მთავარი,სიახლეები

თუ დავრჩებით სახლში, 6-10 კვირაში მინიმალური შემთხვევები გვექნება – ბილ გეითსი 

23.03.2020 • 1397
თუ დავრჩებით სახლში, 6-10 კვირაში მინიმალური შემთხვევები გვექნება – ბილ გეითსი 

Microsoft -ის დამაარსებელი ბილ გეითსი ტვიტერზე საკუთარ ფოტოს პოსტავს წარწერით – „მე ვარ ბილ გეითსი და ვმუშაობ სახლიდან”. მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა და გავლენიანმა ბიზნესმენმა ოთხშაბათს ხალხს სადისკუსიო ფორუმ Reddit-ზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ბილ გეითსს ჰკითხეს, თუ რა დროში ხედავს ის  მსოფლიო კრიზისიდან გამოსავალს, რაზეც ის პასუხობს, რომ თუ ქვეყნები ეფექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ჩაატარებენ დროულ ტესტირებას, უზრუნველყოფენ მაქსიმალურად ყველაფრის ჩაკეტვას და ხალხი მოექცევა იზოლაციაში, მაშინ 6-10 კვირის განმავლობაში შემთხვევათა მინიმალურ რაოდენობას მივიღებთ და ყველაფერი ისევ გაიხსნება.


ბილ გეითსი რამდენიმე წელია ჩართულია ჯანდაცვის სფეროში „ბილ და მელინდა გეიტსების არაკომერციული ფონდის“ მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში ბილ გეითსმა განაცხადა, რომ Microsoft-ის დირექტორთა საბჭოს ტოვებს, რომლის თანადამფუძნებელიც თავად იყო 1975 წლიდან. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი აცხადებს, რომ შექმნილ სიტუაციაში სურს მეტი დრო ქველმოქმედებას დაუთმოს.

გეითსმა Reddit-ზე ვირუსის პირობებში „ჩაკეტვისა“ და იზოლაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჩაკეტვის ფაზა გულისხმობს ბევრ სხვადასხვა რამეს. სწორი მოქმედებებით, როგორიცაა დროული ტესტირებები, სანიტარული წესების დაცვა და სოციალური დისტანცირება, მდიდარი ქვეყნებიც კი რთულად მოახერხებენ 2-3 თვის განმავლობაში ინფიცირების მაქსიმალურად თავიდან აცილებას. საფიქრალია, რა უნდა ეშველოს ეკონომიკურ ზარალს, რაც გვექნება, მაგრამ კიდევ უფრო ცუდი იქნება ის, რომ კრიზისი დიდ გავლენას მოახდენს განვითარებად ქვეყნებზე, რომლებსაც სოციალური დისტანცირება და ჩაკეტვის ღონისძიებები ისე ვერ გამოუვათ, როგორც მდიდარ ქვეყნებს. მათი საავადმყოფოების შესაძლებლობებიც მდიდარ ქვეყნებთან შედარებით ბევრად ნაკლებია“.

პანდემიის საფრთხეზე ბიზნესმენი ერთი წლის წინაც საუბრობდა Reddit-ზე. როცა მას ჰკითხეს, რა იყო უახლოეს მომავალში კაცობრიობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე, ბილ გეითსმა შესაძლო პანდემიაზე ისაუბრა, რაც გასულ წელს აქტუალური არ იყო და რეალობასთან თითქოს საერთო არაფერი ჰქონდა.

„ზუსტად 100 წელი გადის ესპანური გრიპის პანდემიიდან და თუ ის რაღაც ფორმით დაბრუნდება, მიმოსვლის სიხშირე მის გავრცელებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“, – ამბობდა ბილ გეითსი.

ბიზნესმენი TED Talk-ზეც საუბრობდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა მსოფლიოს ეპიდაფეთქებისთვის მოსამზადებლად:

„სწრაფად უნდა მიგვიწვდებოდეს ხელი დიაგნოსტირების საშუალებებზე, წამლებსა და ვაქცინაზე, არსებობს ამის კარგი ტექნოლოგიური საშუალებები სწორი ინვესტირების შემთხვევაში, ქვეყნებს შეუძლიათ ამაზე ერთობლივად იმუშაონ.

ჩვენ შევქმენით ორგანიზაცია CEPI (Coalition for Epidemic Preparedness Innovation) – ეპიდემიისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფის ინოვაციური კოალიცია, რომელიც ვაქცინის მომზადების პროცესში ასრულებს გარკვეულ სამუშაოებს, მაგრამ ამ კოალიციას მეტი დაფინანსება სჭირდება, რომ მისი რესურსები მთელ მსოფლიოს გასწვდეს“, – ამბობს ბილ გეითსი.­

გადაბეჭდვის წესი


ასევე: