საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს უფასო გამოკვლევები ბათუმში

ბათუმში უკვე მესამე დღეა ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და BMC – ის მიერ ორგანიზებული საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს უფასო გამოკვლევები ტარდება. ექიმების მობილური ჯგუფი მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო მანქანით – მამომობილით ბათუმშია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის  ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის უფასო გამოკვლევებს ადგილზევე  ატარებს. მამომობილი განთავსებულია ბათუმის სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე [კახაბრის ქუჩა N36].

სკრინინგის პროგრამა უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაზღვრული ასაკობრივი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

40-დან 70 წლის ჩათვლით მოქალაქეებს დღეს, საღამოს 6 საათამდე ბათუმში უფასოდ შეუძლიათ ჩაიტარონ ძუძუს კიბოს სკრინინგი. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი კი ამავე აქციის ფარგლებში უფასოა 25-დან 60 წლის ჩათვლით მოქალაქეებისთვის. გამოკვლევების მსურველებმა დღეს, 4 აგვისტოს, 18:00 საათამდე ზემოთ მითითებულ მისამართზე უნდა მიაკითხონ ეროვნული სკრინინგცენტრის მამომობილს და დაიკავოს რიგი.

ეროვნული სკრინინგცენტრი საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს უფასო გამოკვლევების კამპანიას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ატარებს. უფასო გამოკვლევები ჩატარდა ზესტაფონის, ბაღდათისა და სამტრედიის მოსახლეობისთვისაც.

აქციის მიზანია, მოქალაქეებისთვის მათსავე რეგიონებში გახდეს ხელმისაწვდომი სკრინინგპროგრამები, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა ავთვისებიანი სიმსივნის საუკეთესო პრევენციაა.

„იქეთ-აქეთ მილიციონერი ეჯდა და შვილი გაიტაცეს“ – საპროტესტო აქცია ბათუმის სასამართლოსთან

დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბეგლარ ხოზრევანიძის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ბეგლარ ხოზრევანიძეს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ხოზრევანიძის ახლობლები და ადვოკატი კი ამბობენ, რომ  შეიარაღებულმა პოლიციელმა გია დოლიძემ მას სცემა, გაიტაცა და რეალურად, მოქალაქეა დაზარალებული.

საქმეში დევს ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს ორი კაცის ჩხუბი და რამდენიმე გამშველებელი. ამ ამბავს 10-15 ადამიანიც ადევნებს თვალს. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ პოლიციელმა მანქანაში მყოფ ბეგლარ ხოზრევანიძეს ჯერ დედა შეაგინა, შემდეგ სახეში ჩაარტყა და ბოლოს მანქანიდან გადმოათრია. სწორედ ამის მერე მოუქნია ხელი პოლიციელს ბეგლარ ხოზრევანიძემ.

ინციდენტის ადგილზე რამდენიმე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. თუმცა კადრები, რაც ჟურნალისტებს გვაჩვენეს, მხოლოდ იქედან იწყება, სადაც ბეგლარ ხოზრევანიძე და შეიარაღებული პოლიციელი ჩხუბობენ და მათ გაშველებას რამდენიმე ადამიანი ცდილობს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ბეგლარ ხოზრევანიძეს სახელმწიფო ბრალდება ედავება პოლიციელზე თავდასხმას, მაშინ, როდესაც ერთი თვის განმავლობაში დაცვის მხარემ მოიპოვა მტკიცებულებები, სადაც ვიდეოჩანაწერებით კარგად დასტურდება და ასევე მოწმეების ჩვენებებით, როგორ დაესხა პოლიციელი მოქალაქეს თავს. ჩამოიყვანა მანქანიდან და სცემა. სახელმწიფო ბრალდებამ კი მოქალაქეს წაუყენა ბრალი, თითქოს პოლიციელს დაესხა თავს მოქალაქე. ეს არის აბსურდი, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულებით საქმეში დასტურდება პოლიციელი როგორ სცემს მოქალაქეს,“ – უთხრა დაკავებულის ადვოკატმა, ზაზა პაპიძემ ჟურნალისტებს.

ეს ინციდენტი 27 ივნისს მოხდა და ბეგლარ ხოზრევანიძე დღემდე წინასწარ პატიმრობაშია.

ოჯახის ვერსიით, პოლიციელი გია დოლიძე აქამდეც იცნობდა ბეგლარ ხოზრევანიძეს. 27 ივნისის ინციდენტს ბეგლარ ხოზრევანიძის მამიდა, ეთერ ხოზრევანიძე ასე ხსნის.

„ერთი წლის წინ ჩემს ძმისშვილს მოუვიდა რესტორანში შელაპარაკება. ადმინისტრაციული ჯარიმა როცა დააკისრეს, ბეგლარმა უთხრა ამ პოლიციელს – არ დამიწერო, უმუშევარი ვარ, შვილების პატრონი ვარ და ნუ დამიწერო. ჯარიმა მაინც დაუწერეს. ბეგლარმა ცოლს ოქრო შეხსნა, ჩააბარა ლომბარდში და ისე გადაიხადა ის ჯარიმა. შემთხვევის დღეს მამასთან ერთად იყო გადასული ბეგლარი ლომბარდში ამ ჯარიმის თანხის გადასახდელად. ლომბარდის კართან შეხვდა ეს პოლიციელი. ჩემს ძმისშვილს უთქვამს: ხომ გთხოვე არ გამწირო, აგერ დღესაც მაგ ვალს ვიხდიო… შევიდა ჩემი ძმისშვილი მამასთან ერთად, გადაიხადა თანხა ლომბარდში და დაჯდა მანქანაში. ამ დროს პოლიციელი მანქანას გადაუდგა და უთხრა არ დაძრა მანქანაო. ჩემს ძმას უთქვამს, დაგვანებე ახლა თავი, ხვალ შევხვდეთ, ვილაპარაკოთო. პოლიციელმა მძღოლის მხრიდან კარი ვერ გამოაღო, ამიტომ მივიდა მეორე მხრიდან, სადაც ბეგლარი იჯდა, გამოაღო კარი, ჩამოდიო და შეაგინა. მოხდა დაპირისპირება, შეხლა-შემოხლა, ჩაერია ხალხი და გააშველეს,“ – ჰყვება ეთერ ხოზრევანიძე.

ბეგლარ ხოზრევანიძის მამა, მერაბ ხოზრევანიძე ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ პოლიციელებმა მისი შვილი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

„ოთხი საათი ვეძებდი. გატაცებული ჰყავდათ. ტაბიძეზეც მივედი პოლიციის  განყოფილებაში, არსად არ იყო. მერე ვიპოვე მაკდონალდსთან მანქანაში ჰყავდათ, იქეთ-აქეთ მილიციონერი ეჯდა, შვილი გაიტაცეს. რა დააწერინეს, რა უთხრეს არ ვიცი,“ – ამბობს მერაბ ხოზრევანიძე.

ბეგლარ ხოზრევანიძის ახლობლები ითხოვენ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს და, მათი აზრით, უდანაშაულო მოქალაქე გაათავისუფლოს.

„ჩვენ მართლა გვწამს და გვჯერა სასამართლოს ობიექტურობის. არ გაწირავს ახალგაზრდას და არ დატოვებს უმამოდ ბავშვებს. მოვითხოვთ, რომ სამართალმა იზეიმოს, რწმენა დაგვრჩეს ამ პოლიციის, ამ  მთავრობის, ამ სასამართლოს ობიექტურობის რწმენა შევინარჩუნოთ. ჩვენ რწმენა ძალიან გვჭირდება,“ – თქვა ჟურნალისტებთან ბეგლარ ხოზრევანიძის მამიდამ.

ბეგლარ ხოზრევანიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს, 4 აგვისტოს, ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

უფასო პური ყველასთვის დღეს – ერთი თონის აქცია ბათუმში

სელიმ ხიმშიაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში, გარეთ გამოფენილი ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის გვერდით პატარა საცხობია, სადაც თონის ლობიანს, ხაჭაპურსა და შოთის პურს ყიდიან. ირგვლივ საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლებია, აქ მცხოვრებლები ცხელ შოთს ძირითადად ამ საცხობში ყიდულობენ. დღეს აქ შოთი ყველასთვის უფასოა.

პურის გამყიდველი, ჯემალ ხოზრევანიძე ამბობს, რომ თონე 10 დღით დაკეტილი იყო და დღეს, გახსნის პირველ დღეს, ცხელი შოთი ყველასთვის უფასო იქნება, ვისაც რამდენი სურს.

დღეს, ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში, ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის გვერდით მდებარე საცხობში თონის პურს უფასოდ გასცემენ.

ბათუმში ინფიცირებული მძღოლის ნაცნობს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა 51 წლის კაცს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ სატვირთო მანქანის მძღოლთან. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა, კარანტინშია გადაყვანილი 17 ადამიანი – ამის შესახებ დღეს, 4 აგვისტოს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ ისაუბრა ჟურნალისტებთან.

ნონა ეფაძის თქმით, კაცი მცირე სიმპტომების გამოვლენისთანავე გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც კვლევის შედეგად მას დაუდასტურდა კორონავირუსი. სატვირთო მანქანის მძღოლი, რომლისგანაც კაცს, სავარაუდოდ, გადაედო ვირუსი, მისი ნაცნობია.

„სატვირთო ავტომობილის ყველა მძღოლი, რომელიც კვეთს საზღვარს, იტარებს ტესტირებას გაფორმების ეკონომიკურ ზონაში. თუ ტესტირების შედეგი დადებითია, ის გადაჰყავთ კლინიკაში, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თუ არ ტოვებენ ქვეყანას, ყოველ 72 საათში მათ აქვთ ვალდებულება მიაკითხონ საქართველოში შერჩეულ კლინიკებს, სადაც ტარდება სავალდებულო სწრაფი ტესტირება“, – განმარტა ნონა ეფაძემ. მისი თქმით, სავარაუდოდ, სწორედ ამ 72-საათიან შუალედში დაინფიცირდა აჭარაში მცხოვრები კაცი.

ახალ პაციენტთან კონტაქტში მყოფი, კარანტინში გადაყვანილი 17 პირის ნიმუშები აღებულია და კვლევის შედეგები დღეს, 4 აგვისტოს, საღამოს გახდება ცნობილი.

ამჟამად აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობაში, სადაც კოვიდცენტრია განთავსებული, 16 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე. 16-დან ოთხი სატვირთო მანქანის მძღოლია.

4 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 1182 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 962 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

ბათუმში უნალექო დღეებია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4  აგვისტოს 21 საათიდან 5 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 6-7 აგვისტოს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

დღევანდელი მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 16 პაციენტს მკურნალობენ Covid19-ის დადასტურებული დიაგნოზით.

4 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1182 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 962 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა, განიკურნა 3 პაციენტი – 4 აგვისტოს მონაცემები

4 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 3 პაციენტი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში მკურნალობს 241 ინფიცირებული.

საქართველოში კორონავირუსის სულ 1182 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 962 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 7007 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 280.

რატომ უნდა დასვან უმრავლესობის დეპუტატებმა კითხვები – „გამჭვირვალობის“ კვლევა

დღეს, 3 აგვისტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ბათუმის საკრებულოს მუშაობა შეაჯამა და 13 რეკომენდაცია გასცა. საკრებულოს საქმიანობა 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით არის წარმოდგენილი.

შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები, თუმცა ისინი პრეზენტაციაზე არ მივიდნენ. შეხვედრას უმრავლესობის მხოლოდ ერთი წევრი, ნატალია ზოიძე, ასევე საკრებულოს ოპოზიციის ორი წევრი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი საკრებულოს საქმიანობის შეფასება? – როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი, მალხაზ ჭკადუა ამბობს, საკრებულო წარმომადგენლობითი ორგანოა, ამიტომ მნიშვნელოვანია როგორც მისი საქმიანობის შესწავლა, ასევე რეკომენდაციებიც, რადგან საკრებულომ უფრო მეტად ჩართოს მოქალაქეები გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდება როგორც საკრებულოს სხდომების შესახებ, ასევე საკითხების შესახებაც, რომ უფრო მეტი მოქალაქე ჩაერთოს დისკუსიებში.

კარგია, რომ სხდომის შესახებ ინფორმაციები საკრებულოს ვებგვერდზე იტვირთება… მაჟორიტარებმა, საკრებულოს წევრებმა, კომისიებმა და ფრაქციებმა მეტი უნდა იმუშაონ ამომრჩევლებთან, რომ გამოკვეთონ მეტი დაინტერესების მქონე ადამიანი სხდომებზე დასასწრებად“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ბათუმის საკრებულოს მუშაობა შეაფასა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც კვლევის დროს ორგანიზაციამ გაამახვილა ყურადღება, მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპების და შპს-ეების გამჭვირვალობის საკითხია. ითქვა, რომ აღნიშნული ორგანიზაციები არ მიიჩნევენ თავს ვალდებულად საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, როგორც საკადრო პოლიტიკის, ასევე ხელფასების თუ სხვა დანახარჯების თაობაზე.

„სამწუხაროა, რომ ამ პერიოდში საკრებულოს არც კი ჰქონია მცდელობა შეესწავლა ა(ა)იპების და შპს-ბის საქმიანობა. ეს მიმართულება პრობლემურია ჩვენი ქალაქისთვის – ბათუმის შემოსავლებიდან დაახლოებით 34 მლნ იხარჯება ა(ა)იპების და შპს თანამშრომელთა შენახვაზე, ამიტომ იმსახურებს ეს საკითხი მეტ შესწავლას“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

მისი თქმით, კვლევის პროცესში ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც გამოიკვეთა – წლების განმავლობაში საკრებულოს თანამდებობის პირებმა სულ 13 კითხვა გაგზავნეს მერთან თუ სხვა თანამდებობის პირებთან და საკრებულოს არც ერთხელ არ გამოუყენებია კერძო აუდიტორის დაქირავების მექანიზმი, რაც თვითმმართველობის კოდექსით მნიშვნელოვანი.

გარდა ამისა, თუ სტატისტიკას დავაკვირდებით, ოპოზიციური ფრაქციების მიერ წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტებიდან არც ერთი არ განუხილავს საკრებულოს, მაშინ, როცა მმართველი ძალის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტი განხილულია“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

პრემია-დანამატები და ჯილდოები – კვლევის ერთ-ერთი კომპონენტი

მალხაზ ჭკადუას თქმით, ამ პერიოდში დანამატისა და პრემიის სახით 134 ათასი ლარია გაცემული. „პირველივე წელს, როცა ახალი საკრებულოს უფლებამოსილება იქნა ნოემბერ-დეკემბერში ცნობილი, თითქმის 100-პროცენტიანი დანამატი აიღეს თანამდებობის პირებმა.

ამ დანამატის თუ ჯილდოს გაცემის დროს დასაბუთება ნაკლებად არის წარმოდგენილი. მაშინ, როცა საჯარო უწყებას მოეთხოვება დასაბუთება ამგვარი დანამატების გაცემის დროს – თუ ვის რა დამსახურებისთვის მისცეს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს სისტემა არ უნდა მუშაობდეს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულად რა საქმიანობა გასწია ამა თუ იმ პირმა დანამატის თუ ჯილდოს მიღებისთვის“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

რატომ უნდა დასვას უფრო მეტი შეკითხვა უმრავლესობამ?

დისკუსიის დროს მალხაზ ჭკადუამ ხაზი გაუსვა იმას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მეტ კითხვას სვამდნენ უმრავლესობის წევრები და რატომ არ აკეთებენ ამას.

ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკური ნაწილი მათი მუშაობის, როდესაც მმართველი გუნდის წევრი ან ფრაქცია არ სვამს კითხვას, ვთქვათ, მერის მისამართით, ან თუნდაც იმაზე, რატომ გადადგა მერი და არ ითხოვს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას. ზოგადად, ძალიან პასიურები არიან უმრავლესობის წევრები აღმასრულებელი რგოლის მისამართით კითხვების დასმის შემთხვევაში, რადგან კითხვების დასმა აღიქმება არაგუნდურობად და ჩნდება კითხვები – ხომ არ აპირებს [საკრებულოს წევრი] ოპოზიციურ ფრაქციაში გადასვლას.

ვფიქრობ, პირიქით უნდა იყოს. თუ ადამიანები ორიენტირებული არიან იმაზე, რომ მათ კიდევ სურთ მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და მიიღონ ხმები, ისინი უნდა იყვნენ ყველაზე აქტიურები, რომ გაამართლონ საკუთარი ამომრჩევლის მოლოდინები და ინტერესები“, – ამბობს ჭკადუა.

საკრებულოს საქმიანობა 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით არის წარმოდგენილი.

უმრავლესობის წევრი ბათუმის საკრებულოდან ნატალია ზოიძე ამბობს, რომ „გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიში მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ ისეთ საკითხს გაესვა ხაზი, რაც მასშიც კითხვის ნიშნებს ბადებდა.

„გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობის ნაწილშიც მნიშვნელოვანი იყო შენიშვნა, რომ საკრებულოს წინაშე არ გაგვიკეთებია ანგარიში. ეს არც კი მომსვლია აზრად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დებულება ამას ითვალისწინებს. მე უფრო არასამთავრობოების და ქალთა ორგანიზაციების წინაშე მქონდა ანგარიშები წარდგენილი“, – ამბობს ბათუმის საკრებულოს ქალი დეპუტატი.

რაც შეეხება ა(ა)იპების თუ შპს-ების ხელმძღვანელების დანიშვნის საკითხს, რაზეც კვლევაში იყო საუბარი, ნატალია ზოიძის თქმით, თუ პოლიტიკური ნება არ იქნება, რომ ამ ორგანიზაციებმა გამჭვირვალედ იმუშაონ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დანიშნავს მათ – საკრებულო თუ მერი.

„ჩემი მაგალითი რომ ავიღოთ, 2012 წელს საკრებულომ „დელფინარიუმის“ დირექტორობიდან ისე გამათავისუფლა, არც კი მქონდა ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღით საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და შემაქეს კიდეც გაწეული შრომისთვის. ამიტომ,  სანამ ასეთი ცნობიერების ადამიანები იქნებიან მმართველ რგოლში, არსებითი მნიშვნელობა არ ექნება საკრებულო დანიშნავს შპს-ს დირექტორს თუ მერი. უმჯობესია მერი იყოს, რადგან ერთ პირს მაინც დააბრალებ გადაცდომას და კოლეგიალურ ორგანოს რომ მიაღებინებ ასეთ გადაწყვეტილებას,  ცოტა უხერხულია“, – ამბობს ნატალია ზოიძე.

მთლიანობაში საკრებულოს 13-მდე რეკომენდაცია მისცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“. მალხაზ ჭკადუას თქმით, როცა წინ დგას ქალაქის და მოქალაქის ინტერესი, ასეთ დროს პოლიტიკური პრეფერენცია უნდა გამოირიცხოს, რადგან მთავარია მოქალაქეების საჭიროება და ის, თუ რამდენად სწორად მიეწოდებათ მათ სერვისები, საერთოდ მიეწოდებათ თუ არა ან რა ხარისხით.

ასევე, ყველაზე მთავარია, რომ კონტროლის მექანიზმი გამოიყენოს საკრებულომ, რომელიც მას აქვს აღმასრულებელი რგოლის მიმართ და ამას ავალდებულებს თვითმმართველობის კოდექსი. შესაბამისად, საკრებულო უნდა იყოს ყველაზე კრიტიკული ორგანო, სადაც იქნება მეტი დისკუსია და ეს არ უნდა იყოს მიბმული პოლიტიკურ უპირატესობებზე.

შეხვედრა ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა.

რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე – რჩევები სკოლა პროგრესისგან

ლიტერატურა ერთგვარი თავშესაფარია. ნებისმიერი წარმატებული თუ ხელმოცარული ადამიანი, გონიერი თუ უგუნური, ამბიციური, თავმდაბალი, მარტოსული, ექიმი, ვექილი, ბერი თუ მრავალშვილიანი, საზოგადოებისთვის მისაღები თუ მიუღებელი ცხოვრების გარკვეულ მომენტში ეთამაშება ლიტერატურას. გადავშლით  წიგნებს და მაშინვე იწყება აზრთა ჭიდილიც: ზოგს მოსწონს, უმეტესობას კი ებადება აზრი – ფუჭია ყველა მცდელობა, ყველა წინადადება. ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ ასევე დაწერს. თუმცა ეს არაა მთავარი.

საქმე იმაშია, რომ მე თავს ვერ შევაფარებ მედიცინას. რაც არ უნდა კარგი რამ აღმოვაჩინო ვერ გავხდები ექიმი, ისევე როგორც გეოლოგი და ალბათ ვერც ჰუმანიტარი / ისტორიკოსის – დიპლომის გარეშე ძნელია ისტორიის მასწავლებლობა; მაგრამ ლიტერატურა უნიკალური თავშესაფარია ყველასთვის, მწერლობა მაგიური წისქვილია, სადაც ყველას შეუძლია სინჯოს და ან დაფქვავს დოლაბი ამა თუ იმ ამბავს, ან ქატოდ იქცევა და გადაიყრება…. თუმცა ეს წიგნი ავტორთან ერთად იმ კონკურენციაში ერთვება, რომელიც ფინანსებზე მეტად მკაცრი მკითხველის და ეპოქის დაუნდობელ კრიტერიუმებს უნდა ,,გადაურჩეს”.

სწორედ ეპოქალური წიგნები გვინდა გირჩიოთ საზაფხულო არდადეაგებზე წასაკითხად: დაიწყეთ კითხვა თქვენი ასაკისთვის შესაფერისი წიგნების, გარწმუნებთ, მოგეწონებათ. თუ არ მოგეწონათ, სხვას წაიკითხავთ, არც ერთი წიგნის კითხვა ფუჭად არ ჩაივლის, მაინც შეგმატებთ გარკვეულ ცოდნას და გამოცდილებას!

მაშ ასე, 6 – 8 წლის ასაკის მოსწავლეთათვის საინტერესო იქნება:

  • ოტია იოსელიანი – „დაჩის ზღაპრები“
  • ასტრიდ ლინდგრენი – „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი,“ „პეპი გრძელწინდა,“„ბულერბიელი ბავშვები,“ „მიო, ჩემო მიო“.
  • კარლო კოლოდი – „პინოქიოს თავგადასავალი;“
  • ალექსეი ტოლსტოი – „ბურატინოს თავგადასავალი“ (ოქროს გასაღები)
  • როდარი ჯანი – „ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში;“

8-12 წლის მოსწავლეთათვის

  • გურამ დოჩანაშვილი – „ყველაზე კარგი პაპა;
  • ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი – ”პატარა უფლისწული”
  • ჯონათან სვიფტი – “გულივერის მოგზაურობა;”
  • ოსკარ უაილდი – „ბროწეულის ბაღი“(ზღაპრები)
  • გოდერძი ჩოხელის მოთხრობები („ხარისა და გუთნის მადლითა“.“გუგული“, დევების ნასოფლარი,“ „ანგელოზთღამეობა“ და სხვა) ,,უფლისჩიტა“.
  • მარკუს ზუსაკი – “წიგნის ქურდი;”
  • დანიელ დეფო – “რობინზონ კრუზოს თავგადასავალი.”

13 -16 წლის ახალგაზრდებისთვის საინტერესო იქნება:

  • ჰარპერ ლი – „ნუ მოკლავ ჯაფარას;“
  • გოდერძი ჩოხელი – “მგელი;”
  • სულხან-საბა ორბელიანი – ”მოგზაურობა ევროპაში;”
  • კონსტანტინე გამსახურდიას ნოველები;
  • ნაირა გელაშვილი – „ამბრნი“;
  • ერიხ მარია რემარკი – „სამი  მეგობარი,“ „ტრიუმფალური თაღი“ „უმბრნი და არაბნი“;

ვფიქრობთ, მოგეწონებათ მოცემული ლიტერატურა, მთავარია, დაიწყოთ მოგზაურობა ამ სამყაროში, აუცილებლად გაგიტაცებთ.

რჩევები მოგვაწოდა სკოლა პროგრესის ქართულის მასწავლებელმა, ლიტერატურული კლუბის “ქიმერიონი” ხელმძღვანელმა ქეთევან სიხარულიძემ.

თურქეთში სამუშაოდ წასვლის დროებითი წესი – მთავრობის 3 აგვისტოს განკარგულება

მთავრობამ დღეს, 3 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის მიერ თურქეთში სამუშაოდ შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვების წესი დაამტკიცა. მთავრობის განკარგულებით, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის  შესაძლო  გავრცელების  აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმაში“ შევიდა.

ამ გეგმას დაემატა შემდეგი შინაარსის 4​1 მუხლი:

„მუხლი 4​1. საქართველოს მოქალაქის მიერ თურქეთის რესპუბლიკაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვების დროებითი წესი:

1. თურქეთის რესპუბლიკაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვება ამ მუხლით განსაზღვრული წესით ნებადართულია საქართველოს იმ მოქალაქისათვის, რომელიც ფლობს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემულ სამთვიან, თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამის ნოტარიულად დამოწმებულ მოწვევას, რომელშიც დაფიქსირებულია საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქე ვალდებულია სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით შეავსოს აპლიკაცია, რომელშიც უნდა მიუთითოს საკუთარი საიდენტიფიკაციო მონაცემები და აპლიკაციას დაურთოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოწვევა და მისი ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ვერსია. ატვირთული დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სისწორეზე პასუხისმგებელია აპლიკანტი.

3. საქართველოს მოქალაქის მიერ შევსებული აპლიკაციის და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შემოწმების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და ამ უწყებების სისტემაში შემავალი დაწესებულებების წარმომადგენლებისაგან.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, ამ მუხლის მიზნებისთვის და მხოლოდ შესაბამისი მოცულობით დაამუშავოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაში განთავსებული საქართველოს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემოწმების შედეგები სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, აპლიკაციის შევსებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ეცნობება აპლიკანტს, ხოლო აპლიკაციის ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში მართვის ავტომატიზებული სისტემის საშუალებით თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მსურველი საქართველოს მოქალაქის მხოლოდ ამ მუხლის მიზნებისთვის დამუშავებული პერსონალური მონაცემები მიეწოდება ასევე შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს.

6. ამ მუხლით განსაზღვრული პროცესის კოორდინაციასა და საოპერაციო დონეზე მართვას უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა“.

_____

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, სპეციალური ელექტრონული პროგრამა, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ დარეგისტრირება [აპლიკაციის შევსება] თურქეთში სამუშაოდ წასვლის მიზნით, 4 აგვისტოდან იქნება ხელმისაწვდომი.

„ეს საკმაოდ მარტივი აპლიკაციაა, მოიცავს პირად ინფორმაციას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ასე შემდეგ. სწორედ ამ აპლიკაციაში უნდა აიტვირთოს მიწვევის დოკუმენტი. აპლიკაცია დაინტერესებულმა პირმა უნდა ატვირთოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ გვერდზე, სადაც კომპენსაციის მიმღები პირები რეგისტრირდებიან. იგივე ბმულია, ოღონდ დაკორექტირებული“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ამ თემაზე:

რა დოკუმენტებია საჭირო თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად? – მინისტრის განმარტება

სუს-ი აცხადებს, რომ ფინანსთა მინისტრის სახელით ინვესტორს ქობულეთში ფულს სთხოვდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ „ჯგუფურად დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავა“, – ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამ პირებმა, „ქობულეთში სასტუმროს მშენებლობით დაინტერესებულ ინვესტორს აჭარის საკუთრებაში არსებული 11 235 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შეძენასა და შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მიღებაში დახმარებას შეჰპირდნენ, სანაცვლოდ კი 350 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ინვესტორს არწმუნებდნენ, რომ თანხიდან 100 000 აშშ დოლარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც მისი გავლენების გამოყენებით, ინვესტორის სასარგებლოდ, შემჭიდროებულ ვადებში წყვეტდა მიწის აუქციონზე გატანის საკითხს და უზრუნველყოფდა შემდგომი პროცედურების სამსახურებრივ მფარველობას“.

სუს-ის ინფორმაციით, „ინვესტორმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 15 000 ლარი“.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

რა დოკუმენტებია საჭირო თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად? – მინისტრის განმარტება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, 4 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ვებგვერდზე ატვირთონ თურქეთიდან დასაქმების შესახებ მიღებული სამთვიანი ოფიციალური მიწვევა. დოკუმენტის ატვირთვიდან ერთ კვირაში მიიღებს მოქალაქე სმს შეტყობინებას, მისცემენ თუ არა მას თურქეთში წასვლის უფლებას.

როგორც მინისტრი აცხადებს, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს წავიდეს თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ, შეუძლია ფიზიკური პირის ან თურქეთში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან წარმოადგინოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული მიწვევა სამთვიანი დასაქმების შესახებ. შემდეგ კი უნდა შეავსოს აპლიკაცია ელექტრონულად და ატვირთოს ეს დოკუმენტები.

„ეს საკმაოდ მარტივი აპლიკაციაა, მოიცავს პირად ინფორმაციას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ასე შემდეგ. სწორედ ამ აპლიკაციაში უნდა აიტვირთოს მიწვევის დოკუმენტი. აპლიკაცია დაინტერესებულმა პირმა უნდა ატვირთოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ გვერდზე, სადაც კომპენსაციის მიმღები პირები რეგისტრირდებიან. იგივე ბმულია, ოღონდ დაკორექტირებული“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, აუცილებელია თუ არა მიწვევის დოკუმენტში მითითებული იყოს სიტყვა „დასაქმების მიზნით“, თუ მხოლოდ მიწვევის დოკუმენტიც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მოქალაქემ შეძლოს საზღვრის გადაკვეთა, ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ დოკუმენტში „დასაქმების მიზნით“ მიწვევის დაფიქსირება აუცილებელია.

„იყო საუბარი იმაზე, რომ მიწვევის დოკუმენტსაც ჰქონოდა ძალა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ მიწვევა უნდა იყოს დასაქმების და არა სხვა მიზნით“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე. მისი თქმით, მოქალაქე აპლიკაციის შევსებიდან 7 დღეში მიიღებს პასუხს, შეძლებს თუ ვერა საზღვრის გადაკვეთას.

„შვიდი დღის ვადაში აპლიკანტს მისდის საკონტაქტო ნომერზე პასუხი – დასტური ან უარი. იმუშავებს შესაბამისი ცხელი ხაზიც, სადაც იქნება ინფორმაცია ხელმისაწვდომი და კოორდინაციას ამ საქმიანობის განახორციელებენ აჭარის მთავრობა, თვითმმართველობები და დასაქმების სააგენტო, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც რეგისტრაციის პროცესს, ასევე შემდგომ მონიტორინგსაც“, – ამბობს ნიჟარაძე.

ვებგვერდი, რომელზეც მოქალაქეებს შეეძლებათ დარეგისტრირება თურქეთში სამუშაოდ წასვლის მიზნით, ხვალიდან იქნება ხელმისაწვდომი.

„ოცნების“ შემწირველები პროგრამაში, რომელსაც სურსათის გაძვირება უნდა შეეჩერებინა

პანდემიის დროს ვალუტის კურსის ცვლილების გამო რამდენიმე სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის შესაჩერებლად და ცალკე ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვის, მთავრობამ სპეციალური პროგრამები შეიმუშავა. სურსათზე სტაბილური ფასების შესანარჩუნებლად ჯამში 10 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

„ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტებით კი, ამ მიზნით ბიუჯეტიდან 1 156 437 ლარი და 1 396 500 აშშ დოლარი დაიხარჯა. სახელმწიფო სუბსიდია, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მიიღეს იმ კომპანიებმაც, რომლებიც ან რომელთა მეწილეებიც „ქართული ოცნების“ შემწირველები არიან.

პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა 2020 წლის 15 მარტიდან- 15 მაისის ჩათვლით, პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირებას ითვალისწინებდა.

სუბსიდიით მეწარმე ისარგებლებდა იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, კონვერტაციის დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება აღემატებოდა 3 ლარს, ხოლო ევროს შემთხვევაში – 1 ევროს ღირებულება – 3.3 ლარს.

მოგვიანებით მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ამ პროგრამისთვის გათვალისწინებული 10 მილიონიდან ცალკე 5,2 მილიონი ლარი ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვის დაეხარჯა. ამისთვის ცალკე პროგრამა დაამტკიცა – „ხორბალსა და ხორბლის ფქვილზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნების მიზნით“.

პროგრამის მიხედვით, კომპანიას ან ფიზიკურ პირს ერთ ტონა იმპორტირებულ ხორბალზე სახელმწიფო არაუმეტეს 40 აშშ დოლარის ეკვივალენტს გადაუხდიდა ეროვნულ ვალუტაში. დაგეგმილი იყო, 2020 წლის 17 აპრილიდან 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით პერიოდში, ჯამში არაუმეტეს 40 000 ტონა ხორბლის  იმპორტის სუბსიდირება.

პროგრამებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებდა.

„ბათუმელებმა“ სურსათზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია სააგენტოდან 2020 წლის 14 აპრილს გამოითხოვა. სააგენტომ კი პასუხი სამი თვის შემდეგ, 24 ივლისს მოგვაწოდა. „დაველოდეთ პროგრამის დასრულებას და მოგაწოდეთ სრული ინფორმაცია“, – გვითხრეს სააგენტოში.

„გაცნობებთ, რომ წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია პროგრამის ბენეფიციარებსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და შემოსავლების სამსახურის ცნობების მოწოდების შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას და სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს აღნიშნული ინფორმაცია… გიგზავნით პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სუბსიდირების ხელშეკრულების ნიმუშებს, რომლებიც არ შეიცავს ბენეფიციარის პერსონალური მონაცემებისა და კომერციული საიდუმლოების შესახებ ინფორმაციას“, – მოგვწერეს სააგენტოდან.

სააგენტოს პასუხიდან გამომდინარე, გაურკვეველია კონკრეტულად რა სახეობის და რა ოდენობის პროდუქცია შემოიტანეს კომპანიებმა საქართველოში პროგრამის ფარგლებში.

სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციით, ამ პროგრამისთვის ხელშეკრულება გაფორმდა 10 კომპანიასთან, სუბსიდია კი გაიცა 9 კომპანიაზე, ჯამში 1 156 437 ლარი.

პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარები

„ბათუმელებმა“ გადაამოწმა პროგრამის მონაწილე კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა ამ კომპანიასთან სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციას არაერთი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის გზით, ანუ ტენდერის გარეშე [სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომსახურებაზე].

გამარტივებულ შესყიდვებში არ ფიგურირებს შპს „სერვის-აგრო“, თუმცა, ამ კომპანიამ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2019 წლის ივლისში 100 ათასი ლარი შესწირა.

„ოცნებას“ სხვადასხვა დროს სოლიდური თანხა შესწირა კომპანიის ერთ-ერთმა მეწილემ, დავით ინაურმაც: 2016 წელს – 60 ათასი ლარი, 2017 წელს – 55 ათასი ლარი, ხოლო 2019 წელს – 60 ათასი ლარი.

„სერვის-აგრო“ 2015 წელსაა რეგისტრირებული და საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, მისი მეწილეები არიან დავით ინაური [12.5%], კახა კახიანი [50%], შამსუდინ ავლარიგოვი [12.5%] და ბესიკ  ჯიქია [25%].

შესყიდვების პორტალზე გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ პროგრამაში მონაწილე კომპანიებიდან შპს „დაფნას“ არაერთი სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული 2013 წლიდან დღემდე, მათ შორის, კონსოლიდირებული ტენდერებიც. რეესტრის მიხედვით, ამ კომპანიის 100% წილს აზერბაიჯანული კომპანია „ანადოლუ ინვესთმენთ კომპანი“ ფლობს.

ერთი ტენდერი აქვს მოგებული „ჯეოსტარს“, რომელიც 2010 წელსაა დაფუძნებული და ბოლო ამონაწერით მისი მეწილეები არიან არჩილ მაზიაშვილი [50%] და გია გიგოლაშვილი [50%]. აუდიტის მონაცემებით, არჩილ მაზიაშვილმა 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 55 ათასი ლარი შესწირა, მისმა პარტნიორმა გია გიგოლაშვილმა კი, 2012 წელს 30 ათასი ლარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შესწირა.

რაც შეეხება ხორბლის იმპორტის სუბსიდირების პროგრამას, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარი 6 კომპანიაა, რომლებთანაც 9 ხელშეკრულებაა გაფორმებული. ამ კომპანიებზე „გასაცემი ფულადი სახსრები“ კი 1 396 500 აშშ დოლარია.

ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარები

ამ მონაცემების მიხედვით, ჯამში 677 700 აშშ დოლარს გადაუხდის სახელმწიფო კომპანია „ბევრილი ჯგუფს“ შემოტანილ ხორბალში.

კომპანიის წილის 99,7%-ის მფლობელი და გენერალური დირექტორია ნერუ ჩანქსელიანი. მან 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ თანხა ხუთჯერ შესწირა, ჯამში 18 ათას 230 ლარი, ხოლო სალომე ზურაბიშვილს [პრეზიდენტობის კანდიდატს], 2018 წელს შესწირა 15 ათასი ლარი.

ამ კომპანიის წილებს ფლობენ ასევე ვალერიან თუთბერიძე, გიორგი ზურაბიშვილი და ბახვა ქურდაძე. „ბევრილი ჯგუფს“ 2015 წელს რამდენიმე ტენდერიც აქვს მოგებული. ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით – 140 ათას 264 ლარი.

ქვეყანაში შაქრის, ზეთისა და მაკარონის მარაგის შესაქმნელად სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ ხელშეკრულება ცალკე ორ კერძო კომპანიასთან, ჯამში 4 232 800 აშშ დოლარზეც გააფორმა.

სუბსიდირების პროგრამების დამტკიცებამდე და მარაგების შექმნამდე [მარტის შუა რიცხვებში] სურსათი საქართველოში უკვე გაძვირებული იყო.

მთელი რიგი საკვები პროდუქტები სახელმწიფო პროგრამების დასრულების შემდეგ, ივლისშიც გაძვირდა:

ამ თემაზე: 

რა გაძვირდა და რამდენით – პროდუქტის ფასები ლარის გაუფასურების შემდეგ

 

თურქეთიდან მიწვევა გვაქვს, მაგრამ საზღვარზე არ გვიშვებენ – 2 მოქალაქე

მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამუშაოდ წასვლისთვის დამსაქმებლის ოფიციალური მიწვევა დასჭირდებოდათ, ერთი კვირა გავიდა. დღეს „ბათუმელებს“ ის მოქალაქეები დაუკავშირდნენ, რომლებმაც უკვე მიიღეს მიწვევა თურქეთის რესპუბლიკიდან, თუმცა ისინი საზღვარს მაინც ვერ კვეთენ.

როგორც მოქალაქე გიორგი დიასამიძე ამბობს, მას სარფის საბაჟო გამშვებ-პუნქტზე უთხრეს, რომ მიწვევის მიუხედავად საზღვარს ვერ გადაკვეთს, რადგან სამთავრობო ბრიფინგზე გაკეთებული განცხადება ჯერ ძალაში არ არის შესული.

„ბათუმში ვცხოვრობ, თურქეთიდან უკვე მივიღე მოწვევა, სტამბულში ვაპირებ წასვლას. დოკუმენტიც წარვადგინე საბაჟოზე, თუმცა უარი მითხრეს გადასვლაზე. არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე“, – გვეუბნება ის.

მიწვევაში წერია, რომ გიორგი დიასამიძეს 6 თვის განმავლობაში უმასპინძლებენ თურქეთში.

3-თვიანი მიწვევის დოკუმენტი უკვე მიიღო მევლუდ რამიშვილმაც, რომელიც გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. მიწვევის მიუხედავად, საზღვრის გადაკვეთის უფლება არც მას მისცეს.

„გუშინ, 2 აგვისტოს, ვიყავი საბაჟოზე. ტრაპიზონიდან გამომიგზავნეს მიწვევა, თუმცა მესაზღვრეებმა მითხრეს, რომ ამ დოკუმენტით ვერ გადავიდოდი საზღვარზე, რადგან დაკანონებული არ არისო.

როცა ვუთხარი, რომ განცხადება 27 ივლისს გაკეთდა-მეთქი, მაინც უარი მითხრეს. დღეს დილითაც იყო ჩემი მეგობარი მისული, კლინიკიდან ჰქონდა მიწვევა, სამკურნალოდ აპირებს წასვლას და მასაც უარი უთხრეს“, – ამბობს მევლუდ რამიშვილი.

მევლუდ რამიშვილმა ოფიციალური მიწვევა თურქეთიდან მიიღო, თუმცა საზღვრის გადაკვეთის უფლებას მაინც არ აძლევენ.

ორივე დოკუმენტში, რომლებიც გიორგიმ და მევლუდმა მოაწოდეს „ბათუმელებს“, ნათქვამია, რომ მასპინძელი მხარე იღებს ვალდებულებას სამი და ექვსი თვის განმავლობაში მათთან სტუმრის სტატუსით მყოფი პირები უზრუნველყონ საკვებით, ბინითა და სამედიცინო დაზღვევით.

მიწვევას აქვს ოფიციალური სახე და დამოწმებულია როგორც ნოტარიუსის ბეჭდით, ასევე მასპინძლის ხელწერით.

რატომ აგვიანებს მთავრობა შესაბამისი დადგენილების მიღებას და ოფიციალურად გამოქვეყნებას, ამის თაობაზე აჭარის მთავრობას მივმართეთ. როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, დადგენილება საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს.

„წუთი-წუთზე ველოდებით დადგენილების მიღებას. შეიძლება ეს დადგენილება გამოქვეყნდეს დღეს ან ხვალ“, – განაცხადეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.

„ბათუმელებმა“ საქართველოს მთავრობასთანაც სცადა დაკავშირება, თუ მთავრობის პრესსამსახურში ჩვენს ზარს არ უპასუხეს.

ამავე თემაზე:

თურქეთში სამუშაოდ წასვლა დამსაქმებლის მიწვევით იქნება შესაძლებელი – მთავრობა

ოთხმა ნარკორეალიზატორმა 7 თვეში 2 მილიონის ნარკოტიკი გაყიდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1976 წელს დაბადებული ფ.ბ., 1978 წელს დაბადებული დ.ჯ., 1982 წელს დაბადებული შ.ვ. და 1977 წელს დაბადებული ა.მ.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ ინტერნეტტოტალიზატორის გამოყენებით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი ე.წ. „დადების“ მეთოდით ახდენდნენ. კერძოდ, დ.ჯ. და ფ.ბ. დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების შეძენას, აწვდიდნენ ონლაინტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს, თანხებს არიცხვინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები“, – წერია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ჯგუფმა 2020 წლის 7 თვეში, ამ გზით, თითქმის 2 მილიონი ლარი მიიღო.

„პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, დიდი ოდენობით თანხა, ასევე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

„ევსაქებმა“ მაჟორიტარობის 16 კანდიდატი წარადგინეს, ბათუმის კანდიდატი უცნობია

დღეს, 3 აგვისტოს, „ევროპულმა საქართველომ“ თავისი მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა – ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პარტიას 16 მაჟორიტარი ეყოლება, მათ შორის, 4 ქალი კანდიდატი. „ევროპულ საქართველოს“ ჯერჯერობით არ დაუსახელებია ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი.

პარტიამ საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარობის კანდიდატად, როგორც ცნობილი იყო, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში დაასახელა ტარიელ ნაკაიძე.

„ევროპულმა საქართველომ“ დღეს ასევე დაასახელა ორი მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში: ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება თემურ კახიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა „ქართული ოცნების“ რიგები. ის ბათუმის საკრებულოში ბოლო ეტაპამდე სწორედ მმართველი პარტიის სახელით საქმიანობდა.

ბათუმის ოლქში კი „ევროპულმა საქართველომ“ თავის მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა ექიმი ვახტანგ კალოიანი.

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტში:

  1. ფოთის, ხობი, სენაკის ოლქი – გიგა ბოკერია;
  2. ზუგდიდის ოლქში – გიგი უგულავა;
  3. ვაკის ოლქში – ელენე ხოშტარია;
  4. მთაწმინდა, კრწანისის ოლქში – შალვა შავგულიძე;
  5. ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის ოლქში – გიგი წერეთელი;
  6. ხელვაჩაურის, ქედის, შუახევი, ხულოს ოლქში – ტარიელ ნაკაიძე;
  7. რუსთავისა და გარდაბნის ოლქში – ირმა ნადირაშვილი
  8. ქუთაისის ოლქში – ოთარ კახიძე;
  9. საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის ოლქში – სერგო რატიანი;
  10. თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის ოლქში – ზურაბ ჭიაბერაშვილი;
  11. გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყარო, სიღნაღის ოლქში – გიორგი ღვინიაშვილი;
  12. ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის ოლქში – ხათუნა გოგორიშვილი;
  13. მარნეულისა და გარდაბნის ოლქში – აჰმედ იმამგულიევი;
  14. ახალქალაქის და ნინოწმინდის ოლქში – არსენ კარაპეტიანი;
  15. წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის ოლქში – ლელა ქებურია;
  16. სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში – აკაკი ბობოხიძე;

„ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ცერემონიალი თბილისში გაიმართა.

პარტიაში ამბობენ, რომ ჯერ კიდევ არ კარგავენ იმედს, რომ დიდი ქალაქებში, თბილისის მსგავსად, საერთო კანდიდატზე შეთანხმდებიან.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პროპორციით, რაც ნიშნავს, რომ პროპორციული სისტემით აირჩევა 120 დეპუტატი, 30 კი – მაჟორიტარული.

რას ითხოვს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია სახელმწიფოსგან

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციაცია კომპენსაციების საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში და ტურისტულ სექტორში შექმნილი ახალი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც გაურკვეველია  კონკრეტული ვადები საერთაშორისო ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, აუცილებელია შემდეგი ნაბიჯები იმისთვის, რომ ტურიზმის სექტორი გადარჩეს.

აუცილებელ ღონისძიებებად ხალგაზრდა გიდების ასოციაცია შემდეგ ნაბიჯებს მიიჩნევს:

[checklist]

  • აგვისტოდან, დამატებით გაიცეს კომპენსაციები გიდებისთვის და ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული პირებისთვის;
  • გადაიხედოს, არსებული ფინანსური დახმარების მოცულობა და მორგებული იქნეს ახალ რეალობასთან;
  • გახანგრძლივდეს სახელმწიფო დახმარების პროგრამა საშეღავათო კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით;
  • ვითხოვთ, აღდგეს ფრენები ეტაპობრივად , მათ შორის დაბალბიუჯეტიანი ავია კომპანიებს Wizz Air და Ryanair მიეცეთ ფრენის უფლება, პირველ რიგში მწვანე ზონის ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უკეთესია;
  • დაჩქარდეს გიდებისთვის და ტურისტული სექტორის მხარდასაჭერი პროექტების დაწყება, რომელიც დაანონსებული იყო ,,აწარმოე საქართველოს” ეგიდით ჯერ კიდევ ივნისის თვეში;
  • ტურისტულ ცენტრებსა და ტურიზმის დეპარტამენტებში, ასევე დაცულ ტერიტორიებსა და მუზეუმებში შემუშავდეს გიდებისთვის დასაქმების სპეციალური სახელმწიფო პროგრამა,რომელიც ხელს შეუყობდა მათი გამოცდილებისა უნარების გამოყენებას კონკრეტულ მიმართულებებსა და საჭიროებებზე.

[/checklist]

ასიციაციის განცხადებით, ეკონომიკის სხვა დარგებისაგან განსხვავებით, ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული გიდები და ასევე ტურიზმში დასაქმებული ათასობით საქართველოს თანამოქალაქე, 8 თვეა შემოსავლის გარეშეა დარჩენილი და „მათ უწევთ ყოველდღიური ბრძოლა ფიზიკური გადარჩენისთვის“.

ასოციაციამ აღნიშნული განცხადება დღეს, 3 აგვისტოს გაავრცელა.

___________

ფოტო ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ფეისბუქგვერდიდან.

აჭარის ტელევიზიის 230 თანამშრომელი 3 გათავისუფლებული კოლეგის დაბრუნებას ითხოვს

დღეს, 3 აგვისტოს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 230-მა თანამშრომელმა ტელევიზიის მენეჯმეტს წერილობით მიმართა ტელევიზიაში დააბრუნონ 30 ივლისს გათავისუფლებული სამი პირი: შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ბაჩო გურაბანიძის, გიორგი მურვანიძისა და გუგა ქადიძის გათავისუფლების ოფიციალური საფუძველი გახდა პირველ ივლისს აჭარის ტელევიზიაში მომხდარი ინციდენტი, ფიზიკური დაპირისპირება, რომლის ამსახველი კადრებიც აჭარის ტელევიზიამ თანამშრომლების გათავისუფლების დღეს გაავრცელა.

აჭარის ტელევიზიიდან სამი პირის გათავისუფლებას ტელევიზიის თანამშრომლების საპროტესტო აქციები მოჰყვა. ტელევიზიის წინ აქცია გაიმართა 30 და 31 ივლისს.

ტელევიზიიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლებას გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელმაც გააკრიტიკა მენეჯმენტის საკადრო პოლიტიკა და მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით; ორგანიზაცია – „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ მიიჩნევს, რომ  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში თანამშრომელთა დევნა და შევიწროება გრძელდება; ასევე, პირველ აგვისტოს განცხადება გაავრცელა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, რომელიც აპირებს გათავისუფლებულთა ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

______________

აქცია აჭარის ტელევიზიასთან. 31 ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება ერთ-ერთ კატეგორიას:

სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ქედა, შუახევი, ხულო, ასევე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საქართველოს მთავრობის N671 დადგენილებით განსაზღვრულ სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);
სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლნი დედით, მამით, ან უდედმამო (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის ოთხი და მეტი შვილით წევრები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 100 000-ზე (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);
სტუდენტები, რომელთა მშობელს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსი (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში).

დაინტერესებულმა პირებმა განცხადება და კატეგორიის შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინო  სამინისტროში  2020 წლის 3 აგვისტოდან 31 აგვისტოს  ჩათვლით.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3  აგვისტოს 21 საათიდან 4 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ,

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 9 – 14 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 5 აგვისტოს, დღის ბოლოს, ზოგან მოსალოდნელია წვიმა,  მომდევნო 2 დღეს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 18 მილიონს გადააჭარბა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 3 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 18 080 067 შემთხვევა.

ბოლო ოთხ დღეში დადასტურდა 1 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევა.

იანვრიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 689 370 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 154 860 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში; 94 104 – ბრაზილიაში და 47 746– მექსიკაში.

კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია აშშ-ი, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 4 667 955 ადამიანი, ასევე, ბრაზილია – 2 733 677 ინფიცირებული და  ინდოეთი – 1 803 695 ინფიცირებული.

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსისგან განიკურნა 10 691 528 ადამიანი.

ბათუმში კორონავირუსისგან ერთი პირი განიკურნა – კლინიკაში რჩება 15 პაციენტი

ბოლო 48 საათში აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 აგვისტოს მონაცემებით, ბათუმში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა.

დღეის მონაცემებით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც კოვიდცენტრია, 15 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე.

3 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სულ კორონავირუსის 1179 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 959 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

დადასტურდა კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა, განიკურნა 4 პაციენტი – 3 აგვისტოს მონაცემები

3 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 4 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან ერთი ინფიცირებულ პირთან კონტაქტია, ერთის ინფიცირების წყარო კი ჯერჯერობით უცნობია.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში მკურნალობს 241 ინფიცირებული.

დღეის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 1179 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 959 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 6919 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 251.

ქრთამის აღებისთვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურებრივად ევალებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხე-ტყის ტრანსპორტირებაზე კონტროლის განხორციელება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის წარმომავლობის შესანიღბად, ტრანსპორტირებისათვის საჭირო, ყალბი სასაქონლო ზედნადების დამზადებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საგუშაგოზე უპრობლემოდ გატარების სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 5 400 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

3 აგვისტოს საშემოდგომო გაწვევა იწყება

მთავრობის დადგენილებით, მოქალაქეთა 2020 წლის საშემოდგომო გაწვევა 2020 წლის 3 აგვისტოს დაიწყება და ამავე წლის 26 დეკემბრამდე გაგრძელდება.

საშემოდგომო გაწვევაზე გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა ჯამში 4 587-ით განისაზღვრა. მათ შორის:

[checklist]

  • საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1500-ით.
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1432-ით.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1420-ით.
  • საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 235-ით.

[/checklist]

გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

მთავრობის დადგენილებით, „18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ვალდებული არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის (შემდგომში – თბილისის რაიონი) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის (შემდგომში − აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში (შემდგომში – მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის სტრუქტურული ერთეული) რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“.

მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა კი, უნდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში.


სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა 2020 წლის 3 თებერვალს დაიწყო და 2020 წლის 30 ივნისამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების გამო გაწვევა მარტის თვეში შეწყდა და განახლების თარიღიც რამდენჯერმე გადაიდო.

თურქეთში დასაქმებულები: „ვერ მივიღეთ კომპენსაცია – 300 ლარი“

ბოლო ორი დღის განმავლობაში „ბათუმელებს“ უკვე 10-მდე პირმა მოსწერა, რომ თურქეთში მუშაობდნენ,  განაცხადი შეავსეს, მაგრამ კომპენსაცია ვერ მიიღეს. მათი ისტორიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

ზოგი მათგანი ამბობს, რომ არ სურს „მთელმა ქვეყანამ გაიგოს“, როგორ უჭირს და მხოლოდ იმაზეა თანახმა, სახელმწიფოსთან ჟურნალისტებმა გავარკვიოთ, რატომ არ დაერიცხათ დაანონსებული კომპენსაცია – 300 ლარი, ზოგი კი მზად არის თავის მდგომარეობაზე „ქვეყნის გასაგონად“ ისაუბროს.

ზურაბ ბოლქვაძე ბოლო 15 წელია დადიოდა თურქეთში სეზონურ სამუშაოზე, ჩაის და თხილს კრეფდა. გვიყვება, რომ ასე გაჰქონდა თავი მას და მის ოჯახს – ორ შვილს და მეუღლეს. ახლა 11 და 12 წლის შვილებს მხოლოდ „სასადილოდან მოტანილი პური და საჭმელი“ აქვთ.

ზურაბმა კომპენსაციის მისაღებად განაცხადი პირველ ივლისს შეავსო, სოციალური მომსახურების სააგენტოში მივიდა და დაეხმარნენ დარეგისტრირებაში.

„მას შემდეგ ველოდები. აგერ დღეს დაირიცხება, აგერ – ხვალ. 20 რიცხვი რომ მოვიდა, სოციალურ სააგენტოში წავედი. მინდოდა გამერკვია, რა ხდებოდა. იქ მითხრეს, რომ ყველაფერი რიგზე და მოკვლევა მიდის. მერე ბანკში ვიარე, იქნება დაირიცხა და ვერ გავიგე-მეთქი. კიდევ არაფერი. დღეს თქვენ მოგწერეთ“, – გვითხრა კაცმა.

ზურაბი ხელვაჩაურში ცხოვრობს. გვიყვება, რომ მის გარშემო კომპენსაციის მოთხოვნით განაცხადი ბევრმა ადამიანმა შეავსო და ყველას ჩაერიცხა, ჩემს გარდაო.

მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს თაკოც ხაშურიდან. ის მეუღლესთან ერთად თურქეთში ცხოვრობდა. იქვე გაუჩნდა შვილები. სეზონურ სამუშაოზეც იმუშავეს და არასეზონურზეც. როცა გაიგეს პანდემიის შესახებ, შეშინდნენ და სასწრაფოდ დაბრუნდნენ საქართველოში.

„ვერ წარმომედგინა, რომ ამდენ ხანს დაიკეტებოდა საზღვარი. ახლა ვართ ყველა უმუშევარი“, – ამბობს ქალი.

მას ყველაზე მეტად ის აღიზიანებს, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები „თავს იწონებენ – ამას დავეხმარეთ, იმას დავეხმარეთ“.

„აპლიკაცია შევავსე განყოფილებაში. დაიწერა, თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაციაო. შევავსე 27 ან 28 ივლისს… აცხადებენ, ყველას მივეცითო კომპენსაციაო, ხომ შეიძლება ჩვენთვისაც იყოს, ვისთვის არის აბა? ვინ მიიღო მაშინ ის თქვან. ტყუილია ეს ყველაფერი“.

თაკო ირწმუნება, რომ მის გარშემო კომპენსაციაზე განაცხადი ბევრმა შეავსო, მაგრამ ჯერ არავის მიუღია „ეს 300 ლარი“.

ნარგიზ პაპიძის ისტორია სრულიად გამორჩეულია. გამორჩეულია იმ ნიშნით, რომ მან ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში, 14 აპრილს მოგვმართა. გვიყვებოდა, რომ ქუჩაში რჩებოდა საკვებისა და მედიკამენტების გარეშე.

ნარგიზის შესახებ „ბათუმელებმა“ ვრცელი სტატია მოამზადა.

სქრინი ნარგიზ პაპიძის ერთ-ერთი მონაწერიდან

ნარგიზი გვიყვება, რომ მერე კვირების განმავლობაში ელოდა „ერთ კალათა“ საკვებს, მაგრამ მას არავინ გაუწოდა დახმარების ხელი.

ახლა კი ნარგიზი იმის შესახებ გვწერს, რომ ვერც 300-ლარიანი კომპენსაცია მიიღო. არადა, რეგისტრაცია წარმატებით გაიარა.

მარის, ესმას, თამაზის, სხვების და სხვების ისტორიები იდენტურია – „ვმუშაობდი თურქეთში“. „ვერ მივიღე კომპენსაცია“. „გახსნან საზღვარი“.

„ეს 300 ლარი არაფერში მეყოფა, მაგრამ ცოტა რაღაცას მაინც ვიყიდდი, საჭმელს“, – გვითხრა დამშვიდობებისას ზურაბ ბოლქვაძემ, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ მოკვლევას მალე დაასრულებენ და ბოლოს და ბოლოს მიიღებს „ამ 300 ლარს“.

„თუ ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, დაიწყება აქციები“ – წაბლანელების აქცია

დღეს, 2 აგვისტოს, აქცია გაიმართა ხულოში, სოფელ წაბლანაში. წაბლანის მოსახლეობა, რომლებიც ეკომიგრანტები არიან, ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ მართალია, მათ ბინები გადასცეს ბათუმში, თუმცა ესაა შავი კარკასი, რომლის გარემონტების საშუალება მათ არ აქვთ. გარდა ამისა, გაუმართავია ინფრასტრუქტურაც, წაბლანაში ცხოვრება კი საშიშია, რადგან სოფელი მეწყერსაშიში ზონაა.

„თუ ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, დაიწყება აქციები“, – აცხადებს მოსახლეობა.

„მოსახლეობის დიდ ნაწილს ბინა უკვე დაკარგული აქვს, გამოიტანეს ბანკიდან ფული, დაიწყო რემონტი და სად არის, თურქეთი – არა, შემოსავალი – არა. არჩევნები არ ჩატარდება ამ უბანში, გაარემონტონ მათ [ხელისუფლებამ], შეამოწმონ რა თანხა ჯდება“, – განაცხადა გენადი შაინიძემ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ფოტოზე: აქცია წაბლანაში. 2 აგვისტო, 2020 წელი
ფოტოზე: აქცია წაბლანაში. 2 აგვისტო, 2020 წელი

„აქ მცხოვრებმა ოჯახმა მინიმუმ 20 ათასი დოლარი უნდა დახარჯოს, რომ ბინა მოაწესრიგოს. ბინები უვარგისია საცხოვრებლად, ეს იგივეა, მანქანა მისცე ხალხს და ბორბალი არ ჰქონდეს“, – განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ, რომელიც დღეს აქციაზე იმყოფებოდა.

„აი, იქეთ ცხოვრობს ანზორ ბოლქვაძე, გამოღმა ცხოვრობს დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ზემოთ კიდევ – რიჟვაძე. ხელისუფლების პირველი პირები არიან ამ ხეობიდან და ამ ხეობაში რომ ხალხი გამოვა, რაღაცას გთხოვს და ამ ხალხის გაჭირვება არ იცი, რასთან გვაქვს საქმე?! ხალხმა თქვა, რომ არჩევნებს გამოუცხადებენ ბოიკოტს, მთიდან ჩამოვა ხალხი, მოხდება მობილიზება და ერთიანად ჩავა ყველა ხელისუფლებასთან, თუ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება თავად არ მოვა ამ ხალხთან“, – განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.

„ჩვენი სოფელი ძალიან ნაწვალები სოფელია, 1989 წელს 24 თანასოფლელი დავკარგეთ. ათი დღის შუალედში თუ მთავრობა არ გაგვცემს ჩვენს კითხვებზე პასუხს, დაიწყება აქციები“,  – განაცხადა აქციის მონაწილემ, წაბლანელმა ზვიად შაინიძემ.

_____________

ფოტოზე: აქცია წაბლანაში. 2 აგვისტო, 2020 წელი

მექსიკა მესამე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მექსიკის შეერთებული შტატები უკვე მესამე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობით.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მექსიკაში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 472 ადამიანი. ქვეყანაში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 434 193 შემთხვევა, მათგან 334 867 პაციენტი უკვე განიკურნა.

მექსიკა მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკით აშშ-ის, ბრაზილიის, ინდოეთის, რუსეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შემდეგ.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის დღევანდელი, 2 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში – 154 449 ადამიანი; ბრაზილიაში – 93 563; მექსიკაში – 47 472 და დიდ ბრიტანეთში – 46 278.

2 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსის 17 859 763 შემთხვევა. უკვე გამოჯანმრთელდა 10 564 263 პაციენტი, გარდაიცვალა – 685 179.

____________

ფოტოზე: წირვა მეხიკოს კათოლიკურ ტაძარში. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Jose Pazos

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სილამაზის სალონი გაქურდეს

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სილამაზის სალონი გაქურდეს, ადგილზე იმყოფებიან კრიმინალისტები.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით – ქურდობა.

_________

ფოტო შემთხვევის ადგილიდან.

შუახევში სოკოთი 4 ადამიანი მოიწამლა

შუახევის მუნიციპალიტეტში სოკოს ჭამის შემდეგ ოთხი ადამიანი მოიწამლა, ისინი წუხელ კლინიკა „მედალფაში“ გადმოიყვანეს.

კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ოთხივე მათგანს მიღებული აქვს სოკო. მოწამლულები ორი სხვადასხვა ოჯახის წევრები არიან, დედა-შვილი და ცოლ-ქმარი. ყველა მათგანი სრულწლოვანია.

პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, 3 პაციენტს სავარაუდოდ დღესვე გაწერენ კლინიკადან, თუმცა ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, 24-საათიანი დაკვირვებისთვის. „მისი მდგომრეობა სხვებთან შედარებით მძიმე იყო, ამიტომ დავაკვირდებით,“ – გვითხრეს კლინიკაში.

_________

ფოტო: pexels.com

 

ბათუმში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი განიკურნა.

დღეის მონაცემებით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც ქოვიდცენტრია, 16 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე.

2 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 6 პაციენტი.

დღეის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 1177 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 955 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

14 წლის მოზარდის ბიძა და ბაბუა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი დააკავეს, 1994 წელს დაბადებული დ.ი. და 1962 წელს დაბადებული ზ.ი.

შს სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წელს დაბადებულ ნ.ა.-ზე ბიძა და ბაბუა – დ.ი. და ზ.ი., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

დადასტურდა კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა – 2 აგვისტოს მონაცემები

2 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 6 პაციენტი.

დღეის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 1177 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 955 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 6969 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285.

___________

ფოტოზე: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სამედიცინო პერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

მაშველებმა სანაპირო ზოლზე 176 პირი გადაარჩინეს, მათ შორის 88 არასრულწლოვანი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სეზონის გახსნიდან დღემდე მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის 4 ბალიანი შტორმის დროს – 21 მოქალაქე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, გადარჩენილებს შორის 88 არასრულწლოვანია. ამავე პერიოდში მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 32 ბავშვი იპოვნეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს.

„არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე. არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ” – წერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ამავე თემაზე: 

ცხრა რჩევა ზღვაში ბანაობის დროს

აჭარის ტელევიზიის 192 თანამშრომელი 3 გათავისუფლებული კოლეგის დაბრუნებას ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ნაწილი ტელევიზიის მენეჯმენტისგან ითხოვს 30 ივლისს გათავისუფლებული ტელევიზიის სამი თანამშრომლის: შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორის – ბაჩო გურაბანიძის, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერის – გიორგი მურვანიძის და მემონტაჟე გუგა ქადიძის სამსახურში დაბრუნებას.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები ტელევიზიის მენეჯმეტს კოლეგების სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით, წერილობით, ოფიციალურად ორშაბათს, 3 აგვისტოს მიმართავენ. წერილს უკვე 192 ადამიანი აწერს ხელს. აჭარის ტელევიზიასა და რადიოში 360-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ბაჩო გურაბანიძის, გიორგი მურვანიძისა და გუგა ქადიძის გათავისუფლების ოფიციალური საფუძველი გახდა პირველ ივლისს აჭარის ტელევიზიაში მომხდარი ინციდენტი, ფიზიკური დაპირისპირება, რომლის ამსახველი კადრებიც აჭარის ტელევიზიამ თანამშრომლების გათავისუფლების დღეს გაავრცელა.

აჭარის ტელევიზიიდან სამი პირის გათავისუფლებას ტელევიზიის თანამშრომლების საპროტესტო აქციები მოჰყვა. ტელევიზიის წინ აქცია გაიმართა 30 და 31 ივლისს.

ტელევიზიიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლებას გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელმაც გააკრიტიკა მენეჯმენტის საკადრო პოლიტიკა და მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით; ორგანიზაცია – „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ მიიჩნევს, რომ  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში თანამშრომელთა დევნა და შევიწროება გრძელდება; ასევე, დღეს, პირველ აგვისტოს განცხადება გაავრცელა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, რომელიც აპირებს გათავისუფლებულთა ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

______________

აქცია აჭარის ტელევიზიასთან. 30 ივლისი, 2020 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

 

თუ ფული უნდათ, ირინა ქრთამს არავის გადაუხდის – ექსპროპრიაცია კომპენსაციის გარეშე

ავტორი: კახაბერ როდინაძე, ადვოკატი

(იქნებ ქალაქ ბათუმის მერია  ფიქრობს, ან გვატყუებს, რომ საქართველოს ნოტარიუსის მიერ გაცემულ დოკუმენტსაც აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზება სჭირდება?)

2010 წელს, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, საავტომობილო გზის გაგრძელების მშენებლობის მიზნით ექსპროპრიაციას დაექვემდებარა ქალაქ ბათუმის ადლიის დასახლებაში მცხოვრები 38 ოჯახის, მათ შორის ნიკოლაი (ნიკოლოზ) პრიჟელუცკის (პრიჟელუდსკის) უძრავი ქონება. ექსპროპრიაცის უფლება მიენიჭა ქალაქ ბათუმის მერიას.

რატომ ჩატარდა ექსპროპრიაცია?

მოსახლეობა არ თმობდა თავისი საკარმიდამოს. ამიტომ ქალაქ ბათუმის მერიამ მიმართა სასამართლოს და მხოლოდ ძალადობის გზით იქნა გაყვანილი გზა. ძალადობა გრძელდება დღესაც.

საქართველოში ტერორის და დიქტატურის არსებობას აღიარებს თვით საქართველოს ხელისუფლება, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (სანდრო გირგვლიანის საქმე; ვაზაგაშვილის და შანავას საქმე). მართალია, ზემდგომი ორგანოების მხრიდან შეწყდა ტერორი, მაგრამ ადგილზე ბათუმის მერიის მიერ ტერორი გრძელდებოდა და დღესაც გრძელდება.

ქალაქ ბათუმის მერია უკანონოდ და უსამართლოდ მოექცა რიგ მოქალაქეებს, რომელთა ქონება დაექვემდებარა ექსპროპრიაციას. ადამიანებს მათი კუთვნილი ქონება რომ მიეღოთ, ჯოჯოხეთური ტანჯვა უნდა გამოევლოთ. მაგალითად, ექსპროპრიირებული ქონების მესაკუთრე ალა კორობკინა, ექსპროპრიაციის დაწყებიდან 6 თვეში ტანჯვა-წამებით გარდაიცვალა, ვერ გაუძლო რა ქალაქ ბათუმის მერიის ჩინოვნიკების მიერ აბუჩად აგდებას და მუდმივად ნერვულ სტრესში ყოფნას.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპროპრიაციის დაწყებიდან გასულია 10 წელი, ქალაქ ბათუმის მერია დღესაც უბედურ დღეში აყენებს ერთ-ერთი სხვა ექსპროპრიირებული ქონების მესაკუთრის მემკვიდრეს, ირინა პრიჟელუდსკაიას. ირინა პრიჟელუდსკაიას მამას ნიკოლაი (ნიკოლოზ) პრიჟელუცკის (პრიჟელუდსკის) დასახლება ადლიაში გააჩნდა უძრავი ქონება 401.00 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 140.92 კვ.მ. და მრავალწლიანი ნარგავები. ქონება დაექვემდებარა ექსპროპრიაციას (ჩამორთმევას).

ქალაქ ბათუმის მერია ყოველგვარ ხერხს მიმართავს, რათა უარი ათქმევინოს ირინა პრიჟელუდსკაიას საკომპენსაციო ქონების მიღებაზე. ქალაქ ბათუმის მერიას ირინა პრიჟელუდსკაია გასაოცარი სიჯიუტით მიჰყავს ნერვულ სტრესამდე.

ირინა პრიჟელუდსკაიას ქალაქ ბათუმის მერია დღემდე აწამებს, ითხოვს რა მისგან დოკუმენტებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული კანონით, ანუ, ბათუმის მერია არღვევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლის პირველ ნაწილს („კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობა“), რომლითაც აკრძალულია იმ დოკუმენტების მოთხოვნა, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული.

ქალაქ ბათუმის მერიამ მინსკის 1993 წლის „კონვენციის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ მე-13 მუხლის (რომელზეც საქართველო მიერთებულია საქართველოს პარლამენტის  1996 წლის 24 იანვარის დადგენილებით) საწინააღმდეგოდ, უკანონოდ მოითხოვა ირინა პრიჟელუდსკაისგან რუსეთის ფედერაციაში მიღებული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ვებგვერდზე https://www.geoconsul.gov.ge/HtmlPage/Html/View?id=30 განმარტავს, რომ რუსეთის ფედერაციაში გაცემულ დოკუმენტებს დამოწმება (ლეგალიზაცია, აპოსტილი) არ ესაჭიროება.

ირინა პრიჟელუდსკაიაზე რუსეთის ფედერაციის ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის მოთხოვნის შემდეგ, ბათუმის მერიის მოთხოვნები დღითი დღე იზრდებოდა.

ჯერ, კანონის დარღვევით, ქალაქ ბათუმის მერიამ მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უფლებამოსილი პირების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში დამზადებული/დამოწმებული ოფიციალური დოკუმენტების, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია.

არგუმენტზე, რომ რუსეთის ფედერაციის ნოტარიუსი უარს ამბობდა სამკვიდრო მოწმობის აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას იმ მოტივით, რომ კანონის შესაბამისად ეს არ იყო საჭირო,  ქალაქ ბათუმის მერია ჯიუტად იმეორებდა:

– „ვითხოვთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უფლებამოსილი პირების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში დამზადებული/დამოწმებული ოფიციალური დოკუმენტების, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას“.

სპეციალური აღნიშვნის ღირსია, რომ ქალაქ ბათუმის მერიისგან განსხვავებით, საქართველოს ნოტარიუსები არ ითხოვენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უფლებამოსილი პირების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში დამზადებული/დამოწმებული ოფიციალური დოკუმენტების, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას.

მეტიც, ქალაქ ბათუმის მერიამ ირინა პრიჟელუდსკაიას მოსთხოვა საქართველოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის წარდგენა.

არგუმენტზე, რომ საქართველოს ნოტარიუსი ვერ გასცემს სამკვიდრო მოწმობას რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ნიკოლაი (ნიკოლოზ) პრიჟელუდსკის ქონებაზე, ვინაიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ნიკოლაი (ნიკოლოზ) პრიჟელუდსკის უძრავი ქონება ფიზიკურად აღარ არსებობს, ექსპროპრიირებულია ქალაქ ბათუმის მერიის მიერ, ქალაქ ბათუმის მერია, ექსპროპრიატორი, ჯიუტად იმეორებდა:

– „ვითხოვთ საქართველოს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობას“.

ანუ, ქალაქ ბათუმის მერია, ექსპროპრიატორი, ჯიუტად ითხოვდა იმ დოკუმენტს, რომლის წარდგენა, როგორც ქალაქ ბათუმის მერია ვარაუდობდა, ირინა პრიჟელუდსკაიას პრინციპში ვერ შესძლებოდა.

როგორც ქალაქ ბათუმის მერია ვარაუდობდა, რადგან ირინა პრიჟელუდსკაია ვერ წარადგენდა საქართველოს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობას, ამიტომ მას, ქალაქ ბათუმის მერიას, შეეძლო აღარ შეესრულებინა საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულება ექსპროპრიირებული ქონების მესაკუთრეზე კომპენსაციის გაცემის შესახებ.

მაგრამ შემდეგ მოხდა სასწაული, ირინა პრიჟელუდსკაიას ადვოკატებმა საჯარო რეესტრში, აგრეთვე სახელმწიფო არქივებში დოკუმენტებთან მუშაობის დროს დაადგინეს, რომ ნიკოლაი (ნიკოლოზ) პრიჟელუდსკი გარდაცვალების მომენტისათვის ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ. ნიკოლაი (ნიკოლოზ) პრიჟელუდსკის 1995 წელს მიღებული ჰქონდა საქართველოს მოქალაქის  პირადობის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ხოლო ნიკოლაი (ნიკოლოზ) პრიჟელუდსკის გარდაცვალების მომენტისათვის მისი  საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დოკუმენტი არ არსებობს.

ვინაიდან ნიკოლაი (ნიკოლოზ) პრიჟელუდსკი გარდაცვალების მომენტისათვის იყო საქართველოს მოქალაქე, საქართველოს ნოტარიუსი ვალდებული იყო საქართველოს მოქალაქის ქონებაზე გაეცა სამკვიდრო მოწმობა.

საქართველოს ნოტარიუსმა საქართველოს მოქალაქის ნიკოლაი (ნიკოლოზ) პრიჟელუდსკის ქონებაზე გასცა სამკვიდრო მოწმობა.

ირინა პრიჟელუდსკაიამ ქალაქ ბათუმის მერიაში წარადგინა საქართველოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა.

ანუ, ქალაქ ბათუმის მერიაში ირინა პრიჟელუდსკაიამ წარადგინა ყველა დოკუმენტი, მათ შორის საქართველოს ნოტარიუსის მიერ გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა.

იქნებ ბათუმის მერია  ფიქრობს, რომ საქართველოს ნოტარიუსის მიერ გაცემულ დოკუმენტსაც აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზება სჭირდება?

ქალაქ ბათუმის მერია უკვე მხოლოდ ამ დოკუმენტის, საქართველოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის, მიღებისას ვალდებულია გასცეს კომპენსაცია ირინა პრიჟელუდსკაიაზე, თუნდაც რომ რუსეთის ფედერაციის ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა საერთოდ არ არსებობდეს.

მაგრამ ქალაქ ბათუმის მერია კვლავ ჯიუტობს და ირინა პრიჟელუდსკაიას არ აძლევს კომპენსაციას.

სპეციალური აღნიშვნის ღირსია, რომ ირინა პრიჟელუდსკაიას ადვოკატებმა სასამართლოში წარსადგენად მოითხოვეს დოკუმენტები/ინფორმაცია ქალაქ ბათუმის მერიისგან, ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების 38 მესაკუთრესთან დადებული საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის გაცემის შეთანხმებების შესახებ, აგრეთვე გაცემული კომპენსაციის სახის და ოდენობის თაობაზე.

ქალაქ ბათუმის მერიამ დოკუმენტების/ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა იმ  მიზეზით, რომ საქმის ყველა მასალა ამოღებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ.

ქალაქ ბათუმის მერიაში არსებობს საქმის მასალები არა ერთ, არამედ რამდენიმე ეგზემპლარად, იგზავნება მერიის სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფებში. ყველა მასალა ამოღებული იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ქალაქ ბათუმის მერიის ერთი სტრუქტურული დანაყოფიდან. სხვა სტრუქტურულ დანაყოფში, თუ დანაყოფებში, საქმის მასალები არის. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას არ სჭირდება საქმის მასალების ამოღება ყველა სტრუქტურული ერთეულიდან.

საინტერესოა, რატომ არავინ არ სთხოვს ქალაქ ბათუმის მერიას პასუხს სიცრუეზე, თუ  სიზარმაცეზე?

ქალაქ ბათუმის მერიას რატომ აქვს არჩეული მუშაობის ეს მეთოდი? რატომ არის ადამიანების წამება და აბუჩად აგდება ქალაქ ბათუმის მერიის მუშაობის სტილი? ქალაქ ბათუმის მერია რატომ არ ასრულებს კანონის მოთხოვნებს, ადამიანებს რატომ ხდის იძულებულებს თავიანთი  კანონით გარანტირებული უფლებების დასაცავად მიმართონ მაინცდამაინც სასამართლოს?

2020 წლის 27 იანვარს ირინა პრიჟელუდსკაიას ადვოკატებმა მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით, საქართველოს კანონის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვეს ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების კომპენსაცია და ქონების ჩამორთმევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მიუხედავად ამისა, ქალაქ ბათუმის მერია 2020 წელსაც ჯიუტად ამბობს უარს კანონიერ მემკვიდრეზე გასცეს კომპენსაცია, რომელიც უნდა გაეცა ჯერ კიდევ 2010 წელს.

და ეს მაშინ, როცა სხვა 37 ოჯახზე, 38 ოჯახიდან, კომპენსაციები, საცხოვრებელი ფართების ჩათვლით, უკვე გაცემულია.

რა არის ეს, თუ არა დისკრიმინაცია?

ეს ის დისკრიმინაციაა, რომელიც აკრძალულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-7 მუხლით.

ეს ის დისკრიმინაციაა, რის გამოც ირინა პრიჟელუდსკაიას უფლება აქვს  საჩივარი შეიტანოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

და, ირინა პრიჟელუდსკაია, ალბათ, იძულებული გახდება, თავისი უფლება გამოიყენოს და  საჩივარი შეიტანოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, და საქმეს მოიგებს.

რატომ აიძულებს ქალაქ ბათუმის მერია ადამიანს საჩივარი შეიტანოს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ (ირინა პრიჟელუდსკაია საქართველოს წინააღმდეგ) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში?

რა მიზანი აქვს ქალაქ ბათუმის მერიას?

თუ ფული უნდათ, ირინა ქრთამს არავის გადაუხდის!

___

მთავარი ფოტო: 2011 წელი, ადლიაში, ზღვის სანაპიროზე ალა კორობკინას ორსართულიანი სახლის ბათუმის მერიის თანამშრომლები ანგრევენ

Exit mobile version