სიახლეები

გამყრელიძე: ეს ეხება ყველას – მორწმუნე მრევლს თუ ათეისტს

22.03.2020 • 1749
გამყრელიძე: ეს ეხება ყველას – მორწმუნე მრევლს თუ ათეისტს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაცია შეაფასა. მისი თქმით, ინფიცირებულების რაოდენობა ქვეყანაში ისევ გაიზრდება.

„ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს 49 დადასტურებული შემთხვევა, თუმცა ამ ღამით 70-ზე ცოტა მეტი ნიმუშის კვლევის პასუხებს ველოდებით ლუგარიდან, ქუთაისიდან, ინფექციური საავადმყოფოდან და შესაძლებელია, დილისთვის ეს ციფრი შეიცვალოს”, – განაცხადა მან.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების შესაფერხებლად ყველაზე კარგი გზა არის სოციალური დისტანცირება:

„ამიტომაც იქნა შემოღებული დღეს საგანგებო მდგომარეობა. ერთ-ერთი მთავარი საფუძველი საგანგებო მდგომარეობის შემოღების გახლავთ ის, რომ ჩვენ სწორად და კარგად დავიცვათ სოციალური დისტანცირების რეკომენდაციები. თავი ავარიდოთ ყოველგვარ დიდ თავყრილობებს.

იცით, რომ ჩამოვიდა ეს დაშვება 10 ადამიანზე – მეტი არ უნდა შეიკრიბოს ერთ დახურულ სივრცეში. ეს ეხება ყველას და რეკომენდაცია ეძლევა მთლიანად საზოგადოებას, ეს იქნება მორწმუნე მრევლი თუ ათეისტი – მთავარი ღონისძიება ამ ტიპის ეპიდემიების დროს ეს არის სოციალური დისტანცირება“.

ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდემიისთვის თავის არიდება შესაძლებელია ამ გზით და ასევე, ყველა კონტაქტის დროულად გამოვლენა-შესწავლით.

„ჩვენი მიზანია თავი ავარიდოთ ფართომასშტაბიან ეპიდემიას, ამიტომ ყველას ვთხოვ ყველა კონტაქტი იქნეს დასახელებული და შესწავლილი, რომ დავიწყოთ დროულად სამედიცინო ღონისძიებები. ამით ჩვენ თავს ავარიდებთ მესამეულ, მეოთხეულ, მეხუთეულ გადაცემას და ეპიდემიის გავრცელების უწყვეტ ჯაჭვს“.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კლინიკებში მოთავსებული კორონავრუსით ინფიცირებული 48 პირიდან, შემდეგ კვირას შეიძლება 2-4 ადამიანი გამოჯანმრთელდეს და მათ კლინიკებიდან 2-კვირიან თვითიზოლაციაში მოათავსებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: