მთავარი,სიახლეები

„ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ მოექცევა მცირე და საშუალო ბიზნესი“ – ინტერვიუ

23.03.2020 •
„ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ მოექცევა მცირე და საშუალო ბიზნესი“ – ინტერვიუ

რა ელოდება კერძო სექტორს, თუ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი დიდხანს გაგრძელება? რა ელოდებათ დასაქმებულებს, რომლებიც დისტანციურ რეჟიმში სამუშაოდ გაუშვეს და ჯერჯერობით ხელფასებს ინარჩუნებენ? ვინ როგორ დაუბრუნდება და ვინ ვერ დაუბრუნდება იმ მდგომარეობას ბაზარზე, რაც პანდემიამდე ჰქონდა?  – ამ თემაზე  შპს „ელთ ბიზნეს ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს, ნონა ხუჯაძეს ვესაუბრეთ.

  • ქალბატონო ნონა, როგორ გააგრძელა კომპანიამ მუშაობა მას შემდეგ, რაც დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის რეკომენდაცია მიიღეთ, დასაქმებულებს ხელფასები გადაუხადეთ?

ჩვენ სამი კომპანია გვაქვს, რეალურად სამივეს აქტიურობა შესუსტდა ბაზარზე. თანამშრომლების უმეტესობა  დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ზოგი კი ანაზღაურებად შვებულებაში გავიდა. კრიზისის აპრილშიც გაგრძელების შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ ხელფასები თანამშრომლებს არათუ შეუნარჩუნდებათ, არამედ არც შეუმცირდებათ. მარტის და აპრილის პერიოდში მოლოდინი გვაქვს, რომ შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს, თუმცა არ ვიცით რა იქნება უფრო შორ პერიოდში.

თანამშრომლების დაახლოებით 20 პროცენტის დისტანციურ რეჟიმში გადაყვანას ვახერხებთ. მიუხედავად იმისა, რომ  ტექნოლოგიურად მზად ვართ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, უფრო მეტი თანამშრომელი გავუშვათ, ამიტომ დიდი ალბათობით მოგვიწევს ბიზნესპროცესების შეჩერება, როგორც საფინანსო და ტურისტულ, ასევე სამშენებლო სექტორში.  თანამშრომლების დიდი ნაწილი ორგანიზაციული პროცესების განვითარებაზე გადავისროლეთ, შესაბამისად არ ვართ გაჩერებული, ვმუშაობთ, თუმცა ეს არ გულისხმობს მომხმარებელთან მუშაობას, ეს გულისხმობს ახალ პროდუქტზე მუშაობას.  არ ვემზადებით ცუდი სცენარისთვის, ველოდებით, რომ არ გაგრძელდება  ეს პროცესი მთელი წელი.

  • თუ აპრილის შემდეგაც გაგრძელდა დისტანციურ მუშაობაზე მოთხოვნა, თანამშრომლების შენარჩუნებას შეძლებთ?

საკმაოდ გამართული ბიზნესი  გვაქვს იმისათვის, რომ დავიწყოთ პროდუქტების მოდერნიზება, თუმცა როგორც ყველა ბიზნესს, ჩვენც გვაქვს მოქმედების გარკვეული არეალი. გააჩნია რამდენად ღრმა იქნება ეკონომიკური კრიზისი, გარკვეულ დონეზე გავყვებით ამ ცურვაში ბაზარს, თან ჩვენ დივერსიფიცირებული ბიზნესი ვართ. სხვადასხვა სექტორში ვმუშაობთ, შევძლებთ გარკვეულ დონეზე პროდუქტების ოპტიმიზაციას. მოხდება ფოკუსირება ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ნაკლებადაა ტურიზმზე ორიენტირებული.

ნებისმიერი შრომის ხარჯს კომპანია ეწევა, იქედან გამომდინარე, რომ ეს შრომა ქმნის ღირებულებას, რომელიც იყიდება ბაზარზე. თუ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში გვექნება მოცემულობა, რომ ეს შრომა ფიზიკურად ვეღარ შექმნის ღირებულებას, არ ვიცი რა მოხდება. სახელფასო ფონდი რამდენიმე მილიონი ლარია, ძალიან გართულდება ბიზნესმა ეს საკუთარ თავზე აიღოს გრძელვადიან პერიოდში. ვემზადებით, რომ თუნდაც ორი-სამი თვით შევინარჩუნოთ თანამშრომლები ასეთ რეჟიმშიც კი – ეს უკვე არის ჩვენი პასუხი რეალობაზე.  თუ ეს პროცესი გაგრძელდა, მაგალითად, ათი თვე, იძულებული ვიქნებით, რომ  დავიწყოთ სხვადასხვა ზომის გამოყენება.  პირველ რიგში, ეს იქნება ალბათ ნაწილობრივი ანაზღაურება, უხელფასო შვებულება… საბოლოო ჯამში ეს  დამოკიდებულია პროცესის ხანგრძლივობაზე.  თუმცა, მე დიდი იმედი მაქვს, რომ მთლად ასეთი დრამატული სცენარი არ შედგება.

  • ვთქვათ სამ თვეში ჩაიარა ვირუსის საფრთხემ,  ასეთ შემთხვევაში კომპანია თანამშრომლებს ინარჩუნებს და მიმდინარე პროექტებს გააგრძელებს სრულად?

ის, რომ ეკონომიკური ზარალი იქნება ძალიან დიდი, უკვე ცხადად ჩანს. ვფიქრობ, რომ შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში დააჩნდეს ეკონომიკას ამ ზარალის კვალი, თუმცა შეფასება ამ დროისთვის ალბათ არასერიოზული იქნება. ჩვენი ქვეყნის კონტექსტში შესაძლებელია ვთქვათ, რომ  რამდენიმე სექტორი შეძლებს გაუძლოს და ალბათ შედარებით სწრაფად აღდგება, განაგრძობს განვითარებას.  ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ მოექცევა მცირე ბიზნესი და შემდეგ უკვე საშუალო ბიზნესი. მოგეხსენებათ, მცირე და საშუალო ბიზნესი ყველაზე დიდი დამსაქმებელია, თან ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს ამ სეგმენტში ვხვდებით, ყველაზე მცირე დანაზოგებიც სწორედ ამ ჯგუფებს აქვთ.  აქედან გამომდინარე, მაქვს მოლოდინი, რომ ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესდება.  სადღაც 20 პროცენტი დასაქმებულების ალბათ აღიდგენს ვირუსამდელ მდგომარეობას, მაგრამ უფრო მეტისთვის ეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდება.

იმდენად ვართ ვაქცინაზე დამოკიდებული, რომ ამ წუთს, ასე ვთქვათ, აღარ მუშაობს ეკონომიკური თეორია, უფრო მეტად თამაშობს მოლოდინების თეორია, თუ როგორ უმკლავდებიან ადამიანები საკუთარ მოლოდინებს და ეკონომიკურ ფაქტორებს.  ჩვენ დავსვით კითხვა, რა მოხდებოდა, თუ ეკიპირების სრულფასოვან რესურსს ჩავრთავდით და შევინარჩუნებდით თანამშრომლებს სამუშაო პროცესში, რომ ამ ფორმით მუშაობა გაგვეგრძელებინა. როგორც ჩანს, ესეც არ იქნება შესაძლებელი.

  • პენდემიის შემდგომ პერიოდში, ბიზნესის თუნდაც გარკვეული სექტორის სწრაფად აღდგენისთვის მომხმარებელი დარჩება ბაზარზე?

საფინანსო სექტორში მომხმარებელი ისევ აქტიურია. ტურისტული მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და სხვა სცენარებზე მიდის გათვლა. შენებლობის და ინვესტიციების მიმართულებით ასევე, პასიურ რეჟიმში გადაგვიყვანა მომხმარებელმა,  დააფიქსირეს ინტერესები და რამდენიმე თვით გვთხოვეს, რომ გავჩერდეთ, ისინი დარჩნენ ხაზზე.  სხვათა შორის ბევრ ქვეყანას აღმოაჩნდა კრიზისით ეკონომიკური სარგებლისთვის ბიზნესის მოდერნიციის უნარი. ზოგადად მსგავს სიტუაციებს ახასიათებს ასეთი სცენარები, მაგრამ ძალიან ცოტა იქნება ასეთ სცენარში ეფექტური.

რომ დავზარალდებით, ამაში ორი აზრი არ არის, ისაა მნიშვნელოვანი, იქნება თუ არა ზარალი შეუქცევადი.

_______________

ამავე თემაზე: 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/262067/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: