მთავარი,სიახლეები

სალიბაურში მანქანები დაიტბორა – ხელვაჩაურის მერის თქმით, ზარალს კომპანია აანაზღაურებს

13.07.2020
სალიბაურში მანქანები დაიტბორა – ხელვაჩაურის მერის თქმით, ზარალს კომპანია აანაზღაურებს

დღეს, 13 ივლისს, დილით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში ადიდებულმა მდინარემ დატბორა ორსართულიანი შენობის ეზო, მაღაზია და აქ მცხოვრებ მოსახლეობას ავტომანქანები დაუზიანა. ასევე, წყალი სარდაფებში შევიდა და ტერიტორია აატალახა. მოსახლეობა ამბობს, რომ დატბორვა მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია, რომლის ფარგლებში კომპანია „პოლატმა“ მდინარეს დროებით შეუცვალა კალაპოტი.

„ოცი წელია აქ ვცხოვრობ, ოცი წლის განმავლობაში ერთადერთხელ მახსოვს დატბორვა, ისიც მაშინ, როცა პატარა ხიდი იყო, ის ხიდი წაიღო, მერე გააკეთეს და პრობლემა არ ყოფილა. ახლა ისევ პატარა ხიდი გააკეთეს და კალაპოტი შეუცვალეს მდინარეს, მას შემდეგ ერთხელ გადმოვიდა და მოასწრეს რეაგირება, დღეს კი დაიტბორა მანქანებიც, სარდაფებიც, მაღაზიაში შევიდა წყალი“, – გვითხრა აქ მცხოვრებმა თორნიკე ნატარიძემ. დაიტბორა მისი მანქანაც, რომლიც გადაყვანისთვის მას ევაკუატორის გამოძახება დასჭირდა.

სოფელში აცხადებენ, რომ დაზარალებულია 12 ოჯახი. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს კომპანიისგან და, ასევე, ატალახებული ტერიტორიის გაწმენდას.

„ბათუმელები“ ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს ესაუბრა. მან გვითხრა, რომ გზის მშენებელ კომპანია „პოლატთან“ მოლაპარაკება ზარალის ანაზღაურებაზე შედგა.

„უხვმა ნალექმა გამოიწვია პატარა მდინარის ადიდება, ოთხი მანქანა დაიტბორა, მაღაზიაში შევიდა წყალი, მეპატრონეები დაზარალდნენ. ყველაფერი აღიწერება და კომპანიის მიერ, მესამე პირის დაზარალებასთან დაკავშირებით, სადაზღვევო კომპანიის მეშვეობით მოხდება ზარალის ანაზღაურება. მანქანა ავიდა, ტერიტორიას გადარეცხავენ“, – ამბობს ხელვაჩაურის მერი.

კომპანია „პოლატი“ ბათუმის შემოვლითი ახალი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთს აშენებს.

___________

სალიბაურში დატბორილი მანქანები. ამიკო მჟავანაძის ფოტო

ამ თემაზე: 

ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: