სიახლეები

რამდენად უსაფრთხო გარემოში მუშაობენ მკერავები, რომლებიც პირბადეებს ამზადებენ

21.03.2020 • 2393
რამდენად უსაფრთხო გარემოში მუშაობენ მკერავები, რომლებიც პირბადეებს ამზადებენ

„ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, დღეს შაბათია და ვისვენებთ. ორშაბათიდან არ ვიცი, რა იქნება… გუშინ ტანსაცმელის კერვაზე ვიმუშავეთ ყველამ, რადგან დოლბანდი არ იყო და მაგას ველოდებით. სადეზინფექციო ხსნარები გვაქვს, სხვა არაფერი შეცვლილა,“ – ამბობს ერთ-ერთი მკერავი ქალი, რომელიც „აჭარა ტექსტილში“ მუშაობს.

ამ საწარმომ 500 ათასი პირბადის დამზადება დააანონსა. მკერავები, რომლებიც პირბადეებს კერავენ, „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ – ისინი შიშობენ, რომ შრომის უსაფრთხოება სამკერვალოში დაცული არ არის. მათ ვინაობის გამხელა არ სურთ.

„აჭარა ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკები ბათუმში, ბობოყვათსა და ფოთში აქვს. ასობით მკერავს საერთო სივრცეში უწევს მუშაობა. მკერავები მიიჩნევენ, რომ პირდაბედეების მომზადება ახლა საჭირო და მნიშვნელოვანი საქმეა, მაგრამ პანდემიის პირობებში უსაფრთხოების კუთხით სპეციალური ზომები საწარმოს არ მიუღია, მით უფრო, რომ პირბადეების მომზადებასთან ერთად, მკერავთა კონკრეტული ბრიგადები ისევ ტანსაცმელს კერავენ.

საწარმოში რომ ამ ეტაპზე დოლბანდს ელოდებიან, ამას ადასტურებს გია ლომინაძე, „აჭარა ტექსტილის“ ფინანსური დირექტორი. მან „ბათუმელებს“ ასევე დაუდასტურა, რომ მკერავების ნაწილი ისევ ტანსაცმელს კერავს, რადგან „ამ გზით საწარმოს თანამშრომლების შენარჩუნება სურს“. რაც შეეხება უსაფრთხოებას: გია ლომინაძე ირწმუნება, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმები საწარმოში სრულად დაცულია.

„კრიტიკულ სიტუაციაში ვართ ახლა ყველა და სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ საკითხს, ჩვენ მივიღეთ უსაფრთხოების ყველა ღონისძიება: პირბადეებით მუშაობენ, სადეზინფექციო ხსნარს ვიყენებთ, გვაქვს თერმოკამერები, რომლის საშუალებითაც ვამოწმებთ ყველა თანამშრომელს დილით, სამსახურში გამოცხადების დროს. ნაწილი აღარ დადის, მაგალითად, ხანდაზმული ვინცაა… ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი იმყოფებოდა ჩვენს საწარმოში და მას პოზიტიური შეფასება ჰქონდა, ეს ტელევიზიითაც თქვა,“ – გვითხრა გია ლომინაძემ, „აჭარა ტექსტილის“ ფინანსურმა დირექტორმა.

გია ლომინაძემ ჩვენთან საუბარში დააკონკრეტა, რომ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელმა ფოთის სამკერვალო ფაბრიკა მოინახულა. რა ხდება ბობოყვათის და ბათუმის სამკერვალოებში?

„იგივე პროცედურაა ყველგან. დღეს შაბათია და ორშაბათს შეგიძლიათ ნახოთ, მაგალითად, ბობოყვათში რა სიტუაციაა,“ – ამბობს გია ლომინაძე.

რაც შეეხება დოლბანდებს, საწარმოს ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ 20 ათასი მრავალჯერადი გამოყენების პირბადე უკვე დამზადდა, დოლბანდის გარკვეული რაოდენობა მოძიებულია და რამდენიმე დღეში გაიზრდება საწარმოო ხაზების რაოდენობა.

„მკერავები ტანსაცმელზეც მუშაობენ, მაგრამ ჩვენ ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა გადავერთოთ მთლიანად პირბადეების წარმოებაზე, ჩვენ შესაძლოა უფრო მეტი პირბადის დამზადება მოგვიწიოს, ახლა მიმდინარეობს ეს პროცესი,“ – დასძინა გია ლომინაძემ.

საწარმოში დასაქმებული რამდენიმე მკერავის თქმით, თუკი მკერავი სამსახურში არ გამოცხადდება, მას თითოეულ გაცდენილ დღეზე 40 ლარს ჩამოაჭრიან. გია ლომინაძე ამ ინფორმაციასაც არ ადასტურებს. იგი განმარტავს, რომ ხელფასი სხვადასხვა ბონუსისგან შედგება და თუ რომელიმე მკერავი პანდემიის გამო სამსახურში არ გამოცხადდება, დასაქმებულს ერთჯერადად ჩამოაჭრიან გარკვეული ოდენობის თანხას.

„ანუ ხელფასი რამოდენიმე ბონუსისგან შედგება და თუ ადამიანი არ დაესწრება, შეიძლება  რაღაც ბონუსებზე მოახდინოს გავლენა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ მოხდება. მთლიანად  თვის ხელფასში ერთხელ მოხდება, თუ მოხდება ესეც. ამასაც გადამოწმება უნდა, რომელი ბონუსი რაზე ახდენს გავლენას. ასე რომ, მაგაშიც ნაწილობრივ შეიძლება დაგეთანხმოთ, ოღონდ მხოლოდ ერთხელ და ეს არ მიიღებს სისტემატურ ხასიათს,“ – გვითხრა „აჭარა ტექსტილის“ ფინანსურმა დირექტორმა.

გია ლომინაძის თქმით, საწარმოში ხანდაზმული თანამშრომლები, ძირითადად, აღარ დადიან. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი თანამშრომელი აგრძელებს მუშაობას სამკერვალოში, სადაც პირბადეების დასამზადებლად შესაბამის მასალას ელიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: