მთავარი,სიახლეები

ვის აწყობს ლაშა კომახიძის ჩამოშორება – ინტერვიუ

13.07.2020 • 2219
ვის აწყობს ლაშა კომახიძის ჩამოშორება – ინტერვიუ

„ეს არის კიდევ ერთი მერის თანამდებობიდან გადაყენება, რითაც თვითმმართველობის ხარისხი უარესდება…“ – ასე აფასებს ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის შვებულებაში წასვლას ირაკლი მელაშვილი. ის ექსპერტია თვითმმართველობის საკითხებში და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო სამზადისის ფარგლებში თავიდან იშორებს მერებს, რომლებსაც ან არ ენდობა, ან პოპულარულები არ არიან.

დღეს, 13 ივლისს ფეისბუქში პოსტი დაწერა და თანამდებობა დატოვა ხარაგაულის მერმაც. თუ ლაშა კომახიძეც გადადგება, ის იქნება მეექვესე არჩეული მერი, რომელიც გადადგა. არჩეული მერების გადაყენების თემაზე „ბათუმელებმა“ ირაკლი მელაშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო ირაკლი, რას აჩვენებს თქვენთვის ლაშა კომახიძის შემთხვევა? მას ჰქონდა დაგეგმილი შეხვედრები დღეისთვის, პანდემიის შემდეგ ბიუჯეტის კორექტირებაც არ მომხდარა და წავიდა შვებულებაში. 

ეს აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის ემზადება და ცდილობს, მისი შეფასებით ნაკლებად პოპულარული, ან არაპოპულარული მერები მოიშოროს ისე, რომ თვითმმართველობის კოდექსს ყურადღებას არ აქცევს. ეს ჩვეულებრივი ამბავია ამ სისტემაში და ლაშა კომახიძეც არაა პირველი მერი, რომელიც გადააყენეს. გადაყენებაა ეს ფაქტობრივად… მე როგორც ვხვდები, ლაპარაკია ძირითადად კვირიკაშვილის [ყოფილი პრემიერ-მინისტრი – ავტ] მიერ შერჩეულ კადრებზე, რადგან ყველა ის მერი, რომელიც წავიდა, კვირიკაშვილის მიყვანილ კადრად ითვლებოდა. ახლა კვირიკაშვილი „ლელოსთან“ დაახლოებულია და იფიქრეს, რომ მთლად სანდოები არ იქნებოდნენ.

მეორე საკითხია, რომ ეს მერები, რომლებმაც დატოვეს თანამდებობები, მაინცა და მაინც კარგი თვისებებით არ გამოირჩეოდნენ. მახსოვს ლაშა კომახიძე, როცა თვითმმართველობის სტრატეგია იყო ბათუმში, საკმაოდ ცუდად გამოვიდა და ისაუბრა არა როგორც მერმა, არამედ როგორც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელმა. ის იყო წინააღმდეგი თვითმმართველობის უფლებების გაფართოების.

ლაშა კომახიძის შემთხვევაში კიდევ ერთი ფაქტორია – ცნობილია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და მერს შორის არსებული ურთიერთობები. ფაქტია, რომ ისინი ერთი გუნდის წევრები არ არიან მიუხედავად იმისა, რომ ორივე „ქართული ოცნებიდანაა“, ეს პარტია საკმაოდ ფრაგმენტიზებულია. ლაშა კომახიძე ზურაბ პატარაძის [აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე – ავტ.] კადრად მოიაზრებოდა და თორნიკე რიჟვაძეს და ზურაბ პატარაძეს შორის ვერ იყო მთლად ტკბილი ურთიერთობა.

  • რა გათვლა აქვს ხელისუფლებას, როცა მსგავს გადაწყვეტილებებს არაოფიციალურად იღებს? 

ჩემი აზრით, მთავარი ფაქტორი მაინც არის ის, რომ ეს მერები მაინცადამაინც პოპულარულები არ იყვნენ: თუ იქნებოდნენ ეს მერები აქტიურები და პოპულარულები, ამას ხელისუფლება ვერ გააკეთებდა, თანაც ახლა, წინასაარჩევნოდ… მაგალითად, ხარაგაულში დაპირისპირება იყო ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატსა და მერს შორის. მერების როლი წინასაარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანია. ისინი არიან პოლიტიკური ფიგურები და ხელისუფლება ეცდება, რომ მერებმა აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადონ მმართველ პარტიას.

  • მაგრამ ახალი მერის ასარჩევად ისევ არჩევნებია საჭირო. ფიქრობთ, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელი იქნება ფიგურა, რომელიც ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ გამოადგება? 

ხელისუფლება ეცდება, რომ მერის არჩევნები დაამთხვიოს საპარლამენტო არჩევნებს და მერობის კანდიდატს აგიტაციის უფრო მეტი საშუალება ექნება. მმართველ პარტიას ეყოლება ისეთი კანდიდატი, რომელზეც მიაჩნია, რომ უფრო მეტი ხმების მომტანია, ვიდრე ბათუმის შემთხვევაში ლაშა კომახიძე იყო. რა იქნება უფრო მეტი ხმის მომტანი, ამას კვლევები სჭირდება. როგორც ვიცი, „ქართული ოცნება“ ატარებს გარკვეულ კვლევებს. როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ლაშა კომახიძე მომგებიანი არ იქნებოდა.

  • ლაშა კომახიძე ამბობს, შვებულებაში წავედიო… რატომ არ უნდა ეუბნებოდეს არჩეული მერი ამომრჩეველს რა ხდება? 

ის ანგარიშვალდებულებას გრძნობს პარტიის წინაშე და არა ამომრჩევლის წინაშე და ესეც არაა პირველი შემთხვევა.

ეს აჩვენებს იმას, რომ არც ცენტრალური ხელისუფლება უყურებს თვითმმართველობას, როგორც დამოუკიდებელ ორგანოს და არც კომახიძისნაირებს მიაჩნიათ ანგარიშგასაწევად თვითმმართველობა. ესაა სამწუხარო რეალობა… როგორც ჩანს, ახლა ლაშა კომახიძეს რაღაცას შეჰპირდებიან, რომ უზრუნველყოს საკუთარი თავი. ლაშა კომახიძე არასდროს არ ყოფილა პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ეცდებოდა პოლიტიკური ქულების დაწერას და პოლიტიკურ პოპულარიზაციას. არა მგონია, მან ამ მიმართულებით რამე ნაბიჯი გადადგას.

  • რატომ ვერ ხდება ეს საკითხი, ანუ რეალური თვითმმართველობა აქტუალური ამომრჩევლისთვის, როცა ყველას სჯერა, რომ არჩეული მერები თავისით არსად მიდიან? 

რა თქმა უნდა, თვითმმართველობის ხარისხის კუთხით სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება – ყველა ნაბიჯი, რომელსაც დგამს ხელისუფლება, არის მიმართული ცენტრალიზაციისკენ. „ქართული ოცნება“ ორიენტირებულია ერთიან ვერტიკალზე და ასე ვერტიკალურად უყურებენ პოლიტიკას.

აქტუალური რომ ვერ გახდა ეს თემა, ამას ყველა ხელს უწყობს. მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, აქტუალურობა ამ თემებს არ შესძინოს. სამწუხაროდ, მედია ამ კუთხით ძალიან მოიკოჭლებს იმის გაგებაში, თუ რა არის თვითმმართველობა და რა მნიშვნელობა აქვს მას… ეს არჩევნები ჩვენ დაგვანახებს, რომ ცდებიან პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო სექტორიც – სამართლიან არჩევნებზე მოთხოვნის კუთხით ისინი აპელირებას აკეთებენ ძირითადად ცენტრალურ ხელისუფლებაზე. თვითმმართველობის კოდექსი რომ ნახოთ, ფაქტობრივად, ქვეყნის ტერიტორიაზე სამართლიანი და თანასწორი გარემოს შექმნა საარჩევნო სუბიექტებისთვის ეს არის თვითმმართველობის საქმე.

ხელისუფლებას ეშინია ამ თემის: თვითმმართველობის სტრატეგია ხელისუფლებამ გასული წლის 31 დეკემბრის საღამოს მიიღო, ანუ საშუალებაც კი არ დატოვეს თვითმმართველობის საკითხის გააქტიურებისთვის.

ირაკლი მელაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: