მთავარი,სიახლეები

როგორ ისჯება სხვისთვის ინფექციის გადადება, ან 10 კაცის თავშეყრა – იურისტის განმარტება

22.03.2020 • 2301
როგორ ისჯება სხვისთვის ინფექციის გადადება, ან 10 კაცის თავშეყრა – იურისტის განმარტება

„ჯერჯერობით ვერაფრით დასჯიან ვინმეს, თუკი 10, ან თუნდაც მეტი ადამიანი ერთად მოიყრის თავს,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. იურისტი განმარტავს, რომ დეკრეტის გამოცემის შემდეგ დეტალურად უნდა განისაზღვროს, რა სახის შეზღუდვები იარსებებს შეკრების კუთხით, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა დასრულდება.

10 პირის თავშეყრის შეზღუდვაზე გუშინ, 21 მარტს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, ვიდრე პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე დეკრეტს გამოსცემდა. დღის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეიზღუდება, დეკრეტი რწმენის თავისუფლებას არ ეხება და არც ციფრი 10 წერია დეკრეტში.

„მთავრობა არის ორგანო, რომელმაც დადგენილებით უნდა განსაზღვროს ეს დეტალები. შეკრების თავისუფლება, ზოგადად, არის შეზღუდული და დეკრეტით ეს დადგინდა, თუმცა პირობები და საგამონაკლისო შემთხვევები უნდა განისაზღვროს ცალკე დადგენილებით. ვიდრე არ გამოიცემა ეს დადგენილება, ვერაფრით დასჯიან შეკრებილ 10 კაცს,“ – განმარტავს იურისტი პაატა დიასამიძე.

დეკრეტით განსაზღვრულია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის პირობების დარღვევა, რაც ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირების – 15 ათასი ლარით. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში, პირს სისხლის სამართლის წესით მოედავებიან და მას სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ელის.

ფიზიკური და იურიდიული პირები რა შემთხვევაში შეიძლება დაჯარიმდნენ, ესეც ცალკე უნდა გაიწეროს, თუმცა იურისტი ამბობს, რომ ფიზიკური პირი, მაგალითად, შესაძლოა დააჯარიმონ თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის, იურიდიული პირი – სანიტარულ-ჰიგიენური პირობებისთვის.

„ასევე, მაგალითად, თუკი გადამზიდავი კომპანია დაარღვევს გადაზიდვის დადგენილ პირობებს, რასაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი აწესებს,“- დასძენს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე.

იურისტი განმარტავს, რომ დეკრეტი იერარქიულად კანონზე მაღლა მდგომი აქტია და სწორედ დეკრეტის პირობების დარღვევას ჩაგიწერთ პოლიციელი სამართალდარღვევის ოქმში, თუკი თვითიზოლაციის წესებს დაარღვევ. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველიც დეკრეტი იქნება და არა „სისხლის სამართლის კოდექსი“, რომელიც კარანტინიდან გაქცევას არ ითვალისწინებს.

„სისხლის სამართლის კოდექსი“ ითვალისწინებს „განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრისთვის“ პასუხისმგებლობას, თუმცა ამ შემთხვევაში გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა, როცა საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხეს ქმნის ვინმე. ორწლიანი პატიმრობით ის დაისჯება, თუკი ვინმეს სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრას დაუდგენენ.

საია-ს იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ უნდა დადგინდეს საფრთხის შექმნა, ანუ შესაძლოა ვინმე კარანტინიდან გაიქცა, მაგრამ დაუსახელებელ ტერიტორიაზეა და არავისთვის შეუქმნია ვირუსის გავრცელების საფრთხე.

„შესაბამისად, კარანტინიდან გაქცევისთვის დეკრეტის პირობებში უფრო მკაცრი სასჯელით დაისჯება პირი, ანუ სამ წლამდე ვადით, ხოლო თუკი საფრთხის შექმნა დაუდასტურდება, ან სხვისთვის დაავადების შეყრა, ეს ცალკე დასაბუთების ნაწილია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ პაატა დიასამიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: