Batumelebi | მკერავების შრომის უსაფრთხოება დაცულია – გამოხმაურება მკერავების შრომის უსაფრთხოება დაცულია – გამოხმაურება – Batumelebi

მკერავების შრომის უსაფრთხოება დაცულია – გამოხმაურება

კომპანია „აჭარა ტექსტილე“ ეხმაურება „ბათუმელებში“ გუშინ, 21 მარტს გამოქვეყნებულ სტატიას „რამდენად უსაფრთხო გარემოში მუშაობენ მკერავები, რომლებიც პირბადეებს ამზადებენ“. სტატიაში რამდენიმე მკერავი შიშობს იმაზე, რომ მათი შრომის უსაფრთხოება დაცული არ არის.

სტატიაში წარმოდგენილი იყო კომპანია „აჭარა ტექსტილეს“ პოზიციაც, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა თამაზ შავაძემ, რომელიც დღეს, 22 მარტს დაგვიკავშირდა, გვითხრა, რომ სტატიაში არაა სრულყოფილი ინფორმაცია იმაზე, თუ რა გააკეთა კომპანიამ შრომითი უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ კომპანიის მიერ მოწოდებულ წერილობით ინფორმაციას სრულად გთავაზობთ:

„კომპანია “აჭარა ტექსტილე”-ს მიერ საკუთარ საწარმოებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები:

პერიოდულად ტარდება დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას სამსახურში და საწარმოს შენობა-ნაგებობების; სამსახურში მოსული თანამშრომლები შენობაში შესვლამდე გადიან ტემპერატურის კონტროლს თერმული კამერებითა და დისტანციური სიცხის საზომი მოწყობილობებით; შენობაში შესვლისას ხდება ხელების დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით, რომლებიც საწარმოს შენობა-ნაგებობების სპეციალურად გამოყოფილ ლოკაციებზეა განთავსებული შესაბამისი ინსტრუქციებით, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერაა მომზადებული;

ასევე კომპანიამ, საკუთარი თანამშრომლებისთვისაც არსებული ქსოვილის მარაგებიდან დაამზადა პირბადეები, რომელიც მათ გადაეცათ უფასოდ; ბრიგადებში განთავსებულ მონიტორებზე ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გადის ვირუსის პრევენციის შესახებ პრეზენტაცია თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომ არ მოხდეს მათი ვირუსით დაინფიცირება,“ – მოგვწერეს კომპანიიდან „აჭარა ტექსტილე“.

რეალურად რამდენად დაცულია შრომითი უსაფრთხოების პირობები ფაბრიკაში, სადაც მკერავები პირბადეებს ამზადებენ? – ამის გადასამოწმებლად ჩვენ „აჭარტა ტექსტილეს“ წარმომადგენელს, თამაზ შავაძეს ფაბრიკაში შესვლა ვთხოვეთ. მან გვითხრა, რომ დღეს კვირაა და მკერავები არ მუშაობენ, ხოლო ხვალისთვის ამ საკითხს დამფუძნებელს შეუთანხმებს.

კომპანიამ ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია იმ თანამშრომლებისთვის ხელფასის ჩამოჭრაზე, რომლებიც პანდემიის პირობებში სამსახურში არ მიდიან:

„ხელფასიდან თანხის ჩამოჭრასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ არანაირი თანხის ჩამოჭრა ხელფასიდან არ ხდება,  ვინაიდან კომპანიამ უზრუნველყო შვებულებები იმ თანამშრომლებისთვის, ვინც პანდემიის გამო თავი შეიკავა სამსახურში მოსვლისგან,“ – აღნიშნულია კომპანია „აჭარა ტექსტილეს“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მთავარი ფოტო: აჭარა ტექსტილეს ფეისბუქ გვერდიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი