო კომპანია საკრუიზო ტურიზმის შავი ზღვის მიმართულებით გაფართოებას გეგმავს

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან AS Tallink Grupp-ის აღმასრულებელი დირექტორი პაავო ნოგენე, დირექტორთა საბჭოს წევრი კადრი ლანდი და კადრებისა და განვითარების დირექტორი ვაჰურ აუსმესი.

კომპანიის წარმომადგენლებმა 8-9 მაისს სამუშაო შეხვედრები გამართეს აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან.

შეხვედრა ესტონეთის უმსხვილესი საზღვაო კომპანია - AS Tallink Grupp-ის წარმომადგენლებთან
შეხვედრა ესტონეთის უმსხვილესი საზღვაო კომპანია – AS Tallink Grupp-ის წარმომადგენლებთან

მხარეებს შორის საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებზე ესტონურ მხარეს გააცნეს რეგიონის საკრუიზო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები, საზღვაო სფეროში დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები და განიხილეს კომპანიის გეგმები და წინადადებები საქართველოს დროშის ქვეშ გემების რეგისტრაციას და
გემის ეკიპაჟის ქართველი მეზღვაურებით დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

მიღწეულ იქნა უმნიშვნელოვანესი შეთანხმება საზღვაო აკადემიის სტუდენტების პრაქტიკით უზრუნველყოფის თაობაზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ რომ AS Tallink Grupp-სა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას მრავალწლიანი და მრავალმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს.

AS Tallink Grupp-ი არის ესტონეთის ყველაზე დიდი საკრუიზო და სატვირთო გემების კომპანია ბალტიის ზღვის რეგიონში, რომელსაც 14 თანამედროვე გემისაგან შემდგარი ფლოტი ჰყავს და მაღალი ხარისხის სატრანსპორტო სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს.

ექსპო ბათუმი 2019 გაიხსნა

დღეს, 10 მაისს, ბათუმში საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მეთორმეტე, ხოლო საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის მეორე გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაში  ადგილობრივი და  უცხო ქვეყნის კომპანიები მონაწილეობენ. გამოფენის ორგანიზატორი საერთაშორისო საგამოფენო კომპანია „GEONET EXPO”-ა.

გამოფენის მონაწილეები პოლონეთიდან
ქედის მუნიციპალიტეტის სტენდი გამოფენაზე
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მეთორმეტე საერთაშორისო გამოფენაზე მუსიკოს ბექა ჯანუაშვილის ხელნაკეთი გიტარები ჰქონდა გამოტანილი.
ჯანდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიებს გამოფენაზე სამედიცინო აღჭურვილობა და სერვისები ჰქონდათ წარმოდგენილი

Exit mobile version