ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარაში ბოლო 5 წელში 3972 კუბური მეტრი ხე მოიჭრა სხვადასხვა პროექტის გამო

12.05.2019 • 2928
აჭარაში ბოლო 5 წელში 3972 კუბური მეტრი ხე მოიჭრა სხვადასხვა პროექტის გამო

აჭარაში გზების, ჰესების, ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისთვის და სხვა სპეციალური დანიშნულებით 2015-2019 [იანვარ-მარტში] ჯამში 3972 კუბური მეტრი ხე მოიჭრა. მათ შორის წითელ ნუსხაში შეტანილი ხე-მცენარეებიც. სპეციალური დანიშნულებით ხეებს ჭრიან როგორც კერძო, ისე სახელმწიფო კომპანიები და საჯარო უწყებები.

იმ კომპანიების პირველი ოთხეული, რომლებმაც ბოლო ოთხ წელში სპეციალური ჭრებით ყველაზე მეტი ხე მოჭრა

წყარო: აჭარის სატყეო სააგენტო / ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2015-2019 [აპრილამდე] წლებში, აჭარაში სპეცჭრებით მოჭრილი 3972 კუბ/მეტრი ხე-ტყიდან აუქციონის გარეშე, აჭარის მთავრობის განკარგულების საფუძველზე გაცემული იქნა 2407 კუბ/მეტრი. აქედან ბიუჯეტში გადახდილი იქნა ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი 104 695 ლარი.

აუქციონზე  მხოლოდ 727 კუბ/მეტრი ხე-ტყე გაიყიდა, საიდანაც ბიუჯეტში გადახდილი იქნა მომსახურების მოსაკრებელი – 2181 ლარი და ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი I კატეგორია 37 937 ლარი.

სპეცჭრები აჭარაში 2015-2019 [იანვარი-მარტი] წლებში / წყარო: აჭარის სატყეო სააგენტო

საქართველოს კანონმდებლობით სპეციალური ჭრა ხორციელდება აუცილებლობის შემთხვევაში, სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნის განსახორციელებლად, აგრეთვე მოსახლეობის საწვავი შეშით უზრუნველსაყოფად.

სპეციალური დანიშნულებით ტყით სარგებლობისას სპეციალური ჭრა შესაძლოა განხორციელდეს ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობის და ელექტროგადამცემი ხაზების, ასევე არხების მშენებლობისას; კარიერების დამუშავებისა და ტორფის (სხვა წიაღისეულის) ამოღებისას; სხვადასხვა დანიშნულების აუცილებელი ზოლებისა და ხაზების გაჭრისას; ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნის მოწყობისას; ხანძარსაწინააღმდეგო, სატყეო-სამელიორაციო და სხვა ღონისძიებების ჩატარებისას.

აჭარის ტერიტორიაზე, 2013 წლიდან 2019 წლის აპრილამდე პერიოდში, ოფიციალურად გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო ჭრის 1 170 შემთხვევა. უკანონო ჭრების შედეგად მოიჭრა 9 302 კუბური მეტრი ხე-ტყე. სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზიანმა კი 1 მილიონ 18 ათას 480 ლარი შეადგინა. აქედან, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში რეგიონში უკანონო ჭრის 11 შემთხვევა გამოვლინდა – მოჭრილია 49 კუბ/მეტრი ხე-ტყე, ზიანი – 8 079 ლარი. ეს არის ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც „ბათუმელებს“ აჭარის სატყეო სააგენტომ მოგვაწოდა.

აჭარაში სხვადასხვა პროექტის განხორციელების გამო იჭრება იმ სახეობის ხეებიც, რომლებიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. თუმცა ამ სახეობის ხეების მოჭრაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

ამ თემაზე:

„წითელი წიგნის“ მცენარეები შეშად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: