მთავარი,სიახლეები

მუშებს კომპანია ხელფასს არ უხდის – დარღვევაზე რეაგირებას არავინ ახდენს

13.05.2019
მუშებს კომპანია ხელფასს არ უხდის – დარღვევაზე რეაგირებას არავინ ახდენს

„ყურადღება არავინ მოგვაქცია, აქვს საერთოდ დავას აზრი?“ – კითხულობს ქედაში მცხოვრები რემზი დიასამიძე. ის და კიდევ სამი ადამიანი სოფელ ხარაულაში, ასევე, შუახევის სოფელ უჩამბაში სოფლების გზის დამცავი კედლების ჩამოსხმაზე მუშაობდნენ. სამუშაოების შესრულებას დაახლოებით ოთხი თვე დასჭირდა. მუნიციპალიტეტებმა შესრულებული სამუშაო ჩაიბარეს, კომპანიამ ფული აიღო, დამცავი კედლის მშენებლები კი, უხელფასოდ დატოვეს.

„გვითხრეს, რომ დასრულდება სამუშაო, ერთიანად მოგცემთ ფულსო. ჯამში ოთხი ადამიანისთვის 10 500 ლარი უნდა მოეცათ. უკვე ორი წელია ვითხოვთ ამ ფულს… კომპანიას ვეღარ ვუკავშირდებით, გამგეობები პოლიციაში გვიშვებენ. პოლიციამ კომპანიის დირექტორი, რატი მაისურაძე დაკითხა, გვაჩვენეს ოქმი. ის ადასტურებს, რომ ნამდვილად მაქვს გადასახდელი ფული და გადავიხდი, მადროვეთო… რატის გამორთული აქვს ტელეფონი. კომპანიის წარმომადგენელი ვინც იყო, შალვა კაკუტაშვილი, იმან გვითხრა, მე რა შუაში ვარ, თავი დამანებეთო…“ – გვიყვება რემზი დიასამიძე.

სამუშაოების დაზარალებული შემსრულებლებიდან ორი ხარაულას საჯარო სკოლაში მუშაობს. რემზი დიასამიძე ფიზკულტურის მასწავლებელია და გაკვეთილებიდან თავისუფალ დღეებში მუშაობს მშენებლობაზე, ილია ტაკიძე კი – ბუღალტერი. მათი თქმით, ამ დრომდე ვერ გაიგეს, რეალურად რომელმა კომპანიამ შეასრულა მუნიციპალიტეტების დაკვეთა.

„თავიდან სხვა სახელი თქვეს, მერე ითქვა, ეს არაო… ბოლოს ქედის პოლიციაში გვითხრეს, რომ ტენდერი სამშენებლო კომპანია „თაღმა“ შეასრულაო…  პოლიციაში ასევე თქვეს, რომ სასამართლოს შეგვიძლია მივმართოთ, მაგრამ ამას კიდევ ცალკე ფული სჭირდება,“ – გვიყვება ილია ტაკიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ შემთხვევაზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა. „წინასაგამოძიებო მოქმედებები და საქმის შესწავლა მიმდინარეობს,“ – გვითხრეს შსს-ს პრესცენტრში.

დაზარალებულმა მშენებლებმა გვაჩვენეს ქედის პოლიციიდან 2017 წლის 10 მაისს მიღებული წერილიც.

„გამოკითხული იქნა სამშენებლო კომპანიის „თაღის“ წარმომადგენელი რატი მაისურაძე, რომელმაც გამოკითხვაში აღნიშნა, რომ ის ეტაპობრივად გადაიხდის თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოების საფასურს 3-4 თვის განმავლობაში და შესაბამისად, აღარ გექნებათ მის მიმართ რაიმე სახის პრეტენზიები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და შესაბამისად არ არსებობს ფაქტზე გამოძიების საფუძველი,“ – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ქედის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი არჩილ გორგილაძე აწერს ხელს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით კი, სამშენებელო კომპანია „თაღს“ არ ჰქონია რაიმე ტიპის მომსახურება ქედის ან შუახევის მუნიციპალიტეტებთან. შუახევის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ უჩამბაში ორი წლის წინ გზის დამცავი რამდენიმე კედელი ერთდროულად მოეწყო და არ აქვთ ინფორმაცია, კონკრეტულად რომელმა კომპანიამ არ გადაუხადა მშენებლებს ფული. აქვე განმარტეს, რომ მშენებლებს მათთვის არ მიუმართავთ.

„მერიის როლი მინიმალურია მსგავს საკითხებში,“ – ეს ქედის მერიის პრესცენტრიდან მოგვწერეს. ქედის მერიის პრესცენტრში საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ და მას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

ქედა, სოფელი ხარაულა

ქედა, სოფელი ხარაულა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: