მთავარი,სიახლეები

„ელექტრას ომი“- ნინო ხარატიშვილის პიესის მიხედვით დადგმული ახალი სპექტაკლი ღია ცის ქვეშ

13.07.2020
„ელექტრას ომი“- ნინო ხარატიშვილის პიესის მიხედვით დადგმული ახალი სპექტაკლი ღია ცის ქვეშ

„ელექტრას ომი“ – ასე ჰქვია ნინო ხარატიშვილის პიესას, რომელიც ბათუმის დრამატულ თეატრში რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა პირველად დადგა. სპექტაკლის პრემიერა 17 და 18 ივლისს, ღამის 10 საათზეა დაგეგმილი დრამატული თეატრის სიახლოვეს, ღია ცის ქვეშ, სადაც სკვერი, ქუჩის ელემენტები და პარკინგი სპექტაკლის მიზანსცენების ბუნებრივი გარემოს ქმნის.  სპექტაკლზე დასწრება ყველა მსურველს უსასყიდლოდ შეეძლება.

გურამ მაცხონაშვილი ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლს პირველად დგამს, ნინო ხარატიშვილის ,,ელექტრას ომიც“ პირველად იდგმება საქართველოში. პიესა გერმანულიდან ქართულ ენაზე მსახიობმა და მთარგმნელმა, ნინო ბურდულმა თარგმნა.

როგორც რეჟისორი ამბობს, ეს არის ელექტრას პერსპექტივიდან დანახული ომი და, შესბამისად, აქცენტებიც ქალ პერსონაჟებზეა დასმული.

,,ვიცით ისტორიულად, რომ ტროას ომი კაცების ომია. ხარატიშვილის პიესაში კი კლიტემნესტრას და ელექტრას თვალითაა ყველაფერი ნაჩვენები. ქალების ომი ეს არის ომის უხილავი ნაწილი, რომელიც სარჩულად სულ მიჰყვება ტრადიციულ სამხედრო ომს, მაგრამ არასდროს ჩანს. მეც ყოველთვის მაინტერესებდა, რა ხდება ქალების თავს, როცა კაცები არიან ომში.

სპექტაკლში დრო და სივრცეც სხვაა. რამდენიმე ტერმინი პირდაპირ მიანიშნებს, რომ ეს ჩვენი რეალობაა – საერთაშორისო ფონდების სახელებსაც გაიგებთ, ენჯეოესთეტიკასაც იგრძნობთ.

სპექტაკლის ვიზუალურ-მხატვრული გადაწყვეტა დაქვემდებარებულია მოდას, როგორც ხელოვნების დარგს. ბევრი მიზანსცენა შექმნილია არა იმდენად თეატრის, არამედ მოდის წესებით და ვცდილობთ შევქმნათ კონტრასტი: სადაც ომს, წესით, არაფერი ესაქმება და მაღალი მოდის ესთეტიკა ბატონობს, სადაც კულტურა უჩენს ქალებს ზონას, სამოქმედო არეალს, სწორედ იქ ვცდილობთ შევიტანოთ ომი.

მართალია, ტრადიციულად სამხედრო ომი კაცების საქმეა, თუმცა დღეს ჩვენს მსგავს პატრიარქალურ ქვეყანაში ქალები მუდმივ ომში იბრძვიან. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ომში ხარ, სამხედროში თუ კულტურულში. ომი – ომია“, – ამბობს გურამ მაცხონაშვილი.

სპექტაკლი „ელექტრას ომი“ ეკოს – ერეკლე დეისაძისა და ვინდა ფოლიოს კომპოზიციებითაა გაფორმაბული – ბოლო ალბომიდან „თერაპია“.

სპექტაკლში ბათუმის დრამატული და თბილისის სამეფო უბნის თეატრის მოწვეული მსახიობები თამაშობენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: