ელექტრონული პეტიციის განსახილველად და მასზე ოფიციალური პასუხის მისაღებად, 2021 წლის პირველი იანვრიდან საჭირო იქნება ელექტრონულ პეტიციას მხარი დაუჭიროს არანაკლებ 5 000-მა მომხმარებელმა, ნაცვლად დღეს არსებული 10 000 მომხმარებლისა.
შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. მხარდამჭერთა რაოდენობის გარდა სხვა დანარჩენი დარჩა უცვლელი. ახალი დადგენილებით, 2020 წლის პირველი იანვრიდან:
„ელექტრონული პეტიციის განსახილველად და მასზე ოფიციალური პასუხის მისაღებად საჭიროა ელექტრონულ პეტიციას მხარი დაუჭიროს არანაკლებ 5 000-მა მომხმარებელმა. ელექტრონულმა პეტიციამ აღნიშნული რაოდენობის ხელმოწერები უნდა შეაგროვოს ინიცირებული ელექტრონული პეტიციის ichange-ის პორტალზე გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ პეტიცია მითითებული დროის განმავლობაში ვერ მოიპოვებს საჭირო რაოდენობის ხელმოწერებს, იგი მიიჩნევა ვადაგასულად, ichange-ის პორტალზე ის დაიხურება და შეუძლებელი გახდება ხელმოწერის დამატება.“
„საქართველოს მთავრობა ამ წესებისა და პირობების შესაბამისად წარმოდგენილ ელექტრონულ პეტიციას, რომელიც მისი ichange-ის პორტალზე გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ხელმოწერილი იქნება არანაკლებ 5000 (ხუთი ათასი) მომხმარებლის მიერ, განიხილავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის მეშვეობით. ამავე კომისიის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, ელექტრონული პეტიცია შეიძლება, განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე.“
„ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიამ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის რეფორმებისა და ინოვაციების სამმართველოს ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერით, ელექტრონულ პეტიციაზე ოფიციალური წერილობითი პასუხი უნდა მოამზადოს და ელექტრონული პეტიციის პორტალზე გამოსაქვეყნებლად გადასცეს ichange-ის მოდერატორს ელექტრონული პეტიციის გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ხელმოწერის შეგროვებიდან 3 თვის ვადაში.“.
პეტიციების პორტალზე შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულიდან
დღეს, პირველ სექტემბერს, ხმაური იყო ქობულეთის მერიაში, სადაც 12 უსახლკარო ოჯახი ქობულეთის მერთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ შენობა, სადაც ახლა ცხოვრობენ, გაიყიდა და შესაძლოა ისინი ღია ცის ქვეშ დარჩნენ მცირეწლოვანი ბავშვებით. მათ პროტესტის ნიშნად ცენტრალური გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ აქციის მონაწილეებს ამის უფლება არ მისცა.
ამ ოჯახებმა პირველი აქცია მერიის წინ ჯერ კიდევ 16 ივლისს გამართეს, როცა ქობულეთში სტატისტიკის ყოფილი შენობა გაიყიდა. სწორედ ამ შენობაში არიან ისინი შესახლებული. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ეკომიგრანტები არ არიან, მაგრამ უსახლკაროები არიან და წასასვლელი არსად აქვთ.
სტატისტიკის სამსახურის ყოფილი შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 615 ათას ლარად გაყიდა. ახალი მესაკუთრე ჯემალ რომანაძეა. აქციის მონაწილეების თქმით, ჯემალ რომანაძე ქობულეთის საკრებულოს წევრის, მალხაზ რომანაძის ბიძაა.
მაშინ ითქვა, რომ ინვესტორთან შეთანხმების შემდეგ თვითნებურად შესახლებულ ოჯახებს თავშესაფრის გარეშე არ დატოვებდნენ, თუმცა მოქალაქეები დღეს ამ დანაპირების წერილობით დადასტურებას მოითხოვდნენ ქობულეთის მერისგან.
ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ირწმუნება, რომ მოქალაქეების მოთხოვნა საცხოვრებელთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდება.
„დაკმაყოფილებული ნიშნავს, რომ არათუ არ დაიწყება მათი გამოსახლების პროცედურა, – პირიქით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ინვესტორს შორის მიმდინარეობს ძალიან აქტიური მოლაპარაკები, რომ ეს საკითხი, პირველ რიგში, სამართლებრივად გადაწყდეს.
დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ელოდა, რომ თითოეული ოჯახიდან მიიღებდა ზუსტ მონაცემებს, თუ რამდენ კვადრატულ მეტრ ფართობს ფლობენ შესახლებული ოჯახები, რომ პროპორციულად დაკმაყოფილდეს მათი ინტერესი საცხოვრებელთან დაკავშირებით“, – ამბობს მირიან ქათამაძე.
ქობულეთის მერის თქმით, ინვესტორთან მოლაპარაკები მიმდინარეობს იმაზე, რომ გასხვისებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის აშენების შემდეგ აღნიშნული ოჯახები შესაბამისი ფართობებით დაკმაყოფილდებიან.
საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ გაეროს ახლად არჩეულ სპეციალურ მომხსენებელს ირენ ხანს და მედიის საკითხებზე ეუთოს წარმომადგენელს ჰარლემ დეზირს მიმართა.
„საქართველოს სახალხო დამცველი ინფორმაციას აწვდის აღნიშნული მანდატის მქონე პირებს ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენების შესწავლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედიაპლურალიზმსა და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე. სახალხო დამცველი გამოთქვამს ვარაუდს, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველი ეუთოს წარმომადგენელსა და გაეროს სპეციალურ მომხსენებელს თხოვნით მიმართავს, დაინტერესდნენ წარმოდგენილი ინფორმაციით, საჯარო განცხადებით მიმართონ საქართველოს ხელისუფლებას, ან/და პირველივე შესაძლებლობისთანავე ოფიციალური ვიზიტით ეწვიონ საქართველოს, რათა ადგილზე შეისწავლონ წერილში აღწერილი გარემოებები. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ზემოაღნიშნულ საერთაშორისო მანდატის მქონე პირთა რეაგირება აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავისუფალი მედიის არსებობას ქვეყანაში.
სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომბუდსმენი აქტიურად ადევნებს თვალს აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე მოვლენებს და სწავლობს მაუწყებლის თანამშრომლების შესაძლო უფლებადარღვევის ფაქტებს როგორც საკუთარი ინიციატივით, აგრეთვე ჟურნალისტების მომართვის საფუძველზე.
24 აგვისტოს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის დირექტორს მაუწყებლის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების შრომითი უფლებების აღდგენის, ასევე მომავალში შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან თავის შეკავების რეკომენდაციით მიმართა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აგვისტოში მაშველებმა 170 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის, 48 არასრულწლოვანი იყო.
სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 38 ბავშვი იპოვეს.
„მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს, არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე, არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბათუმში, 5-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება ფემინისტური არტკოლექტივის, „გორგონების“ გამოფენა სახელწოდებით – „რეალობა, რომელშიც ვცხოვრობ“.
გამოფენაში მონაწილეობენ არტისტები: ნინო გავაშელი, სალომე ვეფხვაძე, მარიამ კაპანაძე, ანა კვიჭიძე, ქრისტინე ბებია და მაგდა ბატიაშვილი.
გამოფენა ერთგვარი ექსპერიმენტია, სადაც არტისტები სხვადასხვა თანამედროვე საშუალებით [ინსტალაცია, ფოტოგრაფია, ფერწერა, პერფორმანსი და სხვა] ეცდებიან შექმნან თავიანთი პირადი გარემო. დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, გაიზიარონ არტისტების პირადი სივრცე და გახდნენ მათი განცდებისა და შეგრძნებების უშუალო მონაწილეები.
„ჩვენ, როგორც ერთი სოციუმის წევრები, ყოველდღიურად ვირეკლავთ საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებს, ვექცევით სოციალური თუ კულტურული პროცესების გავლენის ქვეშ. ჩვენ ერთ რეალობაში ვცხოვრობთ, თუმცა სხვადასხვაგვარად აღვიქვამთ მას. გარემოდან მოწოდებული ინფორმაციის შენახვა-გადამუშავება, როგორც სუბიექტური პროცესი, სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს ინდივიდებში. შესაბამისად, თითოეული ადამიანის მიერ აღქმული რეალობა სრულიად განსხვავებული და უნიკალურია. უნიკალურია შეგრძნებები და განცდები, რომელსაც ესა თუ ის მოვლენა იწვევს კონკრეტულ ინდივიდში”, – წერია გამოფენის ანონსში.
გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 5 სექტემბერს, საღამოს 6 საათზე გაიხსნება. დასწრება თავისუფალია.
დღეს, პირველ სექტემბერს, მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ავტომობილს ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სახანძრო სამსახური.
ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაშავდა, რომლებიც ბათუმში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, მოზარდებს სავარაუდოდ, საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ. „ამჟამად მიმდინარეობს გამოკვლევები“-გვეუბნებიან კლინიკაში.
კერძო საბავშვო ბაღების გახსნის მოთხოვნით ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე საბავშვო ბაღების მენეჯერები, ასევე მშობლები გამოვიდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, კერძო საბავშვო ბაღები მზად არიან შეასრულონ პანდემიასთან დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნები და საჯარო ბაღების გახსნას არ უნდა ელოდნენ.
„ჩვენ უნდა დაგვეწყო მუშაობა 3 სექტემბერს. ახლა გვითხრეს, რომ საჯარო ბაღებთან ერთად, პირველი ოქტომბრიდან გავიხსნებით, მანამდე მოემზადეთო. მზად ვართ უკვე და როგორ მოვემზადოთ კიდევ? ყველაფერი გვაქვს დაცული, რაც მოითხოვა შრომის უსაფრთხოებამ. ახალ რეკომენდაციებს დაემატა თერმოსკრინინგი და საიზოლაციო ოთახი. შეგვამოწმონ და დავიწყებთ,“ – ამბობს ნათია შალიკაშვილი, „პირველი საბავშვო აკადემიის“ მენეჯერი.
სოფიო ჯორთმენაძის, სტუდია „ჩიპი და დეილის“ მენეჯერის თქმით, „პრობლემაა ის, რომ სახელმწიფომ მათ მიმართ რეაგირება არ მოახდინა და კერძო ბაღები მიაბა სახელმწიფო ბაღებს. ჩვენ ყველა ვართ ფინანსური ვალდებულებების წინაშე, დროულად გვინდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები“.
აქციის მონაწილე ირინე ბოჭორიშვილი ბავშვთა უფლებებზე ამახვილებს ყურადღებას – ბავშვები ახლა მშობლებს ძირითადად სამსახურებში დაჰყავთ.
„ჩვენთან ჯგუფში ისედაც იყო 15 ბავშვი და არ იყო რთული ამ მოთხოვნების დაცვა. ვერ წარმოიდგენთ, დღეში რამდენი სატელეფონო ზარი შემოდის. სად უფრო დაცულია ბავშვი, სამსახურში რომ დაყვება მშობელს, თუ საბავშვო ბაღში, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოწყობილია და ყველა პირობა დაცულია?“ – კითხულობს ირინა ბოჭორიშვილი.
„ვინც იმყოფებოდა საკონდიტრო მაღაზია „დონაში“, შეუძლიათ გადაამოწმონ თავი და მიმართონ კარვებს ტესტირებისთვის. ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში კი აუცილებლად მიმართონ ცხელების ცენტრებს“, – აცხადებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე.
ბათუმში „დონას“ თანამშრომლის ინფიცირების შესახებ, რომელიც საკონდიტროს წინა ხაზზე მუშაობდა, დღეს გახდა ცნობილი.
ნონა ეფაძის თქმით, კორონავირუსზე უფასო ტესტირებისთვის ბათუმში ორ ლოკაციაზეა კარვები განთავსებული, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ PCR ტესტის ჩატარება.
ერთი კარავი ბათუმის ცენტრალურ ბულვარში, კოლონადების გვერდითაა განთავსებული, მეორე კი ახალ ბულვარში – რესტორან „აჭარული სახლის“ მიმდებარედ. დღეს ტესტირება კარვებში 16:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.
ნონა ეფაძის თქმით, „დონას“ თანამშრომლის ინფიცირების წყარო უცნობია, ხოლო ამ დროისთვის მასთან კონტაქტირებულ 50 პირს ჩაუტარდა ტესტირება. მიმდინარეობს სხვა კონტაქტების კვლევაც.
იქედან გამომდინარე, რომ საკონდიტროს ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ნინო ეფაძე მოუწოდებს ყველას, ვინც იმყოფებოდა „დონას“ ამ ფილიალში, „ჩაიტარონ ტესტირება, ხოლო სხვა დღეებში განახორციელონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. რა თქმა უნდა, რეკომენდაცია არის თავის დაცვა სხვებისგან ანუ დისტანცირება. შემდეგ, მათ განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდებათ. ეს იქნება ინდივიდუალურად შესაფასებელი და კონტაქტის თარიღით განსაზღვრება“.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებს ყველა იმ პირს, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა „დონაში“, რომელიც ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარეობს.
როგორც ნონა ეფაძე აცხადებს, კორონავირუსის შემაკავებელი ძალიან დიდი სამუშაოები ტარდება, თუმცა იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს ეპიდსიტუაცია, დროულად უნდა დადგინდეს კონტაქტები და ჩატარდეს კვლევა.
დღეს, პირველ სექტემბერს, ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსი დაუდასტურდა საკონდიტრო მაღაზია „დონას“ თანამშრომელსაც, რომელიც წინა ხაზზე მუშაობდა. საკონდიტრო ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ამ დროისთვის დახურულია.
„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ყველამ დაიცვას უსაფრთხოების წესები, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში – მაღაზიებში, კაფეებში, დაწესებულებებში და ასე შემდეგ. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მიმართონ კარვებს და ჩაიტარონ ტესტირება“, – აცხადებს ნონა ეფაძე.
ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დღეს, პირველ სექტემბერს, განაცხადა ჟურნალისტებთან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ.
ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა საკონდიტრო „დონას“ უკავშირდება, ინფიცირებულია საკონდიტროს თანამშრომელი. ექვსიდან ორი ახალი შემთხვევა საკარანტინო სივრცეს უკავშირდება, ხოლო სამი ინფიცირებული სატვირთო მანქანის მძღოლია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ლი სექტემბრის 21 საათიდან 2 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 26 – 31 გრადუსი
ღამით: 17 – 22 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 27 – 33 გრადუსი
ღამით: 12 – 17 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 3-4 სექტემბერს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
ბათუმში ნამცხვრების მაღაზია „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ შემთხვევის წყარო ჯერ დაზუსტებული არ არის. განცხადებას ახალი შემთხვევების შესახებ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცოტა ხანში გააკეთებენ.
საკონდიტრო მაღაზიის ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე ფილიალი უკვე დაკეტეს. მაღაზიის შესასვლელთან გამოკრულია აბრა, სადაც აღნიშნულია, რომ 14 სექტემბრამდე თვითიზოლაციის გამო მუშაობა შეაჩერეს. მუშაობას განაგრძობს გორგასლის ფილიალი.
კორონავირუსზე უფასო ტესტირების გავლა ბათუმში ორ ადგილზეა შესაძლებელი. ერთი კარავი ბულვარის კოლონადებთანაა გაშლილი, მეორე „აჭარული სახლის“ მიმდებარედ. ტესტირების გავლა დღის 4 საათიდან შეიძლება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
stopcov.ge-ს მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1510-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა – 1253, გარადაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმშია – 5828.
ინტერვიუს დროს ლევან ვარშალომიძემ რამდენჯერმე ახსენა ფრაზა „ბათუმის სასწაული“. მას წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყია, რადგან უცხო ქვეყნიდან ახლახან დაბრუნდა და ჯერ კიდევ კარანტინშია, თუმცა უკვე ჩანს, რომ არჩევნების მოგებას „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ამ გზავნილით აპირებს – ბათუმში განხორციელებული ინვესტიციები და მშენებლობები. ლევან ვარშალომიძეს ვკითხეთ მშენებლობების მიმართ დამოკიდებულებაზეც, რამაც წლების წინ ბათუმში ამომრჩეველი გააბრაზა. ლევან ვარშალომიძე დღეს შეცდომების დაშვებას აღიარებს, ეს ერთგვარი გაკვეთილი იყოო, ასე გვითხრა, თუმცა არ დაგვიკონკრეტა, რა გადაწყვეტილების მიღებას ნანობს პირადად.
„ბათუმელებმა“ ლევან ვარშალომიძესთან ინტერვიუ ტელეფონით ჩაწერა.
ბატონო ლევან, თქვენ იქნებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და რა იყო თქვენი მოტივაცია? როგორც ვიცი, თქვენ არ აპირებდით ბათუმში დაბრუნებას და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმას.
არ დაგეთანხმებით. სადაც არ უნდა ვიყო, მე ყოველთვის ვფიქრობდი ჩემს საქართველოზე, აჭარასა და ბათუმზე. ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ ერთობლივად, გუნდთან ერთად, როცა ხდებოდა კანდიდატების შერჩევა. ამ გადამწყვეტ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, ჩამოვსულიყავი და ვყოფილიყავი ჩემს გუნდთან ერთად.
გვსმენია, რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნა, სიმართლეა?
არა, ეს, რა თქმა უნდა, ჩემი გადაწყვეტილებაა, მასაც ვუთხარი და იყო მისი თანხმობა, მას ჰქონდა დადებითი პოზიცია. აჭარაშიც ჩემს გუნდს, ყველას ვესაუბრე. უკრაინა ჩემთვის მნიშვნელოვანია და ის თანამდებობა, რაც მე მივიღე იქ, მაგრამ დღეს საუბარია ქვეყნის გადარჩენაზე, ეს გადამწყვეტი ბრძოლაა, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ეს დიდი პრობლემა, რომელიც აქვს ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის სახით, ქვეყანამ უნდა მოიშოროს თავიდან. ამისთვის მე მზად ვარ, ჩავერთო ამ ბრძოლაში.
თქვენ ერთხელ უკვე აგირჩიეს დეპუტატად 2016 წელს, როცა პროპორციული სიით მოხვდით აჭარის უმაღლეს საბჭოში. მაშინ დეპუტატობაზე უარი თქვით. ახლა რატომ უნდა გენდოთ ამომრჩეველი, რომ იმავეს არ გაიმეორებთ?
მაშინ, თუ გახსოვთ, 2016 წლის ბრძოლაში პირდაპირ, ჩვენი მთავარი ლოზუნგი იყო გავმხდარიყავი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ეს იყო მოტივი მთელი საარჩევნო კამპანიის. რადგანაც ვერ გავედით და ვერ მოვიპოვეთ ეს უმრავლესობა, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემს შემდგომ ვინც იყო სიაში, ის შესულიყო უმაღლეს საბჭოში. დღეს მე პირდაპირ ვსაუბრობ, რომ არავითარი თანამდებობისთვის არ ვიბრძვი. ეს არის ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის. თანამდებობა რომ მდომოდა, დავრჩებოდი უკრაინაში.
მიხეილ სააკაშვილის ფაქტორზე მინდა გკითხოთ ქართულ პოლიტიკაში. ყოველ არჩევნებზე სააკაშვილი აცხადებს, რომ ის ბრუნდება საქართველოში, მაგრამ უკვე 7 წელია ეს ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, მისი ამ განცხადებით სარგებლობს მმართველი პოლიტიკური გუნდი – წინა არჩევნებზე მათი ძირითადი გზავნილი ეს იყო: თუ არ მოგვცემთ ხმას, „მიშა მოვა“. სააკაშვილის ეს განცხადებები ხომ არ არის ბერკეტი ხელისუფლებისთვის, გარკვეული ამომრჩეველი ისევ მიიმხროს?
თქვენი კითხვის მეორე ნაწილიდან დავიწყებ – მმართველი პარტია ბოლო 8 წლის განმავლობაში მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ლანძღვით ცდილობს გაზარდოს საკუთარი ცნობადობა და ჰგონიათ, რომ ეს არის არჩევნებში გამარჯვების ფორმულა. თუმცა ამდენი ხნის განმავლობაში როცა არაფერი გაგიკეთებია და პირიქით, გააფუჭეს ყველაფერი… ისიც არ იციან, რას დაჰპირდნენ მოქალაქეებს, ირჩევენ ლანძღვას. ამიტომაც, ამ ხალხზე საუბარს მართლა არ ვაპირებ. ჩვენი ძირითადი კონკურენტი ამ შემთხვევაში არის ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩემი მოსაზრებაა, რომ ის მართლაც უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და უნდა იყოს აქტიური. აქტიური არამხოლოდ წინასაარჩევნო პროცესში, არამედ უნდა ჩაერთოს ქვეყნის მართვაში. ის არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც შექმნა ახალი საქართველო. ბათუმის სასწაულიც ერთ-ერთი მისი დამსახურებაა, რადგანაც თუ არა ის, ბათუმში ეს სასწაული არ შეიქმნებოდა.
თქვენ ახსენებთ სასწაულს, რომელმაც ბევრი გაანაწყენა ბათუმში იგივე უსისტემო არქიტექტურით, კულტურული მემკვიდრეობის ნგრევით…
გეთანხმებით, წარსულში დაშვებული შეცდომები ერთგვარი გაკვეთილი იყო ჩვენი გუნდისთვის.
რას ნანობთ თქვენ პირადად?
არ დაგიკონკრეტებთ, რადგანაც ეს რეალობა კონკრეტული თემებიდან გამომდინარეა… უბრალოდ, მირჩევნია, რომ ამ ანალიზიდან გამომდინარე, ვიფიქრო ჩვენს გეგმებზე. წარსული ყოველთვის უნდა ჩავაბაროთ, გადავშალოთ ფურცელი და დავიწყოთ ახალი ცხოვრება.
მაგრამ წარსულში თქვენ უკვე გნახეს, როგორია თქვენი ღირებულებები.
მე ვაპირებ, რომ შევხვდე თითოეულ ბათუმელს, როგორც კი გამოვალ კარანტინიდან, მიუხედავად იმისა, ვის რა პოლიტიკური გემოვნება აქვს. რადგანაც მათთან ერთად ვაპირებ ამ ქალაქის, რეგიონის და მთლიანად ქვეყნის მშენებლობას. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილად აღარ უნდა იყოს სხვადასხვა პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაყოფა. ეს ქვეყანა ჩვენია და ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს ჩართული ამ აღმშენებლობაში.
თქვენი აზრით, რა არის დღეს მთავარი გამოწვევა ბათუმისთვის?
ქალაქს, რა თქმა უნდა, ბევრი რამ სჭირდება. 2004-2012 წლების შედარება ძალიან რთულია 2012 -2020 წლებს შორის და თან მარტივიც, რადგან ჩვენ ქალაქის მშენებლობა დავიწყეთ არა ნული ეტაპიდან, არამედ მინუსებიდან. 2004-2012 წლებში ვაჩვენეთ რის გაკეთება შეგვიძლია, რამდენად სწრაფად შეგვიძლია ჩვენს გუნდთან ერთად, ერთადერთი გვჭირდება ჩვენი მოქალაქეების ჩართულობა იმ კუთხით, რომ ბათუმის სასწაული გახდეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მოდელი ქვეყნის და რეგიონის განვითარებისა.
დღევანდელ რეალობას თუ შევხედავთ, ყველაზე მეტად საქართველოს სჭირდება ახალი სამუშაო ადგილები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვხედავთ, რამდენი მოქალაქე ტოვებს ქვეყანას და მიდის სხვადასხვა სამუშაოს საპოვნელად სხვა ქვეყნებში. ქვეყანას სჭირდება რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია და ბიზნესი.
დღეს თორნიკე რიჟვაძემ გაახსენა თქვენს პოლიტიკურ გუნდს, რომ 4 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია გასხვისდა აჭარაში 1 ლარად. რას უპასუხებთ ამ ბრალდებას? ცნობილია, რომ 1 ლარად მიღებული ქონება შემდეგ მილიონებად გადაყიდეს.
მე „ქართული ოცნების“ მიმართ ძალიან მარტივი კითხვა მაქვს: 8 წლის განმავლობაში დაასახელონ სამი პროექტი, რომელიც დაიწყეს, მუშაობდა და განახორციელეს.
ანუ თქვენ კმაყოფილი ხართ პირდაპირი გაყიდვებით, რაც თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა?
როგორ იყო იცით? რიგ მომენტებში, როცა ქვეყანა დგებოდა ადგილზე, გვჭირდებოდა სწრაფი გადაწყვეტილება, შეიძლება გამოუვალი მდგომარეობა იყო. დღევანდელ დროს, როცა კანონი იძლევა ამის საშუალებას, რომ ყველაფერი გაყიდო ღია აუქციონზე და პირობიანი იყოს ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შესაძლოა, ვიფიქროთ იმ კუთხით, რომ საზოგადოების ჩართულობა იყოს უფრო მეტი. თქვენ გახსოვთ, როგორი წინააღმდეგი იყო ხალხი იგივე „შერატონის“ მშენებლობის, მაგრამ აშენდა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ 400-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა იქ 2009 წლის შემდეგ.
ასე დანგრეული ფოსტის ადგილზეც, რომელიც ისტორიული ძეგლი იყო, დასაქმდნენ ადამიანები…
ფოსტის შენობა შენარჩუნდა. წინააღმდეგობა იყო, რომ შიგნით მაღლივი შენობა აშენდა. მართალი ხართ, ჩართულობა მეტი უნდა იყოს და უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივი მოსახლეობის აზრი, მაგრამ ქვეყანას სჭირდება მძლავრი ბიძგი…
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემით, 10 თვე, მაქსიმუმ 20 თვეც გაგრძელდება პანდემია. პარალელურად ხდება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. ეს კრიზისი კი გამოიხატება შემდეგ ფორმულაში, რომ თუ ადრე გლობალიზაციაზე იყო ყველა კორპორაცია დამოკიდებული, დღეს უკვე გლობალიზაციიდან გადადიან ლოკალიზაციაზე. ყველა ევროპული კორპორაცია უკვე ფიქრობს, რომ ჩინეთიდან ან აზიის სხვა ქვეყნებიდან გადმოვიდნენ სხვა ტერიტორიებზე. უფრო მეტიც, გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თავისი ხელმოწერით გაუგზავნა ათასზე მეტ ამერიკულ კომპანიას წერილი, რომ ჩამობრძანდნენ ინდოეთში და გახსნან საკუთარი კომპანიები.
ერთი სიტყვით, მთელ მსოფლიოში ახლა არის ინვესტორების დატაცება. საქართველოს აქვს საუკეთესო მდებარეობა, მაგრამ დღევანდელი მთავრობა ამაზე მუშაობდეს კი არა, ყველაფერი პირიქით – ჩაკეტილი აქვს.
თქვენს კონკურენტზე მინდა გკითხოთ – რესან კონცელიძე თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო. ჩვენ არ გვსმენია თქვენსა და მას შორის ცუდი ურთიერთობის შესახებ. როგორი იყო მასთან თანამშრომლობა და რას ფიქრობთ ახლა, როცა ის თქვენი კონკურენტია?
მე სამსახურებრივად ნაკლებად მქონდა მასთან ურთიერთობა. როგორც კონკურენტი, ამ ბრძოლაში ჩვენი პირადი კონკურენტი არის ბიძინა ივანიშვილი. სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებ კონკურენტებზე საუბარს. როგორც ყველა პოლიციელი, ის ასრულებდა შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებას და ქვეყანაში იყო ერთიანი სისტემა.
თქვენ მეგობრები იყავით?
არა, მე მქონდა მასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა.
თქვენი დაკვირვებით ამომრჩევლის დამოკიდებულებაში თქვენი პოლიტიკური ძალის მიმართ რა შეიცვალა? ცნობილია, რომ თქვენ გყავთ ე.წ. მყარი ელექტორატი, ამავდროულად არჩევნები და კვლევები აჩვენებს, რომ „ოცნებას“ ამომრჩეველი აკლდება, მაგრამ ის თქვენი ამომრჩეველი არ ხდება.
მე პატივს ვცემ ყველა კვლევას, მაგრამ სიმართლეს გეტყვით, რომ საქართველოში კვლევებს დავეთანხმოთ, არ დავეთანხმოთ… მე მჯერა იმის, რასაც მოსახლეობას ვესაუბრებით, ჩვენი გუნდი რასაც აკეთებს. ყველაზე დიდი სოციალური კვლევა არის 31 ოქტომბერი. გახსოვთ ალბათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ჩვენ ბათუმში 51 პროცენტამდე ავიღეთ, აჭარა ჩვენ მოვიგეთ.
მეორე ტურში რა მოხდა?
„ოცნებამ“ გამოიყენა დაშინების ხერხი, ეს უკვე მათი პოლიტიკური ხელწერაა. ახლაც იმავეს გააკეთებენ, მაგრამ მე გპირდებით, რომ ჩვენ ძალიან მობილიზებული ვიქნებით, როგორც ამას იმსახურებს საქართველოს საზოგადოება, ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე.
არჩევნებს სჭირდება ფული. ვინ აფინანსებს თქვენს საარჩევნო კამპანიას და რამდენით?
არაფერს არ ვმალავთ. ხვალიდან ვიწყებთ ყველა თემის განხილვას და ეს საკითხიც იქნება ონლაინ გამოტანილი, შეგიძლიათ ნახოთ.
თუ არჩევნებს წააგებთ, ისევ დატოვებთ საქართველოს?
არა. საქართველოში ჩვენ 31 ოქტომბერს დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ. მე წაგებას გამოვრიცხავ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დავრჩები საქართველოში. ისედაც ყოველთვის აქ ვიყავი, თუ მივდიოდი, ძალიან ცოტა ხნით მივდიოდი.
ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ირაკლი მოქიამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ფიროსმანის ქუჩაზე, ბათუმის ცენტრში, ზღვის პირას, კომპანია „ორბის“ ე.წ ბეტონის ქარხანა უკანონოდ ფუნქციონირებს. ეს ქარხანა დასახლებაში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, რადგან საწარმო პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსებს შორის დგას და გარემოს აბინძურებს.
ირაკლი მოქიას თქმით, 2018 წელს „ორბი“ უკანონო საწარმოს ფუნქციონირებისთვის დააჯარიმეს კიდეც და საწარმოს დემონტაჟის ბრძანებაც გამოიცა, თუმცა „ორბმა“ მერიას სასამართლოში უჩივლა. როგორც მერიაში აცხადებენ, „ორბთან“ დავის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ საწარმოს დემონტაჟს ვერ ახერხებენ.
იმას, რომ „ორბის“ ბეტონის ქარხანაზე ნებართვა არ არის გაცემული, მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი, მირიან მეტრეველიც ადასტურებს. კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ „ორბის“ ბეტონის საწარმო უკანონოდ მუშაობს? – მირიან მეტრეველი ამბობს, რომ კი.
„დამხმარე ნაგებობების პროექტი ნახაზებში არ არის. ასეთ დროს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უნდა დააჯარიმოს და მოხდეს დემონტაჟი ობიექტის ან შეაჩეროს მუშაობა. შესაძლოა მოგვმართოს შეთანხმებაზეც, მაგრამ ქარხნის შეთანხმებას თავისი წესები აქვს. ჩვენგან ნებართვა არ აქვთ და სხვაგან თუ აიღეს რაიმე სპეცნებართვა, ვერ გეტყვით“, – ამბობს მირიან მეტრეველი.
გარდა იმისა, რომ სამშენებლო კომპანია „ორბი“ ბეტონის საწარმოს უკანონოდ ამუშავებს, მტვერდამჭერი სისტემების ექსპლოატაციის წესების დარღვევის გამო, შესაძლოა, დააჯარიმონ კიდეც. ამის შესახებ „ბათუმელებს“ გარემოს ზედამხედველობის სამსახურში უთხრეს. „ბათუმელებმა“ 29 აგვისტოს გაავრცელა ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს კორპუსებს შორის მდებარე „ორბის“ ბეტონის საწარმო როგორ აბინძურებს ჰაერს.
„ვიდეო როგორც კი გავრცელდა, შევისწავლეთ ეს ფაქტი და როგორც გაირკვა, საწარმოო პროცესში მტვერდამჭერი სისტემა გაიჭედა. ჩვენთვის ეს ფაქტი არის მტვერდამჭერი სისტემის ექსპლოატაციის წესების დარღვევა, ამიტომ ამ ვიდეომასალითაცდა კომპანიის აღიარებიდან გამომდინარე, გატარდება შესაბამისი ღონისძიება“, – ამბობს ნატო დავითაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს განყოფილების უფროსი.
„შესაბამისი ღონისძიება“ ითვალისწინებს სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, რომელიც გადაიგზავნება სასამართლოში, სადაც იმაზე იმსჯელებენ, რამდენით დააჯარიმონ კომპანია.
„ბათუმელები“ კომპანია „ორბსაც“ დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ გადაწყვიტეს ქალაქის ცენტრში, მჭიდროდ დასახლებულ უბანში ეწარმოებინათ სამშენებლო ბეტონი, რაც ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ჩიტაიშვილი ამბობს, რომ „იმ რაოდენობის ბეტონის ტრანსპორტირება, რაც ამ სამი კომპლექსის მშენებლობას დასჭირდებოდა, უფრო მეტ ზიანს მოუტანდა [ქალაქს], ვიდრე აქ გაკეთებული, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული პატარა ქარხანა“.
ნინო ჩიტაიშვილის თქმით, „აქ არ იწარმოება ბეტონი სარეალიზაციოდ, ეს არის ქარხანა, რომელიც მხოლოდ ამ უბანში წარმოებული მშენებლობებისთვის გაკეთდა. როგორც იცით, აქ შენდება სამი მასშტაბური კომპლექსი და, შესაბამისად, ამ კომპლექსების ბეტონით მომარაგებისთვის გაკეთდა. ნებართვა გასცა ბათუმის მერიამ, მაგრამ ნებართვა გაიცა, როგორც დამხმარე ნაგებობის ინფრასტრუქტურის სახით“.
ნინო ჩიტაიშვილს ვკითხეთ, იცოდა თუ არა ბათუმის მერიამ, რომ კომპანია დამხმარე ნაგებობაში ბეტონის საწარმოს მოწყობას აპირებდა. ჩიტაიშვილი ამბობს, რომ მერიამ ეს იცოდა.
„რაზეც ვსაუბრობთ, რომ არის გამონაბოლქვი და ცხოვრება შეუძლებელია, ეს მოხდა (ჰაერში მტვრის გაფრქვევა) მხოლოდ ერთჯერადად, მუშა პროცესის დროს დაზიანდა ფილტრი, რომელიც მომენტალურად შეიცვალა. ყველა სხვა ნორმა ქარხნის ფუნქციონირების, დაცულია“, – ამბობს ნინო ჩიტაიშვილი.
ის ასევე ამბობს, რომ გარემოს დაცვაში კომპანია ყოველი თვის ბოლოს წარადგენს ანგარიშს, „სადაც ჩანს, რომ მშენებლობა მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარეობს“.
ჩიტაიშვილი ამბობს, რომ „ორბის“ საწარმო დასახლებულ უბანში მანამდე იმუშავებს, სანამ აქ მიმდინარე კომპლექსების მშენებლობა არ დასრულდება. მას საუბარში მერიასთან დავა და სასამართლო პროცესები არ უხსენებია.
„ბათუმელები“ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოსაც დაუკავშირდა, რომელიც ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციას პერიოდულად ამოწმებს ქალაქში, თუმცა როგორც სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, ფიროსმანის 18 ნომერში ან მიმდებარე ტერიტორიებზე საწარმოს მიერ გარემოზე ზემოქმედება არ შეუსწავლიათ, არც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი გაუზომიათ.
აღნიშნული კომპანიის ე.წ ბეტონის საწარმო კი შუა ქალაქში, უკვე მესამე წელია მუშაობს.
ბათუმში, ზღვასთან ახლოს, რესტორნების მესაკუთრეებმა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე, შუშით შეფუთული დარბაზები მიაშენეს, ამ დარბაზების წინ კი ზღვაში პირსები გაიყვანეს, სადაც ღია კაფეები მოაწყვეს მერიასთან შეთანხმებისა და ყოველგვარი ნებართვის გარეშე. ეს ამბავი მერიაში იციან, თუმცა რესტორნებს ამით ხელი არ შეშლიათ, ისინი მუშაობას აგრძელებენ. კონტროლზე პასუხისმგებელ უწყებაში კი ამბობენ, რომ კანონით გათვალისწინებული რეაგირება ჰქონდათ და ახლა პასუხს სასამართლოსგან ელიან.
უკონტროლო სამშენებლო პროცესის გამო ბათუმის მერიას დიდი ხანია ღიად აკრიტიკებენ, შეფასებისას კი იყენებენ ისეთ მძიმე ბრალდებებს, როგორიცაა: „ფულს აკეთებენ“, „კორუფციის ბუდეა“ და ასე შემდეგ. გასული კვირის ბოლოს კი მსგავსი რამ თავად პრემიერ გიორგი გახარიასგანაც მოვისმინეთ.
„დასრულდა ფულის კეთების დრო, ბათუმს უნდა ჰქონდეს გენგეგმა“, – განაცხადა პრემიერმა ბათუმში „ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას. რა თქვა ამ სიტყვებით მთავრობის მეთაურმა? – ეს იყო მისი ერთგვარი აღიარება და დასტური ამ დრომდე ქაოსური სამშენებლო პროცესის მიმართ გამოთქმულ ეჭვებზე, თუ სხვა რამ, მაშინ როცა პრემიერს ეკუთვნის ასევე ფრაზა: „რა კორუფცია, რის კორუფცია, იქ თუ ვინმემ ვინმეს რაღაც ქართულ ჯიგრულ პონტში…“
უნებართვო სარესტორნო დარბაზები და პარკინგი პლაჟზე
აგვისტოს მიწურულს, დღის ხუთ საათზე, გოგებაშვილის ქუჩის #33-ში მდებარე რესტორნების წინ, ზღვაზე გამავალ პირსებზე განსაკუთრებული ხალხმრავლობაა, მომხმარებელი სწორედ აქ განთავსებულ მაგიდებს ირჩევს. ეს მაგიდები, როგორც ჩანს, მოთხოვნის შესაბამისად, საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან განთავსებული. შეიძლება ითქვას, რომ სიმჭიდროვეა და თავისუფლად გავლა ჭირს. მართალია, ხალხმრავლობა პირსებსა და სანაპიროზე განთავსებულ მაგიდებზე უფრო შეინიშნება, თუმცა მომხმარებელი რესტორნების დარბაზებსაც აკითხავს, ზღვა დარბაზებიდანაც კარგად ჩანს, თანაც აქ უფრო გრილა.
მეტი კომფორტისთვის აქ პარკინგიც ზედ პლაჟზე მოუწყვიათ და მანქანების გაჩერებას საგანგებოდ არეგულირებენ – ამ ყველაფერში უჩვეულო თითქოს არაფერია და რიგითი მომხმარებელი ან გამვლელი ამ ყველაფერს საკურორტო ქალაქისთვის დამახასიათებელ საქმიანობად აღიქვამს. სინამდვილეში კი სანაპიროზე მოწყობილი შენობები და პირსებიც უკანონოა.
სახელმწიფოს მიწაზე, სანაპიროზე უკანონოდ აშენებული შენობები. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ადგილზე ნავთობტერმინალის მილი გადის.პარკინგი პლაჟზე
ზღვისპირა ზოლი ტურისტებისთვის და, შესაბამისად, ბიზნესისთვისაც ყველაზე მომხიბვლელი ადგილია ბათუმში, ამიტომაც მაღალია კონკურენცია ამ ზოლში მიწის ნაკვეთის მიღებაზე, არამხოლოდ საკუთრებაში, არამედ მართვაშიც კი [ საიჯარო წესით].
საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება ან ნაკვეთის ყიდვა ამ ზოლში ბიზნესმენს სოლიდური თანხა უჯდება ან რამდენიმემილიონიანი ინვესტიციის ვალდებულების აღება უწევს. თუმცა ბათუმში არიან ისეთებიც, ვინც არ იწუხებს თავს ამ ყველაფრისთვის და ბიზნესს სახელმწიფოს მიწაზე, ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ ადგილზე, ზღვის პირას, ყოველგვარი ნებართვის გარეშე იწყებს.
ზუსტად ასე, სახელმწიფოს მიწაზე, სახელმწიფო სტრუქტურებთან შეთანხმების გარეშე გააფართოვეს სარესტორნო ბიზნესი გოგებაშვილის #33-ში, ზღვის პირას. კერძო პირებმა ჯერ სახელმწიფოს მიწის ნაკვეთები დაიკავეს, შემდეგ ამ ნაკვეთებზე რესტორნის მოსაწყობად მასშტაბური რკინა-ბეტონის კონსტრუქციები განათავსეს, ამ კონსტრუქციების წინ კი პირსები მოაწყვეს.
გოგებაშვილის #33-ში რესტორანი „ფიშლანდია“ ფუნქციონირებს. იქვეა რესტორნები – „ლურჯი ტალღა“, „ზღვის ვარსკვლავი“ და „პონტო“, რომელსაც გასული წლის ბოლოს „ნეფტუნი“ ერქვა.
ეს რესტორნები ზღვის სანაპიროზე ერთმანეთის გვერდით მდებარეობს, ერთმანეთის მიყოლებითაა ასევე განლაგებული შენობების წინ უნებართვოდ მიმატებული შუშის დარბაზები და საგანგებოდ მოწყობილი პირსებიც. აქ რესტორნების მეპატრონეებმა უკვე არსებული ბიზნესების გასაფართოებლად სახელმწიფოს კუთვნილი არანაკლებ 1400 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მიიტაცეს პირდაპირ ზღვასთან.
სახელმწიფო აუდიტორის ინფორმაციით, რაზეც ის თავის ანგარიშში წერდა, ამ შენობა-ნაგებობების სახელმწიფო მიწაზე უნებართვოდ მშენებლობა დაწყებულია და მიმდინარეობს, მინიმუმ, 2016 წლიდან, რასაც ბათუმის მერიაში კატეგორიულად უარყოფენ. მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის, ირაკლი მოქიას ინფორმაციით, ეს შენობები და პირსები მხოლოდ 2019 წელს ააშენეს უნებართვოდ და „ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც არსებობს“.
აუდიტორი კი თავის დასკვნაში ამტკიცებს, რომ მერიამ უნებართვოდ აშენებულ შენობებთან დაკავშირებით ღონისძიებების გატარება მხოლოდ აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში დაიწყო, [8.10.2019] და უნებართვოდ აშენებული შენობების მესაკუთრეები 3-3 ათასი ლარით, ჯამში − 12 000 ლარით დააჯარიმა.
ჩვენ აუდიტის სამსახურსაც დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ აუდიტორმა მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის გამოკითხვა-გამორკვევის საფუძველზე დაადგინა, რომ უკანონო შენობები და პირსები იქ 2016 წლიდან არსებობს. ამის გარდა, ერთ-ერთმა მესაკუთრემ პირად საუბარში დაგვიდასტურა კიდეც, რომ მშენებლობა გაცილებით ადრე დაიწყო.
აუდიტორის ჩანაწერი: ბათუმის მერიამ დროულად არ გამოავლინა და არ აღკვეთა უნებართვო მშენებლობები, არ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება მშენებლობის შეჩერების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული 2 და 3-სართულიანი შენობების დემონტაჟის შესახებ. ამის ყველაფრის შედეგად კი, „ქალაქში გაჩნდა სივრცითი დაგეგმარების, კონსტრუქციული განაშენიანების, არქიტექტურული პარამეტრებისა და ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის გარეშე, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაძლო შეუსაბამო რვა შენობა.
ირაკლი მოქიას განმარტებით, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რესტორნების მეპატრონეების დაჯარიმების პარალელურად მოამზადა სააღსრულებლო ფურცელი უკანონოდ აშენებული ფართობების, ასევე პირსების დემონტაჟის მოთხოვნით და სააღსრულებლო ბიუროში გადააგზავნა. მოქიას თქმით, მერია დაუყონებლივ დემონტაჟს ითხოვდა, თუმცა მესაკუთრეებმა სააღსრულებლო ფურცელი გაასაჩივრეს და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელეს მუშაობა.
რა თანხა შევიდოდა ბიუჯეტში, ამ რესტორნებს კანონიერად რომ ემუშავათ
2020 წლის მაისში იმავე ზოლში, ზღვის პირას, მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით შპს „უტევანმა“ მოითხოვა. მოთხოვნილი ტერიტორიის გვერდით, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე რესტორანი „რივიერა“ ფუნქციონირებს.
მერია კომპანიას დათანხმდა 478 კვადრატული მეტრი ტერიტორია პირობით – წელიწადში 15 000 ლარად გადაეცა, რაც ერთ კვადრატულ მეტრზე წელიწადში 31,38 ლარია. განკარგულების პროექტის მიხედვით, ფასი აუდიტმა დაადგინა. ამ მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკანონოდ ათვისებული მიწის ნაკვეთების გამოყენებისთვის ოთხ რესტორანს ბათუმის ბიუჯეტში, ერთ წელში, ჯამში, 50 000 ლარი უნდა შეეტანა, იმ შემთხვევაში კი, თუ ამ ფართობზე შენობები გაჩნდებოდა, ამას დაემატებოდა აღნაგობის საფასურიც. მონაცემებში არ შეგვიყვანია ასევე პირსის და უნებართვო პარკინგის ნებართვით მოწყობის შემთხვევაში საჭირო გადასახადების მოცულობაც.
ვის ხედავს მერია და ვის ვერ ხედავს
ამ ყველაფრის პარალელურად, პირებს, რომლებსაც ბათუმის ბულვარში უკვე 14 წელია სარესტორნო ბიზნესი აქვთ, მერიას ხელშეკრულების გაგრძელების თხოვნით მიმართეს. მერიაში მათ არ უპასუხეს, შემდეგ კი სახელმწიფოს ქონების არამართლზომიერი მფლობელობისთვის სასამართლოში უჩივლეს. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 11 ნაკვეთს, რომელიც 2005 წელს ბათუმის მერიამ კონკურსის წესით, იჯარით გასცა. თერთმეტივე ნაკვეთი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვასთან ახლოს მდებარეობს.
ერთ-ერთი მოაღნაგისთვის მიწერილი წერილის მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, 2018 წლის დეკემბერში ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ მოაღნაგეს შეახსენა, რომ აღნაგობის საფასურის სახით წელიწადში 3 625 ლარი უნდა გადაეხადა და დღემდე არაფერი გადაუხდია. ასევე განუმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის [122-ე მუხლის მეშვიდე პუნქტი] თანახმად, ის ვალდებულია გადაიხადოს ამ ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 5%, ანუ 21 230 ლარი, ამას დაემატება პირგასამტეხლოც, უძრავი ქონების საფასური და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა თანხა. როგორც მერიის წერილშია მითითებული, კომპანიას, საერთო ჯამში, მერიისთვის 57 020 ლარი აქვს გადასახდელი. თერთმეტივე მესაკუთრე მტყუან-მართლის გარკვევას დღემდე სასამართლოში ცდილობს.
ვის ეკუთვნის უკანონო რესტორნები და რას ამბობენ ისინი
„ეს იყო ანტისანიტარია და ჩვენ გავალამაზეთ, დიდი მანქანებით ნაგავი გავიტანეთ და მოვაწესრიგეთ იქაურობა, სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა მოთხოვნა და ინტერესი ამ ადგილზე. კაფემ მოწონება დაიმსახურა და მოთხოვნაც მაღალია. გვყავს სტუმრები ისრაელიდან, უკრაინიდან, რომლებსაც ჩვენი კაფე ძალიან მოსწონთ. ვფიქრობ, მერია უნდა შეგვითანხმდეს საიჯარო პირობებზე“, – გვითხრა რესტორან „ლურჯი ტალღის“ მეპატრონემ იორდან ბიკოვმა. ის ამბობს, რომ პირსი მას არ მოუწყია და ძველ პირსს გაუკეთა რეკონსტრუქცია: „იქ იყო ძველი პირსი, ორმოცდაათწლიანი ისტორიით, მე ამ პირსს გავუკეთე რეკონსტრუქცია“.
იორდან ბიკოვის აზრით, მერია მათ საიჯარო პირობებზე უნდა შეუთანხმდეს: „მივმართეთ ამის თაობაზე, მაგრამ პასუხი არ გვაქვს“. მან ვერ დააკონკრეტა, როდის მიმართეს რესტორნის მეპატრონეებმა მერიას საჯარო პირობებზე შეთანხმების მოთხოვნით – დაჯარიმებამდე თუ დაჯარიმების შემდეგ: „როგორც მახსოვს, მანამდეც და მას შემდეგაცო“.
რეესტრის მონაცემებით, „ფიშლანდია“ ნათია ჭიჭინაძეს ეკუთვნის. რესტორანს რეალურად რევაზ ჭიჭინაძე მართავს, მის სახელზე აქვს მომზადებული მერიას საჯარიმო ფურცელიც.
„ზღვის ვარსკვლავი“ კი ამირან ბერიძეს ეკუთვნის. ის ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება: „ ეს იყო მეთევზეთა კავშირის ტერიტორია და ჩვენ აქ გვქონდა შენობები, შემდეგ მოთხოვნა გაიზარდა და შესაბამისად ჩვენც გავაფართოვეთ ადგილი. თავდაპირვალად ქოლგები განვათავსეთ, მაგრამ მალევე დაზიანდა, უსახური გახდა, ამიტომაც მსუბუქი კონსტრუქციით კაპიტალურად მოვაწყვეთ ყველაფერი. ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა კაონმდებლობის შესაბამისად ეს ყველაფერი, ამიტომაც სასამართლოს მივმართეთ“
წესით, თუ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ბიზნესის დასაწყებად [გეგმავ თუ არა აქ მშენებლობას] ჯერ მიწის ნაკვეთი უნდა აიღო იჯარით, რაც შესაბამის გადასახადებსაც ითვალისწინებს, თანხა ბიუჯეტში უნდა შევიდეს. ასეთი ხელშეკრულება უფლებას არ გაძლევს ამ ნაკვეთზე მშენებლობა წამოიწყო. ამისთვის უნდა მოამზადო პროექტი და ის თავისი ესკიზებით მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს წარუდგინო. სამსახური პროექტს განიხილავს და დადებით პასუხის შემთხვევაში მიიღებ ნებართვას სასურველი მშენებლობის დასაწყებად, ან კონსტრუქციული ნაგებობის მოსაწყობად.
ასე იქცევიან კანონმორჩილი ადამიანები ან ისინი, ვინც იცის, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეექმნება – მოვა ზედამხედველობის სამსახური [ახლა უკვე მუნიციპალური ინსპექცია] დაგაჯარიმებს, დაგანგრევინებს ნაგებობას და ხარჯები, რაც ამ დრომდე გაიღე, შეიძლება წყალში ჩაგეყაროს. მაგრამ ბათუმში ყოველთვის ასე არ ხდება და ასეთ მაგალითებზე უახლოეს მომავალში ისევ გამოვაქვეყნებთ.
მოძრაობა Black Lives Matter-ის აქტივისტებმა კანადაში ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრის, ჯონ მაკდონალდის ძეგლი ჩამოაგდეს, რომელსაც ადგილობრივი ინდიელების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებასა და კულტურულ გენოციდში ადანაშაულებენ.
სოციალურ ქსელებში ძეგლის ჩამოგდების ამსახველი კადრები ვრცელდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კვებეკის პროვინციის მმართველი, ფრანსუა ლეგო ინცინდენტს მიუღებელს უწოდებს. „ჩვენი ისტორიის ნაწილის განადგურება გამოსავალი არ არის”, – ამბობს ფრანსუა ლეგო.
კანადური გამოცემების ცნობით, აქციის მონაწილეთაგან არავინ დაუკავებიათ.
ჯონ მაკდონალდი კანადის პრემიერ-მინისტრი 1873-1891 წლებში იყო, ისტორიაში ის შევიდა კანადის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის და ერის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილის შემტანი რეფორმატორი. ამასთანავე ის იყო ინდიელთა ბავშვებისთვის სკოლა-ინტერნატების გახსნის ინიციატორი. ამ სისტემამ 100 წელი იმუშავა. მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ ცოტა 150 ათასი ბავშვი წაიყვანეს ინდიელთა ოჯახებიდან ძალით სახელმწიფო სკოლა-ინტერნატებში სასწავლებლად. იყო ძალადობისა და ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები. ბავშვებს ეკრძალებოდათ თავიანთ ენაზე საუბარი და კულტურის მიმდევრობა. 2015 წელს კანადის ხელისუფლებამ იმდროინდელი მოვლენები ოფიციალურად აღიარა კულტურულ გენოციდად.
მაკდონალდს ადანაშაულებენ ასევე იმაში, რომ ის აშიმშილებდა რეზერვაციაში მყოფ ინდიელებს, სადაც ეპიდემია გავრცელდა და უამრავი ადამიანი დაიხოცა. მაკდონალდის ხელისუფლება აიძულებდა ინდიელებს, დაეტოვებინათ საკუთარი ტერიტორიები.
კვებეკის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ლეგომ სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა, რომ ვანდალიზმს არაფერი ამართლებს.
„ვინც და რასაც არ უნდა ფიქრობდეს ჯონ მაკდონალდზე, ასე მისი ძეგლის დამხობა უბრალოდ მიუღებელია. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ რასიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ისტორიის განადგურება გამოსავალი არ არის. ჩვენი დემოკრატიის ქვეყნისთვის ვანდალიზმი მიუღებელია და ძეგლი უნდა აღდგეს” – ნათქვამია პოლიტიკოსის განცხადებაში.
მაკდონალდის ძეგლის მსგავსად აშშ-ში ჩამოაგდეს ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი, დიდ ბრიტანეთში ჩამოაგდეს ასევე იმ ისტორიული პირების ძეგლები, რომლებიც მონებით ვაჭრობის საქმეში იყვნენ ჩართული.
ბელგიაში მეფე ლეოპოლდ მეორის ძეგლი დააზიანეს, მას ბელგიის ყოფილი კოლონიის ტერიტორიაზე მცხოვრებ შავკანიანებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. ეს ტერიტორია მოგვიანებით კონგოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად იქცა.
მოძრაობა Black Lives Matter მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც 2020 წლის 25 მაისს აშშ-ს მინესოტას შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის ოფიცრებმა დააკავეს აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი, რომელიც, როგორც აუტოფსიამ დაადგინა, ერთ-ერთი ოფიცრის, დერეკ ჩაუვინის მიერ გამოყენებული ილეთის (მან ძირს დაწოლილ ფლოიდს ყელზე მუხლი დააჭირა) შედეგად გარდაიცვალა.
მრავალათასიანი დემონსტრაციები გაიმართა რასიზმის წინააღმდეგ აშშ-ში, პარიზში, ლონდონსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა თუ ქალაქში.
მსოფლიოში გრძელდება პოლემიკა იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა მონებით მოვაჭრეების, იმპერიული პოლიტიკის მიმდევრებისა და რასისტების ძეგლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში.
ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დღეს, 31 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის თქმით, ავტომანქანა, რომელშიც სამი პირი იმყოფებოდა, მდინარე აჭარისწყალში გადავარდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
თვითმხილველისვე ინფორმაციით, ავტომანქანაში მსხდომი პირები არ დაშავებულან.
მდინარე აჭარისწყალში ავტომანქანა გადავარდა / 31.08.2020
დღეიდან „ევრონიუს საქართველო“, სრულფასოვან ქართულენოვან მაუწყებლობას იწყებს. არხი მაყურებელს სთავაზობს დილის, დღისა და საღამოს ახალი ამბების გამოშვებებს უწყვეტ რეჟიმში.
„ევრონიუსი“, დასავლური სტანდარტების შესაბამისი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ახალი ამბების არხია. სარედაქციო პოლიტიკის თანახმად, „ევრონიუსის“ მიზანია განსხვავებული მოსაზრებები მიუკერძოებლად მიაწოდოს აუდიტორიას და საკუთარი აზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობა მისცეს. „ევრონიუს საქართველოც“ „ევრონიუსის“ ღირებულებებს ეფუძნება – სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. „ყველა ხმა, ყველა მოსაზრება – All news all views”, ევრონიუსის ეს მთავარი გზავნილი „ევრონიუს საქართველოს“ გზავნილიცაა.
„ევრონიუს ჯორჯია“ გასული წლის სექტემბერში ევროპის წამყვანმა საერთაშორისო ახალი ამბების არხმა „ევრონიუსი, და საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, „სილქნეტმა“, პარტნიორული ხელშეკრულებით დააფუძნეს.
გიორგი რამიშვილი, „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თანმჯდომარე:
“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც მთელი მსოფლიო მოიცვა პანდემიამ, ჩვენ შევძელით და დაპირებისამებრ, დროულად მოვახერხეთ „ევრონიუს ჯორჯიას“ ქართული მაუწყებლობის უზრუნველყოფა. დარწმუნებული ვარ, ეს სასარგებლო იქნება საზოგადოებისათვის. „ევრონიუს ჯორჯიას“ გუნდს მინდა ვუსურვო წინსვლა და წარმატებები”.
მაიკლ პეტერსი, ევრონიუსის აღმასრულებელი დირექტორი:
„ბედნიერი ვარ, რომ „ევრონიუს ჯორჯიამ“ მაუწყებლობა დაიწყო. ძალიან ვამაყობ იმ გზით, რომელიც ევრონიუსმა, სილქნეტისა და ევრონიუს ჯორჯიას გუნდთან ერთად გაიარა, რათა უმოკლეს დროში აეწყო ახალი ამბების არხი – 24 საათიანი უწყვეტი მაუწყებლობა. და ეს პანდემიის გამო გამოწვეული მძიმე კრიზისის მიუხედავად მოხერხდა. ბოლო 27 წლის განმავლობაში, ევრონიუსი რჩება სანდო და საიმედო მედიასაშუალებად. იგი მიუკერძოებლად აწვდის ახალ ამბებს მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, რომ „ევრონიუს ჯორჯიას“ ექნება იგივე ხარისხი და მიუკერძოებლობის ისეთივე დონე, როგორც თავად „ევრონიუსს“.
„ევრონიუს ჯორჯიას“ მთავარ რედაქტორად მოწვეულია ბერძნული „ევრონიუსის“ მთავარი რედაქტორი, ვასილის ბიცისი. მისი მრავალწლიანი გამოცდილება მეტად მნიშვნელოვანია „ევრონიუს ჯორჯიასათვის“, რათა ზედმიწევნით იყოს გადმოცემული „ევრონიუსის“ ფასეულობები და სარედაქციო პოლიტიკა.
ჯანო ჟვანია, „ევრონიუს ჯორჯიას“ დირექტორი:
„ჩვენ შემოვიკრიბეთ გამოცდილი პროფესიონალები, ვისთვისაც ძვირფასია ის ღირებულებები, რომლებითაც „ევრონიუს ჯორჯია“ ხელმძღვანელობს – დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და განსხვავებული თვალსაზრისი. „ევრონიუს ჯორჯიას“ გუნდი ცდილობს შექმნას წარმატებული მედიასაშუალება, რომელიც საქართველოსთვის ღირსეული შენაძენი იქნება“.
„ევრონიუსის“ სტრატეგიული გადაწყვეტილების კვალდაკვალ, გახდეს მსოფლიოში პირველი „გლობალურ-ლოკალური მედია“, კომპანიამ 18 თვის განმავლობაში სამი წარმომადგენლობა დააფუძნა. „ევრონიუს საქართველო“ მესამეა, „ევრონიუს ალბანეთისა“ და „ევრონიუს სერბეთის“ შემდეგ. „ევრონიუს ალბანეთმა“ მაუწყებლობა 2019 წლის ნოემბერში დაიწყო.
“ევრონიუსი“ ევროპის ყველაზე რეიტინგული ახალი ამბების არხია და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სანდო ბრენდი მთელ კონტინენტზე.
მსოფლიოს მასშტაბით, „ევრონიუსი“ 160 ქვეყანაში მაუწყებლობს და მას თითქმის 400 მილიონი ოჯახი უყურებს, აქედან 67% ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთზე მოდის. გლობალური ვებინდექსის (Global Web Index) 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, არხი ყოველთვიურად 150 მილიონ ადამიანს აწვდის ინფორმაციას როგორც სატელევიზიო, ასევე ციფრული პლატფორმების მეშვეობით.
„მთლიანად მუნიციპალიტეტი იყო პარალიზებული მაშინ, როდესაც „ოცნება“ ვითომ მოსახლეობას ხვდებოდა, მე ყველა კაბინეტი დავიარე, მხოლოდ საკრებულოს აპარატში დამხვდა მთავარი სპეციალისტი ია დუმბაძე“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის მაღალმთიანეთიდან საქართველოს პარლამენტში. მიშა ბოლქვაძემ დღეს, 31 აგვისტოს, ფეისბუქზე, პირდაპირი ვიდეოჩართვით აჩვენა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაცარიელებული შენობა და გამოკეტილი კაბინეტები.
საუბარია „ქართული ოცნების“ მოსახლეობასთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს ხელვაჩაურის მერიის შენობის წინ ჩატარდა და სადაც მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა აჭარის მაღალმთიანეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.
მიშა ბოლქვაძეს ფეისბუქზე ვიდეოჩართვის დროს სპეცსამსახურის თანამშრომლები შეხვდნენ. ერთ-ერთი მათგანი ხელვაჩაურის საკრებულოს წევრს ეუბნება, რომ „ზემოდან გადაღება არ შეიძლება“.
დაკეტილი კაბინეტების პარალელურად მერიის წინ რომ პარტიული შეხვედრა იმართება, ესეც ვიდეოჩართვაში ჩანს.
რატომ არ იყვნენ საჯარო მოხელეები სამსახურში სამუშაო დღეს და სამუშაო საათებში? – კითხვის დასმა ხელვაჩაურის მერისთვის გვინდოდა, თუმცა მისი მობილური ტელეფონი გამორთულია.
„თუ დადასტურდება, საყვედურს ვეტყვი თავისთავად, ჩვენ ხომ მაკონტროლებლები ვართ. გაფრთხილებას მივცემ, რომ მეორედ აღარ ჩაიდინონ მსგავსი საქციელი,“ – გვითხრა ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნადიმ ვარშანიძემ. ის პარტიულ შეკრებას ესწრებოდა, თუმცა ამბობს, რომ მერიის სამსახურის უფროსები და საჯარო მოხელეები, რომლებიც ამ დროს სამსახურში უნდა ყოფილიყვნენ, არ დაუნახავს.
„მე იქ საკრებულოს წევრებთან ერთად ვიყავი… რა გამეკონტროლებინა, ესწრებიან თუ არ ესწრებიან? მე არ მინახავს ეს ვიდეო, ვნახავ და გავაკონტროლებ,“ – აღნიშნა ნადიმ ვარშანიძემ. მან „ბათუმელებთან“ არც ის გამორიცხა, რომ მიშა ბოლქვაძემ შესაძლოა „ლაივი“ შესვენების დროს ჩართო, რომ დაკეტილი კაბინეტები ეჩვენებინა.
„შეიძლება პერერივის დროს ავიდა, ჩვეულებრივი ხრიკებია,“ – დასძინა ნადიმ ვარშანიძემ.
„მიუხედავად იმისა, რომ არ არის ოფიციალურად დაწყებული წინასაარჩევნო პერიოდი, ეს ფაქტი ყურადღებას იქცევს და ერთგვარი მაგალითი უნდა გახდეს იმისა, თუ როგორ არ უნდა იქცეოდნენ საჯარო მოხელეები“, – მიიჩნევს მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია – ის 31 ოქტომბერს ჩატარდება და ამის შესახებ დღეს, 31 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. უკვე გამოცემულია აქტიც არჩევნების თარიღის შესახებ, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდის რეგულაციები კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე აქტიურდება ანუ ამ შემთხვევაში პირველი სექტემბრიდან.
„კანონის ზოგადი სულისკვეთებიდან უნდა ამოვიდეთ და მანამდე პერიოდში უნდა შეიზღუდოს საჯარო მოხელეების მხრიდან მსგავს პარტიულ შეკრებებზე დასწრება. თუკი ეს დასტურდება, იგი უნდა შეფასდეს, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,“ – ასეთია მადონა ბერიძის შეფასება, ის „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორია.
მადონა ბერიძე განმარტავს, რომ ეს შემთხვევა ხვალ რომ დაფიქსირებულიყო, ფაქტი შესაბამის საოლქო კომისიას უნდა შეესწავლა და თუკი არაუფლებამოსილი საჯარო მოხელეების მხრიდან პარტიულ შეკრებაზე დასწრების ფაქტი დადგინდებოდა, თითოეულ მათგანს 2 ათასი ლარით დააჯარიმებდნენ.
მალხაზ ჭკადუა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან“ ყურადღებას ამახვილებს კიდევ რამდენიმე ფაქტორზე: საჯარო მოხელეებიდან, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა, რამდენი იყო შვებულებაში ან რამდენს ჰქონდა დათხოვნაზე დაწერილი განცხადება.
„მეორე მხრივ, არ ვიცით, ამ ადამიანებიდან რა ნაწილი მივიდა ამ ღონისძიებაზე საკუთარი ნებით და რა ნაწილს მოსთხოვეს იქ ყოფნა. ჩვენ ვიცით წინა წლების პრაქტიკიდან, როცა ხანდახან ასეთ ღონისძიებებში ჩართულობა დამსწრეების მხრიდან არ არის ნებაყოფლობითი და მას აქვს დავალების ხასიათი. ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზეც, რომ ასეთ სააგიტაციო შეხვედრებში მონაწილეობა არ უნდა იწვევდეს მუნიციპალიტეტის მუშაობის პარალიზებას. ასეთ დროს რომ მოქალაქე მივიდეს მერიაში, ის ვერ მიიღებს სერვისს, რადგან ყველა ოთახი გამოკეტილია, საჯარო მოხელეები და თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ პარტიულ შეხვედრაზე,“ – აღნიშნა მალხაზ ჭკადუამ „ბათუმელებთან“.
ღამის 11 საათის შემდეგ ბათუმში ფეიერვერკის გაშვება და პიროტექნიკის გამოყენება 6 წელია აკრძალულია, თუმცა ეს ფორმალური აკრძალვაა. მაგალითად, 2020 წელს ღამის 11 საათის შემდეგ პიროტექნიკის გამოყენებისთვის არავინ დაუჯარიმებიათ, მიუხედავად იმისა, რომ შუაღამისას ბათუმში ფეიერვერკების ხმა არაერთ მოქალაქეს აწუხებს.
ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ მათთვის მოქალაქეებს არ მიუმართავთ.
დებულება, რომლის თანახმადაც ბათუმის ტერიტორიაზე ღამის 11 საათიდან დილის 8 საათამდე ფეიერვერკის გაშვება იკრძალება, ქალაქის საკრებულომ 2014 წელს დაამტკიცა. მიზეზი ბათუმელების უკმაყოფილება იყო ღამით პიროტექნიკის გამოყენების გამო. ჯარიმა კერძო პირის შემთხვევაში 150 ლარია, იურიდიული პირის შემთხვევაში კი – 500 ლარი. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება, თუმცა კონტროლის არარსებობის გამო ფეიერვერკის მომწყობთ ჯარიმა არ აშინებთ.
ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ამბობენ, რომ პიროტექნიკით გამოწვეული ხმაურის კონტროლი რთულია, ძირითად შემთხვევებში ვერ დგინდება, ვინ იყენებს პიროტექნიკას, რადგან ფეიერვერკი მაქსიმუმ რამდენიმე წუთს გრძელდება, ამ დროში პიროტექნიკის გამოყენების შემთხვევაზე მერიაში შეტყობინება უნდა შევიდეს, ადგილზე უნდა გავიდეს ჯგუფი და ფაქტი გადაამოწმოს.
ბათუმში ღამის 11 საათის შემდეგ პიროტექნიკის გამოყენებისა და გადაჭარბებული ხმაურის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 598 85 15 20.
„ინფორმაცია უნდა შემოვიდეს ხმაურის მონიტორინგის განყოფილების ცხელ ხაზზე, რომელიც 24 საათს მუშაობს. უნდა დააფიქსიროს მოქალაქემ, რომ მოხდეს გასვლა და შესწავლა, რეაგირება. უნდა დადასტურდეს სამართალდარღვევის ფაქტი, თუ არ იქნება დადასტურებული, ვერანაირი რეაგირება ვერ მოხდება. პირველი იანვრიდან დღემდე ღამით პიროტექნიკის გამოყენებაზე შეტყობინება მოქალაქეების მხრიდან არ შემოსულა ცხელ ხაზზე. ჩვენ გვაქვს ელექტრონული ჟურნალი, სადაც იწერება მონაცემები, იწერება ხმაურის მიზეზი – ესაა სამშენებლო ხმაური, პიროტექნიკით გამოწვეული ხმაური თუ ა.შ., ჯგუფი გადის და რა რეაგირება გაკეთდა, ესეც აღირიცხება“, – ამბობს ნუგზარ ცეცხლაძე, გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი მერიაში.
ფეიერვერკებს ღამის 11 საათის შემდეგ ძირითადად რესტორნებისა და სარიტუალო დარბაზების მიმდებარედ უშებენ. გაფრთხილებული ჰყავს თუ არა მერიას აკრძალვის შესახებ ეს დაწესებულებები? ნუგზარ ცეცხლაძე ამბობს, რომ კი.
„გაფრთხილებულნი არიან ობიექტის მეპატრონეები, რომ აკრძალულია ღამის 11 საათის შემდეგ პიროტექნიკის გამოყენება და არსებობს შესაბამისი სანქციები. ინფორმაცია უნდა შემოვიდეს ჩვენთან და დადასტურდეს ფაქტი, უნდა იყოს ფოტო ან ვიდეომასალა, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ჯგუფმა“, – ამბობს ნუგზარ ცეცხლაძე.
ღამის 11 საათის შემდეგ ბათუმში პიროტექნიკის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ, საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შემთხვევაში.
დღეს, 31 აგვისტოს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ოფიციალურად დასრულდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, 2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლას 29 614 აბიტურიენტი გააგრძელებს.
2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული.
„მათ კი, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს წელს ამ არც თუ ისე მარტივ პერიოდში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, ვთხოვ, არ დაკარგონ მოტივაცია – უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მომავალშიც ექნებათ“, – აცხადებს გორგოძე.
ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, ამათგან:
100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა
70%-იანი დაფინანსება – 1500-მდე აბიტურიენტმა
50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო
„წინა წელს თუ შევადარებთ, შარშან სტუდენტი გახდა რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 71%, წელს კი – 75%. ასე რომ, ამ თვალსაზრისით წელს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს“, – ამბობს გორგოძე.
ბათუმში აბიტურიენტები ქულების მომატებას ითხოვენ. მათ აქციაც გამართეს ამ მოთხოვნით. ისინი აცხადებენ, რომ რადგან პანდემიის გამო სასწავლო პროცესი არასრულყოფილად წარიმართა, მათ ვერ შეძლეს შესაბამისი ცოდნის მიღება, რაც აისახა კიდეც ეროვნული გამოცდების შედეგებზე.
„მე, პირადად, ორი საგანი ჩავაბარე მაღალ ქულაზე და მათემატიკაში დამაკლდა 3 ქულა, რადგან ძალიან რთული ტესტები იყო. თუმცა ისეთებიც არიან, ვისაც 1 და უფრო ნაკლები ქულა დააკლდათ ბარიერის გადასალახად. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, თუ 5 ქულამდე დაგვიმატებენ“, – ამბობს ერთ-ერთი აბიტურიენტი ელზა გორაძე.
„რადგან მთავრობა აცხადებდა, რომ პანდემიას ყველა ერთად გავუმკლავდებით, შეღავათი იქნებაო, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მოთხოვნებიც უნდა გაითვალისწინონ“, – ამბობენ აქციაში მონაწილე აბიტურიენტები.
აბიტურიენტებმა ქულების მომატების მოთხოვნით ბათუმში აქცია გამართეს.
მათი აზრით, დისტანციური სწავლების პერიოდში, ტექნიკური პრობლემების გამო, ბევრი მოსწავლე მოწყდა სასწავლო პროცესს. ისინი ვერც რეპეტიტორებთან ახერხებდნენ მომზადებას, რადგან გარკვეული პერიოდი კარანტინი იყო ქვეყანაში გამოცხადებული. „შემდეგ კი ზოგს ფინანსური პრობლემები გაუჩნდა ან დროს სიმცირის გამო მასალის სრულად ათვისება ვეღარ მოასწრეს“, – ამბობენ აქციაში მონაწილე აბიტურიენტები.
დღეს, 31 აგვისტოს, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების თაობაზე საბოლოო ინფორმაცია გამოაქვეყნა. „ბათუმელების“ კითხვაზე, განიხილავს თუ არა ცენტრი იმ აბიტურიენტების მოთხოვნას ქულების დამატებაზე, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ, ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე ამბობს, რომ მეორადი ჩარიცხვების სისტემა რამდენიმე წელია გაუქმებულია და არც წელს იგეგმება.
„რაც შეეხება იმას,რომ რთული პერიოდი იყო და აბიტურიენტებმა მომზადება ვერ შეძლეს, ამის საპირისპიროს გვიჩვენებს ის, რომ წელს უფრო მეტი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, ვიდრე წინა წელს. შესაბამისად, ის, რომ წელს განსაკუთრებულად რთული პირობები იყო და ამის გამო უნდა მოვუმატოთ ქულები, რეალობას მოკლებულია,“-ამბობს გორგოძე.
ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი და „ცვლილებები საზღვრების გარეშე”, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, იწყებენ „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას“ (English Access Microscholarship Program).
პროგრამა განკუთვნილია სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახების ბავშვებისთვის და მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის. პროგრამა განკუთვნილია 14-18 წლამდე მოზარდებისთვის. პროგრამის მონაწილე ბავშვები შეირჩევიან საქართველოს მასშტაბით 25 სხვადასხვა ადგილზე: ქუთაისში, ფოთში, ამბროლაურში ,ჯოყოლო/დუისში, თელავში, ბათუმში, მესტიაში, გორში, ყაზბეგში, ზუგდიდში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, მარნეულში, დუშეთში, საგარეჯოში, რუსთავში, ახალციხეში, ოზურგეთში, ანაკლიაში, ბორჯომში, ხაშურში, ლაგოდეხში, ლანჩხუთში, ტყიბულსა და ზესტაფონში. თითო ქალაქში 25-25 მოსწავლე.
„შერჩეული 25 მოსწავლე ისე გადანაწილდება 2 ჯგუფში წინასწარი ტესტირების საფუძველზე, რომ თითოეულ ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატებოდეს 13-ს. პროგრამის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ინგლისურის სამი ორსაათიანი გაკვეთილი კვირის განმავლობაში. გაკვეთილი ჩატარდება არასასკოლო საათებში“.
პროგრამა ორწლიანია და მოიცავს სწავლების 4 სემესტრს.
[checklist]
პირველი სემესტრი: ოქტომბერი – დეკემბერი 2020
მეორე სემესტრი: იანვარი – ივნისი 2021
მესამე სემესტრი: სექტემბერი – დეკემბერი 2021
მეოთხე სემესტრი: იანვარი – ივნისი 2022
[/checklist]
პროგრამის ხელმძღვანელთა განმარტებით, მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ყველა პუნქტი, რადგან არასრული აპლიკაციები არ მიიღება. „აპლიკაციაში გადმოცემული ინტერესი მნიშვნელოვანია პროგრამის მონაწილეთა შერჩევისთვის. იყავით რაც შეიძლება კონკრეტული და გადმოგვეცით ამომწურავი ინფორმაცია“.
პროგრამაში მონაწილე ბავშვებს შეუძლიათ შევსებული აპლიკაცია ორგანიზაციას მიაწოდონ როგორც ინტერნეტით, ისე ამობეჭდილი სახით „ცვლილებები საზღვრების გარეშე“ ოფისში, 27 სექტემბრამდე.
საქართველოში თაფლს განსაკუთრებული ხარისხი, უნიკალური არომატი და გემო აქვს, რაც მის წარმოებას ძალიან პერსპექტიულს და ხელსაყრელს ხდის. თაფლის წარმოება თითქმის ყველა რეგიონშია გავრცელებული, ბოლო პერიოდში მეფუტკრეობას სულ უფრო მეტი ფერმერი მისდევს იმერეთის მხარეში.
გიორგაძეების საოჯახო მეურნეობა, რომელიც ვანის რაიონში რამდენიმე სოფელში მდებარეობს, 300 სკას მოიცავს. მეფუტკრემ წელს შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და თიბისის მხარდაჭერით თაფლის ჩამოსასხმელი დანადგარები შეიძინა.
„დანადგარების განახლება წარმოების გაზრდასა და ხარისხის გაუმჯობესაბაში დაგვეხმარება. თაფლის ხარისხის შენარჩუნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ბიოწარმოებას, არამედ იმ სპეციალურ ტექნიკას, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულებისათვის ვიყენებთ,“ – ამბობს მეფუტკრე თენგიზ გიორგაძე.
წლევანდელი მოსავალი უკვე მიღებული აქვთ, 5 ტონა ე.წ. მაისის თაფლი და 4 ტონა წაბლის თაფლი. რეალიზაციას ძირითადად საბითუმოდ ახდენენ, მცირე რაოდენობით საცალო გაყიდვებითაც, მომავალის გეგმებში კი, საკუთარი ეტიკეტირებით თაფლის ჩამოსხმა შედის.
ბათუმის ბულვარსა და ქობულეთის პარკში განთავსებულ კარვებში, სადაც კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარებაა შესაძლებელი, უკვე 849 ადამიანი შეამოწმეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ტესტირების შედეგად მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა ერთი კვირის წინ. დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები ცნობილია.
უფასო PCR ტესტირება ბათუმის ბულვარში კოლონადებთან გაშლილ კარავში შეიძლება, ასევე არდაგანის ტბის მიმდებარედ. კარავში ატარებენ ტესტირებას ქობულეთის პარკშიც. ტესტირების ჩატარება საღამოს 6 საათიდან 10 საათამდეა შესაძლებელი.
დღეს, 31 აგვისტოს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბათუმში.
კორონავირუსის სულ უფრო მეტი შემთხვევა დასტურდება ყოველდღიურად ინდოეთში. ქვეყანა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. 31 აგვისტოს მონაცემებით, ინდოეთში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 3 621 245 შემთხვევა, მათგან 64 469 ადამიანი გარდაიცვალა.
გუშინ, 30 აგვისტოს, ინდოეთში დადასტურდა 78 512 ახალი შემთხვევა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო ხანს ინდოეთში ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეში 60 ათასზე მეტია.
ამ დროისათვის მსოფლიოში კორონავირუსის 25 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრია შემდეგი ქვეყნები: აშშ, ბრაზილია და ინდოეთი.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, 2020 წლის იანვრიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით გარდაიცვალა 846 448 ადამიანი.
____________
ფოტოზე: ინდოეთი, მუმბაი. ჯანდაცვის მუშაკი სიცხეს უზომავს ბავშვს. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/DIVYAKANT SOLANKI
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურად განაგრძობს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების კეთილმოწყობას, ახალი ხიდების მშენებლობას, ხელოვნური ნაგებობების მოწყობას.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ვეისალიძეები-ვანაძეები-ქაქუთის მიმართულებით 1800 მეტრ მონაკვეთზე დასრულდა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 656 999 ლარს შეადგენს. ახალი გზით კომფორტულ გადაადგილებას სოფელში მცხოვრები 250 ოჯახი შეძლებს.
ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდა სასოფლო გზებზე ცემენტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს. სხვადასხვა სოფელში ბეტონის საფარის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს, რისთვისაც მიმდინარე წელს გამოყოფილია 9500 კუბ.მ. ბეტონი. ამ დროისთვის ათ კილომეტრ შიდა სასოფლო გზაზე მოწყობილია 3540 კუბური მეტრი ცემენტობეტონი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხელოვნური ნაგებობების მოწყობა დასრულდა შემდეგ მიმართულებებზე: ავგია-სკოლა-ტეტემაძეები, განთიადი-მხეიძეები, გოროდოკი-ახალშენი-ზედა წინსვლა, 31 დეკემბრის ქუჩა-ფერია-მნათობი, აგარის გზა-ორთაბათუმი, ზედა ფერია-სურმანიძეები. ამ ეტაპზე საყრდენი კედლები და რკინა-ბეტონის კიუვეტები შენდება შემდეგ მიმართულებებზე: განთიადი-კაპრეშუმი, წისქვილი-დოლიძეები-ყურშუბაძეები და მახინჯაური-მიქელაძეები.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შიდა სასოფლო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რისთვისაც მიმდინარე წელს გამოყოფილია 9000 კუბ.მ. ბეტონი. ამ დროისთვის სოფლებში მოწყობილია 4747 კუბური მეტრი ბეტონის საფარი.
ქედის მუნიციპალიტეტში, ცხემნა-სოფელი ცხემნას მიმართულებით საავტომობილო გზის 875 მეტრ მონაკვეთზე ხელოვნური ნაგებობების სამუშაოები დასრულდა და მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები. პროექტის ფარგლებში 875 მეტრ მონაკვეთზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი. უკვე მოეწყო 7 მონაკვეთზე ბეტონის საყრდენი კედელი, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი და მილები 8 ადგილას. პროექტის ჯამური ღირებულება 675 829 ლარს შეადგენს.
ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ხელოვნური ნაგებობების მოწყობა დასრულდა შემდეგ მიმართულებებზე: წონიარისი-აბუქეთა-ნაომვალი, ოქტომბერი-აგოთა, მერისი-წითელაძეების უბანი, ხარაულა-ფინავლები, დანდალო-არძენაძეები, წონიარისი-ვარჯანისი, წონიარისი-ზედა წონიარისი, გობრონეთი-ზედა გობრონეთი, ოქტომბერი-მეძიბნა-აგოთა, ზედა მერისი-საწუმპია, მახუნცეთი-ბზუბზუ, დანდალო-ბალაძეები და მერისი-ზედა მერისი-სილიბაური. ამ ეტაპზე საყრდენი კედლებისა და რკინა-ბეტონის კიუვეტების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგ მიმართულებებზე: ჯალაბაშვილები-ზედა ჯალაბაშვილები, ხარაულა-ზაქარაშვილების უბანი და ქედა-გულები.
შუახევის მუნიციპალიტეტში, ზამლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის 3200 მეტრ მონაკვეთზე დასრულდა ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და ინტენსიურად მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის დაგების სამუშაოები. აღნიშნული გზით ხდება შუახევის სოფლების: ფურტიოსა და ბუთურაულის გარდა გადაადგილება სხალთისა და ხიხაძირის ხეობაში, რაც ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიმართულებაა. პროექტის საერთო ღირებულება 1 135 000 ლარია.
ხულოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ ორი ახალი მიმართულებით ყინჩაურა-ძმაგულა 2055 მეტრ მონაკვეთზე და თხილვანის გზის 740 მეტრ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. არსებული ორივე გზა გრუნტოვანი იყო და პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთებზე ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს.
ბეშუმი-ჩაოიაილას საავტომობილო გზაზე ახალი მილხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე სანიაღვრე მილის ნაცვლად, რომელიც უხვი ნალექის დროს ვერ ატარებდა წყალს, ახალ 6.60 მეტრ სიგრძისა და 5.0 მეტრ სიგანის მილხიდს ააშენებენ, რომლითაც კურორტ ბეშუმის დამსვენებლები და მთაში სეზონურად მცხოვრები მოსახლეობა ისარგებლებს. პროექტი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება და მისი ღირებულება 53 000 ლარია.
ბათუმში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ორი არის თურქეთის მოქალაქე, ტრაილერის მძღოლი, ისინი საკუთარი სურვილით დაბრუნდნენ თურქეთში… დანარჩენი სამი მოთავსდა ჩვენთან, ერთი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, ორი – საკარანტინო სივრცეში,“ – გვითხრა გია კიკაბიძემ, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გუშინ, 30 აგვისტოს, სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. ამ დროისთვის კლინიკაში 28 პაციენტი რჩება.
გია კიკაბიძის თქმით, კლინიკაში მყოფი პაციენტებიდან 12 აქვს სხვადასხვა ხარისხის პნევმონია.
ქვეყნის მასშტაბით დღეს კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ლევან ვარშალომიძე იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმში. ამის შესახებ თავად ვარშალომიძემ განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში.
“ეს იყო ჩვენი გუნდის ერთიანი გადაწყვეტილება, რომ დავმდგარიყავი მაჟორიტარად. შევიდეთ პარლამენტში, უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში იქნება ერთიანი მთავრობა, რომელიც იფიქრებს მხოლოდ და მხოლოდ ხალხზე. დღეს ბრძოლა არის არა თანამდებობისთვის, არამედ ბრძოლა არის საქართველოს გადარჩენისთვის,” – თქვა ლევან ვარშალომიძემ.
ლევან ვარშალომიძე ბათუმში დღეს, 30 აგვისტოს, დაბრუნდა. ამჟამად ის სავალდებულო 12- დღიან კარანტინს გადის ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში.
ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ლეიბს მოედო. ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო სამაშველო ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
საქართველოს რეგიონებში COVID 19-ის გავლენის შესამცირებლად, ჯანმოს და ევროკავშირის მხარდაჭერით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ტრენინგები ჩატარდა.
Covid 19-ის პანდემიასთან ეფექტურად რეაგირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ცენტრის 140 სპეციალისტი გადამზადდა. მედპერსონალმა სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (SOPs) სპეციალური კურსი გაიარა, რაც მათ დაეხმარება ინფექციის გავრცელების პრევენციასა და პირადი უსაფრთხოების უკეთ დაცვაში.
საერთაშორისო პროგრამის „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ ფარგლებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგები სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეგიონალურ ოფისებში, ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა.
პროექტის პარტნიორებმა მკაფიო და პრაქტიკული ინსტრუქციები შეიმუშავეს, რათა სასწრაფო დახმარების ექიმებმა, ექთნებმა და მძღოლებმა კრიტიკულ სიტუაციაში პაციენტებისთვის სათანადო დახმარების გაწევა და ინფექციის პრევენცია უსაფრთხოდ და ეფექტურად შეძლონ. ასევე შემუშავდა სპეციალური პროტოკოლი, რომელიც COVID 19-ის ინფექციის საფრთხის ქვეშ მყოფ ჯანდაცვის მუშაკთა რისკებს შეაფასებს.
„პაციენტები ხშირად 112-ზე დარეკვისას ინფექციისთვის მახასიათებელ ზუსტ სიმპტომებს მალავენ, რაც სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკს ზრდის. ამიტომაც სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. აღნიშნული ტრენინგები კი გვასწავლის კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში, კონკრეტულ სიტუაციაში, როგორ უნდა მოიქცეს ექიმი, ექთანი და მძღოლი, რომ საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა დაიცვას. სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების პრევენცია ვირუსის ბევრად უფრო მასშტაბურ გავრცელებას აგვარიდებს თავიდან“, – აღნიშნა ილია ბესალაშვილმა, კასპის სასწრაფო დახმარების მენეჯერმა.
ტრენინგებზე გადამზადებული 140 სამედიცინო მუშაკი მიღებულ ინფორმაციას კოლეგებს – 7000-ზე მეტ სპეციალისტს, სოფლის ექიმებს, სასწრაფო დახმარების ჯგუფებსა და მთელ მედპერსონალს გაუზიარებს.
„კოვიდთან ბრძოლის პირველ ეტაპზე, უსაფრთხოების შესახებ მსოფლიოში საკმაოდ მწირი ინფორმაცია იყო. შესაბამისად, გვქონდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრების დაინფიცირების შემთხვევებიც. თანამშრომელთა ნაწილი დაინფიცირდა, ნაწილი თვითიზოლაციაში გადავიდა, რამაც დამატებითი ეკიპაჟების მობილიზება გახადა საჭირო. დღეს უკვე შესაბამისი ცოდნისა და აღჭურვილობის წყალობით, გაწერილი გაიდლაინებით, გვაქვს საშუალება მაქსიმალურად დავიცვათ თავი დაინფიცირებისგან. ეს ტრენინგებიც ამ მიმართულებით ძალიან გვეხმარება“, – აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორმა ვასილ დავითაშვილმა.
„პოსტ კრიზისულ პერიოდში, როდესაც საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, ყველა ძალისხმევა ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ უნდა მიიმართოს“, – განაცხადა საქართველოში ჯანმო-ს წარმომადგენელმა სილვიუ დომენტემ. მისივე თქმით, „ჯანდაცვის მუშაკების – ფრონტის ხაზზე მყოფი ადამიანების დაცვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათ შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოხარული ვართ, რომ ტრენინგის მონაწილეებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პირადი დამცავი აღჭურვილობის სწორად გამოყენების უნარებიც შეიძინეს“.
პროგრამის „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ პირველ ეტაპზე, COVID 19-თან ბრძოლაში ჯანმოს და ევროკავშირის ძალისხმევა მიმართული იყო ჯანდაცვის სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებებით უზრუნველყოფისკენ და ითვალისწინებდა PPE- ების ტვირთის მიწოდებას (1.5 მილიონზე მეტი საქონელი) წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალისა და ლაბორატორიის მუშაკებისთვის. ასევე Covid 19-ზე ზედამხედველობის და კონტროლის ეროვნული შესაძლებლობების გაზრდის მიზნით ჩატარდა მოსახლეობის ცოდნის, დამოკიდებულებისა და ქცევების კვლევა.
პროექტის დაფინანსება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 400 მილიონი ევროს (დაახლ. 1.5 მილიარდი ლარი) ნაწილია, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების დაცვასა და ეკონომიკურ გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ევროკავშირმა COVID 19 პანდემიასთან საბრძოლველად, მსოფლიოს მასშტაბით, €15 მილიარდზე მეტი ევრო გაიღო.
ორმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა პარასკევს, 28 აგვისტოს, შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო წყლებში, აშშ-ს საჰაერო ძალების B-52 ბომბდამშენი „არაუსაფრთხოდ, არაპროფესიონალურად“ გადაუღობა გზა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს, ევროპაში აშშ-ს საჰაერო ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რუსმა პილოტებმა B-52-ს ორჯერ შეუქმნეს საავარიო სიტუაცია, რამაც ტურბულენტობა გამოიწვია და B-52-ის პილოტებს შეუზღუდა მანევრირების საშუალება.
„მსგავსი ქმედებები ზრდის შეჯახების რისკს, არ შეესაბამება საერთაშორისო ფრენების წესებს,“ – ნათქვამია გენერალ ჯეფ ჰარიგანის განცხადებაში.
„ჩვენ ველით, რომ ისინი მოიქცევიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ინციდენტების პრევენციისათვის,” – ნათქვამია ჯეფ ჰარიგანის განცხადებაში.
ბათუმში ანონიმი მულტიმედია არტისტის BIMO-ს მორიგი პოსტერი გამოჩნდა. პოსტერზე „პატრიოტთა ალიანსის“ ორი ლიდერი – ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავია გამოსახული, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახით და წარწერით: „ქვეყნის მოღალატეების ნამდვილი სახე უნდა ჩანდეს”!
არტისტი ამ პოსტერით პარტიის მიერ ქალაქში განთავსებული საარჩევნო ბილბორდის შინაარსს ეხმაურება. „პატრიოტთა ალიანსის“ ბილბორდზე ასახულ საქართველოს რუკაზე, აჭარა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ოსეთის მსგავსად, წითლად არის მონიშნული. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ამით მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ „აჭარაც არის ანექსირებული“.
„ქუჩებში ვაკრავ და მომავალშიც გავაკრავ ამ პლაკატებს, რადგან მეტმა დაინახოს რაც ხართ! ირმა ინაშვილი – დავით თარხან-მოურავი, ნორმალურ ქვეყანაში სხვაგან იქნებოდა თქვენი ადგილი!
რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მმართველების რეაქციას: კარგად ჩანს როგორ გეშინიათ ან არ გინდათ მინიმუმ ნორმალური კრიტიკული აზრი გამოთქვათ,“- წერს BIMO.
პუტინის სახით გამოსახული ინაშვილისა და თარხან-მოურავის პოსტერები ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, ორ ადგილასაა განთავსებული.
პოსტერი ბათუმის ქუჩებში, რომელზეც ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი პუტინის სახით არიან წარმოდგენილნი.
მულტიმედია არტისტი BIMO საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს ხშირად ეხმაურება ვიზუალური ხელოვნებით. ინსტალაციების მიზანი, როგორც არტისტი აღნიშნავს, მოვლენების კრიტიკულად შეფასებით ადამიანების კომფორტის ზონიდან გამოყვანაა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 აგვისტოს 21 საათიდან 31 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში იქნება:
დღისით: 26 – 31 გრადუსი,
ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო;
მთიან რაიონებში მოსალოდნელია:
დღისით: 27 – 33 გრადუსი,
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო;
ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 1-2 სექტემბერს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.