მთავარი,სიახლეები

სახელმწიფო ღალატში დადანაშაულებულ რუს ჟურნალისტს 20 წლით პატიმრობა ემუქრება

13.07.2020 • 1885
სახელმწიფო ღალატში დადანაშაულებულ რუს ჟურნალისტს 20 წლით პატიმრობა ემუქრება

რუსეთში სულ უფრო და უფრო იზრდება სახელმწიფოს ღალატის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა. ბრალდებულები არიან მეცნიერები, ბლოგერები, დიასახლისები და გამყიდველიც კი პურის მაღაზიიდან.

7 ივლისს სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს კოსმოსური კორპორაციის, როსკოსმოსის უფროსის მრჩეველი, გამოცემა „კომერსანტისა“ და „ვედომოსტის“ ჟურნალისტი ივან საფრონოვი, რომელსაც 20 წლით პატიმრობა ემუქრება. ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

[red_box]ვინ არის ივან საფრონოვი[/red_box]

ჟურნალისტი ივან საფრონოვი სამხედრო თემის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპეციალისტი და მიმომხილველია რუსეთში. მუშაობდა გაზეთ „კომერსანტში“, მაგრამ 2019 წელს იძულებული გახდა დაეტოვებინა იქაურობა აქციონერის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოს შესაძლო გადადგომის შესახებ მომზადებული სტატიის გამო. პროტესტის ნიშნად, საფრონოვის მხარდასაჭერად ,,კომერსანტის“ პოლიტიკის მთელმა განყოფილებამ მაშინ, მათ შორის მთავარი რედაქტორის შემცვლელმა, გლებ ჩერკასოვმა გამოცემა დატოვა.

,,კომერსანტში“ საფრონოვმა მამის, ივან საფრონოვ უფროსის ნაცვლად დაიწყო მუშაობა, საფრონოვის მამა 2007 წლის მარტში, საეჭვო ვითარებაში იპოვეს გარდაცვლილი მას შემდეგ, რაც მან ბელორუსის გავლით, რუსული იარაღით ირანის საიდუმლო მომარაგებზე დაიწყო წერა. როგორც მისი კოლეგა, ,,კომერსანტის“ ყოფილი სპეცკორესპონდენტი მიხაილ ზიგარი ამბობს ბიბისისთან, ამ სტატიაზე მუშაობის დროს საფრონოვის მამას ემუქრებოდნენ, რის გამოც ის აჭიანურებდა ტექსტის მომზადების პროცესს, შემდეგ კი საკუთარ სახლთან ახლოს, სადარბაზოს ფანჯრიდან გადავარდნილი იპოვეს. ზოგარის თქმით, სწორედ მამის სიკვდილმა განსაზღვრა მისი შვილის, ივან საფრონოვის გზაც, როცა მან ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო ,,კომერსანტში“ მუშაობა.

2019 წლიდან ივან საფრონოვი გაზეთ ,,ვედომოსტის“ სამხედრო მიმომხილველი ხდება, ერთ წელში ტოვებს გამოცემას, მიზეზი გამოცემის ახალი მთავარი რედაქტორის, ანდრეი შმაროვის პოლიტიკასთან შეუთავსებლობაა. 2020 წლის მაისიდან საფრონოვი როსკოსმოსის უფროსის, დიმიტრი როგოზინის მრჩეველია.

ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით რუსეთში Amnesty International-ის წარმომადგენელი, ალექსანდრ არტემიევი ამბობს, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით მდგომარეობა 2020 წლიდან დღემდე უფრო და უფრო უარესდება. რუსული სპეცსამსახურები კი შეგნებულად ეწევიან სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაციას საკუთარი არსებობის გასამართლებლად.

[red_box]რაში ადანაშაულებენ საფრონოვს[/red_box]

ივან საფრონოვს სახელმწიფო ღალატი, 275-ე მუხლი წაუყენეს ბრალად, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლით. სასამართლოს მან განუცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს და საქმის აღძვრას ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის მიერ გავრცელებული, ოფიციალური რუსეთის განცხადებით კი, საფრონოვის დაპატიმრება არ უკავშირდება მის ჟურნალისტურ საქმიანობას.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [ФСБ] ინფორმაციით, საფრონოვი ასრულებდა ნატოს ერთ-ერთი სპეცსამსახურის დავალებას, აგროვებდა და თარგმნიდა ინფორმაციას ამ სამსახურის წარმომადგენლისთვის. ინფორმაცია შეიცავდა რუსეთის სახელმწიფო საიდუმლოებას და ცნობებს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის, უსაფრთხოების შესახებ.

როსკოსმოსის მმართველის, დიმიტრი როგოზინის განცხადებით კი, საფრონოვს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდა. სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმეები განიხილება დახურულ რეჟიმში.

ФСБ ავრცელებს ასევე ინფორმაციას, რომ ჟურნალისტი ეჭვმიტანილია ჩეხეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაშიც.

[red_box]სახელმწიფო ღალატის მუხლი რუსეთში [/red_box]

2012 წელს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [ФСБ] ინიციატივით, 275-ე მუხლში ცვლილებები შევიდა, რის შემდეგაც გაჩნდა ფორმულირება: სახელმწიფო ღალატი, რაც განიმარტა, როგორც ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური, კონსულტაციური ან  რაიმე ტიპის  დახმარება სხვა სახელმწიფოსთვის.

ბიბისისთან საუბრისას ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ასეთი ფორმულირება მუხლს მოქნილობას სძენს და, შესაბამისად, მისი წარდგენა ნებისმიერი ადამიანისთვის ხდება შესაძლებელი.

როგორც ადვოკატი ანა სტავიცკაია აღნიშნავს ბიბისისთან, სახელმწიფო ღალატის მუხლი 2000-იანი წლების დასაწყისიდან ძალიან ხშირად იცვლებოდა და პირველი სამიზნეები მეცნიერები იყვნენ, რადგან ყველაზე აქტიური კონტაქტი უცხოელებთან სწორედ მათ ჰქონდათ. ანა სტავიცკაია თავად იცავდა პროცესებზე სახელმწიფო ღალატში ბრალდებულებს. მისი თქმით, ამ მუხლის მიხედვით გამოდის, რომ ჟურნალისტები არ უნდა შეეხონ სამხედრო თემის ანალიზს, ქვეყნის შეიარაღების საკითხს, რაც შეუძლებელია, თუ ჟურნალისტი ძირითადად სწორედ ამ საკითხებზე მუშაობს.

„ან უნდა გავცეთ რეკომენდაცია არ ეკონტაქტონ ჟურნალისტები უცხოელებს, რაც ასევე უცნაურია. ერთადერთი რამაც ახლა საფრონოვს შეიძლება უშველოს, საზოგადოების ჩარევა და ზეგავლენაა“, – ამბობს ადვოკატი.

საფრონოვის დაკავების დღეს მისმა ყოფილმა კოლეგებმა აქციების სერია გამართეს ჟურნალისტის მხარდასაჭერად რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [ФСБ]  შენობის წინ. დაახლოებით ოცკაციანი აქციის წევრები დააკავეს, მათ შორის ბიბისის რუსული სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც საფრონოვთან ერთად მუშაობდნენ „კომერსანტში“.

ბიბისის კორესპონდენტის, ილია ბარაბანოვის თქმით, ივან საფრონოვს იცნობს მთელი რუსული გენერალიტეტი, გენშტაბის ხელმძღვანელობა და თავდაცვის სამინისტრო. მისი კოლეგებისგან კი აზრადაც არ მოუვა ვინმეს, რომ ის სახელმწიფოს მოღალატეა.

ასევე ბიბისის კორესპონდენტი ანა პუშკარსკაია საფრონოვს ახასიათებს, როგორც ძალიან საიმედო კოლეგას და მეგობარს.

„მაქვს ნანახი როგორ აგროვებდა, ამოწმებდა ის ექსკლუზიური სიახლეების ნამდვილობას, რომლის ცოდნის უფლებაც ჰქონდა საზოგადოებას. ვხედავდი, როგორ აფასებდნენ მას ისინი, ვისთვისაც ღირებული იყო მისი საქმიანობა. მათ კი, ვისი კეთილდღეობისთვისაც ჟურნალისტი სახიფათო ვინმეა, ეშინოდათ საფრონოვის.

ბიბისისთან ჟურნალისტები ამბობენ, რომ საფრონოვის საქმე საჯარო განხილვის თემად უნდა იქცეს და ახლა მის საქმეს სწორედ საჯაროობა სჭირდება, რისი შანსიც, მუხლის სიმძიმის გათვალისწინებით, ნაკლებია.


მთავარ ფოტოზე: ივან საფრონოვი/риа новости

გადაბეჭდვის წესი


ასევე: