რეჟისორი ზაზა ხალვაში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა

4 თებერვალს თბილისში გარდაიცვალა რეჟისორი ზაზა ხალვაში.

ზაზა ხალვაში 1957 წელს დაიბადა ბათუმში. 1983 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის სახელოსნო.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „ქართულ ფილმში“, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში კათედრის გამგედ, აჭარის ტელევიზიის დირექტორად. ფილმებისათვის მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი.

არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: „მიზერერე“, „იქ ჩემთან“, „ექო“, „ნამე“.

ზაზა ხალვაშის მიერ 2017 წელს გადაღებული ფილმი „ნამე“ არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს. „ნამეს“ ოპერატორმა გიორგი შველიძემ კი ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მიერ დაწესებული მთავარი პრიზი მიიღო საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის.

2019 წლის ბოლოს ზაზა ხალვაში მუშაობდა ახალ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე “წვიმა ორ ნაპირზე”, რომელიც საქართველოსა და ლიეტუვის კოპროდუქციაა.

ზაზა ხალვაში. ფოტო: ეროვნული კინოცენტრი

 

ქედაში გზაზე ორი მეწყერი ჩამოწვა

დღეს, 4 თებერვალს, მეწყერი ჩამოწვა ქედაში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, მახუნცეთის მონაკვეთზე, რის გამოც 15 წუთის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა იყო შეფერხებული. ამ დროისთვის მოძრაობა ცალმხრივად უკვე აღდგენილია.

ფოტო: ქედის მერია
დღეს ქედაში კიდევ ერთი მეწყერი ჩამოწვა სოფელ აბუქეთაში, საავტომობილო გზაზე. ქედის მერიის ინფორმაციით, მეწყერი საგზაო დეპარტამენტმა გაწმინდა და ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.
მეწყერი ქედაში. ფოტო: ქედის მერია
მეწყერი ქედაში. ფოტო: ქედის მერია

ქედაში დღეს დილიდან თოვლ-ჭყაპია, ამჟამად კი ინტენსიურად თოვს.

EMC ხანძრით დაღუპულებზე: ქვეყნის სოციალური პოლიტიკა არაადეკვატური და სუსტია

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ი ბაღდათში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ეს ტრაგედია ყველაზე ცხადად აჩვენებს სიღარიბის დამანგრეველ შედეგებს, რომელსაც არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა ქმნის. 3 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარ ხანძრის შედეგად 2 ქალი და 4 არასრულწლოვანი დაიღუპა.

ორგანიზაციის განცხადებით, სოციალური დაცვის არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს სოციალურ სიდუხჭირეში მყოფი ადამიანების რეალურ გაძლიერებას და მათ მხარდაჭერას, დაძლიონ სიღარიბე. „არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ სოციალური უზრუნველყოფის საბიუჯეტო წილის ყოველწლიური ზრდის მიუხედავად, მოსახლეობის  სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის უცვლელი რჩება. ამასთან, UNICEF-ის კვლევის თანახმად, ბავშვიან შინამეურნეობებში სიღარიბის მაჩვენებლები უფრო მაღალია.

ამ მაჩვენებლების მიუხედავად, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა და ოჯახთა რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში შემცირდა და მთლიანი მოსახლეობის 12 %-ია. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსების სიმწირის გამო, ათიათასობით ღარიბი ოჯახი ვერ იღებს სოციალურ შემწეობასა და სხვა სერვისებს, რომლებიც სოციალურად დაუცველის სტატუსთან არის დაკავშირებული. სოციალური დაცვის სისტემაში რესურსების სიმწირესთან ერთად, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ხარვეზიანობა, იმდენად, რამდენადაც, ამ მეთოდოლოგიით ვერ ხერხდება სოციალურად მოწყვლადი შინამეურნეობების ეფექტიანი გამოვლენა.“

EMC -ის განცხადებით, დღემდე სიღარიბე და სოციალური უთანასწორობა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სისტემური გამოწვევაა, რასაც ადასტურებს NDI-სა და CRRC-ის საზოგადოებრივი განწყობის კვლევის შედეგები.

„სახელმწიფოს ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც დღის წესრიგიდან მუდმივად განდევნის საზოგადოებრივ ინტერესს და ჩვენს ყოველდღიურობას კერძო ინტერესსა და მათი მოგების ზრდის მიზანს უქვემდებარებს, წარმოქმნის ეკონომიკური უთანასწორობის იმ მასშტაბებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სიღარიბისთვისა და დაუცველობისთვის წირავს. ამ მოცემულობაში კი, მიზნობრივი სოციალური დახმარება, პენსია და სხვა სახის სოციალური დახმარებები სოციალური დაცვის და ადამიანთა ფიზიკური გადარჩენის მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობის 60%-ზე მეტს პირდაპირ დამოკიდებულს ხდის“.

სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობისა და სიღარიბის უკიდურესად მძიმე მანიფესტაციას საცხოვრებლის არარსებობა წარმოადგენს.

უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისის არქონის უკიდურესად მწვავე პრობლემის მიუხედავად, საქართველოში არსებული მოწყვლადი ჯგუფების უსაფრთხო და ადეკვატური საცხოვრებლით, ისევე, როგორც მათ საჭიროებებზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემით უზრუნველყოფა, არასოდეს ყოფილა სახელმწიფოს პრიორიტეტი.

ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, რომელთათვისაც გაძლიერებისა და სიღარიბიდან ამოყვანის სერვისები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კვლავ სახელმწიფოს ხედვის არეალის გარეთ რჩებიან.

ორგანიზაციის განცხადებით, მაშინ, როდესაც სიღარიბე და სოციალური მოწყვლადობა ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მწვავე პრობლემას წარმოადგენს, სოციალური დაცვის პოლიტიკა არაადეკვატური და სუსტია.

„არსებული ცენტრალური და მუნიციპალური პროგრამები არ არის დაფუძნებული სოციალურად მოწყვლად პირთა საჭიროებების კვლევაზე, შესაბამისად, მათი ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამასთან, სოციალური დაცვის სისტემა შინაარსობრივად არ არის ორიენტირებული მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებასა და მათი სიღარიბიდან ამოყვანაზე“.

EMC-ი ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს და მთლიანად, საზოგადოებას აკისრებს, „რამდენადაც ქვეყანაში არსებული უმწვავესი პრობლემების არდანახვას, სახელმწიფოს უმოქმედობასა და საზოგადოების გულგრილობას ლეტალურ შედეგებამდე მივყავართ“.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს:

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმირება იმგვარად, რომელიც სამართლიანად გადაანაწილებს სახელმწიფოს ფინანსურ და სხვა ტიპის რესურსებს მოწყვლად ჯგუფებს შორის, მიზნად დაისახავს მათი სიღარიბიდან ამოყვანას და მაქსიმალურად იქნება მათ საჭიროებებზე ორიენტირებული.
  • უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ უსახლკარო შინამეურნეოებების (მათ შორის, სახელმწიფო და კერძო ობიექტებში თვითდახმარების მიზნით შესახლებული პირების) საჭიროებებისა და საცხოვრებელი გარემოს შეფასება, რომლის შედეგადაც მოხდება მათი დაკმაყოფილება უსაფრთხო და სათანადო საცხოვრისისა და სხვადასხვა მხარდამჭერი სერვისით;
  • უმოკლეს ვადაში შექმნან სხვადასხვა უსახლკარო ჯგუფის აღრიცხვისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მეთოდოლოგია, რომელიც ერთგვაროვანი იქნება ყველა მუნიციპალიტეტისთვის და გამორიცხავს რომელიმე მოწყვლადი ჯგუფის გაქრობას სახელმწიფოს ხედვის არეალიდან;
  • შექმნან უსახლკარობის პრევენციისა და რეაგირების ეფექტიანი პოლიტიკა (მათ შორის, სერვისები), რომელიც იქნება სოციალურად მოწყვლადი პირების საჭიროებებზე დაფუძნებული, გრძელვადიანი და მიზნად მათი ამგვარი მდგომარეობიდან ამოყვანას დაისახავს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმეზე 2 გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმეზე ორი სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღო. ორივე გადაწყვეტილება 2019 წლის 26 ნოემბრით არის დათარიღებული.

განაჩენის გადასინჯვა სასამართლოს გიორგი ოქროპირიძემ სთხოვა, რომელიც განზრახ მკვლელობისთვისაა მსჯავრდებული. მას 20 წლით აქვს თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული. საქმეში ბევრი საეჭვო გარემოებაა და „ბათუმელებს“ ამ თემაზე 2017 წელს ჟურნალისტური გამოძიებაც ჰქონდა – „ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ“

ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო, განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გიორგი ოქროპირიძის ადვოკატმა 12 ნოემბერს მიმართა. 26 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ორმა პალატამ მიიღო განჩინება. ორივე განჩინებით გიორგი ოქროპირიძეს უარი უთხრეს განაჩენის გადახედვაზე სხვადასხვა დასაბუთებით. ერთ პალატაში მოსამართლეები – ნინო სანდოძე, ვეფხია ლომიძე და ვახტანგ მრელაშვილი შედიან, მეორე პალატაში კი, რომელმაც ასევე განიხილა გიორგი ოქროპირიძის განაჩენის გადასინჯვის საკითხი, სხვა მოსამართლეების შემადგენლობაა: გ. ჯეირანაშვილი, ხ. კიკილაშვილი, მ. თეთრაული.

რატომ იმსჯელა სასამართლოს ორმა სხვადასხვა პალატამ ერთსა და იმავე საქმეზე და მიიღო ორი გადაწყვეტილება?

მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძის დედა, ცირა გოდერძიშვილი ამბობს, რომ სასამართლოში ვერ განუმარტეს, რატომ მოხდა ასე. ის არ გამორიცხავს, რომ ორ სხვადასხვა პალატაში საქმის შესვლა უკავშირდებოდეს იმას, რომ საქმეს გიორგი ოქროპირიძის ციხიდან გამოგზავნილი წერილი ერთვოდა. მსჯავრდებულის დედას პატიმრის ხელნაწერი წერილი შეუტანია სასამართლოში. შემდეგ კი, სასამართლოსთვის იმავე საქმეზე ადვოკატს, ბესო ბოჭორიშვილს დაურთავს იგივე წერილი ბეჭდური სახით.

განმარტება ვთხოვეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

„ორი სხვადასხვა შუამდგომლობა იყო, ერთი შემოიტანა მსჯავრდებულმა, მეორე – მისმა ადვოკატმა. შესაბამისად, შუამდგომლობები ორ პალატას დაეწერა. დასაშვებობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაერთიანდებოდა და ერთ-ერთი პალატა განიხილავდა“, – გვითხრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გიორგი ოქროპირიძე რამდენიმე გარემოების გამო ითხოვდა მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განმარტების გამო, რითაც დადასტურდა, რომ არაკონტროლირებადი ცხინვალის ტერიტორიიდან გიორგი ოქროპირიძის გადმოცემის პროცესში მისია [EUMM] ჩართული არ ყოფილა, რასაც ერთ-ერთი მოწმე ამტკიცებდა.

გიორგი ოქროპირიძე ასევე მიიჩნევდა, რომ სხვა მოწმეების „ცრუ ჩვენებებიც“ დადასტურდა. სააპელაციო სასამართლოს ორივე პალატამ მიიჩნია, რომ ეს მხოლოდ „მხარის შეფასებაა“ და „მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს პალატის წინაშე არ ყოფილა წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი კანონიერ ძალაში შესული განაჩენი“, – აღნიშნულია ერთ-ერთი პალატის მიერ მიღებულ განჩინებაში.

განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით ამჯერად გიორგი ოქროპირიძემ უზენაეს სასამართლოს მიმართა.

გიორგი ოქროპირიძის საქმე წარმოებაში მიიღო ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომა 2015 წელს [მე-5 მუხლი] და 2016 წელს [მე-6 მუხლი]. ეს მუხლები გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. ორივე საქმეზე დასრულებულია კომუნიკაცია.

სარფის საბაჟოზე მოქალაქე 11 263 ლარით დააჯარიმეს ოქროს მალულად გადატანისთვის

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟოზე მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 11,263.44 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (132.2 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 11,263. 44 ლარის ოდენობით შეეფარდა.

აშშ-ში ორკვირიანი პროგრამა 15-18 წლის მწერალი მოზარდებისთვის

აშშ საელჩო საქართველოში 15-18 წლის მოზარდებისთვის ორკვირიან პროგრამაში მონაწილეობაზე კონკურსს აცხადებს. საერთაშორისო პროგრამაში „ხაზებს შორის“, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 30 მწერალი მოზარდი შეიკრიბება იუნესკოს მიერ ლიტერატურულ ქალაქად წოდებულ აიოვა სითიში.

პროფესიონალებთან, მწერლებთან და მასწავლებლებთან მუშაობის პროცესში მოზარდები გაიფართოვებენ თვალსაწიერს ლიტერატურაში, ასევე აიმაღლებენ ცოდნას განსხვავებული კულტურების მიმართ, გაიუმჯობესებენ კომუნიკაციის უნარებს.

პროექტს „ხაზებს შორის“ აფინანსებს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურულ საქმეთა დეპარტამენტი. პროგრამის პარტნიორია აიოვას უნივერსიტეტიც.

საუკეთესო კანდიდატები იქნებიან ის ახალგაზრდები, რომლებიც მომავალშიც აპირებენ მწერლობას ან მედიის სფეროში მუშაობას თავიანთ ქვეყნებში. კანდიდატი უნდა საუბრობდეს და წერდეს ინგლისურ ენაზე სრულყოფილად, რომ შეეძლოს ეფექტური მონაწილეობა პროგრამაში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2020 წლის 20 თებერვალია.

დაინტერესებულ პირებს მადამატებითი დეტალების  გაცნობა შეუძლიათ თბილისში აშშ-ს საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

 

მთავარი ფოტო: თბილისში აშშ-ს საელჩოს ფეისბუქგვერდიდან

 ყარსის ხელშეკრულებაზე დეზინფორმაციას პატრიოტთა ალიანსი ავრცელებს – ანგარიში

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა ბოლო ერთი წლის მუშაობის ანგარიში გამოაქვეყნა. ამ ანგარიშში მითითებულია, რომ 2021 წელს ყარსის ხელშეკრულების ვადის გასვლა და თურქეთის მიერ ბათუმის მიტაცება ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი გავრცელებული მაგალითია.

ანგარიშის თანახმად, „აჭარაში ვრცელდებოდა კონსპირაცია, თითქოს 1921 წელს ხელმოწერილ ყარსის ხელშეკრულებას 2021 წელს ვადა გასდის, რის შემდეგაც რუსეთი საქართველოს დაცვაზე უარს იტყვის და აჭარას თურქეთი დაიბრუნებს“.

ანგარიშში მითითებულია, რომ ყარსის ხელშეკრულებას პროპაგანდის მანქანა იყენებს ნატოს წინააღმდეგ გზავნილებშიც: „1921 წელს დადებულ ყარსის ხელშეკრულებას 2021 წელს ვადა გასდის, რის შემდეგაც დოკუმენტის პირობების დაცვა საეჭვო ხდება და თურქეთმა შესაძლოა ბათუმზე პრეტენზია განაცხადოს. ამ პროცესს ხელს შეუწყობს საქართველოს ნატოში შესვლა და ბათუმში ალიანსის ბაზების განთავსება“.

სინამდვილეში კი, როგორც ანგარიშშიც არის მითითებული, „ყარსის ხელშეკრულება უვადოა. ამავდროულად, თურქეთს ბათუმზე ტერიტორიული პრეტენზიის განცხადების უფლება არ გააჩნია. თურქეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს და მსგავსი შინაარსის არც ერთი პოზიცია არ გამოუხატავს“.

მკვლევარები წერენ, რომ „ყარსის ხელშეკრულება“ გამოიყენება ანტიამერიკული და ანტითურქული გზავნილებისა და ასევე რელიგიური გრძნობებით მანიპულირებისთვის.

„თურქეთის და დასავლეთის აგრესიულობის ხელოვნურად ჩვენება და გაზვიადება. დასავლური ღირებულებების ქართულთან შეუსაბამობის დასაბუთება“, – დაზუსტებულია ანგარიშის იმ ნაწილში, სადაც ყარსის ხელშეკრულების პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენებაზეა საუბარი.

ანგარიშის თანახმად, ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციული ნარატივის გამავრცელებლები არიან პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“, გამოცემა – საქინფორმი და მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენი ვლადიმირ ხომერიკი.

კვლევაში ანტიდასავლური პროპაგანდის სხვა მაგალითებად ასევე დასახელებულია ნატოში დაჩქარებული გაწევრიანება და ლუგარის ლაბორატორია.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა ანგარიში გუშინ, 3 თებერვალს, გამოაქვეყნა.

რა მიუსაჯეს პირს, რომელიც ზურაბიშვილის შვილებს ემუქრებოდა

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პრეზიდენტობის კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის შვილებზე მუქარის განხორციელების ბრალდებით ერთი პირი გაასამართლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მუქარას მაშინ ფქონდა ადგილი, როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. სასამართლოს ჩვენება მისცეს სალომე ზურაბიშვილის შვილებმა: თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებმა.

თეიმურაზ გორჯესტანის თქმით, ის ლონდონში იმყოფებოდა, როცა 2018 წლის 9 ნოემბერს „ფეისბუქში“ მისთვის სრულიად უცნობმა G.R. -მ მისწერა, მიესალმა და შემდეგ დაურეკა. „ახლა კარგად მომისმინე, ბიჭო“, – ამ ფრაზის მოსმენის შემდეგ თეიმურაზს აუდიოზარი გაუთიშავს. თეიმურაზის თქმით, ამის შემდეგ მას ბრალდებული მუქარის შემცველ ტექსტებს უგზავნიდა.

„სიცოცხლე არ გინდათ? შუბლებს დაგიხვრეტთ თქვენ…“ – მისწერეს სალომე ზურაბიშვილის შვილს. განაჩენის მიხედვით, თეიმურაზ გორჯესტანს ლათინური შრიფტით სწერდა ბრალდებული ქართულ ენაზე. ბრალდებული შეურაცხყოფდა სალომე ზურაბიშვილს და მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

მოსამართლეს თეიმურაზ გორჯესტანმა ასევე უთხრა, რომ მუქარის ავტორს არ უპასუხა, თუმცა „ფეისბუქში“ მისი პროფილი შეამოწმა და ნახა, რომ იგი სამხედრო ძალების თანამშრომელია. თეიმურაზმა აღნიშნა ისიც, რომ მუქარის ამსახველი „სქრინშოთები“ იმავე დღეს დედას – სალომე ზურაბიშვილს გადაუგზავნა.

მოგვიანებით დაზუსტდა, რომ ბრალდებული რეზერვის კაპრალი იყო 2009-2016 წლებში, 2018 წლის 21 მარტს კი უკრაინაში წავიდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული უკრაინის მებრძოლთა რიგებშია.

სასამართლოს ჩვენება მისცა ქეთევან გორჯესტანმაც. მან თქვა, რომ მუქარის შემცველი შეტყობინება იმავე პირისგან თავადაც მიიღო, თუმცა „მას არ განუცდია შიში“.

სასამართლო პროცესებს ბრალდებული არ დასწრებია. მას დაუსწრებლად მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. იგი ამ დრომდე იძებნება.

იანვარში საერთაშორისო მოგზაურებისა და ტურისტების ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა – სტატისტიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2020 წლის იანვარში საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია.

ადმინისტრაციის ცნობით, 2020 წლის იანვარში საქართველოში 633,201 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 19.8%-ით მეტია, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 363,614 შეადგინა, რაც 57,675-ით მეტია 2019 წლის იანვართან შედარებით – ზრდა +18.9%.

2020 წლის იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა შემდეგი ქვეყნებიდან:

  • აზერბაიჯანი – ზრდა +34.9%
  • სომხეთი – ზრდა +17.5%
  • რუსეთი – ზრდა +1.1%
  • თურქეთი – ზრდა +16.6%

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: იტალია +133.1%, პოლონეთი +82.9%, საფრანგეთი +46.8%, ლიეტუვა +43.7% და სხვა.

2020 წლის იანვარში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:

  • ისრაელი +57.3%
  • საუდის არაბეთი +49.8%
  • ყაზახეთი +44.8%
  • ქუვეითი +44.6% 

ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.3 მილიარდ დოლარს (ზრდა +1.4%), რაც 47 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 217 მილიონ დოლარს (ზრდა +5.4%), რაც 11 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

____________

ფოტოზე: კურორტი გოდერძი. ფოტო: goderdzi.ski

ჩინეთში კორონავირუსით 425 ადამიანი დაიღუპა – 4 თებერვლის მონაცემები

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 4 თებერვლის მონაცემებით აღრიცხულია კორონავირუსის  3 235 ახალი შემთხვევა, მათგან 492 მძიმედ მწვავედ მიმდინარეა.

4 თებერვლის მონაცემებით სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 20 438 შემთხვევა. სულ შესაძლო შემთხვევების რაოდენობა 23 214-ს აღწევს.

4 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია კორონავირუსით სიკვდილი 425 შემთხვევა და გამოჯანმრთელების 632 შემთხვევა.

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ჩინეთის გარდა 24 ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 163 დადასტურებული შემთხვევა.

ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

_________

ფოტოზე: ჩინეთი, ქალაქი ანიანგი. ირმა დიმიტრაძის ფოტო

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 4 თებერვალს, ბათუმში საღამოს 9 საათის შემდეგ წვიმა გადაიღებს და ხვალამდე, 5 თებერვლის 21 საათამდე ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 7-12 გრადუსი
  • ღამით: 1-6 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 1-6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0-5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 6  თებერვალს  მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 7 და 8 თებერვალს კი მოსალოდნელია ნალექი, მთაში – ზოგან ძლიერი თოვა, მაღალმთაში კი – ზვავშაშიშროება.

______________

ფოტო: „ბათუმელები“, არჩილ კახაძე

ავარია ბათუმში – დაშავებულია 5 ადამიანი

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ანგისის დასახლებაში, დღეს, 3 თებერვალს, ავარია მოხდა. ავტოავარიის შედეგად დაშავებულია 5 ადამიანი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 4 მათგანი საქართველოს მოქალაქეა, ერთი კი – თურქეთის.

დაშავებულები სამედიცინო დახმარების სამსახურმა ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. როგორც „ბათუმელებს“ კლინიკაში უთხრეს, მათი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, ერთს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა, მიმდინარეობს პაციენტებზე დაკვირვება.

გურჯი სიაუში – გატაცებული ბიჭი, რომელიც ირანის შაჰის კარზე ცნობილი ილუსტრატორი გახდა

XVI-XVII საუკუნის სეფიანთა ირანის სამხედრო, პოლიტიკურ თუ ლიტერატურულ სფეროში ქართველები აქტიურად იყვნენ ჩართული. ამ პერიოდის მხატვრებს შორის მნიშვნელოვანი იყო სიაუშ ბეგ გურჯის როლი – მისი ნამუშევრები დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ და გამორჩეულ სპარსულ მინიატურებადაა მიჩნეული. წყაროების ცნობით, სიაუში საქართველოდან ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიტაცეს, რის შემდეგაც ის ირანის შაჰის, შაჰ-თამაზის კარზე მოხვდა. შაჰს მისი ნიჭი შეუნიშნავს და სამეფო კარის სამხატვრო სახელოსნოში მიუბარებია.

სტამბოლში მცხოვრები ლიტერატორი და მკვლევარი, წარმოშობით ქართველი ფარნა-ბექა ჩილაშვილი საქართველოდან თურქეთსა და ირანში გადახვეწილი ქართველების საკითხს იკვლევს. სიაუშისა და მისი პერიოდის ირანს ეხება მისი ერთ-ერთი სტატიაც.  ტორონტოს AGA KHAN MUSEUM -ის ვებგვერდზეც ფირდოუსის ,,შაჰნამეს” ერთ-ერთ ილუსტრატორად სიაუშია მოხსენიებული.

,,გურჯი” სიაუში ხუთ საუკეთესო ირანელ მხატვარს შორის ერთ-ერთი იყო, ვინც განთქმული სპარსული ეპოსის ,,შაჰნამეს” 1576-1577 წლებში გადაწერილი ხელნაწერი მინიატურებით გააფორმა.

ისმაილ მეორემ, ბაბუის, ისმაილ I-ის მსგავსად, 1576-1577 წლებში ფირდოუსის ,,შაჰნამე” გადააწერინა. ,,შაჰნამე” ვრცელი ეპოსია სპარსი მეფეების შესახებ – მითიური დროიდან დაწყებული მეშვიდე საუკუნემდე.

ფირდოუსის ისმაილისეული ხელნაწერის მინიატურებზე სიაუშის გარდა სამეფო მხატვართა სახელოსნოს ოთხი მხატვარი მუშაობდა: სადიქ ბეი, ნაქდი, მურად დაილამი და მიჰრაბი. ისკანდერ მუნშის მიხედვით შაჰ-აბას I-ის დროს სიაუში იყო არა მხოლოდ მხატვარი, არამედ სახელმწიფო მოხელეც და 1610-1616 წლებს შორის გარდაიცვალა. სიაუშის სპარსული მინიატურები მსოფლიოს მუზეუმებსა და საცავებშია გაფანტული. მათი უმრავლესობა კი ირანში ინახება.

,,შაჰნამეს” ხელნაწერისთვის სიაუშმა სულ 22 მინიატურა შექმნა. მხატვრის ცხოვრების შესახებ ცნობები დაცულია XVI საუკუნის დასასრულისა და XVII საუკუნის დასაწყისის ირანელი ისტორიკოსის, ისქანდერ მუნშის თხზულებაში “ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია აბასისა”.

წყაროების თანახმად, სიაუშის ქართული სახელი უცნობია. უცნობია მისი დაკრძალვის ადგილიც.

90 00 ჯარიმა არასწორი პარკირებისთვის და 7 673 – უბილეთოდ მგზავრობისთვის ბათუმში

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, გასულ წელს, 2019 წლის პირველი იანვრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, არასწორი პარკინგისთვის 90 00 ჯარიმა გამოწერეს, თუმცა სამსახურს არ აქვს მიახლოებითი მონაცემებიც კი, თუ რა ოდენობის თანხა შევიდა ბიუჯეტში ამ ჯარიმებიდან.

მერიის სამსახურის მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან მხოლოდ ის ჯარიმები მოქმედებს, რომლებიც დამრღვევს სამსახური ოფიციალურად ჩააბარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დამრღვევი ჯარიმას არ იხდის.

ხშირად დამრღვევი  ჯარიმას არ იხდის იმ შემთხვევაშიც კი, როცა მას დაჯარიმების  ქვითარი საქარე მინაზე ხვდება. სამსახური ვალდებულია მას მისამართზე გაუგზავნოს შეტყობინება დაჯარიმების შესახებ და ეს შეტყობინება უშუალოდ ჩააბაროს მას.  წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის დამრღვევს ჯარიმის გადახდის ვალდებულება აღარ აქვს.

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, გასულ წელს ასეთი შეტყობინებების მხოლოდ 25 პროცენტი ჩაბარდა დამრღვევს, ეს მაჩვენებელი მოგვიანებით,  მას შემდეგ, შეიცვალა, რაც ორგანიზაციაში შეიქმნა საფოსტო მიმართულება და სამსახურის თანამშრომლები თავადვე უზრუნველყოფენ საჯარიმო ქვითრების ჩაბარებას.

რაც შეეხება მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობის მაჩვენებელს, გასულ წელს  მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობითვის გამოწერილია 7 673 ჯარიმა. ამ შემთხვევაში დამრღვევს უშუალოდ აბარებენ ქვითარს.

2019 წლის სექტემბრიდან უბილეთოდ გზავრობისთვის ჯარიმის ოდენობა გაოთხმაგდა და 20 ლარი გახდა, იქამდე კი უბილეთოდ მგზავრობისთვის დამრღვევი 5 ლარით ჯარიმდებოდა. ავტოტრანსპორტში გაგვიმარტეს, რომ ჯარიმის გასამმაგება დაჯარიმების სტატისტიკაზე აისახა და უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევები შემცირდა.

დადგენილების მიხედვით, დაჯარიმებულმა მითითებული თანხა 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას საურავი დაერიცხება. საურავის ოდენობად შესაბამის დადგენილებაში 50 ლარი მიუთითეს. ჯარიმისა და საურავის  გადაუხდელობის შემთხვევაში მოქალაქის მიმართ დაიწყება  კანონით გათვალისწინებული პროცედურები.

დაჯარიმებისას ავტოტრანსპორტი მოქალაქის იდენტიფიცირებას პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ახდენს. იმ შემთხვევაში კი, თუ მოქალაქე ასეთ დოკუმენტს არ წარადგენს, კონდუქტორს ევალება მისი იდენტიფიცირებისთვის საპატრულო პოლიცია გამოიძახოს.

საპატრიარქოს იურისტი გლეხებზე, ვისაც მიწა წაართვეს: ასე მეც ვიტყვი, რომ მთელი ქვეყანა ჩემია

ადგიგენში, სოფელ ქვაბიჯვარში, 13 ოჯახის სათიბი ფართობი საპატრიარქოს საკუთრება გახდა – დაახლოებით 7 ჰექტარ მიწაზე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა უკვე დაიწყო. გლეხები ამბობენ, რომ ისინი სახელმწიფომ ლუკმა-პურის გარეშე დატოვა, საპატრიარქოში კი ირწმუნებიან, რომ ამ მიწებს რეალურად არავინ იყენებდა და „ახლა მიმდინარეობს სამონასტრო ცხოვრების აღორძინება“. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გლეხების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. სასამართლო დავა ამჯერად თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება. პირველი სხდომა 12 თებერვალს გაიმართება.

„ჩვენს საქმეს ვაკეთებდით და უცებ გამოჩნდნენ ტრაქტორები, მოვიდნენ და საძირკვლის თხრა დაიწყეს. გვითხრეს, აქ მონასტერი შენდება, ეს ადგილი უნდა შემოვღობოთო,“ – გვითხრა დავით ბერიძემ, რომელიც ქვაბიჯვარში ცხოვრობს. ქვაბიჯვრის ნაწილია სოფლები კიკიბო და დერცელი, რომლის მიმდებარედაც დავითს და კიდევ 12 ოჯახს სათიბი ფართობი აქვთ. მათი წინაპრები აჭარის მაღალმთიანეთიდან მე-20 საუკუნის დასაწყისში გადასახლდნენ ადიგენში. დავითის მამაც აქ დაბადებულა.

ოჯახები, რომლებიც ახლა სახელმწიფოს მიწების საპატრიარქოსთვის გადაცემას ედავებიან, მუდმივად ამ პატარა სოფლებში აღარ ცხოვრობენ. მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი შედარებით დაბლობი სოფელი მოხეა, თუმცა დავითი განმარტავს, რომ რეგიონში არსებული მცირემიწიანობის პირობებში, მიწის ნაკვეთები, რაც ახლა დაკარგეს, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„თავის დროზე, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, გადმოგვცეს ჩვენ ეს მიწები 2500-2500 კვადრატული მეტრი. თუ საჭირო არ იყო, რატომ მოგვცეს? მე ამ მიწას როგორც მინდა, ისე გამოვიყენებ, მინდა, საკარმიდამო მექნება, მინდა, სათიბი და სახნავი… მიწის გარეშე აქ რა უნდა ვქნათ? აქ სხვა დასაქმების ადგილი კი არა, მაღაზიაც არ არის,“ – აღნიშნავს დავით ბერიძე.

დავით ბერიძემ გვითხრა, რომ ცამეტივე ოჯახი ამ დრომდე იყენებს სადავო მიწის ფართობებს, რადგან საპატრიარქომ მიწის შემოღობვის პროცესი სასამართლო დავის დაწყების შემდეგ შეწყვიტა.

„ჩვენ არავინ გველაპარაკება, თითქოს, აქ რამე არ ხდება და არც არსებობდითო… ჩვენ ტაძრის წინააღმდეგი არ ვართ, აშენდეს და რაც დასჭირდება, ჩვენ იმ მიწასაც დავთმობთ, მაგრამ არავინ დაგვლაპარაკებია. მივედით მერთან, ჩვენს დეპუტატთან, ვინც არის პარლამენტში. დაგვპირდნენ, სასამართლო იქნება და არ დაკარგოთ იმედიო… გამოდის, რომ სასამართლოც არ არის ამ სახელმწიფოში,“ – მიიჩნევს დავით ბერიძე.

ადიგენში მცხოვრები გლეხების ინტერესებს იცავს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“. ორგანიზაციის იურისტი მერი აღაპიშვილი ყურადღებას ამახვილებს ქონების მართვის სააგენტოს და შემდეგ უკვე საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაზე, როცა მიწის საპატრიარქოსთვის გადაცემის პროცესში სახელმწიფო არ დაინტერესდა, სარგებლობდა თუ არა ვინმე ამ სათიბით.

„სახელმწიფო ამბობს, რომ ეს მოიკვლია, მაგრამ არარსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ამას დაადასტურებს… მოქალაქეებმა უწყებას წარუდგინეს მათ ხელთარსებული უფლებადამდგენი დოკუმენტები, მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტები, რეგისტრაციის მოწმობები, გადასახადის გადამხდელთა სიები. თუმცა აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ოჯახები წლების განმავლობაში მართლზომიერად ფლობდნენ და საძოვრად, სათიბად კოლექტიურად იყენებდნენ, 2018 წლის ოქტომბრიდან საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში იყო რეგისტრირებული,“ – აცხადებს მერი აღაპიშვილი.

ერთ-ერთი მოსარჩელის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ მან მიწის ნაკვეთი სარგებლობაში 1997 წელს მიიღო

მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სარწმუნო არ აღმოჩნდა მოსამართლე გია ბერაიასთვის. მან გადაწყვეტილებაში დაწერა:

„წარმოდგენილი მასალებით და მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონება მდებარე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბიჯვარში [დაზუსტებული ფართობი 68 346 კვ. მეტრი] სასოფლო-სამეურნეო [სათიბი] დანიშნულების მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომელზედაც სხვა პირებს, მოსარჩელეებს, არ შეიძლება ჰქონოდათ ფლობის კანონისმიერი და ფაქტობრივი საფუძველი. უძრავი ქონება არ იყო გასხვისებული სახელმწიფოს მიერ, არც მიწის რეფორმის გზით მოსარჩელეებისთვის საკუთრებაში გადაცემული, ამიტომ, სახელმწიფოს, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეს, სრული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი გააჩნდა, ამოერიცხა მიწის ნაკვეთი ტყის ფონდიდან, დაერეგისტრირებინა სახელმწიფო საკუთრებად, ხოლო შემდეგ გაესხვისებინა იგი ნებისმიერი ფორმით,“ – წერია ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ანუ ნამდვილად იმ მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ თუ არა გლეხები, რომელიც მათ სარგებლობაში გადაეცათ და ახლა სადავოა.

საქართველოს მთავრობამ სადავო მიწის ფართობი საპატრიარქოს 2018 წლის 2 ოქტომბერს უსასყიდლოდ გადასცა. საპატრიარქოს არ სჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ახლაც ჰყვებიან, რომ მიწას სათიბად იყენებენ.

ედიშერ ქარჩავა, საპატრიარქოს იურისტი: „ჩვენ გვქონდა კანონიერი მოთხოვნა. აღნიშნული ტერიტორია იქნა შესწავლილი სახელმწიფოს მხრიდან და არანაირი ფლობა არ იყო დადასტურებული სახელმწიფოს მხრიდან. ახლა უკვე მიმდინარეობს სამონასტრო ცხოვრების აღორძინება… მონასტერი მარტო ტაძარს არ ნიშნავს. მას სჭირდება დამატებით მეურნეობა, რომ იარსებოს. თუ დადასტურდებოდა მიწის სარგებლობის და ფლობის ფაქტი, შესაძლებელი იყო და ჩვენ არაერთი სასამართლო დავა დაგვისრულებია მორიგებით, მაგრამ აქ ეს შემთხვევა არ ყოფილა – იქ რეალურად არავინ ცხოვრობს. სასამართლოში წარმოდგენილი მოწმეებიდან ვერავინ დაადასტურა ის, რომ მოსარჩელეები იყენებდნენ ამ მიწის ფართობებს“.

საპატრიარქოს იურისტისთვის არც ის საცხოვრებელი სახლებია დამაჯერებელი, რომლებიც გლეხებს ქვაბიჯვარში აქვთ და მათი თქმით, დაზამთრებამდე იქ ჩერდებიან.

„იქ არავინ ცხოვრობს. ადრე თუ ვიღაც იყო იქ ჩასახლებული და ცხოვრობდა, არ ვიცი. აღნიშნული მოქალაქეებმა ვერ დაადასტურეს. ასე მე რომ ვთქვა, მთელი სოფელი ჩემია, ან მთელი ქვეყანა ჩემია, ეს არ ნიშნავს, რომ მართლა ჩემია,“ – გვიპასუხა საპატრიარქოს იურისტმა.

 

რატომ არ ჩართეს „ბათუმის რესპუბლიკური“ ახალ სამედიცინო ჰოლდინგში – განმარტება

სახელმწიფომ ახალი ა[ა]იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი დააფუძნა, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი [ონკოლოგიური] და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევა.

ახალ ჰოლდინგში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოც უნდა შესულიყო, თუმცა ეს ამ ეტაპზე არ მოხდა.

„შეიქმნება საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გაერთიანდება, მოექცევა ერთიან კონცეფციაში და იქნება სახელმწიფოს მართვასა და საკუთრებაში“, –  განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 2019 წლის 6 ნოემბერს ბათუმში ყოფნისას.

დღეს, 3 თებერვალს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში რეგიონალური სამედიცინო დაწესებულებებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან“.

რატომ არ შევიდა ჰოლდინგში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ამ ეტაპზე და როდისთვის იგეგმება „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ გაერთიანება ახალ ჰოლდინგში? – ამ კითხვით „ბათუმელები“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.

„ამჯერად დასახელდა ეს სამი კლინიკა და იყო წარდგენა ახალი დირექტორის, რომელიც შეიმუშავებს დეტალურ გეგმას – თუ რომელი კლინიკები, როგორ შევლენ ჰოლდინგში, მათი აღჭურვის საკითხი და სხვა. ეს გეგმა 2020 წლის მარტში უნდა იყოს მზად. ამასთან, გიდასტურებთ, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ამ ჰოლდინგში აუცილებლად შევა“, – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.

ეკატერინე ტიკარაძემ დღეს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი, გიორგი ჩოგოვაძე წარადგინა. გიორგი ჩოგოვაძე ამ დრომდე ეკონომიკის სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ხელმძღვანელობდა. მანამდე ტურიზმის ეროვნულ ადმინიტრაციას ედგა სათავეში.

საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი დუგლაძის 2020 წლის 24 იანვრის ბრძანებით დაფუძნდა. საჯარო რეესტრში კი, ახალი ა[ა]იპ-ი 27 იანვარს დაარეგისტრირეს. ამავე ბრძანებით დაინიშნა ჰოლდინგის დირექტორად გიორგი ჩოგოვაძე.

„.ა[ა]იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება განისაზღვროს 7 500 ლარის ოდენობით [დარიცხული]… ჰოლდინგის დაფუძნების შემდგომ, დამფუძნებლის ყველა უფლებამოსილება განახორციელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ“, – აღნიშნულია გიორგი დუგლაძის 2020 წლის 24 იანვრის ბრძანებაში.

რაც შეეხება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობას, ის ჯერ კიდევ არ არის ჩაბარებული. შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ უნდა ჩაიბაროს.

„სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის ჩაბარების პროცედურები“, – გვითხრეს დღეს შპს „სტადიონში“. როდის ჩაიბარებს „სტადიონი“ ახალ შენობას, ზუსტი თარიღი უცნობია.

ახალი საავადმყოფოს გახსნა, დაგეგმილთან შედარებით, დროში საკმაოდ გაიწელა, რის გამოც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი  პერმანენტულად აქციებს მართავდა. ექიმი ბენო ჭელიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო, რესპუბლიკურ საავადმყოფოს კომპანია „ევექსისთვის“ გადასაცემად ამზადებს.

 

მთავარი ფოტო: ახალი საავადმყოფოს შენობა ბათუმში / 6.03.2019 / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

როგორ მუშაობს ასოცირების შეთანხმება ხელმოწერიდან ხუთი წლის შემდეგ

ავტორი: სოფო ხუციშვილი, JAMnews

უკვე ხუთ წელზე მეტია, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება იყო.

რა შეიცვალა ამ ხუთ წელიწადში? რა მოუტანა ამ შეთანხმებამ ქართველ მეწარმეებსა და ქართულ ეკონომიკას?

ისტორია # 1. ფერმერი სოფელ რუისპირიდან

გიორგი ალადაშვილი პირდაპირ ეთერში უყურებდა კადრებს, როდესაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები 2014 წლის 27 ივნისს ხელს აწერდნენ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას.

ამბობს, რომ სულზე მოუსწრო ამ გადაწყვეტილებამ. სწორედ მაშინ ის საკუთარი მეურნეობის გაშენებას, ორგანული ღვინის ჩამოსხმასა და ევროპაში გატანას გეგმავდა.

„ეს მიწა მამა-პაპისგან მერგო, მაგრამ ჩემი საკუთრება არ არის. წინაპრებისგან დროებით მაქვს, რომ მოვუარო, კიდევ უფრო გავანოყიერო და უფრო ბარაქიანი დავუტოვო მომავალ თაობას – შვილებს, შვილიშვილებს“, – ამ სიტყვებით შემიძღვა გიორგი ალადაშვილი თავის ბიოდინამიკურ მამულში.

ეს ჩამწკრივებული ვაზის რიგები და ქვით-კირით ნაშენი მეურნეობა თელავთან ახლოსაა, სოფელ რუისპირში. თავზე კავკასიონის დათოვლილი ქედი ადგას და აქაურობას კიდევ უფრო ზღაპრულ იერს სძენს.

– რას ნიშნავს ბიოდინამიკური? – ვეკითხები.

_ ბიოდინამიკური ანუ ცოცხალი, ასი პროცენტით ორგანული და ნატურალური. აქ უსულო არაფერია. კედლებიც რიყის ქვითა და კირითაა ნაშენი და არა – რკინა-ბეტონით და ცემენტით. სინამდვილეში, ამ ყველაფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე, მთელს ჩვენს ცხოვრებაზე. ევროპაში ამას დიდ ყურადღებას უთმობენ,“ – ამბობს ის.

90-იან წლებში, როდესაც საქართველოში სიღატაკის, ენერგოკრიზისის, კორუფციისა და პოლიტიკური არასტაბილურობის წლები იყო, გიორგი უკეთესი ცხოვრების საძიებლად ევროპაში გაემგზავრა.

მოგვიანებით შვეიცარიის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში მოხვდა, სადაც ადგილობრივებს ვენახი მოჰყავდათ.

შვეიცარიელი მეურნეები ვაზს მთვარის კალენდრის მიხედვით უვლიდნენ და მხოლოდ ორგანულ ღვინოს აყენებდნენ.

მათგან გიორგიმ ბევრი რამე ისწავლა. სწორედ მაშინ შეიტყო პირველად ბიოდინამიკური მეურნეობის შესახებ, რომელიც შემდეგ საფუძვლიანად შეისწავლა და გადაწყვიტა, ეს წესი საქართველოში დაენერგა.

რუისპირში დაბრუნებულმა სოფელში დაუმუშავებელ, შეუწამლავ ნიადაგს დაუწყო ძებნა. ადგილობრივებს უხსნიდა, რომ იმ რაოდენობის ჰერბიციდები, პესტიციდები და შხამ-ქიმიკატები, რასაც ისინი მოსავლიანობის გაზრდისთვის იყენებდნენ, სახიფათო იყო – იფიტებოდა ნიადაგი, იწამლებოდა ნაყოფი.

„ყველაზე მეტად მაღიზიანებს, როცა ამის პასუხად მეუბნებიან, რომ მოსავალი გასაყიდად უნდათ და სახლში არ ტოვებენ. შე დალოცვილო, ვინც იყიდის, იმას რას ერჩი?! სანამ ასეთი მიდგომა გვექნება და ხარისხს არაფრად ჩავაგდებთ, ევროპაში ჩვენი ფეხი არ იქნება,“ – ემოციურად საუბრობს გიორგი, თან ბაღჩის მოწნულ ღობეს, უშნოდ რომ გადაწოლილა, ასწორებს და საგულდაგულოდ ამაგრებს.

თავდაპირველად თანასოფლელები ფიქრობდნენ, რომ შვეიცარიიდან რუისპირში დაბრუნებული გიორგი თავისი ახირებებით უბრალოდ ყურადღებას იპყრობდა.

არ იღებდნენ მის შენიშვნებს ვაზის შეწამვლასთან დაკავშირებით; ვერ ხვდებოდნენ, რატომ აგროვებდა სოფლის ველ-მინდვრებში გვირილას, ჭინჭარს და მათგან რატომ ამზადებდა შესაწამლ საშუალებებს, როცა ვაზისთვის საჭირო შხამ-ქიმიკატები ასეთი ხელმისაწვდომი იყო; რატომ იკვლევდა ტრადიციული ქვევრის ღვინის დაყენების პრინციპებს ასეთი მონდომებით, როცა თანამედროვე პლასტმასის კასრები ასე მოსახერხებელი იყო ტონობით მაჭრის დასაღვინებლად.

რამდენიმე წლის შემდეგ, როცა გიორგის მარანში ჩამოსხმული რუისპირის ქვევრის ღვინო შვეიცარიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და სინგაპურშიც კი, პირწმინდად გაიყიდა, მერე მიხვდნენ, რომ ევროპიდან დაბრუნებული თანასოფლელისთვის უნდა მოესმინათ და ახლა რჩევის საკითხავადაც კი დადიან.

დღეს გიორგი ალადაშვილს 11 მუდმივი თანამშრომელი ჰყავს. სეზონურ სამუშაოზე ოცამდე ადგილობრივს ასაქმებს.

„გიომ იმდენი რამ გვასწავლა. სულ განსხვავებული მიდგომები აქვს, – გვიყვება რეზო, მეურნეობის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი, – სულ ხელით ვმუშაობთ. ვაზთან ტრაქტორს არ გააჭაჭანებს, ვენახში მობილური ტელეფონითა და თამბაქოთი შესვლას გვიკრძალავს, – ყურძენს ავნებსო“.

გიორგის იმ სახელმწიფო პროგრამებზე ვეკითხებით, რომლებიც სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად ქვეყანაში ხორციელდება.

ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში თითქმის არც ერთი სახელმწიფო პროგრამა სათანადოდ არ მუშაობს.

„მეღვინეობაში გამოუცდელ ხალხს ერთი-ორი ათასი ლარით აფინანსებენ და ურთულეს ვალდებულებებს აკისრებენ. ამით ახალბედა მეურნეებსაც ღუპავენ და შემდგომში მათი პროდუქციის მომხმარებლებსაც. სოფლის მეურნეობას ასე ვერასოდეს განავითარებენ“, – ამბობს ის.

„სახელმწიფო რომ რეალურად ეხმარებოდეს მეწარმეებს, ჩემი ბიზნესის გაფართოებისთვის სესხი 11.5 პროცენტში უნდა მქონდეს აღებული?! ან ჩემს მეურნეობამდე, რომელსაც ყოველდღიურად ამდენი ტურისტი სტუმრობს, ასეთი ოღრო-ჩოღრო გზა უნდა მოდიოდეს?!“ – კითხულობს ის.

ამბობს, რომ მეღვინეობით დაინტერესებულ უამრავ ადამიანს ხვდება. ყველას უნდა მისი გამოცდილება გაიზიაროს, რომ პროდუქცია ევროპაში გაიტანოს.

„ჩემი ცოდნის ასივე პროცენტი საქართველოში ჩამოვიტანე. ჩემი პროდუქციის ასივე პროცენტი უცხოეთში გადის. ჩემი შემოსავლის ასივე პროცენტი საქართველოში ბრუნდება. სამწუხარო ის არის, რომ ყველა მხოლოდ მოგებაზე მეკითხება. პროდუქციის ხარისხზე და კეთილსინდისიერ სამუშაოზე შეკითხვას არავინ სვამს. არადა, ევროპაში სწორედ ხარისხიანი პროდუქტი ფასობს,“ – ამბობს ის.

რას ნიშნავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

სწორედ ეს შეთანხმება უხსნის ქართველ მეწარმეებს ევროკავშირის შიდა ბაზარს – 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

მაგალითად, ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი (გამონაკლისია ნიორი) ისე შევა ევროპულ ბაზარზე, რომ მეწარმე არანაირ საბაჟო გადასახადს არ გადაიხდის.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებამ ევროპის ქვეყნების კარი საქართველოს მოქალაქეებს გაუღო, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ასეთივე თავისუფალი გადაადგილების საშუალებას აძლევს საქართველოში წარმოებულ პროდუქციას, სხვადასხვა სერვისებს და ასევე ქართულ კაპიტალს.

თუმცა, იმისთვის, რომ ქართული პროდუქცია ევროპის ბაზარზე მოხვდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ შეთანხმების არსი მხოლოდ ექსპორტის შესაძლებლობაში არ არის. ის არა მარტო ევროპული ბაზრის, არამედ პირველ რიგში ადგილობრივი ბაზრის ხარისხზე ზრუნავს.

შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ, რამდენიმე წელიწადში ქართველმა მომხმარებელმა ისეთივე ხარისხიანი ხორცი, ძეხვი თუ ბოსტნეული უნდა შეიძინოს მაღაზიაში, როგორსაც მაგალითად, ლიეტუველი, რუმინელი, ფრანგი და გერმანელი მომხმარებელი ყიდულობს.

შეთანხმებაში ყველაფერი ისეა გათვლილი, რომ ქართველ მეწარმეებს მოუწევთ მეტი იზრუნონ პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე, რითიც ქართველი მომხმარებელიც იხეირებს.

ამ შედეგის მისაღწევად, შეთანხმება ავალდებულებს საქართველოს მთავრობას, რომ ეტაპობრივად შეიცვალოს უამრავი მოძველებული, არაეფექტური კანონი და დაიწეროს ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული კანონმდებლობა. ასევე ამოქმედდეს არაერთი ახალი რეგულაცია.

ამ პროცესს საქართველოში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რადგან ახალი წესების შესრულება ქართული ბიზნესისთვის ამ ეტაპზე ძალიან რთულია.

მაგალითად, სულ ახლახან შევიდა ძალაში ახალი რეგულაცია, რომელიც საბავშვო სათამაშოების უსაფრთხოებას ეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მხოლოდ უსაფრთხო მასალისგან უნდა დაამზადონ სათამაშოები და ასეთივე უსაფრთხო უნდა იყოს იმპორტირებული საქონელიც.

ბევრი იმპორტიორი, რომელსაც უხარისხო სათამაშოები იაფად შემოჰქონდა და ამით ფულს შოულობდა და ქვეყნის ეკონომიკასაც ეხმარებოდა, ამას უკვე ვეღარ შეძლებს. იმპორტიორებს ხარისხიანი და უფრო ძვირი პროდუქციის მოძიება მოუწევთ, რაც ბევრს არ შეუძლია. ეს ყველაფერი იმოქმედებს სათამაშოების ფასზეც, ისინი დიდი ალბათობით, უფრო ძვირი გახდება.

თუმცა, სასწორის მეორე მხარეს ბავშვების უსაფრთხოებაა, – ამბობენ ევრორეგულაციების მომხრეები.

მეტროლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ნინო მიქანაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ რეგულაციებთან დაკავშირებით სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს:

„ერთი ხელის მოსმით ყველა რეგულაციის ქაღალდზე გადმოტანა და ბიზნესის და მომხმარებლების სრულებით ახალ რეალობასთან დაყენება ძალიან მტკივნეული იქნება. ყველა ევრორეგულაციის გასათვალისწინებლად ქართული ბიზნესი ჯერ მზად არ არის, რადგან მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელება მოუწევს. ამისთვის არც მომხმარებელია მზად, რომელსაც პროდუქცია გაუძვირდება. ეს ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს,“ – ამბობს ის.

რა აბრკოლებს ქართველი ფერმერების გზას ევროპისკენ?

პირველ რიგში ეს ხარისხი/სტანდარტია. იმისთვის, რომ ქართული საკვები პროდუქცია ევროპულ დირექტივებს შეესაბამებოდეს, საჭიროა წარმოებაში კონკრეტული სტანდარტების, მათ შორის უმთავრესის – HACCP სტანდარტის დანერგვა.

HACCP (Hazard Analysis Critical Control Point) ეს არის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავებულ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს.

HACCP სტანდარტი აკონტროლებს საკვები პროდუქტის წარმოებას თავიდან ბოლომდე – ანუ მხოლოდ მზა პროდუქტი კი არ მოწმდება, არამედ მთელი საწარმოო პროცესი – დაწყებული ნედლეულის ხარისხით, დამთავრებული იმ კონკრეტული წერტილების ჰიგიენური ნორმების შემოწმებით, სადაც მზადდება საკვები პროდუქტი.

მაგალითად, უკრაინაში, რომელმაც ასევე მოაწერა ხელი ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას, HACCP სტანდარტის დაცვა აუცილებელი გახდა არა მარტო იმ საწარმოებისთვის, რომლებსაც საკვები პროდუქტები ევროპაში გააქვთ, არამედ ყველა ობიექტისთვის, რომელსაც რაიმე შეხება აქვს საკვებთან – იქნება ეს ნედლეულის მწარმოებელი საწარმოები, გადამამუშავებელი საწარმოები თუ კაფეები და რესტორნები.

HACCP-ის სტანდარტის მოპოვებას მეწარმეები ისეთ ქვეყნებშიც ცდილობენ, სადაც ეს სავალდებულო არ არის, რადგან მსგავსი სერთიფიკატი მნიშვნელოვნად ზრდის საწარმოს იმიჯს და მის მიმართ სანდოობას.

საქართველოში ჯერჯერობით სტანდარტი სავალდებულო მხოლოდ მათთვისაა, ვისაც პროდუქციის ევროპაში გატანა უნდა.

აღნიშნული სტანდარტის მოპოვება ადვილი არ არის, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისთვის. ამისთვის სოლიდური ინვესტიციაა საჭირო – საწარმოს სრული გადაიარაღება, პერსონალის გადამზადება.

მეორე მიზეზი მცირემიწიანობაა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას უშლის ხელს – მიწის ნაკვეთების მცირე ზომაა.

საქმე იმაშია, რომ ევროპელ ინვესტორებს, რომლებიც ევროპის 500 მილიონიან ბაზარზე მუშაობენ, არ უღირთ ქართველი ფერმერებისგან მცირე ოდენობის პროდუქციის შეძენა. მაგალითად, ერთი ფერმერისგან შეძენილი 10 ტონა ვაშლი ინვესტორისთვის საინტერესო არ არის. მას მინიმუმ ათჯერ მეტი ვაშლი სჭირდება იმისთვის, რომ დაინტერესდეს. თანაც, ევროსტანდარტის მიხედვით, პროდუქტი უნდა იყოს ერთგვაროვანი. ანუ ათი სხვადასხვა ფერმერისგან სხვადასხვა ვაშლის შეძენა ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს.

„მიწების დანაწევრების გამო საქართველოში მასობრივი წარმოება და მასშტაბის ეკონომია ვერ ხერხდება. ევროპულ ბაზარზე კი კონკურენტუნარიანი ვერ იქნები, თუ მიწის ფართო მასივებზე არ მოიყვან ერთგვაროვან პროდუქტს,“ – ამბობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე.

იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას, ქართველმა ფერმერებმა მიწების და მეურნეობების გაერთიანება, კონსოლიდაცია და პროდუქციის ერთობლივად მოყვანა უნდა შეძლონ, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში მოხდა, თუმცა საქართველოში ეს სხვადასხვა მიზეზის გამო ფერხდება.

პირველი ის არის, რომ საქართველოში მიწის ფლობის საკითხი დღემდე მოუწესრიგებელია.

საბჭოთა მმართველობის დროს მიწები ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფოს საკუთრება იყო, შემდეგ დაიწყო პრივატიზაციის პროცესი, თუმცა, დღესაც ძალიან დიდია სახელმწიფოს წილი სასოფლო-სამეურნეო მიწების მთლიან რაოდენობაში – მთლიანი სასოფლო-სამეურნეო მიწების მხოლოდ 25 პროცენტია პრივატიზებული.

გიორგი ჩიტიძე, რომელიც დღეს ეკონომიკის სამინისტროში აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელია, ხუთი წლის წინ DCFTA-ს შესახებ მოლაპარაკებებში უშუალოდ იყო ჩართული, ის კიდევ ერთ დაბრკოლებაზე – მოსახლეობის მენტალიტეტზე აკეთებს აქცენტს:

„ჩვენს სოფლებში ფერმერებს გაერთიანების პრობლემა აქვთ. ყველა ფიქრობს, რომ გაერთიანება, საერთო საქმის კეთება სარისკოა, შეიძლება მოტყუებულები დარჩნენ და ეს მათ არაფერში წაადგებათ“.

პრობლემაა აგრეთვე ის, რომ უფულობის გამო ახალ სტანდარტზე ვერ გადადიან, ვერ იძენენ თანამედროვე დანადგარებს: თუმცა, უშუალოდ ფერმერებთან საუბრისას ირკვევა, რომ დღეს მათ უმეტესობას ექსპორტზე ფიქრის დრო და შესაძლებლობა არ აქვთ.

დღეს ყველა ერთი დიდი გამოწვევის წინაშე დგას – მოსავალს რომ მოიყვანს, როგორმე სასწრაფოდ მოიშოროს, რადგან მას არც პროდუქტის შესანახი თანამედროვე საშუალებები აქვს და არც სხვა დანადგარები, რომლებიც მათ წარმოებას გააუმჯობესებდა.

დაბოლოს, მიუხედავად ბევრი საინფორმაციო პროგრამისა, მაინც არის ინფორმაციის ნაკლებობა: გარდა იმისა, რომ ფერმერმა ევროპული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს, მან ბაზარიც უნდა შეისწავლოს – რა დროსაა კარგი იქ პროდუქტის შეტანა; რა პროდუქტზეა მოთხოვნა; თუ შეიტანს, რომელი სუპერმარკეტების ქსელში აჯობებს შესვლა და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ფერმერების ცოდნას ამაღლებს, სახელმწიფოს ჯერჯერობით კვლავაც უჭირს სოფლის მეურნეობის სწორად დაგეგმვა, საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოვლენა, მეწარმეებისთვის გამოფენების ორგანიზება და მათთვის საგარანტიო ფონდების შეთავაზება.

რა გადის დღეს ევროპაში და რამდენი?

ექსპორტთან დაკავშირებით, დადებით ტენდენციებს ავლენს ევროსტატის მონაცემები.

DCFTA-ის ამოქმედების შემდგომ, საქართველოში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 37 პროცენტითაა გაიზარდა. თუ 2014 წელს 578 ქართული კომპანია არსებობდა, რომლებსაც პროდუქცია ევროპაში გაჰქონდათ, 2018 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი 789-მდეა გაზრდილი.

2018 წლის მონაცემებით, ევროკავშირში ექსპორტი საერთო ქართული ექსპორტის 28 პროცენტს შეადგენს. ექსპორტირებული საქონლის ყველაზე დიდი რაოდენობა – 36 პროცენტი, დსთ-ს ქვეყნებზე მოდის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან სულ 3 მილიონ 355 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. აქედან ევროკავშირის ქვეყნებში 730 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა.

დღეის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან ევროპის ბაზარზე გადის ის პროდუქტები, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდეც გადიოდა ევროპაში. ეს არის ძირითადად ღვინო, მინერალური წყალი და თხილი.

სულ ახლახან დაიწყო უმნიშვნელო რაოდენობით კივისა და ლურჯი მოცვის, ხმელი ლიმონის და ჩირეულის გატანა. სამრეწველო საქონლის საექსპორტო ჩამონათვალს ასევე მცირე მასშტაბით შეემატა პლასტმასისა და მინის ნაწარმიც.

ქართული რძე/რძის პროდუქტები და ხორცი/ხორცის პროდუქტები ევროპის ბაზარზე ჯერ კიდევ აკრძალულია. ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, ცხოველური პროდუქტები მომეტებული საფრთხის შემცველი სურსათის სახეობას განეკუთვნება.

ამ კუთხით, მთავრობას მომავალი ორი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი რეგულაციების მიღება მოუწევს, რაც კერძო პირებს ცხოველური პროდუქტის სახლის პირობებში წარმოებას სრულად აუკრძალავს.

რაც შეეხება სამრეწველო საქონელს, ამ კუთხით ადგილობრივი ბაზარი ჯერ ბოლომდე ვერ რეგულირდება. დადგენილი რეგლამენტების მიღების საბოლოო ვადა 2027 წელია. მანამდე მწარმოებლებსა და ბიზნეს ოპერატორებს, წარმოების ახალ სტანდარტებზე გადასაწყობად, სტანდარტიზაციის სპეციფიკური პროცედურების გავლა მოუწევთ: სერთიფიცირება, შეფასების შიდა სტანდარტების მექანიზმების შემუშავება და ა.შ.

ისტორია #2. ფერმერი რუსთავიდან: “საქართველოს მასშტაბით წარმატებას რომ მივაღწიე, მეტი ამბიცია გამიჩნდა”

თუთბერიძეს სასათბურე მეურნეობის შექმნის იდეა გაუჩნდა. საკუთარი დანაზოგი მხოლოდ სათბურის აწყობას ეყოფოდა, მიწის შესაძენად დაფინანსების მისაღებად კი, დაწერა ბიზნეს-გეგმა, გააკეთა რეალისტური ფინანსური გათვლები, დეტალური ხარჯთაღრიცხვა და სახელმწიფო გრანტიც მიიღო.

კახა თუთბერიძე პროფესიით ფინანსისტია. 2014 წელს, როცა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად, სოფლის მეურნეობა ქვეყანაში პრიორიტეტულ დარგად გამოცხადდა, კახამ ტელევიზიით სახელმწიფო პროგრამის – აწარმოე საქართველოში – შესახებ შეიტყო.

ამ პროგრამის თანახმად, სახელმწიფო, ფაქტობრივად, თანხას ჩუქნიდა მას, ვინც სწორად გათვლილ ბიზნეს-გეგმას წარადგენდა და გაცემული თანხის ოთხმაგ ინვესტიციას ჩადებდა.

ამ პროგრამის თანახმად, სახელმწიფო, ფაქტობრივად, თანხას ჩუქნიდა მას, ვინც სწორად გათვლილ ბიზნეს-გეგმას წარადგენდა და გაცემული თანხის ოთხმაგ ინვესტიციას ჩადებდა.

სახელმწიფო პროგრამის პირობების თანახმად, უკვე მომდევნო წელს პროდუქტის გამოშვება და რეალიზაცია უნდა დაეწყო.

თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა. საქმიანობის დასაწყისშივე პრობლემების მთელი კასკადი წამოვიდა.

„ელემენტარულად, სათბურის კვალიფიციური კონსტრუქტორიც კი ვერ ვიპოვე. თავად მომიწია, უამრავ ნიუანსში გავრკვეულიყავი და ნაგებობა საკუთარი ხელით ამეწყო. შესაფუთი ფირი, რომელიც ულტრაიისფერ სხივს ანეიტრალებს, ისრაელიდან ჩამოვიტანე. თავად შევისწავლე სათბურის დაგეგმვისა და განთავსების წესები,“ – ჰყვება კახა.

შემდეგი გამოწვევა უკვე ხარისხიანი პროდუქტის მოყვანა და მისი სტაბილურად, რენტაბელურ ფასში რეალიზება იყო. ამისთვის კახა საჩითილე მეურნეობაშიც ძირ-ფესვიანად გაერკვა, რადგან ვერც ამ სფეროში იპოვა სანდო სპეციალისტები.

თავიდან მასობრივი მოხმარების მწვანილეულის მოყვანა დაიწყო. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ამ პროდუქტის სტაბილური რეალიზება შეუძლებელი იყო. მოსავლის რამდენიმე პარტია მთლიანად გაუფუჭდა.

„ჩვენი ბაზარი ძალიან ქაოსურია. მოთხოვნებთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ არსებობს. ფერმერები ბრმად, ერთმანეთის მიმბაძველობით იწყებენ ბოსტნეულის ერთგვაროვანი სახეობების მოყვანას. შემდეგ ბაზარზე მუდმივად რაღაც პროდუქტი ჭარბადაა, რაღაც პროდუქტზე კი დეფიციტი ჩნდება. ამიტომ დღეს ქვეყანა 90 პროცენტიან იმპორტზეა დამოკიდებული. მსხვილ სუპერმარკეტებს, რესტორნებს, სასტუმროებს ხომ მუდმივი მომმარაგებლები სჭირდებათ?“

რაც უფრო მეტს აკეთებდა, მით უფრო შორეული ჩანდა ევროპულ ბაზარზე გასვლის პერსპექტივა.

აშკარა იყო, წარმოების გასაგრძელებლად, სხვა გზა უნდა მოეძებნა.

ეს გზაც მალე გამოჩნდა – მასობრივ წარმოებაზე უარი თქვა და ისეთი ბოსტნეულის და სასალათე მცენარეების მოყვანა დაიწყო, რომელიც საქართველოში იშვიათია – კეილი (ხუჭუჭა კომბოსტო), იაპონური სალათა – მიზუნა, ფენელი (კამის ბოლქვი), პაკჩოი, რუკოლა, არტიშოკი და ა.შ.

სათესლე მასალას თავდაპირველად ინტერნეტით იწერდა და ტესტავდა. აღმოჩნდა, რომ ქართული კლიმატის პირობებში, უმაღლესი ხარისხის პროდუქტის მიღება შეიძლება. მისი გემოვნური თვისებები, არომატი, შემადგენლობა იმპორტირებულს ბევრად წინ უსწრებს.

„მალევე „აჭარა-ჯგუფი“ დაინტერესდა ჩვენი მოსავლით. უარი თქვა იმპორტირებული პროდუქტის შეძენაზე და დღემდე მისი სასტუმროების ქსელი სტაბილურად მარაგდება ჩემს სათბურებში მოყვანილი ბოსტნეულით“.

ადგილობრივ ბაზარზე წარმატების შემდეგ, კახა თუთბერიძე ახლა უკვე ისევ დაფიქრდა ევროპულ ბაზარზე.

სულ ცოტა ხნის წინ, მისი სასათბურე მეურნეობით ავსტრიელი ბიზნესმენი დაინტერესდა. მისი თხოვნით, კოჭა და კურკუმა სათბურში სატესტოდ მოიყვანა. შემოწმებისა და ანალიზის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ აღნიშნული კულტურების გაცილებით ხარისხიანი მოსავალი შეიძლება მიიღო საქართველოს ნიადაგზე, ვიდრე ისრაელში ან ესპანეთში, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ამ პროდუქტების ძირითადი იმპორტიორები არიან.

„ამ ფაქტმა ისევ გამიჩინა ამბიცია, ევროპაშიც დავიწყოთ პროდუქციის გატანა. ახლა, როცა ადგილობრივი წარმოება წარმატებით აეწყო, აზარტიც მომემატა,“ – ამბობს კახა თუთბერიძე.

სახელმწიფო და სხვა სახის მხარდამჭერი პროგრამები

უკვე წლებია, ქვეყანაში მოქმედებს სახელმწიფო პროგრამები ოპტიმისტური სახელწოდებებით: „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „ახალგაზრდა მეწარმე“ და სხვა ფერმერთა თანადაფინანსების და დახმარების პროგრამები.

თუმცა, ბევრი მეწარმისთვის ეს პროგრამები ხელმისაწვდომი არ არის, რადგან მათში ჩასართავად საწყისი კაპიტალია საჭირო – ორმაგი, სამმაგი და ხშირად, ოთხმაგი ინვესტიცია. პროგრამები ასევე ითხოვენ მნიშვნელოვან საბანკო გარანტიებს.

პროცესში ასევე აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო დონორები – ევროკავშირი, გაერო, USAID-ი. ისინი საქართველოს მთავრობას ტექნიკურ დახმარებას უწევენ, რათა ქართული კანონმდებლობა ნაბიჯ-ნაბიჯ დაუახლოვდეს ევროპულს.

მსხვილ პროექტებს ახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD), რომლის ბიუჯეტი 179.5 მილიონი ევროა.

მისი ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სახელმწიფო პროგრამებს ახორციელებს. ENPARD-ის ფარგლებში, ფერმერებისთვის სოფლად საკონსულტაციო ცენტრები დაფუძნდა; შეიქმნა კოოპერატივები; აღნიშნულ დარგში კვლევების წასახალისებლად, სოლიდური გრანტები გაიცა და ა.შ.

ჩეხეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაციამ People in Need ახლახან დაასრულა ფერმერთა განსწავლის პროგრამა – სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას DCFTA-ს ზოგად ასპექტებს აცნობდნენ – უყვებოდნენ სურსათის უვნებლობის ევროპულ სტანდარტებზე; უხსნიდნენ ენერგოეფექტურობის სიკეთეებს; კლიმატგონივრული მეურნეობის დაგეგმვის პრინციპებს.

თუმცა, ის შესაძლებლობები, რასაც ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაძლევს, სიდუხჭირეში მცხოვრები გლეხის კარ-მიდამოდან ჯერ კიდევ შორეულ და ბუნდოვან პერსპექტივად აღიქმება.

ისტორია #3. მეფუტკრე ჯავახეთიდან: “სახელმწიფო არ გვეხმარება”

არამაის მელტონიანი მეფუტკრეა. იგი სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდაში ცხოვრობს. მისი ოჯახი ოთხი თაობა მეფუტკრეები არიან. არამაისს ფუტკრის 120 ოჯახი ჰყავს.

ის ამბობს, რომ როდესაც საქართველომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, მისი მოლოდინები ძალიან ოპტიმისტური იყო. თუმცა, დღეს ის იმედგაცრუებულია.

მისი თქმით, მან არაერთხელ სთხოვა ხელისუფლებას დახმარება ევროკავშირში თაფლის გატანასთან დაკავშირებით, მაგრამ უშედეგოდ.

როგორც არამაისი ამბობს, მთავარი დაბრკოლება ის არის, რომ საქართველოს ამ დრომდე არ აქვს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც თაფლის ხარისხს შეამოწმებდა. ის ამბობს, რომ დახმარება სჭირდება დაფასოების სისტემის აწყობასა და პროდუქციის სათანადო შეფუთვაში, რადგან ამას საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდება. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ხელისუფლება მას ამაში არ ეხმარება.

მელტონიანი ამბობს, რომ თაფლის წარმოება პოტენციურად სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი დარგია. სხვა პროდუქტებთან შედარებით, თაფლს შეუძლია ორჯერ და სამჯერ მეტი შემოსავალი მოიტანოს.

არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო წელს მხოლოდ 400-450 კილოგრამი თაფლი აიღო, მაშინ როცა ჩვეულებრივ, ორ-სამ ტონას იღებს. პროდუქტს იგი ჯავახეთის რეგიონში ჰყიდის და ასევე სომხეთში გააქვს.

“კარგი იქნებოდა ევროპაში მიგვქონდეს ეს თაფლი. იქ ძაან ძვირი ღირს, მაგრამ ჩემით ამას ვერ გავაკეთებ, სახელმწიფო კი, არ მეხმარება. მითხრეს, რომ კოოპერატივი უნდა გამეხსნა. ასეც მოვიქეცი, მაგრამ მას მერე ყურადღებას არავინ მაქცევს,” – ამბობს მელტონიანი.

მთავარი, რაც ამ რეგიონის ფერმერებს უშლის ხელს, არაინფორმირებულობაა, მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია ახალქალაქის ბიზნესცენტრის ხელმძღვანელი მახარე მაცუკატოვი. ჯავახეთის რეგიონში უმეტესწილად სომხური მოსახლეობა ცხოვრობს, უმრავლესობამ სახელმწიფო ენა არ იცის, რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს ამ რეგიონში.

“ფერმერებმა არ იციან როგორ შეფუთონ საქონელი, როგორ გააგზავნონ ის ექსპორტზე. ეს მარტო მარკეტინგის თემა არ არის, ელემენტარულად, დოკუმენტების ინგლისურად ან ქართულად შევსების პრობლემაცაა,” – ამბობს ის.

მაცუკატოვის თქმით, ზოგჯერ სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორი ატარებენ ტრენინგებს, გამოსცემენ საინფორმაციო ბუკლეტებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანები გამოვიდნენ საინფორმაციო ვაკუუმიდან.

გარდა ამისა, მისი თქმით, ახალი კანონები, რომლებმაც ხარისხი უნდა გააუმჯობესონ, ხშირ შემთხვევაში არ სრულდება. მაგალითად, მეწარმეები, რომლებმაც დაარეგისტრირეს რძის ნაწარმის მწარმოებელი საწარმოები და დადგენილი სტანდარტების დაცვა დაიწყეს, წამგებიან პოზიციაში აღმოჩდნენ, რადგან სხვები ამ სტანდარტების უგულებელყოფით მუშაობას აგრძელებენ.

“ფერმერს რომ ეცოდინება, რომ ევროპაში საქონლის გატანა მართლაც რეალურია, ის ყველა ნორმას დაიცავს,” – ამბობს მაცუკატოვი.

ბიოპროდუქტები – ქართული ექსპორტის მომავალი?

ფერმერთა ასოციაციაში უკვირთ, საერთოდ რატომ ვსაუბრობთ ფართომასშტაბიან ექსპორტზე მაშინ, როდესაც ქვეყანა დაახლოებით, 70 პროცენტიან იმპორტზეა დამოკიდებული; როცა ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტებზე მოთხოვნა ჭარბია და მიწოდება – არასაკმარისი.

„ჩვენ რეალურად გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ვაწარმოოთ ბიო პროდუქტი. – ქვეყანაში მთელი სოფლები და რეგიონებიც კია, სადაც წლების მანძილზე მიწას არავინ შეხებია. სიდუხჭირის გამო, ადგილობრივებს მიწების მოხვნის შესაძლებლობაც კი არ ჰქონდათ, შეწამვლაზე რომ არაფერი ვთქვათ. ამ ტერიტორიაზე თავისუფლად შეიძლება ბიო პროდუქციის მასობრივი წარმოება, რაც სულაც არ ჯდება ძვირი, და უპირველესად, ადგილობრივი, ქართველი მომხმარებლებისთვის შეთავაზება,” – ამბობს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე.

მისი თქმით, საამისოდ საჭიროა სახელმწიფომ ადგილობრივი ფერმერები წაახალისოს, მათ ბაზარზე მოთხოვნის სრული სურათი უჩვენოს და პრიორიტეტების მიხედვით, საჭირო რჩევები მისცეს.

“ამის სანაცვლოდ კი რა ხდება? – ჩვენი ბაზარი უმეტესად იმპორტირებული პროდუქციითა გაჯერებული. ადგილობრივ გლეხებს ძირითადად, ერთგვაროვანი პროდუქტი მოჰყავთ და ისიც სეზონურად. ეს კი არც ფერმერისთვისაა მომგებიანი და არც მომხმარებლისთვის – ხელსაყრელი,”- ამბობს ის.

ასოციაციაში ამბობენ, რომ ევროპული სტანდარტით მეურნეობის გამართვის შემთხვევაში, ფერმერი ნებისმიერ შემთხვევაში მოგებული დარჩება იმისდა მიუხედავად, უახლოეს მომავალში მისი პროდუქცია გავა თუ არა ევროპაში.

„ცოტა ხნის წინ ჩვენმა ასოციაციამ კონფერენციას უმასპინძლა, სადაც 330 სასტუმროს მეპატრონე იყო ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული. მათ რამდენიმე ქართველი ფერმერის პროდუქცია შევთავაზეთ. ყველა აღფრთოვანდა მეგრული აჯიკით. არ გამოვრიცხავ, რომ მეგრული აჯიკა ძალიან სწრაფად გავიდეს ევროპულ ბაზარზე. ვფიქრობ, ის ადამიანი, ვინც საკუთარ თავს ევროპასთან აიგივებს, კარგად იცის, რა სჭირდება ევროპულ ბაზარს. – ევროპულ ბაზარს სჭირდება ერთადერთი – ხარისხიანი პროდუქტი“, – ამბობს ნინო ზამბახიძე.

ფოტო: დავით ფიფია/ JAMnews

მასალა მომზადებულია “ინტერნიუს-საქართველოს” მხარდაჭერით

 

 

ევრაზიული ფოცხვერი ახლო ხედით [ფოტო]

ევრაზიული ფოცხვერის ეს იშვიათი კადრი ფოტოხაფანგმა რამდენიმე დღის წინ ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე დააფიქსირა. ევრაზიული ფოცხვერი (Lynx lynx) საქართველოს მოქმედ “წითელ ნუსხაში” გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფის სტატუსით შედის. ფოტო დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაავრცელა.

„ნათია ზოიძის წასვლა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ფაქტია“ – განცხადება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროფკავშირები ტელევიზიის ყოფილი დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის ტელევიზიიდან წასვლას განცხადებით ეხმაურება. გუშინ, 2 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ ნათია ზოიძემ მაუწყებელი დატოვა.

ალტერნატიული პროფკავშირები მიიჩნევს, რომ ნათია ზოიძის სამსახურიდან წასვლა სხვა არაფერია, თუ არა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უკვე დამდგარი ფაქტი:

„ვინაიდან ეს არ არის ერთეული შემთხვევა და მაუწყებლიდან პროფესიონალი და პრინციპული თანამშრომლების გადინებამ პერმანენტული ხასიათი მიიღო, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირების სახელით გადავწყვიტეთ ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ნათია ზოიძის სამსახურიდან წასვლა სხვა არაფერია, თუ არა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უკვე დამდგარი ფაქტი. ეს აღარაა მცდელობა. ეს არის შედეგი, რაზეც სრული პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოსა და მაუწყებლის დირექტორს. მაუწყებლის თანამშრომლები ვაგრძელებთ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ბრძოლას, რადგან ძალაუფლება არის იმ ადამიანების ხელში, რომელთათვისაც მაუწყებლის ღირებულებები და მისია მიუღებელი ცნებებია.

იმ პირობებში, როდესაც არც ერთი ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია არ სვამს კითხვებს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მაშინ, როდესაც ტელევიზიის წინაშე უამრავი გამოწვევაა, დირექტორი და მრჩეველთა საბჭო საუბრობენ არა ამ პრობლემების გამოსწორებაზე, არამედ ასუსტებენ მაუწყებლის დამოუკიდებლობას და ებრძვიან თავისუფალ რედაქციას. მიმდინარე არაჯანსაღი პროცესები შეუძლებელს ხდის თანამშრომლების მხრიდან მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებას.

საარჩევნო წელს ამგვარი რყევები დამატებით პოლიტიკურ მდგენელს სძენს პროცესს და აჩენს ეჭვებს, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას შეიძლება ემსახურებოდეს ეს ცვლილებები”,- ვკითხულობთ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირის განცხადებაში.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფკავშირი 28 იანვარს დაარსდა, მასში მაუწყებლის 64 თანამშრომელია გაწევრიანებული.

ნათია ზოიძემ 2 თებერვალს ფეისბუქზე დაწერილ პოსტში, რომლითაც მან აჭარის მაუწყებლიდან წასვლის მიზეზები განმარტა, აღნიშნა, რომ აინტერესებდა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თავმჯდომარის ჩათვლით, ოდესმე პასუხისმგებლობას თუ იგრძნობენ იმაზე, რა შედეგიც დადგა. დღეს აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამის შესახებ ჰკითხა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. დავით გაბაიძემ განაცხადა, რომ უმაღლესი საბჭო არაფერ შუაშია და მისთვის გაუგებარია ნათია ზოიძის პოზიცია.

 

როგორ მივხვდეთ, რომ ბინაში გაზი ჟონავს – რეკომენდაციები

როგორ დავიცვათ თავი ბუნებრივი აირით მოწამვლისგან და რა არის ის აუცილებელი რეკომენდაციები, რომლებიც თითოეულმა პირმა უნდა დაიცვას ბუნებრივი აირის მოხმარების პირობებში? როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბინაში ან სათავსოში „გაზი ჟონავს“ და რისი გაკეთება არის დაუშვებელი გაჟონვის წყაროს დასადგენად? გაეცანით „სოკარის“ რეკომენდაციებს:

[checklist]

  • ბუნებრივი აირის წვისათვის საჭიროა ჟანგბადი. წვის საბოლოო პროდუქტია ნახშირორჟანგი CO2 და წყალი. გაზი უნდა იწვოდეს მშვიდად, ცისფერი ალით. ჟანგბადის ნაკლებობის შემთხვევაში ალი წითელია და არასრული წვის პროდუქტია ნახშირჟანგი.
  • ბუნებრივი აირი არის უფერო და უსუნო გაზი. ბუნებრივი აირის გაჟონვის აღმოსაჩენად გაზს ემატება სპეციალური სუნის მქონე ნივთიერება ოდორანტი (ეთილმერკაპტანი), რაც აძლევს სპეციფიკურ სუნს და გაჟონვის შემთხვევაში შესაძლებელია მისი აღმოჩენა. გაზის გაჟონვის აღმოსაჩენად გამოიყენება სპეციალური დეტექტორი, რომელიც აღრიცხავს მეთანის მინიმალურ რაოდენობას ჰაერში. ასევე არის კომბინირებული სახის დეტექტორები, რომლებიც რეაგირებენ როგორც მეთანზე (გაჟონვის დროს), ისე ნახშირჟანგზე (არასრული წვის დროს).
  • ოჯახის პირობებში გაჟონვის აღმოსაჩენად შესაძლებელია გამოყენებული იქნას საპნის ემულსია, რომელსაც დავასხამთ ჭურჭლის საწმენდ ღრუბელზე და ამ ხსნარით გავქაფავთ გაზსადენზე არსებულ გადაბმის ადგილებს. საპნის ბუშტუკების გაჩენა ღრუბელზე მიუთითებს გაზის გაჟონვაზე.
  • ანთებული ასანთის ღერით გაზის გაჟონვის აღმოჩენა სასტიკად აკრძალულია.
  • არასრული წვის დროს წარმოქმნილი ნახშირჟანგის CO- ს მინიმალური კონცენტრაციაც კი საშიშია ჯანმრთელობისთვის. სიმპტომებიდან აღსანიშნავია გულისრევა, თავბრუსხვევა, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება. ამ სიმპტომების დროს საჭიროა გავაღოთ ფანჯარა, ადამიანი დავაწვინოთ გვერდულად, საჭიროების შემთხვევაში ჩავუტაროთ ხელოვნური სუნთქვა და გამოვუძახოთ სასწრაფო დახმარებას.
  • გაზის დანადგარები (ცენტრალური ქვაბი, წყლის გამაცხელებელი, გამათბობელი) უნდა იყოს დახურული წვის კამერით, რაც გულისხმობს ჟანგბადის მიწოდებას შენობის გარედან და ნახშირორჟანგის გამოყოფას შენობის გარეთ. არ შეიძლება ღია წვის კამერით მოქმედი დანადგარების (წყლის გამაცხელებელი, გამათბობელი და ა.შ) დამონტაჟება ისეთ ბინებში, სადაც წნევათა სხვაობის (ორპირი ქარი)  საშიშროება არსებობს.  წინააღმდეგ შემთხვევაში სავალდებულოა გამწოვი მილი ცდებოდეს შენობის სახურავს  არანაკლებ 0.5მ-ით.
  • საცალო მომხმარებელი ვალდებულია ახალი ან გარემონტებული (შეკეთებული) გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციაში გაშვებამდე უზრუნველყოს აღნიშნული გაზის ხელსაწყოების მიერთების ტექნიკური შემოწმება განაწილების ლიცენზიანტის მეშვეობით.
  • დაუშვებელია მომხმარებლის მიერ დამატებითი  გაზის დანადგარების  ექსპლუატაციაში შეყვანა, გაზის განაწილების ლიცენზიანტთან შეთანხმების გარეშე. განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია,  საცალო მომხმარებლის მოთხოვნისთანავე, უფასოდ  უზრუნველყოს ახალი, დამატებითი  ან  გარემონტებული (შეკეთებული) გაზის  ხელსაწყოების  მიერთების  ტექნიკური შემოწმება.
  • საცხოვრებელ ბინაში ან სათავსოში „გაზის“  სუნის შეგრძნობისას, უპირველეს  ყოვლისა, დაკეტეთ გაზის ონკანი, გააღეთ ფანჯარა  და გაანიავეთ ოთახი.  სასწრაფოდ დატოვეთ სათავსო, ოთახი და  დარეკეთ ცხელ ხაზზე: 16114.

[/checklist]

უცხოეთში სწავლის მსურველებისთვის სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2020-2021 წლების ექვს სასტიპენდიო პროგრამაზე მიღებას აცხადებს. ცენტრის ინფორმაციით, პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.

ექვსივე პროგრამაზე ელექტრონული განაცხადების მიღება დაიწყო დღეს, 3 თებერვალს. დოკუმენტაციის ატვირთვა კონკურსში მონაწილე პირებს შეუძლიათ ცენტრის ვებგვერდზე შემდეგ პროგრამებზე:

  • საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები
  • საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები
  • საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები
  • საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა
  • სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში
  • აკადემიური პროგრამები იტალიაში

„აქედან ოთხი პროგრამა არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული. ორი პროგრამა ხორციელდება საფრანგეთისა და იტალიის საელჩოების ხელშეწყობით, რომელიც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ითვალისწინებს. ფინანსდება ყველა მიმართულება, როგორც ჰუმანიტარული, სოციალური და ტექნიკური, ასევე სახელოვნებო“, – გვითხრეს განათლების საერთაშორისო ცენტრში.

როგორც ცენტრში ამბობენ, ერთობლივ პროგრამებზე განცხადებებს ერთი თვის განმავლობაში მიიღებენ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე კი – ორი თვის განმავლობაში.

„დოკუმენტაციის ატვირთვა მიმდინარეობს ჩვენი ორგანიზაციის ვებგვერდზე ელექტრონულად. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, დაიწყება განაცხადების განხილვა და მეორე ეტაპზე გადავლენ საუკეთესოები“, – გვეუბნებიან ცენტრში.

ორგანიზაციის განცხადებით, საუკეთესოების კატეგორიაში მოხვდებიან ის კონკურსანტები, ვისაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება, კარგი სამოტივაციო წერილი, გამოცდილება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სად მიდის სასწავლებლად კონკურსანტი.

კონკურსში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი იმ უმაღლესი სასწავლებლიდან, სადაც აპირებს სწავლას.

ცენტრის ინფორმაციით, ყოველწლიურად დაახლოებით 200 სტუდენტი ფინანსდება საქართველოდან.

ბათუმში ავარიის შედეგად ქვეითი დაიღუპა, მას „სანდასუფთავების“ მანქანა დაეჯახა

დღეს, 3 თებერვალს, ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, ავტოავარიის შედეგად ქვეითი დაიღუპა, მას შპს „სანდასუფთავების“ მანქანა დაეჯახა.

კობალაძის ქუჩაზე ავარიის შედეგად დაღუპულია ქალი – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. აქვე გვითხრეს, რომ გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

თავდაპირველად „ბათუმელებმა“ გაავრცელა ინფორმაცია ავარიაში დაღუპული კაცის შესახებ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით.

სკოლის მოსწავლეებისთვის ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

2020 წლის 3 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით გამოცხადდა რეგისტრაცია I-XII კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჩამოშორებული არიან სასწავლო პროცესს და არ აქვთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ სკოლაში, თუმცა მათი ასაკი აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მინიმალურ ასაკს და გამოთქვამენ სურვილს, პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევასთან დაკავშირებით.

ექსტერნატის ფორმით პროგრამის დაძლევის მსურველთათვის გამოცდები ჩატარდება 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით

„დამატებით, მეთორმეტე კლასის ექსტერნატის წესით დაძლევის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოცდები ჩააბარონ მიმდინარე წლის ივნისშიც. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ექსტერნად რეგისტრაციის დამატებით ვადად განისაზღვრა 1-დან 5 ივნისის ჩათვლით,  ხოლო გამოცდები მათთვის 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით ჩატარდება“.

ჩინეთში კორონავირუსით 361 ადამიანი დაიღუპა და 475 გამოჯანმრთელდა – 3 თებერვლის მონაცემები

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 3 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის  2 829 ახალი შემთხვევა, მათგან 186 მძიმედ მწვავედ მიმდინარეა.

3 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის 17 205 შემთხვევა. სულ შესაძლო შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 21 558-ს.

3 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია სიკვდილის 361 და გამოჯანმრთელების 475 შემთხვევა.

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 2 თებერვლის მონაცემებით სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 14 564 შემთხვევა (ჩინეთი 14 407 შემთხვევა), მათ შორის, 17 ჯანდაცვის მუშაკია.

ჩინეთის გარეთ 24 ქვეყანაში დაფიქსირებულია 157 დადასტურებული შემთხვევა: ტაილანდი – 19, იაპონია – 20, სინგაპური – 18, ტაივანი – 11, მალაიზია – 8, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა – 15, არაბეთის გაერთიანებული საემიროები – 5, ვიეტნამი – 7, კამბოჯა – 1, ნეპალი – 1, ფილიპინები – 2, ინდოეთი – 2, შრი-ლანკა – 1, საფრანგეთი – 6, გერმანია – 8, იტალია – 2, გაერთიანებული სამეფო – 2, რუსეთი – 2, ფინეთი – 1, ესპანეთი – 1, შვედეთი – 1, ამერიკის შეერთებული შტატები – 8, კანადა – 4, ავსტრალიაში კი 12 შემთხვევა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

______________

ფოტო: ირმა დიმიტრაძე

ბათუმში ზღვამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა

ბათუმში, დღეს, 2 თებერვალს, ზღვამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია და კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბათუმში 350-მდე სამეთვალყურეო ვიდეოკამერის მოვლისთვის ბიუჯეტიდან 320 ათასი ლარი დაიხარჯება

ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოვლა-პატრონობისთვის ბიუჯეტიდან, 2020 წელს, 320 ათასი ლარი დაიხარჯება. ბათუმის მერია ტენდერში მონაწილე კომპანიასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებას ამზადებს.

სატენდერო თანხა 390 ათასი ლარი იყო, შპს „დელტა კონსალტინგი“ კი მერიას მომსახურებას 320 ათას 12 ლარად სთავაზობს.

ტენდერის მონაცემებით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოვლა-პატრონობა, რაც მოიცავს:

[checklist]

  • „ა“ ტიპის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის კომპლექტს – 215 ერთეული IP კამერა (Pelco IXE31, გარე გამოყენების ჰაუსინგით), 195 ერთეული ჩართვის წერტილი (უწყვეტი კვებით მომარაგების სისტემა);
  • „ბ“ ტიპის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის კომპლექტს – ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერ(ებ)ის მოვლა-პატრონობა. კომპლექტი მოიცავს Avigilon- ის წარმოების ვიდეო-სამეთვალყურეო კამერასა და AETEK-ის გარე გამოყენების კორპუსს, წყლის მიწოდების სისტემასა და ინფრაწითელ განათებას.
  • სასერვერო ინფრასტრუქტურის, როგორც ერთიანი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის განუყოფელი ნაწილის მოვლა-პატრონობას.

[/checklist]

ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი [„ბ“ ტიპის] ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის რაოდენობად მითითებულია: 2020 წლის თებერვალში – 114, ხოლო ამავე წლის დეკემბერში – 150.

ბათუმის მერიას მხოლოდ „ა“ ტიპის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მოვლა-პატრონობაზე [2018 წლის ივლისიდან 2019 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდისთვის] ხელშეკრულება ამავე კომპანიასთან 399 ათას 124 ლარზე ჰქონდა გაფორმებული. „დელტა კონსალტინგი“, თბილისში, 2014 წელს რეგისტრირებული კომპანიაა.

ამ თემაზე:

რაში იყენებს მერია 215 ვიდეოთვალს ბათუმის ქუჩებში

ქობულეთის სოფელ ხალაში საბავშვო ბაღი აშენდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა სოფელ ხალაში საბავშვო ბაღის მოწყობის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ბაღის მშენებლობისთვის 1 588 921 ლარია გათვალისწინებული [სატენდერო თანხა].

პროექტის მიხედვით, რომელიც თან ახლავს სატენდერო დოკუმენტებს, სოფელში საბავშვო ბაღისთვის ორსართულიანი შენობა აშენდება. მშენებლობა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 330 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.

წინადადებების მიღება 2020 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 24 თებერვალს დასრულდება.

ადგილი ქობულეთის სოფელ ხალაში, სადაც საბავშვო ბაღი უნდა აშენდეს / ფოტოები ტენდერიდან

 

მთავარი ფოტო: სოფელ ხალას საბავშვო ბაღი / აქსონომეტრია პროექტიდან

 

ნათია ზოიძემ აჭარის მაუწყებელი დატოვა

აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილე, ნათია ზოიძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ თავის ფეისბუქგვერდზე წერს. ნათია ზოიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ძალიან მოკლედ იმაზე, თუ რატომ მივდივარ აჭარის მაუწყებლიდან. ძალიან „მარტივადაა“ საქმე – აჭარის მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ დააკმაყოფილა ჩემი თხოვნა სამსახურიდან წასვლის შესახებ. არ ვიტყვი, რომ ეს ნებაყოფლობითი პროცესია.

[checklist]

  • იძულებული გავხდი მიმეღო ეს გადაწყვეტილება;
  • ჩემი ახალი ხელშეკრულება საქმის კეთების საშუალებას აღარ იძლეოდა;
  • გადაწყვეტილება სამსახურიდან წასვლის შესახებ მივიღე 2019 წლის 16 დეკემბერს, როცა ჩემი შრომითი უფლებები შეიცვალა;
  • აქამდე იმიტომ დავრჩი, რომ არხზე არიან კეთილსინდისიერი თანამშრომლები და ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, გაუგრძელებდნენ თუ არა შრომით ხელშეკრულებებს მომავალი წლიდან მათ. ამ ეტაპზე, ერთის გარდა (ნათია შავაძე), ყველასთან გააგრძელეს ხელშეკრულება. ის ერთიც უპატიებელია.
  • ჩემი გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული არ ვარ, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო: ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რისთვისაც არაფრის გაკეთების საშუალებას არ მაძლევენ;
  • კოხრეიძე არასასურველ თანამშრომლებს რეორგანიზაციის გზით მაინც ჩამოიცილებს, დაასუსტებს არხის სარედაქციო პოლიტიკას;
  • აღარ შევეხები მრჩეველთა საბჭოს ცალკეულ წევრებს,სისტემის მსახურებზე დროის კარგვა არ ღირს;
  • იმედი მაქვს, არხიდან ჩემი წამოსვლის შემდეგ, რამდენიმე თანამშრომელი დროებით მაინც გათავისუფლდება ზეწოლისა და წნეხისგან;
  • არასდროს შემპარვია ეჭვი, რომ აჭარის ტელევიზიაზე რაც ხდებოდა ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, თავიდან ბოლომდე იყო პოლიტიკური პროცესი;
  • ბატონ კოხრეიძეს ვუჩივლე და ამ ამბავს ბოლომდე მივყვები. გამოძიებას ვენდობი-მეთქი რომ ვთქვა, გულუბრყვილო ვიქნები;
  • სისტემა, რომელიც გვებრძვის, გვითვალთვალებს და გვაკონტროლებს, მაინც დამარცხდება.

[/checklist]

თავისუფლებაში გატარებული 10 თვეს კი არა, ერთ საათსაც მნიშვნელობა აქვს. დღესაც რომ მისაღები მქონდეს ეს გადაწყვეტილება, მაინც შევიდოდი ამ ომში. მოკლედ, არაფერს არ ვნანობ და წარმატებები ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანებს, რომელებიც ამ არხზე დარჩნენ და მუშაობენ. ამ არხზე ჟურნალისტიკა დღეს კიდევ თუ კეთდება, ეს სწორედ მათი დამსახურებაა. თანამშრომლებისთვის ჩემი ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო. ჩვენ ვისაუბრეთ,  გავაანალიზეთ და შევთანხმდით.

მაინტერესებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თავმჯდომარის ჩათვლით, ოდესმე პასუხისმგებლობას თუ იგრძნობენ იმაზე, რა შედეგიც დადგა. მგონია, რომ თავს ყოველთვის გაიმართლებენ. აღიარებას სხვა ძალა სჭირდება.

მივდივარ ბათუმიდან. სენტიმენტებით არ შეგაწყენთ თავს.

სავარაუდოდ გაქვთ კითხვა: სად გავაგრძელებ მუშაობას?

კონსულტაციები უკვე მქონდა, გავეცანი ჩემს მომავალ სამუშაოს აღწერილობას, ბიუროკრატიის მოწესრიგების  შემდეგ მუშაობას ტვ პირველზე გავაგრძელებ – ბათუმში „გრიგოლიას არხს“ რომ ეძახით აი იქJ) „ღამის ამბების“ თანამშრომელი ვიქნები. „ღამის ამბები“ ეთერში გადის ყოველ სამუშაო დღეს, საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე“.

ნათია ზოიძე აჭარის მაუწყებელში რამდენიმე თვის განმავლობაში დირექტორის მოვალეობასაც ასრულებდა. ახალი დირექტორის არჩევა, მაუწყებლის ბორდმა, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ რამდენჯერმე სცადა უშედეგოდ. ნათია ზოიძე ამ პროცესს, როგორც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აფასებდა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს. გასული წლის დეკემბერში, მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ ნათია ზოიძემ განაცხადა, რომ მას დევნიან და აშანტაჟებენ.

კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა – ბოლო მონაცემები და NCDC-ს რეკომენდაციები

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ახალი კორონავირუსის ეპიდემიოლოგიურ მიმოხილვას აქვეყნებს.

2020 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით: ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CCDC) მონაცემებით:

[crosslist]

  • დაფიქსირებულია 2 590  ახალი შემთხვევა, მათგან 315 მძიმედ მწვავედ მიმდინარე; სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 14 380 შემთხვევა; ახალი შესაძლო შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 4 562-ს, სულ შესაძლო შემთხვევების რაოდენობა კი, 19 544-ს.
  • 2 თებერვლის  მონაცემებით დაფიქსირებულია სიკვდილის – 304 და გამოჯანმრთელების 328 შემთხვევა.

[/crosslist]

ევროპის დაავადებათა  პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) მონაცემებით:
  • 1 თებერვლის მდგომარეობით სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 11 955 შემთხვევა (ჩინეთი 11 818 შემთხვევა)მათ შორის 17 ჯანდაცვის მუშაკი.
  • სიკვდილის 259 შემთხვევა ყველა ჩინეთში.
  • ჩინეთის გარეთ 24 ქვეყანაში დაფიქსირებულია 137 დადასტურებული შემთხვევა: ტაილანდი 19, იაპონია 15, სინგაპური 16, ტაივანი 10, მალაიზია 8, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 12, არაბეთის გაერთიანებული საემიროები 4, ვიეტნამი 5, კამბოჯა 1, ნეპალი 1, ფილიპინები 1, ინდოეთი 1, შრი-ლანკა 1, საფრანგეთი 6, გერმანია 7, იტალია 2, გაერთიანებული სამეფო 2,  რუსეთი 2, ფინეთი 1, ესპანეთი 1, შვედეთი 1, ამერიკის შეერთებული შტატები 7, კანადა 4, ავსტრალია 10.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით:
  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 1 თებერვლის ანგარიშის მიხედვით, გლობალურად სულ დადასტურებულია 2019-nCoV -ის 11 953 შემთხვევა.
  • 11 953  შემთხვევიდან, 11 821 დაფიქსირებულია ჩინეთში, აღრიცხულ შემთხვევებში გაერთიანებულია ჰონგ-კონგი 13, მაკაუ 7, ტაიბეი 10-ის შემთხვევები.
  • 132 დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირება მოხდა ჩინეთის გარეთ (23 ქვეყანა: იაპონია 17, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 12, ვიეტნამი 6, სინგაპური 16, ავსტრალია 12,  მალაიზია 8, კამბოჯა 1, ტაილანდი 19, ფილიპინები 1, ნეპალი 1, შრი-ლანკა 1, ინდოეთი 1, ამერიკის შეერთებული შტატები 7, კანადა 4, საფრანგეთი 6, ფინეთი 1, გერმანია 7, იტალია 2, რუსეთი 2, ესპანეთი 1, შვედეთი 1, გაერთიანებული სამეფო 2, არაბეთის გაერთიანებული საემირო 4).
  • ჩინეთში დადასტურებული 11 821  შემთხვევიდან  1 790 იქნა შეტყობინებული, როგორც მძიმედ მიმდინარე.
  • შეტყობინებულ იქნა სიკვდილის 259 შემთხვევა (ჩინეთი).
ქვეყნები, ტერიტორიები ან არეალები საიდანაც მოხდა 2019-nCoV დადასტურებული შემთხვევების შეტყობინება (1.02.2020)/წყარო:NCDC

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ის გვთავაზობს ექვს გზას, თუ როგორ შეიძლება დავიცვათ თავი, ოჯახის წევრები და საზოგადოება კორონავირუსისგან: როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან – WHO რეკომენდაციები.

დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. იმნაძის თქმით, ზუსტ ინფორმაციას ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ მოსახლეობას დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიაწვდის. საქართველოს მოსახლეობას კი მოუწოდებს რეკომენდაციებს მიჰყვეს:

საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსის დაავადების შემთხვევაზე რეაგირების ღონისძიებების გეგმა 2020 წლის 28 იანვარს დაამტკიცა:

[toggle title=”ნახეთ აქ”][/toggle]

 

1000 ლარი ჯარიმა სათამაშო აპარატის მონიტორის გატეხვისთვის

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვიოლეტა ფორჩხიძემ, 1000 ლარით დააჯარიმა პირი სხვისი ქონების დაზიანებისთვის.

განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „ერთ-ერთ სლოტკლუბში ყოფნისას თამაშის დროს ხელის დარტყმით განზრახ დააზიანა სათამაშო აპარატის სენსორული მონიტორი“.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სლოტკლუბისთვის მიყენებული ზიანი 1160 ლარია.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენა აღიარა და უდავოდ მიიჩნია პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები.

 

მთავარი ფოტო – „არქივიდან“

განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი დაამტკიცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვრის ბრძანებით, საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი დამტკიცდა. ამავე ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის შესაბამისი ბრძანება.

ახალ დებულებაში აღნიშნულია, რომ საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის ცოდნასა და უნარებს, პროფესიულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს. სტანდარტში თავმოყრილია ის აუცილებელი კომპეტენციები, რომლებიც მოეთხოვება საჯარო სკოლის ხელმძღვანელ პირს.
აღნიშნული სტანდარტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

„დირექტორის მიერ თავისი საქმიანობისა და პროფესიული განვითარების დაგეგმვის მიზნით – დირექტორს საშუალება ეძლევა, თვითშეფასების საფუძველზე სტანდარტთან მიმართებით შეაფასოს თავისი კომპეტენციები, განსაზღვროს, რა თეორიული ცოდნის შეძენა და პრაქტიკული უნარების განვითარება ესაჭიროება მას იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს სტანდარტის მოთხოვნები და უზრუნველყოს პროფესიული განვითარება;

დირექტორის შერჩევის მიზნით – სტანდარტთან მიმართებით კადრების შერჩევა და მათი კომპეტენციების შეფასება სახელმწიფოს საშუალებას აძლევს გამჭვირვალედ და ობიექტურად დაგეგმოს და განახორციელოს დირექტორის სერტიფიცირება;

დირექტორის შეფასების მიზნით – დირექტორის საქმიანობის შეფასება შეიძლება ხორციელდებოდეს როგორც სასკოლო საზოგადოების, ისე სახელმწიფოს მხრიდან. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მის პრაქტიკულ მიღწევებს ენიჭება, თუ როგორი გარემოა სკოლაში, როგორია სკოლის მოვლა-პატრონობის პრაქტიკა, როგორია სასკოლო კულტურა. ამოსავალი კი არის სწავლა-სწავლების გამართული პროცესი, რომელშიც თითოეული მოსწავლისთვის შექმნილია მისი სწავლისა და განვითარებისთვის პოზიტიური გარემო;

დირექტორის მომზადების მიზნით – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სტანდარტების საფუძველზე ამზადებენ სკოლების მომავალ ხელმძღვანელებს. სტანდარტი,  თავის მხრივ, უნივერსიტეტებისთვის არის ორიენტირი ამ სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისი პროგრამების მოსამზადებლად და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წარმატებით გასავლელად“.

[toggle title=”საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი სრულად ნახეთ აქ:“]

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის (შემდგომში – დირექტორი) ცოდნასა და უნარებს, პროფესიულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს.
2. სტანდარტში თავმოყრილია ის აუცილებელი კომპეტენციები, რომლებიც მოეთხოვება საჯარო სკოლის (შემდგომში – სკოლა) ხელმძღვანელ პირს.
3. სტანდარტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

ა) დირექტორის მიერ თავისი საქმიანობისა და პროფესიული განვითარების დაგეგმვის მიზნით – დირექტორს საშუალება ეძლევა თვითშეფასების საფუძველზე სტანდარტთან მიმართებით შეაფასოს თავისი კომპეტენციები, განსაზღვროს რა თეორიული ცოდნის შეძენა და პრაქტიკული უნარების განვითარება ესაჭიროება მას იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს სტანდარტის მოთხოვნები და უზრუნველყოს პროფესიული განვითარება;
ბ) დირექტორის შერჩევის მიზნით – სტანდარტთან მიმართებით კადრების შერჩევა და მათი კომპეტენციების შეფასება სახელმწიფოს საშუალებას აძლევს გამჭვირვალედ და ობიექტურად დაგეგმოს და განახორციელოს დირექტორის სერტიფიცირება;
გ) დირექტორის შეფასების მიზნით – დირექტორის საქმიანობის შეფასება შეიძლება ხორციელდებოდეს როგორც სასკოლო საზოგადოების, ისე სახელმწიფოს მხრიდან. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მის პრაქტიკულ მიღწევებს ენიჭება, თუ როგორი გარემოა სკოლაში, როგორია სკოლის მოვლა-პატრონობის პრაქტიკა, როგორია სასკოლო კულტურა. ამოსავალი კი არის სწავლა-სწავლების გამართული პროცესი, რომელშიც თითოეული მოსწავლისთვის შექმნილია მისი სწავლისა და განვითარებისთვის პოზიტიური გარემო;
დ) დირექტორის მომზადების მიზნით – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სტანდარტების საფუძველზე ამზადებენ სკოლების მომავალ ხელმძღვანელებს. სტანდარტი თავის მხრივ უნივერსიტეტებისთვის არის ორიენტირი ამ სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისი პროგრამების მოსამზადებლად და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წარმატებით გასავლელად.

მუხლი 2. სტანდარტის სტრუქტურა
სტანდარტის სტრუქტურა წარმოდგენილია ოთხი ძირითადი მიმართულებით, რომლებიც ურთიერთდამოკიდებული და თანაბრად მნიშვნელოვანია. ეს სტრუქტურაა:
ა) საგანმანათლებლო ლიდერობა;
ბ) სასწავლო პროცესის ადმინისტრირება და ანგარიშვალდებულება;
გ) თვითგანვითარება და თანამშრომელთა პროფესიული განვითარება;
დ) თემთან, ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.

თავი II
სკოლაში დირექტორის როლი და ფუნქცია

მუხლი 3. დირექტორის როლი და ფუნქცია
1. მოცემული სტანდარტით განსაზღვრული პრინციპებითა და მიდგომებით დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის, უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სწავლებისა და სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვა მოსწავლეთა აკადემიური და პიროვნული განვითარებისათვის.
2. დირექტორი წამყვან როლს ასრულებს პოზიტიური სასკოლო კულტურის ფორმირებაში, განვითარებასა და შენარჩუნებაში.
3. დირექტორის, როგორც სკოლის ლიდერის უმთავრეს პასუხისმგებლობას წარმოადგენს შექმნას უსაფრთხო და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასკოლო გარემო, უზრუნველყოს დაინტერესებული პირების ჩართულობით გამჭვირვალე პროცესების წარმართვა სკოლის სტრატეგიული განვითარებისათვის და გუნდის პროფესიული წინსვლისათვის.
4. დირექტორი, სასკოლო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხარისხიან განათლებას თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის მოსწავლეებისთვის.
5. სკოლის მართვაში დირექტორი უნდა ითვალისწინებდეს მართვის თანამედროვე მიდგომებს, ადგილობრივ მდგომარეობას, არსებულ გამოწვევებსა და სკოლის ძლიერ მხარეებს, მოქმედ რეგულაციებსა და განათლების პოლიტიკის პრინციპებს.
6. ხარისხის უზრუნველყოფისათვის სკოლის დირექტორი ყველა მნიშვნელოვან სასკოლო საქმიანობასთან მიმართებით უნდა იყენებდეს შემდეგ მიდგომას თანმიმდევრობით:
ა) სიტუაციის ანალიზის საფუძველზე მაღალი მოლოდინების განსაზღვრა სკოლის სტრატეგიაში;
ბ) დასახული გეგმის თანმიმდევრული განხორციელება;
გ) განხორციელებული საქმიანობის პერმანენტული მონიტორინგი და შეფასება;
დ) მონიტორინგისა და შეფასების შედეგებზე რეაგირება და სამოქმედო გეგმის კორექტირება.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დირექტორმა უნდა განახორციელოს პროცესის მაქსიმალური ინკლუზიურობა, ფუნქციებისა და მოვალეობების განაწილება, დელეგირება და ორმხრივი ანგარიშვალდებულების გამჭვირვალე სისტემის შექმნა.

8. დირექტორი წარმოადგენს როლურ მოდელს სასკოლო საზოგადოებისათვის და პირადი მაგალითის მიცემით ნერგავს ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სასკოლო ურთიერთობებსა და ქცევის სტანდარტებს.

9. დირექტორი საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისთვის იზიარებს და ამკვიდრებს დემოკრატიულ ღირებულებებსა და პრინციპებს.

10. დირექტორი სასკოლო საზოგადოებასთან და მესამე პირებთან ურთიერთობებში ავლენს ისეთ პიროვნულ თვისებებს, როგორებიცაა დისციპლინირებულობა, სამართლიანობა, ობიექტურობა, შემოქმედებითობა და ზნეობრიობა.

თავი III
საგანმანათლებლო ლიდერობა

მუხლი 4. საგანმანათლებლო ლიდერობა
1. დირექტორი, როგორც საგანმანათლებლო ლიდერი უნდა უზრუნველყოფდეს სკოლაში ხარისხიანი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას მოსწავლეებისთვის და უნდა ზრუნავდეს მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისა და სწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე, რაც გულისხმობს უსაფრთხო, კეთილგანწყობილი, ინკლუზიური, წამახალისებელი, თანამშრომლობითი და გენდერულად დაბალანსებული გარემოს შექმნას, სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას, ადეკვატურად მაღალი მოლოდინების დასახვას და სწავლის შედეგების ეფექტურობის და ეფექტიანობის მონიტორინგსა და შეფასებას.
2. დირექტორი სასკოლო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სკოლის განვითარების ერთიანი ხედვისა და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრასა და განხორციელებაში, რაც ითვალისწინებს ადგილობრივ/არსებულ მდგომარეობას.
3. დირექტორს უნდა ჰქონდეს ერთიანი ხედვა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებითა და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ღირებულებებსა და მისაღწევ შედეგებს, ითვალისწინებს სასკოლო ცხოვრებაში ჩართული მხარეების ინტერესებს, მოსაზრებებს, ამავდროულად, ახალისებს ინოვაციურ მიდგომებს მართვასა და სწავლებაში.
4. დირექტორი ხელს უნდა უწყობდეს თანამშრომელთა მოტივაციის ზრდას, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ სკოლის განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და ამ გზით მაქსიმალურად უნდა იყენებდეს თანამშრომელთა პოტენციალს.

მუხლი 5. საგანმანათლებლო ლიდერობის მიმართულებით დირექტორის კომპეტენციები
საგანმანათლებლო ლიდერობის მიმართულებით დირექტორის კომპეტენცია განსაზღვრულია შემდეგი სახით:
ა) სკოლის ცხოვრებასა და მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ტექნოლოგიურ ცვლილებებს შორის ურთიერთმიმართების გაცნობიერება;
ბ) სახელმწიფო ენის ცოდნა და გამოყენება;
გ) ნორმატიული აქტების და სკოლის ფუნქციონირების მარეგულირებელი დოკუმენტების ცოდნა და გამოყენება;
დ) ჯანსაღად ამბიციური, თუმცა რეალისტური მიზნებისა და ამოცანების დასახვა და მიღწევა;
ე) დაინტერესებული პირების თანამონაწილეობით ერთიანი ხედვის, სკოლის სტრატეგიული გეგმის ჩამოყალიბების, განხორციელების, შემოწმების, ანალიზისა და განვითარების გზების ცოდნა და გამოყენება სწავლებისა და სწავლის მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად;
ვ) სოციალური თანასწორობის, თანაბარი შესაძლებლობების, დემოკრატიული კულტურის, გლობალური და მდგრადი განვითარების პრინციპების ცოდნა და გამოყენება;
ზ) ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების საფუძველზე, სკოლის პედაგოგიურ საბჭოსთან თანამონაწილეობით სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავების, მისი დანერგვის მექანიზმების ცოდნა და გამოყენება;
თ) ზრუნვა სკოლაში სწავლებისა და სწავლის შესაფერის უსაფრთხო, წამახალისებელ, კეთილგანწყობილ, ჯანსაღ, ღია, სამართლიან და თანასწორუფლებიან გარემოზე, სადაც გათვალისწინებულია თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებები და დამკვიდრებულია დამოუკიდებელი სწავლის კულტურა;
ი) მონაცემთა შეგროვების, ანალიზის ხერხებისა და საშუალებების გამოყენება კვლევაში სწავლებისა და სწავლის გასაუმჯობესებლად;
კ) სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მიდგომების ცოდნა;
ლ) არაფორმალური განათლების გავლენის ცოდნა მოსწავლეთა განვითარებაზე და ამ პროცესების ხელშეწყობა;
მ) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება თანამშრომლობისთვის, გამოცდილების და ინფორმაციის გაზიარების პროცესსა და სწავლება-სწავლაში;
ნ) სკოლაში ცვლილებებისა და ინოვაციების განხორციელებისა და მართვის მეთოდების ცოდნა და გამოყენება;
ო) სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა, უწყვეტი განვითარების მნიშვნელობის გაცნობიერება და ხელშეწყობა.

მუხლი 6. საგანმანათლებლო ლიდერობის ინდიკატორები
ამ თავის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები შესაძლებელია შესრულდეს შემდეგი ინდიკატორების დაკმაყოფილებით:
ა) დადგენილი წესის შესაბამისად შემუშავებულია და დამტკიცებულია სკოლის განვითარების სტრატეგია;
ბ) ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე მასწავლებლებთან და სამეურვეო საბჭოსთან ერთად შემუშავებულია სასკოლო სასწავლო გეგმა;
გ) დამკვიდრებულია სწავლებისა და სწავლის ეფექტური მიდგომები;
დ) უზრუნველყოფილია სწავლებისა და სწავლის უსაფრთხო, წამახალისებელი, კეთილგანწყობილი და ინკლუზიური, ჯანსაღი, ღია, სამართლიანი და თანასწორუფლებიანი გარემო, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა წინსვლასა და წარმატებას, გაკვეთილებზე მათ მაქსიმალურ დასწრებასა და პოზიტიურ ქცევას;
ე) სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობითა და მათი აქტიური მონაწილეობით შემუშავებულია მოსწავლეების სწავლების მაღალი სტანდარტები და სკოლაში მდგრადი განვითარების პრინციპებსა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებაზე ორიენტირებული სკოლის განვითარების გეგმა;
ვ) მასწავლებლებთან და სამეურვეო საბჭოსთან ერთად შემუშავებულია მონიტორინგის, შეფასების მექანიზმები სკოლის განვითარებისთვის. შექმნილია მოსწავლეთა პროგრესის შესახებ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მოქნილი სისტემა. დადგენილია სწავლებისა და სწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები და უზრუნველყოფილია გაუმჯობესების ინტერვენციები.

თავი IV
სასწავლო პროცესის ადმინისტრირება და ანგარიშვალდებულება

მუხლი 7. სასწავლო პროცესის ადმინისტრირება
სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიზნით, სკოლის დირექტორი:
ა) უზრუნველყოფს სკოლის მდგრად ორგანიზაციულ განვითარებას და მართვას;
ბ) ნერგავს თანამონაწილეობითი მართვის და გაზიარებული ლიდერობის პრინციპებს;
გ) სკოლის თვითშეფასების საფუძველზე განსაზღვრავს სკოლის ორგანიზაციული განვითარების გზებს;
დ) უზრუნველყოფს უსაფრთხო, წამახალისებელი, კეთილგანწყობილი და ინკლუზიური, ჯანსაღი, ღია, სამართლიანი, თანასწორუფლებიანი თანამშრომლობითი ეფექტიანი გარემოს შექმნას არსებული ადამიანური, ფინანსური და ფიზიკური რესურსების გონივრულად ორგანიზებითა და მართვით.
ე) საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებისათვის მკაფიოდ განსაზღვრავს და ანაწილებს პასუხისმგებლობებსა და ფუნქციებს, კოორდინაციას უწევს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობასა და მიმდინარე პროცესებს.

მუხლი 8. სასწავლო პროცესის ანგარიშვალდებულება
1. სკოლის დირექტორი დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობით ქმნის ანგარიშვალდებულების ეფექტიან, გამჭვირვალე, ობიექტურ მექანიზმებსა და ინსტრუმენტებს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას.
2. სკოლის მართვის პროცესში ხელმძღვანელობს დემოკრატიული ღირებულებებით, ზნეობრივი პრინციპებით და ხელს უწყობს მათ დამკვიდრებას სასკოლო ცხოვრებაში.
3. ზრუნავს გაზიარებული პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულებების ეფექტური სისტემის დამკვიდრებაზე მთელ სასკოლო საზოგადოებაში. სკოლის მიღწევებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 9. სასწავლო პროცესის ადმინისტრირებისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით დირექტორის კომპეტენციები
სასწავლო პროცესის ადმინისტრირებისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით დირექტორის კომპეტენცია განსაზღვრულია შემდეგი სახით:
ა) მონაწილეობითი დაგეგმვისა და გაზიარებული ლიდერობის პრინციპების ცოდნა და შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენება სკოლის განვითარების სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებში;
ბ) ბიუჯეტირებისა და ფინანსური მართვის ინსტრუმენტების ცოდნა და გამოყენება;
გ) ადამიანური რესურსების შეფასების, მართვისა და განვითარების პრინციპების და სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება;
დ) კვლევის საბაზისო ინსტრუმენტების ცოდნა და მათი მიზნობრივი გამოყენება მართვის პროცესებში;
ე) სკოლის მატერიალური რესურსების მოვლა-პატრონობისა და ეფექტიანად მართვის ინსტრუმენტების ცოდნა და გამოყენება;
ვ) დამატებითი რესურსებისა და ფონდების იდენტიფიცირებისა და მოზიდვის სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება;
ზ) ქსელური და პარტნიორული კავშირების დამყარების მექანიზმების ცოდნა და გამოყენება სკოლის განვითარებისთვის;
თ) ორმხრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპების გაზიარება/დაცვა და მათი სისტემური რეალიზება;
ი) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების ცოდნა და გამოყენება;
კ) სკოლაში მონიტორინგის, შეფასებისა და უკუკავშირის ეფექტური მექანიზმების ცოდნა და დანერგვა.

მუხლი 10. სასწავლო პროცესის ადმინისტრირებისა და ანგარიშვალდებულების ინდიკატორები
ამ თავის მე-7 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები შესაძლებელია შესრულდეს შემდეგი ინდიკატორების დაკმაყოფილებით:
ა) სკოლას აქვს მკაფიო, შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიული განვითარების პოლიტიკა და შესაბამისი გეგმები, რომლებიც ეფუძნება ადგილობრივ კონტექსტსა და სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკას;
ბ) მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვით სკოლის ყოველდღიური საქმიანობა წარიმართება ეფექტიანად;
გ) სიტუაციის ანალიზზე დაყრდნობით ხდება სკოლის ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსების ეფექტიანი მობილიზება და პრიორიტეტებზე დაფუძნებული მართვა;
დ) დირექტორის ხელშეწყობით სკოლაში ჩამოყალიბებულია განვითარებასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული კომპლექსური თვითშეფასების კულტურა, რომელშიც აქტიურად არის ჩართული სასკოლო საზოგადოება. მაქსიმალურად არის გამოყენებული სკოლის ძლიერი მხარეები და სუსტი მხარეების გაუმჯობესების მექანიზმები;
ე) ჩამოყალიბებულია სასწავლო პროცესის ეფექტიანი მართვის სტრუქტურა, რომელშიც მკაფიოდაა განაწილებული ფუნქცია-მოვალეობები. შემუშავებულია საქმიანობის პერმანენტულ მონიტორინგსა და შეფასებაზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემა/ მექანიზმები;
ვ) ჩამოყალიბებულია და გამართულად ფუნქციონირებს ანგარიშვალდებულებისა და სკოლის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ღია და გამჭვირვალე სისტემა.

თავი V
თვითგანვითარება და თანამშრომელთა პროფესიული განვითარება

მუხლი 11. თვითგანვითარება და თანამშრომელთა პროფესიული განვითარება
1. თვითგანვითარებისა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად დირექტორის ფუნქციაა:
ა) სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრთან ეფექტური პროფესიული თანამშრომლობა, გუნდურ მუშაობაზე, კოლეგიალობასა და ურთიერთსწავლების პრინციპების დამკვიდრებაზე ზრუნვა;
ბ) ინდივიდუალური ინიციატივების წახალისება და თანამშრომლებში ლიდერობის უნარის წარმოჩენისა და განვითარების ხელშეწყობა;
გ) ღია, სამართლიანი, ინკლუზიური, უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა, რომელშიც მოვალეობები და პასუხისმგებლობები ნათლადაა განსაზღვრული და როლები – შესაძლებლობების მიხედვით გადანაწილებული.

2. დირექტორი რეგულარულად უნდა ეცნობოდეს საგანმანათლებლო სიახლეებს, იყოს რეფლექსიური, კრიტიკულად აფასებდეს საკუთარ შესაძლებლობებს და ზრუნავდეს თვითგანვითარებაზე.

მუხლი 12. თვითგანვითარებისა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით დირექტორის კომპეტენციები
თვითგანვითარებისა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით დირექტორის კომპეტენციაა:
ა) უწყვეტი და ზრდასრულთა განათლების პრინციპების ცოდნა და გამოყენება;
ბ) პროფესიული განვითარებისათვის საჭიროებების კვლევის მეთოდებისა და სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება;
გ) ცალკეული ინდივიდის, ასევე, გუნდის განვითარების სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება;
დ) ორგანიზაციული და თანამშრომლობითი კულტურის დანერგვის სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება;
ე) უსაფრთხო, წამახალისებელი, კეთილგანწყობილი, ინკლუზიური, ჯანსაღი, ღია, სამართლიანი და თანასწორუფლებიანი გარემოს უზრუნველყოფის პრინციპების დანერგვისთვის საჭირო პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
ვ) სოციალური თანასწორობის, თანაბარი შესაძლებლობების, დემოკრატიული კულტურის, გლობალური და ციფრული მოქალაქეობის, მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვისთვის საჭირო პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
ზ) ცვლილებებთან ადაპტირება;
თ) საკუთარი საქმიანობის კრიტიკულად შეფასება, კონსტრუქციული შენიშვნების გათვალისწინება და გამოყენება.

მუხლი 13. თვითგანვითარებისა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ინდიკატორები
ამ თავის მე-11 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები შესაძლებელია შესრულდეს შემდეგი ინდიკატორების დაკმაყოფილებით:
ა) დირექტორი თვითშეფასების საფუძველზე ჩართულია პროფესიულ განვითარებაში, რისთვისაც სხვადასხვა გზებს და საშუალებებს იყენებს – ეცნობა პროფესიულ სიახლეებს, მონაწილეობს ტრენინგებში, სამუშაო შეხვედრებსა და კონფერენციებში, აქტიურადაა ჩართული პროფესიული განვითარების ქსელებში გამოცდილების გაზიარებისთვის;
ბ) სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობით შექმნილია ღია, სამართლიანი და თანასწორუფლებიანი გარემო, სადაც ყველას აქვს სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა, პროფესიული განვითარება წახალისებული და მისაბაძია;
გ) სკოლაში შექმნილია გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გარემო, რისთვისაც გამოყენებულია სხვადასხვა პლატფორმა. სკოლა ეხმარება ყველა რგოლს პრობლემური სიტუაციების გადაჭრაში;
დ) განსაზღვრულია საკუთარი, ცალკეული თანამშრომლისა თუ ჯგუფების სამუშაო დატვირთვა პროფესიული განვითარებისთვის, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილია შესაბამისი დახმარება და მოვალეობების დელეგირება;
ე) წახალისებული და ხელშეწყობილია პროფესიული განვითარებისას მიღებული ახალი გამოცდილების სკოლაში ინიციირება და დანერგვა.

თავი VI
თემთან, ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა

მუხლი 14. თემთან, ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა
1. თემთან, ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის მიზნით დირექტორი:
ა) აცნობიერებს საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებისა და გარემო ფაქტორების გავლენას სასკოლო ცხოვრებაზე;
ბ) მოსწავლეთა მრავალმხრივი ინტერესების დაკმაყოფილებისა და ჰარმონიული განვითარების მიზნით თანამშრომლობს სასკოლო საზოგადოებასთან, საგანმანათლებლო, კულტურულ, სამეცნიერო სექტორებთან, ადგილობრივ საზოგადოებასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, კერძო, სამოქალაქო და საერთაშორისო სექტორთან;
გ) სხვა სკოლებთან თანამშრომლობით ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას და პოზიტიური სიახლეების დანერგვას სკოლაში;
დ) თემში განათლების უწყვეტობის მიღწევის მიზნით თანამშრომლობს სკოლამდელ, პროფესიულ დაწესებულებებთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
ე) მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენელთან ერთად თანამშრომლობს შესაბამის ორგანიზაციებთან მოსწავლეების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად;
ვ) აცნობიერებს, რომ სკოლისა და საზოგადოების განვითარება ურთიერთდაკავშირებული პროცესებია;
ზ) ხელს უწყობს სკოლის აქტიურ მონაწილეობას მოხალისეობრივ, ასევე არაფორმალური განათლების აქტივობებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება (თანამშრობლობა) ხელს უწყობს მოსწავლეების ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე თავისუფალ პიროვნებად აღზრდას, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სოციალურად და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბებას და შესაძლებელს ხდის მომავალში მათ დადებით წვლილს საზოგადოების განვითარებაში.

მუხლი 15. თემთან, ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის მიმართულებით დირექტორის კომპეტენციები
თემთან, ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის მიმართულებით დირექტორის კომპეტენციაა:
ა) სკოლის ცხოვრებასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ტექნოლოგიურ ცვლილებებს შორის ურთიერთმიმართების გაცნობიერება სასარგებლო და ეფექტიანი გარე კავშირების დასამყარებლად;
ბ) ადგილობრივ საზოგადოებასა და ლოკალურ გარემოში არსებული ადამიანური და ფიზიკური რესურსების იდენტიფიცირების, გამოვლენის გზების ცოდნა და მათი ეფექტიანი გამოყენება;
გ) სკოლის გარეთ არსებული საგანმანათლებლო, კულტურული, სამეცნიერო, სასპორტო, სახელოვნებო, გარემოსდაცვითი პროგრამების მნიშვნელობის გაცნობიერება მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე და, მათი ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებებიდან გამომდინარე, ორმხრივად სარგებლიანი თანამშრომლობის დამყარება;
დ) სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ორგანიზაციასთან პარტნიორული თანამშრომლობის მნიშვნელობის ცოდნა და გამოყენება;
ე) მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა ჩართვის მნიშვნელობის გაცნობიერება მათი შვილების სწავლის შედეგების გაუმჯობესებასა და სკოლის განვითარებაში, მათთან თანამშრომლობის შესაბამისი სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება;
ვ) სკოლისთვის სარგებლიანი თანამშრომლობის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და გამოყენება გამოცდილების გაზიარებისა და შედეგების გაუმჯობესების მიზნით;
ზ) კონსტრუქციული დიალოგის ინიციირების ან სხვის მიერ ორგანიზებულ განხილვებში მონაწილეობის უნარი, რომელიც ხელს უწყობს თემში საერთო ფასეულობების, შეხედულებების და გაზიარებული პასუხისმგებლობის დამკვიდრებას;
თ) ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიების ცოდნა და გამოყენება თემიდან, დაინტერესებული მხარეებიდან წამოსული სასარგებლო რჩევებისა და წინადადებების გასათვალისწინებლად.

მუხლი 16. თემთან, ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის ინდიკატორები
ამ თავის მე-14 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ინდიკატორი: სკოლის საქმიანობის მარეგულირებელ დოკუმენტებში, სტრატეგიაში, სამოქმედო თუ სასკოლო სასწავლო გეგმაში ასახულია თემთან, ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის ხედვა და განხორციელების გზები.

[ „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 ნოემბრის №115/ნ ბრძანება, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა].

[/toggle]

საქართველოს განათლების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესს იწყებს.

სერტიფიცირების მსურველებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ  განათლების სამინისტროს ვებგვერდზე: directors.mes.gov.ge

რეგისტრაცია 3 თებერვალს დაიწყება და  17 თებერვალს დასრულდება.

სამინისტროს ინფორმაციით, სერტიფიცირება შედგება ორი ნაწილისაგან – ტესტირება და გასაუბრება.

ამ თემაზე:

განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორების შერჩევის პროცესს იწყებს

ორშაბათიდან დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა – ამინდის პროგნოზი ბათუმსა და აჭარის მთიანეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 თებერვლის 21 საათიდან 3 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა, ზვავსაშიშროება; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 1-6, დღისით 7-12 გრადუსი სითბო;
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-3 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო;
  • მაღალ მთაში – ღამით 5-10, დღისით 0-5 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ; დღისით ზოგან წვიმა, ხილვადობა კარგი, ტალღის სიმაღლე 7-12 დმ (2-3ბალი).
  • ზღვის წყლის ტემპერატურა: +8 გრადუსი.

4 და 5 თებერვალს, ბათუმსა და აჭარის მთიანეთში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა.

სარფში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში ნარკოდანაშაულისთვის 1994 წელს დაბადებული ი.თ. დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და „მეტადონის“ შემცველი 28 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 262-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. 

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

________________

ფოტო: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან

3 თებერვლიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა იწყება

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა 2020 წლის 3 თებერვლიდან 2020 წლის 30 ივნისამდე პერიოდში განხორციელდება. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 30 იანვარს მიიღო და გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობაც განსაზღვრა:

[checklist]

  • საქართველოს თავდაცვის ძალებში – 1400,
  • სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში – 1328,
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში – 950,
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში – 311,
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა – 200.

[/checklist]

საქართველოს თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვევას ექვემდებარება 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები 2020 წლის 3 თებერვლიდან, ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდება გაწვევის მთლიან პერიოდში, მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

მთავრობის დადგენილებით დაევალათ:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს – 10 დღის ვადაში განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის/აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს;
  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს – კოორდინაცია გაუწიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს.

გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 12 თვეს.

თოვლიანი დღე ქედაში [ფოტო]

დღეს, 2 თებერვალს, აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში თოვს. ფოტოები ქედაში, სოფელ ხარაულაშია გადაღებული.

ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

ბარბის ახალი თოჯინები – ეტლით, ვიტილიგოთი და პროთეზის ფეხით

თოჯინა ბარბის მწარმოებლებმა ახალი დიზაინის თოჯინები გამოუშვეს. მათ მეტი მრავალფეროვნების წარმოსაჩენად თოჯინების ახალი ხაზი შექმნეს. კოლექციაში ნახავთ თოჯინებს, რომელსაც არ აქვთ თმა, არიან ეტლში, თოჯინას სახეზე „ვიტილიგოთი“და თოჯინას, რომელსაც პროთეზის ფეხი აქვს. ამის შესახებ CNN Style წერს.

სათამაშოების ცნობილი მაღაზია  Mattel-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სურთ აჩვენონ სილამაზე და მოდა მრავალ განზომილებაში.

ვიტილიგო არის ლაქები კანზე, რომელსაც იწვევს კანის პიგმენტაციის დარღვევა. Mattel-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ გასულ წელს, „ვიტილიგო თოჯინა“ ყველაზე მოწონებადი თოჯინა იყო ინსტაგრამის გვერდზე.

თოჯინაზე, რომელსაც თმა არ აქვს, კომპანიამ განაცხადა, რომ „თუ გოგონას რაიმე მიზეზით სცვივა თმა, მას შეუძლია საკუთარი თავი დაინახოს ამ თოჯინაში“.

გასულ წელს ამ ხაზს შეურთდა თოჯინა, რომელსაც აქვს პროთეზის ფეხი და თოჯინა, რომელიც ეტლში ზის.

პირველი თოჯინას შექნაზე Mattel-ი ჯორდან რივსთან ერთად მუშაობდა, რომელიც 12 წლის ასაკში გახდა შშმ აქტივისტი, ის  მარცხენა მკლავის გარეშე დაიბადა.

კომპანიამ მეტი მრავალფეროვნების  საჩვენებლად შექმნა თოჯინები განსხვავებული კანის ფერით, ფერადი თვალებით და სხეულის უფრო რეალისტური მოყვანილობებით (უფრო პატარა მკერდი, ნაკლებად წვრილი წელი და უფრო გამოყვანილი მკლავები),  თოჯინები დრედებით და ფერადი ტანსაცმლით. 2017 წელს კი კომპანიამ პირველად გამოუშვა თოჯინა ჰიჯაბით.

კომპანიის განცხადებით, გასულ წელს დიდ ბრიტანეთში ყველაზე პოპულარული ეტლში მჯდომი თოჯინა იყო.

2015 წლიდან  Barbie Fashionistas-ის ხაზს 170-ზე მეტი თოჯინა აქვს. მანამდე ბარბის თოჯინებს ხშირად აკრიტიკებდნენ არაბუნებრივი პარამეტრების გაიდეალების გამო.

____________________________________

მთავარი ფოტო: ბარბის „მრავალფეროვანი თოჯინები“ CNN Style-ის სტატიიდან.

Exit mobile version