მთავარი,სიახლეები

საპატრიარქოს იურისტი გლეხებზე, ვისაც მიწა წაართვეს: ასე მეც ვიტყვი, რომ მთელი ქვეყანა ჩემია

03.02.2020 • 7944
საპატრიარქოს იურისტი გლეხებზე, ვისაც მიწა წაართვეს: ასე მეც ვიტყვი, რომ მთელი ქვეყანა ჩემია

ადგიგენში, სოფელ ქვაბიჯვარში, 13 ოჯახის სათიბი ფართობი საპატრიარქოს საკუთრება გახდა – დაახლოებით 7 ჰექტარ მიწაზე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა უკვე დაიწყო. გლეხები ამბობენ, რომ ისინი სახელმწიფომ ლუკმა-პურის გარეშე დატოვა, საპატრიარქოში კი ირწმუნებიან, რომ ამ მიწებს რეალურად არავინ იყენებდა და „ახლა მიმდინარეობს სამონასტრო ცხოვრების აღორძინება“. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გლეხების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. სასამართლო დავა ამჯერად თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება. პირველი სხდომა 12 თებერვალს გაიმართება.

„ჩვენს საქმეს ვაკეთებდით და უცებ გამოჩნდნენ ტრაქტორები, მოვიდნენ და საძირკვლის თხრა დაიწყეს. გვითხრეს, აქ მონასტერი შენდება, ეს ადგილი უნდა შემოვღობოთო,“ – გვითხრა დავით ბერიძემ, რომელიც ქვაბიჯვარში ცხოვრობს. ქვაბიჯვრის ნაწილია სოფლები კიკიბო და დერცელი, რომლის მიმდებარედაც დავითს და კიდევ 12 ოჯახს სათიბი ფართობი აქვთ. მათი წინაპრები აჭარის მაღალმთიანეთიდან მე-20 საუკუნის დასაწყისში გადასახლდნენ ადიგენში. დავითის მამაც აქ დაბადებულა.

ოჯახები, რომლებიც ახლა სახელმწიფოს მიწების საპატრიარქოსთვის გადაცემას ედავებიან, მუდმივად ამ პატარა სოფლებში აღარ ცხოვრობენ. მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი შედარებით დაბლობი სოფელი მოხეა, თუმცა დავითი განმარტავს, რომ რეგიონში არსებული მცირემიწიანობის პირობებში, მიწის ნაკვეთები, რაც ახლა დაკარგეს, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„თავის დროზე, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, გადმოგვცეს ჩვენ ეს მიწები 2500-2500 კვადრატული მეტრი. თუ საჭირო არ იყო, რატომ მოგვცეს? მე ამ მიწას როგორც მინდა, ისე გამოვიყენებ, მინდა, საკარმიდამო მექნება, მინდა, სათიბი და სახნავი… მიწის გარეშე აქ რა უნდა ვქნათ? აქ სხვა დასაქმების ადგილი კი არა, მაღაზიაც არ არის,“ – აღნიშნავს დავით ბერიძე.

დავით ბერიძემ გვითხრა, რომ ცამეტივე ოჯახი ამ დრომდე იყენებს სადავო მიწის ფართობებს, რადგან საპატრიარქომ მიწის შემოღობვის პროცესი სასამართლო დავის დაწყების შემდეგ შეწყვიტა.

„ჩვენ არავინ გველაპარაკება, თითქოს, აქ რამე არ ხდება და არც არსებობდითო… ჩვენ ტაძრის წინააღმდეგი არ ვართ, აშენდეს და რაც დასჭირდება, ჩვენ იმ მიწასაც დავთმობთ, მაგრამ არავინ დაგვლაპარაკებია. მივედით მერთან, ჩვენს დეპუტატთან, ვინც არის პარლამენტში. დაგვპირდნენ, სასამართლო იქნება და არ დაკარგოთ იმედიო… გამოდის, რომ სასამართლოც არ არის ამ სახელმწიფოში,“ – მიიჩნევს დავით ბერიძე.

ადიგენში მცხოვრები გლეხების ინტერესებს იცავს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“. ორგანიზაციის იურისტი მერი აღაპიშვილი ყურადღებას ამახვილებს ქონების მართვის სააგენტოს და შემდეგ უკვე საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაზე, როცა მიწის საპატრიარქოსთვის გადაცემის პროცესში სახელმწიფო არ დაინტერესდა, სარგებლობდა თუ არა ვინმე ამ სათიბით.

„სახელმწიფო ამბობს, რომ ეს მოიკვლია, მაგრამ არარსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ამას დაადასტურებს… მოქალაქეებმა უწყებას წარუდგინეს მათ ხელთარსებული უფლებადამდგენი დოკუმენტები, მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტები, რეგისტრაციის მოწმობები, გადასახადის გადამხდელთა სიები. თუმცა აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ოჯახები წლების განმავლობაში მართლზომიერად ფლობდნენ და საძოვრად, სათიბად კოლექტიურად იყენებდნენ, 2018 წლის ოქტომბრიდან საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში იყო რეგისტრირებული,“ – აცხადებს მერი აღაპიშვილი.

ერთ-ერთი მოსარჩელის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ მან მიწის ნაკვეთი სარგებლობაში 1997 წელს მიიღო

მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სარწმუნო არ აღმოჩნდა მოსამართლე გია ბერაიასთვის. მან გადაწყვეტილებაში დაწერა:

„წარმოდგენილი მასალებით და მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონება მდებარე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბიჯვარში [დაზუსტებული ფართობი 68 346 კვ. მეტრი] სასოფლო-სამეურნეო [სათიბი] დანიშნულების მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომელზედაც სხვა პირებს, მოსარჩელეებს, არ შეიძლება ჰქონოდათ ფლობის კანონისმიერი და ფაქტობრივი საფუძველი. უძრავი ქონება არ იყო გასხვისებული სახელმწიფოს მიერ, არც მიწის რეფორმის გზით მოსარჩელეებისთვის საკუთრებაში გადაცემული, ამიტომ, სახელმწიფოს, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეს, სრული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი გააჩნდა, ამოერიცხა მიწის ნაკვეთი ტყის ფონდიდან, დაერეგისტრირებინა სახელმწიფო საკუთრებად, ხოლო შემდეგ გაესხვისებინა იგი ნებისმიერი ფორმით,“ – წერია ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ანუ ნამდვილად იმ მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ თუ არა გლეხები, რომელიც მათ სარგებლობაში გადაეცათ და ახლა სადავოა.

საქართველოს მთავრობამ სადავო მიწის ფართობი საპატრიარქოს 2018 წლის 2 ოქტომბერს უსასყიდლოდ გადასცა. საპატრიარქოს არ სჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ახლაც ჰყვებიან, რომ მიწას სათიბად იყენებენ.

ედიშერ ქარჩავა, საპატრიარქოს იურისტი: „ჩვენ გვქონდა კანონიერი მოთხოვნა. აღნიშნული ტერიტორია იქნა შესწავლილი სახელმწიფოს მხრიდან და არანაირი ფლობა არ იყო დადასტურებული სახელმწიფოს მხრიდან. ახლა უკვე მიმდინარეობს სამონასტრო ცხოვრების აღორძინება… მონასტერი მარტო ტაძარს არ ნიშნავს. მას სჭირდება დამატებით მეურნეობა, რომ იარსებოს. თუ დადასტურდებოდა მიწის სარგებლობის და ფლობის ფაქტი, შესაძლებელი იყო და ჩვენ არაერთი სასამართლო დავა დაგვისრულებია მორიგებით, მაგრამ აქ ეს შემთხვევა არ ყოფილა – იქ რეალურად არავინ ცხოვრობს. სასამართლოში წარმოდგენილი მოწმეებიდან ვერავინ დაადასტურა ის, რომ მოსარჩელეები იყენებდნენ ამ მიწის ფართობებს“.

საპატრიარქოს იურისტისთვის არც ის საცხოვრებელი სახლებია დამაჯერებელი, რომლებიც გლეხებს ქვაბიჯვარში აქვთ და მათი თქმით, დაზამთრებამდე იქ ჩერდებიან.

„იქ არავინ ცხოვრობს. ადრე თუ ვიღაც იყო იქ ჩასახლებული და ცხოვრობდა, არ ვიცი. აღნიშნული მოქალაქეებმა ვერ დაადასტურეს. ასე მე რომ ვთქვა, მთელი სოფელი ჩემია, ან მთელი ქვეყანა ჩემია, ეს არ ნიშნავს, რომ მართლა ჩემია,“ – გვიპასუხა საპატრიარქოს იურისტმა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: