მოსაზრება,სიახლეები

როგორ ჩავრთოთ უსინათლო პირები საგანმანათლებლო ღონისძიებებში – ესმა გუმბერიძე

13.04.2020 • 1592
როგორ ჩავრთოთ უსინათლო პირები საგანმანათლებლო ღონისძიებებში – ესმა გუმბერიძე

ავტორი: ესმა გუმბერიძე, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, იურისტი

________________________________

არაფორმალური საგანმანათლებლო ღონისძიება [ტრენინგი, საჯარო ლექცია, მრგვალი მაგიდა, დისკუსია, კონფერენცია, მოდელირება, დებატების შეჯიბრი, ბანაკი] უსინათლო მონაწილისთვის მისაწვდომი რომ იყოს:

ღონისძიების ორგანიზატორს სააპლიკაციო/სარეგისტრაციო ფორმაში შეუძლია მიუთითოს, რომ ღონისძიება ინკლუზიური და ღიაა შშმ პირებისთვის და შეიტანოს კითხვა, აქვს თუ არა მონაწილეობის მსურველს რამე სპეციალური საჭიროება (წასაკითხი მასალის ვორდის ფორმატში გამოგზავნა, სუბტიტრებიანი ფილმის სუბტიტრების წაკითხვა და მისთ). თუკი შშმ მონაწილეობის მსურველს აგრძნობინებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის გამო პროექტში მონაწილეობაზე უარს არ ეტყვით, ის უფრო მონდომებით გაგაცნობთ თავის საჭიროებებს და ეს თქვენ წინასწარ მოგცემთ შესაძლებლობას, გადააწყოთ და დაგეგმოთ ღონისძიება ისე, რომ ის მაქსიმალურად იყოს ჩართული. ეს შეგიძლიათ იმ კითხვაშიც განუმარტოთ, ანუ ამ კითხვის მიზანი.

უსინათლო მონაწილის პროექტში არსებობის შესახებ უნდა შეატყობინოთ ტრენერს/ფასილიტატორს,  ღონისძიების უშუალო განმახორციელებელს რაც შეიძლება, ადრე. ეს მას დაეხმარება, დაგეგმოს და უსინათლოს/მცირემხედველის საჭიროებები გაითვალისწინოს გასაცნობ-ყინულის გამლღობ აქტივობებში/თამაშებში, სასწავლო მასალებისა და პრეზენტაციების მომზადებისას.

სასურველია, ტრენერი წინასწარ დაუკავშირდეს უსინათლო მონაწილეს და ჩაეკითხოს, როგორ შეიძლება ღონისძიება მისთვის მისაწვდომი გახადოს.

სასურველია, ტრენერმა მონაწილესთან ამგვარ გასაუბრებამდე გადახედოს თავის პროგრამას. მან გასაუბრებამდე უნდა ნახოს სავარაუდოდ რომელი აქტივობები შეიძლება პრობლემური იყოს უსინათლო/მცირემხედველი მონაწილისთვის. მაგალითად, თუ თავიდან იგეგმებოდა ხატვის ვორკშოპი, ტრენერმა შეიძლება ის სხვა აქტივობით ჩაანაცვლოს ან შესთავაზოს მონაწილეებს არჩევანი, დახატონ ან წარმოიდგინონ. ასევე შეიძლება, ტრენერი დაფიქრდეს უსინათლოსთვის ხატვის სწავლებაზე, თუმცა ეს დიდ დროს მოითხოვს და თუ პროექტით არ არის ბევრი დრო გათვალისწინებული, უსინათლო/მცირემხედველი შესაძლოა, გარიყული დარჩეს. თუ ტრენერი წინასწარ მომზადებული გაესაუბრება მონაწილეს, მას შეეძლება პირდაპირ ჰკითხოს, ესა და ეს აქტივობები მაქვს გათვალისწინებული და როგორ შეგვიძლია ისინი შენთვის მისაწვდომი გავხადოთ? სხვა შემთხვევაში მონაწილემ შეიძლება ვერ დაუსახელოს კონკრეტული საჭიროებები ან თქვას რამე წინა გამოცდილებებიდან.

უცხოენოვანი ფილმი უნდა იყოს გახმოვანებული თარგმანით [აქაც საჭიროა მონაწილესთან გასაუბრება. იქნებ, მან იცის ის ენა, რომელზედაც ფილმია გადაღებული და არ სჭირდება თარგმანი]. თუკი ფილმს სუბტიტრები ახლავს, ადგილზე მათი წაკითხვა სრულყოფილად ხშირად ვერ ხერხდება. ადამიანი ხმამაღლა უფრო ნელა კითხულობს, ვიდრე – გულში, ტექსტი კი ხშირად სწრაფად იცვლება. თანაც ზოგჯერ მარტო სუბტიტრების წაკითხვა საკმარისი არაა. ასეთი ფილმის ტრანსკრიპტს წინასწარ თუ მისცემთ ან წაუკითხავთ, უკეთესი იქნება.

ნებისმიერ შემთხვევაში ფილმის ჩვენებისას ვიღაცამ უნდა შეძლოს მოუყვეს ხოლმე უსინათლოს, თუ რა ხდება ეკრანზე [უამრავი მოქმედება უსიტყვოა]. აუდიოდესკრიფციით საკმაოდ ცოტა ფილმი არსებობს. უსინათლოს შეიძლება ჰქონდეს კითხვები, ახლა ვინ საუბრობს ან რა ხდება. სასურველია, რომ ჩვენების დროს მას დაუჯდეს ტრენერი ან მისი თანაშემწე.

ღონისძიებამდე სასურველია, ტრენერი გაეცნოს უსინათლოსთან კომუნიკაციისას გასათვალისწინებელ ძირითად პრინციპებს და ისინი გააცნოს პროექტის დანარჩენ მონაწილეებს [მაგ. ის, რომ მისალმებისას უსინათლოს უნდა უთხრას, ვინაა, რადგან შეიძლება ვერ იცნოს და მისთ]. შესაძლოა, თავად უსინათლო მონაწილეს შეუთანხმდეთ, გამოუყოთ რამდენიმე წუთი, რომ მან ისაუბროს ამ საჭიროებებსა და სპეციფიკებზე.

ისეთი გასაცნობი აქტივობების დროს, რომლებიც მოითხოვს სივრცეში თავისუფლად გადაადგილებას და ხალხის შემთხვევითობის პრინციპით გაცნობას, ჯობია, რომ ტრენერი ან მისი თანაშემწე გაჰყვეს უსინათლოს, მან დაბნეულად და დაკარგულად რომ არ იგრძნოს თავი. ტრენერ–მეგზური ამ შემთხვევაში ეხმარება მონაწილეს, მოძებნოს ადამიანები, უთხრას, ვის წინ დგანან ახლა, მიაქცევინოს იმ სხვა მონაწილის ყურადღება, რომ უსინათლოს მასთან სურს საუბარი/თანამშრომლობა.

განსატვირთ აქტივობებში, რომლებიც სისწრაფეს მოითხოვს, ჯობია, რომ მხედველ მონაწილეებს თვალები ახვეული ჰქონდეთ, რათა უსინათლოც თანაბარ პირობებში იყოს.

თუ ენერჯაიზერი მოიცავს მოძრაობების შესრულებას, ამ მოძრაობათა ვიზუალურ დემონსტრაციასთან ერთად აუცილებლად ახსენით ისინი სიტყვებით. ასევე უთხარით უსინათლოს, სწორად აკეთებს ის თუ არა. საჭიროების შემთხვევაში მასთან უნდა მიხვიდეთ და აჩვენოთ ხელით.

როდესაც აკეთებთ პრეზენტაციას, აცნობთ მონაწილეებს მონაცემებს, სტატისტიკას, დიაგრამებს და საერთოდ ნებისმიერ რამეს, ეცადეთ, სიტყვიერად რაც შეიძლება, დეტალურად ახსნათ და თქვათ ის მონაცემები, რომლებიც ეკრანზე გაქვთ გამოტანილი.

თუკი ხსნით საჯარო გამოსვლისას ჟესტიკულაციის საკითხს, სხეულის და ხელების როგორი მოძრაობაა მისაღები და როგორი – მიუღებელი, ისევ ვიზუალურად ჩვენებასთან ერთად სიტყვებითაც ახსენით. სთხოვეთ უსინათლო მონაწილეს შეხების ნებართვა და შეგიძლიათ აჩვენოთ კიდეც, გაამოძრავოთ მისი ხელები.

ტრენინგის დაწყებამდე კარგი იქნებოდა, უსინათლოს რომ აჩვენოთ სივრცე. იქნებ, მას სურს ხელჯოხის გამოყენებით თვითონ გადაადგილდეს ღონისძიების სივრცეში, თავისით გადიოდეს საპირფარეშოში, საკვებ შესვენებაზე და ა.შ. მიეცით მას ამის საშუალება და მოუწოდეთ მონაწილეებსაც, ძალით ის არ ატარონ, არ დააძალონ დახმარება, თუკი უსინათლოს თავისით სურს გადაადგილება, წყლის ქულერიდან დასხმა და მისთ.

ეცადეთ, რომ სატრენინგო სივრცე გაათავისუფლოთ ზედმეტი და მსხვრევადი ნივთებისგან. ეცადეთ, სკამების და სხვა ნივთების განლაგება ყოველწუთიერად არ ცვალოთ. დეკორატიული ბარიერები და წინაღობები, ყვავილებიანი ქოთნები, წყლის დისპენსერები/ქულერები, დინამიკები არ უნდა იდოს ოთახის შუაში. თუ ოთახში არის სვეტები ან სახურავია უსწორმასწორო, გააფრთხილეთ უსინათლო ამის შესახებ და აჩვენეთ, სად შეიძლება დაეჯახოს.

ჰკითხეთ უსინათლოს, რა ფორმატით ურჩევნია სატრენინგო მასალების მიღება (ბრაილით თუ ელექტრონულად).

რამე ისეთი დავალების მიცემისას, რომელსაც უსინათლო სხვის დახმარების გარეშე ვერ შეასრულებს, ავტომატურად ნუ მიიჩნევთ, რომ რომელიმე მონაწილე თავისი ინიციატივით დაუწყვილდება მას. სთხოვეთ რომელიმე მონაწილეს ან თუკი დავალება ინდივიდუალურად უნდა შესრულდეს, თქვენ გაუწიეთ ასისტირება.

თუ უსინათლო მონაწილეს ახლავს მეგობარი, ეს არ ნიშნავს, რომ ის მუდმივად უსინათლოსთან 1 სამუშაო ჯგუფში უნდა ხვდებოდეს. შეგიძლიათ, ისინი მოკლე ვადით მაინც სხვადასხვა ჯგუფში გადაანაწილოთ, რათა უსინათლოს ჰქონდეს სხვა ადამიანთა გაცნობისა და დამეგობრების საშუალება. ამით მისი მეგობარიც დაისვენებს და განიტვირთება.

აქვე: დიალოგი მონაწილესთან აუცილებელია მუდმივად, არამხოლოდ ტრენინგის დაწყებამდე, არამედ მისი მსვლელობისასაც, მაგალითად, ყოველი დღის ბოლოს მას უნდა ჰკითხოთ, რომ შეეძლოს, რამეს ხომ არ შეცვლიდა? გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ყველას განსხვავებული საჭიროებები და შესაძლებლობები აქვს.

აუცილებელია, ტრენერმა იცოდეს არა ზოგადად ის, რომ შშმ მონაწილე ეყოლება, არამედ რა კონკრეტული შეზღუდვა აქვს მას. ყრუსთვის მისაწვდომი აქტივობა ან სწავლების მეთოდი შეიძლება მიუწვდომელი იყოს უსინათლოსთვის. რაც უსინათლოსთვისაა მისაწვდომი, შესაძლოა, არ იყოს ასეთი ეტლით მოსარგებლისთვის.

ევროპის საბჭოს აქვს მასალები, სადაც აღწერილია ინკლუზიური ენერჯაიზერები სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: