მთავარი,სიახლეები

რამდენი ფულია საჭირო ბედნიერებისთვის? – BBC

12.07.2020
რამდენი ფულია საჭირო ბედნიერებისთვის? – BBC

ხშირად გვსმენია, რომ ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ რამდენიმე ამერიკელი მეცნიერი ამ საკითხის კვლევისას მივიდა დასკვნამდე, რომ შემოსავლის ზრდასთან ერთად ბედნიერების განცდაც იზრდება. სტატია ამის შესახებ „ბიბისიზე“ გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა დაადასტურეს მარტივი რამ – რაც უფრო მეტი ფული აქვს ადამიანს, მით უფრო ბედნიერია.

2010 წელს გამოქვეყნებული კვლევის ავტორები ირწმუნებოდნენ, რომ ბედნიერების განცდა აღარ იზრდება მას შემდეგ, რაც ადამიანი წელიწადში 75 ათას დოლარს გამოიმუშავებს, თუმცა ახალი კვლევა, რომელიც ამერიკის ფსიქოლოგიის ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა, ამბობს, რომ ასეთი ზღვარი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ფსიქოლოგი სან-დიეგოს უნივერსიტეტიდან, ჯინ ტვენჯი ამბობს, რომ დასკვნები ეყრდნობა 30 წელს გადაცილებული 40 000 ამერიკელის მონაცემებს.

კვლევა 1972 წლიდან 2016 წლამდე მიმდინარეობდა, მეცნიერები შეეცადნენ გაერკვიათ, როგორ შეიცვალა წლების განმავლობაში წარმოდგენა ბედნიერებასა და ფულის რაოდენობას შორის კავშირზე. მათ დაასკვნეს, რომ ჩვენს დროში ბედნიერება უფრო მეტადაა დამოკიდებული ფულზე, ვიდრე ადრე იყო.

კვლევის თანახმად, ბედნიერება ასევე კავშირშია განათლებასთან. 2010 წელს კვლევაში მონაწილე, უმაღლესი განათლების არმქონე, თეთრკანიანი ამერიკელების მხოლოდ 29 პროცენტი მიიჩნევდა თავს ბედნიერად, მაშინ როცა უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების 40 პროცენტი მიიჩნევდა, რომ ბედნიერია.

შავკანიან ამერიკელებში, დაკვირვების პერიოდში, განათლებულ და მდიდარ ადამიანებში ბედნიერების დონე გაიზარდა, უმაღლესი განათლების არმქონე ადამიანებს შორის კი ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო წლებში სოციალური უთანასწორობის დონე კიდევ უფრო გაიზარდა. ფსიქოლოგი ჯინ ტვენჯი ამბობს, რომ ადრე უმაღლესი განათლების არმქონე ადამიანს უფრო იოლად შეეძლო, მაგალითად, სახლის ყიდვა, ვიდრე ახლა.

_________

მომზადებულია „ბიბისიზე“ დაყრდნობით.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: