მთავარი,სიახლეები

„ნუ ჩაჰყვები რიჟვაძეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ფსკერზე“ – ენმ ლაშა კომახიძეს

13.07.2020 • 2428
„ნუ ჩაჰყვები რიჟვაძეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ფსკერზე“ – ენმ ლაშა კომახიძეს

„ამ შენობაში, მეორე სართულზე, ახალგაზრდა ბიჭი ზის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რეგიონის მართვა შეიძლება ისე, როგორც სახლობანას თამაში და ხულოს მერის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ბათუმის მერი გაუშვას სახლში, ოღონდ ისე, რომ ბათუმელებს კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება წაგვართვას, რომ გვყავდეს ქალაქში არჩეული მერი,“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ, დღეს, 13 ივლისს, აჭარის მთავრობის სახლის წინ გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ქალაქის მერი ლაშა კომახიძე სწორედ ამ ზეწოლის გამო გავიდა შვებულებაში.

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში წერია, რომ თუ მერი უფლებამოსილებას შეიწყვეტს 15 ივლისამდე, მაშინ არჩევნები ტარდება 31 ოქტომბერს, ხოლო, თუ 15 ივლისის შემდეგ შეიწყვეტს უფლებამოსილებას, მაშინ არჩევნები უნდა ჩატარდეს მომავალი წლის გაზაფხულზე.

„როგორც ვიცით, 2021 წლის გაზაფხულზე ისედაც არის თვითმმართველობის არჩევნები და შესაბამისად, რიჟვაძემ გადაწყვიტა, რომ თავისი ვინმე დანიშნოს ბათუმის მერად, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში, ყოველგვარი ხალხის ნდობის მანდატის გარეშე იქნება მისი მორჩილი“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

„ბათუმელების“ კითხვაზე,  აქვს კი თორნიკე რიჟვაძეს ისეთი პოლიტიკური გავლენა, რომ  ერთპიროვნულად გადაწყვიტოს არჩეული მერის გადაყენების საკითხი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ – კი.

„ვინმეს გაუკვირდა ხულოს მერი რატომ წავიდა? თუმცა, როცა ვამბობ, რომ მერის გადაყენება რიჟვაძის გადაწყვეტილებაა, ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილსაც“, – ამბობს ის და დასძენს:

„რა თქმა უნდა, ცალსახად რიჟვაძის მოთხოვნა, სურვილი და ზეწოლაა, მაგრამ მინდა მოვუწოდო ლაშა კომახიძეს, რადგან ცოტა მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია, ვიდრე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ნუ ჩაყვება რიჟვაძეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ფსკერზე. თუ ის აპირებს თანამდებობიდან გადადგომას (და ზუსტად ვიცით, რომ აპირებს), კეთილი ინებოს, გადაწყვეტილება მიიღოს ამ დღეებში და ჩვენს თანაქალაქელებს მისცეს საშუალება ეს ქალაქი მართოს დარჩენილი წელიწადნახევრის განმავლობაში იმ ადამიანმა, ვისაც ჩვენი თანაქალაქელები გადაწყვეტენ“.

კირთაძის თქმით, ბათუმის მერი შვებულებაში გავიდა მაშინ, როცა ქალაქის ანტიკრიზისული გეგმა უნდა განხილულიყო, ისე, რომ მერს ბიუჯეტის კორექტირებაც კი არ გაუკეთებია.

„ბიუჯეტში ჯერ კიდევაა თანხები გამოყოფილი იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც ვეღარ განხორციელდება. ამის ფონზე, სრული უპასუხისმგებლობაა როგორც იქცევა კომახიძე და რიჟვაძეც“, – ამბობს გიორგი კირთაძე.

კითხვაზე, რის გამო შეიძლება ახდენდეს ხელისუფლება მერზე ზეწოლას? – კირთაძე ამბობს, რომ „ამ საკითხს მეტად უნდა ჩახედვა“. „ჰქონდა რიჟვაძეს განცხადებები, რომ მერი ქალაქის განვითარებას და მშენებლობებს უშლის ხელს და ა.შ“.

ლაშა კომახიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია პირველად შაბათს, 11 ივლისს გავრცელდა, თუმცა დღეს, მერის პრესსამსახურმა „ბათუმელებს“ არ დაუდასტურა ინფორმაცია მერის გადადგომაზე და განაცხადა, რომ ლაშა კომახიძემ ერთი კვირით შვებულება აიღო.

ის, რომ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, გადადგომას სთხოვდნენ, ამის შესახებ „ბათუმელები“ 11 ივლისს წერდა.  მაშინ „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა პირებმა აცნობეს, რომ ლაშა კომახიძეს არ სურს ამ მოთხოვნის უპირობოდ შესრულება და გადადგომის სანაცვლოდ ის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი პარტიის სიაში ჩასმას ითხოვს. მას ამ პირობაზე უარს ეუბნებიან.

___________________________________

ამავე თემაზე:

ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს გადადგომას სთხოვენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: