ოთხივე ახალი პაციენტი სატვირთო მანქანის მძღოლია – Covid-19

14 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 13 ადამიანი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ოთხოვე ახალი შემთხვევა შემოტანილია, ყველა პაციენტი სატვირთო მანქანის მძღოლია.

ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად საქართველოს კოვიდცენტრებში მკურნალობს 142 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე.

საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 999 შემთხვევა, 870 პაციენტი განიკურნა, ხოლო 15 გარდაიცვალა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინში იმყოფება 5001 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219 ადამიანი.

მაქაცარიას, ბაქოს, შავშეთისა და ნონეშვილის ქუჩებზე რამდენიმე საათით წყალი შეწყდება

„ბათუმის წყლის“ განცხადებით, დღეს, 14 ივლისს, ავარიული დაზიანების გამო, 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მაქაცარიას, ბაქოს, შავშეთისა და ნონეშვილის ქუჩის ნაწილს.

„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

მსოფლიოში ბოლო ხუთ დღეში 1 მილიონით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 14 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 13 მილიონს აღემატება. ჯერ კიდევ ხუთი დღის წინ, 9 ივლისს, ეს რიცხვი 12 041 795 იყო, შესაბამისად, ბოლო დღეებში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 061 495-ით გაიზარდა, 5 დღეში გარდაიცვალა 23 565 ადამიანი.

2020 წლის იანვარში ჩინეთში ეპიდაფეთქებიდან დღემდე, 14 ივლისამდე, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 13 103 290 ადამიანი. ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კვლევის შედეგად, ინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ამაზე გაცილებით დიდია.

იანვრიდან დღემდე, ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 573 042 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 135 605 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში; 72 833 – ბრაზილიაში და 44 915 – დიდ ბრიტანეთში.

კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია აშშ-ი, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 3 363 056 ადამიანი, ასევე, ბრაზილია – 1 884 967 ინფიცირებული და  ინდოეთი – 906 752 ინფიცირებული.

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსისგან განიკურნა 7 257 369 ადამიანი.

_______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Fernando Bizerra

პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი განახლდა

ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“ სწავლის მსურველთათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.

ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

მინისტრმა პროფესიულ სასწავლებელს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა
მინისტრმა პროფესიულ სასწავლებელს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა

მინისტრმა პროფესიულ სასწავლებელს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და რეგიონში პროფესიული განათლების მიღწევებზე ისაუბრა. კოლეჯში „ახალი ტალღა“ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. წელს სასწავლებელი სტუდენტობის მსურველებს 30-მდე პროგრამას სთავაზობს მშენებლობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

აღსანიშნავია, რომ კოლეჯი წელს პირველად მიიღებს საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და პროფესიის შესწავლასთან ერთად, სრულ ზოგად განათლებას შესთავაზებს.

ახალ სასწავლო წელს კოლეჯი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. მიმდინარეობს დაწესებულების შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობა, შენობის ფასადის განახლება, თანამედროვე ტიპის სასწავლო სახელოსნოებისა და ლაბორატორიების მშენებლობა.

2 დაღუპული და 11 დაშავებული – წყალდიდობა თურქეთში

ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში  წყალდიდობის შედეგად. ტრაბზონში, რიზესა და ართვინში გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარეები  ადიდდა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები და ცენტრალური მაგისტრალი. ორ სოფელში მეწყერი ჩამოწვა. დაშავებული ადამიანები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად ათობით სახლი დაზიანდა, სამი კი მთლიანად განადგურდა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექი დღეს, 14 ივლისს, ისევ მოიმატებს.

_________________________

ამავე თემაზე:

მეწყერი თურქეთში – დაიღუპა 1 და დაკარგულია 3 ადამიანი

დადასტურდა კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა – 14 ივლისის მონაცემები

14 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,

საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 999 შემთხვევა, 870 პაციენტი განიკურნა, ხოლო 15 გარდაიცვალა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინში იმყოფება 5001 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219 ადამიანი.

ბათუმში ავტომანქანას ხანძარი გაუჩნდა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მსუბუქ ავტომანქანას ხანძარი გაუჩნდა. თვითმხილველის თქმით, ავტომანქანის მძღოლმა მეხანძრეების მისვლამდე ცეცხლმაქრი ბალონი გამოიყენა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურში გვითხრეს, რომ ცეცხლი უკვე ჩააქრეს და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

___________________

მთავარი ფოტო: ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ქეთი დუმბაძის ფოტო

„ელექტრას ომი“- ნინო ხარატიშვილის პიესის მიხედვით დადგმული ახალი სპექტაკლი ღია ცის ქვეშ

„ელექტრას ომი“ – ასე ჰქვია ნინო ხარატიშვილის პიესას, რომელიც ბათუმის დრამატულ თეატრში რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა პირველად დადგა. სპექტაკლის პრემიერა 17 და 18 ივლისს, ღამის 10 საათზეა დაგეგმილი დრამატული თეატრის სიახლოვეს, ღია ცის ქვეშ, სადაც სკვერი, ქუჩის ელემენტები და პარკინგი სპექტაკლის მიზანსცენების ბუნებრივი გარემოს ქმნის.  სპექტაკლზე დასწრება ყველა მსურველს უსასყიდლოდ შეეძლება.

გურამ მაცხონაშვილი ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლს პირველად დგამს, ნინო ხარატიშვილის ,,ელექტრას ომიც“ პირველად იდგმება საქართველოში. პიესა გერმანულიდან ქართულ ენაზე მსახიობმა და მთარგმნელმა, ნინო ბურდულმა თარგმნა.

როგორც რეჟისორი ამბობს, ეს არის ელექტრას პერსპექტივიდან დანახული ომი და, შესბამისად, აქცენტებიც ქალ პერსონაჟებზეა დასმული.

,,ვიცით ისტორიულად, რომ ტროას ომი კაცების ომია. ხარატიშვილის პიესაში კი კლიტემნესტრას და ელექტრას თვალითაა ყველაფერი ნაჩვენები. ქალების ომი ეს არის ომის უხილავი ნაწილი, რომელიც სარჩულად სულ მიჰყვება ტრადიციულ სამხედრო ომს, მაგრამ არასდროს ჩანს. მეც ყოველთვის მაინტერესებდა, რა ხდება ქალების თავს, როცა კაცები არიან ომში.

სპექტაკლში დრო და სივრცეც სხვაა. რამდენიმე ტერმინი პირდაპირ მიანიშნებს, რომ ეს ჩვენი რეალობაა – საერთაშორისო ფონდების სახელებსაც გაიგებთ, ენჯეოესთეტიკასაც იგრძნობთ.

სპექტაკლის ვიზუალურ-მხატვრული გადაწყვეტა დაქვემდებარებულია მოდას, როგორც ხელოვნების დარგს. ბევრი მიზანსცენა შექმნილია არა იმდენად თეატრის, არამედ მოდის წესებით და ვცდილობთ შევქმნათ კონტრასტი: სადაც ომს, წესით, არაფერი ესაქმება და მაღალი მოდის ესთეტიკა ბატონობს, სადაც კულტურა უჩენს ქალებს ზონას, სამოქმედო არეალს, სწორედ იქ ვცდილობთ შევიტანოთ ომი.

მართალია, ტრადიციულად სამხედრო ომი კაცების საქმეა, თუმცა დღეს ჩვენს მსგავს პატრიარქალურ ქვეყანაში ქალები მუდმივ ომში იბრძვიან. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ომში ხარ, სამხედროში თუ კულტურულში. ომი – ომია“, – ამბობს გურამ მაცხონაშვილი.

სპექტაკლი „ელექტრას ომი“ ეკოს – ერეკლე დეისაძისა და ვინდა ფოლიოს კომპოზიციებითაა გაფორმაბული – ბოლო ალბომიდან „თერაპია“.

სპექტაკლში ბათუმის დრამატული და თბილისის სამეფო უბნის თეატრის მოწვეული მსახიობები თამაშობენ.

ჩვენ არ გავჩერდებით – თურქეთში დასაქმებული ქალების საპროტესტო გზავნილი

„ჩვენ ისევ გავმართავთ აქციას, არ გავჩერდებით!“ – გვითხრა მადონა შაინიძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან გამართული აქციის დასრულების შემდეგ. მას უნდოდა გვცოდნოდა, რომ ისევ უიმედოდაა და აქციის მონაწილე, თვითდასაქმებული ქალები, რომლებიც სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნას, ან ამ პუნქტის გახსნამდე მრავალჯერად კომპენსაციას ითხოვენ, მისი აზრით, დამაიმედებელ პასუხს ისევ ვერ მიიღებენ:

„ვნახოთ, ამჯერად რას გადაწყვეტენ, რა პასუხს გაგვცემენ და შემდეგ ჩვენ ისევ გავმართავთ აქციას. აბა, რა ვქნათ, მოვიპაროთ? – ვინ გვაპატიებს, თვითონ გვაპატიებს?“ – კითხულობს მადონა, რომლის ადრესატიც „თვითონ“, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა. მადონა ამ კითხვას თავადვე ასე პასუხობს.

„ჰოდა, არც ჩვენ ვაპატიებთ  გასაჭირში ჩვენს დატოვებას“.

მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან მას სხვა კითხვებიც აქვს.

მადონა ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებიც წლებია ყოველ დღე კვეთდნენ საქართველო-თურქეთის საზღვარს სამსახურში მისასვლელად. თავად უარყოფს – „არა, მე ასე არ ვიტყოდიო“ – მაგრამ აქციების წარმართვისას ერთ-ერთი ლიდერი და გადაწყვეტილების მიმღებია. თავად ამბობს, რომ აქციების საუკეთესოდ ორგანიზებას ქალები არა რომელიმე ერთი ლიდერის, არამედ ერთიანობით ახერხებენ – „ამ აქციებზე ჩვენ ყველა ლიდერები ვართ“.

მადონა უპირობოდ მიიჩნევს, რომ როცა მოქალაქეს უჭირს და ეს ამბავი მთავრობის სახლამდე, აჭარის უმაღლეს საბჭომდე ან სხვა რომელიმე სამთავრობო სტრუქტურამდე მიაქვს, მთავრობის წარმომადგენელი მათ მოსასმენად კაბინეტიდან თუ შენობიდან გარეთ უნდა გამოვიდეს.

„მე მათი კაბინეტები არ მაინტერესებს. მოვიდა ხალხი, დგას გარეთ და გთხოვს გამოსვლას, ვინ ხარ შენ, რომ არ გამოდიხარ? – მერე რაა, რომ დეპუტატი ხარ. როგორიც შენ ხარ – თვალი გაქვს და ხელი, ისეთივეა სხვაც. ალბათ დანაშაული გაქვს რაღაც, რომ ვერ გამოდიხარ და ყველას თანდასწრებით ვერ საუბრობ. მე მირჩევნია სიმართლე ვთქვა და დავიღუპო, ვიდრე ტყუილი და გადავრჩე“, – ამბობს მადონა, თუმცა ის მაინც მთავრობის თავმჯდომარის პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს:

„არ შეიძლებოდა ერთხელ  მოსულიყო ბატონი თორნიკე და ჩვენთვის ეკითხა, თავის ქალაქში, მისი თანაქალაქელები ამდენს რისთვის კივიან და წივიან? – შეიძლება კადიროვია ჩამოსული, არ უნდა მოიკითხოს, რა ხდება აჭარაში? აბა, რისთვის ხარ ხელისუფალი, რისთვის ზიხარ? – გამოვიდეს აქციაზე ბატონი თორნიკე და დაგველაპარაკოს, ცუდს არავინ აკადრებს, რადგან ის ჩვენი ხელისუფალია. კონკრეტული პასუხი გაგვცეს თავის თანაქალაქელებს, არ გვინდა მხოლოდ ჰაერში გაფრენილი დაპირებები. გაგვცეს პასუხი, რას უპირებს ამდენ ხალხს, რისთვის არის ეს ხელისუფლება, რამე რომ გამიჭირდეს, უნდა ვიფიქრო, რომ უპატრონო ვარ და უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობ? – ნუ მაფიქრებინებ ამას და არც ხმამაღლა ვიტყვი.“

მადონა შაინიძე აქციაზე

მადონას მონაყოლით, პანდემიის გამოცხადების, თურქეთ-საქართველოს საზღვრის დაკეტვისა და სახლში დარჩენის შემდეგ, თურქეთის მხარეს მომუშავე ქალებმა ფეისბუქში საერთო ჩატი გააკეთეს: „აქ ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს ამბებს“. ისინი იმედოვნებდნენ, რომ დაახლოებით ერთ თვეში მაინც გაიხსნებოდა  საზღვარი და ჩვეულ რიტმში გააგრძელებდნენ მუშაობას, მაგრამ ასე არ მოხდა:

„გავიდა სამი თვე და ყველას ამოგვეწურა დანაზოგი, ზოგი ქირით ცხოვრობს, ზოგს ბანკის დავალიანება აქვს გადასახდელი, ზოგიერთს კი პროდუქტის ფულიც კი შემოელია“.

პრობლემების მატების პარალელურად მათთვის წარმოუდგენელი იყო ისიც, რომ შესაძლოა ვერ მიეღოთ ის ერთჯერადი კომპენსაციაც კი, რაც მთავრობამ თვითდასაქმებულებისთვის გაითვალისწინა: „გვითხრეს, რომ ჩვენ მათ რიცხვში არ შევიდოდით“.

ამის შემდეგ მათ იგივე ჩატში, სადაც ერთმანეთს საკუთარ ამბებს უზიარებდნენ, საპროტესტო აქცია დაგეგმეს და საკმაოდ ეფექტურად მოახერხეს მისი ორგანიზებაც. „ცუდ დღეში ჩავარდნილ ადამიანს რა არ მოუვა თავში, რომ გამოსავალი მოძებნოს“, – ამბობს მადონა.

აქციების პარალელურად მათ ბევრჯერ მიიღეს დაპირება, რომ კომპენსაციის მისაღებად უშუამდგომლებდნენ ცენტრალურ მთავრობასთან, თუმცა უშედეგოდ. მადონას და ასევე სხვა ბევრ ქალს, რომლებიც თურქეთში მუშაობდნენ, ჯერ კიდევ არ მიუღიათ ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციაც კი. ახლა ისინი ითხოვენ, რომ ეს კომპენსაცია ყოველთვიურად გასცეს სახელმწიფომ საზღვრის გახსნამდე.

„რომელიმე აქცია შედეგიანად რომ დასრულებულიყო – არავის არ გვეხალისება ქუჩაში გამოსვლა და ხეტიალი. ზოგს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ზოგიერთს ავადმყოფი ქმარი, გამოვიდნენ და ქუჩაში დგანან. ჩვენ აშკარად გვატყუებენ. დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა – დაწერეთ განცხადებები და დაგასაქმებთო. ორი წლის წინ ვინც დაწერა [განცხადება] ისინი არ დაუსაქმებიათ ჯერ, რატომ გვატყუებენ? – ან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რომ გამოგვიგზავნეს სარფში, რისი გაკეთება შეეძლო მაგას ჩვენთვის? – ადამიანი ხვდება, როცა ნამდვილი საუბარი გაქვს. ეს ნამდვილი საუბარი არ იყო. ჩვენ როცა მათ კომენტარებს ვისმენთ, ძალიან არ მოგვწონს და ძალიან ვბრაზდებით. იცი, რომ აშკარად გატყუებს. ეს არის გამაღიზიანებელი. მე უკმაყოფილო ვარ“.

მადონა შაინიძემ თურქეთის მხარეს სამუშაო რვა წლის წინ მოძებნა, მას შემდეგ, რაც 24-წლიანი გამოცდილების მიუხედავად, ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაათავისუფლეს ისე, რომ არაფერი აუხსნეს. მადონას თქმით, ამ დროს სამსახურის პოვნა არც თურქეთის მხარეს იყო იოლი და კონსულტანტის ადგილი ერთ-ერთ მაღაზიაში ერთთვიანი მცდელობის შემდეგ იპოვა:

„დამპირდნენ დაგირეკავთო. იმედი არ მქონდა, მაგრამ დამირეკეს და სიხარულით წავედი სამუშაოდ. საზღვრის იქით რვა წელია ვმუშაობ. ამ დროის განმავლობაში არაფერი მომითხოვია მთავრობისთვის, ჯანმრთელობამ ხელი შემიწყო და არავის  სამოწყალოდ არ დამრჩენია საქმე. ეპიდემია რომ არ ყოფილიყო, არც ახლა არ დამჭირდებოდა, მაგრამ ახლა რა გავაკეთოთ?!“

საუბრის დასასრულს მადონა ასე დაგვემშვიდობა: „ისევ აქციაზე შევხვდებით ალბათ. აქ უკვე გადარჩენაზეა საუბარი. რა მოხდება არ ვიცი, მე რომ მქონდეს დიდი შემოსავალი, ამ ქალებს ყველას დავეხმარებოდი, მაგრამ რა ვქნა.“

ოქროსა და ვერცხლის მედლები მოსწავლეებმა შესაძლოა ვერც წელს მიიღონ

ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს კუთვნილი მედლები შესაძლოა ვერც 2020 სასწავლო წლის ბოლოს გადასცენ, რადგან როგორც „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში“ ამბობენ, ოქროსა და ვერცხლის მედლების შესყიდვაზე შარშანდელი ტენდერი ჩაიშალა, ახალი კი ჯერ არ გამოცხადებულა. ოქროსა და ვერცხლის მედლები მოსწავლეებს არც 2019 წელს მიუღიათ.

ოფიციალური ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო  წლების ოქროსა და ვერცხლის მედლების შესყიდვისთვის განათლების სამინისტროს ბიუჯეტში 126 860 ლარი იყო გათვალისწინებული, ხელშეკრულება კი 97 294 ლარზე, შპს „ედვერთაიზინგ ნიუ იორკ სითისთან“ გაფორმდა. თუმცა, როგორც  „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში“ „ბათუმელებს“ უთხრეს,,  ტენდერში მონაწილე პირმა ხელშეკრულების პირობები დაარღვია.

ახალი ტენდერი კი ჯერ გამოცხადებული არ არის. „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში“ კორონავირუსის პანდემია მოჰყავთ მიზეზად. დაზუსტებული ინფორმაცია ვერც იმის შესახებ მივიღეთ, თუ როდის შეიძლება გამოცხადდეს ტენდერი.

აჭარის განათლების სამინისტროს რესურსცენტრების ინფორმაციით, 2020 სასწავლო წლის ბოლოს აჭარაში კერძო და საჯარო სკოლის 300-მდე მოსწავლე ელოდება ოქროსა და ვერცხლის მედალს. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენია ეს ციფრი ქვეყნის მასშტაბით.

სახელმწიფო ღალატში დადანაშაულებულ რუს ჟურნალისტს 20 წლით პატიმრობა ემუქრება

რუსეთში სულ უფრო და უფრო იზრდება სახელმწიფოს ღალატის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა. ბრალდებულები არიან მეცნიერები, ბლოგერები, დიასახლისები და გამყიდველიც კი პურის მაღაზიიდან.

7 ივლისს სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს კოსმოსური კორპორაციის, როსკოსმოსის უფროსის მრჩეველი, გამოცემა „კომერსანტისა“ და „ვედომოსტის“ ჟურნალისტი ივან საფრონოვი, რომელსაც 20 წლით პატიმრობა ემუქრება. ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

[red_box]ვინ არის ივან საფრონოვი[/red_box]

ჟურნალისტი ივან საფრონოვი სამხედრო თემის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპეციალისტი და მიმომხილველია რუსეთში. მუშაობდა გაზეთ „კომერსანტში“, მაგრამ 2019 წელს იძულებული გახდა დაეტოვებინა იქაურობა აქციონერის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოს შესაძლო გადადგომის შესახებ მომზადებული სტატიის გამო. პროტესტის ნიშნად, საფრონოვის მხარდასაჭერად ,,კომერსანტის“ პოლიტიკის მთელმა განყოფილებამ მაშინ, მათ შორის მთავარი რედაქტორის შემცვლელმა, გლებ ჩერკასოვმა გამოცემა დატოვა.

,,კომერსანტში“ საფრონოვმა მამის, ივან საფრონოვ უფროსის ნაცვლად დაიწყო მუშაობა, საფრონოვის მამა 2007 წლის მარტში, საეჭვო ვითარებაში იპოვეს გარდაცვლილი მას შემდეგ, რაც მან ბელორუსის გავლით, რუსული იარაღით ირანის საიდუმლო მომარაგებზე დაიწყო წერა. როგორც მისი კოლეგა, ,,კომერსანტის“ ყოფილი სპეცკორესპონდენტი მიხაილ ზიგარი ამბობს ბიბისისთან, ამ სტატიაზე მუშაობის დროს საფრონოვის მამას ემუქრებოდნენ, რის გამოც ის აჭიანურებდა ტექსტის მომზადების პროცესს, შემდეგ კი საკუთარ სახლთან ახლოს, სადარბაზოს ფანჯრიდან გადავარდნილი იპოვეს. ზოგარის თქმით, სწორედ მამის სიკვდილმა განსაზღვრა მისი შვილის, ივან საფრონოვის გზაც, როცა მან ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო ,,კომერსანტში“ მუშაობა.

2019 წლიდან ივან საფრონოვი გაზეთ ,,ვედომოსტის“ სამხედრო მიმომხილველი ხდება, ერთ წელში ტოვებს გამოცემას, მიზეზი გამოცემის ახალი მთავარი რედაქტორის, ანდრეი შმაროვის პოლიტიკასთან შეუთავსებლობაა. 2020 წლის მაისიდან საფრონოვი როსკოსმოსის უფროსის, დიმიტრი როგოზინის მრჩეველია.

ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით რუსეთში Amnesty International-ის წარმომადგენელი, ალექსანდრ არტემიევი ამბობს, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით მდგომარეობა 2020 წლიდან დღემდე უფრო და უფრო უარესდება. რუსული სპეცსამსახურები კი შეგნებულად ეწევიან სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაციას საკუთარი არსებობის გასამართლებლად.

[red_box]რაში ადანაშაულებენ საფრონოვს[/red_box]

ივან საფრონოვს სახელმწიფო ღალატი, 275-ე მუხლი წაუყენეს ბრალად, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლით. სასამართლოს მან განუცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს და საქმის აღძვრას ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის მიერ გავრცელებული, ოფიციალური რუსეთის განცხადებით კი, საფრონოვის დაპატიმრება არ უკავშირდება მის ჟურნალისტურ საქმიანობას.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [ФСБ] ინფორმაციით, საფრონოვი ასრულებდა ნატოს ერთ-ერთი სპეცსამსახურის დავალებას, აგროვებდა და თარგმნიდა ინფორმაციას ამ სამსახურის წარმომადგენლისთვის. ინფორმაცია შეიცავდა რუსეთის სახელმწიფო საიდუმლოებას და ცნობებს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის, უსაფრთხოების შესახებ.

როსკოსმოსის მმართველის, დიმიტრი როგოზინის განცხადებით კი, საფრონოვს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდა. სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმეები განიხილება დახურულ რეჟიმში.

ФСБ ავრცელებს ასევე ინფორმაციას, რომ ჟურნალისტი ეჭვმიტანილია ჩეხეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაშიც.

[red_box]სახელმწიფო ღალატის მუხლი რუსეთში [/red_box]

2012 წელს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [ФСБ] ინიციატივით, 275-ე მუხლში ცვლილებები შევიდა, რის შემდეგაც გაჩნდა ფორმულირება: სახელმწიფო ღალატი, რაც განიმარტა, როგორც ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური, კონსულტაციური ან  რაიმე ტიპის  დახმარება სხვა სახელმწიფოსთვის.

ბიბისისთან საუბრისას ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ასეთი ფორმულირება მუხლს მოქნილობას სძენს და, შესაბამისად, მისი წარდგენა ნებისმიერი ადამიანისთვის ხდება შესაძლებელი.

როგორც ადვოკატი ანა სტავიცკაია აღნიშნავს ბიბისისთან, სახელმწიფო ღალატის მუხლი 2000-იანი წლების დასაწყისიდან ძალიან ხშირად იცვლებოდა და პირველი სამიზნეები მეცნიერები იყვნენ, რადგან ყველაზე აქტიური კონტაქტი უცხოელებთან სწორედ მათ ჰქონდათ. ანა სტავიცკაია თავად იცავდა პროცესებზე სახელმწიფო ღალატში ბრალდებულებს. მისი თქმით, ამ მუხლის მიხედვით გამოდის, რომ ჟურნალისტები არ უნდა შეეხონ სამხედრო თემის ანალიზს, ქვეყნის შეიარაღების საკითხს, რაც შეუძლებელია, თუ ჟურნალისტი ძირითადად სწორედ ამ საკითხებზე მუშაობს.

„ან უნდა გავცეთ რეკომენდაცია არ ეკონტაქტონ ჟურნალისტები უცხოელებს, რაც ასევე უცნაურია. ერთადერთი რამაც ახლა საფრონოვს შეიძლება უშველოს, საზოგადოების ჩარევა და ზეგავლენაა“, – ამბობს ადვოკატი.

საფრონოვის დაკავების დღეს მისმა ყოფილმა კოლეგებმა აქციების სერია გამართეს ჟურნალისტის მხარდასაჭერად რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [ФСБ]  შენობის წინ. დაახლოებით ოცკაციანი აქციის წევრები დააკავეს, მათ შორის ბიბისის რუსული სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც საფრონოვთან ერთად მუშაობდნენ „კომერსანტში“.

ბიბისის კორესპონდენტის, ილია ბარაბანოვის თქმით, ივან საფრონოვს იცნობს მთელი რუსული გენერალიტეტი, გენშტაბის ხელმძღვანელობა და თავდაცვის სამინისტრო. მისი კოლეგებისგან კი აზრადაც არ მოუვა ვინმეს, რომ ის სახელმწიფოს მოღალატეა.

ასევე ბიბისის კორესპონდენტი ანა პუშკარსკაია საფრონოვს ახასიათებს, როგორც ძალიან საიმედო კოლეგას და მეგობარს.

„მაქვს ნანახი როგორ აგროვებდა, ამოწმებდა ის ექსკლუზიური სიახლეების ნამდვილობას, რომლის ცოდნის უფლებაც ჰქონდა საზოგადოებას. ვხედავდი, როგორ აფასებდნენ მას ისინი, ვისთვისაც ღირებული იყო მისი საქმიანობა. მათ კი, ვისი კეთილდღეობისთვისაც ჟურნალისტი სახიფათო ვინმეა, ეშინოდათ საფრონოვის.

ბიბისისთან ჟურნალისტები ამბობენ, რომ საფრონოვის საქმე საჯარო განხილვის თემად უნდა იქცეს და ახლა მის საქმეს სწორედ საჯაროობა სჭირდება, რისი შანსიც, მუხლის სიმძიმის გათვალისწინებით, ნაკლებია.


მთავარ ფოტოზე: ივან საფრონოვი/риа новости

სალიბაურში მანქანები დაიტბორა – ხელვაჩაურის მერის თქმით, ზარალს კომპანია აანაზღაურებს

დღეს, 13 ივლისს, დილით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში ადიდებულმა მდინარემ დატბორა ორსართულიანი შენობის ეზო, მაღაზია და აქ მცხოვრებ მოსახლეობას ავტომანქანები დაუზიანა. ასევე, წყალი სარდაფებში შევიდა და ტერიტორია აატალახა. მოსახლეობა ამბობს, რომ დატბორვა მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია, რომლის ფარგლებში კომპანია „პოლატმა“ მდინარეს დროებით შეუცვალა კალაპოტი.

„ოცი წელია აქ ვცხოვრობ, ოცი წლის განმავლობაში ერთადერთხელ მახსოვს დატბორვა, ისიც მაშინ, როცა პატარა ხიდი იყო, ის ხიდი წაიღო, მერე გააკეთეს და პრობლემა არ ყოფილა. ახლა ისევ პატარა ხიდი გააკეთეს და კალაპოტი შეუცვალეს მდინარეს, მას შემდეგ ერთხელ გადმოვიდა და მოასწრეს რეაგირება, დღეს კი დაიტბორა მანქანებიც, სარდაფებიც, მაღაზიაში შევიდა წყალი“, – გვითხრა აქ მცხოვრებმა თორნიკე ნატარიძემ. დაიტბორა მისი მანქანაც, რომლიც გადაყვანისთვის მას ევაკუატორის გამოძახება დასჭირდა.

სოფელში აცხადებენ, რომ დაზარალებულია 12 ოჯახი. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს კომპანიისგან და, ასევე, ატალახებული ტერიტორიის გაწმენდას.

„ბათუმელები“ ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს ესაუბრა. მან გვითხრა, რომ გზის მშენებელ კომპანია „პოლატთან“ მოლაპარაკება ზარალის ანაზღაურებაზე შედგა.

„უხვმა ნალექმა გამოიწვია პატარა მდინარის ადიდება, ოთხი მანქანა დაიტბორა, მაღაზიაში შევიდა წყალი, მეპატრონეები დაზარალდნენ. ყველაფერი აღიწერება და კომპანიის მიერ, მესამე პირის დაზარალებასთან დაკავშირებით, სადაზღვევო კომპანიის მეშვეობით მოხდება ზარალის ანაზღაურება. მანქანა ავიდა, ტერიტორიას გადარეცხავენ“, – ამბობს ხელვაჩაურის მერი.

კომპანია „პოლატი“ ბათუმის შემოვლითი ახალი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთს აშენებს.

___________

სალიბაურში დატბორილი მანქანები. ამიკო მჟავანაძის ფოტო

ამ თემაზე: 

ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე

ბათუმის მერის ნაცვლად ამერიკის ელჩი ვიცე-მერს შეხვდება – პრესსამსახური

14 ივლისს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს უნდა შეხვედროდა. შეხვედრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა, მედიისთვის დახურული იყო.

„ბათუმელებს“ ბათუმის მერიაში უთხრეს, რომ ქალაქის არჩეული მერი ამერიკის ელჩს აღარ შეხვდება. კომახიძის ნაცვლად დაგეგმილი შეხვედრა კელი დეგნანსა და ბათუმის ვიცე-მერს, ჯაბა ტუღუშს შორის გაიმართება. ჯაბა ტუღუში ამჟამად მერის მოვალეობას ასრულებს.

11 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგა. თუმცა ეს ინფორმაცია მერიის პრესსამსახურმა არ დაადასტურა. მერს დღეს, 13 ივლისს, უნდა გაემართა ბრიფინგი ამ საკითხზე ჟურნალისტებისთვის. დღეს დილით კი ცნობილი გახდა, რომ ლაშა კომახიძე განმარტებას აღარ გააკეთებდა და ის ერთკვირიან შვებულებაში გავიდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ლაშა კომახიძე დღეს დილით სამსახურებრივი ავტომანქანით ქალაქიდან გაემგზავრა.

რა ელით ქართველ არალეგალებს თურქეთში – ახალი რეგულაცია 14 ივლისიდან ამოქმედდება

თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის მართვის გენერალურმა დირექტორატმა მიიღო ახალი რეგულაცია, უცხოელთა ქვეყანაში ყოფნის ლეგალურ ვადებთან დაკავშირებით.

„ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, აღნიშნული რეგულაცია აქამდე ძალაში არ შესულა, თუმცა, როგორც ახლახან გახდა ცნობილი, რეგულაცია ძალაში შედის ხვალიდან, 14 ივლისიდან“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

საელჩო ავრცელებს ამ რეგულაციის თარგმანს ქართულ ენაზე, რომლის მიხედვითაც:

[red_box]მიუხედავად იმისა, დარღვეული აქვთ თუ არა თურქეთში ლეგალურად ყოფნის ვადები, ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვა არ ვრცელდება შემდეგ პირებზე:[/red_box]

[checklist]

  •  3 თვემდე (არა 3 თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებზე, რომლებიც თურქეთის შესაბამისი ორგანოების ჩარევის გარეშე, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და იხდიან №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
  • 3 თვემდე (არა 3 თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებსაც ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და იხდიან №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;

[/checklist]

[red_box]იმ პირების მიმართ, რომლებსაც დარღვეული აქვთ თურქეთში ლეგალურად ყოფნის ვადები და ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით ტოვებენ ქვეყანას, მიღებულ იქნება 1 თვიდან 5 წლამდე ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება:[/red_box]

[crosslist]

  • 3 თვეზე მეტი (3 თვის ჩათვლით) თურქეთში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებიც თურქეთის შესაბამისი ორგანოების ჩარევის გარეშე, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და იხდიან №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას, მათთვის თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვის სქემა შემდეგნაირადაა განსაზღვრული:

• 3 თვიდან 6 თვემდე ვადის დარღვევა – 1 თვის ვადით აკრძალვა;
• 6 თვიდან 1 წლამდე ვადის დარღვევა – 3 თვის ვადით აკრძალვა;
• 1 წლიდან 2 წლამდე ვადის დარღვევა – 1 წლის ვადით აკრძალვა;
• 2 წლიდან 3 წლამდე ვადის დარღვევა – 2 წლის ვადით აკრძალვა;
• 3 წელზე მეტით ვადის დარღვევა – 5 წლის ვადით აკრძალვა.

[/crosslist]

[red_box]უცხოელებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ თურქეთში ლეგალურად ყოფნის ვადები და საკუთარი ნებით ან შესაბამისი ორგანოების ჩარევით იძულებით ტოვებენ ქვეყანას, 3 თვიდან 5 წლამდე ვადით აეკრძალებათ თურქეთში შესვლა, შემდეგ შემთხვევებში:[/red_box]

  • ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებიც თურქეთის შესაბამისი ორგანოების ჩარევის გარეშე, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს, თუმცა არ იხდიან №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
  • 3 თვემდე (არა 3თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებსაც ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით არ კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და/ან არ იხდიან №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
  • 3 თვეზე მეტი (3 თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომელთა შესახებაც გამოტანილ იქნა ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება, ან ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
  • უცხოელებს, რომელთაც უარი ეთქვათ ბინადრობის ნებართვის პირველად გაცემა/განახლებაზე ან შეუწყდათ ბინადრობის ნებართვა, ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით არ გადაკვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
  • უცხოელებს, რომელთაც უარი ეთქვათ სამუშაო ნებართვის პირველად გაცემა/განახლებაზე ან შეუწყდათ სამუშაო ნებართვა, ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით არ გადაკვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
  • უცხოელებს, რომელთაც შეუძლიათ ვიზის გარეშე იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღის მანძილზე 180 დღის განმავლობაში და რომელთაც აღნიშნული პერიოდის სრულად გამოყენების შემდეგ ქვეყანაში შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განაცხადის შეტანის ვალდებულების მიუხედავად, არ მიუმართავთ შესაბამისი უწყებისათვის; ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
  • უცხოელებს, რომელთაც პატიმრობაში ყოფნის გადაწყვეტილება შეეცვალათ ალტერნატიული სასჯელით; ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
  • უცხოელებს, რომლებიც შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილების საფუძველზე, ბადრაგის ზედამხედველობით დეპორტირებულ იქნენ ქვეყნიდან; ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პირი იხდის თუ არა №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;

ამ კატეგორიაში შემავალი პირებისათვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის განსაზღვრის სქემა ასეთია:

• 3 თვემდე ვადით დარღვევა – 3 თვის ვადით აკრძალვა;
• 3 თვიდან 6 თვემდე ვადით დარღვევა – 6 თვის ვადით აკრძალვა;
• 6 თვიდან 1 წლამდე ვადით დარღვევა – 1 წლის ვადით აკრძალვა;
• 1 წლიდან 2 წლამდე ვადით დარღვევა – 2 წლის ვადით აკრძალვა;
• 2 წელზე მეტი ხნის ვადით დარღვევა – 5 წლის ვადით აკრძალვა.

[red_box]თუ მანამდე პირის მიმართ გამოტანილი თურქეთში შესვლის აკრძალვის ვადა ამოწურულია, მაგრამ მოქალაქეს არ გადაუხდია №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრული ან სხვა კატეგორიის ფულადი ჯარიმა/დავალიანებები, ეკრძალებათ  თურქეთის რესპუბლიკაში შესვლა.[/red_box]

დაახლოებით ერთი თვის წინ, საქართველოს საელჩომ თურქეთში, გააფრთხილა საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და ამოეწურათ ლეგალურად ყოფნის ვადა 29 მარტიდან – ამ მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორია სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით უნდა დაეტოვებინათ 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2020 წლის 1-ლი ივლისიდან ისინი ვერ ისარგებლებდნენ მოქმედი შეღავათებით და საზღვრის კვეთისას მათზე გავრცელდებოდა კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.

ამავე თემაზე:

რა შემთხვევაში შეუძლიათ არალეგალებს თურქეთის ივნისის ბოლომდე დატოვება ჯარიმის გარეშე

ვის აწყობს ლაშა კომახიძის ჩამოშორება – ინტერვიუ

„ეს არის კიდევ ერთი მერის თანამდებობიდან გადაყენება, რითაც თვითმმართველობის ხარისხი უარესდება…“ – ასე აფასებს ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის შვებულებაში წასვლას ირაკლი მელაშვილი. ის ექსპერტია თვითმმართველობის საკითხებში და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო სამზადისის ფარგლებში თავიდან იშორებს მერებს, რომლებსაც ან არ ენდობა, ან პოპულარულები არ არიან.

დღეს, 13 ივლისს ფეისბუქში პოსტი დაწერა და თანამდებობა დატოვა ხარაგაულის მერმაც. თუ ლაშა კომახიძეც გადადგება, ის იქნება მეექვესე არჩეული მერი, რომელიც გადადგა. არჩეული მერების გადაყენების თემაზე „ბათუმელებმა“ ირაკლი მელაშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო ირაკლი, რას აჩვენებს თქვენთვის ლაშა კომახიძის შემთხვევა? მას ჰქონდა დაგეგმილი შეხვედრები დღეისთვის, პანდემიის შემდეგ ბიუჯეტის კორექტირებაც არ მომხდარა და წავიდა შვებულებაში. 

ეს აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის ემზადება და ცდილობს, მისი შეფასებით ნაკლებად პოპულარული, ან არაპოპულარული მერები მოიშოროს ისე, რომ თვითმმართველობის კოდექსს ყურადღებას არ აქცევს. ეს ჩვეულებრივი ამბავია ამ სისტემაში და ლაშა კომახიძეც არაა პირველი მერი, რომელიც გადააყენეს. გადაყენებაა ეს ფაქტობრივად… მე როგორც ვხვდები, ლაპარაკია ძირითადად კვირიკაშვილის [ყოფილი პრემიერ-მინისტრი – ავტ] მიერ შერჩეულ კადრებზე, რადგან ყველა ის მერი, რომელიც წავიდა, კვირიკაშვილის მიყვანილ კადრად ითვლებოდა. ახლა კვირიკაშვილი „ლელოსთან“ დაახლოებულია და იფიქრეს, რომ მთლად სანდოები არ იქნებოდნენ.

მეორე საკითხია, რომ ეს მერები, რომლებმაც დატოვეს თანამდებობები, მაინცა და მაინც კარგი თვისებებით არ გამოირჩეოდნენ. მახსოვს ლაშა კომახიძე, როცა თვითმმართველობის სტრატეგია იყო ბათუმში, საკმაოდ ცუდად გამოვიდა და ისაუბრა არა როგორც მერმა, არამედ როგორც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელმა. ის იყო წინააღმდეგი თვითმმართველობის უფლებების გაფართოების.

ლაშა კომახიძის შემთხვევაში კიდევ ერთი ფაქტორია – ცნობილია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და მერს შორის არსებული ურთიერთობები. ფაქტია, რომ ისინი ერთი გუნდის წევრები არ არიან მიუხედავად იმისა, რომ ორივე „ქართული ოცნებიდანაა“, ეს პარტია საკმაოდ ფრაგმენტიზებულია. ლაშა კომახიძე ზურაბ პატარაძის [აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე – ავტ.] კადრად მოიაზრებოდა და თორნიკე რიჟვაძეს და ზურაბ პატარაძეს შორის ვერ იყო მთლად ტკბილი ურთიერთობა.

  • რა გათვლა აქვს ხელისუფლებას, როცა მსგავს გადაწყვეტილებებს არაოფიციალურად იღებს? 

ჩემი აზრით, მთავარი ფაქტორი მაინც არის ის, რომ ეს მერები მაინცადამაინც პოპულარულები არ იყვნენ: თუ იქნებოდნენ ეს მერები აქტიურები და პოპულარულები, ამას ხელისუფლება ვერ გააკეთებდა, თანაც ახლა, წინასაარჩევნოდ… მაგალითად, ხარაგაულში დაპირისპირება იყო ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატსა და მერს შორის. მერების როლი წინასაარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანია. ისინი არიან პოლიტიკური ფიგურები და ხელისუფლება ეცდება, რომ მერებმა აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადონ მმართველ პარტიას.

  • მაგრამ ახალი მერის ასარჩევად ისევ არჩევნებია საჭირო. ფიქრობთ, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელი იქნება ფიგურა, რომელიც ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ გამოადგება? 

ხელისუფლება ეცდება, რომ მერის არჩევნები დაამთხვიოს საპარლამენტო არჩევნებს და მერობის კანდიდატს აგიტაციის უფრო მეტი საშუალება ექნება. მმართველ პარტიას ეყოლება ისეთი კანდიდატი, რომელზეც მიაჩნია, რომ უფრო მეტი ხმების მომტანია, ვიდრე ბათუმის შემთხვევაში ლაშა კომახიძე იყო. რა იქნება უფრო მეტი ხმის მომტანი, ამას კვლევები სჭირდება. როგორც ვიცი, „ქართული ოცნება“ ატარებს გარკვეულ კვლევებს. როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ლაშა კომახიძე მომგებიანი არ იქნებოდა.

  • ლაშა კომახიძე ამბობს, შვებულებაში წავედიო… რატომ არ უნდა ეუბნებოდეს არჩეული მერი ამომრჩეველს რა ხდება? 

ის ანგარიშვალდებულებას გრძნობს პარტიის წინაშე და არა ამომრჩევლის წინაშე და ესეც არაა პირველი შემთხვევა.

ეს აჩვენებს იმას, რომ არც ცენტრალური ხელისუფლება უყურებს თვითმმართველობას, როგორც დამოუკიდებელ ორგანოს და არც კომახიძისნაირებს მიაჩნიათ ანგარიშგასაწევად თვითმმართველობა. ესაა სამწუხარო რეალობა… როგორც ჩანს, ახლა ლაშა კომახიძეს რაღაცას შეჰპირდებიან, რომ უზრუნველყოს საკუთარი თავი. ლაშა კომახიძე არასდროს არ ყოფილა პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ეცდებოდა პოლიტიკური ქულების დაწერას და პოლიტიკურ პოპულარიზაციას. არა მგონია, მან ამ მიმართულებით რამე ნაბიჯი გადადგას.

  • რატომ ვერ ხდება ეს საკითხი, ანუ რეალური თვითმმართველობა აქტუალური ამომრჩევლისთვის, როცა ყველას სჯერა, რომ არჩეული მერები თავისით არსად მიდიან? 

რა თქმა უნდა, თვითმმართველობის ხარისხის კუთხით სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება – ყველა ნაბიჯი, რომელსაც დგამს ხელისუფლება, არის მიმართული ცენტრალიზაციისკენ. „ქართული ოცნება“ ორიენტირებულია ერთიან ვერტიკალზე და ასე ვერტიკალურად უყურებენ პოლიტიკას.

აქტუალური რომ ვერ გახდა ეს თემა, ამას ყველა ხელს უწყობს. მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, აქტუალურობა ამ თემებს არ შესძინოს. სამწუხაროდ, მედია ამ კუთხით ძალიან მოიკოჭლებს იმის გაგებაში, თუ რა არის თვითმმართველობა და რა მნიშვნელობა აქვს მას… ეს არჩევნები ჩვენ დაგვანახებს, რომ ცდებიან პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო სექტორიც – სამართლიან არჩევნებზე მოთხოვნის კუთხით ისინი აპელირებას აკეთებენ ძირითადად ცენტრალურ ხელისუფლებაზე. თვითმმართველობის კოდექსი რომ ნახოთ, ფაქტობრივად, ქვეყნის ტერიტორიაზე სამართლიანი და თანასწორი გარემოს შექმნა საარჩევნო სუბიექტებისთვის ეს არის თვითმმართველობის საქმე.

ხელისუფლებას ეშინია ამ თემის: თვითმმართველობის სტრატეგია ხელისუფლებამ გასული წლის 31 დეკემბრის საღამოს მიიღო, ანუ საშუალებაც კი არ დატოვეს თვითმმართველობის საკითხის გააქტიურებისთვის.

ირაკლი მელაშვილი

„ნუ ჩაჰყვები რიჟვაძეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ფსკერზე“ – ენმ ლაშა კომახიძეს

„ამ შენობაში, მეორე სართულზე, ახალგაზრდა ბიჭი ზის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რეგიონის მართვა შეიძლება ისე, როგორც სახლობანას თამაში და ხულოს მერის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ბათუმის მერი გაუშვას სახლში, ოღონდ ისე, რომ ბათუმელებს კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება წაგვართვას, რომ გვყავდეს ქალაქში არჩეული მერი,“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ, დღეს, 13 ივლისს, აჭარის მთავრობის სახლის წინ გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ქალაქის მერი ლაშა კომახიძე სწორედ ამ ზეწოლის გამო გავიდა შვებულებაში.

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში წერია, რომ თუ მერი უფლებამოსილებას შეიწყვეტს 15 ივლისამდე, მაშინ არჩევნები ტარდება 31 ოქტომბერს, ხოლო, თუ 15 ივლისის შემდეგ შეიწყვეტს უფლებამოსილებას, მაშინ არჩევნები უნდა ჩატარდეს მომავალი წლის გაზაფხულზე.

„როგორც ვიცით, 2021 წლის გაზაფხულზე ისედაც არის თვითმმართველობის არჩევნები და შესაბამისად, რიჟვაძემ გადაწყვიტა, რომ თავისი ვინმე დანიშნოს ბათუმის მერად, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში, ყოველგვარი ხალხის ნდობის მანდატის გარეშე იქნება მისი მორჩილი“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

„ბათუმელების“ კითხვაზე,  აქვს კი თორნიკე რიჟვაძეს ისეთი პოლიტიკური გავლენა, რომ  ერთპიროვნულად გადაწყვიტოს არჩეული მერის გადაყენების საკითხი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ – კი.

„ვინმეს გაუკვირდა ხულოს მერი რატომ წავიდა? თუმცა, როცა ვამბობ, რომ მერის გადაყენება რიჟვაძის გადაწყვეტილებაა, ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილსაც“, – ამბობს ის და დასძენს:

„რა თქმა უნდა, ცალსახად რიჟვაძის მოთხოვნა, სურვილი და ზეწოლაა, მაგრამ მინდა მოვუწოდო ლაშა კომახიძეს, რადგან ცოტა მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია, ვიდრე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ნუ ჩაყვება რიჟვაძეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ფსკერზე. თუ ის აპირებს თანამდებობიდან გადადგომას (და ზუსტად ვიცით, რომ აპირებს), კეთილი ინებოს, გადაწყვეტილება მიიღოს ამ დღეებში და ჩვენს თანაქალაქელებს მისცეს საშუალება ეს ქალაქი მართოს დარჩენილი წელიწადნახევრის განმავლობაში იმ ადამიანმა, ვისაც ჩვენი თანაქალაქელები გადაწყვეტენ“.

კირთაძის თქმით, ბათუმის მერი შვებულებაში გავიდა მაშინ, როცა ქალაქის ანტიკრიზისული გეგმა უნდა განხილულიყო, ისე, რომ მერს ბიუჯეტის კორექტირებაც კი არ გაუკეთებია.

„ბიუჯეტში ჯერ კიდევაა თანხები გამოყოფილი იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც ვეღარ განხორციელდება. ამის ფონზე, სრული უპასუხისმგებლობაა როგორც იქცევა კომახიძე და რიჟვაძეც“, – ამბობს გიორგი კირთაძე.

კითხვაზე, რის გამო შეიძლება ახდენდეს ხელისუფლება მერზე ზეწოლას? – კირთაძე ამბობს, რომ „ამ საკითხს მეტად უნდა ჩახედვა“. „ჰქონდა რიჟვაძეს განცხადებები, რომ მერი ქალაქის განვითარებას და მშენებლობებს უშლის ხელს და ა.შ“.

ლაშა კომახიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია პირველად შაბათს, 11 ივლისს გავრცელდა, თუმცა დღეს, მერის პრესსამსახურმა „ბათუმელებს“ არ დაუდასტურა ინფორმაცია მერის გადადგომაზე და განაცხადა, რომ ლაშა კომახიძემ ერთი კვირით შვებულება აიღო.

ის, რომ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, გადადგომას სთხოვდნენ, ამის შესახებ „ბათუმელები“ 11 ივლისს წერდა.  მაშინ „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა პირებმა აცნობეს, რომ ლაშა კომახიძეს არ სურს ამ მოთხოვნის უპირობოდ შესრულება და გადადგომის სანაცვლოდ ის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი პარტიის სიაში ჩასმას ითხოვს. მას ამ პირობაზე უარს ეუბნებიან.

___________________________________

ამავე თემაზე:

ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს გადადგომას სთხოვენ

200 და 300 ლარის კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა

საქართველოს მთავრობის მიერ კიდევ ერთხელ დაზუსტდა იმ პირთა წრე, რომლებიც ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ კომპენსაციას – 200 და 300 ლარის ოდენობით მიიღებენ.

მთავრობის ახალი დადგენილებით:

[checklist]

  • კომპენსაციას – 200 ლარი – მიიღებენ ის დასაქმებულები, რომლებსაც 2020 წლის აპრილამდე ბოლო ხელფასი კერძო კომპანიისგან ჰქონდათ მიღებული, მაგრამ მანამდე, 2019 წლის ივლისიდან, უფიქსირდებათ ხელფასი საბიუჯეტო ორგანიზაციიდანაც;
  • ხოლო კომპენსაციას – 300 ლარი – ასევე მიიღებენ ის ინდმეწარმეები, მიკრო და მცირე მეწარმის სტატუსის, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებიც, რომლებსაც წლიური დეკლარაციები შემოსავლების სამსახურში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების [2020 წლის 21 მაისის] შემდეგ წარადგინეს.

[/checklist]

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით:

„დაქირავებით დასაქმებული თვეში 200 ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებს იმ შემთხვევაშიც, თუ ბოლო სახელფასო განაცემი უფიქსირდება კერძო სამართლის სუბიექტიდან (კომპანიიდან), მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ თვეს ან/და 2020 წლის პირველ კვარტალში ხელფასს იღებდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან“.

შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ არ გაიცა კომპენსაცია იმ პირებზე, რომელთა მონაცემებიც კერძო კომპანიამ გადააგზავნა საკომპენსაციოდ, მაგრამ მათ დაუდასტურდათ ხელფასის მიღება საბიუჯეტო ორგანიზაციიდანაც.

ამიტომ, თუ 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის აპრილამდე პერიოდში დასაქმებულს ბოლო ხელფასი მიღებული აქვს კერძო კომპანიისგან, ის მიიღებს კომპენსაციას მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მას [ამ ხელფასის მიღებამდე] აღნიშნულ პერიოდში, ხელფასი მიღებული ჰქონდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდანაც.

შემოსავლების სამსახურში გვითხრეს, რომ ასეთი დასაქმებულების შესახებ დამქირავებლის მიერ უკვე წარდგენილია ინფორმაცია, სამსახური გადაამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული კომპენსაციის გაცემის პირობას, შეადგენს შესაბამის სიას და მას გადასცემს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს.

„დამატებით 300-ლარიან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ ასევე ის ინდივიდუალური მეწარმე პირები, მიკრო და მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირები, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირები, რომელთაც 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილი ჰქონდათ დადგენილი ვადის დაგვიანებით,“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, კომპენსაცია ასეთ პირებზე გაიცემოდა, თუ მათ დეკლარაცია წარდგენილი ჰქონდათ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე [ამასთან, 2019 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტი უნდა იყოს].

ახალი ცვლილებით კი, კომპენსაციას ის პირებიც მიიღებენ, რომლებმაც დეკლარაცია საგანგებო მდგომარეობის გაუქმების [21 მაისის] შემდეგ წარადგინეს. შესაბამისად, შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს დაემატა კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ [შემოსავლების] სამსახურში წარდგენილი 2019 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, რომელშიც ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია.

დადგენილი წესით, შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნული პირების იდენტიფიცირებას და ინფორმაციას (სახელი, გვარი/პირადი ნომერი) აწვდის  დასაქმების სააგენტოს. აღნიშნული პირები, კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე შეტყობინებას მიიღებენ გადასახადის გადამხდელის  ავტორიზებულ მომხმარებლის გვერდზე.

საქართველოში თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია პირველ ივლისს დასრულდა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ რეგისტრაციის ვადა 2020 წლის პირველ აგვისტომდე გაგრძელდება, თუმცა, ეს ჯერ [13 ივლისისთვის] მთავრობის დადგენილებაში ასახული არ არის.

„მოგეხსენებათ, დარგობრივი დახმარებების გარდა ჩვენ გვქონდა მთელი რიგი სოციალური დახმარებების პაკეტი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან იყვნენ თვითდასაქმებულები და ოჯახში შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვადა პირველ აგვისტომდე გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო ელემენტარულად საჭირო საბუთების მოძიება, ამ ადამიანებისთვის ვადა პირველ აგვისტომდე გაგრძელდება და თუ საჭირო იქნება, ამ ვადას შემდგომაც გავაგრძელებთ“ განაცხადა 9 ივლისს პრემიერმა გახარიამ.

როცა ანტისხეული “აგენტს” ცნობს ანუ რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინაციის შესახებ

ადამიანსაც, ზოგიერთი ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ, ამ დაავადების მიმართ იმუნიტეტი უვითარდება, ანუ ეს დაავადება აღარ ემართება. დაავადებების გამომწვევ აგენტებს ანტიგენებს უწოდებენ. პირველადი ინფიცირების დროს, ორგანიზმი თავდაცვის სხვადასხვა სტრატეგიას იყენებს და გამარჯვების შემდეგ, სპეციალურ Y ფორმის ცილებს, ანტისხეულებს (იმუნოგლობულინებს) გამოიმუშავებს. ანტისხეული ანტიგენს ისე ერგება, როგორც გასაღები – კლიტეს. ჩვენი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები, იგივე ინფექციის განმეორების შემთხვევაში, დაავადების გამომწვევ აგენტებს ცნობს, “ბრძოლის წესებს” იხსენებს და მარტივად ამარცხებს მას. ასეთ ადაპტურ (შეძენილ) იმუნიტეტს იმუნიზაცია ჰქვია.

რა განსხვავებაა ბუნებრივ და ხელოვნურ იმუნიზაციას შორის?

იმუნიზაცია ორი გზით ხდება ბუნებრივად, ანუ დაავადების გამომწვევთან უშუალო, ბუნებრივი კონტაქტის შედეგად და ხელოვნურად, როდესაც ადგილი აქვს სამედიცინო ჩარევას. ბუნებრივ კონტაქტს, ჩვენთან, “ბატონების მოხდასაც” უწოდებენ და სხვადასხვა რიტუალებით ცდილობდნენ ინფექციის დამარცხებას. ხელოვნურ იმუნიზაციას შეგვიძლია მივაღწიოთ ორგანიზმში ვაქცინის შეყვანით ანუ ვაქცინაციით.

რა სახის ვაქცინები არსებობს?

არსებობს პროფილაქტიკური და სამკურნალო ანუ თერაპიული ვაქცინები.

პროფილაქტიკური ვაქცინა შეიძლება იყოს:

[checklist]

  • ცოცხალი ატენუირებული ამ დროს ორგანიზმში შეჰყავთ ინფექციური დაავადების გამომწვევი აგენტების დასუსტებული, მოდიფიცირებული, ნაკლებად ვირულენტური ფორმები, რაც ბუნებრივი ინფიცირების იმიტაციას ქმნს და ორგანიზმი ისეთივე ანტისხეულებს გამოიმუშავებს, როგორც იმ შემთხვევაში, ეს დაავადება ნამდვილად რომ დამართნოდა. ასეთია წითელას, წითურას, ყბაყურას, ყვითელი ცხელების და ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო ვაქცინები.
  • ინაქტივირებული-ამ ტიპის ვაქცინებში დაავადების გამომწვევი აგენტები ქიმიურად, გაცხელებით ან რადიაციით არის განადგურებული. შესაძლოა შეიცავდეს აქტიურობადაკარგულ პათოგენებს მთლიანად (პოლიომიელიტის, ცოფის, ჰეპატიტის, ქოლერას, შავი ჭირის ვაქცინები) ან მათ ნაწილს (დიფტრიის და ტეტანუსის ვაქცინები).
  • რეკომბინაციული და კონიუგირებული – ვაქცინა შედგება პათოგენის ნაწილების: ცილების, პოლისაქარიდების ან კაფსიდებისგან. ამ ტიპის ვაქცნების გამოყენება ჯანმრთელი ადამიანების გარდა, მიზანშეწონილია პაციენტებში, ვისი იმუნური სისტემაც ძალიან დასუსტებულია (პნევმოკოკური და მენიგოკოკური ინფექციების, ადამიანის პაპილომა ვირუსის, B ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ)
  • სამკურნალო ვაქცინები გამოიყენება ინფიცირების შემდეგ, იმუნური პასუხის ინიცირების და ან გაძლიერებისთვის. მაგალითად ცოფის წამალი არ არსებობს, ის მომაკვდინებელი დაავადებაა და თავდაცვის ერთადერთი გზა, ცოფის ვაქცინის გამოყენებაა.

[/checklist]

რა ინფექციური დაავადებები გააქრო ვაქცინებმა?

უკანასკნელი 45 წლის მანძილზე ყვავილით არავინ დაავადებულა. ამ დაავადებამ, ბოლო ათასწლეულში 500 მლნ. ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოსახლეობის მასიურმა ვაქცინაციამ ბუნებაში ყვავილის გამომწვევი ვირუსის სრული განადგურება განაპირობა და ის მხოლოდ ატლანტის (აშშ) და ნოვოსიბირსკის (რუსეთი) ლაბორატორიებში ინახება ბიოუსაფრთხოების მკაცრი წესების დაცვით.

ვაქცინაციის დამსახურებაა მსხვილფეხა პირუტყვის ჭირის გაქრობა, რომელიც მსოფლიოს სოფლის მეურნეობის სექტორს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანს აყენებდა.

თითქმის სრულად დამარცხებულად ითვლება პოლიომიელიტი, რომლის მხოლოდ 500-მდე შემთხვევა ყოველწლიურად ავღანეთში, პაკისტანსა და აფრიკის ზოგიერთი ქვეყანაში ფიქსირდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს წითელას, წითურას და ყბაყურას 2025 წლისთვის სრული აღმოფხვრა.

რა რისკები არსებობს თუ მშობელი ბავშვს არ აცრის?

მშობლები ცდილობენ შვილებს უსაფრთხო გარემო შეუქმნან. განსაკუთრებული მონდომებით ამზადებენ ბავშვებისთვის საკვებს, ყურადღებით არჩევენ სათამაშოებს, უვლიან, დარდობენ მათი ავადობის შემთხვევაში და ახარებთ პატარების წარმატება. დროული ვაქცინაცია, ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვის ერთ-ერთი, უალტერნატივო შესაძლებლობაა.

ითვლება რომ, ვაქცინის შექმნამდე, ადრეულ ასაკში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო, ხოლო ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 35 წელს არ აღემატებოდა. დღევანდელი მონაცემებით, ყოველწლიურად 2 მლნ ბავშვი იმ დაავადებებისგან იღუპება, რისი თავიდან აცილებაც დროული ვაქცინაციით შესაძლებელია.

ვაქცინაციით თქვენ იცავთ თქვენს შვილებს და ასევე იმათაც, ვისი ვაქცინაციაც რეკომენდებული არ არის. ესენია: ახალშობილები (ასაკის გამო), ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ხანდაზმულები.

უნდა გვახსოვდეს, რომ ტუბერკულოზის, დიფტერიის, ყივანახველის, წითელას, წითურას, ყბაყურას, პოლიომიელიტის, ჰეპატიტის, ტეტანუსის და პნევმოკოკური ინფექციები არ აღმოფხვრილა, მაგრამ მათი მართვა, ზიანის შემცირება და ამ დაავადებებით გამოწვეული გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია.

“აცერი და დაიცავი!” ასეთია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოწოდება.

რა მიზანი აქვს ანტივაქსერულ მოძრაობებს?

ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ვაქცინების ეფექტიანობას და უვნებლობას ეჭვქვეშ აყენებს, ვაქცინების საჭიროების და სანდოობის არ სჯერა. ზოგი იმუნიზაციას მასობრივ ექსპერიმენტად მიიჩნევს, რომლის დროსაც ბავშვების ორგანიზმში “ჩიპები” და “კაცმა არ იცის, რა შეჰყავთ”, ზოგი აცრით გამოწვეულ მძიმე დაავადებებზე საუბრობს, ხოლო ზოგს ჰგონია, რომ კარგი ვაქცინები მხოლოდ მდიდარ ქვეყნებში აქვთ.

ძნელია, ზუსტად განვსაზღვროთ, თუ რა საფუძველი აქვს ასეთ შეხედულებებს ან რა ასაზრდოებს სხვადასხვა შეთქმულების თეორიას, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანტივაქსერული მოძრაობა ახალი არ არის. ბრიტანეთში, მე-19 საუკუნის ბოლოს, ყვავილის ვაქცინის შექმნისთანავე ადამიანები პროტესტს გამოხატავდნენ და მას არაქრისტიანულადაც კი მიიჩნევდნენ, რადგან ეს ვაქცინა ყვავილით დაავადებული ძროხისგან შეიქმნა. ყვავილის აცრის საწინააღმდეგო მასობრივი დემონსტრაციები აშშ-იც გაგრძელდა და უფრო მეტიც, ანტივაქსერული ორგანიზაციაც კი დაფუძნდა.

გასული საუკუნის 70-იან წლებში, დიფტერიის, ტეტანუსის და ყივანახველის (DTP)აცრების წინააღმდეგ გამოსვლებს ადგილი ჰქონდა ევროპის ბევრ ქვეყანაში, აშშ-სა და ავსტრალიაში. ლონდონში 36 ბავშვის ნევროლოგიური დაავადებები ამ დაავადებას არასწორად დაუკავშირეს. გაზეთებმა ეს ინფორმაცია სწრაფად აიტაცეს და (DTP) აცრების წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყო, რასაც ყივანახველის ეპიდემია მოჰყვა.

წითელა, წითურა, ყბაყურას (MMR) აცრებზე მასშტაბური უარის თქმა დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყო, როცა ექიმ ანდრიუ ვიკფელდის და მისი თანაავტორების მიერ 1998 წელს საკმაოდ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში The Lancet სტატია გამოქვეყნდა. ავტორები გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ 12 გამოკვლეულ ბავშვში, აუტიზმი MMR ვაქცინასთან იყო დაკავშირებული. მოგვიანებით, ჟურნალის რედაქციამ განაცხადა, რომ ეს სტატია არ უნდა დაებეჭდა, რადგან აღმოჩნდა, რომ ანდრიუ ვიკფელდმა საკუთარი ფინანსური ინტერესის სანაცვლოდ, მონაცემები გააყალბა, პაციენტები მიკერძოებულად შეარჩია, აუტიზმით დაავადებული ბავშვების მშობლები მოისყიდა. ამის გამო, ექიმ ვიკფელდს სამედიცინო ლიცენზია ჩამოერთვა და საექიმო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა.

ანტივაქსერული მოძრაობა სხვადასხვა მასშტაბით ისევ იჩენს-ხოლმე თავს. ამ დრომდე, არც ერთ ჩატარებულ კვლევას დაუდასტურებია ვაქცინის რომელიმე დაავადებასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. რადგან ვაქცინაციით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები ფაქტიურად არ არსებობს, მაშინ, როცა ინფექციური დაავადებებით გამოწვეული მძიმე შედეგები და სიკვდილიც კი სახეზეა. ამიტომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აქტიურად ატარებენ საინფორმაციო საგანმანათლებლო კამპანიებს, უფრო მეტიც, ვაქცინაცია ბევრ ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია. ბევრი მედია გამოცემა ანტივაქსერული პუბლიკაციების გამოქვეყნებაზე უარს ამბობს, Youtube აკრძალა აცრების საწინააღმდეგო ვიდეოები და განაცხადა, რომ ეს ეწინააღმდეგება არხის პოლიტიკას.

აქვს თუ არა ვაქცინას უკუშედეგი ისევე როგორ მედიკამენტს და რა გზას გადის, ვიდრე მისი გამოყენება დაიწყება?

ვაქცინის გამოყენება უსაფრთხოა. იქამდე, სანამ ვაქცინის წარმოება დაიწყება, ის გამოცდის საკმაოდ გრძელ გზას გაივლის. მოწმდება: იმუნოგენებზე – რამდენად ეფექტიანია მისი მოქმედება; კონსერვანტებზე – რამდენად სტაბილურია ვაქცინის კომპონენტები და უძლებს ტრანსპორტირებას; არასპეციფიკურ მინარევებზე – ხომ არ შეიცავს ვაქცინის კულტივირების დროს გამოყენებულ ანტიბიოტიკებს, ცილებს ან სხვა ნარჩენების დიდ რაოდენობას.

ვაქცნინაციას კლინიკურად ჯანმრთელ ადამიანებში, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში მოჰყვება გართულებები. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ინექციის ადგილის შეწითლებას, შეშუპებას, მოჰყვეს ცხელება, სისუსტე. მიუხედავად, მოსალოდნელი უკუჩვენებისა, გაცილებით უფრო საშიშია აუცრელობის შედეგად დაავადებების განვითარების რისკები. ნუ მიიღებთ გაუცნობიერებელ გადაწყვეტილებას, დაუჯერეთ პროფესიონალებს, სწორად შეაფასეთ რისკები და დაიცავით თქვენი საყვარელი ადამიანები.

მარი მურცხვალაძე

ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორიის მენეჯერი

ბათუმის საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემის მორიგი ეტაპი იწყება

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ცნობით, 16 ივლისს ბათუმის მერია მუნიციპალური საბავშვო ბაღებიდან პროდუქტის გაცემის IV ეტაპს იწყებს.

საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები სასურსათო პროდუქტების მიღებას მათივე ბაღებიდან შეძლებენ.

თითოეული აღსაზრდელის მშობელი მიიღებს მათთვის განკუთვნილ სასურსათო კალათას. სასურსათო კალათის შემადგენლობაში შედის: ყველი – 1,200კგ, რძე – 1 ლტ, კარაქი – 200 გრ, ზეთი – 1 ლტ, ფქვილი – 1 კგ, მაკარონი – 1 კგ, ბრინჯი – 1 კგ, შაქარი – 1 კგ, შვრია – 300 გრ. 

პროდუქტის გაცემა ხუთშაბათს დაიწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება – 16, 17 და 18 ივლისს, 10-დან 16 საათამდე.

პროდუქტის მისაღებად საბავშვო ბაღში უნდა გამოცხადდეს მშობელი (დედა, მამა, მეურვე).

„პროდუქტების გაცემის პროცედურა სწრაფი და მარტივია, რაზეც გათვლილია 1-2 წუთი. კერძოდ, მშობელი შედის ბაღის ფოიეში, ხელს აწერს უწყისში თავისი გვარის გასწვრივ, იღებს კუთვნილ ფუთას და გადის გარეთ. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება მოუწოდებს მშობლებს, დაიცვან კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დადგენილი უსაფრთხოების წესები, დაიცვან სხვა პირებთან ორმეტრიანი დისტანცია, დაემორჩილონ საბავშვო ბაღის ინსტრუქციებს, თან იქონიონ პირბადე,“ – აღნიშნულია ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ცნობილია 9 პირის კორონავირუსზე კვლევის შედეგები – ეროვნული გამოცდები

9 პირის კორონავირუსზე გამოკვლევის შედეგები უარყოფითია. აღნიშნული პირები 7 ივლისს, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე იმ ადამიანთან ერთად იმყოფებოდნენ საგამოცდო ცენტრში, რომელსაც კორონავირუსი გამოუვლინდა.

ამის შესახებ დღეს 13 ივლისს განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ.

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის უსაფრთხოების ზომები რაც გვქონდა მიღებული, ნამდვილად მუშაობს,“- ამბობს გორგოძე.

როგორც 10 ივლისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, აბიტურიენტის ვირუსით დაინფიცირების წყარო ოჯახური კონტაქტებია.

გამოცდაზე მყოფი სხვა აბიტურიენტები და დამკვირვებლები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას.

სოფიო გორგოძის განცხადებით, ვირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი ამ დროისთვის მკურნალობს. კითხვაზე, – მკურნალობის დასრულების შემდეგ, ექნება თუ არა აბიტურიენტს გამოცდების ჩაბარების უფლება, სოფიო გორგოძე ამბობს, რომ ცალკე ამ აბიტურიენტისთვის გამოცდების ჩატარების შესაძლებლობა ცენტრს არ აქვს.

 

 

____________________________________________________

მთავარი ფოტო: გამოცდების ეროვნული ცენტრი

 

13 ივლისიდან დასაშვებია დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ანუ 13 ივლისიდან დასაშვებია დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. ასევე, დასაშვებია ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა, თუმცა ასეთ ღონისძიებებზე დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, აქტიურად ხორციელდება რესტორნების პერიოდული ინსპექტირებაც. დღევანდელი მონაცემებით, ოპერირების ნებართვა მიიღო 1000-მა სასტუმრომ და რამდენიმე ათეულმა აუზმა და სპორტდარბაზმა,“- განაცხადეს მთავრობის სხდომაზე.

____________

 

მეწყერი თურქეთში – დაიღუპა 1 და დაკარგულია 3 ადამიანი

თურქული მედიის ცნობით, რომელიც ართვინის გუბერნატორს ილმაზ დოროუკს ეყრდნობა, სოფელ იუსუფელში მოვარდნილი მეწყრის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 3 დაკარგულს კი ეძებენ.

თურქულ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო/ვიდეომასალის მიხედვით, საკმაოდ მასშტაბურმა მეწყერმა არაერთი ავტომანქანა მოიყოლა.

ჰაბერ თურქის ცნობით, კაშხლის სამშენებლო მოედანზე გაჩერებული ავტომანქანები ტალახით გაივსო, ბევრი მათგანი კი ისე დაზიანდა, რომ გამოუსადეგარი გახდა. ეკოლოგიური კატასტროფის ადგილას ამ დროისთვის  სამაშველო ჯგუფები მუშაობენ და დაკარგულებს ძაღლების დახმარებით ეძებენ.

ფეისბუქში ზოგიერთი ადამიანი წერს, რომ ბუნებაში უხეში ჩარევა იწვევს მსგავს ეკოლოგიურ კატასტროფებს. ფოტომასალების მიხედვით, დამეწყრილ ტერიტორიაზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. ამ ზონაში თურქეთის სახელმწიფო დერინერის კაშხლებს აშენებს.

Mastercard და TKT.ge შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

COVID-19 პანდემიის რეალობაში, რამდენიმე თვიანი კარანტინის შემდეგ, საქართველოში შიდა ტურიზმის სექტორი ამუშავდა. მოგზაურებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა აღმოაჩინონ საქართველოს დაცული ტერიტორიები, კულტურული ძეგლები და დასასვენებელი ადგილები. წინ გრძელი ზაფხული და შეუფასებელი მომენტებია. 

საქართველოს რკინიგზა 1872 წლიდან მოყოლობეული ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრანსპორტია. 2019 წლის მონაცემებით, მატარებელმა 2 554 624 მგზავრი გადაიყანა, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. როგორც წესი, გაზრდილი მოთხოვნის მიზეზით, ყოველ ზაფხულს საჭირო ხდება დამატებითი რეისების დანიშვნა. სწორედ ამიტომ, ყველაზე მოთხოვნადი ტრანსპორტი, ამ ზაფხულს კიდევ უფრო პოპულარული გახდება. 

Mastercard-ის ახალი კამპანია, „სალამი ზაფხულო“, ემსახურება მომხმარებლების წახალისებას, ხელახლა აღმოაჩინონ ქვეყნის მონატრებული ადგილები. ამ კამპანიის ფარგლებში, TKT.ge-ზე მატარებლის ბილეთის შეძენისას, Mastercard-ის ბარათის მფლობელები უფასო ინტერნეტს – 1000 ან 1500 MB-ს, მიიღებენ, რათა მათი მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული გახადოს. 

შეიძინე მატარებლის ბილეთი TKT.ge-ზე და ისიამოვნე უფასო ინტერნეტით, მთელი მოგზაურობის განმავლობაში! 

სალამი, ზაფხულო,

სალამი, მოგზაურობავ, 

სალამი, Mastercard. 

ბათუმში ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს – სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია

ბათუმში 12 ივლისს, გამთენიისას, ორი პირი დაჭრეს. 20 და 22 წლის დაჭრილი ახალგაზრდები კლინიკა „მედცენტრში“ დილის  6 საათზე  შეიყვანეს. კლინიკის პრესსამსახურის ცნობით, დაჭრილებიდან ერთს ჭრილობა მუცლის  ღრუსა და გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, მეორე კი მარცხენა იდაყვსა და მარჯვენა ბარძაყში იყო დაჭრილი.

ორივე დაჭრილს კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ  უკვე დააკავა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზარახ დაზიანებას გულისხმობს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ცხრავე ახალი შემთხვევა შემოტანილია, ყველა პაციენტი საკარანტინე სივრციდანაა გადმოყვანილი, ხუთი მათგანი სატვირთო მანქანის მძღოლია.

დღეის მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში 151 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 995 შემთხვევა, 857 პაციენტი განიკურნა, ხოლო 15 გარდაიცვალა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინში იმყოფება 5001 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219 ადამიანი.

ნარჩენებით გარემოს დაბინძურების 1002 ფაქტი 6 თვეში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის პირველი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით 4 121 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 224 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„ყველაზე მეტი ფაქტი ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას ეხება – დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის 1002 დარღვევა გამოავლინეს.

6 თვის განმავლობაში ასევე გამოავლინეს ტყის კანონმდებლობის დარღვევის 942, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 619, სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 206, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის 290, წიაღის კანონმდებლობის დარღვევის 241, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 561, წყლის კანონმდებლობის დარღვევის 75, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 59 ფაქტი“, – ნათქვამია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ.

აღნიშნულ პერიოდში გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის სხხვა 126 ფაქტი გამოვლინდა.

1047 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.

„კახეთში გამოვლინდა 824 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 813, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 376, აღმოსავლეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 340, ქვემო ქართლში – 239, სამცხე-ჯავახეთში – 218 ფაქტი. შავ ზღვაზე კი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ 16 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი.

რაც შეეხება დედაქალაქს, ბოლო 6 თვეში თბილისში 248 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა, მათგან 10 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ბათუმში 352 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმში covid 19-ზე ჩატარებული 352 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. 13 ივლისის მონაცემებით, ბათუმში 7 პირი აგრძელებს მკურნალობას კორონავირუსზე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 39 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 27 638 პირს.

გუშინ კორონავირუსი ბათუმში თურქეთის მოქალაქეს დაუდგინდა. ის თურქეთში დაბრუნდა.

ქვეყნის მასშტაბით დღეს კორონავირუსის  9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში საქართველოში კორონავირუსით 995 ადამიანია ინფიცირებული.

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე შვებულებაში გავიდა – პრესსამსახური

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ერთკვირიან შვებულებაში გავიდა. ამის შესახებ  მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, თუმცა მერის შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებული ბრძანება ვერ მოგვაწოდეს.

გასულ შაბათს, 11 ივლისს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა კომახიძემ თანამდებობა უკვე დატოვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მას თანამდებობის დატოვებას სთხოვენ, ის კი სანაცვლოდ „ოცნების“ პარტიულ სიაში ჩასმას ითხოვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მას ამაზე უარს ეუბნებიან.

გასულ შაბათს მერიის პრესსამსახურში თქვეს, რომ მერი ამ საკითხებთან დაკავშირებულ კითხვებზე მედიას დღეს, 13 ივნისს, უპასუხებდა. დღეს კი გვითხრეს, რომ ბრიფინგი არ გაიმართება, რადგან მერი შვებულებაშია. მის მოვალეობას კი ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში ასრულებს.

ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურება.

 

ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს გადადგომას სთხოვენ

ინასარიძის ქუჩაზე გაზის მილი დაზიანდა – გათიშულია 3500 აბონენტი

დღეს, 12 ივლისს, ინასარიძის ქუჩაზე გაზის მილი დაზიანდა, რის გამოც 3 500 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა.

ადგილზე იმყოფებიან „სოკარის“ თანამშრომლები.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ვახტანგ ბერიშვილმა გვითხრა, რომ გაზის მილი მშენებლებმა დააზიანეს სამუშაოების დროს.

„გათიშულია 3 500 აბონენტი,  ანგისა და მისი ჩიხები. დაზიანებული ადგილი დღეს შეკეთდება და ხვალ, შუადღემდე ჩაირთვება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ვახტანგ ბერიშვილმა.

ბათუმში კორონავირუსი დაუდგინდა თურქეთის მოქალაქეს – სამინისტრო

დღეს, 12 ივლისს, რამდენიმე საათის წინ, ბათუმში კორონავირუსი დაუდგინდა თურქეთის მოქალაქეს, რომელიც სატვირთო მანქანის მძღოლია. იგი ბათუმში, ცხელების ცენტრში იმყოფებოდა, სადაც იქნა ანალიზი აღებული.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთის მოქალაქეს სურს თურქეთში იმკურნალოს, ამიტომაც მას დღესვე სარფის საბაჟოზე გადაიყვანენ.

დღეის მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც კოვიდცენტრია,  7 პაციენტს მკურნალობენ დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით.

რამდენი ფულია საჭირო ბედნიერებისთვის? – BBC

ხშირად გვსმენია, რომ ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ რამდენიმე ამერიკელი მეცნიერი ამ საკითხის კვლევისას მივიდა დასკვნამდე, რომ შემოსავლის ზრდასთან ერთად ბედნიერების განცდაც იზრდება. სტატია ამის შესახებ „ბიბისიზე“ გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა დაადასტურეს მარტივი რამ – რაც უფრო მეტი ფული აქვს ადამიანს, მით უფრო ბედნიერია.

2010 წელს გამოქვეყნებული კვლევის ავტორები ირწმუნებოდნენ, რომ ბედნიერების განცდა აღარ იზრდება მას შემდეგ, რაც ადამიანი წელიწადში 75 ათას დოლარს გამოიმუშავებს, თუმცა ახალი კვლევა, რომელიც ამერიკის ფსიქოლოგიის ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა, ამბობს, რომ ასეთი ზღვარი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ფსიქოლოგი სან-დიეგოს უნივერსიტეტიდან, ჯინ ტვენჯი ამბობს, რომ დასკვნები ეყრდნობა 30 წელს გადაცილებული 40 000 ამერიკელის მონაცემებს.

კვლევა 1972 წლიდან 2016 წლამდე მიმდინარეობდა, მეცნიერები შეეცადნენ გაერკვიათ, როგორ შეიცვალა წლების განმავლობაში წარმოდგენა ბედნიერებასა და ფულის რაოდენობას შორის კავშირზე. მათ დაასკვნეს, რომ ჩვენს დროში ბედნიერება უფრო მეტადაა დამოკიდებული ფულზე, ვიდრე ადრე იყო.

კვლევის თანახმად, ბედნიერება ასევე კავშირშია განათლებასთან. 2010 წელს კვლევაში მონაწილე, უმაღლესი განათლების არმქონე, თეთრკანიანი ამერიკელების მხოლოდ 29 პროცენტი მიიჩნევდა თავს ბედნიერად, მაშინ როცა უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების 40 პროცენტი მიიჩნევდა, რომ ბედნიერია.

შავკანიან ამერიკელებში, დაკვირვების პერიოდში, განათლებულ და მდიდარ ადამიანებში ბედნიერების დონე გაიზარდა, უმაღლესი განათლების არმქონე ადამიანებს შორის კი ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო წლებში სოციალური უთანასწორობის დონე კიდევ უფრო გაიზარდა. ფსიქოლოგი ჯინ ტვენჯი ამბობს, რომ ადრე უმაღლესი განათლების არმქონე ადამიანს უფრო იოლად შეეძლო, მაგალითად, სახლის ყიდვა, ვიდრე ახლა.

_________

მომზადებულია „ბიბისიზე“ დაყრდნობით.

 

ტრამპი საჯაროდ პირველად გამოჩნდა პირბადით

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირველად გამოჩნდა საჯაროდ პირბადით.

ტრამპი შავი პირბადით ვაშინგტონში, სამხედრო-სამედიცინო ცენტრში მივიდა, სადაც დაჭრილ სამხედრო პირებს და მედპერსონალს შეხვდა.

აშშ-ის პრეზიდენტი არაერთხელ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ პირბადეს არ ატარებდა და ამით ცუდ მაგალითს აძლევდა მოქალაქეებს.

ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია. 12 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულია 3 247 782 ადამიანი, მათგან 134 815 გარდაიცვალა.

დღეს აჭარაში Covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, 623 ანალიზის პასუხი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 ივლისის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 623 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 42 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეგიონის კოვიდკლინიკაში, 6 კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობენ. გუშინ კორონავირუსი ბათუმში ხუთ პირს დაუდასტურდა, ოთხი მათგანი თბილისში გადაიყვანეს.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 27 287 პირს.

დღეს არსებული მონაცემებით, აჭარაში კარანტინში იმყოფება 2 213 პირი.

___________

ფოტოზე: NCDC- აჭარის სამმართველოს სამედიცინო პერსონალი ლაბორატორიაში. წყარო: nplg.gov.ge

ბათუმში ორშაბათიდან წვიმიანი დღეებია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ივლისის 21 საათიდან 13 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ძირითადად მოღრუბლული ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, დღისით შესაძლებელია იწვიმოს ძლიერად.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22– 27 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 28 გრადუსია, მოსალოდნელია 3-4-ბალიანი ღელვა.

მომდევნო 2 დღეს, 14-15 ივლისს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

______________

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი.

დღეის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 986 შემთხვევა, 857 პაციენტი განიკურნა, ხოლო 15 გარდაიცვალა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5001 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219 ადამიანი.

ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს გადადგომას სთხოვენ

ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, გადადგომას სთხოვენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ რამდენიმე ინფორმირებულმა პირმა დაუდასტურა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლაშა კომახიძეს არ სურს ამ მოთხოვნის უპირობოდ შესრულება და გადადგომის სანაცვლოდ ის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი პარტიის სიაში ჩასმას ითხოვს. მას ამ პირობაზე უარს ეუბნებიან.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რომელიც ასევე ინფორმირებულმა პირმა დაგვიდასტურა, ლაშა კომახიძესთან  მოსალაპარაკებლად აზერბაიჯანიდან მოქმედი ელჩი, ზურაბ პატარაძე გამოიძახეს და ის ამჟამადაც თბილისში იმყოფება. თავის დროზე ლაშა კომახიძის კანდიდატურა ქალაქის მერად  მმართველ პარტიას სწორედ ზურაბ პატარაძემ შესთავაზა.

თავად ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ის დღეს მედიასთან კონტაქტზე არ გამოვიდა. მისი თანამდებობიდან წასვლა დღეს, 11 ივლისს, მერიის პრესსამსახურში არ დაადასტურეს და გვითხრეს, რომ ამ თემასთან დაკავშირებულ კითხვებს მერი ორშაბათს, 13 ივნისს გასცემს პასუხს.

არის ვარაუდი, რომ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე ლაშა კომახიძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთებს განცხადებას.

ლაშა კომახიძის შესაძლო გადადგომას ტყუილს უწოდებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე. პარლამენტის დეპუტაცია აჭარიდან, ისევე როგორც უმაღლესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატი აცხადებს, რომ ლაშა კომახიძის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ არაფერი იციან.

ლაშა კომახიძე ბათუმის არჩეული მერია 2017 წლიდან. მას უფლებამოსილების ვადა გასდის 2021 წელს. შესაბამისად, ლაშა კომახიძის გადაყენების უფლება არავის აქვს, გარდა საკრებულოს უმრავლესობისა. ასევე არჩეული მერი შეიძლება გადააყენონ იმ შემთხვევაში, თუ მას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა დაუდასტურდება.

Exit mobile version