„მუზეუმების ონლაინ სიცოცხლე“ – აჭარის განათლების სამინისტროს ინტერაქტივი

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,

როგორც თქვენთვის ცნობილია, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხეებთან დაკავშირებით, ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არსებული ვითარების გამო, სახელმწიფო უწყებების მიერ მიღებულ იქნა პრევენციული ზომები, რომელიც გულისხმობს, სწავლების და შრომის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას.

დისტანციური რეჟიმი ჩვენთვის მეტ ონლაინ აქტივობას ნიშნავს. თანამედროვე მსოფლიოში ონლაინ განათლება არაფორმალური განათლების უმნიშვნელოვანესი შემადგენელია და მისი აქტიურად გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია ბევრი საინტერესო რამ ვასწავლოთ ჩვენს შვილებს.

სწორედ ამიტომ, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გთავაზობთ აქტიურად ჩაერთოთ მეტად საინტერესო ინტერაქტივში სახელწოდებით: „მუზეუმების ონლაინ სიცოცხლე“.

აქტივობის პირობაა:

[checklist]

  • გამოგვიგზავნეთ თქვენთვის საინტერესო ვიდეო-შეკითხვა, ბათუმში მოქმედი მუზეუმების, მათი ისტორიის, დაცული ექსპონატების თუ ნივთების შესახებ.
  • კითხვაზე ჩვენი მუზეუმების პროფესიონალი თანამშრომლები ვიდეო – პასუხით გიპასუხებენ. ინტერაქტივი განთავსდება ჩვენი სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე.
  • ავაცნოთ, თქვენი ჩართულობით ჩვენი მუზეუმების საინტერესო ისტორიები, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველას. ისინი ჯერ ონლაინ, მაგრამ შემდეგ უკვე რეალურად, ბათუმში ჩვენს მუზეუმებს აუცილებლად ესტუმრებიან.
  • გავხადოთ ჩვენი მოსწავლეების სახლში ყოფნა უფრო საინტერესო, ინფორმატიული და საქმიანი.

[/checklist]

ველით თქვენს ვიდეო -შეკითხვებს შემდეგ მისამართზე: administracia@moecs.ge

„ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ მოექცევა მცირე და საშუალო ბიზნესი“ – ინტერვიუ

რა ელოდება კერძო სექტორს, თუ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი დიდხანს გაგრძელება? რა ელოდებათ დასაქმებულებს, რომლებიც დისტანციურ რეჟიმში სამუშაოდ გაუშვეს და ჯერჯერობით ხელფასებს ინარჩუნებენ? ვინ როგორ დაუბრუნდება და ვინ ვერ დაუბრუნდება იმ მდგომარეობას ბაზარზე, რაც პანდემიამდე ჰქონდა?  – ამ თემაზე  შპს „ელთ ბიზნეს ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს, ნონა ხუჯაძეს ვესაუბრეთ.

  • ქალბატონო ნონა, როგორ გააგრძელა კომპანიამ მუშაობა მას შემდეგ, რაც დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის რეკომენდაცია მიიღეთ, დასაქმებულებს ხელფასები გადაუხადეთ?

ჩვენ სამი კომპანია გვაქვს, რეალურად სამივეს აქტიურობა შესუსტდა ბაზარზე. თანამშრომლების უმეტესობა  დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ზოგი კი ანაზღაურებად შვებულებაში გავიდა. კრიზისის აპრილშიც გაგრძელების შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ ხელფასები თანამშრომლებს არათუ შეუნარჩუნდებათ, არამედ არც შეუმცირდებათ. მარტის და აპრილის პერიოდში მოლოდინი გვაქვს, რომ შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს, თუმცა არ ვიცით რა იქნება უფრო შორ პერიოდში.

თანამშრომლების დაახლოებით 20 პროცენტის დისტანციურ რეჟიმში გადაყვანას ვახერხებთ. მიუხედავად იმისა, რომ  ტექნოლოგიურად მზად ვართ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, უფრო მეტი თანამშრომელი გავუშვათ, ამიტომ დიდი ალბათობით მოგვიწევს ბიზნესპროცესების შეჩერება, როგორც საფინანსო და ტურისტულ, ასევე სამშენებლო სექტორში.  თანამშრომლების დიდი ნაწილი ორგანიზაციული პროცესების განვითარებაზე გადავისროლეთ, შესაბამისად არ ვართ გაჩერებული, ვმუშაობთ, თუმცა ეს არ გულისხმობს მომხმარებელთან მუშაობას, ეს გულისხმობს ახალ პროდუქტზე მუშაობას.  არ ვემზადებით ცუდი სცენარისთვის, ველოდებით, რომ არ გაგრძელდება  ეს პროცესი მთელი წელი.

  • თუ აპრილის შემდეგაც გაგრძელდა დისტანციურ მუშაობაზე მოთხოვნა, თანამშრომლების შენარჩუნებას შეძლებთ?

საკმაოდ გამართული ბიზნესი  გვაქვს იმისათვის, რომ დავიწყოთ პროდუქტების მოდერნიზება, თუმცა როგორც ყველა ბიზნესს, ჩვენც გვაქვს მოქმედების გარკვეული არეალი. გააჩნია რამდენად ღრმა იქნება ეკონომიკური კრიზისი, გარკვეულ დონეზე გავყვებით ამ ცურვაში ბაზარს, თან ჩვენ დივერსიფიცირებული ბიზნესი ვართ. სხვადასხვა სექტორში ვმუშაობთ, შევძლებთ გარკვეულ დონეზე პროდუქტების ოპტიმიზაციას. მოხდება ფოკუსირება ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ნაკლებადაა ტურიზმზე ორიენტირებული.

ნებისმიერი შრომის ხარჯს კომპანია ეწევა, იქედან გამომდინარე, რომ ეს შრომა ქმნის ღირებულებას, რომელიც იყიდება ბაზარზე. თუ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში გვექნება მოცემულობა, რომ ეს შრომა ფიზიკურად ვეღარ შექმნის ღირებულებას, არ ვიცი რა მოხდება. სახელფასო ფონდი რამდენიმე მილიონი ლარია, ძალიან გართულდება ბიზნესმა ეს საკუთარ თავზე აიღოს გრძელვადიან პერიოდში. ვემზადებით, რომ თუნდაც ორი-სამი თვით შევინარჩუნოთ თანამშრომლები ასეთ რეჟიმშიც კი – ეს უკვე არის ჩვენი პასუხი რეალობაზე.  თუ ეს პროცესი გაგრძელდა, მაგალითად, ათი თვე, იძულებული ვიქნებით, რომ  დავიწყოთ სხვადასხვა ზომის გამოყენება.  პირველ რიგში, ეს იქნება ალბათ ნაწილობრივი ანაზღაურება, უხელფასო შვებულება… საბოლოო ჯამში ეს  დამოკიდებულია პროცესის ხანგრძლივობაზე.  თუმცა, მე დიდი იმედი მაქვს, რომ მთლად ასეთი დრამატული სცენარი არ შედგება.

  • ვთქვათ სამ თვეში ჩაიარა ვირუსის საფრთხემ,  ასეთ შემთხვევაში კომპანია თანამშრომლებს ინარჩუნებს და მიმდინარე პროექტებს გააგრძელებს სრულად?

ის, რომ ეკონომიკური ზარალი იქნება ძალიან დიდი, უკვე ცხადად ჩანს. ვფიქრობ, რომ შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში დააჩნდეს ეკონომიკას ამ ზარალის კვალი, თუმცა შეფასება ამ დროისთვის ალბათ არასერიოზული იქნება. ჩვენი ქვეყნის კონტექსტში შესაძლებელია ვთქვათ, რომ  რამდენიმე სექტორი შეძლებს გაუძლოს და ალბათ შედარებით სწრაფად აღდგება, განაგრძობს განვითარებას.  ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ მოექცევა მცირე ბიზნესი და შემდეგ უკვე საშუალო ბიზნესი. მოგეხსენებათ, მცირე და საშუალო ბიზნესი ყველაზე დიდი დამსაქმებელია, თან ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს ამ სეგმენტში ვხვდებით, ყველაზე მცირე დანაზოგებიც სწორედ ამ ჯგუფებს აქვთ.  აქედან გამომდინარე, მაქვს მოლოდინი, რომ ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესდება.  სადღაც 20 პროცენტი დასაქმებულების ალბათ აღიდგენს ვირუსამდელ მდგომარეობას, მაგრამ უფრო მეტისთვის ეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდება.

იმდენად ვართ ვაქცინაზე დამოკიდებული, რომ ამ წუთს, ასე ვთქვათ, აღარ მუშაობს ეკონომიკური თეორია, უფრო მეტად თამაშობს მოლოდინების თეორია, თუ როგორ უმკლავდებიან ადამიანები საკუთარ მოლოდინებს და ეკონომიკურ ფაქტორებს.  ჩვენ დავსვით კითხვა, რა მოხდებოდა, თუ ეკიპირების სრულფასოვან რესურსს ჩავრთავდით და შევინარჩუნებდით თანამშრომლებს სამუშაო პროცესში, რომ ამ ფორმით მუშაობა გაგვეგრძელებინა. როგორც ჩანს, ესეც არ იქნება შესაძლებელი.

  • პენდემიის შემდგომ პერიოდში, ბიზნესის თუნდაც გარკვეული სექტორის სწრაფად აღდგენისთვის მომხმარებელი დარჩება ბაზარზე?

საფინანსო სექტორში მომხმარებელი ისევ აქტიურია. ტურისტული მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და სხვა სცენარებზე მიდის გათვლა. შენებლობის და ინვესტიციების მიმართულებით ასევე, პასიურ რეჟიმში გადაგვიყვანა მომხმარებელმა,  დააფიქსირეს ინტერესები და რამდენიმე თვით გვთხოვეს, რომ გავჩერდეთ, ისინი დარჩნენ ხაზზე.  სხვათა შორის ბევრ ქვეყანას აღმოაჩნდა კრიზისით ეკონომიკური სარგებლისთვის ბიზნესის მოდერნიციის უნარი. ზოგადად მსგავს სიტუაციებს ახასიათებს ასეთი სცენარები, მაგრამ ძალიან ცოტა იქნება ასეთ სცენარში ეფექტური.

რომ დავზარალდებით, ამაში ორი აზრი არ არის, ისაა მნიშვნელოვანი, იქნება თუ არა ზარალი შეუქცევადი.

_______________

ამავე თემაზე: 

იქნება თუ არა ხელფასი აპრილში? – ბიზნესი კრიზისის პირისპირ პანდემიის დროს

„ჰილტონიდან“ ინფექციურში უცხო ქვეყნის მოქალაქე გადაიყვანეს – სასტუმრომ მუშაობა შეაჩერა

ბათუმში სასტუმრო „ჰილტონმა“ დღეს, 23 მარტს, მუშაობა შეაჩერა. „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროში მყოფ ერთ-ერთ პირს, გრიპის სიმპტომები დაუდგინეს და ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ ინფორმაციას არ ფლობენ. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, „ჰილტონში“ საკარანტინე ზონა მოწყობილი არ ყოფილა.

სასტუმროდან კონკრეტული პირის შესახებ გადაყვანის ჟურნალისტებმა კითხვა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მენეჯერს, ინფექციონისტ დავით მურვანიძეს დაუსვეს. მისი თქმით, საკარანტინო ზონიდან გუშინ გვიან ღამით და დღეს დილით სულ 6 პირი გადაიყვანეს კლინიკაში და თითოეული მათგანის ანალიზის პასუხს დღის ბოლომდე ელიან.

ინფექციური საავადმყოფოს მენეჯერის თქმით, ამ პირებს შორის ერთია უცხო ქვეყნის მოქალაქე. უცხო ქვეყნის კიდევ ერთ მოქალაქეს ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაუდასტურეს კორონავირუსი.

„6 პაციენტის პასუხს ველოდებით, რომლებიც გვიან ღამით და ამ დილით შემოვიდნენ ჩვენთან, აღებულია მათი მასალები და გაგზავნილია ლაბორატორიაში… ყველანი შემოყვანილი იყვნენ ზოგადი ტემპერატურის მატებით და ერთს აღენიშნებოდა 38-მდე სიცხე, საკარანტინო ზონიდან არიან გადმოყვანილი“, – უთხრა ჟურნალისტებს დავით მურვანიძემ.

სატელეფონო ზარს არ უპასუხეს სასტუმრო „ჰილტონის“ ადმინისტრაციაში.

ქორწილების და ქელეხების გადახდა აიკრძალა – მთავრობის დადგენილება

საქართველოს მთავრობის #181-ე დადგენილებით საქართველოში 10-კაციანზე მეტი ქორწილების და ქელეხების გადახდა აიკრძალა.

“იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები),” – ვკითხულობთ მთავრობის მიერ გამოცემულ დადგენილებაში.

ამავე დადგენილებით იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელ მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

____________

ფოტო: pexels

 

თუ დავრჩებით სახლში, 6-10 კვირაში მინიმალური შემთხვევები გვექნება – ბილ გეითსი 

Microsoft -ის დამაარსებელი ბილ გეითსი ტვიტერზე საკუთარ ფოტოს პოსტავს წარწერით – „მე ვარ ბილ გეითსი და ვმუშაობ სახლიდან”. მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა და გავლენიანმა ბიზნესმენმა ოთხშაბათს ხალხს სადისკუსიო ფორუმ Reddit-ზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ბილ გეითსს ჰკითხეს, თუ რა დროში ხედავს ის  მსოფლიო კრიზისიდან გამოსავალს, რაზეც ის პასუხობს, რომ თუ ქვეყნები ეფექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ჩაატარებენ დროულ ტესტირებას, უზრუნველყოფენ მაქსიმალურად ყველაფრის ჩაკეტვას და ხალხი მოექცევა იზოლაციაში, მაშინ 6-10 კვირის განმავლობაში შემთხვევათა მინიმალურ რაოდენობას მივიღებთ და ყველაფერი ისევ გაიხსნება.


ბილ გეითსი რამდენიმე წელია ჩართულია ჯანდაცვის სფეროში „ბილ და მელინდა გეიტსების არაკომერციული ფონდის“ მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში ბილ გეითსმა განაცხადა, რომ Microsoft-ის დირექტორთა საბჭოს ტოვებს, რომლის თანადამფუძნებელიც თავად იყო 1975 წლიდან. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი აცხადებს, რომ შექმნილ სიტუაციაში სურს მეტი დრო ქველმოქმედებას დაუთმოს.

გეითსმა Reddit-ზე ვირუსის პირობებში „ჩაკეტვისა“ და იზოლაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჩაკეტვის ფაზა გულისხმობს ბევრ სხვადასხვა რამეს. სწორი მოქმედებებით, როგორიცაა დროული ტესტირებები, სანიტარული წესების დაცვა და სოციალური დისტანცირება, მდიდარი ქვეყნებიც კი რთულად მოახერხებენ 2-3 თვის განმავლობაში ინფიცირების მაქსიმალურად თავიდან აცილებას. საფიქრალია, რა უნდა ეშველოს ეკონომიკურ ზარალს, რაც გვექნება, მაგრამ კიდევ უფრო ცუდი იქნება ის, რომ კრიზისი დიდ გავლენას მოახდენს განვითარებად ქვეყნებზე, რომლებსაც სოციალური დისტანცირება და ჩაკეტვის ღონისძიებები ისე ვერ გამოუვათ, როგორც მდიდარ ქვეყნებს. მათი საავადმყოფოების შესაძლებლობებიც მდიდარ ქვეყნებთან შედარებით ბევრად ნაკლებია“.

პანდემიის საფრთხეზე ბიზნესმენი ერთი წლის წინაც საუბრობდა Reddit-ზე. როცა მას ჰკითხეს, რა იყო უახლოეს მომავალში კაცობრიობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე, ბილ გეითსმა შესაძლო პანდემიაზე ისაუბრა, რაც გასულ წელს აქტუალური არ იყო და რეალობასთან თითქოს საერთო არაფერი ჰქონდა.

„ზუსტად 100 წელი გადის ესპანური გრიპის პანდემიიდან და თუ ის რაღაც ფორმით დაბრუნდება, მიმოსვლის სიხშირე მის გავრცელებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“, – ამბობდა ბილ გეითსი.

ბიზნესმენი TED Talk-ზეც საუბრობდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა მსოფლიოს ეპიდაფეთქებისთვის მოსამზადებლად:

„სწრაფად უნდა მიგვიწვდებოდეს ხელი დიაგნოსტირების საშუალებებზე, წამლებსა და ვაქცინაზე, არსებობს ამის კარგი ტექნოლოგიური საშუალებები სწორი ინვესტირების შემთხვევაში, ქვეყნებს შეუძლიათ ამაზე ერთობლივად იმუშაონ.

ჩვენ შევქმენით ორგანიზაცია CEPI (Coalition for Epidemic Preparedness Innovation) – ეპიდემიისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფის ინოვაციური კოალიცია, რომელიც ვაქცინის მომზადების პროცესში ასრულებს გარკვეულ სამუშაოებს, მაგრამ ამ კოალიციას მეტი დაფინანსება სჭირდება, რომ მისი რესურსები მთელ მსოფლიოს გასწვდეს“, – ამბობს ბილ გეითსი.­

ბათუმი-თბილისის მატარებელი ხვალიდან აღარ იმოძრავებს

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, დღეს, 23 მარტს 00:00 საათიდან მატარებლების საქალაქთაშორისო მოძრაობა ჩერდება.

დღეიდან შეწყვეტს მოძრაობას ბათუმი-თბილისის მატარებელიც.

„მგზავრებს საშუალება აქვთ  მიმდინარე წლის 24 მარტის,  18:00 საათამდე ბილეთები დააბრუნონ საქართველოს რკინიგზის მოქმედ სალაროებში. მგზავრობის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“ – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

მთავრობის დადგენილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ იმოძრავებენ მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის სამგზავრო მატარებლებიც.

გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ამავე თემაზე: 

საქართველოს ტერიტორიაზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იზღუდება

სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადაიდო – მთავრობა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადაიდო. დადგენილება დღეს, 23 მარტს გამოქვეყნდა.

მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ:

„საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდეს სასწავლო პროცესი. ზოგადასაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აღნიშნული განახორციელოს დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში)“.

დადგენილებაში ასევე წერია, რომ 2020 წლის 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები უნდა გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე (კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებლობის გარდა).

ასევე, მთვარობის დადგენილების თანახმად, იკრძალება ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, გარდა დისტანციური ფორმისა.

„ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებების, ასევე პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების და პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადები შეჩერებულად ჩაითვალოს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე“ – ვკითხულობთ დადგენილებაში.

საქართველოს სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

 

დღეს ღამით ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

„ბათუმის წყლის“ განცხადებით, ავარიული დაზიანების გამო, 23 მარტის 00:00 საათიდან 24 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

26 მაისის ქუჩა – რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე, მელიქიშვილის ქუჩა – რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე, ვაჟა-ფშაველას ქუჩა – რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე, ლუკა ასათიანის ქუჩა – რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე, რუსთაველის ქუჩა – მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანამდე, კლდიაშვილის ქუჩა – მელიქიშვილიდან ვაჟა-ფშაველამდე, მემედ აბაშიძის ქუჩა – მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანამდე, ზურაბ გორგილაძის ქუჩა – მელიქიშვილიდან ვაჟა-ფშაველამდე.

„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით“ – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ განცხადებაში.

მარნეულის მცხოვრები: სოფლების მიმართულებით მოძრაობა არ შეზღუდულა

საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი კარანტინი გამოაცხადა კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო. ამ მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია.

რა ხდება ამ დროისთვის მარნეულში და ემორჩილებიან თუ არა მოქალაქეები მთავრობის რეკომენდაციებს? „ბათუმელები“ მარნეულში მცხოვრებ მამედ მირზაევს ესაუბრა. მისი თქმით, ქალაქში მოძრაობა ნაკლებად შეინიშნება, თუმცა სოფლების მიმართულებით მოძრაობა არ შეზღუდულა და შესაძლოა ამან პრობლემები გააჩინოს ვირუსის გავრცელების მხრივ:

„მარნეულში ბევრი დიდი სოფელია, ამიტომ ამას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება. ადგილზე უნდა მოხდეს მოსახლეობის გაფრთხილება და კონტროლი, რადგან სოფლებში მოსახლეობის ინფორმირება არ ხდება სათანადო დონეზე და ამის გამო ხალხს ნაკლებად სჯერა ვირუსის“.

მისი თქმით, პოლიცია ცდილობს გააფრთხილოს მოსახლეობა, რომ  თავი მოარიდონ თავშეყრის ადგილებს. „ეუბნებიან, რომ არ შეიკრიბონ ე.წ ბირჟებზე. პანაშვიდებსა და წლისთავებთან დაკავშირებითაც აძლევს პოლიცია მითითებებს, ადგილზე მიდიან და ატყობინებენ აკრძალვის შესახებ, თან აფრთხილებენ, რომ დაჯარიმდებიან თუ შეიკრიბება ხალხი. ამ დროისთვის მარნეულში დაკეტილია ბაზარი. თუმცა, გუშინწინ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალების იყო საშინელი რიგები და ადამიანები ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ იდგნენ“ – გვეუბნება მირზაევი.

რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებას, მამედ მირზაევის თქმით, არსებობს რამდენიმე ადგილობრივი მედიასაშუალება, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს ინფორმაციის გავრცელებას, თუმცა სოფლების დონეზე მეტი ინფორმაციაა საჭირო.

სტატისტიკის სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, ამ მუნიციპალიტეტებში 162 200 ადამიანი ცხოვრობს. აქედან მარნეულში – 106 800 ადამიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი 55 400 ადამიანი ცხოვრობს.

13 სასტუმროს ორთვიანი საკარანტინო ზონის მოწყობისთვის სახელმწიფო 10 მილიონს გადაუხდის

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო საკარანტინო სივრცეების მოწყობაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 13 სასტუმროსთან [სულ 1 300-მდე ოთახი] ხელშეკრულებები ჯამში 10 517 823 ლარზე აქვს გაფორმებული.

სასტუმროები, რომლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიც „ბათუმელებს“ ამ დროისთვის აქვს, მდებარეობს თბილისში, რუსთავში, თელავში, ბათუმში, საირმეში, გუდაურში. ამ სასტუმროებთან ადმინისტრაციამ ხელშეკრულებები მარტის თვეში პირდაპირი წესით გააფორმა, თუმცა სასტუმროების რაოდენობა, სადაც საკარანტინო ზონაა მოწყობილი, ქვეყანაში გაცილებით მეტია.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ მოლაპარაკებები სხვადასხვა სასტუმროსთან გრძელდება. თუმცა, ჯამში რამდენ ობიექტთანაა გაფორმებული ხელშეკრულება საკარანტინო ზონის მოწყობაზე, ადმინისტრაციაში ამ დროისთვის ვერ დაგვიკონკრეტეს.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საკარანტინო სივრცეში გადასაყვანი ადამიანების დიდი რაოდენობის გამო, გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა სასტუმროებთან მოლაპარაკება და მათთან შესაბამისი მომსახურების დაკონტაქტება, რათა არ მომხდარიყო აღნიშნულ საკარანტინო სივრცეში გადასაყვანი ჩამოფრენილი ადამიანების დაყოვნება“ – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

სასტუმროებთან ხელშეკრულებები დაიდო 2 თვის მომსახურებაზე, რაც, ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, „იმ ეტაპისთვის გონივრულ ვადად იყო მიჩნეული პრობლემის აღმოსაფხვრელად“.

ამასთან, ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოთხოვნილი საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად მათ მიერ შესყიდული მომსახურება „არათუ აჭარბებს საჭირო რაოდენობას, არამედ მთავრობის მითითებით, შესაძლოა, მომავალში კიდევ გაიზარდოს.“

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეს, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გადმოკვეთს საზღვარს, აუცილებლად გაივლის 2-კვირიან კარანტინს; ეს არის ორგანიზებული კარანტინი და საკარანტინო სივრცეების საჭიროება გაორმაგდება.

მისივე თქმით, მთავრობამ შესაძლოა საგანგებო ზომებს მიმართოს.

„იგულისხმება სივრცეების დათმობა, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. მრავალკვირიან მოლაპარაკებებზე დროს ვერ დავკარგავთ,“ – განმარტა მინისტრმა.

ტურიზმის ადმინისტრაციასა და სასტუმროებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში აღნიშნულია, რომ „ხელშეკრულების საერთო ღირებულება წარმოადგენს რა საორიენტაციო მაჩვენებელს, რომლიდანაც ანაზღაურდება მხოლოდ კონკრეტულად გაწეულ მომსახურებათა ღირებულება, შესაბამისად, შემსყიდველი, წინამდებარე ხელშეკრულებით ვალდებული არ არის განახორციელოს ხელშეკრულების ღირებულების სრულად ათვისება“.

მაგალითად, ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროსთან, რომელსაც აქვს 152 ოთახი, ხელშეკრულება გაფორმებულია 1 167 245 ლარზე; თბილისში, 210 ოთახის მქონე სასტუმროსთან – 2 087 362 ლარზე, ხოლო 30-ოთახიან სასტუმროსთან – 226 152 ლარზე. ხელშეკრულებები 2 თვით მომსახურებას ითვალისწინებს.

[toggle title=”რა ვალდებულება აქვს სასტუმროს შეგიძლიათ ნახოთ აქ:“] ხელშეკრულებების მიხედვით მიმწოდებელი [ანუ სასტუმრო] ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა დანართი N1-ის შესაბამისად [ოთახების რაოდენობა, ერთი პირის მომსახურების ღირებულება და სხვა].

ბ) მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს ინდივიდუალური გათბობის სისტემა და არა საერთო კონდინცირების სისტემა. მიმწოდებელმა უნდა გამოყოს სასტუმროში არსებული ნომრები კარანტინის ფარგლებში.

გ) უზრუნველყოს სტუმრები სამჯერადი კვების მომსახურებით (საუზმე, სადილი, ვახშამი), საკვები მიწოდებული უნდა იყოს ერთჯერადი კონტეინერებით, საკვების მიწოდება უნდა მოხდეს სასტუმროს ნომრის კართან ერთჯერად პარკებთან ერთად. ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია ნაგვის (საჭმლის ნარჩენები და ა.შ.) გატანა (საჭიროების შემთხვევაში უტილიზაცია) რეგულარულად განახორციელოს ჯანმოს მიერ გაცემული რეკომენდაციების ფარგლებში. ამასთან ერთად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული დაცვის პოლიციის და სამედიცინო დახმარების ჯგუფის სამჯერადი კვებით უზრუნველყოფა.

დ) უზრუნველყოს თეთრეულის მიწოდება სასტუმროში განთავსებისას ყოველ ახალ შემოსულ პირზე. სასტუმროში განთავსებულ პირებს მიაწოდოს ჰიგიენური თავის მოვლის საშუალებები: ტუალეტის ქაღალდი, საპონი, შამპუნი, დასაბანი გელი, სარეცხი საშუალება ფეირი, კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი, ერთჯერადი ჩუსტი, ასევე მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ზემოთხსენებული ნივთების საჭიროებისამებრ განახლება მარაგის ამოწურვის შემთხვევაში.

ე) სასტუმროში განთავსებისას ყოველ ახალ შემოსულ პირს დაახვედროს: თერმომეტრი (თერმომეტრების დეზინფექცია (საჭიროების შემთხვევაში უტილიზაცია) უნდა მოხდეს ჯანმოს მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით ყოველი სტუმრის გასვლის შემდგომ), ელექტრო ჩაიდანი, ჭიქები და კოვზები (სასურველია იყოს ერთჯერადი) ჩაი, ყავა, შაქარი, ასევე მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პირები წყლით, დღეში ორი ბოთლი წყალი 1 პერსონაზე.

ვ) ოთახები აღჭურვილი უნდა იყოს მაგიდის და იატაკის საწმენდებით (ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენებისთვის), ცოცხით და აქანდაზით.

ზ) უზრუნველყოს ყოველ ორ დღეში ერთხელ სასტუმროს ოთახებისა და მიმდებარე ტერიტორიის დალაგება (ნაგვის გატანა).

თ) უზრუნველყოს სტუმრების გასვლის შემდეგ სასტუმროს ოთახების დეზინფექცია, ხოლო ყოველ ორ კვირაში ერთხელ სასტუმროს კორიდორის სრული დეზინფექცია ლიცენზირებული სადეზინფექციო სამსახურის მიერ, რომელიც წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს. სადეზინფექციო მომსახურების საფასური განისაზღვრება არაუმეტეს 0.18 ლარით [ეს საფასური სხვადასხვა სასტუმროსთვის სხვადასხვაა – ავტ.]. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის ვადაში წარმოადგინოს ქვე-კონტრაქტორ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება დეზინფექციის თაობაზე.

ი) ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეწყვიტოს იდენტური მომსახურების გაწევა სხვა პირებისთვის, არ დაუშვას მესამე პირების შესვლა სასტუმროს შენობაში, გარდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიმღები პირებისა და მომსახურების გამწევი სასტუმროს პერსონალისა.

კ) არ დაუშვას, ხელშეკრულების დადებამდე და მისი დადების შემდგომ ადმინისტრაციის წინასწარი თანხმობის გარეშე, სოციალური ან სხვა მედიის საშუალებით ინფორმაციის გავრცელება ხელშეკრულების პირობების შესახებ, შემსყიდველთან შეთანხმებას ექვემდებარება ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ეხება სტუმრების იზოლაციას, საკარანტინო პირობებს, მათ კვებას და მათ განთავსებას.

ლ) განიხილოს შემსყიდველის პრეტენზიები და მიაწოდოს მოტივირებული პასუხი ყველა საკითხზე, აგრეთვე დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორება;
მ) განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.

ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მოთხოვნებს [სასტუმროს ეს ვალდებულებები აღებულია ერთ-ერთი ხელშეკრულებიდან, თუმცა ყველა ხელშეკრულებაში ვალდებულებები თითქმის იდენტურია – ავტ.][/toggle]

საქართველოში 21 აპრილის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის მიხედვით კი საქართველოს მთავრობას მიეცა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისათვის მის მიერ დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.

ამ თემაზე: ყველაფერი საგანგებო მდგომარეობაზე პრეზიდენტის დეკრეტზე

23 მარტის 13:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 8, კარანტინის რეჟიმშია – 3 320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 235 ადამიანი.

_______________

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ბათუმში მოქმედი მსხვილი სასტუმროების უმრავლესობა დროებით დაიხურა. ბათუმში ახლა მხოლოდ თითო-ოროლა სასტუმრო მუშაობს უმნიშვნელო დატვირთვით. სასტუმროების ნაწილში კი, საკარანტინო ზონა მოეწყო.

ჯავშნები უქმდება – უფასო შვებულებები სასტუმროებში კორონავირუსის გამო

როგორ დავბრუნდეთ თურქეთიდან საქართველოში – საკონსულოს განმარტება

დღეიდან, 23 მარტიდან, თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს  მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნება მხოლოდ სარფის საბაჟოს გავლით შეუძლიათ.

ტრაბზონში საქართველოს საკონსულოს ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთში 23 მარტის მდგომარეობით გადაადგილება შეზღუდული არაა, ასევე შეუფერხებლად ხორციელდება შიდა ფრენები, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით – ავტობუსებით და თვითმფრინავებით.

ერთადერთი შეზღუდვა დაწესებულია სარფის საბაჟოზე, რომელიც დილის ათიდან საღამოს ექვს საათამდე (საქართველოს დროით) მუშაობს. სწორედ ამ დროის განმავლობაში უნდა მოახერხონ საქართველოს მოქალაქეებმა საზღვრის კვეთა.

ამასთან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა პირი, რომელიც საქართველოს საზღვარს 22 მარტის შემდეგ გადმოკვეთს, გაივლის ორკვირიან სავალდებულო კარანტინს.

საქართველოს საელჩო თურქეთში მოუწოდებს მოქალაქეებს დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს:

  • ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +905392208280
  • სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
  • ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

ბათუმში ელოდებიან 6 პირის ანალიზის პასუხს კორონავირუსზე

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, სტაბილურია. საავადმყოფოში კიდევ ექვსი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელიან, რომლებიც საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს ინფექციურში – ამის შესახებ, დღეს, 23 მარტს, ჟურნალისტებთან განაცხადა ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა, ექიმმა ინფექციონისტმა დავით მურვანიძემ.

„ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სამი დადასტურებული შემთხვევაა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არავითარი ზედმეტი გართულება არც ერთ პაციენტს არ აქვს, ნორმალურად მიმდინარეობს მათი მკურნალობა იმ სქემის მიხედვით, რომელიც მიღებული აქვს კლინიკურ ჯგუფს.

ექვსი პაციენტის ანალიზის პასუხს ველოდებით, აღებულია ანალიზები და გაგზავნილია ლაბორატორიაში, პასუხი საღამოს გახდება ცნობილი. ყველა მათგანი შემოყვანილი იყო ზოგადი ტემპერატურის მატებით, ერთს აღენიშნებოდა 38-მდე ცხელება. ყველანი საკარანტინო ზონიდან არიან გადმოსული“ – განაცხადა დავით მურვანიძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათგან კი 5-მა დატოვა საავადმყოფო. რაც შეეხება კიდევ გამოჯანმრთელებულ 3 პაციენტს, მათ ვირუსის გართულების ეტაპზე ჰქონდათ პნევმონია, რის გამოც დამატებითი კვლევები უტარდებათ და საავადმყოფოს ამის შემდეგ დატოვებენ.

23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის 54 შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

__________

ფოტოზე: დავით მურვანიძე

მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო

მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სპეციალურ სივრცეში ინტენსიურად ჩატარდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.

ჰოსპიტალი შსს-ს საგანგებო მართვის სამსახურმა მოწყო, მათივე ინფორმაციით, შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები ჩაატარებენ.

საველე ჰოსპიტალი მარნეულში

„მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს მარნეულსა და ბოლნისში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ“ – ნათქვამია შსს განცხადებაში.

საველე ჰოსპიატილი

მარნეულში კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა. მათგან ერთ-ერთს, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, ბევრ ადამიანთან ჰქონდა შეხება.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია, შეზღუდულია მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლა. ქალაქში საგანგებოდ მოწყობილ, სპეციალურ გამშვებ-პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებს.

საველე ჰოსპიტალი მარნეულში

 

ამავე თემაზე:

162 000 ადამიანი ცხოვრობს მარნეულსა და ბოლნისში, სადაც მკაცრი კარანტინია

162 000 ადამიანი ცხოვრობს მარნეულსა და ბოლნისში, სადაც მკაცრი კარანტინია

საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში – მარნეულსა და ბოლნისში, სადაც მკაცრი კარანტინის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 00:30 საათზე გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, სტატისტიკის სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, 162 200 ადამიანი ცხოვრობს. აქედან მარნეულში  106 800 ადამიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი 55 400 ადამიანი.

გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვერ ხდება მარნეულში მცხოვრები პაციენტის COVID-19-ით ინფიცირების წყაროს დადგენა და ქვეყანა გადავიდა ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე.

პრემიერის თქმით, ეპიდემიოლოგების პროგნოზით, ვირუსის შიდა გადაცემა მოხდა „სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა“. მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ საუბარია წლისთავზე.

მარნეულში მცხოვრებ ქალს COVID-19-ით ინფიცირება 22 მარტს დაუდგინეს – ის მარნეულიდან თბილისის კლინიკაში დღის მეორე ნახევარში გადაიყვანეს. ის მძიმედაა.

რამდენიმე საათით ადრე NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ბოლო პაციენტის 86 კონტაქტია იდენტიფიცირებული, თუმცა ასეთი კიდევ ბევრია.

___

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/436606/

9 გარდაცვლილი და 289 ახალი შემთხვევა 24 საათში – კორონავირუსი თურქეთში

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ვირუსით გარდაცვლილთა ოდენობა 30-ია. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით 22 მარტს 289 ადამიანს აღმოაჩნდა ვირუსი. ინფიცირებულთა ჯამური ოდენობა კი 1 236 ადამიანია.

“ჩვენ ვკარგავთ ახალ სიცოცხლეებს. იზრდება ახალი შემთხვევების ოდენობა. დღეისათვის 20 335 ტესტი გვაქვს ჩატარებული და მათგან მხოლოდ 1 236 ადამიანს აღმოაჩნდა ვირუსი. ჩვენ დავკარგეთ 30 ხანდაზმული პაციენტი. ყველა ვირუსიან პაციენტს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. გთხოვთ, დარჩით სახლში. ნუ გარისკავთ,” – დაწერა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ ტვიტერზე.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მოქალაქეების ინფორმირების გზად მინისტრის ტვიტერი აირჩია. მინისტრი ახალ ინფორმაციას ყოველ საღამოს, 23:00 საათის შემდეგ ტვიტავს.

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 651 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 651 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რიცხვი ჯამში 5 476-ია.  გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირებით ახალი 5 560 შემთხვევა. 22 მარტის მდგომარეობით იტალიაში კორონავირუსი 59 138 ადამიანს აქვს დადასტურებული.

ასევე ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 952 ადამიანი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა ჯამური ოდენობა 7 024-ია.

დღეს რომში კორონავირუსით გარდაიცვალა 35 წლის ახალგაზრდა კაცი. ეს პირველი შემთხვევაა იტალიაში, როცა 40 წელზე ქვემოთ ასაკის ადამიანი იღუპება ვირუსით. გარდაცვლილს ემანუელე ერქვა. მის შესახებ იტალიურმა პრესამ რამდენიმე საყურადღებო დეტალი გამოაქვეყნა. Fanpage.it-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ემანუელე ესპანეთიდან დაბრუნდა გასულ კვირას და ის ჰოსპიტალში მსუბუქი სიმპტომებით შევიდა. შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა და ინტენსიურ თერაპიაში 6 დღე გაატარა. 22 მარტს კი გარდაიცვალა. როგორც იტალიური გამოცემები წერენ, მას არანაირი სხვა პათოლოგია არ  ჰქონია COVID-19-ით დაინფიცირებამდე სრულიად ჯანმრთელი იყო და სპორტს მისდევდა. .

ბათუმის ინფექციურში მოთავსებული 5 პირიდან ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა – COVID 19

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 5 პირიდან კორონავირუსი დღეს არც ერთს არ დაუდასტურდა.

5 პირი კარანტინიდან ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ღამით გადაიყვანეს.

22 მარტის მონაცემებით, ბათუმში 3 პირია კორონავირუსით ინფიცირებული.

ქვეყნის მასშტაბით შემთხვევათა რაოდენობა ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 54
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3
  • კარანტინის რეჟიმში – 3 254
  • თვითიზოლაციაში – 2693
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 291

მსოფლიო მასშტაბით, მხოლოდ დღეს, 16 ათასზე მეტი პირი დაინფიცირდა კორონავირუსით. ინფიცირებულთა რაოდენობამ 317 000-ს გადააჭარბა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 13 599-ია. დღეის მდგომარეობით ყველაზე მეტი ახალი ინფიცირების შემთხვევა იტალიაზე მოდის – სულ 57 578 პირი.

როგორ ისჯება სხვისთვის ინფექციის გადადება, ან 10 კაცის თავშეყრა – იურისტის განმარტება

„ჯერჯერობით ვერაფრით დასჯიან ვინმეს, თუკი 10, ან თუნდაც მეტი ადამიანი ერთად მოიყრის თავს,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. იურისტი განმარტავს, რომ დეკრეტის გამოცემის შემდეგ დეტალურად უნდა განისაზღვროს, რა სახის შეზღუდვები იარსებებს შეკრების კუთხით, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა დასრულდება.

10 პირის თავშეყრის შეზღუდვაზე გუშინ, 21 მარტს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, ვიდრე პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე დეკრეტს გამოსცემდა. დღის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეიზღუდება, დეკრეტი რწმენის თავისუფლებას არ ეხება და არც ციფრი 10 წერია დეკრეტში.

„მთავრობა არის ორგანო, რომელმაც დადგენილებით უნდა განსაზღვროს ეს დეტალები. შეკრების თავისუფლება, ზოგადად, არის შეზღუდული და დეკრეტით ეს დადგინდა, თუმცა პირობები და საგამონაკლისო შემთხვევები უნდა განისაზღვროს ცალკე დადგენილებით. ვიდრე არ გამოიცემა ეს დადგენილება, ვერაფრით დასჯიან შეკრებილ 10 კაცს,“ – განმარტავს იურისტი პაატა დიასამიძე.

დეკრეტით განსაზღვრულია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის პირობების დარღვევა, რაც ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირების – 15 ათასი ლარით. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში, პირს სისხლის სამართლის წესით მოედავებიან და მას სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ელის.

ფიზიკური და იურიდიული პირები რა შემთხვევაში შეიძლება დაჯარიმდნენ, ესეც ცალკე უნდა გაიწეროს, თუმცა იურისტი ამბობს, რომ ფიზიკური პირი, მაგალითად, შესაძლოა დააჯარიმონ თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის, იურიდიული პირი – სანიტარულ-ჰიგიენური პირობებისთვის.

„ასევე, მაგალითად, თუკი გადამზიდავი კომპანია დაარღვევს გადაზიდვის დადგენილ პირობებს, რასაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი აწესებს,“- დასძენს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე.

იურისტი განმარტავს, რომ დეკრეტი იერარქიულად კანონზე მაღლა მდგომი აქტია და სწორედ დეკრეტის პირობების დარღვევას ჩაგიწერთ პოლიციელი სამართალდარღვევის ოქმში, თუკი თვითიზოლაციის წესებს დაარღვევ. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველიც დეკრეტი იქნება და არა „სისხლის სამართლის კოდექსი“, რომელიც კარანტინიდან გაქცევას არ ითვალისწინებს.

„სისხლის სამართლის კოდექსი“ ითვალისწინებს „განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრისთვის“ პასუხისმგებლობას, თუმცა ამ შემთხვევაში გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა, როცა საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხეს ქმნის ვინმე. ორწლიანი პატიმრობით ის დაისჯება, თუკი ვინმეს სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრას დაუდგენენ.

საია-ს იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ უნდა დადგინდეს საფრთხის შექმნა, ანუ შესაძლოა ვინმე კარანტინიდან გაიქცა, მაგრამ დაუსახელებელ ტერიტორიაზეა და არავისთვის შეუქმნია ვირუსის გავრცელების საფრთხე.

„შესაბამისად, კარანტინიდან გაქცევისთვის დეკრეტის პირობებში უფრო მკაცრი სასჯელით დაისჯება პირი, ანუ სამ წლამდე ვადით, ხოლო თუკი საფრთხის შექმნა დაუდასტურდება, ან სხვისთვის დაავადების შეყრა, ეს ცალკე დასაბუთების ნაწილია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ პაატა დიასამიძემ.

ქურთუკი, შარვალი, ფეხსაცმლი, რასაც გარეთ ვიცვამთ, სახლში დაბრუნებისას ვათავსებთ ცალკე

ირმა დიმიტრაძე, ჩინეთი. 2020 წლის 22 მარტი

დღეს დილით მომწერა მეგობარმა ამერიკიდან, ამბობენ ნივთებზე 72 საათამდე შეიძლება დარჩეს ვირუსი და გარეთ დატოვე ან დასპირტეო, აქამდე რამდენიმე საათით ვტოვებდი და რა ვქნაო.

მოგეხსენებათ, ნივთებიდან ვირუსის გადადების შანსი ძალიან დაბალია, ისევე როგორც არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჰაერში დარჩენილი ვირუსით შეიძლება დაინფიცირდე, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ და ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს სრულიად უცნობ ვირუსთან, ამიტომ ჩვენი სიფრთხილე წინ უნდა უსწრებდეს რეკომენდაციებს. ესეც რომ არა, ძალიან ბევრისთვის სიმშვიდის გარანტია, თუ თავს კარგად იზღვევს. ამ ეტაპზე, სიმშვიდე ნამდვილად ძალიან ძვირფასი რამეა.

მოკლედ, მინდა გაგიზიაროთ მეთოდები, რითაც ჩვენ ვცდილობ(დი)თ თავის დაცვას. აქვე შეგახსენებთ, რომ არ ვარ ეპიდემიოლოგი ან რომელიმე მიახლოებული სამეცნიერო ხარისხის მფლობელი და ჩემი გამოცდილება ემყარება სპეციალისტებისგან მიღებულ რეკომენდაციებსა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოქვეყნებულ კვლევებს.

თუ სახლში ვრჩებით

იდეალურ მდგომარეობაში, ოჯახის ყველა წევრი უნდა რჩებოდეს სახლში. შესაბამისად, იმის რისკი, რომ რომელიმემ მოიტანოს ვირუსი ძალიან დაბალია. თუ ეს ვერ ხერხდება, ოჯახის იმ წევრმა, ვინც მუშაობს, უნდა დაიცვას გარკვეული დისტანცია და წესები:

გამოყოს თავისი ჭურჭელი, არ დაიძინოს სხვასთან ერთად, საპირფარეშოს ყოველი გამოყენების შემდეგ დეზინფექცია ჩაუტაროს. რასაკვირველია ძალიან მკაცრად ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ შემთხვევაზე, როდესაც ადამიანს სურს მაქსიმალური სიმშვიდე და პრევენცია. ყველას იმედი გვაქვს, რომ ჩვენ საყვარელ ადამიანებს არასდროს დაემართებათ ვირუსი და ამის დაშვება უხერხულობას თუ გვიქმნის, გასაგებია. თუმცა უხერხულობაზე პრიორიტეტული ჯანმრთელობაა. მაგალითად, ჩემ მეგობარს ერთი თვის განმავლობაში არ მოუნახულებია მშობლები.

თუკი არავინ მუშაობს და ოჯახის ყველა წევრი რჩება სახლში

ეს შემთხვევა ბევრად მარტივია, რადგან თითქმის თანაბარია ჩვენი (არ) დაინფიცირების შესაძლებლობა.

პირველი რეკომენდაციაა, გარეთ ჩასაცმელი ტანსაცმლის ცალკე გამოყოფა. მაგალითად, გვაქვს ქურთუკი, შარვალი და ქუდი, რომელსაც გარეთ გასვლისას ვიცვამთ, ხოლო დაბრუნების შემდეგ ვიხდით და ვათავსებთ იზოლირებულ ადგილას (ამისთვის გამოდგება შემოსასვლელის პატარა კარადა, მუყაოს ყუთი, განცალკევებული ოთახი ან აივანი.). სახლში ქუჩის ფეხსაცმლით არ შემოვდივართ. შემოსვლისთანავე ვაწყობთ ნივთებს, ვიხსნით პირბადეს, ვაგდებთ ნაგავში ისე, რომ შიდა მხარეს გარეთ ვატრიალებთ და ვახვევთ, ვიხდით “საგარეო” ტანსაცმელს და ფეხსაცმელს, ვათავსებთ იზოლირებულად და კარგად ვიბანთ ხელებს საპნით (შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო). ხელების დაბანამდე სასურველია სპირტით გავწმინდოთ ტელეფონი და გასაღები, თუ მის მაგიდაზე ან საცხოვრებელ სივრცეში დატოვებას ვაპირებთ. როგორც მე წავიკითხეთ, სპირტი მაშინვე არ უნდა გავამშრალოთ, არამედ დავტოვოთ ზედაპირზე და რამდენიმე წუთი დაველოდოთ.

მე სპრეის ბოთლში მაქვს ჩასხმული და ვაშხურებ ხოლმე ტელეფონს, ველოდები სანამ არ დაიწყებს აორთქლებას სპირტი, მერე ხელსახოცით ვწმენდთ. თუ კი სპირტი არ გაქვთ ან დეფიციტშია, შესაძლებელია გამოიყენოთ როგორც სხვა სადეზინფექციო საშუალება, ასევე შეიძლება წყალგაუმტარი ტელეფონების გარეცხვა ხელების დაბანასთან ერთად.

სამუშაო ადგილზე

ერთხმად ვთანხმდებით, რომ საუკეთესო გამოსავალია თუ სახლში დავრჩებით და გარეთ ვიზიტებს მინიმუმამდე დავიყვანთ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებმაც უნდა იმუშაონ, მაღაზიებში, აფთიაქებში, ოფისებში და ა.შ.

თუ განვმარტავთ, რატომ არის აუცილებელი ხლების ხშირი დაბანა ან/და რატომ ვატარებთ ქუჩაში პირბადეს, უფრო მარტივი გახდება იმის გაგება, თუ როგორ გავუფრთხილდეთ თავს.

მაშ ასე, რადგან შესაძლოა ხელით შევეხოთ ვირუსიან ზედაპირს, ან ხელზე მოგვხვდეს დავირუსებული ადამიანის შხეფები, ხოლო შემდგომ ეს ხელი სახესთან (თვალი, ცხვირი, პირი) მივიტანოთ და თავი დავიინფიციროთ, აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა. შესაბამისად, ხელების ტანსაცმელზე, ღიად დატოვებული ხელსახოცით ან სხვა ღია სივრცეში დატოვებული საშუალებით გამშრალება სარისკოა. ასევე დაბანილი ხელებით ტელეფონს, კომპიუტერს, მაგიდას რომ შევეხებით, ესეც ხელის დაბინძურებაა. ამიტომ სასურველია ჩვენი სამუშაო მაგიდა და ნივთები კარგად გავწმინდოთ, სპირტით ან სხვა სადეზინფექციო საშუალებით, შემდეგ დავიბანოთ ხელები და გავიმშრალოთ დახურული კოლოფიდან ამოღებული ხელსახოცით. დღის განმავლობაში, სამუშაო სივრცე, თუ საერთო ოფისში ვართ, აუცილებლად დაბინძურდება, ამიტომ თუ გამუდმებით არ შეგვიძლია ყველაფრის წმენდა, არ დაგვავიწყდეს, რომ ხელებს ვუფრთხილდეთ.

თუკი ხელთათმანს ვიყენებთ, ხელთათმანით არ უნდა მივირთვათ ან შევეხოთ სახეს, როდესაც მოვიხსნით გამოქცეულ მდგომარეობაში უნდა გადავაგდოთ. კრიზისის შემთხვევაში, ალბათ შესაძლებელია კარგად გარეცხვა ან დამუშავება, ამის გამოცდილება არ მაქვს. ოფისში, ყველა თუ ატარებს პირბადეს, ეს რისკებს შეამცირებს.

ხშირად ვანიავებთ ოფისს, გამოყოფილი გვაქვს საკუთარი ჭიქა ყავისთვის/წყლისთვის, ან გამოყენებამდე ვრეცხავთ ჟელეთი. მწეველებს არ უნდა დაავიწყდეთ, ხელების დაბანა მოწევის წინაც საჭიროა. არ ვეწევით ჯგუფურად, ვცდილობთ გავიდეთ მარტო, ან ვიყოთ დიდ დისტანციაზე. საერთოდ, ჯობია მოწევას თავი დავანებოთ, რადგან კორონავირუსი ისედაც ფილტვებს და სასუნთქ გზებს მტრობს.

თუ გვაქვს შესაძლებლობა, ქურთუკებს ცალკე სივრცეში ვტოვებთ.

და ბოლო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი: საპირფარეშო! საერთო გამოყენების საპირფარეშო არის ძალიან მაღალი რისკის მატარებელი, რადგან ბევრი კვლევის თანახმად, ფეკალიებში გადადის ვირუსი და ასეც ვრცელდება. რადგან დარწმუნებული ვერ ვიქნებით, რომელიმე თანამშრომელს, ან საპირფარეშოთი მოსარგებლეს აქვს თუ არა ვირუსი, ჩემი აქაური მეგობრები, ყოველი შესვლის წინ, ქლორით ან სხვა სადეზინფექციო საშუალებით რეცხავენ.

რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ ჩახეხვას და მთელ “უბორკას”. გამიგია, რომ აქვთ პატარა თასი და ქლორი, ამ თასში ასხამენ წყალს, მასში აზავებენ ქლორს და ასუფთავებენ ხოლმე. თუ დასაჯდომი ტუალეტია, სანიტაიზერით წმენდენ დასაჯდომსაც. ოფისში, მაგიდები, ერთმანეთისგან შესაბამის დისტანციაზე უნდა იყოს.

ჩანთებისა და ყუთების დეზინფექცია

დაპანიკებულ ადამიანებს, ვის სულიერ სიმშვიდეს კრიტიკულად სჭირდება, რომ ყველაფერი საგულდაგულოდ, რამდენჯერმე გაწმინდონ, ვერავინ გაამტყუნებს. თუმცა დროისა და რესურსების ეკონომიის გაკეთებაც შეიძლება.

ის ნაწილი, რის შენახვასაც არ ვაპირებთ, ან შემდეგ გასვლამდე არ დაგვჭირდება, არ საჭიროებს აუცილებელ დეზინფექციას, შეგვიძლია დავტოვოთ იზოლირებულ სივრცეში, აივანზე ან ჩავაგდოთ პარკში და შევკრათ. თუ ეგრევე არ გვჭირდება შეძენილი პროდუქტი, სასურველია, რამდენიმე საათი დავტოვოთ ღია სივრცეში, ასე უფრო მშვიდად ვიქნებით. თუმცა ზოგ ზედაპირზე ვირუსი შეიძლება დღეებიც დარჩეს. საჭიროებს თუ არა დეზინფექციას, მაგალითად, კარაქის, პურის შეფუთვა – ამაზე პასუხი ჩვენზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, უნდა ვიცოდეთ, რომ სრულიად შესაძლებელია ვირუსი მოხვდეს შეფუთვაზე. თუ თავს უფრო მშვიდად ვიგრძნობთ, სპირტით გავწმინდოთ, ან თუ შესაძლებელია გავრეცხოთ. თუმცა ასევე შესაძლებელია ფრთხილად გავხსნათ და ისე გადავიტანოთ ჭურჭელში, რომ შეფუთვაზე მოხვედრილი ხელით არ შევეხოთ, ხოლო შემდეგ შეფუთვა გადავაგდოთ. მე, ყოველ შემთხვევაში, ასე ვიქცეოდით. როდესაც ეს მდგომარეობა დიდ ხანს გრძელდება, ხვდები, რომ მსგავსი წვრილმანების ნერვები არ გრჩება და დამშვიდების ნაცვლად გაგიჟებს, ამიტომ დეტალ-დეტალ წმენდა არც ისე დიდხანს გაგვიგრძელებია.

საჭმელი უნდა მომზადდეს კარგად, განსაკუთრებით ხორცი. არ ვჭამთ უმად ან ნახევრად უმად. კარგად ვრეცხავთ ბოსტნეულს. დეზინფექციას ალბათ ნაკლებად ეხება, მაგრამ მინდა გაგიზიაროთ რაც აქ ვისწავლე: ხილს რეცხავენ მარილით. ძალიან ჭკვიანურია, მარილს კარგად ამოჰყავს ჭუჭყი. მოკლედ, ჩვენ არასდროს გაგვიწმენდია ხილი სპირტით. რეკომენდირებულია არ ვიყიდოთ შეუფუთავი პროდუქცია, რომელიც არ გაირეცხება. მსგავსი პროდუქტი შეიძლება უსაფრთხო იყოს, თუ კი ყველა ატარებს პირბადეს და ხელით შეხება აკრძალულია, თუმცა ამ წესებს იშვიათად იცავენ, ამიტომ  თავს ვარიდებთ ასეთ პროდუქციას.

სველი წესით (ვიყენებთ შესაბამის ხსნარს) ვწმენდთ იატაკს, ზედაპირებს და ვანიავებთ სახლს. აივანზე გასვლა კარგია, თუმცა როდესაც უჰანში, მოქალაქეებმა აივნებიდან და ფანჯრებიდან შეძახილებისა და სიმღერის პერფორმანსი მოაწყეს, მკაცრად გაგვაფრთხილეს, რომ ეს არაა უსაფრთხო. ანუ, დისტანციის აზრი ისაა, რომ თავი შორს დავიჭიროთ ერთმანეთისგან, სიმღერა და შეძახილები, დიდი ალბათობით გამოიწვევს ნერწყვის შხეფების გამოფრქვევას, რა დროსაც ჩვენმა მეზობელმა შესაძლოა სრულიად გაუცნობიერებლად დაგვაინფიციროს. ასევე, რადგან ვიცით, რომ ვირუსი ჰაერში საათობით რჩება, ვარჩევდით სასეირნოდ არ გავსულიყავით პირბადის გარეშე.

საჭმლის გამოძახების სერვისი

ყველაზე უსაფრთხოა თუ კი თავად მოვამზადებთ. ამიტომაც მე სულ ორჯერ გამოვიძახე საჭმელი. როდესაც საჭმელი მოაქვთ, გარედან ვაცლით შეფუთვას, ვათავსებთ ჭურჭელზე (ისე, რომ საჭმელი შეფუთვის გარე მხარესთან კონტაქტში  არ მოვიდეს), ვიბანთ ხელებს და შემდეგ ვეახლებით მშვიდად.

ეს ყველაფერი ეპიდემიის პირობებში. მოგეხსენებათ, ახლა სიტუაცია დალაგდა ჩინეთში და ნელ-ნელა ვუბრუნდებით ძველებური ცხოვრების წესს. რაც დარჩა, არის პირბადეებით გადაადგილება და დაწესებულებებში შესვლის წინ სიცხის გასინჯვა. ასევე რესტორნებში არ შეიძლება ერთმანეთთან ახლოს დასხდომა. ცოტა მაშინებს კიდევაც, ისე სწრაფად დაუბრუნდა ქალაქი ძველებურ ცხოვრებას. ამიტომ ვცდილობ მოვერიდო ხალხმრავლობას. მჯერა, ძალიან მალე მთელი მსოფლიო დაამარცხებს ამ ვირუსსაც და აქიდან უფრო გაძლიერებულები და სოლიდარულები გამოვალთ.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ ზიარების შედეგად კორონავირუსი დაფიქსირდება?

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი ზიარების შედეგად „კორონავირუსის“ გავრცელების შემთხვევა დაფიქსირდება? – ეს შეკითხვა სოციალურ ქსელში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საპატრიარქომ ღვთისმსახურების შეჩერებაზე უარი თქვა. პრეზიდენტის მიერ გუშინ გამოცემული დეკრეტის შემდეგ ეკლესიებში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ მრევლს სტიქაროსნებმა და პატრიარქმაც ერთმანეთისგან დისტანცირებისკენ მოუწოდეს. დღეს, ზიარების დროს, ისევ გამოიყენეს საერთო კოვზი, რომელიც დაინფიცირების საფრთხეა.

„თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეექმნება საფრთხე, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მას შეეძლო კანონით რელიგიის და რწმენის თავისუფლების შეზღუდვა,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ჩვენ მას ამ საკითხზე რამდენიმე კითხვა დავუსვით.

  • პაატა, რა ფორმით იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა ლეგიტიმური იგივე მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურებაში, რომელმაც სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, პანდემია არ გაითვალისწინა და არაფერი შეცვალა? 

პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით, როგორც ცნობილია, არ შეზღუდულა რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება და ვერც შეიზღუდებოდა. ასეთი დეკრეტი რომც გამოცემულიყო, ეს იქნებოდა არაკონსტიტუციური – კანონით განსაზღვრულია კონსტიტუციით გარანტირებულ იმ უფლებების ჩამონათვალი, რომელიც დეკრეტით ვერ შეიზღუდება. დეკრეტი ვერ შეეხება რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებას, თუმცა კონსტიტუციის მე-16 მუხლი, რომელიც ეხება რელიგიის თავისუფლებას, ითვალისწინებს მსგავს შეზღუდვას. ამ მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის, ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. გამოდის, ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შესაძლებელია რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება შეიზღუდოს.

  • ანუ ხელისუფლებას დეკრეტის გამოცემამდეც შეეძლო ღვთისმსახურების შეზღუდვა? 

კი, ეს პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, ამას არ სჭირდებოდა საგანგებო მდგომარეობა და დეკრეტი. თუკი ხელისუფლება ხედავს საფრთხეს, ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, მას შეეძლო ამ საკანონმდებლო მექანიზმის გამოყენება.

  • რომელ უწყებას უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება და რა ფორმით? 

გადაწყვეტილება უნდა მიეღო მთავრობას და შემდეგ მოხდებოდა საკითხის დელეგირება აღსრულების ნაწილში სხვა უწყებებზე. ბუნებრივია, ადამიანების ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო, თუმცა ჯანმრთელობის დაცვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე შინაგან საქმეთა სამინისტროა პასუხისმგებელი… ძალიან სწრაფად იცვლება პროცესები. ვრცელდება ინფორმაციები, როგორ შეიზღუდეს თავად ღვთისმსახურება სხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმა. დღეს იყო ინფორმაცია იმაზეც, რომ იტალიაში სასულიერო პირებიც დაიღუპნენ კორონავირუსის დიაგნოზით. ამ მიმართულებით რომ საფრთხე არსებობს, ეს არის ნათელი, ხოლო სახელმწიფო არის ვალდებული, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები.

  • რასთან გვაქს საქმე, როცა ხელისუფლება ამ საკანონმდებლო მექანიზმებს არ იყენებს? 

რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას სრულად იღებს სახელმწიფო. თუკი ამ მიმართულებით არსებობს საფრთხე, ეს კომპეტენტურმა უწყებამ უნდა თქვას. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სახელმწიფომ. როცა სახელმწიფო ხედავს რისკებს და არ ატარებს შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს, პასუხისმგებელი არის სახელმწიფო, თუნდაც ეს საფრთხე მხოლოდ ერთ ადამიანს შეეხოს.

– – – – – – – – – – – – –

დღეს, 22 მარტს ბათუმის და ლაზეთის ეპარქიაში საკვირაო ღვთისმსახურება განსხვავებული წესით შედგა – წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მრევლი ტაძრის ეზოში ელოდა წირვის დასრულებას, ხოლო ზიარება ტაძრის შესასვლელთან ჩატარდა. საკვირაო წირვა არ ჩატარებულა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში. აქ გვითხრეს, რომ შაბათს ღამით არჩიეს ღვთისმსახურება.

მკერავების შრომის უსაფრთხოება დაცულია – გამოხმაურება

კომპანია „აჭარა ტექსტილე“ ეხმაურება „ბათუმელებში“ გუშინ, 21 მარტს გამოქვეყნებულ სტატიას „რამდენად უსაფრთხო გარემოში მუშაობენ მკერავები, რომლებიც პირბადეებს ამზადებენ“. სტატიაში რამდენიმე მკერავი შიშობს იმაზე, რომ მათი შრომის უსაფრთხოება დაცული არ არის.

სტატიაში წარმოდგენილი იყო კომპანია „აჭარა ტექსტილეს“ პოზიციაც, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა თამაზ შავაძემ, რომელიც დღეს, 22 მარტს დაგვიკავშირდა, გვითხრა, რომ სტატიაში არაა სრულყოფილი ინფორმაცია იმაზე, თუ რა გააკეთა კომპანიამ შრომითი უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ კომპანიის მიერ მოწოდებულ წერილობით ინფორმაციას სრულად გთავაზობთ:

„კომპანია “აჭარა ტექსტილე”-ს მიერ საკუთარ საწარმოებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები:

პერიოდულად ტარდება დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას სამსახურში და საწარმოს შენობა-ნაგებობების; სამსახურში მოსული თანამშრომლები შენობაში შესვლამდე გადიან ტემპერატურის კონტროლს თერმული კამერებითა და დისტანციური სიცხის საზომი მოწყობილობებით; შენობაში შესვლისას ხდება ხელების დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით, რომლებიც საწარმოს შენობა-ნაგებობების სპეციალურად გამოყოფილ ლოკაციებზეა განთავსებული შესაბამისი ინსტრუქციებით, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერაა მომზადებული;

ასევე კომპანიამ, საკუთარი თანამშრომლებისთვისაც არსებული ქსოვილის მარაგებიდან დაამზადა პირბადეები, რომელიც მათ გადაეცათ უფასოდ; ბრიგადებში განთავსებულ მონიტორებზე ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გადის ვირუსის პრევენციის შესახებ პრეზენტაცია თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომ არ მოხდეს მათი ვირუსით დაინფიცირება,“ – მოგვწერეს კომპანიიდან „აჭარა ტექსტილე“.

რეალურად რამდენად დაცულია შრომითი უსაფრთხოების პირობები ფაბრიკაში, სადაც მკერავები პირბადეებს ამზადებენ? – ამის გადასამოწმებლად ჩვენ „აჭარტა ტექსტილეს“ წარმომადგენელს, თამაზ შავაძეს ფაბრიკაში შესვლა ვთხოვეთ. მან გვითხრა, რომ დღეს კვირაა და მკერავები არ მუშაობენ, ხოლო ხვალისთვის ამ საკითხს დამფუძნებელს შეუთანხმებს.

კომპანიამ ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია იმ თანამშრომლებისთვის ხელფასის ჩამოჭრაზე, რომლებიც პანდემიის პირობებში სამსახურში არ მიდიან:

„ხელფასიდან თანხის ჩამოჭრასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ არანაირი თანხის ჩამოჭრა ხელფასიდან არ ხდება,  ვინაიდან კომპანიამ უზრუნველყო შვებულებები იმ თანამშრომლებისთვის, ვინც პანდემიის გამო თავი შეიკავა სამსახურში მოსვლისგან,“ – აღნიშნულია კომპანია „აჭარა ტექსტილეს“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მთავარი ფოტო: აჭარა ტექსტილეს ფეისბუქ გვერდიდან

ყაჩაღობისთვის დაკავებული პირი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა – შსს

ყაჩაღობისთვის დაკავებული პირი – 30 წლის შ.ს. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული 18 მარტს დააკავეს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ბრალდებულმა შ.ს.-მ თვითმკვლელობა სცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამწუხაროდ გარდაიცვალა,“ – აღნიშნულია შინგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ქალაქ ვანში სუპერმარკეტ ,,მაგნიტის“ მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა და ფული გაიტაცა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმე, შემდგომი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა.

თურქეთიდან შემოსვლა საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ სარფიდან შეეძლებათ

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 23 მარტიდან მხოლოდ სარფის საბაჟოდან შეეძლებათ საქართველოში დაბრუნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საელჩო ავრცელებს თურქეთში.

საელჩოს ინფორმაციით, სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი იმუშავებს დილის 10 საათიდან 18 საათამდე [საქართველოს დროით].

საქართველოს საელჩო თურქეთში მოუწოდებს მოქალაქეებს დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +905392208280
2.ქ.სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3.ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

როგორ დავბრუნდეთ თურქეთიდან საქართველოში – საკონსულოს განმარტება

აპრილის პენსიას 70 წლის და ზევით ასაკის პენსიონერებს წინასწარ ჩაურიცხავენ

70 წლის და 70-ზე ზევით ასაკის პენსიონერებს აპრილის თვის პენსიას წინასწარ ჩაურიცხავენ.

პენსიების წინასწარ ჩარიცხვის თარიღის და ჩარიცხული თანხებით სარგებლობის წესების შესახებ „ლიბერთი ბანკი“ სპეციალურ განცხადებას ხვალ, 23 მარტს გააკეთებს.

„რამდენიმე კვირაში, ვირუსის გავრცელების გამწვავების შესაძლებლობის გამო, და იმის გამო, რომ ჩვენთვის თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია,  ლიბერთი ბანკმა,  საქართველოს მთავრობასთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება და 23 მარტიდან აცხადებს 100 მილიონ ლარიან პროგრამას აპრილის თვის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით,“ – აღნიშნულია „ლიბერთი ბანკის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ამინდი ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარაში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 მარტის 21 საათიდან 23 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 3-8, დღისით 13-18 გრადუსი სითბო,
  • მთაში – ღამით 1-6, დღისით 10-15 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ, უნალექოდ. ხილვადობა კარგი;
  • ტალღის სიმაღლე 5-10დმ(2-3ბალი);
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსი.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, 24 და 25 მარტს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი პროგნოზით დასავლეთ საქართველოში 23 მარტიდან მოსალოდენლია თბილი და უნალექო ამინდი. ტემპერატურა კი +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.

 

მთავარი ფოტო: გორგილაძის ქუჩა, ბათუმი. 22.03.2020

დავით ფერაძე რკინიგზელებს: ყოველი თქვენგანი ამ ქვეყნის უსახელო გმირია

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე რკინიგზელებს მიმართავს და  ამბობს, რომ ყოველდღიური შრომა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საკუთარი პროფესიის, კომპანიის და სახელმწიფოს მიმართ  ერთგულებისა და თავდადების საუკეთესო მაგალითია.

“დღეს საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. არსებული მდგომარეობის მიუხედავად, თითოეული თქვენგანის თავდაუზოგავი შრომის შედეგია, რომ საქართველოს რკინიგზა  განაგრძობს  განსაკუთრებულ რეჟიმში მაგრამ შეუფერხებლად მუშაობას! სატვირთო და სამგზავრო შემადგენლობები უწყვეტად  მოძრაობენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეექმნათ სურსათის, საწვავის თუ გადაადგილების პრობლემა.

თითოეული თქვენგანის ყოველდღიური შრომა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საკუთარი პროფესიის, კომპანიის და სახელმწიფოს მიმართ  ერთგულებისა და თავდადების საუკეთესო მაგალითია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისა და დაუღალავი მუშაობისთვის, თქვენი მოქალაქეობრივი და პროფესიული პასუხისმგებლობისთვის!

არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ქვეყნის და მოსახლეობის მიმართ. თქვენი მონდომებით და ეფექტური შრომით შევძლებთ რთული მდგომარეობიდან გამოსვლას. თქვენი თავდადება დღეს გმირობის ტოლფასია და ყოველი თქვენგანი ამ ქვეყნის უსახელო გმირია.

ჩვენი შრომა საქართველოს რკინიგზის წარმატების საწინდარია, რომელიც ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის დღეს არსებითად მნიშვნელოვანია. მჯერა ამ გამოწვევაშიც  გავიმარჯვებთ ერთად და ღირსეულ წვლილს შევიტანთ ქვეყნის აღმშენებლობაში,” – აღნიშნულია განცხადებაში.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

რეანიმაციის პაციენტთა ნახევარი 60 წლამდე ასაკისაა, მათი მდგომარეობა მძიმეა – საფრანგეთი

უკანასკნელი მონაცემებით კორონავირუსით საფრანგეთში 562 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის 112 უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. ჰოსპიტალიზებულია 6172, ტესტით დადასტურებული Covid-19-ის შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი საფრანგეთში 14 485-ს აღწევს.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, ოლივიე ვერანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა მძიმეა და ამ პირობებში დიდი მნიშვნელობა აქვს მოქალაქეთა მობილიზებას.

მისი თქმით ჰოსპიტალში მოთავსებული  6 172 პაციენტიდან 1 525-ს რეანიმაციაში მკურნალობენ და მათი მდგომარეობა მძიმეა. მძიმე ფორმები დადასტურებულია ასევე ახალგაზრდებშიც, რეანიმაციაში მოთავსებულ პაციენტთა 50%-ის ასაკი 60 წელზე ნაკლებია.

ოლივიე ვერანის თქმით ყოველდღიურად კორონავირუსის 4000 ტესტი ტარდება საფრანგეთში, რაც მაინც არ არის საკმარისი.

ეპიდემიის ყველაზე დიდი კერები ქვეყნის 7 რეგიონშია, მათ შორის, ილ დე ფრანსზე,  კორსიკაზე, ბურგუნდიაში, ახალ აკვიტანიასა და ოვერნში.

ბოლო მონაცემებით მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების  307,297  დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. Covid 19-ით დღევანდელი მონაცემებით 13,049 ადამიანია გარდაცვლილი.

ვირუსით ყველაზე მოწყვლადი 5 ქვეყანა დღესდღეობით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით არის იტალია, ჩინეთი, ირანი, ესპანეთი და საფრანგეთი.


მთავარი ფოტო: Europe 1

აჭარაში საკარანტინო სივრცე 30-მა პირმა დატოვა

ბათუმში საკარანტინო სივრცე 30-მა პირმა უკვე დატოვა, მათ საკარანტინო ვადაში [მინიმუმ 14 დღე] არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში 22 მარტის მონაცემებით, აჭარის რეგიონში 800-ზე მეტი პირი რჩება.

22 მარტის მდგომარეობით, ბათუმში კორონავირუსი სამ პირს აქვს დადასტურებული. 4 პაციენტის ანალიზის ლაბორატორიული კვლევის შედეგს დღეს ელოდებიან.

ქვეყნის მასშტაბით კი:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 54
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3
  • კარანტინის რეჟიმში – 2956
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 291

ბათუმში 4 პირის ანალიზის პასუხს კორონავირუსზე დღეს ელოდებიან

ბათუმში 4 პირის ანალიზის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს დღეს, 22 მარტს, დღის ბილოსთვის ელოდებიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხივე პირი საკარანტიონო სივრციდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს.

აჭარაში ამ დროისთვის სამ პირს აქვს დადასტურებული კორონავირუსი. ისინი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

22 მარტის12:30 საათის მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 54,
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3,
  • კარანტინის რეჟიმში – 2956,
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი იმყოფება 291 პირი.

 

 

პოლიციამ საკარანტინო ზონებში იძულებით კიდევ 10 პირი გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, 21 მარტს, იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.

ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 190 ადამიანია გადაყვანილი.

22 მარტის 11:30 საათის მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 54,
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3,
  • კარანტინის რეჟიმში – 2956,
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი იმყოფება 291 პირი.

რეალ-მადრიდის ყოფილი პრეზიდენტი ლორენცო სანსი კორონავირუსით გარდაიცვალა

 

მადრიდული კლუბის ყოფილ პრეზიდენტი, 76 წლის ლორენცო სანსი Covid 19-ით 21 მარტის ღამეს გარდაიცვალა. სანსის ჰოსპიტალში 3 დღეს მკურნალობდნენ.

სანსის შვილმა, რომელსაც ასევე ლორენცო ჰქვია ტვიტერზე გამოაქვეყნა ინფორმაცია მამის გარდაცვალების შესახებ და დაწერა, რომ მამამისი ასეთ სიკვდილს და ამ ფორმით არ იმსახურებდა. ლორენცო სანსი რეალ მადრიდის პრეზიდენტი 1995-2000 წლებში იყო.

ბოლო მონაცემებით ესპანეთში ახალი კორონავირუსის 25 496 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 1381.

 

საქართველოში კორონავირუსისგან 3 ადამიანი განიკურნა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურში 2 პაციენტის ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია.

„2 პაციენტის განმეორებითი კვლევა ვირუსზე უარყოფითია. ერთმა უვკე დატოვა დაწესებულება, მეორე დატოვებს დღეს [22 მარტს]. ანუ შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3-მა პაციენტმა დატოვა კლინიკა,“ – ამბობს ეზუგბაია.

მანამდე, 16 მარტს, პირველი განკურნებული პაციენტი ინფექციურდან გაწერეს. 

22 მარტის 10:50 საათის მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 54,
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3,
  • კარანტინის რეჟიმში – 2956,
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი იმყოფება 291 პირი.

სახელმწიფო პირბადეების წარმოებას იწყებს, რისთვისაც 6,6 მილიონ დოლარს დახარჯავს

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, „საქართველოში მოხდეს სამედიცინო პირბადეების წარმოება და ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“.

წარმოების ხაზის გასამართად 6 600 000 აშშ დოლარი დაიხარჯება. ამ მიზნით, მთავრობის განკარგულების პროექტის მიხედვით, უშუალოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში 5 600 000 ლარი უნდა გადარიცხოს.

„საპარტნიორო ფონდმა“, რომელიც სახელმწიფო ფონდია, 6,6 მილიონი აშშ დოლარის ტენდერის გარეშე დახარჯვის თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

ფონდის განაცხადის მიხედვით, შესაბამისი სამუშაოები მოიცავს: ნედლეულისა და დანადგარების შესყიდვას, მათი გამართვის სამუშაოებს, ტრანსპორტირებას და საწარმოს განლაგების ადგილის სარემონტო სამუშაოებს. ასევე შეფასების მომსახურებას.

„წარმოების გამართვისათვის საჭირო საქონლის [დანადგარები, ნედლეული] შემოტანა უნდა მოხდეს უცხოეთიდან, შესაბამისად, ტენდერის გზით ამ შესყიდვების განხორციელება შეუძლებელია, მითუმეტეს, რომ საკითხი ეხება დეფიციტურ და ძალიან მოთხოვნად საქონელს. უცხოური კომპანიების დათანხმება ტენდერში მონაწილეობაზე შეუძლებელია. ასევე, პირველ ეტაპზე განსახორციელებელი შესყიდვები არის ძალიან სასწრაფო და შესყიდვის პროცედურებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინება შეუძლებელია“ – აღნიშნულია „საპარტნიორო ფონდის“ განაცხადში.

მთავრობის განკარგულების პროექტის მიხედვით:

[checklist]

  • სს „საპარტნიორო ფონდმა“ უნდა გააფორმოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებული (ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დასაშვებია ელექტრონული ფოსტით გამოხატული თანხმობაც) სახელმწიფო შესყიდვების
    ხელშეკრულებები;
  • საქართველოს ფინანსთან სამინისტრომ და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროებმა სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი იმ საქონლის ნუსხაში, რომელიც დამტკიცებულია ჯანდაცვის მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით (№01-69/ნ/№451), უნდა შეიტანონ სამედიცინო პირბადეები და მათ წარმოებაში გამოყენებული მანქანა-დანადგარები და ნედლეული.
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კი უნდა უზრუნველყოს შესყიდული საქონლის საჰაერო გზით ტრანსპორტირება და საწარმოო ხაზისთვის შესაბამისი ფართობის გამოყოფა უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით.

[/checklist]

მთავრობის განკარგულების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ „შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე (შესყდივის ობიექტში დეფიციტურობა და მოკლე დრო), მიმწოდებლის მხარეს არის მოლაპარაკებების უპირატესობა, რის გამო:
ა) ფასის შემცირება შეუძლებლია და ამასთანავე ორდინარულ პირობებში არსებულ ფასებთან შედარებაც არარელევანტურია;
ბ) შესყიდვის ხელშეკრულებაში დარჩება მთელი რიგი სამართავი რისკები, როგორიცაა არბიტრაჟი და კანონმდებლობა, შესყდვის ობიექტის საგარანტიო პირობები და ა.შ.“

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო პრეზიდენტმა, 21 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა 21 აპრილის ჩათვლით.

22 მარტის 10:20 საათის მონაცემებით, საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 54,
  • მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 1,
  • კარანტინის რეჟიმშია – 1966,
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი იმყოფება 259 პირი.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 54-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კიდევ 5-ით გაიზარდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის ბოლო 5 შემთხვევიდან ერთ-ერთი ბავშვია.

22 მარტის 10:20 საათის მდგომარეობით: საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობაა – 54, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 1, კარანტინის რეჟიმშია – 1966 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 259 პირი.

22 მარტის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციით (COVID 19-ით) ინფიცირებულთა რიცხვმა 300 ათასს გადააჭარბა. მათ შორის, 92 373 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 049 – დაიღუპა.

გამყრელიძე: ეს ეხება ყველას – მორწმუნე მრევლს თუ ათეისტს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაცია შეაფასა. მისი თქმით, ინფიცირებულების რაოდენობა ქვეყანაში ისევ გაიზრდება.

„ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს 49 დადასტურებული შემთხვევა, თუმცა ამ ღამით 70-ზე ცოტა მეტი ნიმუშის კვლევის პასუხებს ველოდებით ლუგარიდან, ქუთაისიდან, ინფექციური საავადმყოფოდან და შესაძლებელია, დილისთვის ეს ციფრი შეიცვალოს”, – განაცხადა მან.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების შესაფერხებლად ყველაზე კარგი გზა არის სოციალური დისტანცირება:

„ამიტომაც იქნა შემოღებული დღეს საგანგებო მდგომარეობა. ერთ-ერთი მთავარი საფუძველი საგანგებო მდგომარეობის შემოღების გახლავთ ის, რომ ჩვენ სწორად და კარგად დავიცვათ სოციალური დისტანცირების რეკომენდაციები. თავი ავარიდოთ ყოველგვარ დიდ თავყრილობებს.

იცით, რომ ჩამოვიდა ეს დაშვება 10 ადამიანზე – მეტი არ უნდა შეიკრიბოს ერთ დახურულ სივრცეში. ეს ეხება ყველას და რეკომენდაცია ეძლევა მთლიანად საზოგადოებას, ეს იქნება მორწმუნე მრევლი თუ ათეისტი – მთავარი ღონისძიება ამ ტიპის ეპიდემიების დროს ეს არის სოციალური დისტანცირება“.

ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდემიისთვის თავის არიდება შესაძლებელია ამ გზით და ასევე, ყველა კონტაქტის დროულად გამოვლენა-შესწავლით.

„ჩვენი მიზანია თავი ავარიდოთ ფართომასშტაბიან ეპიდემიას, ამიტომ ყველას ვთხოვ ყველა კონტაქტი იქნეს დასახელებული და შესწავლილი, რომ დავიწყოთ დროულად სამედიცინო ღონისძიებები. ამით ჩვენ თავს ავარიდებთ მესამეულ, მეოთხეულ, მეხუთეულ გადაცემას და ეპიდემიის გავრცელების უწყვეტ ჯაჭვს“.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კლინიკებში მოთავსებული კორონავრუსით ინფიცირებული 48 პირიდან, შემდეგ კვირას შეიძლება 2-4 ადამიანი გამოჯანმრთელდეს და მათ კლინიკებიდან 2-კვირიან თვითიზოლაციაში მოათავსებენ.

იმედით ვართ, რაც არ ნიშნავს, რომ ვირუსი მორწმუნეს არ გაეკარება – მიტროპოლიტი ანტონი

ვანის და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტმა ანტონმა „TV პირველის” ღამის ეთერში ისაუბრა მას შემდეგ, რაც დღეს საქართველოში საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა. რეჟიმი კრძალავს 10 ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრებას.

ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი:

კარგი თავსატეხი კი გვაქვს და ძალიან ჩაფიქრებულები ვართ, წირვა ჩვეულებრივად ჩატარდება და მაქსიმალურად ვეცდებით დისტანცია დავიცვათ, ათი და 15 კაცს ვერ განვსაზღვრავთ და ვერ ვეტყვით შენ მოდი და შენ დარჩიო, საგონებელში ვართ, არანაირი პრაქტიკა და გამოცდილება არ გვაქვს ამისი, ალბათ ორიენტაციას ადგილზე თუ ავიღებთ.

ეკლესია გამოვა და ეტყვის ხალხს არ მოხვიდეთ წირვაზეო ან წირვას შეწყვეტს? გამორიცხულია. ვერც ხალხს ეტყვის არ მოვიდნენ. ეს მთავრობის პრეროგატივაა საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა თუ არ გამოაცხადა.

არ გვინდა შედარება და მთავრობის დემონიზაცია, მაგრამ ჩვენ ველოდებით ანტიქრისტეს ოდესღაც ჩვენს თაობაში იქნება თუ როცა იქნება, მთავრობა მეტს კი არაფერს გააკეთებს?  აკრძალავს მკაცრად წირვას.

გავაფრთხილებთ ჩვენ ხალხს რომ მოერიდონ ერთმანეთს, გაუფრთხილდნენ თავს და სხვასაც არაფერი გადასდონ, ამ მხრივ სახელმწიფოს თანავუგრძნობთ, მაგრამ ჩვენგან მკაცრი დისციპლინური აკრძალვები არ იქნება, ამიტომ ვართ საგონებელში.

არ არსებობს ერთი რეცეპტი ერთმა მსოფლიო საპატრიარქომ რა თქვა, ან რომელიმე ეკლესიამ, ჩვენ ჩვენი შთაგონება და ხედვა გვაქვს,  მსოფლიო საპატრიარქოს თითქმის სულ მონასტრული ეკლესიები აქვს და არ ჰყავთ (მრევლი).

არ გამოდგება შედარება რომ ჩვენც ასე გავაკეთოთ, გითხარით რომ ჩვენი შთაგონება გვაქვს.  ჩვენი მორწმუნე მრევლი სხვას ელის ჩვენგან ვიდრე იმათი, ისინი თავიანთი მორწმუნეების მაჯისცემას გრძნობენ, ჩვენ ჩვენი მორწმუნეებისას ვგრძნობთ.

ეკლესიის შვილია ყველა,  ის ვინც ცხოვრობს ეკლესიურად და მეორე კატეგორიაც –  ადამიანები, ვინც არ ცხოვრობს ასე და მორწმუნეებისგან ვირუსის გავრცელების ეშინია. ჩვენ ვისი ინტერესი გავითვალისწინოთ? ჩვენი მრევლის თუ ვისაც მათი ეშინია?

მატარებლით ვიმგზავრე ახლა და იქაც იმდენივე ხალხი იყო რამდენიც ეკლესიაში იკრიბება, რაში გინდათ რომ გამოიხატებოდეს ეკლესიის პასუხისმგებლობა? ვირუსი რომ ახლა მატარებელში შემყროდა ვინმე აიღებდა პასუხისმგებლობას? ასეთ დროს დაცული არავინაა და რა მნიშვნელობა აქვს მატარებელში შეგეყრება ვირუსი თუ ეკლესიაში. თქვენ გინდათ მიწიერამდე დაიყვანოთ ყველაფერი, ჩვენ ვერ დავიყვანთ ყველაფერს მიწიერამდე, სარწმუნოება გვიპყრია ხელში და შემართებით და იმედით ვართ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი მორწმუნეს არ გაეკარება, მაგრამ მგლის შიშით ცხვრის გაწყვეტა ძნელია.

კარანტინიდან გარბის ხალხი და მორწმუნეს როგორ დააკავებ, იმედი აქვს და დარწმუნებულია რომ არ შეეყრება. მე უთხრა შეგეყრება დარჩები სახლში მეთქი? ვერც თვლას დავიწყებთ 10  და 50 კაცზე მეტი რომ არ შემოვიდეს ეკლესიაში.

ვნახავთ, შევხედავთ როგორ იქნება, თუ ძალიან გავრცელდა კიდევ ერთხელ შევიკრიბებით. მომავლის სახელით ვერ ვისაუბრებ. პოსტ ფაქტუმ, როცა მივადგებით ფაქტებს ვისაუბროთ მაშინ. ახლა როგორ ვთქვა რა იქნება ან რას ვიტყვით მერე?

ჩვენ ყველანაირი სიფრთხილე გვაქვს გათვალისწინებული, ეპარქიაში ყველა მოძღვარი მობილიზებულია დაუდგნენ ადამიანებს გვერდით. ასეთი ერთობით არ ვყოფილვართ, პირიქით შეგვაფხიზლა ამ კორონამ და დაგვაახლოვა, ცოტა დადებითიც მოიტანა თუ ცუდად არ შეხედავ.

დარწმუნებული ვართ რომ ეს ღვთისგანაა დაშვებული, ამის უტყუარი მაგალითები გვაქვს ბიბლიაში.

Exit mobile version